კვირას, შუადღეს, იას ჭიშკართან მოახლოებული მანქანის ხმა შემოესმა. ფანჯარაში თავი გაყო და ვაკოს ავტომობილი დაინახა.
ვინაიდან ვაკომ სამი დღე გააცდინა, კვირას მოუწია სამსახურში გასვლამ და ია გააფრთხილა, გვიან დავბრუნდებიო. ამიტომ გაუკვირდა მისი ასე ადრე დაბრუნება, მაგრამ მანქანიდან, მისთვის მოულოდნელად, სრულიად სხვა ადამიანები გადმოვიდნენ… გოგის ხელში პატარა გეგა აეტატებინა, მაია კი გვერდით მოჰყვებოდა.
იას სიხარულისგან სუნთქვა შეეკრა, წივილით მიირბინა კართან და სტუმრებს შეეგება.
- ვაიი, რა კარგია, რომ გვესტუმრეთ, ხალხოოო! როგორ მოხდა, რომ ჩვენთან ჩამოხვედით? მაიკო, როგორ ხარ? რას შვრება პატარა ბიჭი? - იამ კითხვები დააყარა მოსულთ და ბავშვს თავზე აკოცა.
- დასამშვიდობებლად ჩამოვედით, არ გვინდოდა, ისე წავსულიყავით, რომ არ გვენახეთ და კიდევ ერთხელ არ გვეთქვა, რომ თქვენი უზომოდ მადლიერები ვართ.
- ვაკო სად დაკარგეთ? - იამ მანქანაში შეიხედა.
- მასთან გავიარეთ სამსახურში, მაგრამ ვერ მოიცალა და თავისი მანქანა გვათხოვა, უჩემოდ წადითო.
- ა!.. - იას სახეზე წამით ჩრდილმა გადაურბინა, - და საით გაგიწევიათ?
- კიევში გადავდივართ. გოგის იქ შესთავაზეს ფირმაში მუშაობა და ჩვენც თან მივყავართ. არ შემეძლო, წასვლის წინ შენ არ მენახე, თან მინდოდა, საჩუქარი დამეტოვებინა შენთვის. მართალია, იგი შენს ამაგს ვერ აანაზღაურებს, მაგრამ გეგას მაინც გაგახსენებს.
მაიკომ ხელჩანთიდან მოგრძნო ყუთი ამოიღო და იას გაუწოდა. ქალმა ყუთი გახსნა და იქიდან ძალიან ლამაზი ოქროს სამაჯური ამოიღო.
- ღმერთო ჩემო, მაიკო, რა საჭირო იყო? ისეთი განა რა გავაკეთე? პირიქით, მსიამოვნებდა კიდევაც, გეგას რომ ვუვლიდი. ვგიჟდები პატარებზე… ასეთი ძვირფასი საჩუქარი კი საჭირო არ იყო, რატომ დაიხარჯე?
- მინდა გითხრა, რომ შენთვის არაფერი მენანება. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ბავშვობიდან გიცნობ. ძალიან დაგიახლოვდი და შენი დაკარგვა ნამდვილად არ მინდა. ეს ნივთი ჩვენი საგვარეულო რელიკვიაა, ცნობილი ოქრომჭედლის ნახელავია, უკვე ორი საუკუნისაა და მას ბედნიერება მოაქვს. იმედია, შენც ბედნიერი იქნები.
- შენი ოჯახის რელიკვია შენთვის უნდა შეგენახა. მირჩევნია, არ დავიტოვო, ეს არ იქნება სამართლიანი.
- ამაზე ლაპარაკი ზედმეტია, ია. მორჩა, სიტყვა აღარ გამაგონო. ის დღეიდან შენ გეკუთვნის და ძალიან გთხოვ, არ გამაწბილო.
ია წამით ჩაფიქრდა, სამაჯურს კიდევ ერთხელ დახედა და გულდასმით შეათვალიერა.
- ძალიან დიდი მადლობა, მაიკო, თვალის ჩინივით გავუფრთხილდები. ულამაზესია. მით უფრო, სამაჯურებზე ჭკუა მეკეტება.
სამივენი დივანზე ჩამოსხდნენ. ია გეგას თვალს არ აშორებდა, პატარამაც, თითქოს "დედობილი" იცნოო, ჭყლოპინით გაუცინა და სახეზე ხელები მოუთათუნა. იამ ბავშვი მამას გამოართვა და გულზე მიიხუტა.
- როგორ მომენატრე, პატარავ! - ლოყა ლოყაზე მიადო ჩვილს და თვალები აუცრემლიანდა.
- ამიტომაც ჩამოგიყვანეთ, - გაუღიმა გოგიმ.
- ახლა კიდევ… აი, ესეც შენ, ჩემო ია, - მაიკომ ზოლებით მოხატული პარკი გახსნა და რაღაც შეხვეული ამოიღო.
იგი ძალიან ლამაზი დაწნული კალათა აღმოჩნდა, რომელზეც ასიმეტრიული ფიგურები და სიმბოლოები იყო ამოქარგული.
- ოჰ, რა ლამაზია, ვინ დაწნა?
- მე. ბებიაჩემმა მასწავლა. ბებიას ნათელმხილველობის ნიჭი ჰქონდა, ბევრი რამ იცოდა. რაღაც-რაღაცები მეც მასწავლა. ეს კალათა ჩვეულებრივი არ გეგონოს, განსაკუთრებულია.
- მართლა? რითი? მოჯადოების უნარი აქვს? - გაიცინა იამ.
- დაახლოებით. ამ კალათას ჰარმონიის კალათა ჰქვია… ხედავ ამოქარგულ სიმბოლოებს? თითოეული სიმბოლო სხვადასხვა ამბავს ჰყვება. ბევრნაირი კალათის დაწვნა ვიცი, ეს კი განსხვავებულია, მხოლოდ შენთვისაა განკუთვნილი.
- და რას მომიყვება? საინტერესოა ძალიან.
- ეს არის ამბავი ქალისა და კაცისა, რომლებიც ცალ-ცალკე, თავისთვის იყვნენ და მერე მათი ცხოვრება ერთი გზით წავიდა.
იას გული შეუტოკდა. თითქოს მართლაც ამ კალათაზე ყოფილიყო მისი შემდგომი ბედი დაკავშირებული, იმედი გაუჩნდა, იქნებ ამ ნივთმა ვაკოსთან ურთიერთობის მოგვარებაში მართლაც დიდი დახმარება გამიწიოსო.
ამასობაში გეგამ მოიწყინა და აწრიალდა. გოგიმ იგი გარეთ, ეზოში გაიყვანა.
- იცი, რატომ დავწანი ეს კალათა? მინდა, რომ შენ და ვახტანგმა ერთმანეთს გაუგოთ. ვგრძნობ, რომ ერთმანეთი გიყვართ, ეს ძნელი შესამჩნევი არაა. მაგრამ იმასაც ვხედავ, რომ ხელს რაღაც გიშლით. მე მიზეზი არ ვიცი, მაგრამ… ამ კალათაში შენი და მისი რაიმე ნივთი ერთად ჩადე და ნახავ, მალე რა ჰარმონია დასადგურებს თქვენ შორის.
იას გაეღიმა.
- მაიკო, რა ტიპი ხარ… სიმართლე გითხრა, ეგეთი რამეების არ მწამს, მაგრამ შენ რომ გაისარჯე, ამისთვის დიდი მადლობა. რა თქმა უნდა, მაინც ვცდი, ამიტომ ყველაფერს დავიმახსოვრებ და აუცილებლად ისე მოვიქცევი, როგორც მირჩიე, - ამ სიტყვებით ია მაიას მოეხვია.
ცოლ-ქმარი სადილად არ დარჩა, ეჩქარებოდათ, ამიტომ იას მალევე დაემშვიდობნენ და გზას გაუდგნენ. ია კარგა ხანს იდგა და მიმავალ მანქანას მანამ გასცქეროდა, სანამ მოსახვევში არ მიიმალა. მერეც კარგა ხანს იდგა გზის პირას და იღიმებოდა. ჯერაც გრძნობდა პატარა გეგას სურნელს, მისი ფაფუკი ლოყების კოცნამ რომ დაუტოვა…
მოსაღამოვდა. ვაკო ჯერაც არ დაბრუნებულიყო. იამ ვახშამი მოამზადა, შემდეგ ოთახში შევიდა, ტელევიზორს მიუჯდა და თვალი უნებურად კალათისკენ გაექცა. სასაცილოდ ეჩვენებოდა მაიკოს დანაბარები, მაგრამ მოულოდნელად გადაწყვიტა, ისე მოქცეულიყო, როგორც მან ურჩია. ცდას წინ რა უდგას, იქნებ მართლა დამეხმაროს რამეშიო, გაიფიქრა და საქმეს შეუდგა. ყელიდან ვაკოს ნაჩუქარი სამკაული მოიხსნა და კალათში ჩადო, მერე ვაკოს საძინებელს მიაშურა და ირგვლივ ყურადღებით მიმოიხედა. ვერ გადაეწყვიტა, რა ნივთის გამოყენება შეიძლებოდა ისე, რომ ვაკოს შეუმჩნეველი დარჩენოდა. მოულოდნელად ჰალსტუხი გაახსენდა, რომელსაც ვაკო თითქმის არასდროს იკეთებდა. იგი ახლაც კი გარდერობის კარის შიდა საკიდარზე იყო ჩამოკიდებული სხვა ჰალსტუხებთან ერთად. მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ ჩამოსხნა, რამდენჯერმე გადაკეცა და ისიც კალათაში ჩადო. მერე თვალები დახუჭა და სურვილი ჩაუთქვა…
ვაკო გვიან დაბრუნდა. გიორგისთან გაევლო, რათა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაეგო. მას ხელი უკვე მორჩენოდა და იასთან დიდი მოკითხვა დაებარებინა.
- ამდენ ხანს მასთან იყავი?
- ჰო, - ყრუდ ჩაილაპარაკა მამაკაცმა და ქალს ქურდული მზერა შეავლო.
მხოლოდ იმის გამო არ დაუგვიანია, რომ მოხუცი ინახულა. პატარა გეგას ნახვამ ისიც ააფორიაქა. წარმოიდგინა, რომ გეგა მისი და იას შვილია, გაახსენდა, ორივენი როგორ უვლიდნენ ბავშვს, როგორ უხდებოდა იას ჩვილი ხელში და ამ წარმოდგენამ გული კიდევ ერთხელ დაუმძიმა. საინტერესოა, რას იტყოდა ია, მასთან სამუდამოდ დარჩენა რომ შეეთავაზებინა?
იას მისი უგუნებობა არ გამოჰპარვია.
- რაღაც ვერ ხარ გუნებაზე… ბატონი გიორგი მართლა კარგადაა თუ რამეს მიმალავ?
- არა, რატომ უნდა გიმალავდე, მშვენივრადაა, გეფიცები.
- აბა, რა გჭირს? შენ ხომ არ ხარ ცუდად?
- არა, არა, უბრალოდ, ძალიან დავიღალე, ეგ არის და ეგ. გიორგიმ შენთან მოკითხვა დამაბარა და აი, გადმოგეცი.
- დიდი მადლობა, ეგ ხომ უკვე მითხარი… როცა ნახავ, ჩემგანაც მოიკითხე. ივახშმებ?
- არ მშია, იქ ვჭამე, შემწვარი კარტოფილი და ღორის ხორცი.
- ვააა. ყველაფერზე უარს ამბობ… რაღაცას მალავ. ეს აშკარაა. არ გინდა, მითხრა? ჩემ გამო ხომ არა? იქნებ ვინმემ…
- ია, არ გინდა, წყალტუბოში დარჩე? - მოულოდნელად ვახტანგმა საჭირბოროტო კითხვა დასვა.
- წყალტუბოში არ ვარ? - ქალმა გაიღიმა.
- ჰო, მაგრამ…. სულ რომ დარჩე.
იას თვალები გაუფართოვდა.
- შენთან?
ვაკო ასეთ შეკითხვას არ ელოდა და ცოტა არ იყოს, დაიბნა.
- იქნებ ჩემთანაც… არ ვიცი.
- და… და ამას რატომ მეკითხები? - ქალს ხმა აუკანკალდა.
ვაკოს თავში ყველაფერი აერია: მამის გაუთავებელი რომანები და დედასთან ჩხუბი, დედის გულის შეტევები, ოჯახური არეულობა და, საერთოდ, თავისი არცთუ სასიამოვნო წარსული… ისიც გაახსენდა, როგორ უყვარდა ია და როგორ ვერ გაბედა თავის დროზე გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა, რატომ არ შეეძლო, მას სიყვარულში გამოსტყდომოდა… ამ ყველაფერმა კინოკადრივით წამში გაიელვა მის თვალწინ. იმწუთას სხვა ვერაფერი მოიფიქრა და ერთი ამოსუნთქვით ამოთქვა:
- იმიტომ, რომ მინდა ერთად დავიძინოთ და დილით ჩემ გვერდით გაიღვიძო. მინდა შენში დავიკარგო, მინდა ყოველთვის თვალებში გიყურო და ხელებზე შეგეხო. მინდა, რომ არ მეშინოდეს შენთვის მზერის გასწორების და ჩემი გრძნობების დამალვის, მინდა, თამამად შემეძლოს, როცა მომესურვება, მაშინ მოგხვიო ხელი და გულში ჩაგიკრა, და არ ვფიქრობდე იმაზე, რას იტყვიან სხვები, როცა ჩემთან ხარ, როცა ჩემი ხარ…
ვაკომ გაოგნებულ ქალს გონს მოსვლა არ აცალა, ხელი სტაცა, მკერდზე მიიკრა და კოცნა დაუწყო. იას მუხლები მოეკეცა, მის ალერსს ალერსით პასუხობდა, მაგრამ უეცრად ხელი ჰკრა მამაკაცს, სწრაფად მოსცილდა და ცრემლნარევი ხმით უთხრა:
- მაპატიე, ვაკო, მაგრამ ძალიან მეშინია…. სიმართლე გითხრა, ამისთვის ჯერ მზად არ ვარ. არ ვიცი, შევძლებ კი ჩემი ცხოვრების შეცვლას, ან რამდენად სამართლიანი იქნება ჩვენი საქციელი. ვისთვის მიუღებელი, ვისთვის მისაღები…
- იცი რა? გამიჭირდება იმის დაჯერება, რომ თბილისში უფრო ბედნიერი ხარ. შეიძლება სხვა მიზეზია რამე, რის გამოც იქაურობის დატოვება გიჭირს, შეიძლება რაღაცას ვერ თმობ, რაზეც ხმამაღლა ლაპარაკს ერიდები… თუ ასეა, მითხარი… - ვაკო რაღაცის დათმობაში ვილის ხსოვნას გულისხმობდა.
პასუხად იამ მხოლოდ ამოიოხრა.
- შენი ვერაფერი გამიგია, ხან მოითხოვ ჩემგან იმაზე მეტს, რაც გვაკავშირებს ერთმანეთან, ხან კიდევ… როგორც კი საქმე საქმეზე მივა, ხელიდან მისხლტები. გაგერიდები და უკან მიხმობ, შეგეხები და გამირბიხარ. ეს რა არის, თამაშის ერთგვარი წესი? - ვაკო გაბრაზდა, რადგან იასგან პირდაპირი პასუხი ვერ მიიღო.
- იქნებ ჩემი ბრალია, რომ ბედნიერი არ ვარ? იქნებ ჩემშია პრობლემა და არა სხვებში? -თითქოს თავის თავს ელაპარაკებაო, ისე დაიჩივლა ქალმა.
- მდაა.. ყველაფერი გასაგებია. შენ მისი ჩრდილიდან ჯერაც არ ხარ გამოსული. როგორც ჩანს, ისევ გიყვარს, უბრალოდ, ბოლომდე ვერ გაგიანალიზებია ეს. ასე თუ გააგრძელებ, მას ვერასდროს ვერ დაივიწყებ… - მამაკაცი კარისკენ გაემართა, მაგრამ სამი ნაბიჯიც არ გადაედგა, რომ ნახევრად შემობრუნდა და დაიბარა, - მე გვიან მოვალ, არ დამელოდო, დაიძინე. არ მიყვარს, როცა უაზროდ მელოდებიან… - ამ სიტყვებით უკან მოუხედავად მიახლოვდა კარს, გააღო და გავიდა.
"ალბათ ასე აჯობებს. უკეთესი იქნება, თუ ჩვენ-ჩვენი გზით ვივლით. როგორც ჩანს, არაფერი გამოგვივა. რად მინდა ისეთი ოჯახი, თუ ცოლი თავს სხვა მამაკაცზე ფიქრით დაიმძიმებს, მიუხედავად იმისა, რომ ის მამაკაცი ცოცხლებში კარგა ხანია, არ წერია?" - მწარედ გაიფიქრა და მანქანას მიაშურა.
კარგა ხანს იჯდა ასე, საჭესთან ჩახუტებული, მერე მანქანა ადგილიდან მოწყვიტა და სიბნელეს შეერია.
ბრაზობდა საკუთარ თავზე. არ უნდა ეთქვა იასთვის არაფერი. ისინი ყოველთვის განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან და არ უნდა ჰქონოდა იმის იმედი, რომ ქალი მას მიენდობოდა. სამწუხაროა, რომ ვაკომ ეს დაივიწყა. კვლავ ამოუტივტივდა გონებაში, როგორ იტანჯებოდა ახალგაზრდობაში, როცა იაზე ფიქრობდა და მხურვალედ იყო მასზე შეყვარებული.
ასეა, რაც უნდა მოხდეს, ადამიანს თავისი წარსული ყოველთვის თან სდევს. რატომ დაავიწყდა, როგორ ოჯახში გაიზარდა? სად ია და სად თვითონ? რა ჰგონია, რადგან თანამდებობას მიაღწია, იერარქიულ კიბეზე წინ წაიწია? ადრე თუ თავი მეორეხარისხოვან ადამიანად მიაჩნდა, ახლა რამე შეიცვალა? განა რა დიდი წარმატება მან მოიპოვა? დიდი ამბავი, პოლიციის უფროსი თუ გახდა. მინისტრიც რომ გახდეს, საახლობლო წრეს მისი წარსული სულ ემახსოვრება. ასე იყო ვილის სიცოცხლეშიც. მიუხედავად იმისა, რომ მეგობრობდნენ, მასთან ურთიერთობისას გამუდმებით დაძაბული იყო. მხოლოდ ვილისთან კი არა, სხვა ძმაკაცებთანაც. ვილისთან უფრო იმიტომ, რომ ია წაართვა და კიდევ იმიტომ, რომ ვილი მას შეფარვით ყოველთვის აგრძნობინებდა, მასზე ათი თავით მაღლა რომ იდგა. არა, კი არაფერს ეუბნებოდა, უბრალოდ, ირონიულად გაჰკრავდა ხოლმე კბილს. ერთხელ ასე უთხრა, რატომ არ მოდიხარ ჩვენთან, არ გვკადრულობ, ერთხელ არ დაგვეწვევი სადილად, თითქოს შენ მინისტრის შვილი იყო, მე კი ლოთისო. სწორედ ეს იყო მეორე მიზეზი, რის გამოც ვილის სახლს სათოფეზე არ ეკარებოდა. პირველი მიზეზი კი ია გახლდათ. მისი დანახვა, იცოდა, რომ ძველ იარებს განუახლებდა. არასდროს არავის მიმართ შური არ აღძვრია, ვილის გარდა. ვილისი კი შურდა. შურდა იმიტომ, რომ იამ ცხოვრების მეგზურად ის აირჩია, კიდევ იმიტომ, რომ იგი ნორმალურ ოჯახში გაიზარდა, მასავით ლოთი-შფოთი მამა არ ჰყავდა და ყოველდღიურ სკანდალს არ აწყდებოდა ოჯახში…
ამიტომაც მიატოვა თბილისი და პირველი შესაძლებლობისთანავე ქუთაისს მიაშურა. დაიწყო თუ არა მუშაობა, ბანკიდან კრედიტი გამოიტანა და წყალტუბოში ეს პატარა სახლი იყიდა. აქ ძალიან იაფი იყო სახლები, ამიტომ მისი ბიუჯეტი აქ დამკვიდრებას ადვილად გასწვდა. ხელფასიც კარგი ჰქონდა და არც სესხის დაფარვა გასჭირვებია.
გარდა ამისა, აქ არავის აინტერესებდა მისი წარსული, ქუთაისსა და წყალტუბოში თავს კარგად გრძნობდა. მთავარი ის იყო, რომ აქ გარშემო ყველანი აფასებდნენ მის ადამიანობას, არც მამას ახსენებდა ვინმე და არც იმ ტკივილიან დღეებს, რაც ოჯახში გამოიარა.
მაგრამ ია? ია რას ფიქრობდა? იქნებ მისთვის დღემდე იმ საწყალ, უთვისტომო ბიჭად დარჩა, მისთვის სიყვარულის ახსნა რომ ვერ გაბედა? იმ ღარიბ ბიჭად, რომლის მამაც მაღაზიებში ნისიად არაყს ითხოვდა?
ვაკო ცარიელ ტრასაზე მთელი სისწრაფით მიქროდა და ცდილობდა, უსიამოვნო ფიქრები გაფანტვოდა, დარდი და ნაღველი ფანჯრებში შემოჭრილი ქარისთვის გაეტანებინა…
ისევ თავის საყვარელ რესტორანს მიადგა, დარბაზში შევიდა და მოულოდნელად გაოცებული შედგა. კუთხის მაგიდასთან მარტო მჯდომი მარი დაინახა….
ვაკო ნელი ნაბიჯით დაიძრა მარისკენ. ქალი მოწყენილი და დაბნეული იჯდა, ფანჯარაში იყურებოდა და წარბებშეჭმუხნილი კოქტეილს წრუპავდა.
- მარი! - მამაკაცი მაგიდას ხელისგულებით დაეყრდნო.
არავითარი პასუხი, მარის ფიქრები სადღაც სხვა განზომილებაში დაქროდა.
- მა-რი! - ხმას ოდნავ აუწია ვაკომ.
როგორც იქნა, მისწვდა მის სმენას მამაკაცის ძახილი და მოიხედა. ვაკოს დანახვაზე სახეზე სითბო დაეღვარა და გაიღიმა.
- გამარჯობა, ლამაზო! თქვენს მაგიდასთან ადგილი თავისუფალია? შეიძლება დავჯდე? -გაიხუმრა ვაკომ, სკამი გამოსწია და დაჯდა, მარის პასუხს არ დალოდებია.
- ვაიიი, რა კარგია, რომ მოხვედი. რა იყო, გულმა გიგრძნო, ცუდ ხასიათზე რომ ვიყავი? -ნაღველი შეეპარა ქალს ხმაში.
- არ ვიცი, გულმა მიგრძნო თუ არა, მაგრამ თვალმა მითხრა, ეგერ, კუთხეში ლამაზი გოგო ზის და შენ იცი, ხელიდან არ გაუშვაო, - ვაკო ხუმრობას განაგრძობდა.
- ნეტავ სხვასაც ასე უჭრიდეს თვალი და ასეთ რჩევებს აძლევდეს თავის პატრონს.
- ვაა, ეს რაღაც ახალია. რა იყო, მოხდა რამე?
მარიმ ხმაურით ამოიოხრა.
- მითხარი, რა გჭირს. რამე სერიოზულია? რა მოგივიდა, გოგო!
- ის, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა. მირიანმა განქორწინება მომთხოვა. დღეს მისი ადვოკატი მესტუმრა.
- მისი… - გაიმეორა ვაკომ, - ჰმ, პირდაპირ ამერიკაში ვცხოვრობთ! პირადი ადვოკატები გვყავს უკვე, არა?
- ასე გამოდის, - თავი დააქნია მარიმ და მაგიდას ჩააშტერდა.
- მერე?
- რა, მერე… - ქალმა მხრები აიჩეჩა.
- რას აპირებ?
- არ ვიცი, ვაკო. ტვინი წაიღო მისმა სვანეთმა. რა დაკარგვია იმ დასაკარგავში, ვერ გამიგია. პირველად რომ მითხრა, იქით ვაპირებ გადასვლასო, ლამის ჭკუიდან გადავდექი. ისე გავბრაზდი, ისე, რომ მთელი კვირა არ ველაპარაკებოდი. მერე ვიფიქრე, ტკბილი სიტყვით იქნებ გადავაფიქრებინო-მეთქი. ხან აქედან მივუდექი, ხან იქიდან, მაგრამ შენც არ მომიკვდე. ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. ეჭვმა გამკრა, ვინმე სვანი ხომ არ შეუყვარდა-მეთქი.
- კარგი ერთი, - ვაკოს სიცილი აუტყდა.
- ჰო, შენ გეცინება და მე კიდევ… - მარიმ კვლავ ამოიოხრა, - აბა, სხვა რა უნდა მეფიქრა? ნაცნობი იქ არ ჰყავს და ნათესავზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. შენ რომ ყოფილიყავი ჩემს ადგილზე, რას იფიქრებდი? დღემდე არ ვიცი, ასე ძალიან რატომ გაუწია იქით გულმა. დღე არ გავა, არ გამახსენდეს. სულ მენატრება. ნუ, კარგი, ჯანდაბას, რაცაა ესაა, ბოლოს ბედს შევურიგდი, როცა იქნება, ხომ დაბრუნდება და დავიცდი-მეთქი. მეგონა, რომ დაბრუნდებოდა, ისევ შევრიგდებოდით და ყველაფერი ძველებურად იქნებოდა… აი, ხომ რამდენი ხანია, იქითაა და ერთადერთხელ დარეკა, გესმის? ერთადერთხელ, ისიც იმის სათქმელად, შენც ხომ არ წამოხვალო. წამოსვლა რომ მდომებოდა, ახლა იქ ვიქნებოდი, აჯობებს, შენ თვითონ დაბრუნდე-მეთქი და მე დაბრუნებას არ ვაპირებო, მომახალა. თურმე იქ დარჩენა გადაწყვიტა. ახლა კიდევ… აი, მთელი არზა მიდევს საბუთების ჩანთაში, - მარიმ მაგიდაზე შემოდებულ მინიატიურულ ხელჩანთას ხელისგული მსუბუქად დაჰკრა.
- არ დაგირეკა?
- რას ამბობ! რომელ დარეკვაზეა ლაპარაკი! წერილი გამომიგზავნა, ბატონო! ყველაფერი ოფიციალურად კეთდება, აზრზე ხარ? - მარი თანდათან ღიზიანდებოდა.
- რაო მერე, რას გწერს? - ვაკოს სასაცილოდ არ ჰყოფნიდა ეს ამბავი, მაგრამ ქალი ეცოდებოდა, ამიტომ მხოლოდ იღიმოდა.
- რას მწერს და… რადგან უკვე ექვსი თვეა, ცალ-ცალკე ვართ, ასეთ ცოლქმრობას აზრი არა აქვს და ამას ბოლო უნდა მოეღოსო. ჩვენ ერთმანეთის არ გვესმის და ჩვენს ერთად ყოფნას წერტილი უნდა დაესვასო. ისე მწერს, თითქოს მისი ცოლი კი არა, საყვარელი ვიყო, რომელიც ქმარს ღალატობს და კაცს მისი თავიდან მოშორება უნდა.
- მდაა… რა გადაწყვიტე? შენ გინდა განქორწინება? - ფრთხილად შეეკითხა ვაკო.
მარიმ სევდით დანისლული თვალები შეანათა.
- შენ ხომ მიცნობ, არა? როგორ ფიქრობ, მინდა? რომ არ მყვარებოდა, აქამდე ცხრაჯერ გავიჩენდი საყვარელს და ვიქნებოდი მაისის ვარდივით. მაგრამ მის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია, გესმის?
- მერე მაგას რა ჯობია? დაურეკე და უთხარი, რასაც ფიქრობ, - ვაკომ თითით ოფიციანტი მოიხმო და ყავა შეუკვეთა.
- საქმე ისაა, ვაკო, რომ აქედან წასვლა არ მინდა. დავიღალე, გესმის? ეს მომთაბარეობა მსპობს. ბაბუაჩემი სამხედრო პირი იყო, გენერალ-მაიორი და მთელი თავისი ცხოვრება დაძრწოდა თავისი სამსახურის გადამკიდე. ხან რომელ ქალაქში სახლდებოდა და ხან რომელში, სანამ სული არ გასძვრა. ბებიაჩემი ამას რომ იხსენებდა, ყოველთვის გული მიკვდებოდა. ბაბუა რომ გარდაიცვალა, ასტრახანში ცხოვრობდნენ თურმე. საწყალ მამაჩემს ძლივს გაუყიდია იქაურობა, რომ საქართველოში ჩამოსულიყო და აქ დასახლებულიყო. ბაბუა გენერალი კი იყო, მაგრამ ქონება არ ჰქონდა. იმდენს დადიოდა აღმა-დაღმა, არაფერს არ იძენდა თურმე, აქეთ-იქით ხომ არ ვატარებო. ჰოდა, იმ გაყიდული ბინის ფული რასაც ეყო, ის იყიდა თურმე მამაჩემმა. აქ, წყალტუბოში ჩვენი ნათესავები დაეხმარნენ და პატარა სახლი შეუძენიათ. ბებია მალე გარდაიცვალა, მერე მამაჩემმა დედაჩემი გაიცნო, დაქორწინდნენ და ჩვენც გავჩნდით, მე და ჩემი და-ძმები. აქ დაბადებული და გაზრდილი ვარ. გეკითხები, სვანეთში რა სიკვდილი მინდა? რა დამრჩენია იქ? არ ვარ იმ ასაკში, რომ ახალი მეგობრები შევიძინო, მინდა, იმათ გვერდით ვიყო, ვინც მყავს. აქ ყველა მიცნობს, პატივს მცემენ, ასე თუ ისე, ცუდი ექიმი არ ვარ…