მთელი ღამე ვბორგავდი, ვფიქრობდი ჩემს უცნაურ ბედზე - ამდენი წლის შემდეგ დაკარგული შვილი ვიპოვე და ისევ დავკარგე, სასურველი მამაკაციც ვიპოვე და ისიც დავკარგე. და ეს ყველაფერი თითქოს რაღაც ერთ წამში მოხდა…
მომდევნო რამდენიმე დღე ჩემთვის უმძიმესი აღმოჩნდა. ასე მეგონა, დრო მოკვდა, წუთები საათებს ჩამორჩა. მინდოდა, მეყვირა, მეტირა, მაგრამ წვეთი ცრემლი არ გადმომვარდნია. იმის ფიქრიც კი მკლავდა, რომ ქმარ-შვილს სამუდამოდ დავცილდი. უძილობა დამჩემდა, თვალები ამომიღამდა, გავხდი… საათობით ვიჯექი აივანზე, ჩემს თავს ველაპარაკებოდი და არემარეს უაზროდ გავყურებდი. უცხოს რომ შემოეხედა, ფსიქიკურად დაავადებული ვეგონებოდი. ფიქრებით ჩემს ანასთან ვიყავი, მისი სიცილი, მისი ხმის ტემბრი გამუდმებით ჩამესმოდა. ვფიქრობდი შვილზე და… ვფიქრობდი ირაკლიზეც. ამ უკანასკნელმა ჩემს გულში, ჩემს ხანმოკლე სიზმრებში ხელახლა დაიდო ბინა, ჩემი გონება მთლიანად დაიმორჩილა და როცა მისი ხელის შეხებას ვიხსენებდი, თავბრუ მეხვეოდა.
ბოლოს ვეღარ მოვითმინე. გადავწყვიტე, როგორმე შემეღწია სკოლაში და ანა იქ მენახა, გამოვცნაურებოდი და ყველაფერი მეთქვა. ეს ადვილი არ იქნებოდა. დარწმუნებული ვიყავი, ამჯერად ირაკლი ჩემს ყოველ ნაბიჯს გააკონტროლებდა. მაინც ვცადე. ჩემი განზრახვის განსახორციელებლად სამშაბათი შევარჩიე. მზიანი დარი დაიჭირა, სასიამოვნოდ აცხუნებდა.
შიშით ვაცეცებდი თვალებს აქეთ-იქით, როცა სკოლას მივაღწიე. ჩემდა საბედნიეროდ, ირაკლი არსად ჩანდა. შენობაში ისე შევედი, არავის გავუჩერებივარ. დარაჯმა, როგორც ჩანს, მშობლად მიმიჩნია. ყოველი შემთხვევისთვის, პასუხი მომზადებული მქონდა, სინამდვილეში ხომ მართლა ვიყავი ანას დედა.
თავჩაღუნული გავუყევი დერეფანს. პირველ სართულზე არავინ შემხვედრია. მეორეზე რომ ავედი, ზარი დაირეკა და საკლასო ოთახებიდან ჟივილ-ხივილით გამოცვივდნენ მოსწავლეები და კიბეს ჩაასკდნენ. მოულოდნელად ორ გოგონას შევეჯახე, რადგან წარამარა უკან ვიყურებოდი და ვერ შევამჩნიე.
ბოდიში მოვუხადე ბავშვებს და ის იყო, გზა უნდა გამეგრძელებინა, რომ ერთმა ლოყაზე შემოიდო ხელი და წამოიძახა:
- ვაი! დეიდა, უკაცრავად, თქვენ… თქვენ… - და საჩვენებელი თითი ჩემკენ გამოიშვირა. მეც ვიცანი ისინი, იმ დღეს ანას სწორედ ეს გოგონები ახლდნენ.
ამაკანკალა. გულმა მიგრძნო, რომ გოგონამ ჩემში ანა ამოიცნო. სასწრაფოდ გავეცალე ბავშვებს და გულამოვარდნილმა შენობის მარჯვენა ფლიგელისკენ გადავუხვიე. წამითაც არ დამიშვია აზრი, რომ შეიძლებოდა მის მეგობრებს ვეცნე.
ერთხანს შევიცადე, ოდნავ დავმშვიდდი და უკან გამოვბრუნდი. უეცრად წინ ჩემთვის უკვე ნაცნობი გოგონები და ანა თითქოს იატაკიდან ამოიზარდნენ.
თავზარი დამეცა, თითქოს ენა გადამეყლაპა, კრინტი ვერ დავძარი. ორი გოგონა აღელვებული ჩანდა, ანა - გაოგნებული.
- თქვენ მე მგავხართ, - გაისმა ანას ჩუმი და დაძაბული ხმა.
ცხოვრებაში პირველად საკუთარ შვილს თვალი გავუსწორე.
- შესაძლოა, რაღაცით ვგავართ ერთმანეთს, მაგრამ შენ სხვა ფერის თვალები და უფრო ბაცი ფერის თმა გაქვს. რამე გინდოდათ, ბავშვებო? - რატომღაც, უკან დავიხიე, როგორც ჩანს, აღიარების შემეშინდა.
- თქვენ დედაჩემი ხართ? - არ მომეშვა ანა.
ვიგრძენი, როგორ შემეცვალა სახე, სისხლი საფეთქლებში მომაწვა.
- არ მესმის, რას ამბობ, გოგონი, ვიღაცაში გეშლები ალბათ, - ჩემი ხმა სადღაც შორიდან მომესმა, ვცდილობდი, გაოცება გამომეხატა.
- თქვენ ჩემი დედა ხართ, ხომ მართალია? - ჯიუტად იმეორებდა ბავშვი თავისას.
გაშეშებული ვიდექი, აზრები ამერია. ბოლოს ერთი ღრმად ამოვიოხრე და ხმადაბლა ამოვთქვი:
- დედა არ გყავს? ამიტომ მიმამსგავსე? მე არ ვარ დედაშენი, - ძალა მოვიკრიბე და გავიღიმე, - ნახვამდის, ბავშვებო.
შევცდი, რომ გავიღიმე. მოულოდნელად გოგონამ წინ გამირბინა, გზა გადამიჭრა და წასვლის საშუალება არ მომცა.
- არა ხართ? აბა ზუსტად ჩემნაირად რატომ იცინით? წინაც ჩემნაირი ორი ნაფოტა კბილი გაქვთ. მითხარით, მართლა თქვენ ხართ?
გოგონა ტირილს ძლივს იკავებდა. ტუჩები მოებრიცა, ნიკაპი აუკანკალდა, თვალებში კი უსაზღვრო ტკივილი ჩაეღვარა. ამ ტანჯვის ყურება აღარ შემეძლო.
- ანა… - ჩავახველე და გაბზარული ხმით დავიწყე.
- ჩემი სახელიც იცით? საიდან იცით? მამიკო მართალი ყოფილა, რომ მითხრა, დაგტოვა და წავიდაო. ახლაც აღარ გინდათ ჩემი ნახვა. იტყუებით, დედაშენი არ ვარო! არც მე მინდა, გესმით? არც მე მინდა! - ანა განწირული ხმით ყვიროდა. ირგვლი ბაშვები შეგროვდნენ.
წლების წინ, როცა მითხრეს, ჩვილი გარდაიცვალაო, მეგონა, ამაზე დიდი უბედურება არ არსებობდა ამქვეყნად, რადგან ჩემს შვილს ხელში ვერასდროს ავიყვანდი, მაგრამ შევცდი. ახლა ვუყურებდი უჩემოდ გაზრდილ ჩემს გოგონას და ყველა დედაზე უბედური ვიყავი, იმაზე უბედური, ვიდრე ცხრა წლის წინ.
გაფითრებული ვიდექი, სიმწრის ოფლი მასკდებოდა სახეზე, ხმას ვერ ვიღებდი. ძალა ისე გამომეცალა, რომ მხრით კედელს მივეყრდენი, რათა არ წავქცეულიყავი. უცებ ანას ზურგს უკან რაღაც მოძრაობა შევნიშნე, მზერა დავძაბე და… ირაკლი დავინახე.
მან ალბათ ანას ყოველი სიტყვა გაიგონა. არა, ეს კოშმარული სიზმარია, ასე არ ხდება ცხოვრებაში, ის საიდანღა გაჩნდა აქ?
- ანა, წამოდი, მამიკო, შინ წავიდეთ, - მშვიდად მიმართა გოგონას.
- მამიკო! - წამოიყვირა ანამ, - მამიკო! - და მამაკაცს მუხლებზე შემოხვია ხელები.
- აქ არ უნდა მოსულიყავი, ხომ გაგაფრთხილე? - თვალები რისხვით აენთო ირაკლის, ბავშვს მკლავები მოხვია და ხელში აიყვანა.
ანამ პირი დააღო, გაოცებული მიაშტერდა მამამისს.
- მამიკო, ამ ქალს იცნობ? - თითი ჩემკენ გამოიშვირა.
- ჰო, მამიკო, ვიცნობ, რამდენიმე დღის წინ ვნახე და შენი ნახვა ავუკრძალე.
ბავშვმა თავი ჩაღუნა და ჩურჩულით წარმოთქვა:
- სახლში მინდა.
- ჰოდა, მივდივართ, - მიუგო ირაკლიმ, მჭიდროდ მიიხუტა გოგონა მკერდზე და დერეფანს გაუყვა.
ორნი ერთის წინააღმდეგ… აი, როგორ განვითარდა მოვლენები… მე წავაგე, ნიცა ზედმეტია! კვლავ მარტო ვრჩები…
კარგა ხანს ვიდექი გაუნძრევლად. ოციოდე ბავშვი გაფართოებული თვალებით მომჩერებოდა, ვერ მიმხვდარიყვნენ, რა მოხდა. როგორც იქნა, მოვეგე გონს, უხერხულად გავუღიმე ირგვლივ შემოჯარულ მოსწავლეებს და ნელა ჩავუყევი პირველი სართულის კიბეს…
დამბლადაცემულს ვგავდი, სესილი რომ მოვიდა. როგორ არ ეცადა, მაგრამ ხმა ვერ ამომაღებინა.
- არ მეტყვი, რა გემართება?
- არაფერიც არ მემართება.
- შენ რა, ბრმა გგონივარ თუ სულელი? სარკეში მაინც ჩაიხედე, რას დაემსგავსე. მოდი, აივანზე გავიტანოთ პატარა მაგიდა, ყავა დავლიოთ და მომიყევი, რა მოხდა.
სესილმა სახელდახელო სუფრა გაშალა. თავისი მოტანილი ნამცხვარი თეფშზე დაალაგა, ყავა მოადუღა და როცა ფუსფუსს მორჩა, ძალით გამიყვანა აივანზე და სკამზე დამსვა.
- აბა, მიდი, დაიწყე!
გამიჭირდა ლაპარაკის დაწყება. მიჭირდა იმ ემოციების გადმოცემა, რომელსაც ჩემი სული მოეცვა. ნელა ვყვებოდი, სვენებ-სვენებით. ირაკლის ნახვის დღიდან დღემდე რაც მოხდა, ყველაფერი გადმოვულაგე მეგობარს.
- იცი, მე რა მგონია? - მითხრა სესილმა, როცა მოყოლა დავამთავრე, - იმ კაცს შენ დღემდე უყვარხარ. მით უმეტეს, ყველაფერ ამის შემდეგ ნამდვილად ვეღარ შეძლებს ძველებურად ცხოვრებას. შენ არსებობ და მას მოუწევს ამასთან შეუგება. ახლა უკვე შვილიც გიცნობს. ის აუცილებლად მოინდომებს შენ ნახვას, როცა დაწყნარდება.
- არა მგონია… ვერც ერთი ვერ მიტანს, ორივეს ვეზიზღები. არ იცი, როგორი თვალებით მიყურებდნენ, როცა მშორდებოდნენ. ყველაფერი დამთავრდა.
- არაფერიც არ დამთავრდა. მე თუ მკითხავ, ახლა იწყება ყველაფერი. რა მოგდის? ასეთი ძლიერი გოგო ხარ, აქამდე არაფერს შეუშინდი და ახლა რა დაგემართა? ირაკლიმ დაგაფრთხო? შეყვარებული კაცი სულაც არ არის საშიში, რომ იცოდე. უნდა დაიბრუნო შენი შვილი, იბრძოლე!
- როგორ დავიბრუნო, წარმოდგენა არ მაქვს. არ იცი, რამდენი ღამე გავათენე თეთრად, გამოსავალს ვერ ვპოულობ, ყველაფერი ვცადე და არაფერი გამომივიდა. აჯობებს, დროზე მოვშორდე აქაურობას, ბებიასთან დავბრუნდები ისევ.
- გაქცევას აპირებ? ის ხომ შენი შვილია, ნიცა, დაფიქრდი.
- ვიცი, მაგრამ… - წინადადება გამიწყდა, ცრემლები წამსკდა და ავქვითინდი.
სესილმა ჭიქით წყალი მომიტანა, მერე გულში ჩამიკრა და დიდხანს მეფერა…
გავიდა კიდევ რამდენიმე დღე. თითქოს ცოტათი დავმშვიდდი. გარეგნულად არაფერი მეტყობოდა, მაგრამ შინაგანად საშინლად ვიყავი აფორიაქებული. პრაქტიკულად, გარეთ არ გავდიოდი, შინ ჩავიკეტე და წიგნების კითხვა დავიწყე, მხოლოდ ამაში ვპოულობდი შვებას, დროებით მავიწყებდა ჩემს სატკივარს.
იმ დღესაც, დილით, ძალიან ადრე, დივანზე ვიყავი წამოწოლილი და მძაფრსიუჟეტიან რუსულ დეტექტივს ვკითხულობდი. ამ დროს კარზე ვიღაცამ დააბრახუნა. ასე დილაუთენია არავის ველოდი, ამიტომ ჩემ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ზღურბლთან ირაკლი დავინახე.
მთელი ჩემი არსება შიშმა მოიცვა, მეგონა, ანას შეემთხვა რაღაც.
- რა მოხდა? ბავშვს რამე ხომ არ დაემართა? - ჩურჩულით ვკითხე და მუხლები მომეკვეთა.
ირაკლიმ დროზე შემაშველა ხელი, თორემ ალბათ იატაკზე მოვადენდი ზღართანს.
- კარგად არის, მაპატიე, შენი შეშინება არ მინდოდა.
- აბა, რისთვის მოხვედი? მამოწმებ? ნუ გეშინია, აღარ ვაპირებ შენ შეწუხებას, რამდენიმე დღეში საერთოდ გავქრები აქედან.
- და საით შენი მგზავრობა? - ხელი შემიშვა და ოთახში შემოვიდა.
- ჰოლანდიაში, ვფიქრობ, იქ უფრო მშვიდად ვიქნები.
- ასე გგონია?
- კიდევაც რომ მეკითხები, - მწარედ ჩავიცინე, - ისეთი პასუხი გაგეცი, რომელიც შენ უფრო დაგამშვიდებს, ვიდრე მე.
- ასე გგონია? - თუთიყუშივით გაიმეორა.
გაოცებულმა ავხედე. გამოუცნობი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.
- რა გაცინებს? - ავიმრიზე.
- რა ვიცი, მეგონა, მთებს გადადგამდი, ბოლომდე შეეცდებოდი შენსას, შენ კი თურმე გარბიხარ.
- ალბათ ასე აჯობებს. არ მინდა ბავშვს თავი მოვაბეზრო, აშკარად ვერ მიტანს. შენთვის კი, ისედაც დიდი ხანია, ზედმეტი ვარ. - ველაპარაკებოდი და ვცდილობდი, თვალებში არ შემეხედა იმ კაცისთვის, რომელმაც ჩემში დიდი ხნის მიძინებული გრძნობები ვულკანივით გამოაღვიძა.
სასტუმრო ოთახში გავედი, ირაკლი უკან გამომყვა.
- არ იტყვი, რატომ მოხვედი?
- დაწყნარდი, ნიცა, საომრად არ მოვსულვარ. ვფიქრობ, უნდა ვილაპარაკოთ.
- შენთან საუბრის სურვილი არ მაქვს. გირჩევნია, წახვიდე.
- რა თქმა უნდა, წავალ, მაგრამ ჯერ უნდა ვილაპარაკოთ. ოღონდ ტანსაცმელი გამოიცვალე, შორტით რომ გხედავ, გონება მერევა და სურვილი მიპყრობს, ლოგინში ჩაგიგორო.
გამომცდელი მზერა ვესროლე, მეგონა, დამცინოდა. ჩემდა გასაკვირად, სრულიად სერიოზული სახით შემომცქეროდა.
- აჰა… ქალის მოხიბვლის ახალი მეთოდები შეგისწავლია, - გავაშაყირე.
- დაცინვას კაცი არ მოუკლავს. ამგვარ ლაპარაკს აჯობებს, შარვალი ჩაიცვა, გააკეთე, რაც გითხარი.
- აი, ამაში არ შეცვლილხარ, - დოინჯი შემოვირტყი და ჯიბრიანად მივაჩერდი, - ბრძანებების გაცემის ძველებური მანერებით სარგებლობ. რას მეუფროსები ნეტავ? შენს სახლში ხომ არ გგონია თავი? მე შენი ცოლი დიდი ხანია, აღარ ვარ. საუკუნეა, არ გინახავხარ და უცებ მიცხადებ, ლოგინში მინდა ჩაგიგოროო. ეს რა, სიყვარულის ახალი მეთოდია? თუ ერთჯერადი რომანი გინდა გაათამაშო?
ირაკლი ძალიან ახლოს მოვიდა ჩემთან, მხრებში თითები ჩამჭიდა და კბილებში გამოცრა:
- თუ მომინდა, გავაკეთებ კიდევაც და სულ ფეხებზე მკიდია, ამას რას დაარქმევ. გასაგებია?
ცივად მოვიშორე მისი ხელები და უკან დავიხიე.
- ჩვენ შორის დიდი ხანია, ყველაფერი დამთავრებულია, ამას მე უკვე შევეგუე და იმედია, შენც. არ გინდა ეს ძალად ფლირტი, მაგით ვერაფერს მოიგებ.
- მე იმისთვის მოვედი, რომ… რომ ბოდიში მოგიხადო და კიდევ… კიდევ ის, რომ ანას შენი ნახვა უნდა.
მეგონა, გული გამიჩერდა. ბოდიშიც გამიკვირდა მისგან, ხოლო ანას რომ ჩემი ნახვა მოუნდა, ამან მთლად დამშოკა. ცოტა არ იყოს, შევშინდი.
- რატომ?
- რა რატომ? ბოდიშის მოხდა რატომ მინდა თუ ანას რატომ უნდა შენი ნახვა?
- ერთიც და მეორეც.
- აჰა… ორი «რატომ» დაგიგროვდა, როგორც ჩანს. კარგი, გიპასუხებ. ბოდიში იმიტომ, რომ ტკივილი მოგაყენე, ასე შორს არ უნდა შემეტოპა. არ უნდა დამემალა შენთვის ბავშვის ამბავი. ვიცი, რომ შევცდი.
- შემთხვევით, ხომ არ შეგაფუცხუნე? ემანდ არ მიჩივლოს ნიცამ და ჩემი ცხოვრება და კარიერა სასწორზე არ შეაგდოსო?
- ასეთი რამეების არ მეშინია.
- კიდევ კარგი, - ჩავიცინე, - და ბავშვმა რატომ მოინდომა ჩემთან შეხვედრა? იმანაც პასუხი უნდა მომთხოვოს, რომ მივატოვე? - ისევ დამეღრიჯა სახე.
- არა, მას დედის ნახვა უნდა, დედის სითბო და სიყვარული სჭირდება. ეს ერთგვარი ინსტინქტია, შინაგანი, რომელსაც ასე ადვილად ვერ ახსნის ადამიანი. მე მას შეძლებისდაგვარად მოვუყევი ყველაფერი და ავუხსენი, რომ შენ ის არ მიგიტოვებია.
თვალები ცრემლებით ამევსო.
- და დაიჯერა? - ჩურჩულით ვიკითხე.
- რა თქმა უნდა. რა იყო ამაში დაუჯერებელი?
დუმილი ჩამოვარდა. კარგა ხანს არც ერთი ხმას არ ვიღებდით, უსიტყვოდ მივჩერებოდით ერთმანეთს.
- მინდა, ერთი რამ იცოდე. შენ დღესაც არ გჯერა, რომ მე მიყვარდი, მაგრამ უნდა დამიჯერო, რომ არასდროს ვთვალთმაქცობდი. მართლა მიყვარდი და სწორედ ამ სიყვარულმა მათქმევინა ის ტყუილი, რომელმაც ცხოვრება დამინგრია, - თვალებში ხელისგულები ამოვისვი, რომ გუგებიდან გადმოგორებული ცრემლი მომეწმინდა.
- სიმართლე მითხარი, ნიცა, ახლაც გიყვარვარ?
მისმა შეკითხვამ ერთიანად გამანადგურა და ღრმად ჩამალული გრძნობები კიდევ ერთხელ ამომიტივტივა.
- მაგრამ შენ ხომ არ გინდა, რომ მიყვარდე?
მიტკალივით გაფითრებულმა ჩემ წინ დაიჩოქა.
- შემომხედე, ნიცაკო, - მოგუდულად მითხრა, - ყველაზე ძალიან რაც მინდა ამქვეყნად, ისაა, რომ მსურს, ისევ ისე გიყვარდე, როგორც ოდესღაც. ვაღიარებ, ვერც მე მოვერიე თავს, ვერა და ვერ გავინელე შენი სიყვარული. უბედურება ისაა, რომ არ მინდოდა, შენ ეს გცოდნოდა.
გამომცდელად შევხედე, მის თვალებში სიმართლე იკითხებოდა და შევკრთი. მივხვდი, რომ მას ისევ ვუყვარდი, მაგრამ ამის დამალვას ცდილობდა.
თვალთ დამიბნელდა, ისე განვრისხდი, ძლივს შევიკავე თავი, სილა არ გამეწნა.
- კი მაგრამ, რატომ, ასე რატომ მომექეცი?
- იმიტომ, რომ დამესაჯე. ღმერთმანი, არ ვიცოდი, რას ჩავდიოდი, სანამ არ მივხვდი, რომ გკარგავდი. მერე კი უკან დახევა გამიჭირდა. ერთ დღესაც ჩავიხედე სარკეში და დავინახე გაბოროტებული მამაკაცი, რომელიც ცოლის სიყვარულით სარგებლობდა და იცოდა, ის არსად გაექცეოდა. ამიტომ გითხარი უარი ჩემს სიყვარულზე, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ შენ მაინც ჩემთან იქნებოდი.
გაგრძელება იქნება
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>