მეორე დილით თამარი და გოგი იმაზე ადრე მოვიდნენ, ვიდრე ველოდი. გიგა და მისი მშობლები გაუცილებიათ და როგორც კი გათავისუფლდნენ, პირდაპირ ჩემკენ გამოეშურნენ თურმე.
როცა ექიმი გამოწერის პროცედურას მორჩა, დანიშნულების წერას შეუდგა, თან რჩევებს მაძლევდა, როდის რა როგორ გამეკეთებინა. კარგი იქნება, ერთი თვე მაინც თუ დაიცავ წოლით რეჟიმსო. ერთი თვის შემდეგ კი აუცილებლად გაესინჯე კიდევ ერთხელ შენს გინეკოლოგსო.
სახლში მივედით თუ არა, ჩემს ოთახში ავედი, სადაც ოდესღაც ირაკლისთან ერთად ბედნიერი წუთები მქონდა გატარებული, ჩემი ტანსაცმელი ჩანთაში ჩავყარე და ქვემოთ ჩანთიანად ჩამოვედი.
თამარი სუფრას შლიდა. ჩემ დანახვაზე გაოცება აღებეჭდა სახეზე.
- მე მივდივარ, - ისეთი ხმით ვთქვი, რომ ქალი შეშინებული მომაჩერდა.
- მიდიხარ? - ენა ჩაუვარდა, - სად მიდიხარ, შვილო?
- ვერ გეტყვით, მაგრამ აუცილებლად უნდა წავიდე და არ მინდა, ირაკლი უკან გამომეკიდოს.
იქვე მჯდარი ბატონი გოგი მოულოდნელობისგან ფეხზე წამოხტა და გაშტერებულმა დამიწყო ყურება. ხმას არ იღებდა.
- რატომ არ გინდა, რომ ირაკლიმ გნახოს? რა ხდება? - ასეთი დაბნეული დედამთილ-მამამთილი პირველად ვნახე.
ამოვიოხრე. არ ვიცოდი, როგორ ამეხსნა მათთვის, რაც ხდებოდა.
- ასე უკეთესი იქნება.
- გაქცევა არასდროს არის უკეთესი, ნიცა. უმჯობესია, დარჩე და მშვიდად მოაგვარო ყველა პრობლემა, - მითხრა გოგიმ.
მე თავი გადავაქნიე.
- მაგრამ არა ახლა, ბატონო გოგი. ახლა უნდა წავიდე, რომ გამოვისყიდო ის დანაშაული, რომელიც ჩავიდინე. მე თქვენ მოგატყუეთ. როცა პირველად შეგხვდით, დაგარწმუნეთ, რომ ირაკლის საცოლე ვიყავი, მაგრამ ეს სიმართლე არ იყო. მე და ჩემი და ტყუპისცალები ვართ და ირაკლის ის უყვარდა. მე კი მოვიტყუე.
- ღმერთო ჩემო, ეს რა მესმის! - თამარმა ლოყაზე შემოირტყა ხელი, სკამზე მოწყვეტით დაჯდა და პირდაღებული ქმარს მიაშტერდა.
- მე ირაკლი შემიყვარდა და თავი ჩემს დად გავასაღე.
მერე დაწვრილებით მოვუყევი ორივეს, სინამდვილეში რაც მოხდა. თამარი და გოგი უხმოდ შემომცქეროდნენ და მისმენდნენ. როცა მოყოლა დავამთავრე, ერთხანს სიჩუმე ჩამოწვა, რომელიც ჩემმა მამამთილმა დაარღვია:
- ირაკლიმ როდის გაიგო სიმართლე? - ისე შემეკითხა, რომ მივხვდი, ის აქამდეც ეჭვობდა რაღაცას.
- დაახლოებით ათი დღის წინ.
- ოჰ, ნიცა, ეს რა ქენი! - ამოიხრა თამარმა და თავი ჩაკიდა.
თვალები ცრემლებმა დამიბინდა.
- ახლა თქვენ ყველაფერი იცით. უნდა წავიდე, ეს ერთადერთი გამოსავალია. თქვენი შვილი ამას არასდროს მაპატიებს. თუ შეგიძლიათ, თქვენ მაპატიეთ, რომ ოდნავ მაინც შემიმსუბუქდეს დანაშაულის გრძნობა, - დავამთავრე ტირადა, ჩანთას დავწვდი და კარისკენ გავემართე. კართან შევჩერდი და უკან მოვიხედე. ისინი ადგილიდან არ დაძრულან.
- ირაკლის გადაეცით, რომ საფიქრალი აღარაფერი აქვს, ის თავისუფალია, ტვირთად არასდროს დავაწვები. თქვენ კი დიდი მადლობა, რომ ასეთი თბილები იყავით ჩემ მიმართ.
გარეთ გასულმა ჩანთა მანქანის საბარგულში ჩავდე, ჭიშკარი ფართოდ გამოვაღე, საჭეს მივუჯექი და მანქანა ისე გავიყვანე ეზოდან, უკან არ მიმიხედავს.
ვიცოდი, ჩემი წამოსვლის შემდეგ თამარი აუცილებლად ტელეფონს ეცემოდა და ირაკლის დაურეკავდა, მაგრამ ამის აღარ მეშინოდა. სანამ ირაკლი თბილისიდან ჩამოვიდოდა, მე უკვე სესილთან ვიქნებოდი, «სამშვიდობოს»…
ასე კარგად თავი კარგა ხანია, არ მიგრძნია. მშვიდი პერიოდი დამიდგა. ვიყავი სრულიად განმარტოებული, ყველასა და ყველაფრისგან მოწყვეტილი, ვისუნთქავდი ფასანაურის არაჩვეულებრივ ჰაერს და ოცნებებს ვეძლეოდი. წოლითი რეჟიმი ბეჯითად დავიცავი, - ხან ეზოში გაკიდულ ჰამაკში ვიწექი, ხანაც იმ ერთადერთ გარემონტებულ ოთახში, სადაც დავბინავდი. ერთი სიტყვით, ვიკურნებოდი მარტოობით. ირაკლი არ ჩანდა. ერთხელ მისულა სესილთან, რომელსაც უთქვამს, წარმოდგენა არ მაქვს, სად არისო. თან მიხაროდა, რომ ვერ მაგნებდა, თან გულს მიმძიმებდა მისი სიშორე. მენატრებოდა. რაც უნდა გამეკეთებინა, თვალწინ გამუდმებით მისი სახე მედგა, ყურებში მისი ხმა ჩამესმოდა.
მუცელი წამომეზარდა. დღითი დღე ვიბერებოდი. ერთი პერიოდი ფეხების დასიება დამჩემდა, მაგრამ მალე გამიარა.
სესილი და გაგა მაკითხავდნენ ხშირად, პროდუქტები ჩამოჰქონდათ და შაბათ-კვირას რჩებოდნენ. მიხაროდა მათთან ყოფნა. წავიდოდნენ თუ არა, ჩემს ფიქრებთან ისევ მარტო ვრჩებოდი.
ამასობაში გავიდა თვეები. გინეკოლოგთან ვიზიტი აუცილებელი გახდა. ჩამოვედი თბილისში და მივაკითხე ციცინო ექიმს, რომელიც ირაკლიმ გამაცნო და დედამისის დაქალი გახლდათ. არ ვიცი, ასე რატომ მოვიქეცი. ალბათ ქვეცნობიერად მინდოდა, ირაკლის, ბოლოს და ბოლოს, მოეგნო ჩემთვის და რაღაც შეცვლილიყო ჩემს ცხოვრებაში. ფული ბევრი აღარ მქონდა, მანქანა კი გავყიდე, მაგრამ დროთა განმავლობაში დავხარჯე, სესილის კმაყოფაზე ხომ არ ვიქნებოდი. ყოველ ჩამოსვლაზე ვატანდი გარკვეულ თანხას, რომ შემდეგი კვირისთვის საკვების მარაგი ჩამოეტანა.
ციცინომ გამსინჯა, ანალიზები ამაღებინა. პასუხის მისაღებად ორი დღე მომიწია თბილისში დარჩენამ, სესილთან. სულ რაღაც ერთი თვე დამრჩა მშობიარობამდე. სქესიც გავიგე - გოგონა მეყოლებოდა. ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ მაინც დამწყდა გული, ბიჭს რომ ვერ ვაჩენდი - ირაკლის ალბათ გვარის გამგრძელებელი უფრო გაუხარდებოდა. იქნებ ამით მოჰბრუნებოდა ჩემზე გული.
ცნობისმოყვარეობა მკლავდა, დამეძებდა თუ არა, ფიქრობდა თუ არა ჩემზე. ნუთუ არ დარდობდა ჩემ გაუჩინარებას? ალბათ ძალიან. დარწმუნებული ვიყავი, რომ განიცდიდა. ამასთან, სასტიკადაც იქნებოდა გაბრაზებული, მისი სიტყვა რომ არაფრად ჩავაგდე და გავიპარე. აი, ამას უკვე აღარ მაპატიებდა.
როცა ექიმმა მითხრა, რომ ყველაფერი რიგზე იყო და მშობიარობასღა უნდა დავლოდებოდით, დამშვიდებული დავბრუნდი ფასანაურში, მაგრამ რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო მიპყრობდა შიში, მარტოს როგორ უნდა გამებედა მშობიარობა? წესით, ხომ უნდა შემეტყობინებინა ქმრისთვის, რომ მერე კიდევ არ მოედო შარი, რატომ არაფრად ჩამაგდეო? მიუხედავად ამისა, დარეკვას ვერ ვბედავდი. ვერ გადამეწყვიტა, გადამებიჯებინა თუ არა საკუთარი თავმოყვარეობისთვის. ფულიც მჭირდებოდა. არ ვიცოდი, როგორ ჩაივლიდა მშობიარობა, ყველაფრისთვის უნდა ვყოფილიყავი მზად. ნინას დავურეკე იტალიაში, მოკლედ მოვუყევი, რა პრობლემაც მქონდა და ვთხოვე, ხუთასი ევრო მაინც გამოეგზავნა, თუ ჰქონდა საშუალება. დღესვე გადმოგიგზავნიო, მითხრა, თან გამაფრთხილა, ფულის გამო არ გეუბნები, მაგრამ ყოველ მიზეზს გარეშე შეატყობინე ირაკლის, როცა დაწოლა მოგიწევს, მის მშობლებსაც არ მოეწონებათ შენი საქციელიო. გამიკვირდა, ასე რომ დამარიგა ჭკუა. ნინასგან ამას არ მოველოდი. ცხოვრებაში პირველად მირჩია რაღაც ჭკვიანური. დავიჯერო, ქმარმა მოარჯულა? იქნებ წლებმა და გამოცდილებამ?
სესილის სახელზე გადმოვაგზავნინე თანხა, ფულის გამო თბილისში ვერ გავიქცეოდი. ერთ კვირაში მეც მომიწევდა დედაქალაქში ჩასვლა, რა გარანტია მქონდა, რომ ნაადრევი მშობიარობა არ დამეწყებოდა? მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკვე ზუსტ დროს და თარიღს ასახელებენ ექიმები, სიფრთხილის ზომები უნდა დამეცვა - გაუთვალისწინებელი საფრთხეები უნდა გამეთვალისწინებინა. განა ცოტას მოსვლია, რომ დროზე ადრე დასწყებია სამშობიარო ტკივილები? სანამ ფასანაურიდან თბილისამდე ჩავაღწევდი, არავინ იცის, რა დამემართებოდა. ან კი რითი უნდა წავსულიყავი მარტოხელა ქალი? ავტობუსით ხომ არ ვიჯაყჯაყებდი?
პარასკევი საღამო იყო. შაბათს სესილს ველოდებოდი, თბილისში მას უნდა წავეყვანე. ვიდექი აივანზე და ხარბად ვისუნთქავდი მთის ჰაერს. ეს ჩემი ბოლო საღამო იყო ამ ზღაპრულ მხარეში.
როგორ შეიცვალა ყველაფერი. რა ბედნიერი ვიყავი ერთ დროს და როგორ თანდათან დაპატარავდა ჩემი ბედნიერება, შაგრენის ტყავივით ნელ-ნელა დაილია. ჩემი ცხოვრება ქვიშით მხატვრობას დაემსგავსა. ხელის ერთი მოსმით შლიდა ვიღაც ერთ ნახატს, მერე ხელახლა მიმოაბნევდა ქვიშას და თითებით საგულდაგულოდ გამოჰყავდა ჩემი ხვალინდელი დღის ახალი ეტაპი. ნეტავ შეიძლებოდეს, დროს ვევაჭრო, წლებს დავაკლებინებდი ცოტას - იმ ერთ წელს მაინც, სანამ ირაკლის შევხვდებოდი. ვეტყოდი, ბატონო დროვ, დამაბრუნეთ ერთი წლით და სამი თვით უკან, ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყო, რადგან თქვენმა ნაჩუქარმა ამ ვადამ სრულიად გაანადგურა ჩემი «მოსავალი». დრო აუცილებლად მომისმენდა და ალბათ უარსაც არ მეტყოდა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო.
ოთახშივე ვიბანავე, რადგან სააბაზანო ჯერ კიდევ გაუმართავი ჰქონდა სესილს. ხალათი გადავიცვი, პირსახოცი თავზე შაჰივით შემოვიხვიე და სარკეს მივუახლოვდი, რომელიც ერთიანად დაორთქლილიყო. ძველებური სარკე ეკიდა ოთახში, სამკარიანი, აი, ტრილიაჟს რომ ეძახდნენ ჩვენი ბებია-ბაბუები, ისეთი. არ ვიცი, ქართულად როგორ ჰქვია. ვუყურებდი ჩემს გასამებულ გამოსახულებას და ვხედავდი, რომ სამი ერთნაირი, მაგრამ მაინც სხვადასხვა ქალი შემომყურებდა სარკეებიდან - ერთი სევდიანი, ცხოვრებაზე ხელჩაქნეული, მეორე იმედიანი, ბავშვის გაჩენის მომლოდინე, მესამე კი შეშინებული, გაურკვეველი მომავლის შემაშფოთებელი ლაბირინთების შემყურე…
ყველაფერს შეიძლება გაექცეს ადამიანი - წარსულს, ფიქრებს, ოცნებებს, მოგონებებს, მაგრამ ხვალინდელ დღეს ვერსად გაექცევა. ის აუცილებლად გათენდება, ოღონდ არ იცი, როგორი…
ამის გაფიქრებაზე გული შემეკუმშა. ასე გამოსრიალდებიან ხანდახან უსიამოვნო მოგონებები ჩემი გულის ხვრელებიდან და გველებივით შემომეხვევიან სხეულზე. ძალიან მიჭირს ხოლმე მათი მოგერიება, მათი ისევ უკან შეტყუება, რომ მათგანაც ისევე გავთავისუფლდე, როგორც ირაკლისგან… საინტერესოა, რა არის თავისუფლება - უპასუხისმგებლო ცხოვრება თუ პირიქით, პასუხისმგებლობით სავსე? ირაკლის გამოჩენისთანავე დავკარგე თავისუფლება და ახლა კვლავ დავიბრუნე. ანუ, როგორ ვცხოვრობ? უპასუხისმგებლოდ თუ პირიქით? ან კი, მადგება რამეში ჩემი იძულებით მოპოვებული თავისუფლება? არ ვიცი, არ ვიცი… ვიცი მხოლოდ ის, რომ იმ ფერად თევზს დავემსგავსე, ოკეანიდან პირდაპირ აკვარიუმში რომ მოისროლეს…
თმა გავიშრე, ტანთ ჩავიცვი და კვლავ აივანზე გავედი, მოაჯირს დავეყრდენი და სივრცეს გავხედე. გაწვიმებულიყო. ისედაც ციოდა ხოლმე ღამღამობით, ახლა კი უფრო მეტად აციებულიყო. ყური მივუგდე წვიმის ხმაურს. მას თითქოს ხმა წართმეოდა, წკაპაწკუპით ეცემოდა ხის ფოთლებს და მოაჯირს, აღარ იყო ისეთი ომახიანი, ჩვეულებრივად რომ იცის ხოლმე, მუქარით რომ აცხრება მიწას, სახურავს, მცენარეებს… უარესად ჩამოაბნელა წვიმამ მიდამო. ქარიც ამოვარდა. უკუნეთმა ჩაყლაპა მდინარე და მხოლოდ მთების შავი კონტურები მოჩანდა შორეთიდან. მციოდა, მაგრამ მაინც არ შევბრუნდი ოთახში, თითქოს ვეჯიბრებოდი ჩემს თავს, გავუძლებდი თუ არა ბუნების მოვლენების აგრესიულ შემოტევას, თითქოს ასე ვცდილობდი ჩემს სულში ჩაბუდებული სიცარიელის ამოვსებას. არაფერი მინდოდა და ვერაფერს ვგრძნობდი ცივი ქარისა და წვიმის გარდა.
- ასე იყინები ხოლმე? - უცაბედად ტკივილამდე ნაცნობი ხმა შემომესმა, მკვეთრად მოვტრიალდი და თვალებს არ დავუჯერე.
ვერანდის ბოლოს ერთიანად გაწუწული ირაკლი იდგა. სველი თმა შუბლზე მისწებებოდა.
გულგრილად შევყურებდი ქმარს და თითქოს ვერ ვხედავდი. ჩემკენ გამოემართა.
- როგორც კი დედაჩემმა დამირეკა, მაშინვე შენი ძებნა დავიწყე, მაგრამ ვერსად მოგაგენი. რატომ მომექეცი ასე?
- ისე მოგექეცი, როგორც შენ მექცეოდი, ახლა ბარი-ბარში ვართ. - მშრალად მივუგე.
მეგონა, მის გამოჩენაზე გული საგულიდან ამომიხტებოდა, სიხარულით ცას ვეწეოდი, მაგრამ მსგავსი არაფერი მიგრძნია. თითქოს ჩემ წინ სრულიად უცხო ადამიანი იდგა. ნეტავ რატომ მოვიდა? ან როგორ მომძებნა? ვინ გამყიდა?
- ვინ გითხრა, რომ აქ ვიქნებოდი?
- შენმა დამ დამირეკა, ცოტა ვერ არის თავის ჭკუაზე და მიხედეო. შენს დაქალს აღარ მივადექი, რომ ზუსტი მისამართი მოეცა. ვიცოდი, დაგირეკავდა, გაგაფრთხილებდა და ისევ დამემალებოდი. ჩემს კითხვაზე შენი პასუხი არ ჩაითვალა, ამიტომ მეორეჯერ გეკითხები, რატომ მომექეცი ასე?
- მე შენ შანსი მოგეცი - უჩუმრად, უსკანდალოდ წამოვედი. გინდოდა თავისუფლება? მიიღე კიდევაც. ახლა რაღა გინდა?
- რაღა მინდა? ჩემგან შვილს აჩენ და მეკითხები, რაღა მინდა? სამშობიარო ფულს იტალიაში თხოულობ და მეკითხები, ახლა რაღა მინდა? - ყოველ სიტყვაზე უფრო და უფრო ერეოდა სიფიცხე, აღარ ცდილობდა თავის შეკავებას.
- ისე როგორ მოხვედი, რომ ვერ გავიგე? არ მითხრა, რომ თბილისიდან რკინის ქალამნებით ჩამოხვედი, - დავცინე, თუმცა ვუყურებდი და ვხვდებოდი, რომ ისევ ისე მიყვარდა. სხვას ვერასდროს ვერ შევიყვარებდი ასე, მაგრამ იმასაც ვაცნობიერებდი, რომ ჩვენ ერთად ვეღარასდროს ვიქნებოდით. როგორც ქმარი, იგი სამუდამოდ დაკარგული იყო ჩემთვის.
- ქურდულ საქციელს შენ მიმაჩვიე, - სარკასტულად მომიგო, - სახლს უკანა მხრიდან მოვუარე, რომ ისევ არ გაქცეულიყავი.
- გაქცევა და წასვლა სხვადასხვა რამეა. მე წამოვედი, არ გამოვქცეულვარ.
- რა მნიშვნელობა აქვს? შედეგი ხომ ერთი და იგივეა.
- რატომ მოხვედი?
- რატომ მოვედი? შენ რა, მართლა იფიქრე, რომ ყველაფერს ასე დავტოვებდი? - ამჯერად მშვიდად მიპასუხა და მომიახლოვდა. დავინახე მისი დაძაბული სახე და დაღლილი თვალები.
- არ უნდა მოსულიყავი. რატომ ართულებ ყველაფერს? ვერ ხედავ, როგორი დაღლილი ხარ?
- მართლა? - ჩაიცინა, - გმადლობ მზრუნველობის გამოჩენისთვის, მაგრამ არ ვიყავი დარწმუნებული, რომ შენი გაშვება კარგი იდეა იყო.
- რატომაც არა? ახლა თავისუფალი ხარ.
- ასე რომ ყოფილიყო, ხომ არ გთხოვდი, რომ ნაუცბათევი გადაწყვეტილება არ მიგეღო და კარგად დაფიქრებულიყავი? გახსოვს, რა გითხარი? ამას არ გაპატიებ-მეთქი.
- კი არ მთხოვე, მომთხოვე, - ამოვიოხრე, - ჰოდა, მეც წამოვედი. ჩვენს ურთიერთობაში ხომ აღარაფერი შეიცვლება და აზრი ჰქონდა შენთან დარჩენას? ჩემმა გულგრილობამ და სიცივემ მოთმინება დააკარგვინა. მომმვარდა, მხრებში ხელი ჩამავლო და შემაჯანჯღარა:
- გეყოფა! შენ ისეთი რამე გამიკეთე, რომ ვერასდროს გავთავისუფლდები შენგან! -აღელვებულმა წამოიყვირა და თვალები დააკვესა.
- დაწყნარდი, ირაკლი, ასე ნუ ნერვიულობ, სანანებელი არაფერი გვაქვს არც შენ და არც მე. ეს ბავშვი გაჩნდება, გაიზრდება და შენც მიიღებ მონაწილეობას მის აღზრდაში, ამას არ დაგიშლი, ეგეთი სულელიც არ ვარ, - ირონიულად მივუგე.
- ამ ბავშვს ვერ ეღირსები! - წამოსცდა უეცრად, - ც-დ შენ მოგიწევს ყოფნა და არა მე, ეს დაიმახსოვრე!
- შენი კარგად მესმის, ნუ ჩხუბობ, - დამცინავად შევღიმე.
- თავით გესმის და არა გულით, - დაღლილი ხმით მომიგო, თითქოს ფარ-ხმალი დაყარაო, -ვერ გაგაგებინე, რისი თქმა მინდა, მაინც შენსას უბერავ! არ ვიცი, სხვანაირად როგორ აგისხნა.
- არაფრის ახსნა არ არის საჭირო, - ისევ დამცინავად შევხედე მის გაფითრებულ სახეს. - ახლა ეს მნიშვნელოვანი არ არის.
- სამაგიეროდ, ჩემთვის არის მნიშვნელოვანი და კეთილი ინებე და მომისმინე.
- კარგი, მოგისმენ, ოღონდ შინ შევიდეთ, ძალიან შემცივდა.
კანკალმა ამიტანა. სიცივისგანაც მაკანკალებდა და შიშისგანაც. რომ არ დავთანხმებულიყავი, მართლა წამართმევდა შვილს, ამიტომ ჭკუა უნდა მეხმარა.
ბუხარში ცეცხლი შევანთე და მივეფიცხე. მხოლოდ ამის შემდეგ გავხედე ირაკლის, რომელიც ისევ ფეხზე იდგა.
- გაიხადე ეგ ქურთუკი, სკამზე გადავფენ და გაშრება.
- მაგის დრო არ არის, ჩაალაგე შენი ნივთები და წავიდეთ. - თავი გადააქნია.
- სად წავიდეთ? - შუბლი შევიკარი.
- ჩემთან. დღე-დღეზე მშობიარობა გიწევს, საშიშია აქ დარჩენა, თანაც სულ მარტო, უპატრონოსავით ხარ მიგდებული.
- მე ხვალ მივდივარ, სესილი უნდა ჩამოვიდეს.
- სესილს დაურეკე და უთხარი, რომ მე წაგიყვანე. ყველაფერს ნუ გააპრობლემებ ხოლმე. -წარბები შეჭმუხნა და მუქარით სავსე მზერით გამომხედა.
ადგილიდან არ დავძრულვარ.
- მიდი, გაინძერი, დრო არ იცდის, ფუჭდება ამინდი. იმშობიარებ და მერე გზა ხსნილი გაქვს, სადაც გაგიხარდება, იქ წადი.
- ამ ბავშვს ვერავინ წამართმევს! - გაფითრებულმა დავიჩურჩულე და სიმწრისგან ხელები მოვმუშტე.
- არავინ გართმევს. რადგან გსურს, მარტო იცხოვრო, იცხოვრე, არ დაგიშლი. მე გარედან მოგხედავთ. მიდი, ჩაიცვი, მე მანქანას მოვაყენებ ჭიშკართან.
ნერწყვი გადავაგორე და თავი მორჩილად დავუქნიე. მასთან კამათს აზრი არ ჰქონდა. ბოლოს და ბოლოს, გაქცევას სამშობიაროდანაც მოვასწრებდი, როცა გაწერის დრო მოვიდოდა. ახლა კი უნდა გავყოლოდი, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე.
- კარგი, წამოვალ, - ისე ხმადაბლა ამოვთქვი, რომ მგონი, ვერც გაიგონა.
- ოღონდ პირობა მომეცი, რომ ამ თავსხმა წვიმაში დამალობანას არ წამეთამაშები. გასაგებია?
- არ წაგეთამაშები, მოვდივარ, - ამჯერად ხმამაღლა წარმოვთქვი, რომ გაეგონა.
- ჰოდა, ეგრე! ასე არ ჯობია? - გაღიმება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა, ამიტომ სწრაფად ამარიდა მზერა და ოთახიდან გავიდა.
სანამ მანქანას მოაყენებდა და უკან შემობრუნდებოდა, სკამზე გადაფენილი ტანსაცმელი ჩავალაგე. ისედაც მომზადებული ვიყავი, ხვალ მაინც ვაპირებდი გამგზავრებას, ამიტომ დიდი დრო არ დამჭირვებია. ცეცხლი ჩავაქრე, გახურებულ ნაცარს წყალი მივასხი თავის დაზვევის მიზნით და როცა ირაკლი შემოვიდა, ჩანთით ხელში გამზადებული დავხვდი.
- სულ ეს არის? - ჩემს ჩანთას შეავლო თვალი.
- ჰო, სულ ეს არის.
- მომეცი, წამოვიღო. შენ კი ქოლგას შეეფარე, არ დასველდე.
გარეთ გამოსულმა კარი ჩავკეტე, გასაღები კარის ზემოთ, პატარა სამალავში შევდე, ქოლგა გავშალე და ეზოში ჩავედი. სანამ ჭიშკარს ჩავკეტავდი, კიდევ ერთხელ მოვავლე უკვე ჩაბნელებულ სახლს თვალი და ფიქრებში დავემშვიდობე…
გაგრძელება იქნება