დიდხანს ვრეკე ზარი, არავინ გამომეხმაურა. ის იყო, გამოვტრიალდი, რომ კიბეზე ამომავალი ქალი დავინახე, რომელიც ნათიას დედა აღმოჩნდა.

- ნატო დეიდა, როგორ ხართ? - გადავკოცნე.

- რა მიჭირს, შვილო, ვუძლებ ჯერჯერობით ამ ცხოვრებას, - შემომღიმა ქალმა და ოფლით დანამული ნიკაპი მოიწმინდა, - ბაზარში ვიყავი ჩასული და ისეთი ცეცხლი უკიდია ყველაფერს, გაგიჟდება კაცი. ნინასთან მოხვედი?

- ჰო, ვიფიქრე, ნათიასთან იქნება-მეთქი.

- კი, აქ იყო წუხელ, მაგრამ კარგა ხანია, გავიდა. თქვა, შინ უნდა შევიარო, ბარგი ჩავალაგო და წავიდეო.

- სად უნდა წავიდეო?

- აბა, რა ვიცი, შვილო, არ უთქვამს, სად აპირებდა.

- არც ნათიამ იცის?

- ნათია თბილისში არ არის, დედიკო, სამდღიან ექსკურსიაზეა წასული ხევსურეთში, ხვალ ჩამოვა.

- ააა, აბა, წუხელ რატომ დარჩა თქვენთან?

- ნიცასთან ვიჩხუბე და შინ არ მინდა მისვლაო, მითხრა და დარჩა. ჩემთვის ხომ იცი, საკუთარი შვილით არის, რომ ჩამოვა თბილისში, ეგ და ნათია სულ ერთად არიან. რამე მოხდა? ცუდი ხომ არაფერია? - შეშფოთდა ქალი.

- არა, არაფერი, - თავი გავაქნიე, - უბრალოდ, არ ვიცოდი, თქვენთან თუ დარჩა ღამე და იმიტომ უფრო მოვედი, - მივუგე გამშრალმა და გამოვბრუნდი.

ნუთუ ასე უცებ გაემგზავრა? და სად? ვითომ იტალიაში? ისე, ვიზა აღებული ჰქონდა, სამი თვის განმავლობაში უნდა გამოეყენებინა. როგორც ჩანს, ირაკლისთან შეხვედრამ დააყოვნა, თორემ აქამდეც გაემგზავრებოდა. ნუთუ ჩემ გვერდით ყოფნა საერთოდ არ უხარია? სხვებთან უფრო მეტ დროს ატარებს, ვიდრე ჩემთან. თუმცა არც მიკვირს. მე სულ ჭკუას ვარიგებ და, ეტყობა, ამოუვიდა ყელში.

არც მქონდა ლილიას ტელეფონი, რომ დამერეკა და გამეგო. ესე იგი, ტყუილად არ მითხრა გუშინ, ლილიასთან წავალ იტალიაშიო. ეს შეუძლებელია! სადმე სასტუმროში ხომ არ გადაბარგდა? მეეჭვება. რას ვიფიქრებდი, ასე სასწრაფოდ თუ წავიდოდა თბილისიდან. ან რატომ არ გამაფრთხილა? აი, თუ არ არის თავქარიანი. ამან ვის უნდა მოუტანოს ბედნიერება? სად შეუძლია სხვისი გახარება, სადა აქვს მაგის უნარი? როგორ არ შერცხვა, როგორ მიატოვა ეს კაცი ისე, რომ მისი მდგომარეობა ერთხელაც არ იკითხა? ასე უბოდიშოდ, ასე გულცივად…

ძალიან გავბრაზდი, თუმცა, ამავდროულად, გულზეც მომეშვა. საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ნინას ირაკლი აღარ აინტერესებდა... ეს კი გამიხარდა, მაგრამ ახლა საკუთარ თავზე გავბრაზდი. გული მეთანაღრებოდა. განა იმისთვის არ ვეძებდი ნინას, რომ ირაკლის სანახავად მისულიყო? ჰო, მაგრამ ხომ ვიცოდი, რომ ეს მცდელობა უშედეგო იქნებოდა? შეუძლებელია, მას გული მოულბო, ნინას ხომ გული არასდროს ჰქონია.

როგორც ჩანს, ხვალინდელი დღე ახლა მხოლოდ ჩემს ხელშია და ირაკლი ნინას აღარ ეკუთვნის…

გავიდა რამდენიმე დღე. ნინასგან არაფერი ისმოდა. ირაკლი კი დღითი დღე უკეთ ხდებოდა. მეც თითქმის მთელ დღეებს მასთან ვატარებდი, მაგრამ ვფრთხილობდი, ვცდილობდი, ემოციები მომეთოკა, რათა პირველი დღეების ამბავი არ განმეორებულიყო. როცა შინ ვბრუნდებოდი, მთლიანად სამუშაოში ვიძირებოდი და ვხატავდი და ვხატავდი თავაუღებლად. მხოლოდ ამაში ვხედავდი შვებას, მხოლოდ მაშინ მავიწყდებოდა ყველა და ყველაფერი. ვხატავდი მანამ, სანამ ფუნჯი დაღლილობისგან ხელიდან არ გამივარდებოდა… მიუხედავად ამისა, ირაკლიზე ფიქრი მუდამ თან მდევდა…

ერთ დღესაც ხილი ვიყიდე, საავადმყოფოში მივედი და თამარი შევცვალე. ლარნაკში ყვავილები ჩავაწყვე და ირაკლის საწოლთან, სკამზე ჩამოვჯექი. ფიქრებში ვიყავი გართული, როცა მისი ხმა შემომესმა:

- თმას რა უყავი?

შევცბი, ეს რომ მკითხა. მეგონა, ეძინა.

- როგორ შემაშინე! - წამოვიძახე და ხელისგული მკერდზე მივიდე.

მან ჩემს ხელს მზერა გააყოლა და ნერწყვი გადააგორა.

- მაპატიე, შენი დაფრთხობა არ მინდოდა, - მზერა ამარიდა და სივრცეს გაუღიმა. ასე მოღიმარი პირველად დავინახე და სხეულში კვლავ ჟრუანტელმა დამიარა.

თვალს არ ვაშორებდი მის სახეს. «ღმერთო, რა ვქნა», - გავიფიქრე დარეტიანებულმა. თითქოს უკვე ვისწავლე თავის მოთოკვა, ვახერხებდი, მემართა ემოციები, მაგრამ მისი ყოველი შემოხედვა საშინლად მაბნევდა. თითქოს მწვავდა მისი გასაგიჟებელი თვალების მზერა, მბუგავდა და მანახშირებდა.

როგორ მიყურებდა… დაჟინებით, ჯიქურ, თითქოს რაღაცის წაკითხვა სურდა ჩემს თვალებში. გული გადამიქანდა. «ნუთუ რამეს ხვდება? ასე რატომ მათვალიერებს?» -გავიფიქრე და თავზარი დამეცა. მან კი ხელი ჩემი თმისკენ გაიშვირა და კვლავ გამიმეორა:

- რა იქნა შენი თმა?

დამნაშავესავით ავიწურე მხრები, თმაზე ხელი გადავისვი და მხოლოდ ახლა გავაანალიზე მისი შეკითხვა. სულ გადამავიწყდა, რომ ნინას გრძელი თმა ჰქონდა, მე კი მოკლე.

- თმა? ჰო, ისე ვნერვიულობდი, რომ შევიჭერი! - ეს სიტყვები საკმაოდ არადამაჯერებლად ჟღერდა, მაგრამ იმწუთას სხვა ვერაფერი მოვიფიქრე.

- მართლა? ასე სჯი ხოლმე შენს თავს, როცა ნერვიულობ? თუ გეგონა, მოვკვდებოდი და შენთვის სულერთი იყო, შენი თმის შეჭრა გამიხარდებოდა თუ მეწყინებოდა?

- ამას ასეთი მნიშვნელობა აქვს შენთვის? - შევწუხდი.

- აბა, რა გითხრა…. მე სულ იმ წამზე ვფიქრობდი, როდის ჩავრგავდი თავს შენს თმაში… ხომ იცი, როგორ მიყვარს გრძელთმიანი ქალები.

ამ სიტყვებმა წამომაწითლა.

- ირაკლი… - წავიჩურჩულე და ვიგრძენი, კვლავ როგორ წამომახურა.

- გაიმეორე, - რაღაცნაირად ამოიკვნესა, მაგრამ ეს არ ჰგავდა ტკივილისგან გამოწვეულ ამოკვნესას.

მთელ ტანზე ჭიანჭველებმა დამირბინა. გრძნობები გამიშიშვლდა. ასეთი შეგრძნება აქამდე ერთხელაც არ მქონია.

- რა? რა გავიმეორო? - ვერ მივუხვდი.

- ჩემი სახელი… თითქოს სხვანაირად თქვი. ადრე ასე არასდროს წარმოგითქვამს იგი.

- სხვანაირად რანაირად? - ავილეწე.

- უფრო თბილად, ვიდრე ოდესმე… იცი, ახლა ყველაზე მეტად რა მინდა? მოგეფერო, როგორც არასდროს.

- შენ რა, ჩემი ცდუნება გინდა? - დაბნეულმა სხვა ვერაფერი მოვიფიქრე, რომ მეკითხა.

მამაკაცს თვალებში ცეცხლი აუკიაფდა.

- შენთვის ეს მდგომარეობა უცხოა?

თუმცა საწოლი გვყოფდა ერთმანეთისგან, მაგრამ მეგონა, რომ ხელით შემეხო და სუნთქვა შემეკრა.

პირველად დავფიქრდი იმაზე, რამდენად ახლოს იყვნენ ნინა და ირაკლი ერთმანეთთან. ვაითუ, უკვე იწვნენ ერთად. იქნებ დიდი ხანია, სექსი აქვთ, მე კი აქ სიყვარულობანას ვთამაშობ. ღმერთო, რა საშინელებაა! ეს ხომ საშინელი ცოდვაა! მაგრამ რომ არ ვიცი, სინამდვილეში როგორაა? რატომ მკითხა, შენთვის ეს მდგომარეობა უცხოაო? რა ვუპასუხო?

- შენ… შენ ფიქრობ, რომ სწორად იქცევი? - ხმა ამიკანკალდა.

- არ ვიცი. უბრალოდ, მინდოდა, დავრწმუნებულიყავი, რომ არაფერი დამიკარგავს, არც შარმი და არც… - ეშმაკურად მოწკურა თვალები.

- არა, არ დაგიკარგავს, - წამოვიძახე უნებლიეთ და ჩემი უშუალობით ისე გავაცინე, რომ ტკივილისგან სახე დაეღრიჯა.

- ვაიმე, ცუდად ხარ? - ადგილს მიველურსმნე.

- უკეთესად ვიქნებოდი, გვერდით რომ მყავდე, - ხმადაბლა წარმოთქვა და ხელი გამომიწვდინა.

მეც შევაგებე ხელი მის ხელს და შევეხე თუ არა, ისევ ჩემი დამემართა. თვალები დავხარე და სკამი მისკენ მივაჩოჩე.

- სასაცილოა, არა? - შენიშნა მან და თითებით მომეფერა. - ახლა ჩემს თავს აღარ ვგავარ, როგორ მოქმედებ ჩემზე. იმის წარმოდგენაც კი მზარავს, რას დავკარგავდი, რომ მოვმკვდარიყავი.

ამის გაგონებაზე ძარღვებში სისხლი გამეყინა. მე უარესად შემზარა იმის წარმოდგენამ, რომ შესაძლო იყო, მართლა მომკვდარიყო.

- ნიცაცო, რა გჭირს? - მისმა შეწუხებულმა ხმამ გამომაფხიზლა.

- შეიძლება მომკვდარიყავი, - გაფითრებულმა ამოვთქვი და მხოლოდ ახლა გავიაზრე, რას ნიშნავდა ეს კაცი ჩემთვის. მის გარეშე დაცარიელებულ სამყაროში აღმოვჩნდებოდი. ჩემი ფიქრის მევე შემეშინდა. რამდენიმე დღის წინ მისი მხოლოდ სახელი და გვარი ვიცოდი, ახლა კი მასზე ახლობელი არავინ მყავდა და უმისოდ გაძლება აღარ შემეძლო.

- ნუღარ ფიქრობ ამაზე, სიხარულო, მე ცოცხალი ვარ, - თითები ჩემს თითებში გადახლართა და ოდნავ გადამიგრიხა.

ვიგრძენი მისი სიძლიერე, მიუხედავად იმისა, რომ საწოლს იყო მიჯაჭვული.

აღარ მინდოდა ამ თემაზე საუბრის გაგრძელება და თემის შეცვლა ვცადე, თან ძალიან მაინტერესებდა, გამეგო, ინტიმური სიახლოვე ჰქონდა თუ არა ნინასთან, როგორმე უნდა მიმეყვანა აქამდე საქმე.

- მაინც არ მითხარი, ჩემი ახალი ვარცხნილობა მოგეწონა თუ არა, - გავუღიმე.

- ამას შენ ვარცხნილობას ეძახი? - სუსტად გაიცინა.

- აბა რა, მაშინ «პრიჩოსკა» შემიფასე, - მეც გავიცინე.

- გიხდება, - მოკლედ მომიჭრა და აღარ განავრცო.

- დიდი მადლობა, ყმაწვილო, თქვენ ძალიან ტაქტიანი ბრძანდებით, მაგრამ მაინც მესიამოვნა კომპლიმენტი, - ცოტათი გავხალისდი.

- მიხარია, რომ მაკიაჟს არ იკეთებ.

გავშრი. კვლავ ეჭვმა გამკრა, რამეს ხომ არ ხვდება-მეთქი.

- ასე უფრო მომწონს, შენს სახეს კოსმეტიკა საერთოდ არ სჭირდება, ისედაც ძალიან ლამაზი ხარ, შენს თვალებზე ხომ საერთოდ, ჭკუა მეკეტება. თან რაღაც სხვანაირი გახდი, უფრო თბილი და მოსიყვარულე. შენს ამპარტავნებას ვეღარ ვხედავ, ვერც შენს ამაყ მზერას, აღარ გამირბიხარ მაშინდელივით. ისე, მართლა და, ახლოს რატომ არ მიკარებდი, ჰა? რას მიწუნებდი? - თვალებმოჭუტულმა ღიმილით შემომხედა, - ერთ კოცნას ძლივს ვეღირსე შენგან, ისიც მხოლოდ მას შემდეგ, ბეჭედი რომ წამოგაცვი თითზე. დავიჯერო, ჩემამდე შენთვის არავის უკოცნია? თუ…

ეს სწორედ ის იყო, რაც მაინტერესებდა. მოზღვავებული სიხარულისგან გული ამიჩქროლდა, მაგრამ სანამ ვუპასუხებდი, კარი გაიღო და ქალბატონი თამარი გამოჩნდა მეუღლესთან ერთად.

- შემოგევლოს დედა, გაიღვიძე, შვილო? - მისმა შეძახილმა გამომარკვია სასიამოვნო ფიქრებისგან. მაშინვე წამოვდექი და ჩემს ჩვეულ ადგილას, ფანჯარასთან გადავინაცვლე, რათა დედისთვის შვილის კოცნის საშუალება მიმეცა.

- ოჰ, როგორ იკბინება შენი წვერი, უნდა გაიპარსო, დედა, დროა უკვე.

- აქ ერთმა ექთანმა მითხრა, გაგპარსავო, მაგრამ მირჩევნია, მამას მივანდო ეს საქმე, რა ძალა მადგია. სად ქალის გაპარსული წვერი და სად კაცის, - გაიცინა ირაკლიმ.

- გაგპარსავ, კაცო, აბა, რას ვიზამ, მეტი რისი მაქნისი ვარ მე, - ბატონმა გოგიმ ქუდი მოიხადა და მხოლოდ ხელი ჩამოართვა შვილს.

ხუმრობის ხასიათზე დავდექი:

- იმ ქერათმიანმა ექთანმა თუ შემოგთავაზა, მგონი, არ ღირს უარის თქმა. როცა შემოდის, თვალს არ გაცილებს ხოლმე, - ვთქვი და ეშმაკურად ჩავიღიმე.

- ეჭვიანობ?

- რა ვიცი, არ უნდა ვიეჭვიანო?

- ოხ-ოხ-ოხ, რა მაიმუნები ხართ ორივენი. გეყოფათ ახლა კინკლაობა, ვიღაცას მართალი ეგონება, - თამარმა შვილს ბალიში გაუსწორა, - როგორი დაელექტროებულია ჰაერი ამ პალატაში, ფანჯარა ხომ არ გამოვაღოთ ცოტა ხნით? განიავდება.

- არ იქნებოდა ურიგო, - დაეთანხმა გოგი.

- მაშინ კარგად დავიფაროთ საბანი და ჰაერი შემოვუშვათ. თავს როგორ გრძნობ, აბა? - დედამ შუბლზე აკოცა შვილს და თითები ლოყაზე ჩამოუსვა.

- როგორც მაიკ ტაისონთან შერკინების შემდეგ, - ომახიანად მიუგო ირაკლიმ.

ყველას გაგვეცინა, მაგრამ არ გამომპარვია, როგორ დაიძაბა ირაკლი.

აღფრთოვანებული ვიყავი ამ კაცით. ვიცოდი, როგორი ძლიერი ტკივილები ჰქონდა და თავს იკავებდა.

- გამაგრდი, შვილო, გაუძელი, საღამოს საპარსს მოვიტან და გაგასიმპათიურებ, -ხუმრობანარევი ტონით დაამატა გოგიმ.

- შენი იმედი ყოველთვის მქონდა, მამა.

ვატყობდი, ირაკლი ძილს თავს ვერ ართმევდა, თვალები ებლიტებოდა. დედამ საბანი ამოუკეცა, გაჩეჩილი თმა თითებით გადაუვარცხნა, მე კი ფანჯარა გამოვაღე. ირაკლიმ ერთხელ კიდევ მიმოატარა მზერა ირგვლივ, გაიღიმა და ასე გაღიმებულს ჩაეძინა.

სამივენი ფეხაკრეფით გამოვედით დერეფანში, რათა მისთვის მშვიდი ძილის საშუალება მიგვეცა…იხილეთ წინა თავი