- ეს პასუხი არ არის, მარი. მერე რა, რომ არავის არ იცნობ. გაიცნობ. წახვალ, წამოხვალ. არც ამათ დაკარგავ და არც ოჯახს დაანგრევ. შენ სხვა მიზეზიც გექნება უარის სათქმელად. მითხარი, კიდევ რა გიშლის ხელს, რატომ იხევ უკან? - ვაკომ მისი თითები ხელისგულებში მოიქცია.
მარიმ თვალები დახუჭა და სახის ნაკვთები შეჭმუხნა, მერე თავი გააქნია და ხმადაბლა, ლამის ჩურჩულით თქვა:
- იმიტომ, რომ… იმიტომ, რომ… მეშინია.
- გეშინია? შენ და რამის გეშინია? რა სისულელეა! მაგას არ დავიჯერებ! შენ ხომ მაგარი ქალი ხარ, ძლიერი, თავდაჯერებული, ჩამოყალიბებული, რისი გეშინია?
- მართლა მეშინია, ვაკო, გგონია, ვკეკლუცობ? მე ჩემი ოჯახი ყოველთვის გვერდით მყავდა და მიცავდა. სვანეთში კიდევ არავინ მყავს, თანაც სასაზღვრო ზონაა, ათასი უბედურება ხდება. მინდა ახლა ეს? როგორ უნდა გავძლო იქ, ა?
- დაიკიდე ყველა და ყველაფერი, გოგო, რა ცხვირ-პირი ჩამოგტირის! - შეუძახა მამაკაცმა, -რას მიქვია, არავინ გყავს. მირიანი ხომ გყავს? მარტო რატომ იქნები?
- ეჰ, სათქმელად ადვილია… აი, შენ რომ გითხრას ყველაზე საყვარელმა ადამიანმა, მიატოვე აქაურობა და, დავუშვათ, თბილისში წამოდი საცხოვრებლადო, წახვალ?
ვაკო დადუმდა.
- არ ვიცი… - ამოთქვა ბოლოს, - თუ მეყვარება, ალბათ, წავალ. შენ შეიძლება აღარ გიყვარს მირიანი და… თუ ასეა, მაშინ…
- როგორ არ მიყვარს, რას ამბობ! მიყვარს და სულ მენატრება, მაგრამ… აი, არ ვიცი, როგორ აგიხსნა, ეს ასე მარტივი გადასაწყვეტი არ არის, გაიგე?.. იცი, კიდევ რას მწერს? რომ მე არ ვისურვე მისთვის გამეგო, არ მოვინდომე, მისი თვალით შემეხედა სვანეთისთვის და მასთან ყოფნას ჩემს მშობლებთან და და-ძმებთან დარჩენა ვარჩიე.
- მე თუ მკითხავ, მირიანი მართალია. შენ თვითონ ვერ გარკვეულხარ, რა გინდა. ქმარიც გინდა, მისი სიახლოვეც გინდა, მაგრამ ამისთვის ნაბიჯის გადადგმა არ გინდა, ერთი მეტრით არ ცდილობ, მისკენ წაიწიო.
- რა მეტრი, ვაკო, რის მეტრი? ასობით კილომეტრია იქამდე, მეტრი კი არა. - მარის ცრემლები თვალებშიც მოეძალა და ხმაშიც.
- მომისმინე, - ვაკომ მისი თითები მაგიდაზე აათამაშა, - ნუ ჯიუტობ. მე მგონი, ჯერ კიდევ არ არის გვიან და ყველაფერი მოგვარდება, თუ შენ დათმობ.
- აზრი არა აქვს. ახლა დათმობაც გვიანია, - მარიმ თითები გაითავისუფლა ვაკოს ხელებისგან და სახეზე აიფარა, - რახან განქორწინებას მთხოვს, ესე იგი, არ ვუყვარვარ.
- ან შენი რეაქცია აინტერესებს… - ვარაუდი გამოთქვა ვაკომ.
მარი უცებ, თითქოს გონს მოეგოო, გაფაციცებული შეაჩერდა სახეში.
- შენ ასე ფიქრობ?
ვაკომ თავი დაუქნია და ქალს თვალი თვალში გაუყარა. იგი ხედავდა, წამდაუწუმ როგორ ეცვლებოდა მარის სახეზე გამომეტყველება, თითქოს ას გადაწყვეტილებას ერთად იღებსო. ასეთი დაბნეული მარი ვაკოს ჯერ არ ენახა.
- წადი, წადი, რაც შეიძლება, მალე წადი და დარჩენა თუ არ გინდა, დაელაპარაკე მაინც. იქნებ ერთად უფრო გამონახოთ ოპტიმალური ვარიანტი.
- ვითომ? - ისეთი ტონით იკითხა მარიმ, აშკარა იყო, უკვე გადაეწყვიტა სვანეთში გამგზავრება.
- ვითომ არა, ნამდვილად, - გაუღიმა ვაკომ.
- ღმერთო, რა ადამიანი ხარ! შენ გაიხარე, ვახტანგ! აი, ვინ არის ნამდვილი მეგობარი! ხვალ დილით განცხადებას დავწერ, რომ ორი დღით გამათავისუფლონ და წავალ.
ვაკომ კვლავ თავი დაუქნია, რითაც მიანიშნა, გადაწყვეტილებას გიწონებო.
- მაგრამ მე არაფერი გამიკეთებია, თითიც არ გამინძრევია, -_ კვლავ გაიხუმრა ვაკომ.
- მთავარია, რომ მომისმინე და სწორი კითხვები დამისვი, მერე კი მიმითითე, რა გზას დავდგომოდი. ახლა სწორედ ეს მჭირდებოდა. ჩემო საყვარელო, რა კარგი ვინმე ხარ, რომ იცოდე, - მარი წამოდგა და მამაკაცს მხურვალედ გადაეხვია.
ვაკოს უეცრად თითქოს ჭვალმა გაჰკრა მკერდში. ძალაუნებურად რესტორნის შემოსასვლელისკენ გაიხედა და თვალებს არ დაუჯერა, იფიქრა, ხომ არ მელანდებაო - კართან ია იდგა და მათ უყურებდა. სანამ მამაკაცი რამეს მოიმოქმედებდა, ია სწრაფად გატრიალდა და გარეთ გავარდა…
უკვე მანქანაში ჯდებოდა, როცა ვაკომ მაჯაში ხელი სტაცა.
- მოიცა, ია, ნუ წახვალ, ყველაფერს აგიხსნი!
- არაფრის მოსმენა არ მსურს, - იას ცრემლები ახრჩობდა.
- უნდა მომისმინო და დამიჯერო, გთხოვ. მარის ქმარს განქორწინება სურს და ის ძალიან ცუდადაა ამის გამო, გესმის? ამაზე ველაპარაკებოდი.
- ცუდად რატომაა? ახლა თავისუფალი იქნება და შენ…
- რა მე, რა მე! - აყვირდა მამაკაცი, - სულ ეს რატომ გაკერია პირზე? იმ გოგოს უყვარს თავისი ქმარი და არ უნდა ოჯახის დანგრევა. ამიტომ ხვალ მასთან მიდის. ასე ვურჩიე, რადგან მე მისი მეგობარი ვარ და მინდა ბედნიერი იყოს.
იამ თავი ასწია და მამაკაცს შეხედა. მიხვდა, რომ ვაკო არ ატყუებდა, მაგრამ ერთმანეთს რატომ ეხვეოდნენ? აქ ასე იციან მეგობრობა? თვითონ ვილის ძმაკაცებს არასდროს ჩახუტებია.
- ჩემთვის ამას მნიშვნელობა არა აქვს, - აგდებულად ჩაილაპარაკა და გასაღები გადაატრიალა.
- როგორ თუ არა აქვს, - გაცეცხლდა ვაკო, - შენ რა, არ გინდა გაიგო, თუ მართლა არ გესმის? ჩვენ შორის მეგობრობის გარდა არასდროს არაფერი ყოფილა და არც იქნება.
- ეს შენ არ გესმის, - ხმადაბლა მიუგო იამ, - ძალიან გინდა, რომ გენდო, მაგრამ რაც დრო გადის, უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ არც ერთი მამაკაცი სანდო არ არის. ასე ვიფიქრებ ყოველთვის, როცა სხვა ქალთან დაგინახავ და ეს შენი ბრალი არ არის, ამაში მე ვარ დამნაშავე. ამიტომ მე ახლა წავალ, ჩემს ბარგს ჩავალაგებ და თბილისში დავბრუნდები, ჩემ შეჩერებას კი ნუ შეეცდები.
- მე ვილი არა ვარ… - ბოღმით სავსე ხმით ამოთქვა ვაკომ და ქალს თვალი თვალში გაუყარა.
- ვიცი. შენ შეიძლება სამყაროში ყველაზე პატიოსანი კაცი ხარ, მაგრამ ვილის შემდეგ აღარავისი აღარ მჯერა. - ია შეეცადა, არ ეტირა და თავისი სიძლიერე ამით მაინც გამოეჩინა.
ამ დროს ვაკოს მობილური აწკრიალდა. პატრულის თანამშრომლები ურეკავდნენ, ყაჩაღობა მოხდა და თქვენი მოსვლა აუცილებელიაო.
- ჩემ დაბრუნებას მაინც დაელოდე, ისე ნუ წახვალ, რომ არ დამემშვიდობო, - მუდარით სავსე მზერა შეანათა ვაკომ ქალს, ხელზე ხელი მოუჭირა და სირბილით თავის მანქანას მიაშურა…
ვაკო მთელი სისწრაფით მიქროდა. შეატყობინეს, რომ იმავე ჯგუფმა კიდევ ერთი ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღა და ისევ იმ მანქანით მიიმალნენ. მანქანის ნომერი რაციით გადმოსცეს. ისიც უთხრეს, ბანდიტები წყალტუბოს მიმართულებით წავიდნენო. ჰოდა, ძალიანაც კარგი, თუ აქეთ წამოვიდნენ, აქ გადაუჭრის გზას და დაიჭერს. ახლა ისეთ ხასიათზეა, ათ კაცს ერთად შეებრძოლება და თავსაც შეაკლავს. ია თურმე მასზე ეჭვიანობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უყვარს. სხვა შემთხვევაში ასე არ გაბრაზდებოდა…
ია სამგზავრო ჩანთას გამალებით ალაგებდა. არ უყვარდა ღამით მგზავრობა, მაგრამ წუთითაც არ სურდა აქ დარჩენა, აუცილებლად გზას უნდა გასდგომოდა. მიუხედავად იმისა, რომ ვაკო გაგიჟებით უყვარდა, მისი ვერ გახდებოდა. ცხოვრებისგან გაკვეთილი ერთხელ უკვე მიიღო და საკმარისია. ისღა აკლია, დარჩენილი ცხოვრება ვაკოზე ეჭვიანობაში გალიოს. ნეტავ ფეხი არ მოედგა აქ, ნეტავ დატეულიყო თბილისში, აუტკივარ თავს ხომ არ აიტკიებდა?
ამ დროს ტელევიზორში საინფორმაციო გამოშვება დაიწყო. ია ვერ იტანდა ამ საშინელ მელოდიას, ამ დროს ყოველთვის სხვა არხზე გადართავდა ხოლმე ტელევიზორს ან ხმას დაუწევდა. ახლაც ასე აპირებდა, მაგრამ მოულოდნელად მისი ყურადღება დიქტორის მიერ გამოცხადებულმა ანონსმა მიიპყრო და შეყოვნდა. ავტოავარიის შედეგად არიან დაჭრილები და მსხვერპლიცო, აცხადებდა ტელეწამყვანი, ეკრანზე კი ორი გადაყირავებული მანქანა გამოჩნდა, რომლებიც გზიდან გადავარდნილიყვნენ. მათ შორის ერთი ვაკოსი იყო.
ქალს გული გადაუქანდა. ხელებაკანკალებულმა მანქანის გასაღები ძლივს იპოვა. იმდენ ხანს აფათურა ჩანთაში ხელები და ვერ მიაგნო, სანამ ხელჩანთა არ გადმოაპირქვავა. თავქუდმოგლეჯილი გავარდა სახლიდან, მაგრამ შუქის გამორთვა და კარის ჩაკეტვა არ დავიწყებია.
გული გამალებით უცემდა. მიხვდა, რომ რაღაც საშინელება მოხდა. ავარიაო, თანაც წყალტუბოს გადასახვევთანო. ღმერთო, მიშველე, ოღონდ ცოცხალი იყოს, ოღონდ არაფერი მოუვიდეს. ეს შეუძლებელია, უფალი არ დაუშვებს, რომ იამ თავისი ერთადერთი იმედი დაკარგოს.
მალე პოლიციის სამფერად მოციმციმე ნათურებიც გამოჩნდა. ავარიის ადგილას პატრულის მთელი შემადგენლობა შეჯგუფებულიყო. იამ მკვეთრად დაამუხრუჭა ყველაზე ახლოს მდგომ პოლიციელთან და უეცრად კახაც დაინახა.
- კახა, გამარჯობა! ვაკო სადაა?
- ქალბატონო ია, თქვენი აქ ყოფნა არ შეიძლება. ხომ ხედავთ, რა ამბავია.
- რადგან უკვე აქ ვარ, ვაკო უნდა ვნახო. სად არის, დაშავდა?
- არც იმდენად. რაც მთავარია, ბანდიტებს მოერია.
- როგორ მოხდა, ვერ მეტყვი?
- როგორ და… ამ ადგილას შეეფეთნენ თურმე. ისინი შეეცადნენ, ვაკოს დასჯახებოდნენ, მაგრამ ამან დაასწრო, თვითონ დაეჯახა და გზიდან გადაყარა. მართალია, მისი მანქანაც აყირავდა და ვერ მოასწრო საჭის დამორჩილება, მაგრამ ღვთის მადლით, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. ზუსტად მაგ დროს მე და კარლოც მოვედით და ყველა დავიჭირეთ.
- ცოცხლები არიან?
- კი, კი.
- აბა, მსხვერპლიო?
- ერთი მძიმე მდგომარეობაშია, საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანარჩენები უვნებლად გადარჩნენ. ოთხნი იყვნენ.
მადლობა ღმერთს, თუ ცოცხალია, - გაიფიქრა იამ, მანქანა ცოტა მოშორებით გაიყვანა, გზისპირას გააჩერა და გადმოვიდა. ორი ნაბიჯიც არ გაევლო, რომ ვაკოს ხმა შემოესმა, ვიღაცას რაციით გაცხარებით უყვიროდა.
იამ წინიდან შემოუარა პოლიციის მანქანას და ვაკოს სახეზე შეხედა. მამაკაცს ლოყაზე ნაჭრილობევი ჰქონდა და სისხლი სდიოდა, თუმცა თვითონ ამას ვერც ამჩნევდა.
ვაკომ რაცია გამორთო და იაც დაინახა.
- აქ რას აკეთებ? - მის დანახვაზე უარესად განერვიულდა.
- დაჭრილი ხარ, ხომ?
- მითხარი, აქ რა გინდა, რისთვის მოხვედი? - მამაკაცს აშკარად არ ესიამოვნა მისი დანახვა.
- იმისთვის, რომ მენახე, როგორ ხარ. შემეშინდა, არაფერი შეემთხვეს-მეთქი.
- რატომ? შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, რამე შემემთხვევა თუ არა? - საკმაოდ უხეშად წარმოთქვა მამაკაცმა.
"ან ახლა, ან არასოდეს, - გაიფიქრა იამ, - ეს მეორე შანსია და მას მე ხელიდან არ გავუშვებ".
- აქვს მნიშვნელობა, თანაც ძალიან დიდი.
- აქვს? რატომ? - არ მოეშვა ვაკო.
- იმიტომ, რომ უშენოდ აღარ შემიძლია. იმიტომ, რომ მივხვდი, თბილისში ვერ დავბრუნდები. არც აქაურობის მიტოვება შემიძლია და არც შენი. ვიცი, რომ უაზროდ ვიეჭვიანე მარიზე, მაგრამ ხომ ვიეჭვიანე? რომ არ მყვარებოდი, რატომ ვიეჭვიანებდი? კიდევ იმიტომ, რომ… - ქალს ხმა ჩაუწყდა.
ამჯერად ყველაზე მნიშვნელოვანი წუთი ვაკოსთვის დადგა. მას წამითაც არ დაუყოვნებია, იას ხელი სტაცა და მთელი ხმით იყვირა:
- მე შენ იმედს არასდროს გაგიცრუებ! შენ გარდა ქვეყნად არავინ მჭირდება. შენ ჩემი ცოლი უნდა გახდე. გამომყვები?
გაოცებულმა იამ პირი დააღო. თვითონ ვაკოც გაოცებული იყო, არ ელოდა, ასეთი რამის ასე თამამად თქმას თუ შეძლებდა, თანაც ამ სიტუაციაში.
- ცოლად? - ისე ხმადაბლა იკითხა იამ, ვაკო მხოლოდ მისი ტუჩების მოძრაობით მიხვდა, რა თქვა ქალმა.
- ჰო, ცოლად. რაც თავი მახსოვს, ყოველთვის შენ მიყვარდი და ვიცი, რომ სულ ასე მეყვარები. გამომყვები?
- გამოგყვები! - იმხელა ხმაზე იყვირა ქალმა, რომ ვაკომ იმ ხმაურში ეს ერთი სიტყვა მკაფიოდ გაიგონა…
- მერე? მიატოვებ თბილისს, სამსახურს, ახლობლებს… ჩემი გულისთვის ამ მხვერპლს გაიღებ?
- მხოლოდ იმ პირობით, თუ ყოველთვის შენ გვერდით ვიქნები.
- იქნები! - მტკიცედ გაიჟღერა მამაკაცის ხმამ…
გვიან დაბრუნდნენ შინ. ვაკომ მანქანა ჭიშკარს მიაყენა და შუქფარები გამორთო.
- არც მახსოვს, შუქი როდის ჩავაქრე, ისე გიჟივით გამოვვარდი… ნეტავ ანთებული დამეტოვებინა, - თქვა იამ.
- ხვალიდან მუდმივად გამოჩნდება. - თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა ვაკომ.
- რა?
- სინათლე ჩვენს ფანჯარაში. - მიუგო აღელვებულმა, იასკენ შებრუნდა, მკლავი მხარზე გადახვია და მკერდზე მჭიდროდ მიიკრა.
სრულ სიბნელესა და სიჩუმეში წყვილს მხოლოდ ორი გულის არეული ბაგაბუგი ესმოდა…
მთვარეც კი ღრუბლებს მიჰფარებოდა…
დასასრული
<div>
<div class="gtx-trans-icon"></div>
</div>