ნოველები

სხვისი ოცნების ქალი - თავი 5

სხვისი ოცნების ქალი - თავი 5
დასაწყისი
მეც დრო ვიხელთე და «სამალავიდან» გამოვედი. რომ დამინახა, სახე შეუკრთა, არ ელოდა ჩემს გამოჩენას.
_ როგორ ხარ? _ შუბლშეკრულმა ვკითხე.
_ კარგად, _ მშრალად მიპასუხა და თვალი თვალში ნიშნის მოგებით გამიყარა.
_ შენ ზრდილობას არ გასწავლიან სკოლაში ან სახლში? _ უკვე ბოღმას ვანთხევდი, ისე ვიყავი გაბრაზებული.
_ ვინ გითხრა, რომ არ მასწავლიან? _ ამრეზით ამომხედა.
_ მაშინ რატომ დამიკიდე ყურმილი, რატომ არ მაცალე სიტყვის დამთავრება?
_ ღირსი არ იყავი და იმიტომ, _ ცივად მომახალა.
თავი მოვთოკე, რომ სილა არ გამეწნა. ცოტა შევიცადე, რათა დავწყნარებულიყავი.
_ ის ბიჭი ვინ იყო? _ იქითკენ გავიხედე, საითაც ჩემი «მეტოქე» წავიდა.
_ ჩემი კლასელია.
_ აქ რა უნდოდა?
_ მაცილებდა. რა იყო, რამე პრობლემაა?
_ შენს გასაცილებლად სპეციალურად მოვიდა?
_ რა თქმა უნდა, დიდი ხანია, მოვწონვარ. ის კი არა, დღეს სიყვარული ამიხსნა.
_ მართლა? _ გასაგები იყო, ჩემს გასაღიზიანებლად ამბობდა ამ ყველაფერს.
_ მართლა, მართლა, თანაც ძალიან კარგი ბიჭია.
_ რაო, მერე, ძალიან მიყვარხარო?
_ ძალიანო, _ თავი დააქნია ნატამ.
_ მერე შენ?
_ რა მე?
_ შენ რა უთხარი?
_ ჯერ არაფერი… _ და ისევ ამარიდა მზერა.
_ ანუ?
_ რა ანუ?
_ შენც გიყვარს?
პასუხი არ გამცა, ფეხსაცმლის ჭვინტით ასფალტს დაუწყო წვალება, თითქოს უნდა ამოჩიჩქნოსო.
_ მიპასუხე, შენც გიყვარს?
_ შენ რაში გაინტერესებს, რატომ უნდა ჩაგაბარო ანგარიში? _ უხეშად შემომიბრუნა კითხვა კითხვაზე.
_ იცი შენ, რატომაც.
_ არა, არ ვიცი.
_ მეგონა, მეგობრები ვიყავით… _ სხვა ვერაფერს ვეტყოდი.
_ ვიყავით… _ იმავე ტონით გაიმეორა.
_ უკვე აღარ ვართ?
_ არ ვიცი, _ მხრები და წარბები ერთდროულად ასწია.
_ გასაგებია. ესე იგი, შენც გიყვარს, მაგრამ ჩემთვის ამის თქმას საჭიროდ არ მიიჩნევ. ასეა?
_ არა, არ არის ასე. არ მიყვარს, მაგრამ მომწონს, _ თქვა უცებ, შემომხედა და გააგრძელა, _ და თუ იაქტიურებს, ალბათ კიდევაც შემიყვარდება.
_ კარგია… _ ხმა წამერთვა, _ გილოცავ… ვატყობ, შენც არანაკლებ პოპულარული ხდები.
_ სწორად ატყობ.
_ ესე იგი, წავიდე? ზედმეტი ვარ? _ ვთქვი და ლამაზ, სევდიან თვალებში ჩავხედე.
_ ზედმეტი არ ხარ, _ შეშინებულმა ჩაილაპარაკა და აწითლებულმა თავი ჩაღუნა.
გულში გამეცინა. ერთდროულად ისიც უნდოდა, წყობილებიდან გამოვეყვანე, გავემწარებინე და ისიც, არ მიმეტოვებინა და შემრიგებოდა.
_ აბა წავიდე?
დავინახე, როგორ მოეშვა, უმწეოდ ჩამოყარა მხრები. მუდარით სავსე მზერა მომაპყრო, მაგრამ თქმით არაფერი უთქვამს. მისი შემოხედვა ნიშნავდა, რომ უნდა დავრჩენილიყავი.
_ ხომ აგიხსენი, რა მდგომარეობაშიც ვიყავი, _ ხმა დამირბილდა.
_ წინასწარ უნდა გეთქვა, არ მიყვარს, როცა მატყუებენ, _ ტუჩები გაბუსხა.
_ მაგის დრო არ მქონდა.
_ ერთი წუთიც არ გქონდა? არ შეგეძლო, დაგერეკა და გეთქვა?
_ არ მქონდა, ნატა, მართლა გეუბნები. არ გჯერა?
_ არ ვიცი, _ ჩურჩულით თქვა და ამოიოხრა.
_ მოდი, შევრიგდეთ, არ მინდა შენთან ჩხუბი. შემირიგდები? ოღონდ არ ვიციო, არ მითხრა!
გაეღიმა. გაშლილი თმა უკან გადაიყარა და მარცხენა ხელით ცალ მხარეზე ყურზე გადაიწია. ყველაზე ლამაზი სანახავი ასეთ მომენტში იყო. რაღაც უცნაურ ჰაეროვან მოძრაობას აკეთებდა ამ დროს. მთელი რიტუალი იყო მისი პატარა თითებით ყურზე თმის გადაწევა. ყველაზე მეტად ეს მიყვარდა მასში.
_ შევრიგდეთ, _ მორცხვად თქვა და გამიღიმა.
უცნაურმა სითბომ დამიარა სხეულში. თვალებით მივეფერე.
_ გინდა კინოში შევიდეთ? _ მეტი არაფერი მომივიდა თავში.
_ მინდა, _ უცებ დამთანხმდა.
გამოვცოცხლდი. წავიდეთ-მეთქი, თავით ვანიშნე და კლუბისკენ მიმავალ გზას დავადექით.
_ მართლა მოგწონს ის ბიჭი, თუ მომატყუე? _ დავარღვიე გაწელილი დუმილი.
_ მგონი კი, _ ისე თქვა, ვერ მივხვდი, იყო თუ არა გულწრფელი.
_ კიდევ მოგწონს ვინმე? _ ხუმრობა ვცადე.
_ არა, მეტი არავინ.
_ არც მე?
ამის გაგონებაზე გაჩერდა. მეც შევანელე ნაბიჯი და პასუხის მოლოდინში დავმუნჯდი.
_ შეეენ… შენ არ მომწონხარ, _ თქვა ბოლოს.
ის იყო, მორიგი შეკითხვის დასმა დავაპირე, რომ გააგრძელა.
_ შენ მიყვარხარ, ზაზა.
თითქოს დენმა დამარტყაო… რაღაც საშინელება დამემართა. შემეშინდა, ამხელა კაცი არ შევტორტმანდე-მეთქი. უფრო სასიამოვნო სიტყვები, წლები იყო, არ მომესმინა. არა, განა ასეთი რამ არ უთქვამთ ჩემთვის, უამრავი უთქვამთ, უფრო ლამაზადაც, შეიძლება მეტი გრძნობითაც, მაგრამ… განსხვავება იმაში იყო, რომ ამას ნატა ამბობდა _ გოგონა, რომელიც მეც მიყვარდა.
_ მე ცუდი ბიჭი ვარ, ჩემი შეყვარება არ შეიძლება, _ «რჩევა მივეცი».
_ ვიცი, მაგრამ რა ვქნა, ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. თავისით მოხდა ყველაფერი.
_ ცუდია… არ იფიქრო ამაზე, კარგი? უფრო საყვარელი ბიჭებიც არიან, რომ იცოდე.
_ ვიცი, _ მშვიდად მომიჭრა და გზა გააგრძელა.
მეც მივყევი.
_ იცი? აბა, მომიყევი ერთი, «როგორ იცი»? _ გახუმრება ისევ ვცადე.
_ ერთი ტიპი გავიცანი გუშინწინ… ისეთი გალანტური იყოოო… _ და ეშმაკურად გამომხედა.
_ ვინ ტიპი? _ ელად მეცა, სეიფა არ იყოს-მეთქი.
არ შევმცდარვარ.
_ ასაკით დიდია, შენზე დიდიც კი. რუსეთიდან ჩამოსულა ახლახან.
_ ვახო ჰქვია, არა? _ სიმწრით გამეღიმა.
_ იცნობ? _ თვალები გაუფრთოვდა.
_ აქ ყველას ვიცნობ, რატომ გიკვირს?
_ რა ვიცი, ლევანი ვერ იცანი და…
_ ვინ ლევანი?
_ აი ის, წეღან რომ მაცილებდა.
_ ჰოო… ის… ის პატარაა, ჩემი თაობის არ არის. მე უფრო ასაკოვნებს ვიცნობ… ესე იგი, მოგეწონა!
_ კი, რა ვიცი, არ ჩანს ცუდი ადამიანი.
_ ეგ იცი, ვინ არის? _ ვთქვი და ენას მაშინვე დავაჭირე კბილი.
_ ვინ? _ ისევ გაჩერდა.
_ არა, ისეთი არავინ… თუმცა აჯობებს, შორს დაიჭირო მისგან თავი.
_ რატომ?
_ ასეა საჭირო და იმიტომ, _ მეტის თქმა არ შემეძლო, არაკაცური გამოდიოდა.
_ ეჭვიანობ?
_ არა, რატომ. შენი უფლებაა, როგორ მოიქცევი, მაგრამ მე ჩემი გითხარი.
_ კარგი, გავითვალისწინებ, _ ეშმაკურად გაიღიმა და ისევ გავაგრძელეთ გზა.
სალაროსთან ორიოდე კაცი იდგა. მე ბილეთი არასდროს მიყიდია, ყოველთვის უბილეთოდ შევდიოდი კინოში. აფიშას შევხედე. არასდროს დამავიწყდება, იმ დღეს რა ფილმიც გადიოდა. «იავნანა მამაკაცებისთვის» _ წითელი ასოებით ეწერა ყავისფერჩარჩოიან დაფაზე, რუსული კინოსურათი იყო.
შესასვლელში ნოდარი იდგა, ბილეთიანებს და უბილეთოებს აკონტროლებდა. თვალი ჩავუკარი და გავიარე, თან ხელით ვანიშნე ნატას, მომყევი-მეთქი. დარბაზში რომ შედევით, მკლავზე მომქაჩა, ფეხის წვერებზე აიწია და ყურთან მიჩურჩულა.
_ ბილეთი არ უნდა ვიყიდოთ?
გამეცინა.
_ არა, ჩვენ არ გვეკუთვნის.
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ იმიტომ, _ არ დავაკონკრეტე, ხელი ჩავავლე და თითქმის ცარიელ დარბაზს მოვავლე თვალი, მოხერხებულ ადგილს ვეძებდი.
სულ ბოლოს ფარდებით გამოყოფილი ორივე ლოჟა ცარიელი იყო. იქითკენ წავიყვანე. გული გამალებით მიცემდა, გუგუნი გაუდიოდა ყურებს. ნატას გავხედე, არც ის იყო უკეთეს დღეში, სახე აფორაჯებოდა.
წინა მე წავედი და ლოჟის კარი შევაღე. აქ სულ ექვსი რიგი იყო, თითო რვაადგილიანი. მესამე რიგს რომ მივუახლოვდი, გავჩერდი და პირველი ნატა გავატარე. გვერდულად გაუყვა სკამებს და ბოლოში დაჯდა. მეც გვერდით მივუჯექი. შეშინებულივით იყურებოდა აქეთ-იქით.
_ აქ იყავი, ახლავე მოვალ, _ ვუთხარი და პასუხს არ დავლოდებივარ, ისევ დარბაზში ჩავედი. არ მინდოდა, შუქის ჩაქრობამდე ვინმეს მასთან ერთად შევემჩნიე.
ათ წუთში ნათურები მიყოლებით ჩაქრა დარბაზში. მე ჩემს ადგილს დავუბრუნდი. ჯერ კინოჟურნალი აჩვენეს, ბრეჟნევი გვიქნევდა ხელს, მერე კი ფილმი დაიწყო… ტიტრებს შევხედე, მაგრამ ვერაფერი გავარჩიე, თვალები ამიჭრელდა. ამწუთას მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი. უნდა მეკოცნა მისთვის და ეს როგორ მომეხერხებინა, იმაზე ვიმტვრევდი თავს. არ ვიცოდი, რა რეაქცია ექნებოდა ამაზე.
არ მახსოვს, რაზე იყო ფილმი. ან კი საიდან გამახსენდება, როცა ერთი სიტყვაც არ გამიგია, მხოლოდ მსახიობთა ლაპარაკის ხმები მესმოდა. ეკრანს მივჩერებოდი, მაგრამ გონებით ნატასთან ვიყავი, რომელიც გვერდით მეჯდა და ერთიანად მობუზულიყო. მხოლოდ თვალები მივატრიალე მისკენ, არ გავნძრეულვარ. ისიც უაზროდ მისჩერებოდა ეკრანს. დარწმუნებული ვიყავი, ისიც იმავეს განიცდიდა, რასაც მე.
ცოტა ხანი რომ გავიდა, შეირხა და მხარი მხარზე მომადო. ერთიანად დამბურძგლა. მივხვდი, ჩემი მოქმედების დრო რომ დადგა. საზურგეს მივაწექი და მარცხენა ხელი მხარზე გადავხვიე. ვიგრძენი, მისი სხეულიდან ცხელი ტალღა როგორ მოიწევდა ჩემკენ, რაღაც ძალიან სასიამოვნო მეღვრებოდა სხეულში. წამით რუსიკო გამახსენდა. მხოლოდ მასთან განმიცდია მსგავსი რამ. მერე მაკა დამიდგა თვალწინ. უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა. წარმოვიდგინე, ამ მდგომარეობაში რომ ვენახე, რა დღეს დამაწევდა. თავიდან მოვიშორე მათზე ფიქრი და კვლავ ნატაზე გადავერთე. ოდნავ მოვუჭირე მხარზე ხელი. შეაჟრჟოლა. ამით დრო ვიხელთე, გაშლილი ხელისგული მხრიდან მის ნიკაპზე გადავიტანე, ჩემკენ მოვუტრიალე სახე და ტუჩებზე დავეწაფე… თვითონაც ცდილობდა, კოცნაზე კოცნით ეპასუხა, მაგრამ ვაი, ამ მცდელობას. კოცნის ბაიბურში არ იყო. გამიხარდა. ამ საქმეში აშკარად გამოუცდელი ჩანდა… საათ-ნახევრის განმავლობაში რამდენჯერმე ვაკოცე. ერთმანეთისთვის არაფერი გვითქვამს, ან კი რა საჭირო იყო სიტყვები…
როცა ფილმი დამთავრდა და გარეთ გამოვედით, თვალები დანისლული ჰქონდა, ტუჩები გასივებოდა და გაბრუებული იყურებოდა აქეთ-იქით.
_ როგორ ხარ? _ ვკითხე.
_ კარგად, _ ხმადაბლა თქვა.
_ რამე ხომ არ გეწყინა? _ ჩავეძიე.
_ არა, არაფერი.
_ აბა რა მოხდა?
_ იცი?… _ ნერწყვი ძლივს გადააგორა, _ ჩემთვის ჯერ არავის უკოცნია, _ როგორც იქნა, წვალებით დაამთავრა სათქმელი.
_ არც ჩემთვის, ასე არც ჩემთვის უკოცნია ჯერ არავის, _ სიცილით ვუპასუხე და ხელი მოვხვიე…
უხმოდ მივაცილე გაჩერებამდე, ავტობუსში ჩავსვი და ძალიან ბედნიერი მაკას სანახავად გავეშურე…
ახლა ძალიან მჭირდებოდა ქალი…
გაგრძელება
იხილეთ წინა თავი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93