ათი დღე გავატარე ირაკლის სახლში, მაგრამ არა მის გვერდით. დარაჯად დედამისი მომიჩინა. თამარი თან მყვებოდა, ხელს არა მაკარებინებდა არაფერზე, ციბრუტივით ტრიალებდა და თვალებში შემომციცინებდა, ოღონდ კი მე რამე მესურვა. მეუბნებოდა, ეს ყველაფერი დროებითია, აი, ნახავ, ბავშვი გაჩნდება და ირაკლისაც მოუბრუნდება გულიო. მეც ამის იმედი მქონდა, თუმცა ხანდახან მაინც გამკრავდა გულში, რომ ირაკლის ნდობას ვეღარასდროს მოვიპოვებდი.
სულ მოღუშული დადიოდა, დილით გასული შინ შუაღამისას ბრუნდებოდა, ცოტას წაივახშმებდა და თავის საძინებელს მიაშურებდა ხოლმე. ჩემთან დედამთილი რჩებოდა, ახლა ჩვენ გვეძინა ერთ ოთახში. გაპარვა არ მიცდია, ამას ჯერ აზრი არ ჰქონდა, შევეგუე ჩემს ბედს. სესილმა ორჯერ მინახულა. საიდუმლოდ მითხრა, მდგმურს მეორე ბინა დავაცლევინე და როცა სამშობიაროდან გამოგწერენ, შეგიძლია გადახვიდე და იცხოვრო, ყველაფერი დავალაგეო. მისთვის ნათქვამი მქონდა, რაც ჩავიფიქრე.
დაღამდა მეათე დღე და დაახლოებით თორმეტი საათისთვის ტკივილები დამეწყო. ცოტა ხანი ვითმინე, მაგრამ უფრო და უფრო გამიძლიერდა. მომივლიდა, გამივლიდა. ერთხელ ისეთი წამომიარა, მთელი ხმით ვიყვირე. თამარა საწოლიდან წამოხტა, იმავე წამს ირაკლიც შემოვარდა გულგახეთქილი.
_ მგონი, დაიწყო! _ ჩურჩულით ვთქვი და დავიჭყანე.
_ დაიწყო და წავიდეთ, მე ციცინოს დავურეკავ, _ წამოიძახა ჩემზე უარესად გაფითრებულმა ირაკლიმ და გავარდა.
თამარი ჩაცმაში მომეხმარა, თან მიყვავებდა, ნუ გეშინია, კარგად იქნებიო…
სანამ სამშობიაროს მივაღწევდით, წყლებიც დავღვარე. გამირთულდა მშობიარობა. ღამით მიყვანილმა მეორე დილამდე ვიწვალე. პალატაში მარტო ვიყავი, მორიგე ექიმი თუ შემომაკითხავდა ხანდახან. ციცინომ რომ გამსინჯა, თქვა, დილამდე არაფერი იქნებაო და ირაკლიმ უკან წაიყვანა. მე კი დამტოვეს ჩემს აუტანელ ტკივილებთან სრულიად მარტო.
ღამე თეთრად გავათენე, მხოლოდ მაშინ ჩამთვლემდა რამდენიმე წუთით, როცა მოვლითი ტკივილი გამივლიდა… გათენებას კი პირი არ უჩანდა…
დილის თერთმეტ საათზე ვიმშობიარე. პატარა, ერთი ციცქნა გოგონა, რომელიც უცნაური ხმით ხაოდა, მომიყვანეს და გულზე დამიწვინეს. ირაკლი არ დასწრებია ჩემს მშობიარობას. ალბათ არ მიიჩნია მიზანშეწონილად. მესმოდა მისი. როცა ცოლი არ გინდა, არც მისი მშობიარობის ნახვაა სასურველი…
პატარა ეგრევე გაყუჩდა, როგორც კი ჩემს მკერდზე მოკალათდა. ერთხანს რაღაცნაირად იკრუტუნა, მერე ჩაეძინა. ცოტა ხანში ექთანმა გაიყვანა, უნდა ვაჭამოო.
დიდხანს ვიწექი სამშობიარო ბლოკში, ლამის გავიყინე. მხოლოდ შუადღისას გადამიყვანეს პალატაში, სადაც ჩემ გარდა კიდევ სამი მოლოგინებული ქალი იწვა და ერთიც მომლოგინე.
მოსაღამოვდა. ბავშვი არავის მოჰყავდა ჩემთან. თავდაპირველად ჩვეულებრივად ჩავთვალე ეს ამბავი, მაგრამ როცა დაღამდა და დღე საბოლოოდ მიილია, ავნერვიულდი. თავიდან ვიფიქრე, ალბათ ჩემშია პრობლემა, რაღაც მჭირს და ჩემი რძე ჯერ არ შეიძლება ბავშვისთვის-მეთქი, რადგან დღის განმავლობაში სამჯერ გამიკეთეს რაღაც ნემსი და მეც თითქმის სულ მეძინა. მაგრამ როცა ლოდინი აუტანელი გახდა, ზარი დავრეკე. ექთანი შემოვიდა. ბავშვი მოვიკითხე. ჟღალთმიანმა გოგონამ მითხრა, მოითმინეთ, ექიმი ახლავე შემოვაო.
ეს კი არ მესიამოვნა. კითხვაზე არც კი გამცა პასუხი. მივხვდი, რაღაც ვერ იყო რიგზე. ნუთუ ვკვდები? ნეტავ ეგრე იყოს, სამუდამოდ დავისვენებ-მეთქი.
მორიგე ექიმი მაშივე შემოვიდა. ხელები ხალათის ჯიბეებში ჩაეწყო და თვალებს დამფრთხალი აცეცებდა აქეთ-იქით, მზერას ვერ მისწორებდა.
_ აბა, რა ხდება? _ ოფიციალური ტონით მომმართა.
_ რა უნდა ხდებოდეს, ბავშვი მოვიკითხე, _ აკანკალებული ხმით ამოვთქვი, _ რატომ არ მოჰყავთ? მთელი დღე გავიდა.
_ იცით, რა? დამშვიდდით, თქვენი ნერვიულობა არ შეიძლება, _ უცებ შეარბილა ტონი, _ ახალშობილი მთლად ჯანმრთელი არ არის, ამიტომ ჯერჯერობით ვერ ნახავთ, ცალი ფილტვი არ გაეხსნა და… _ მეტი აღარ გააგრძელა.
ცივმა ოფლმა დამასხა. ლოგინიდან წამოვიწიე.
_ უნდა ვნახო! რა დაემართა? ხომ კარგად იყო?
_ ძალიან გთხოვთ, პანიკა არ გვინდა! _ ქალმა მხრებში მომკიდა ხელები და კვლავ დამაწვინა, _ ხვალ დილით განახვებთ, ახლა კი მოისვენეთ, ყველაფერი კარგად იქნება. ნინი, კიდევ ერთი ნემსი გაუკეთე, თუ შეიძლება!
ისტერიკა დამემართა. მთელი შენობის გასაგონად ვყვიროდი, ბავშვი მაჩვენეთ, ნემსი არ მინდა-მეთქი, მაგრამ ჩემი არავის ესმოდა. პალატაში მყოფი ქალები თანაგრძნობით სავსე მზერით მომჩერებოდნენ. ვერ ვიხსენებ, რამდენი ადამიანი მაკავებდა. არც ის მახსოვს, როგრ მოახერხეს ჩემთვის ნემსის გაკეთება. ძალა მხოლოდ მაშინ გამომელია, როცა მთელი სხეული მომიდუნდა და წინააღმდეგობის გაწევის უნარი აღარ შემრჩა. ღონემიხდილმა მივდე თავი ბალიშზე და, როგორც ჩანს, მალევე ჩამეძინა…
ჯერ კიდევ ბნელოდა, როცა გამომეღვიძა. ჩემ გარდა ყველას ეძინა პალატაში. ფრთხილად გადმოვედი საწოლიდან, ხალათი მოვიცვი და დერეფანში გავლასლასდი. მიჭირდა სიარული, ნაკერები ხელს მიშლიდა. ჯერ კიდევ მაწუხებდა ყრუ ტკივილები. ხელით კედელს ვეყრდნობოდი. ბავშვების ოთახიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა. ის იყო, მივუახლოვდი ოთახს და კარის სახელურს ხელი წავავლე, რომ, თითქოს მიწიდან ამოიმართაო, ჩემ წინ სანიტარი გაჩნდა, დამიწყო ჩხუბი, ყვირილი და ხელის კვრით კვლავ პალატაში დამაბრუნა. ვეღარაფერი ვუთხარი, რადგან ავტირდი და ცრემლებმა ლაპარაკის საშუალება არ მომცა…
ციებიანივით ვბორგავდი საწოლში. ღმერთს ვევედრებოდი, მალე გათენებულიყო და ამბავი გამეგო. სანიტარი თითქოს დასახლდა ჩვენს პალატაში, იქვე, ცარიელ საწოლზე მიწოლილიყო და თვლემდა. ოდნავი გაფაჩუნება და ეგრევე წამოყოფდა თავს ჩემკენ მზერამომართული, ისევ გარეთ გასვლას ხომ არ ლამობსო. ხმას არ ვიღებდი, ვითმენდი ამ ყველაფერს, რადგან არ მქონდა უფლება, სხვა დედებისთვის ძილი დამეფრთხო.
როგორც იქნა, დილის სინათლემ შემოაღწია ფანჯარაში. მზეც ამოიწვერა. სანიტარი მომიახლოვდა, ახლავე შემოვიყვან ექიმს, ოღონდ არ გამოხვიდე, თორემ სამსახურიდან გამაგდებენო. დედაშვილურად მთხოვა. მეც თავი დავუქნიე.
რამდენიმე წუთში კვლავ შემოვიდა ექიმი. ამჯერად, არა მორიგე, არამედ ჩემი მეანი _ ციცინო.
_ როგორ ხარ, ნიცა? _ საბანი გადამხადა და გამსინჯა.
_ მე კარგად, ბავშვი?
ციცინომ საჩვენებელი თითით სათვალე ცხვირის კეხზე აიწია, გამომცდელი მზერა მომაპყრო და მცირეოდენი პაუზის შემდეგ ხმადაბლა მითხრა:
_ შენ უკვე ზრდასრული გოგო ხარ და გესმის, რომ ყოველთვის ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. ახლა ფრთხილად წამოდექი და ჩემს კაბინეტში შემოდი, მარგო მოგაცილებს, დანარჩენზე იქ ვილაპარაკოთ…
დანარჩენზე იქ ილაპარაკა… ამ საუბრიდან მხოლოდ ორი სიტყვა მახსოვს _ ახალშობილი გარდაიცვალა…
არ მახსოვს, ექიმის ამ სიტყვებს რა მოჰყვა. არ მახსოვს, რას ვაკეთებდი. ვყვიროდი, ვკიოდი, გამწარებული მოვთქვამდი. ვერ მაკავებდნენ…
ამ ამბის შემდეგ ორ დღეში გამწერეს სამშობიაროდან. იქიდან ჯერ სესილთან წავედი, სადაც ერთი კვირა დავყავი, მერე კი ჩემს ბინაში დავბრუნდი. ირაკლიმ რამდენჯერმე სცადა ჩემთან შეხვედრა, მაგრამ ახლოს არ გავიკარე. ყველაზე საშინელება ის იყო, რომ გარდაცვლილი ჩვილის ნახვის უფლებაც კი არ მომცეს.
სასოწარკვეთილი ვიყავი. ერთი ხანობა ვიფიქრე, ბინას გავყიდი და საერთოდ მოვშორდები-მეთქი საქართველოს, მაგრამ ცხელ გულზე მიღებული გადაწყვეტილება მოგვიანებით უარვყავი. არა, აქაურობას სამუდამოდ ვერ დავტოვებდი, საქართველოს ფარგლებს გარეთ სიბერემდე ნამდვილად ვერ ვიცხოვრებდი, ნოსტალგია მომკლავდა. საბოლოოდ ერთ აზრამდე მივედი _ დროებით დამეტოვებინა თბილისი, რამდენიმე წლით მაინც.
უცნაური იყო, რომ ირაკლის მშობლებს ერთხელაც არ დაურეკავთ, არ მოსულან, არც შემხმიანებიან. მივხვდი, ირაკლიმ აუკრძალა მათ ჩემი ნახვის მცდელობა.
ჩავიკეტე, არავის ნახვა არ მინდოდა. ნინა წარამარა მირეკავდა იტალიიდან, როგორ ხარო. მეხვეწებოდა, ჩემთან წამოდი, აქ იცხოვრე და სამსახურსაც გამოგიძებნიო, მაგრამ უარი ვუთხარი. მის გვერდით ყოფნა ყოველთვის გამახსენებდა ირაკლის, რომელსაც ვეღარ ვიტანდი. ისე ვიყავი მასზე გაგულისებული, დანახვაც არ მინდოდა. მან ჩემი ცხოვრებიდან საუკეთესო წლები ამოხია. არასდროს მიფიქრია შურისძიებაზე. ახლა კი ისე მომინდა, მისთვის სამაგიერო გადამეხადა, რომ ეს აზრი მოსვენებას არ მაძლევდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ისევ ვუყვარდი. მით უმეტეს, ახლა, როცა იცოდა, როგორ განვიცდიდი ბავშვის დაკარგვას. ამიტომაც გადავწყვიტე გამგზავრება. ვიფიქრე, ძებნას დამიწყებს-მეთქი. ამაოდ დაშვრებოდა, ეს კი, ჩემი მხრიდან, ტკბილი შურისძიება იქნებოდა.
ბევრი ყოყმანის შემდეგ ჰოლანდიაში, ბებიასთან ჩასვლა ვარჩიე. იქ მეტი შანსი მქონდა, სამსახური მეპოვა და გული გადამეყოლებინა. თვითონაც მთხოვდა, იქნებ შენ მაინც გამითბო გული ამ სიბერეში, შენმა დამ, კარგა ხანია, ზურგი მაქციაო.
ასეც მოვიქეცი.
ჰოლანდია… ტიტების ქვეყანა… ძალიან ლამაზი და ბევრისთვის საოცნებო…
ბებიამ ვიზა გამომიგზავნა და სახარჯო ფულიც. ჩემით ვერაფერს გავხდებოდი, არანაირი შემოსავალი არ გამაჩნდა. სესილმა კი მითხრა, გასესხებო, მაგრამ ქვა ავაგდე და თავი შევუშვირე. არ ვიცოდი, როგორ მოვიწყობდი ცხოვრებას უცხო ქვეყანაშაი, ვალის აკიდება კარგს არაფერს მიქადდა. ერთადერთი, რაც შემეძლო გამეკეთებინა, ბინას თუ დავაგირავებდი, მაგრამ აღარ დამჭირდა. ჩემმა საყვარელმა ბებიამ იზრუნა ჩემზე. მართალია, მას ნინაზე მეტი ამაგი ჰქონდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ მასზე ნაკლებად ვუყვარდი. თუმცა, ნათქვამია, მშობელს ურჩი შვილი უფრო უყვარსო. ალბათ ამიტომაც იყო, რომ ნინას მიმართ მშობლებიც კი მეტ ყურადღებას იჩენდნენ ყოველთვის, სანამ ცოცხლები იყვნენ…
ყველაფერი მზად მქონდა. ორ დღეში უნდა გავფრენილიყავი. სესილს თან უხაროდა, რომ მივდიოდი, თან გული წყდებოდა, მარტო მტოვებო. ის ერთი იმათგანი იყო, ვინც ამ ხნის განმავლობაში გვერდით მედგა და ჩემზე გული შესტკიოდა. ბინა მას დავუტოვე, ვთხოვე, გაექირავებინა, ნორმალური მდგმური ეპოვა და ქირის თანხა მოეგროვებინა. შემპირდა, ყოველთვე შენს საბანკო ანგარიშზე შევიტან თანხას და როცა ჩამოხვალ, სრულად დაგხვდებაო. თუ ფული დაგჭირდეს, არ მოგერიდოს, ნებისმიერ დროს გამოიყენე-მეთქი, მეც ვთხოვე ჩემი მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ მის ოჯახს არ უჭირდა და კარგა შეძლებულადაც ცხოვრობდნენ. მე მაინც მოვიხადე ჩემი ვალი მეგობრის წინაშე.
ბოლო ღამეს ვათენებდი ჩემს ბინაში. ძალიან ვდარდობდი, აქაურობის დატოვება რომ მიწევდა. ყველაფერი მოვაწესრიგე. ჩემი ტანსაცმელი პატარა ოთახში გადავიტანე და ჩავკეტე, რომ მდგმურისთვის ხელი არ შეეშალა. მერე სამგზავრო ჩანთები ჩავალაგე. ბევრი არაფერი მიმქონდა, არ მანაღვლებდა ენ-რაოდენობის ტანსაცმელი, რომლითაც გავსებული იყო ჩემი კარადა, ჩემთვის ყველაფერი სულერთი გამხდარიყო. აღარ ვიპრანჭებოდი და არც ვვარაუდობდი, რომ ოდესმე ამის სურვილი დამიბრუნდებოდა.
ვიბანავე, პირსახოცი ჩალმასავით შემოვიხვიე თავზე და, როგორც ყოველთვის, დაორთქლილ სარკეს მივადექი. ხელისგული გადავუსვი და გავაპრიალე. უსწორმასწორო, ტალღებივით ზოლები დაემჩნა ზედაპირზე. შევათვალიერე ჩემი ორეული _ ცხოვრებაზე ხელჩაქნეული ქალი შემომცქეროდა იქიდან…
თმა გავიშრე და სასტუმრო ოთახში გამოვედი. დივანზე ჩამომჯდარმა სინანულით მოვავლე თვალი ჩემს ბუნაგს. მიმძიმდა ამ ყველაფრის მიტოვება. არ ვიცოდი, რამდენი ხნით მოვწყდებოდი ჩემს სახლს, ჩემს ფუძეს. დიდხანს ვერასდროს ვძლებდი სხვა ქვეყანაში. მაქსიმუმ _ ათი დღე და მბეზრდებოდა, გული ყოველთვის აქეთკენ მიწევდა. ახლა კი დიდი ხნით მომიწევდა უცხოეთთან შეგუება. ამაზე ფიქრს ვერაფრით ვეჩვეოდი. წამოვწექი და ჭერს ავხედე. ჭაღზე, პლაფონის გარშემო, ღამის ყავისფერი პეპელა გზააბნეულივით დაფარფატებდა. როგორ ვგავდი ამ პეპელას. მეც მასავით დაბნეული ვიყავი, სწორედ ასე ვეხეთქებოდი წინაღობებს და გზას ვერ ვპოულობდი წინ გასაჭრელად.
ამ ფიქრებში ვიყავი, რომ კარზე ზარი დაირეკა. სესილს ველოდი, გადავწყვიტეთ, ბოლო ღამე ერთად გაგვეტარებინა, მარტონი ვყოფილიყავით და გული მოგვეოხებინა განშორების წინ.
გაღიმებულმა გავაღე კარი და მოულოდნელობისგან გამშრალს სახე მომეღრიცა. სადარბაზოში ირაკლი იდგა ისეთი დაქანცული გამომეტყველებით, თითქოს ეს წუთია, მეექვსე სართულზე ტონა აგურის ამოზიდვას მორჩაო.
_ როგორ ხარ? _ ამ შეკითხვით დაიწყო მოსალმება.
_ როგორც მარტოხელა ქალს შეეფერება, _ მხრები ავიჩეჩე და ჯიქურ მივაჩერდი, _ რაზე შეწუხებულხარ? _ თან იმაზე ფიქრი მტანჯავდა, ვაითუ, გაიგო, რომ მივემგზავრები და იმიტომ მოვიდა-მეთქი. ნეტავ ვინ ჩამიშვა? სესილი გამოვრიცხე. ერთადერთი, შეიძლებოდა ნინას ეთქვა, სესილის გარდა მხოლოდ მან იცოდა, რასაც ვაპირებდი, _ რატომ მოხვედი? _ ცივად გავუმეორე.
_ მინდოდა დაგლაპარაკებოდი, _ თვითონაც ცივად მომიგო და უნებართვოდ შემოაბიჯა ოთახში.
კარი მივხურე და ხელები მკერდზე გადავიჯვარედინე. ადგილიდან არ ვიძროდი.
_ შიგნით არ შემიპატიჟებ?
_ რისთვის?
_ ხომ გითხარი, შენთან ლაპარაკი მინდა-მეთქი, საკმარისი არ არის?
_ დაგვრჩა კიდევ რამე სალაპარაკო?
_ ამას ახლა გავარკვევთ, _ უცერემონიოდ გაემართა ოთახის სიღრმისკენ და სავარძელში მოკალათებულმა ფეხი ფეხზე გადაიდო.
დაბნეულმა ფანჯრების სათითაოდ გამოღება დავიწყე, რომ მომეფიქრებინა, როგორ მოვქცეულიყავი შემდგომ, როცა ლაპარაკს გამიბამდა. ოთახში ორპირი ქარი დატრიალდა და თმა ამიწეწა. ირაკლის დანახვით შემცივნებულს უარესად შემცივდა. მერე მის მოპირდაპირედ, მეორე სავარძელში ჩავჯექი და მეც დემონსტრაციულად გადავიდე ფეხი ფეხზე. ხალათი ოდნავ გადაიხსნა და მუხლს ზემოთ შიშვლელი ფეხი სანახევროდ გამომიჩნდა. ირაკლიმ მზერა სწორედ ამ "დეკოლტეზე" გადაიტანა. არც მიცდია ხალათის კიდეების გასწორება.
_ მინდოდა, პირველ რიგში, ბოდიში მომეხადა შენთვის იმის გამო, რაც მოხდა, _ ყრუ ხმით თქვა. ამას მოჰყვა "ოქროს პაუზა", რომელიც კარგა ხნით გაიწელა.
როცა ჩემგან შეკითხვას ვერ ეღირსა, ისევ გააგრძელა:
_ ბევრ რამეს ვნანობ, მაგრამ არა ყველაფერს. არ მინანია ის, რაც ჩვენ შორის იყო, რომელიც, სამწუხაროდ, ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა. ვნანობ იმას, რომ იმ დღეს, ტყეში, გაგაბრაზე და მშობიარობაც, გარკვეულწილად, ჩემ გამო გაგირთულდა. ასე რომ არ მომხდარიყო, დღეს შვილი გვეყოლებოდა. არ ვიცი, მერე როგორ გაგრძელდებოდა ცხოვრება, მაგრამ ფაქტი ერთია _ თუნდაც გადარჩენილიყო ბავშვი, ჩვენ ერთად ვეღარ ვიქნებოდით. შენ ეს იცოდი და შეგუებულიც იყავი ამ ამბავს. უფრო სწორად, არა მარტო ჩემი, შენი სურვილიც იყო ეს. ხომ ასეა?
მის ირონიას საზღვარი არ ჰქონდა. ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი ტკივილი მოეყენებინა, თითქოს სასიკვდილო ჭრილობაზე ტომარა მარილს მაყრიდა.
პასუხი არ გამიცია, ამიტომ ისევ თვითონ გააგრძელა:
_ როცა გავიგე, რომ მატყუებდი, საშინლად გავბრაზდი.
როგორც კი ეს სიტყვები წარმოთქვა, ის საშინელი დღე გამახსენდა და გამაჟრჟოლა.
_ ჰო, მაგას რა დამავიწყებს, გიჟივით იყავი, _ ვთქვი და თვალწინ დამიდგა ის დღე, რომლის დავიწყებაც მსურდა. მინდოდა, მეთხოვა მისთვის, გაჩუმებულიყო და ამ თემაზე აღარ ელაპარაკა, მაგრამ სათქმელი ყელში გამეჩხირა.
_ რადგან ქალმა, რომელსაც ვენდობოდი და მიყვარდა, მწარედ მომატყუა.
_ მინდოდა, თავიდანვე მომეყოლა შენთვის ყველაფერი, მაგრამ მეშინოდა, _ ვუთხარი და მზერა ავარიდე.
მან თავი დამიქნია.
_ მეც დავამტკიცე, რომ ჩემი ტყუილად არ შეგშინებია. ასე არ არის?
კანკალმა ამიტანა. ძალას ვიკრებდი, რომ მას ეს არ შეემჩნია.
_ დასალევი გაქვს რამე? _ მკითხა და თითები ერთმანეთში გადახლართა.
გაოცებული შევაჩერდი.
_ დასალევი? ყავას მოვადუღებ. _ წამოდგომა დავაპირე.
_ ყავა არ მინდა, ალკოჰოლი ვიგულისხმე. _ ხელის აწევით მანიშნა, არ ადგეო.
_ არა, არ მაქვს. _ თავი გავაქნიე, თან ერთიანად დავიძაბე.
_ სამაგიეროდ, მე მაქვს, თუ ჭიქებს მოიტან, თითო გადავკრათ. ვითომ ეს ჩვენი "პრაშჩალნი ვეჩერია".
_ ვითომ?
_ ნუ, როგორც არის. მთავარია, ერთად დალევის მიზეზი გვქონდეს. _ ცივად გამიღიმა, წამოდგა და კარისკენ გაემართა. ვერ მივხვდი, სად მიდიოდა. მან კარი გამოაღო, დაიხარა და როცა წელში გასწორდა, ხელში შამპანურის ბოთლი ეჭირა. როგორც ჩანს, მოსვლისას გარეთ დატოვა.
ორი ბოკალი შემოვიტანე სამზარეულოდან და მაგიდაზე დავდგი.
ირაკლიმ ბოთლს საცობი უხმაუროდ მოაძრო და სასმელი სვენებ-სვენებით ჩამოასხა, რათა ქაფი არ გადმოღვრილიყო. ოთახში შუშხუნის ხმა გაისმა.
_ ბოლომდე არ გავავსებ, ნახევრად სავსე ჭიქებით დავლიოთ, _ მრავალმნიშვნელოვნად თქვა და თვალი თვალში გამიყარა.
სასმელჩასხმულ ბოკალს გავხედე და ისე ჩავილაპარაკე, თითქოს საკუთარი ფიქრი გავახმოვანეო:
_ ჩემი ჭიქა ყოველთვის ნახევრად ცარიელი იყო.
_ რატომ ასეთ სევდიან ნოტზე? სადღეგრძელოს სევდა არ უხდება.
_ მაგრამ შენ ჯერ არ გითქვამს სადღეგრძელო! _ ნიშნი მოვუგე.
_ არ გაქვს უფლება, ხელი ჩაიქნიო, ცხოვრება გრძელდება, _ ჩემს დამოძღვრას შეუდგა, _ ახალგაზრდა ქალი ხარ, ფერადი მომავალი ჯერ წინ გაქვს.
მწარედ ჩავიცინე.
_ ჩემი ცხოვრება ჰაერში ასროლილ ხურდა ფულს ჰგავს, რომელსაც ელოდები, როგორ დაეცემა _ პირით თუ ზურგით.
_ მაგას ავერსი და რევერსი ჰქვია, _ განმამათლა.
_ რას მელაპარაკები! _ არც მე დავიშურე ირონია და ზიზღით სავსე მზერა ვესროლე.
_ ვიცოდი, რომ იცოდი, უბრალოდ, შეგახსენე. ჰოდა, იმას გეუბნებოდი, შეგიძლია თავიდან დაიწყო და აიწყო ცხოვრება. "ოჯალეშივით" ქალი ხარ, არომატული და მათრობელა, შენზე რომელი კაცი იტყვის უარს.
ჰაერი მთელი მკერდით ჩავისუნთქე, რათა სიმშვიდე შემენარჩუნებინა. არადა, ღირსი იყო, კინწისკვრით გამეგდო ჩემი სახლიდან.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>