არადა, დღეს ცხენებით უნდა გაესეირნათ. როგორც ჩანს, ეს აღარ მოხდებოდა. წუხელ ისე მოიქცა, ვაკოს ყველაფრის ხალისი დაუკარგა. დღეს ალბათ, ვინმეს მონახავს, სასიამოვნო ქალს და იმასთან გაატარებს დროს. ბოლოს და ბოლოს, კაცია და მოზღვავებულ სექსუალურ ენერგიას დახარჯვა სჭირდება.
_ არ გადაიფიქრე ცხენით გასეირნება? _ თითქოს მის ფიქრებს ჩასწვდაო, დანაპირები ახსენა ვაკომ.
_ შენ? _ გამოცოცხლდა ია და თვალებში სიხარულის ნაპერწკლები გაუკრთა.
_ მე რატომ უნდა გადამეფიქრებინა? ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ გიორგის ვესტუმრებით. ყოველთვის მარტო ყოფნა მაინცდამაინც კარგი იდეა ვერ არის. ხომ ხედავ, გიჟური აზრები მომდის თავში, ვერც ხელებს ვაჩერებ და ვერც გულს.
_ ვნანობ ჩემს წუხანდელ საქციელს, _ გულწრფელად მოუბოდიშა იამ და თვალები დახარა.
_ უარესად ინანებდი, დროზე რომ არ შევჩერებულიყავით. კიდევ კარგი, გონს მოვეგეთ.
ია სულაც არ იყო დარწმუნებული, რომ სწორად მოიქცა, მაგრამ ახლა ამას ვერ აუხსნიდა და არც ჰქონდა აზრი, რადგან თვითონაც ვერ გარკვეულიყო, უნდოდა მასთან სექსი თუ არ უნდოდა, წარამარა ეცვლებოდა გონებაში ფიქრები. ცოტა ხნის წინ იმაზე კიცხავდა თავს, ამ ნაბიჯის გადადგმა რამ გადამაწყვეტინაო, მაგრამ დაელაპარაკა ვაკოს და ახლა იმას ნანობდა, რატომ შევყოყმანდიო. მისმა სიახლოვემ კვლავ გააბრუა.
_ მაშინ მანქანას გარეცხავ და წავიდეთ.
_ ძალიან კარგი. მე მანამდე წასაღებად რაიმეს მოვამზადებ. აქ სამწვადე იქნება სადმე ახლომახლო? ხელცარიელი ხომ არ მივალთ?
_ არა, რა თქმა უნდა, ყველაფერს გზად ვიყიდი, აქ სად ვიშოვი ახლა სამწვადეს.
იას გულზე მძიმე ლოდივით აწვა სიმძიმე. სამზარეულოში ფუსფუსებდა, მაგრამ სულ იმაზე ფიქრობდა, ნუთუ ოდესმე კიდევ დადგება დრო, როც ვაკოსთან თავს ისევ თავისუფლად ვიგრძნობო.
ბატონი გიორგი გულღია მასპინძელი აღმოჩნდა. ძალიან კოხტა სახლი და საკმაოდ მოზრდილი, კარგად მოვლილი ეზო ჰქონდა სახლის უკან. ნაკვეთში მოგრძო შენობა მოჩანდა, სადაც მისი ცხენები ბინადრობდნენ. ახლა ისინი შემოკავებულ ეზოში ნავარდობდნენ.
_ ბავშვებო, მწვადს მივხედოთ და დავნაყრდეთ, თუ ჯერ ჩემი ცხენები დავათვალიეროთ და გაისეირნებთ?
_ ჯერ აქაურობა დავათვალიეროთ, გავისეირნოთ და მერე, _ მიუგო იამ.
_ მართალი ხარ, უფრო მეტად მოვალთ მადაზე, _ გაიღიმა მასპინძელმა.
გიორგი წამოდგა და სტუმრები სახლის უკან, შემოკავებულისკენ წაიყვანა.
_ სულ ექვსი ცხენი მყავს… ჯერჯერობით. არც ერთი არ მიყიდია, ყველა მაჩუქეს. თანამდებობა ამაში ძალიან გამომადგა, _ ხმამაღლა გაიცინა, _ ექვსივე ისეთი ჯიშისაა, ნამდვილად ვერ შევწვდებოდი, სულ რომ შუაზე გავხლეჩილიყავი.
_ როგორ მინდა, მეც მქონდეს სადმე ასეთი სახლი და ეზო. აქ ისეთი სილამაზეა, დიდი სიამოვნებით სამუდამოდ დავსახლდებოდი. _ მეოცნებე ხმით წარმოთქვა ვაკომ.
_ როგორ, თბილისში დაბრუნებას არ აპირებ? _ შეჩერდა ია და გაოცებული მიაჩერდა.
_ არა, ჩემი ცხოვრება ახლა აქ არის და თბილისში არაფერი მესაქმება.
`რა ცუდია, _ გაიფიქრა იამ, _ მე კი უთბილისოდ ვერ წარმომიდგენია. რა უნდა მოხდეს, რომ თბილისში ცხოვრებაზე უარი ვთქვა? ვაკომ ცოლობაც რომ მთხოვოს, მხოლოდ იმ პირობით გავყვები, თუ თბილისში დაბრუნდება~.
პატრონი როგორც კი დაინახეს, ცხენები აჭიხვინდნენ და ყალყზე დადგნენ. გიორგიმ წნელებისგან შეკრული კარი შეხსნა და შიგნით შევიდა. შემოკავებულში მხოლოდ ოთხი ცხენი იყო, დანარჩენი ორი არ ჩანდა. სამი მაშინვე შემოეხვია პატრონს, მხოლოდ ერთი ულაყი ვერ ისვენებდა, ფლოქვებს სცემდა და ხვიხვინებდა. დანარჩენები ისე მიესიყვარულნენ გიორგის, როგორც ადამიანებმა იციან, თავი ხან მხარზე მიადეს, ხან მკლავზე და დასუნეს.
_ რა საოცარი სანახაობაა, _ აღმოხდა იას და გულაჩვილებულს თვალზე ცრემლი მოადგა, _ აი, ერთგულების საოცარი მაგალითი… ის რატომ არის ასე აფორიაქებული? _ მზერით ულაყს გადასწვდა.
_ ეგ იმ მამაკაცების უმრავლესობას ჰგავს, უქალობა რომ არ შეუძლია. ქალები დამწყვდეული მყავს, ბიჭების კომპანია კიდევ არ მოსწონს, _ გაიცინა გიორგიმ.
_ უი, ასე განიცდის? _ შეიცხადა იამ. _ მერედა, რა ეშველება? სულ ასე უნდა იყოს?
_ არა, ჩემო კარგო, არა. ყველა მამაკაცის მსგავსად, მისი მოთვინიერებაც შეიძლება, _ ორაზროვნად უპასუხა კაცმა და ჯერ იას შეხედა, მერე ვაკოს.
ია მიხვდა, გიორგი რასაც გულისხმობდა. `არა მგონია, მე ვაკოს მოთვინიერება შევძლო. _ გაიფიქრა, _ მას ხომ ჯერჯერობით ვერც ერთმა ქალმა ვერ ამოსდო ლაგამი. ერთი ღამის ქალობის სურვილი კი, ნურას უკაცრავად, მაგრამ არ მაქვს~…
მასპინძელმა სტუმრები საჯინიბოში შეიყვანა, სადაც ორი ცხენი ება. ორივე გამოხსნა და გარეთ გამოიყვანა. მათ დანახვაზე ულაყი ყალყზე შედგა და ჭიხვინი მორთო. გიორგიმ ორივეს უნაგირი დაადგა, ლაგამი ამოსდო და აღვირები ახალგაზრდებს გადაულოცა.
_ შეგიძლიათ გაისეირნოთ. არ შეშინდე, ია, `თეთრო~ თვინიერი ცხენია, არ გაგიძალიანდება.
_ რა ბედნიერი ხართ, ბატონო გიორგი, ამ სილამაზეში რომ ცხოვრობთ.
_ ეჰ, რად მინდა, მერე? რისთვის ვიწვალე ამდენი? საკუთარ ჭიას ვახარებ, თორემ როცა მოვკვდები, აქ ყველაფერი გავერანდება. იმედი მქონდა, ჩემი ბიჭი ოდესმე გამოჩნდება-მეთქი, მაგრამ…
_ და სად არის თქვენი შვილი?
_ ამერიკაში ცხოვრობს. იცი, რომ ნანახიც არ მყავს? დედამისმა ასე ინება. დამიმალა, რომ გააჩინა. მითხრა, მომეშალა მუცელი და შვილი აღარ გვეყოლებაო.
ამის გაგონებაზე იას ენა მუცელში გაუვარდა. ვერაფრით ვერ მიმხვდარიყო, ქალი ასე რატომ უნდა მოქცეულიყო.
_ სხვათა შორის, შენი რჩევა გავითვალისწინე, ვაკო და ერთ ახლობელს ვთხოვე, კომპიუტერში მოეძებნა. მართლაც მოუძებნია და მიუწერია. ჩემმა ყოფილმა ცოლმა, გაგიკვირდება და, მომიკითხა თურმე და ტელეფონის ნომერიც გამოურთმევია ჩემი, ბიჭს მივცემ და აუცილებლად დაურეკავსო. ჰოდა, ველოდები, იქნებ გაიღონ მოწყალება და შემეხმიანონ. ამერიკა ამერიკაა, მაგრამ ამხელა სახლ-კარი რატომ უნდა გავერანდეს? მე საფლავში ხომ არ ჩავიტან? იქნებ მოუნდეს და ჩამოვიდეს, აქ იცხოვროს. თუ არადა, დასასვენებლად მაინც გამოადგება ზაფხულობით, ბებერ მამას ჩამოაკითხავს, _ სინანულნარევი ღიმილი გამოესახა ტუჩებზე.
თითქოს ჩვეულებრივად ჰყვებოდა ამ ამბავს, მაგრამ ეტყობოდა, მოულოდნელობისგან გაოგნებულიც იყო, გახარებულიც, შეშინებულიც და შეცბუნებულიც.
_ ვაა, მაგარი ამბავია, გილოცავ, გიორგი! რატომ მაშინვე არ მითხარი?
_ რა ვიცი, უცებ ხომ არ დაგატაკებდით. თანაც, ეს გოგო პირველადაა ჩემთან, ჩემზე ლაპარაკით ხომ არ დავიწყებდი მასპინძლობას. ასე რომ, კარგ ფეხზე კი ჩამოხვედით. რა ვიცი, იქნებ ოდესმე ჩემს ეზოშიც ირბინონ შვილიშვილებმა. ცოლი ჯერ არ შეურთავს თურმე.
გიორგიმ ცხენს ფაფარზე გადაუსვა ხელი. მოულოდნელად სახე ტკივილისგან დაემანჭა.
_ რა მოგივიდათ, რამე გაწუხებთ? _ შეწუხებული მივარდა ია.
_ ისეთი არაფერი. ამ რამდენიმე დღის წინ მხარი გამეჩხაპნა ეკლიანი მავთულით და ცოტა მაწუხებს.
_ თუ შეიძლება, მაჩვენეთ.
_ არა, რა საჭიროა, დიდი არაფერი მჭირს, _ შორს დაიჭირა მასპინძელმა.
_ არა, ახლავე მაჩვენეთ! მე ექიმი ვარ და ეს ჩემი მოვალეობაა! _ კატეგორიულად მოითხოვა იამ.
გიორგიმ ტილოს პერანგი გაიხადა და მხარი მოიშიშვლა. მკლავთან სამი დიდი ნაკაწრი შესივებოდა და გასწითლებოდა.
ია შეშფოთდა.
_ ექიმთან რატომ არ წახვედით? ასე როგორ შეიძლება? სისხლი რომ მოგეწამლოთ, მერე სად მიდიხართ? ნახეთ, როგორ გაგღიზიანებიათ. სპირტი გაქვთ? როგორმე დავამუშავოთ იარა, მერე კი საფენებს დაგადებთ, მაგრამ ხვალ აუცილებლად წადით პოლიკლინიკაში და სისხლის საერთო ანალიზი გაიკეთეთ.
_ რა სასწრაფოა, ხალხო, ჯობია, ჯერ გაისეირნოთ. ამას მერეც მივხედავთ.
_ არა, არავითარ შემთხვევაში! _ გაჯიუტდა ია და სანამ თავისას არ მიაღწია, არ მოისვენა.
_ მადლობა, ჩემო გოგო. შენ რა ოქრო ყოფილხარ! კაი, კაი, ახლა შეეშვი, მეტი არაფერი არ უნდა ამას! _ ხელი გაუკავა გიორგიმ, როცა იამ შეხვეულის გარედან დასველებაც მოინდომა, _ ახლა წადით და გაისეირნეთ. ორ საათში გელოდებით, მანამდე მე სამწვადეს მივხედავ, ჩავაბასტურმებ, ჩემო ბატონო…
მზე უკვე ჩადიოდა, როცა ნასიამოვნები ვაკო და ია გიორგის ჭიშკარს მოადგნენ. ია ძალიან დაიღალა, მაგრამ იმდენად სავსე იყო შთაბეჭდილებებით, რომ დაღლას ყურადღებას არ აქცევდა. ცხენები საჯინიბოში შეიყვანეს, უნაგირები ახსნეს და სახლისკენ გაბრუნდნენ. მასპინძელს სუფრა კაკლის ხის ქვეშ გაეწყო და უკვე მწვადებს აშიშხინებდა.
_ კარგ დროს კი მოხვედით, _ თქვა ღიმილით, _ ხომ არ გაგაბრაზათ ჩემმა გიჟებმა?
_ არა, რას ამბობთ, ისე კომფორტულად ვისეირნეთ, რომ უკეთესს ვერ ვინატრებდი, _ მიუგო იამ. აშაკარად ეტყობოდა, ხმა სიამოვნებისგან ჰქონდა გადავსებული.
_ მიხარია, რომ კმაყოფილი ხარ, ჩემო ია.
_ ძალიან, ბატონო გიორგი. როგორი ლამაზი ყოფილა აქაურობა. ასეთი სილამაზე არსად მინახავს. რა ბედნიერებაა, რომ ამას ყოველდღე უყურებთ.
_ თუ ასე მოგწონს, დარჩი ჩვენთან, აქ იცხოვრე და ეს სილამაზე შენიც გახდება.
_ ეჰ, მაგდენი ფული რომ მქონდეს, აქ სახლი შევიძინო…
_ რად უნდა მაგას ფული, გამოთხოვდი აქეთ და ეგ იქნება, _ გაიხუმრა მასპინძელმა.
იას ღაწვები შეეფაკლა.
_ რაღა დროსია, _ ჩაიდუდუნა აჭარხლებულმა და შორს გაიხედა, რომ ვაკოს დაჟინებულ მზერას გაჰქცეოდა.
_ სიყვარულმა დრო არ იცის, შეყვარება და გათხოვება გვინ არასდროს არ არის, დამიჯერე, _ შეაგონა კაცმა და შამფურები შეატრიალა.
_ ხელი როგორ გაქვთ? _ სხვა თემაზე გადაიტანა იამ საუბარი, _ გაწუხებთ?
_ შენ წარმოიდგინე, ტკივილი დამიამდა. შენმა საფენებმა მიშველა, მაგრამ ამ სპირტის სუნმა დამათრო მგონია, გაბრუებული დავდივარ.
_ რას ამბობთ! _ შეიცხადა იამ.
გიორგის და ვაკოს ხმამაღალი სიცილი აუტყდათ.
_ რა მიამიტია ეს გოგო, ვაკო, ა? არა, ჩემო კარგო, მაგან კი არა, ჩემმა ალადასტურმა დამათრო. აი, დაგალევინებ ახლა და ნახავ, რა ხასიათზეც დაგაყენებს. ცოტა გადავკარი. კაცი მწვადებს წვავდეს და ღვინოს არ აყოლებდეს, სირცხვილია, ხომ მოეჭრა თავი სოფლის მასშტაბით და ეგ არის.
_ მთავარია, ჭრილობას არ ავნოს ალკოჰოლმა.
_ რა ჭრილობა ესაა, მოიცა, კაცო! გვეყოფა ახლა ავადმყოფობაზე ლაპარაკი, ჯობია, სუფრას მივუსხდეთ და მოვილხინოთ.
გიორგიმ სტუმრებს ღვინო ჩამოუსხა, თვითონ პატარა ყანწი აიღო და სადღეგრძელოს სათქმელად წამოდგა…
ორშაბათ დილას იამ სარეცხი წამოიწყო, პარალელურად ვაკოს პერანგების დაუთოებას შეუდგა.
როცა საქმიანობას მორჩა და მამაკაცის გატკიცინებულ პერანგებს გარდერობში ადგილი მიუჩინა, გიორგისთან გატარებული უმშვენიერესი დღე გაახსენდა. მერე რა, რომ მათ შორის არაფერი ისეთი არ მომხდარა და უკანაც მთელი გზა მუნჯებივით გამოიარეს, მაინც კარგი დღე იყო, მოგონებების ყულაბაში რომ ჩააგდებს ადამიანი, ისეთი. უცებ გული მოეწურა, ნეტავ როგორ არის, თუ დაუამდა განაკაწრიო და გადაწყვიტა, მოხუცი მოენახულებინა. ჭრილობა თითქოს არ იყო საშიში, მაგრამ ერთხელ დამუშავება საქმეს ვერ უშველიდა.
სასწრაფოდ ტანთ გამოიცვალა, მანქანა დაქოქა და გზას გაუდგა. როცა სოფელში ჩავიდა, შუადღე გადასული იყო. ეზოში არავინ ჩანდა. იამ მანქანა დააყენა, ჭიშკარში შევიდა, სახლის კიბე აირბინა და კარზე დააკაკუნა. არავინ გამოეპასუხა. გულმა რეჩხი უყო, ვაითუ, სადმე გდია გონწასულიო და მასპინძელს ხმამაღლა გასძახა. კვლავ სიჩუმე. შეშფოთებულმა დაბლა ჩაირბინა და ცხენებისკენ გასწია. მართლაც, გიორგის საჯინიბოსთან მოჰკრა თვალი. როგორც კი მიუახლოვდა და შეხედა, ლამის გული გაუსკდა, რადგან იქვე, სკამზე ჩამომჯდარ მოხუცს სახე ერთიანად შეშუპებოდა და ოფლი წურწურით ჩამოსდიოდა. თითქოს კიდევ უფრო მობერებულიყო.
_ რა გჭირთ, ბატონო გიორგი?
_ რა ვიცი, კაცო, რაღაც ვერ ვარ კარგად. ისე შეუძლოდ ვგრძნობ თავს, რომ არც ვიცი, რა ვთქვა, ასე ცუდად არასდროს ვყოფილვარ, _ ძლივს უპასუხა კაცმა.
იამ შუბლზე დაადო ხელი. იგრძნო, რომ ტემპერატურა საგრძნობლად მომატებულიყო. შემდეგ პერანგის სახელო აუწია და ნაკაწრს შეხედა _ ჭრილობის ირგვლივ მკლავი უფრო გასივებულიყო და სიწითლე დაჰკრავდა.
_ ახლავე საავადმყოფოში უნდა წავიდეთ, ხომ გესმით ჩემი?
_ არა, შვილო, სად მცალია, იმდენი სამუშაო მაქვს.
_ სამუშაო მოიცდის, თქვენი ხელი კი ვერა. მორჩა, აღარ შემეწინააღმდეგოთ, ახლავე უნდა წავიდეთ, დრო არ ითმენს. სცადეთ, წამოდგეთ და დამეყრდენით, თუ შეიძლება! _ კატეგორიული ტონით ლაპარაკობდა ია.
_ არ ვიცოდი, ასეთი მკაცრი თუ იყავი, შვილო, _ გაღიმება სცადა გიორგიმ და იას დახმარებით, როგორც იქნა, ფეხზე დადგა.
_ მხოლოდ ხანდახან, როცა საჭიროა და თქვენნაირი ჯიუტი პაციენტები მხვდებიან, _ გაეხუმრა ქალი, მოხუცს ხელი გამოსდო და მანქანისკენ წაიყვანა.
_ ასე წამოვიდე? გამოვიცვლიდი, თუ…
_ არა უშავს, მთავარია, სუფთად გაცვიათ. ახლა ყოველი წუთი ძვირფასია. პერიტონიტი თუ განვითარდა, უფრო გართულდება მდგომარეობა, _ არ დაანება იამ და მამაკაცი მანქანაში ჩასვა.
კლინიკის ეზოში შესულმა ვაკოს მანქანას მოჰკრა თვალი და გულში ეჭვმა გაჰკრა _ როგორც ჩანს, მარის სანახავად მოსულაო, _ გაიფიქრა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია.
მანქანა რაც შეიძლებოდა ახლოს მიიყვანა შესასვლელთან და გიორგის გადმოსვლაში დაეხმარა. მერე მისაღებში სკამზე დასვა და ექთანს სთხოვა, ექიმისთვის დაეძახა.
ორიოდე წუთის შემდეგ მისაღებში სწრაფი ნაბიჯებით მარი შემოვიდა, ია გადაკოცნა და როცა საქმის ვითარებას გაეცნო, გიორგის მიუბრუნდა:
_ აბა, ამჯერად რა სიურპრიზი მომიმზადე?
_ ეჰ, ხომ იცი ჩემი ამბავი, ერთ ადგილზე ვერ ვჩერდები უსაქმოდ, კაცო! მავთულებს ვაცალკევებდი და არ გამიმართლა. ამ ქალბატონმა კი ხელი მტაცა და აქეთ ძალით წამომიყვანა.
_ ყოჩაღ, ია, ამისთანა თავისნათქვამას რომ მოერიე, ნამდვილი გმირი ხარ, _ გაეცინა მარის, _ ცოცხალი თავით ხომ ვერ მიიყვან ექიმთან. წამო, შესახვევში გავიდეთ.
გიორგი წამოდგა, მაგრამ დაბარბაცდა და ქალებს რომ არ ემარჯვათ, იატაკზე გაიშხლართებოდა. ია და მარი მხარში ამოუდგნენ და წაიყვანეს.
_ აი, მესმის პატივისცემა, როგორ ქალებს მივყავარ, ა? ვაჰ, დედასა! სადღააა ჩემი ახალგაზრდობა! _ გაიხუმრა გიორგიმ.
მარიმ თავი გადააქნია.
_ ყველაზე რთული იცი, რა არის, ჩემო ია? აი, ასეთი უტეხი ადამიანების მკურნალობა. სანამ არ დაეცემიან, ექიმისკენ არ გაიხედავენ.
_ მეშინია, სისხლის მოწამვლა არ იყოს.
_ ვნახავთ, აქ არ ვართ?
გიორგი სკამზე დასვეს, ია პერანგის გახდაში დაეხმარა და სწორედ ამ დროს საპროცედუროში ვაკოც შემოვიდა.
_ რა მოხდა? აქ საიდან გაჩნდით? _ გაოცებული ხან იას მიაჩერდებოდა, ხან გიორგის.
_ ისეთი არაფერი. შენმა მშვენიერმა ქალბატონმა ძალით მომიტაცა და აქ მომიყვანა, _ დაიჩივლა მოხუცმა.
_ კიდევ კარგი, თორემ უხელოდ დარჩებოდი, _ უპასუხა მარიმ და ჭრილობის დამუშავებას შეუდგა.
ამასობაში გამოძახებული ლაბორანტიც მოვიდა და სისხლის ანალიზიც აუღო.
ია გავიდა და მარის კაბინეტში ფანჯარასთან მდგარ სკამზე ჩამოჯდა. ვაკოც მიუახლოვდა.
_ რამ მოგაფიქრა გიორგისთან მისვლა, გულმა გიგრძნო რამე?
იამ ერთი კი გახედა და ისვე ფანჯრისკენ შებრუნდა.
_ ჰო, მაწუხებდა მისი მდგომარეობა. მარტოხელა კაცია, მიმხედავი არავინ ჰყავს და…
_ ალბათ გაუხარდა, რომ დაგინახა, არა?
_ არ ვიცი, შესაძლებელია, _ მშრალად მიუგო.
_ ია, რა ხდება? რაღაც ცივად მელაპარაკები.
რა ხდება? იას ეკითხება და თვითონ, როგორც კი დრო გამონახა, მაშინვე მარისთან გამოქანდა. დიდი ხანია არ უნახავს და მოენატრა, არა? პაემანი საავადმყოფოში. ვერავინ ვერაფერს იეჭვებს. რას ერჩი, მაგარი ადგილია!
ის იყო, პასუხის გაცემას აპირებდა, რომ კაბინეტში მარი შემოვიდა.
_ ანალიზის პასუხებში მნიშვნელოვანი ცვლილება არაა. ჭრილობა დავუმუშავე, ანტიბიოტიკიც გავუკეთე, დავუნიშნე კიდევაც, შეგიძლიათ სახლში წაიყვანოთ, თუკი კარგად მოიქცევა.
_ წავიყვან, რა პრობლემაა, მე არ მოვიყვანე? _ ისევ სიმშრალე გაისმა იას ხმაში.
ვაკომ გაოცებით შეხედა.
_ მეც სამსახურიდან პირდაპირ იქ ჩამოვალ და თუ საჭირო გახდა, ღამითაც დავრჩები. ნემსი ვიღაცამ ხომ უნდა გაუკეთოს? შენ ხომ ვერ ირბენ აღმა-დაღმა ყოველდღე? _ ამ სიტყვებით იას მიუბრუნდა.
_ არა მგონია, ამის საჭიროება იყოს, ვაკო, ისეთი ანტიბიოტიკი დავუნიშნე, სამ დღეში ერთხელ მოუწევს გაკეთება, რახან მაგის ამბავი ვიცი და თავს არ შეიწუხებს.
_ ჰოდა, გვერდით მისი ძმისშვილები ცხოვრობენ და ბოლოს და ბოლოს, ისინი მიაქცევენ ყურადღებას.
_ ძალიან კარგი, იქნებ ახლა მაინც წესიერად გამოვიძინოთ, _ განაცხადა მოულოდნელად იამ.
ასეთი რამის ხმამაღლა თქმა, თითქოს ნიშნის მოგებით, იას არ სჩვეოდა, მაგრამ ენა გაექცა. მარიმ გაკვირვებული მზერა ჯერ იას შეავლო, მერე ვაკოს, ბოლოს კი თქვა:
_ წავალ, გიორგის დავხედავ. _ და კაბინეტიდან გავიდა.
`აი, როგორი გაუხდა ხმა, _ გაიფიქრა იამ, _ გულში მოხვდა ჩემი სიტყვები. წარმომიდგენია, რა სურათი დაუდგებოდა თვალწინ~, _ კი გაიფიქრა, მაგრამ თავადვე გაოცდა, რატომ გაუხარდა ასე ძალიან უნებლიეთ ჩადენილი ბოროტება.
_ მეც წავედი, სამსახურში უნდა დავბრუნდე, _ გულგრილად ჩაილაპარაკა ვაკომ და მარის უკან მიჰყვა.
ია მარტო დარჩა. გული ყელში მოებჯინა. როგორც ჩანს, ყველაფერი ერთი ხელის მოსმით გააფუჭა. მარიც მტრად გადაიკიდა და ვაკოც განუდგა… ალბათ უკვე საბოლოოდ.
თბილისში დაბრუნების დროა!
გაგრძელება იქნება