დერეფნის ბოლოში კედელს უღონოდ მივეყრდენი. ხელისგული პირზე ავიფარე, თითქოს გულიდან ამოხეთქილი კივილის შეჩერება მსურდა. მინდოდა ოდნავ მაინც დავმშვიდებულიყავი და ფიქრებში მასთან დავბრუნდი. ვიხსენებდი მის ნათქვამ ყოველ სიტყვას. რა მეშველება, ეს ყველაფერი რომ დავკარგო? როგორ ვუთხრა სიმართლე? რომ არ მინდა ამ სიმართლის თქმა? ვაითუ, ყველაფერი გავაფუჭო. ან იქნებ, პირიქითაც მოხდეს და არც არაფერი შეიცვალოს? იქნებ სწორედ მე ვჭირდები და არა ნინა? ხომ მითხრა, სხვანაირი გახდიო, უფრო თბილიო… ჭკუა ეკეტება ჩემს შეხებაზე, ბურძგლავს, ისეთ დღეში ვარდება. ეს ხომ შემთხვევით არ ხდება? აქამდე ვაპირებდი სიმართლის გამხელას, ახლა კი სულაც არ ვიყავი ამაში დარწმუნებული. ორი გზა დამრჩენოდა მხოლოდ. პირველი ის, რომ არ შეიძლებოდა ირაკლის მე სხვად მივეღე, სიცრუე ბოლოს აუცილებლად გამჟღავნდებოდა. ნინა ხომ გაიგებდა ოდესღაც ამ ამბავს და მისთვის რაღა უნდა მეთქვა? მასაც ხომ არ ჩავრთავდი ჩემს თამაშში? ეს გზა გამოირიცხა. აჯობებდა, ყველაფერი მომეყოლა. იქნებ გამიგოს და არ თქვას უარი, თუკი მართლა აქვს ჩემ მიმართ ასეთი ლტოლვა?
კედელს მოვცილდი და კიბეს ბარბაცით ჩავუყევი…
იმ ღამეს, შინ მისულს, მაკას შეტყობინება დამხვდა, დილით კულტურის სამინისტროში გვიბარებდნენ გამოფენასთან დაკავშირებით. მეზიზღება ეს ბიუროკრატია. რატომ უნდა იყოს აუცილებელი გამოფენის გამართვის სამინისტროსთან შეთანხმება? მათ აქვთ ჩვენი მონაცემები, იციან, რომ ნამდვილად მხატვრები ვართ, დიპლომიანები და აქამდეც არაერთხელ გვქონია გამოფენები. არა, მაინც არა! აუცილებლად მათთან უნდა შეათანხმო. სხვა რა დამრჩენია, უნდა წავიდე, უარის თქმა არ გამოვა.
ათ საათზე სამინისტროს შესასვლელთან შევხვდით მე და მაკა ერთმანეთს. კოორდინატორთან იყო შეხვედრა დაგეგმილი, რომელიც საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. როცა ყველაფერი მოვაგვარეთ, მაშინვე საავადმყოფოსკენ გავეშურე, მაკასთვის არაფერი ამიხსნია.
ავარიიდან თორმეტი დღე გავიდა. თავისუფალ დროს გამუდმებით ირაკლისთან ვატარებდი, მაგრამ ნინაზე სიტყვაც არ დამცდენია. სულ ვფიქრობდი, აი, ახლა ვეტყვი, სიმართლეს, აი, ახლა ვეტყვი-მეთქი და მაინც ვერ გავბედე. ირაკლი თავს უკვე კარგად გრძნობდა და შეეძლო, ეს დარტყმა ადვილად გადაეტანა. თეორიულად სათქმელად მზად ვიყავი, მაგრამ ეს არ მშველოდა. ვცდილობდი, ჩემი საქციელისთვის ახსნა მომეძებნა. ვგრძნობდი, რომ მასთან გატარებული ყოველი წუთი ჩემთვის დღესასწაულის ტოლფასი იყო, გაგიჟებით მიყვარდა და მეშინოდა, რომ სიმართლის თქმით სამუდამოდ დავკარგავდი. შეგნებული მქონდა, რომ ეს უსინდისობა იყო, სიმხდალე, მაგრამ მაინც ვერ გადავწყვიტე, მაინც ვერ დავძლიე წინააღმდეგობა საკუთარ თავში. ირაკლი იყო სწორედ ის მამაკაცი, რომელიც ძალიან მჭირდებოდა. დღისით ხომ გამუდმებით მასთან ვიყავი და თითქმის ყოველ ღამე სიზმარშიც ვხედავდი. მთელი ჩემი სხეული ვნების მხურვალებას მოეცვა.
პალატაში შესვლისთანავე სუნთქვა შემეკრა. ჩემს საფიცარ მამაკაცს წვერი გაეპარსა, ფანჯარაში მიდგმულ სავარძელში იჯდა და კრემისფერ პიჟამაში გამოწყობილი საოცარი სანახავი იყო. თვალებს არ ვუჯერებდი. ასე მალე თუ შეძლებდა გამართულად დაჯდომას, ვერ ვიფიქრებდი. თვალები მიელულა და მშვიდად სუნთქავდა. ერთი შეხედვით, გეგონებოდათ, სძინავსო, მაგრამ ქუთუთოების თითქმის შეუმჩნეველ მოძრაობაზე შეატყობდით, რომ ეღვიძა.
როგორც ჩანს, იგრძნო ჩემი იქ ყოფნა, თვალები გაახილა და თავი კარისკენ მოაბრუნა.
_ აქამდე სად იყავი? რატომ დააგვიანე? _ ისე მკაცრად მითხრა, თითქოს დიდი ხნის ცოლ-ქმარი ვყოფილიყავით.
_ აბა, ერთი უყურეთ, როგორ ბავშვივით მსაყვედურობს, კანფეტი რატომ არ მომიტანეო, _ გავიხუმრე, მივუახლოვდი და კიდევ უფრო დამტკბარი ხმით ვუთხარი, _ მიხარია შენი ნახვა.
მოიღუშა.
_ შენ სულ არ ფიქრობ ჩემზე. შეხედე, რომელი საათია, თითქმის ღამეა. ხომ იცი, რომ შენს ყოველ დაგვიანებაზე ვნერვიულობ.
«როგორ უხდება გაბრაზება», _ კმაყოფილმა გავიფიქრე და რაც შეიძლებოდა, მშვიდად მივუგე:
_ ვიცი, საათი მეც მაქვს.
_ მთელი დღე სად იყავი?
აბუზღუნებული აუტანელი ხდებოდა. მიზეზი სრულიად გასაგები იყო ჩემთვის _ ძნელია მთელი დღე ოთხ კედელშუა იყო გამოკეტილი, თან ლოგინს მიჯაჭვული. მიუხედავად ამისა, პრეტენზიული ტონი სულაც არ ამართლებდა მის საქციელს. მე ხომ ყოველდღე მივდიოდი მასთან, ნებისმიერ ამინდში და საათობით ვრჩებოდი. ზოგჯერ ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ ფეხის გადადგმა მიჭირდა. არ ვიმსახურებდი მისგან ასეთ საყვედურს.
_ რატომ ამავსე საყვედურებით? _ კვლავ გავუღიმე და მის პასუხს არ დაველოდე, ისე გავაგრძელე, _ ძალიან ვიყავი დღეს დაკავებული, სამინისტროში გამომიძახეს, გამოფენას ვაწყობ და… _ ცოტა არ იყოს, გავღიზიანდი, მაგრამ გამოფენა ვახსენე და ეგრევე ტუჩზე ვიკბინე, სულ დამავიწყდა ჩემი როლი.
_ ასე გვიანობამდე? _ ირონიული ღიმილი აიკრა სახეზე.
გამიკვირდა, რომ არ გაიკვირვა. იქნებ არც მიაქცია ყურადღება, გამოფენა რომ ვახსენე? უცნაურად მეჩვენა მისი რეაქცია.
_ ჯერ ერთი, «ასე გვიან» სულაც არ არის, ექვსი საათია და მეორეც, შენი აზრით, რატომ უნდა გატყუებდე? ისეთი რა უნდა გამეკეთებინა, რომ დამემალა?
_ მე რა ვიცი, იქნებ პაემანზე იყავი? _ იფეთქა უეცრად.
შევკრთი. ასეთი ჯერ არ მენახა და განცვიფრებული მივაჩერდი.
_ მეხუმრები? _ ჩავიჩურჩულე.
_ არა, არ გეხუმრები! თითქოს არ იცოდე, როგორი ხარ. ნებისმიერი კაცი მოინდომებს შენს ლოგინში ჩაწვენას.
_ პირველი დანახვისთანავე, თუ… _ ვიფიქრე, ხუმრობაში გავუტარებ-მეთქი, თან ირონია გავურიე.
მისმა საქციელმა ორმაგი გრძნობა გამოიწვია ჩემში _ გაოცება, რომ საბედისწერო ქალად მიმიჩნევდა და სიბრაზე, რომ არ მენდობოდა.
სიბრაზემ გაიმარჯვა და მეც ვიფეთქე:
_ ახლა კარგად მომისმინე, ირაკლი! მე ვიღაც თავქარიანი გოგო არ ვარ და არც საწოლში ვუხტები პირველსავე შემხვედრს და არავინ მჭირდება შენ გარდა! უბრალოდ, არ ვიცი, ასეთი უაზრო აზრები საიდან მოგდის და რატომ გიტრიალებს თავში!.. ხედავ, რამდენი «და» გამომივიდა? _ ოდნავ შევარბილე ტონი, უარესი არ გამოვიდეს-მეთქი.
_ თავქარიანობა ბევრჯერ შემინიშნავს შენში, ამიტომაც გითხარი, _ ზედმეტად მშვიდად მომიგო და გამომცდელი მზერა მესროლა.
გავფითრდი. მივხვდი, რომ ჩემში ნინას გულისხმობდა. ნინასგან მსგავსი რამეები არ იყო გასაკვირი, ოღონდ მდიდარი და სიმპათიური ყოფილიყო და ნებისმიერ მამაკაცს გაეკეკლუცებოდა, თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ ლოგინამდე ადვილად არ მიიყვანდა საქმეს, რათა უკარება ქალის იარლიყი აეკრა და უფრო ადვილად დაეთრია მიზანში ამოღებული მსხვერპლი.
მიუხედავად ამისა, არ დავბნეულვარ.
_ შენი გაცნობის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაშიც და ხასიათშიც, _ მტკიცე ხმით გამოვუცხადე.
ხმა არ ამოუღია და კმაყოფილებით შევნიშნე, რომ ლოყებზე ალმური აუვიდა. როგორც ჩანს, ინანა, წყობილებიდან რომ გამოვიდა.
_ გინდა მითხრა, რომ მართალი არ ვარ? _ ხმა მოულბა, მაგრამ მისმა შეკითხვამ უარესად გამაღიზიანა.
_ სხვას რომ ეთქვა ეს ჩემთვის, კაი გემრიელ სილას გავაწნავდი, _ ცივად წარმოვთქვი.
_ სხვა არ ვიცი, მაგრამ ჩემგან აუცილებლად მიიღებდი პასუხს, _ იმავე ტონით მომიგო და ცოტაოდენი პაუზის შემდეგ დაამატა, _ ალბათ გამაეგოისტა ჩემმა ავადმყოფობამ, მაპატიე. მახსოვს, როგორ ელოდი ამ გამოფენის მოწყობას. ერთი სული გქონდა, როდის აიხდენდი ნატვრას.
ამის გაგონებაზე თავზარი დამეცა. ნინას მხოლოდ ჩემი სახელი კი არა, პროფესიაც მიუთვისებია. ალბათ იფიქრა, ირაკლის ასე მეტად მოვხიბლავო. აბა, მოდელობა რა დასაკვეხნი ხელობაა ქალისთვის? მით უმეტეს, როცა მოდელებს უტვინო და უვიც ქალებად მოიაზრებენ მამაკაცები. კიდევ კარგი, რომ ასე მოხდა, თორემ ეს დღე მასთან გატარებული უკანასკნელი დღე იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში.
ერთხანს ორივენი ჩუმად ვიყავით.
_ მაპატიებ? _ მკითხა და გამომხედა.
ხმა არ გავეცი.
_ როცა ჩემ გვერდით ხარ, ცუდად ვაზროვნებ, როცა აქ არ ხარ, საშინლად მენატრები და გისაკლისებ, ამიტომ უჩემოდ გატარებულ შენს ყოველ წუთზე ვეჭვიანობ. გასაგებია?
ამ აღიარებამ თავბრუ დამახვია.
_ არ გინდა, ირაკლი, _ დაბნეულმა წავიჩურჩულე და ერთიანად მოვეშვი.
მან, როგორც სჩვეოდა, ხელი ჩემკენ გამოიწოდა:
_ მოდი ჩემთან ახლოს და წესიერად მომესალმე.
მივედი, ხელი ხელში ჩავუდე და საბოლოოდ ამებნა თავგზა. თითქოს თოვლის ფიფქი ვიყავი და თბილის შეხებაზე ნელ-ნელა ვიწყებდი დნობას. დაკვირვებიხართ, როგორ დნება თოვლის ფიფქი ხელისგულზე? მე ბევრჯერ დავკვირვებივარ… ამწუთას არაფრით განვსხვავდებოდი ფიფქისგან.
_ შორს ხარ, უფრო ახლოს მოდი.
კიდევ გადავდგი ერთი ნაბიჯი და სავარძელთან ჩავიმუხლე.
_ ასე უკეთესია, _ ჩუმად თქვა და კისერზე მომხვია ხელი, _ აღარ მჯეროდა, რომ ოდესმე მარტონი დავრჩებოდით. ახლა კი მაკოცე, ოღონდ არა ლოყაზე, როგორც სხვა დროს აკეთებ ხოლმე.
_ აბა სად? _ შევცბი.
_ იცი შენ, სადაც.
_ მე… მე… არ ვიცი, _ წავილუღლუღე და ვიგრძენი, ტუჩები როგორ ამითრთოლდა.
_ რატომ იბნევი ხოლმე, როცა კოცნას გთხოვ? რა გემართება, ნიცა? _ ოდნავ წამომწია, ორივე მკლავი მომხვია და ისე ვნებიანად მაკოცა, რომ მის პიჟამას ჩავეჭიდე _ შემეშინდა, გული არ წამსვლოდა.
კორიდორში ნაბიჯების ხმის მოახლოებამ ორივე გამოგვაფხიზლა. ერთმანეთს სასწრაფოდ მოვშორდით. წამოვდექი და კაბა გავისწორე.
_ როგორც ჩანს, აქაც არ გვიწერია განმარტოება, _ ამოიხვნეშა და კარს მიაპყრო მზერა, მაგრამ არავინ შემოსულა.
ირაკლიმ ერთხანს შეიცადა, მერე კი გააგრძელა:
_ როგორც კი დაგინახე. მგონი, მაშინვე შემიყვარდი. უფრო სწორად, მივხვდი, რომ შემიყვარდებოდი. იშვიათად მინახავს შენისთანა ლამაზი გოგო. ვიცი, ძალიან საშიშია, როცა გვერდით ლამაზი ცოლი გყავს, გამუდმებით ფხიზლად უნდა იყო, მაგრამ შენთან ამის არ მეშინია. არა, პირველ ხანებში კი მეშინოდა, რაღაც სხვანაირი იყავი. ვიფიქრე, ამას რა მოთოკავს-მეთქი, მაგრამ ახლა, რაც უფრო მეტ დროს ვატარებ შენ გვერდით, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ზუსტად ის ხარ, ვისაც ვეძებდი. და არა მხოლოდ გარეგნობა მხიბლავს შენი, შინაგანადაც ულამაზესი ხარ. ამიტომ…
გული ისე ამიჩქარდა, ძლივს ამოვღერღე:
_ ამიტომ რა?
_ რა და ამიტომ დღითი დღე უფრო და უფრო მიყვარდები. საზღვარი აღარ აქვს ამ სიყვარულს, ჩემ ირგვლივ ივსება და ივსება სივრცე შენი სიყვარულის ბაქტერიებით. მილიონობით «ნიცაბაქტი» დაფრინავს ჰაერში. ხომ მაგარი სიტყვა მოვიგონე? _ გაბრწყინებული თვალებით ამომხედა და გაიცინა.
«ნიცაბაქტი» _ რა საყვარელი სიტყვა მოიგონა, გული სითბოთი გამევსო. ვერ მოვითმინე, მისკენ დავიხარე, ხელები მოვხვიე და თავი მხარზე დავადე, მაგრამ საკოცნელად სითამამე არ მეყო. ასეთ სიტყვებს არ ველოდი. მივხვდი, რომ მან თავად გაავლო ზღვარი _ თავდაპირველად ნინა შეუყვარდა, ახლა კი მე ვუყვარდი.
_ ვერ წარმოიდგენ, რას ნიშნავს შენი სიტყვები ჩემთვის.
_ შენ წარმოიდგინე, წარმოვიდგენ, _ სიტყვები ბურთივით აათამაშა და კვლავ გაიცინა თავისი ლამაზი ხმით.
შემდეგ თავი ამიწია და ბაგეზე ნაზად შემეხო…
დიდხანს შევცქეროდით ერთმანეთს თვალებში და ვიღიმოდით. მე თვალებით ვეუბნებოდი ჩემს სათქმელს, ჩემს გასაჭირს ვუყვებოდი, ის კი მიღიმოდა, რადგან სრულიად განსხვავებულ ამბავს კითხულობდა ჩემი მზერის სიღრმეში.
ამ დროს კარი გაიღო და დედამისმა შემოყო თავი. თამარს თან მეუღლე ახლდა.
_ შემოვიდეთ, ბავშვებო, თუ მოგვიანებით შემოგიაროთ? _ ქალის თვალებში ეშმაკური ნაპერწკლები გაკრთა.
სავარძელს სახეალანძული მოვცილდი.
_ რა ქენი, მამა, მოაგვარე ყველაფერი? _ ირაკლი მამამისს მიაჩერდა.
იმანაც თვალებით ჯიბეზე ანიშნა და თავი დაუქნია:
_ ყველაფერი მზადაა. ნიცას უკვე უთხარი?
_ რა უნდა ეთქვა? რამე ხდება და მე არ ვიცი? _ გავიოცე.
_ ესე იგი, არ გითქვამს. ძალიან კარგი. მინდა, მისი რეაქციით დავტკბე, _ წამოიძახა დედამისმა და საწოლის კიდეზე მოხერხებულად ჩამოჯდა, _ აბა, მიდი, შვილო, დაიწყე და ჩვენ მოგეხმარებით, _ სიცილით წამოიძახა.
ირაკლიმ მრავალმნიშვნელოვნად შემომხედა, მე კი ცნობისმოყვარეობა მკლავდა, ვერაფრით მივხვდი, რას მიმზადებდნენ.
_ ჯერ ერთი, რომ ორშაბათს უნდა გამწერონ. _ ირაკლიმ ნეკა თითი მოკაკვა.
_ მაგარია! _ ტაში შემოვკარი, _ აქაურებს უკვე მოაბეზრე თავი, ერთი-ორ ექთანს ნუ არ ჩავთვლით.
_ ჰოდა, თუ არ გინდა, იმ «ერთი-ორმა» ექთანმა ჩემი თავი წაგართვას, შენც თან უნდა წაგიყვანო, ჩემს სახლში.
თავდაპირველად ბოლომდე ვერ ჩავწვდი მის ნათქვამს, ცოტათი დავიბენი.
_ შენს სახლში… ჰო, რა თქმა უნდა, სახლამდე აუცილებლად მიგყვები, ისედაც მევალება, _ მხრები ავიჩეჩე.
_ არა, ბატონო, ასე ჩვეულებრივად კი არა, არაჩვეულებრივად უნდა წამომყვე, _ ნიშნის მოგებით მომიგო, _ შენ ჩემი საცოლე ხარ და როგორც კი ფეხზე დავდგები, ეგრევე ვიქორწინებთ.
გაოგნებისგან ენა ჩამივარდა. რაო, დაქორწინებაო? ჩემი ცოლად შერთვა უნდა? ჩემი თუ ნინასი?
რა თქმა უნდა, ამას ველოდი, ამაზე ვოცნებობდი, მაგრამ არ მეგონა, ასე სწრაფად თუ გადაწყვეტდა, ასე უცებ თუ დადგებოდა ეს დღე.
ხმას ვერ ვიღებდი. არ ვიცოდი, რა მომემოქმედა. უკვე ისეთი გამოუვალი მდგომარეობა იქმნებოდა, გარდაუვალი ხდებოდა სიმართლის თქმა, ძალიან ცოტა დრო მრჩებოდა.
«ღმერთო, მომეცი ძალა, რომ ყველაფერი ავუხსნა და ამ ჯოჯოხეთიდან თავი ისე დავიხსნა, მას ტკივილი არ მივაყენო», _ ვფიქრობდი და გულში ნამდვილი ხანძარი მიტრიალებდა. თავს ძალა დავატანე, შემცბარი მზერა მოვავლე იქ მყოფთ და დარცხვენილმა ჩავილაპარაკე:
_ ესე იგი, სასწრაფოდ მომიწევს საქორწინო კაბის შეკვეთა.
_ მოგიწევს, მოგიწევს, _ წამოიძახა თამარმა, წამოხტა და შუბლზე მაკოცა…
შემდეგ მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა. ირაკლი საავადმყოფოდან გამოწერეს და სახლში დაბრუნდა. მეც იმავე საღამოს მიმიწვიეს მაყაშვილებმა თავისთან სავახშმოდ. სუფრასთან უამრავი სტუმარი დამხვდა _ ირაკლის სანახავად მოსული მეგობრები და რამდენიმე ნათესავი. მაშინვე ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდი, ყველა მე მომჩერებოდა, თუმცა საღამომ მშვიდად ჩაიარა, აღელვების მიზეზი არ მქონია.
მოგვიანებით, როცა სტუმრები დაიშალნენ და მისი დედ-მამაც მცხეთაში გაემგზავრა, მარტონი დავრჩით. მაგიდა ავალაგე, თეფშები დავრეცხე, ოთახი გამოვგავ-გამოვწმინდე და დივანზე მიწოლილ ირაკლისთან ჩამოვჯექი. ის მთელი ამ ხნის განმავლობაში უდიდესი ნეტარებით ადევნებდა თვალს ჩემს საქმიანობას.
_ რა ლამაზი სახლია და როგორი ძვირფასი ნივთები. ამდენი ანტიკვარიატი ერთად არასდროს მინახავს, _ აღტაცებული ვიყურებოდი აქეთ-იქით.
_ ეს ყველაფერი ჩემი ბებიების და ბაბუების დანატოვარია.
_ ჰო, ყველგან იგრძნობა თავადურობის კვალი. ეს ტილოები ორიგინალებია?
_ ყველა არა. მაგრამ რამდენიმე ორიგინალია და თან ძალიან ძვირად ღირებულიც.
_ ვიცი, ეგენი არ მეშლება, ნახატის ფასეულობა კარგად მესმის, თავადაც ხომ ვხატავ. შენც ხომ არ ხატავ შემთხვევით?
_ არა, მე მხოლოდ შემფასებელი ვარ. რაც მომეწონება, ვყიდულობ და მერე კედელზე ვკიდებ, რომ თვალსაწიერი გავილამაზო.
_ ეს ჰგავს ორიგინალს, ასეა? _ პიკასოს ერთი ნახატისკენ გავიშვირე ხელი.
_ ასეა.
_ მაგარია. რამდენი მიეცი ამაში?
_ რა მნიშვნელობა აქვს. კარგი ტილოსთვის ფული არ მენანება.
_ ბევრი გაქვს ფული?
_ ნუ… იმდენი, რომ ზოგს შეიძლება არც დაესიზმროს, _ გაიცინა.
_ მაინც, მაინც? ძალიან ბევრი თუ არც მაინცდამაინც ბევრი? _ ნახევრად ხუმრობით ვკითხე.
_ რაში გაინტერესებთ, ქალბატონო? თქვენ მე გიყვარვართ თუ ჩემი ფული? თუ «ორივენიცა»?
მიუხედავდა იმისა, რომ მეხუმრებოდა, იმდენად შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი, თვალები ამენთო და აღშფოთებულმა შევყვირე:
_ შენთან იმიტომ ვარ, რომ მიყვარხარ, ფული რა შუაშია?
ეტყობა, არ ელოდა ასეთ რეაქციას, მზერაშეშინებულმა დამიყვავა:
_ ჩუუ, კარგი, რა მოგივიდა? გეხუმრე, ვერ მიხვდი?
_ სულაც არ მეხუმრება, _ გაბუტული წამოვდექი და ამოვიოხრე.
_ ვიცი, რომ გიყვარვარ, ამაში ეჭვი წამითაც არ მეპარება, _ თბილად მითხრა და ხელზე მაკოცა.
ცოტათი მოვლბი. აი, ეს შესანიშნავი დასაწყისია. სწორედ ახლა მოვუყვები ყველაფერს, როგორმე უნდა გადავლახო ეს დაბრკოლება, თუკი მინდა, რომ ცხოვრება მშვიდად გავაგრძელო.
ის იყო, პირი გავაღე, რომ სიტყვები ყელში გამეჩხირა. არ ვიცოდი, როგორ მიიღებდა იგი ჩემს «აღიარებით ჩვენებას». ვაითუ ტყუილი არ მაპატიოს! ეს ხომ წარმოუდგენელი საშინელება იქნება. მის დაკარგვას ვერ გადავიტან, ვერა, ვერა! თითქოს დამბლა დამეცა, ვერ ვინძრეოდი. ასეთ საზიზღარ მდგომარეობაში არასდროს ვყოფილვარ. საკუთარ თავს ვებრძოდი. ბოლოს გადავწყვიტე, არაფერი მომეყოლა და სათქმელი შემდეგი შეხვედრისთვის გადამედო, როცა საკუთარ თავთან უკეთ გავერკვეოდი.
_ შენს ნათესავებს არ გამაცნობ? _ მისმა შეკითხვამ რეალობაში დამაბრუნა.
_ ბევრი არავინ მყავს. ყველაზე ახლობელი ვინც მყავს, ყველა უცხოეთში ცხოვრობს. _ სიმწრით გავიღიმე.
_ ბებია და შენი და, არა?
_ ჰო, _ ერთიანად დამძაბა ნინას ხსენებამ.
_ ისიც შენნაირი ლამაზია?
_ ვინ? _ შემაკანკალა.
_ ნინა, სხვა ვინ, შენს დაზე გეკითხები.
_ ის ჩემზე უფრო ლამაზია, _ სახე მომიბრიცა ძალად გაღიმებამ.
_ მართლა? ხომ არ ვინატრო, ნეტავ ის გამეცნო-მეთქი? ძალიან ლამაზი ქალები ხომ ჩემი სისუსტეა, _ გაიხუმრა.
_ ცუდი ხუმრობაა ეგ, _ დავნაღვლიანდი.
_ კარგი, რა გემართება? ვიფიქრე, ცოტას გავამხიარულებ-მეთქი, თორემ შენი და სულაც არ მაინტერესებს, თან ასაკითაც შენზე უფროსია. შენ კი ახალგაზრდა მყავხარ და გონიერი.
მატყუარა ნინა! ხედავთ, რა უთქვამს? უფროსი და მყავსო. არც კი უხსენებია, რომ ტყუპისცალი ვიყავი.
ცოტაც და, ტირილი წამსკდებოდა. ვერ ვინელებდი ნინას საქციელს. ერთიმეორეზე უარეს რამეებს ვიგებდი და ვერაფრით ამეხსნა, რაში სჭირდებოდა ეს ყველაფერი. ნუთუ ასე შურს ჩემი ღვიძლ დას? რატომაა ასეთი? ან კი რა მაქვს მე ისეთი განსაკუთრებული, რომ ჩემს ადგილას ყოფნას ნატრობს?
ისე გამიფუჭდა ხასიათი, ავიტეხე, შინ უნდა წავიდე-მეთქი. სასწრაფოდ მოვიძიე ჩემი ჩანთა, ლაბადა ჩავიცვი და თავქუდმოგლეჯილი გამოვვარდი ირაკლის სახლიდან…