ნოველები

თამაში მზესთან - თავი 2

თამაში მზესთან - თავი 2
თიკომ იგრძნო, რომ ნატკას კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა და მოთმინებით დაელოდა საუბრის გაგრძელებას.

- შენთან ერთი სათხოვარი მაქვს. ცოტა კი მერიდება, მაგრამ სხვა გზა არა მაქვს.

- ისეთი რა არის, ჩემი რომ გერიდება? მითხარი, გოგო, არ გრცხვენია?

- რა და… - ნატკამ ჩაახველა, უხერხულად გაუღიმა დაქალს, მზერა აარიდა და ხმადაბლა თქვა, - შეგიძლია ერთი კვირით ნიკა ჩაიბარო და ჩვენ გაგვიშვა? მე და მირო? რამდენი ხანია, მარტო არ დავრჩენილვართ. ათენში მიემგზავრება და მეც მინდა გავყვე.

თიკო
გაშრა. არ იცოდა, რა ეპასუხა. ყველაფერს ელოდა, ამის გარდა. ისე მოიჩქაროდა ნატკასკენ, ისე გაუხარდა მისი მოპატიჟება, იმდენი სათქმელი დაუგროვდა… ამდენს ტელეფონში ვერ ეტყოდა. ახლა კი… იმის გაფიქრებამ, რომ ნატკამ თავისი მიზნების განსახორციელებლად ჩამოიტყუა, გული მოუკლა. თუმცა, იმასაც ხვდებოდა, რომ მისი მეგობარი დაბნეული და შეშინებული იყო, სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და საშველად ბავშვობის მეგობარი იხმო. თუკი ნატკა მართლა დარწმუნებულია, რომ ნიკაა მისი ბედნიერების დანგრევის მიზეზი, მაშინ ვალდებულიც კი არის თიკო, რომ დაეხმაროს.

- რა პრობლემაა, - ნირწამხდარი შეეცადა, ხმაში ბზარი არ გარეოდა, - მთავარია, ბავშვმა ისურვოს ჩემთან დარჩენა. მირო? მიროს როგორ მოეწონება ეს აზრი? თუ მან უკვე იცის?

- არა, მიროსთვის ჯერ არ მითქვამს, მაგრამ წინააღმდეგი არ იქნება. ყოველ შემთხვევაში, მის დარწმუნებას შევძლებ. ეჭვი არ მეპარება, რომ ნიკასაც მოეწონები. ვიცი, როგორ გიყვარს ბავშვები. გახსოვს, ქეთის გოგოს როგორ ართობდი? ერთი ლუკმა რომ შეეჭამა, ბალეტს სასაცილოდ ცეკვავდი. ასე რომ, მგონი, არ გაგიჭირდება ნიკასთან საერთო ენის გამონახვა. სხვათა შორის, ძალიან საყვარელი ბავშვია და იმედი მაქვს, დამეგობრდებით.

- მეცოდება, იცი? - სიბრალულით წარმოთქვა თიკომ.

- მეც მეცოდება, მაგრამ ჩემი თავიც არანაკლებ მეცოდება, რა ვქნა, - მხრები აიჩეჩა ნატკამ და დამნაშავის მზერით შეხედა მეგობარს.

იმედგაცრუებული თიკო თავს იმით იმშვიდებდა, რომ ნატკას დახმარება სჭირდებოდა. აწუხებდა მისი მდგომარეობა, მაგრამ ამწუთას იმ პატარა ბიჭუნაზეც ფიქრობდა, რომელმაც მამა დაკარგა და აღარც დედა ჰყავდა.

- გინდა ნიკა გაგაცნო?

- მინდა, - დაქალის ღიმილს თვითონაც ღიმილით უპასუხა, - ვეცდები, დაგეხმარო, ნატკა. ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება. თუ ბავშვი ჩემთან გაჩერდება, ნურაფრის დარდი ნუ გექნება.

- ვიცოდი, რომ უარს არ მეტყოდი. შენ ყოველთვის გაჭირვების ტალკვესი იყავი ყველასთვის, განა მარტო ჩემთვის. წინ კიდევ ერთი კვირა გვაქვს. ჩვენც მოვიოხოთ გული ერთმანეთის ნახვით და ამასობაში ბავშვიც შეგეჩვევა. ვიცი, რომ ცუდად გამომივიდა, მაგრამ შენ გარდა ნიკას ვერავის ვანდობ. გპირდები, რომ აქ ჩამოსვლას არ ინანებ, ნახავ, რა დროს გაგატარებინებ. ჩვენს მეგობრებს გაგაცნობ. ახლა ყველანი აქ არიან, თბილისელი მეგობრებიც აქ ისვენებენ. ჯერ ოპერის სეზონი არ დამთავრებულა, იქაც წაგიყვან. ისიამოვნებ. - ნატკა წამოდგა, თამთას გადაეხვია, აკოცა და ოთახიდან გავიდა.

თიკო მარტო დარჩა. თითქოს სული შეეხუთა. ცოტა არ იყოს, განხიბლული დარჩა დაქალის ქცევით. ხომ შეეძლო, სანამ ჩამოვიდოდა, მანამ ეთქვა ეს ყველაფერი? არ გამოუვიდა ლამაზად. რა საჭირო იყო ასეთი მიდგომა? ხომ იცოდა, რომ თიკო უარს მაინც არ ეტყოდა?

აივანზე გავიდა. დაქალთან საუბარმა მისი გეგმები შეცვალა. აქ სულ სხვა განწყობით, რაღაც უჩვეულოს მოლოდინით აღვსილი ჩამოვიდა, მით უფრო, რომ მამამისი და დედამისიც აპირებდნენ მალე ჩამოსვლას. მამას ფილმი ჰქონდა გადასაღები და უხაროდა, ზაფხულს მშობლებთან ერთად გავატარებო. რამდენი ხანია, ერთად არ შეყრილან. ყოველთვის ოცნებად ჰქონდა, თავისი მშობლებივით ტკბილი და თბილი ოჯახი შეექმნა, მასაც ისევე ჰყვარებოდა ქმარი, როგორც დედამისს უყვარდა.

ფიქრებით წამით წარსულს გადასწვდა, თავისი და ნატკას მხიარული ბავშვობა გაახსენდა. მათთან შედარებით რა არის ახლა ნიკას ბავშვობა? მიუხედავად იმისა, რომ ახლანდელ დროში ბავშვებს გაცილებით მეტი გასართობი აქვთ, ვიდრე თიკოს დროს იყო, მიუხედავად იმისა, რომ ნიკა ასეთ ფუფუნებაში ცხოვრობს, ეს თითისტოლა ბავშვი მაინც უბედურია. არა უშავს, გაიზრდება და ყველაფერს გაიგებს. მთავარია, სითბო და ყურადღება არ მოაკლდეს. ეჭვი არ ეპარება, რომ დაუმეგობრდება და ნიკაც მიიღებს. ჰოდა, თუ ასე მოხდება, ნატკას და მიროს არყოფნაში დროსაც მშვენივრად გაატარებენ. ბოლოს და ბოლოს, თუ მისი მშობლები ჩამოვლენ, ერთად ივლიან გადაღებებზე და ბავშვიც გაერთობა.

წყლის გადავლება გადაწყვიტა, სააბაზანოში შევიდა, წყალი მოუშვა და ხელი შეუშვირა…

კარგა ხანს ინებივრა. გამოსვლას არ ჩქარობდა. სანამ ორთქლმა არ შეაწუხა, წყლის გადაკეტვა არ უფიქრია. როცა სააბაზანოდან გამოვიდა, შეამჩნია, რომ მისი ჩემოდანი ვიღაცას გაეხსნა და ნივთები კარადაში შეელაგებინა. სარკის წინ კი კბილის პასტა, ჯაგრისი და ახალი სავარცხელი იდო. მიხვდა, რომ მისი არყოფნით ვიღაცამ "ისარგებლა" და მოემსახურა. ალბათ, მარო იქნებოდაო, გაიფიქრა, მოსამსახურე ქალი, რომელიც ეზოში შემოსულ ქალებს პირველი შემოეგება. ალბათ, სწორედ მან მიუჩინა ადგილი თიკოს ნივთებს.

სახე მოიწესრიგა, მკვებავი წაისვა, თმა გადაივარცხნა და ოთახიდან გავიდა. დერეფანი სწრაფი ნაბიჯებით გაიარა და ფართო, ლამაზ ოთახში აღმოჩნდა. კედლებზე ფერწერული ტილოები ეკიდა, ჭერზე კი უზარმაზარი ვენეციური ბროლის ჭაღი. ასეთი ჭაღები, მართალია, არ ხიბლავდა, მისი გემოვნება უფრო მოდერნისკენ იხრებოდა, მაგრამ ესეც ლამაზი იყო, მისი დასაწუნი ნამდვილად არაფერი სჭირდა. ყველაზე მეტად თეთრი როიალის ნახვა გაუკვირდა. არავინ ეგულებოდა მის სამეგობროსა თუ საახლობლოში, თეთრი როიალი ჰქონოდა. ნეტავ თუ უკრავდა ამ ინსტრუმენტზე ვინმე, თუ მხოლოდ ბუტაფორიის როლს ასრულებდა? ნატკა ნამდვილად არ იყო დაკვრის მოყვარული, ფორტეპიანოზე არასდროს უვლია, არც გიტარაზე… რა სიამოვნებით დაუკრავდა თიკო ახლა. ხომ არ აახმიანოს ეს იშვიათი ინსტრუმენტი? ფეხაკრეფით მიუახლოვდა როიალს და ის იყო, თავი უნდა აეხადა, რომ ვერანდიდან საუბრის ხმა შემოესმა. კარი ღია იყო და ყოველი სიტყვა გარკვევით ისმოდა. იმწამსვე ოთახში სიგარეტის მკვეთრი სუნი შემოიჭრა. ფეხის წვერებზე აწეული კარს მიუახლოვდა და შეუმჩნევლად გარეთ გაიხედა. მოულოდნელად სავარძელში ვიღაცის გრძელი, სიგანეზე გაშლილი ფეხები დაინახა. მისდა გასაოცრად, ის უცნობი სწორედ მასზე, თიკოზე ლაპარაკობდა.

- შენ მოგწონს ნატკას გადაწყვეტილება? მე არ ვიცნობ მაგ გოგოს, მაგრამ დარწმუნებულები ხართ, რომ მოუვლის? არ აჯობებდა, ვინმე აგვეყვანა, გამოცდილი ძიძა და მისთვის ჩაგვებარებინა? ცოტა არ იყოს, მეჩვენება, რომ… - უცნობმა აღარ გააგრძელა.

- ახლა ვერავის ვერ ავიყვან, გამორიცხულია, - გაისმა ნატკას ქმრის ხმა, - ჯერ ერთი, სრულიად უცხო ადამიანს ამხელა სახლი და ბავშვი ერთად როგორ ჩავაბარო და მეორეც, არ ვიცი, ბავშვი როგორ შეეგუება უცხოს. მართალია, თიკოც უცხოა მისთვის, მაგრამ ერთი კვირაში ჩვენ გვერდით რომ იქნება, იქნებ მიეჩვიოს. თუ არადა, მოუწევს ნატკას დარჩენა. რა ვქნა, სხვანაირად ვერ მოვიქცევი. ბავშვს კარგა ხანი დასჭირდება, რომ ის საშინელი დღეები დაივიწყოს. არ არის ასე ადვილი. ვიცი, ნატკა ძალიან განიცდის, ასე რომ გადავერთე ნიკაზე, მაგრამ უნდა მოითმინოს, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. ის კი არა, მეშინია, ამის გამო ბავშვი არ შეიძულოს. მაგიტომაც მინდოდა წამეყვანა. ქალების ამბავი არ იცი? ეჭვიანობს. ერთად რომ წავალთ, ცოტათი მაინც დამშვიდდება.

- ეგ მართალია, მაგაში მეც გეთანხმები, მაგრამ რა ვიცი, აბა? ასე მგონია, ნიკას გაუჭირდება ქალთან დარჩენა. ის კი არა, ისიც ვიფიქრე… თუმცა, არა, სისულელეა, - უცნობი სავარძელში შეირხა და თიკო კარს უკან დაიმალა, არ დამინახოსო.

- ვიცი, რაც იფიქრე, მაგრამ არ გამოვა. ჯერ ერთი, სად ვიპოვო ახლა ისეთი კაცი, ყოველდღე აქ რომ ივლის და ბავშვს გაართობს? ეგეთი სამსახური ჩვენთან არ არსებობს. თანაც, მირჩევნია, ქალთან დარჩეს. ასეთ ასაკში დედის სითბო რომ დაგაკლდება, ყოველთვის უმჯობესია, შენ გვერდით ქალმა იტრიალოს და დანაკლისი რაღაცით შეგივსოს.

- მოკლედ, ქალური ტაქტი, არა? - მამაკაცის სასიამოვნო ბარიტონს დაუფარავი ირონია გაერია.

თიკო გაქვავდა. ერთი ნაბიჯით მოშორდა კარს და გაიტრუნა.

- იმედია, ეს დროებითია, ჩემო მირო. ბიჭს მამაკაცების საზოგადოება უფრო სჭირდება. ქალებს უძნელდებათ ბავშვების ჭირვეულობების ატანა. შეიძლება უყვირონ, ხელიც კი შემოჰკრან… ან პირიქით, გაანებივრონ. მთავარია, ბავშვი არ დაიჩაგროს.

- მაგის უფლებას არავის მივცემ. ის არ ეყოფა, უდედოდ რომ დარჩა? დედამისს ნიკას დანახვაც არ უნდოდა. ახლა მოეგო გონს, მაგრამ ახლოს არ გავაკარებ.

- მისიც მესმის, რომ იცოდე.

- რა გესმის, თუ კაცი ხარ! შვილი უნდა მოიძულო იმის გამო, რომ ქმარი ბავშვის სიცოცხლის გადარჩენას გადაჰყვა? რა, ქმარი უფრო უყვარდა, ვიდრე შვილი?

- არ არის გამორიცხული.

- ჰოდა, მით უარესი მისთვის! - ხმას აუწია მირომ.

- კარგი, ჰო, გასაბრაზებლად კი არ მითქვამს, - გაიცინა უცნობმა, - მაგრამ შენი სტუმრის ამბავი დიდად ვერ მაწყნარებს. არ იცი, როგორი გოგოა, რა ზნის, რა ხასიათის… რატომ ხარ დარწმუნებული, რომ ნიკას იმ საშინელების დავიწყებაში დაეხმარება? აქვს ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილება? ფსიქოლოგია თუ რა? - მამაკაცის ხმაში უნდობლობამ და დამცინავმა კილომ ერთდროულად გაიჟღერა.

თიკოს ბოღმა ყელში მოებჯინა. სულაც არ აპირებდა მათი საუბრის ჩუმად მოსმენას, სრულიად უნებლიეთ გახდა ამ ლაპარაკის შემსწრე, მაგრამ მამაკაცების დიალოგი სულელურ მდგომარეობაში აყენებდა და ამან გააბრაზა. წამოენთო, ჩუმად დაიხია უკან, იმ კარისკენ, საიდანაც შემოვიდა, ხმაურით გამოაღო, ვითომ ახლა შემოვიდა და ხმაურითვე მიხურა. მერე მტკიცე ნაბიჯებით გადაჭრა უზარმაზარი ოთახი და ვერანდისკენ აიღო გეზი.

გამოღებულ კარში გავიდა თუ არა, უცნობი მამაკაცის ცნობისმოყვარე მზერას შეეფეთა. ამ უკანასკნელმა ინტერესით შეათვალიერა, მერე ხელი საფერფლისკენ წაიღო, სიგარეტი ჩააქრო და ფეხზე წამოდგა.

მიროც მაშინვე წამოხტა და მისკენ გამოეშურა.

- ცოტა მაინც დაისვენეთ? ნამგზავრი ხართ, დაღლილი იქნებით, - მისმა კეთილმა გამომეტყველებამ თიკოს შვება მოჰგვარა, - იმედია, ჩვენთან მოგეწონებათ.

- გმადლობ, მირო. მიხარია, რომ მომიწვიეთ. საუკუნეა, ნატკა არ მინახავს. ისე მომნატრებია, ლამის ვიტირე, რომ დავინახე. თან ზღვაც ძალიან მიყვარს, ასე რომ, ორმაგი ტუზი დამეცა, -გაიხუმრა თიკომ და მზერით უცნობს გადასწვდა.

მშვენიერი აღნაგობის სიმპათიურმა მამაკაცმა ნაბიჯი მოსაუბრეებისკენ გადმოდგა, მაგრამ შორიახლოს გაჩერდა, თითქოს წარდგენას ელოდებაო.

- ხედავ, ზუზი, როგორი სტუმარი გვყავს?

- ვხედავ, ვხედავ, ლურჯი ფრინველი შემოფრენილა შენს სახლში, ჩემო მირო, - ირონიულად გაიღიმა მამაკაცმა და თავზე ხელი გადაისვა, თითქოს აჩეჩილ თმას ისწორებსო.

თიკოს წამით სახე მოეღრუბლა, უცნობის ირონიას საზღვარი არ ჰქონდა. "ნეტავ ვინ ჰგონია თავისი თავი? ან ეს სახელი რაღაა? კაცს როგორ შეიძლება ზუზი ერქვას? მაგის ადგილას საირონიოდ არ მექნებოდა საქმე!" - ქალმა მწყრალად შეხედა მოღიმარ მამაკაცს და მზერა მაშინვე მიროზე გადაიტანა.

- ნატკა გეგმებს აწყობდა, როგორ გაგაცნობდათ ერთმანეთს, მაგრამ ჩაუვარდა კოვზი ნაცარში. ეს პატივი მე მერგო წილად, - გაიცინა მირომ, - თუმცა თქვენისთანა გარეგნობის ქალს წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება.

"ეს რა სისულელე წამოროშა? რა შუაშია გარეგნობა, როცა ორ ადამიანს ერთმანეთს აცნობენ? დაიბნა მგონი ეს საცოდავი", - გულში გაეცინა თიკოს და ამ ფაქტმა გაამხიარულა.

უცნობი მიროზე მაღალი და მხარბეჭიანი იყო.

- თიკო, გაიცანით ჩემი ძმაკაცი და ბავშვობის მეგობარი ზუზი თავართქილაძე.

"ლუარსაბი", - მსწრაფლ ახალი სახელი მოარგო უცნობის გვარს თიკომ და ღიმილი ვერ შეიკავა.

მამაკაცი ახლაღა დაიძრა მისკენ, მოუახლოვდა, ოდნავ გადმოიხარა და ქალის ხელს ემთხვია. მიუხედავად იმისა, რომ წეღან მისმა დამცინავმა კილომ სიბრაზე მოჰგვარა, მაინც მოიხიბლა უცნობის ჟესტით. ზუზის კეთილშობილურმა და, ამავდროულად, ქედმაღლურმა გარეგნობამ მასზე შთაბეჭდილება მოახდინა. ხშირი, წაბლისფერი თმა ფართო შუბლზე ჩამოჰყროდა, მომშვილდული წარბების ქვეშ მეტყველი მწვანე თვალები უელვარებდა. მოძრავ ბაგეებზე ირონიული ღიმილი დასთამაშებდა. თიკო მხოლოდ იმან დაამშვიდა, რომ თავადაც ცივად უპასუხა უცნობის აშკარად მტრულ დამოკიდებულებას.

სწორედ ამ დროს ნატკა გამოჩნდა და დაძაბულობაც უმალ განიმუხტა.

- ზუზიკუნა, საძაგელო, როდის ჩამოხვედი? მე ისევ რომში მგონიხარ! - აღტაცებით შესძახა ნატკამ, ხელები გაშალა და მამაკაცს გადაეხვია, - როგორ მომენატრე, შე ოხერო, შენა!

- ამ დილით ჩამოვედი და ეგრევე თქვენკენ გამოვეშურე. მეც მომენატრე, გოგონი, თანაც ძალიან-ძალიან, - ორი "ძალიან" ერთმანეთს გადააბა სტუმარმა.

- ჩემი თიკო უკვე გაიცანი? ხედავ, რა ქალია? თვალებს უყენებს კაცებს! მირომ რომ მითხრა, ზუზი მოდისო, ვერ წარმოიდგენ, როგორ გამიხარდა. თიკოს გავაცნობ ჩემი ქმრის საუკეთესო მეგობარს და არ მოიწყენს-მეთქი. თქვენ კი უჩემოდ მოგიგვარებიათ საქმე, -გადაიკისკისა ნატკამ, ზუზის კვლავ მოეხვია და დაქალს თვალი ჩაუკრა.

თიკომ უხერხულად გაიღიმა და პირველსავე სავარძელში ჩაჯდა, თან შეეცადა, ხელიხელგადახვეული ნატკასა და ზუზისკენ არ გაეხედა. ამასობაში მირომ კონიაკი და სირჩები შემოიტანა და მაგიდაზე შემოდგა. თიკო ისე იყო მიკრული სავარძლის ზურგს, თითქოს შვებას მასში ეძებდა. თვითონაც ვერ ხვდებოდა, ასე რამ დაძაბა, ერთიანად დაეჭიმა სხეული. უცნობის ირონიული შენიშვნა და ღიმილი გონებიდან არ ამოსდიოდა.

- ბარემ შოკოლადიც გამოგეტანა, მირო, ა? ბარის ქვედა თაროზე დევს, მწვანე პარკში.

- ვიცი, - მოკლედ მიუგო მირომ და გატრიალდა.

ნატკა ზუზის ესაუბრებოდა. თიკომ მათი საუბრიდან დაასკვნა, რომ ზუზი რომში ნიკას დედას ხშირად ხვდებოდა. რძლის ამბავს ნატკა მოუთმენელი ინტერესით ისმენდა.

- ცდილობს, როგორმე დაივიწყოს ის ტრაგედია, მაგრამ მაინც ვერ შეეგუა. ჩემი ამბავი ხომ იცი, შევუძახებ ხოლმე, დავამუნათებ ჩემებურად. დარწმუნებული ვარ, რომ გაუვლის და ბავშვზეც გული მოუბრუნდება.

- ბიჭო, მობრუნებული არ ჰქონდა? თანახმა იყო, თუკი მირო ბინას გადაუფორმებდა, წაიყვანდა ნიკას და გაზრდიდა. ჩვენც დავეხმარებოდით, განა რამეს დავაკლებდით! მაგრამ არა, შენმა ძმაკაცმა თავი გაიგიჟა, მაგის სახელიც არ მიხსენოო. კინაღამ დაგვენგრა ოჯახი ამის გამო. არა, მითხარი, გაფიცებ ყველაფერს, ვტყუოდი? ბავშვს მამა არ ჰყავს. ახლა დედაც აღარ ჰყავს. არ ჯობდა, დედას გაეზარდა თავისი შვილი? ბიჭი ასე უფრო არ არის ტრავმირებული? სამადლოდ რომ იზრდება ბიძასთან და ბიცოლასთან, უკეთესია? გეკითხები, უკეთესია?

ზუზიმ დუმილით უპასუხა. აშკარა იყო, მეგობრის ცოლის მსჯელობა დიდად არ ეპიტნავებოდა, ან მიროზე საყვედურების მოსმენა არ სიამოვნებდა.

თიკო ისმენდა მათ საუბარს, მაგრამ ცდილობდა, მამაკაცისკენ არ გაეხედა. თვითონაც არ იცოდა, რატომ, მაგრამ უცნობის თვალებს უფრთხოდა. ვერაფრით აეხსნა, რატომ ბოჭავდა ასე ზუზის მზერა. გარდა ამისა, მასზე დამთრგუნველად მოქმედებდა სტუმრის ხავერდოვანი ხმა, ოდნავი ხრინწი რომ გარეოდა და ირონიული ღიმილი, წამითაც რომ არ იშორებდა სახიდან. შიგადაშიგ ზუზი თიკოს ცალი თვალით გულგრილად გადახედავდა და ქალს მისი სიცივე გულზე ლახვარივით ესობოდა.

მირიანმა ფაიფურის თეთრი ვაზით შოკოლადი შემოიტანა და მაგიდაზე დადგა. მერე კონიაკი ჩამოასხა და ერთი სირჩა თიკოს გადააწოდა. თიკომ სირჩა ჩამოართვა და ხელისგულზე დაიდგა. მირო საუბარში ჩაება და როცა ნატკამ წინადადება ჩაამთავრა, მხოლოდ მაშინ ალაპარაკდა.

- ჩემი აზრით, მარის მდგომარეობიდან მხოლოდ გათხოვება გამოიყვანს. მისთვის ნიკა ახლა ზედმეტი ტვირთია. მე ასე ვფიქრობ და თქვენ როგორც გინდათ, ისე გაიგეთ.

- როგორ არა გრცხვენია, მირო, მაგას რომ ამბობ? - დატუქსა ცოლმა, - რა დროს გათხოვებაზეა საუბარი, წელიწადიც არ გასულა, ქმარი მიწას რომ მიაბარა.

- და ეგრევე იტალიაში გაიქცა! - ხმას აუწია მირომ, - გლოვა თუ უნდოდა, რას გარბოდა? დარჩენილიყო და იქნებ მეც მომბრუნებოდა გული! რა, კარგად მოიქცა? ბავშვი უპატრონოდ მიაგდო, მაგის დანახვაც არ მინდაო, მერე კი…

- შენი ბრალია, თუ გაიქცა. შენ აიძულე. ცოტა რომ მორბილებულიყავი, ახლა აქ იქნებოდა და თავის შვილს თვითონ მიხედავდა.

- მოკეტე ახლა! - მირომ მოთმინება დაკარგა და ცოლს თვალები დაუბრიალა.

- შენ მართალი ხარ, მირო. მარის ახლა მართლაც სჭირდება ვიღაცაზე გადართვა და ვიცი, რომ ეს არ გაუჭირდება. იგი უმამაკაცოდ დიდხანს ვერ გაძლებს. ძალიან ახალგაზრდაა იმისთვის, რომ მთელი ცხოვრება ქმარი იგლოვოს. თანაც, იტალია სხვანაირი ქვეყანაა. ისეთი ბიჭებითაა იქაურობა სავსე, რომ, ოოო! - კვლავ იგივე ირონია, იგივე სარკასტული ღიმილი…

თიკოს ლამის შეამცივნა ზუზის ღიმილზე. აშინებდა ამ კაცის სახის გამომეტყველება.

- კარგი, გვეყოფა ახლა, ნუ მოვაძულებთ თავს სტუმარს. აქ იმისთვის კი არ ჩამოსულა, რომ ჩემი რძლის საყვედურები ისმინოს. მოდი, დავლიოთ ცოტა და გავმხიარულდეთ, თორემ თიკო იფიქრებს, ეს სად მოვხვდიო.

მიროს თბილმა სიტყვებმა და კეთილმა ღიმილმა თიკოსაც მოჰგვარა ღიმილი. შეჰყურებდა სამივეს და ცოტათი შურდა კიდევაც, ასე ახლოს რომ იყვნენ ერთმანეთთან. მოწყურებული იყო ასეთ მეგობრობას. მოსკოვში დიდად არავის დაახლოებია, აქაური მეგობრები კი ნელ-ნელა შემოეფანტნენ. ერთი ნატკა შერჩა და ისიც შორს იყო მისგან. ბოლო დროს ხომ საერთოდ, არავის ეკარებოდა დემნას გადამკიდე. მის გარდა ქვეყანაზე ყველა გადაავიწყდა…



რატომღაც, ზუზის დინჯი, ხავერდოვანი ხმა თიკოზე დამამშვიდებლად მოქმედებდა და ცდილობდა, მასზე საკუთარი აზრი ჩამოეყალიბებინა. მირო აშკარა პატივისცემით ეპყრობოდა ძმაკაცს. მათი საუბრიდან თიკომ საჭირო დასკვნები გამოიტანა. მიხვდა, რომ ზუზიც ბიზნესით იყო დაკავებული, თანაც, ერთობ წარმატებულით.

ზუზი ხანდახან გამოხედავდა ახალგაცნობილ ქალს. ქედმაღლური, ჯიქური მზერით შეავლებდა თვალს, რაც თიკოს გაღიზიანებას იწვევდა და შვებით ამოისუნთქა, როცა მამაკაცი წამოდგა და წასვლა დააპირა. მან სადილად დარჩენაზე უარი განაცხადა, იქ მყოფთ დაემშვიდობა და გასასვლელისკენ გაეშურა. იგი ნატკამ გააცილა.

როგორც იქნა, თიკო მოეშვა, დაძაბულობამ გაუარა და მიროსთან მარტო დარჩენილმა თავისუფლად იგრძნო თავი. დაქალის ქმარსაც უნდოდა, რომ სტუმარი რაც შეიძლება მალე გაშინაურებულიყო. ამიტომ გუდას თავი მოხსნა და სახალისო ამბების მოყოლა დაიწყო.

მოულოდნელად თიკომ იგრძნო, რომ ვიღაც უყურებდა. თავი მიაბრუნა და კართან ატუზული პატარა ბიჭი შეამჩნია. მირომ მის მზერას თვალი გააყოლა და როცა პატარა დაინახა, გაღიმებული სახით დაუძახა:

- ნიკა, მოდი ჩვენთან, ნუ გრცხვენია.

ბიჭუნა თითქოს ამ სიტყვებს ელოდაო, გახარებული მოსწყდა ადგილს, ოთახი სირბილით გადმოჭრა და ბიძის მუხლებში ჩარგო თავი. მირომ ბავშვს ალერსიანად გადაუსვა ხუჭუჭა თმაზე ხელი.

- რა ქენი, ლექსი ისწავლე?

- კი, უკვე ვისწავლე, მაგრამ აქ არ ვიტყვი, - ბიჭმა ხუჭუჭა თავი ასწია და ბიძას ხშირწამწამებიანი თვალები შეანათა.

ძალიან ლამაზი ბავშვი იყო, თიკო თვალს არ აშორებდა. რაც უფრო აკვირდებოდა პატარას, მით უფრო ეკუმშებოდა გული. ბიჭუნას სახე გაჰფითრებოდა და თვალის უპეები ჩაშავებოდა, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ უძილობას შეეწუხებინა. მერე ნიკამ მზერა თიკოზე გადაიტანა და მორცხვად შეხედა.

მიროს გაეცინა.

- მოგწონს? ხომ ლამაზი დეიდაა?

ბიჭმა თავი დაუქნია და ასე, თავჩაღუნული დარჩა, თან ბიძამისის მუხლებს მიეტმასნა.

- ჰოდა, ძალიან კარგი. ეს დეიდა ჩვენთან იცხოვრებს. მიდი, მიესალმე.

ნიკა მიროს მოშორდა, მაგრამ თიკოსკენ ნაბიჯი არ გადაუდგამს, დამორცხვებული იდგა და იღიმოდა.

- მიდი, რისი გრცხვენია, კაცი არ ხარ? ამ დეიდამ თქვა, მე და ნიკა უნდა დავმეგობრდეთო.

თიკომ თანხმობის ნიშნად თავი დააქნია და გუნებაში გაუელვა - რა უსამართლობაა, რომ ბავშვების ასე მოსიყვარულე კაცს ღვიძლი შვილი არ ჰყავსო.

ნიკა, იმის მაგივრად, რომ თიკოს მიახლოებოდა, ბიძამისს მოეხვია, ხელები კისერზე შემოაჭდო და მკერდზე მიეხუტა.

- მიდისო და მართალია? - ნახევრად ჩურჩულით შეეკითხა.

- სულ ცოტა ხნით, ნიკა, სუუულ სუულ ცოტა ხნით, - მიუგო მირომ და "სულ ცოტა ხნით" საჩვენებელი და ცერა თითით მონიშნა.

- ნატკაც?

- კი, ნატკაც და შენთან თიკო დეიდა დარჩება. ხომ თქვი, მომწონსო, ჰოდა, შენ იცი, არ გააბრაზო, ხომ?

ბავშვს სახე შეეცვალა, ტუჩები აუკანკალდა და უფრო მაგრად მიეხუტა მიროს.

- მე შენთან მინდა, ძია, აქ არ მინდა! - ყრუდ ამოთქვა და თავი ჩაღუნა.

მირომ ქოჩორზე მოქაჩა ბავშვს, მერე ხელის სწრაფი მოძრაობით აუჩეჩა თმა და შუბლზე აკოცა.

- იცი რა მალე გაივლის დრო? მონატრებას ვერ მოასწრებ, რომ ჩვენ უკვე აქ ვიქნებით.

- შენთან მინდა… - არ ნებდებოდა ნიკა.

- მერე შენც წაგიყვან, კარგი? ახლა ვერა. ახლა სამსახურის გამო მივდივარ, იქ კი ბავშვები არ დაჰყავთ.

ნიკას თვალები გაუბრწყინდა.

- მართლა წამიყვან, ძია მირო? მართლა?

- აბა რა. განა ოდესმე მომიტყუებიხარ?

თიკოს კიდევ უფრო შეეცოდა პატარა. მამადაკარგულს და დედის ალერსს მოკლებულს იმის ეშინოდა, მოსიყვარულე ბიძაც არ დაეკარგა.

ოთახში ნატკა შემოვიდა. მას მიროს მძღოლი შემოჰყვა თან, გრიშა.

- წამო, ვისადილოთ, - ხელი აიქნია ნატკამ, - გრიშას მოტანილი და მაროს მომზადებული თევზი დავაგემოვნოთ.

სადილის დროს ნატკა ცდილობდა, ქმრისთვის თავი მხიარულად მოეჩვენებინა, უკბილოდაც კი გაიხუმრა, მაგრამ მისი ყოველი ქმედება აშკარად ხელოვნურად მოჩანდა და თიკო მიხვდა, რომ დაქალი რაღაცის დამალვას ცდილობდა.

მირო ან ვერ ამჩნევდა ამას, ან არ უნდოდა შემჩნევა და თავს იკატუნებდა.

ფაქტი იყო, ნატკას აღიზიანებდა მიროს ნიკასთან დამოკიდებულება. თითქოს თვითონაც ცდილობდა, ბავშვის მიმართ სითბო გამოეხატა, მაგრამ საშინლად უნიჭოდ გამოსდიოდა. "როგორ არაგულწრფელ შთაბეჭდილებას ტოვებს ეს გოგო", - უკმაყოფილოდ გაიფიქრა თიკომ.

სამაგიეროდ, ნიკათი მოიხიბლა. ჩანდა, რომ ბავშვი კარგად იყო აღზრდილი და ლაპარაკობდა მხოლოდ მაშინ, როცა მას მიმართავდნენ. არც ერთხელ უფროსების საუბარში არ ჩარეულა, არც ჭამის დროს ამოუღია ხმა. სადილის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ ბიძას უყურებდა, თანაც ისეთი მოწიწებითა და აღფრთოვანებით, ადამიანს გული მოუკვდებოდა. იგრძნობოდა, რომ მისთვის ამქვეყნად სხვა, უფრო ძვირფასი ადამიანი არ არსებობდა. მკითხაობა არ სჭირდებოდა იმას, რომ მიროს გვერდით ყოფნას ბავშვისთვის უდიდესი ბედნიერება მოჰქონდა.

როცა ჭამას მორჩნენ, მირო თავის კაბინეტში გავიდა. გასვლისას მან კიდევ ერთხელ აუწეწა თმა ბიჭუნას, რომელმაც ბიძას სევდიანი მზერა გააყოლა. როცა მარომ მაგიდა აალაგა და დაქალები ნიკასთან ერთად მარტონი დარჩნენ, ნატკამ მოულოდნელად საჭიროზე ხმამაღლა წამოიძახა:

- ნიკა, გრიშასთან წადი და სთხოვე, ხელ-პირი დაგაბანინოს. ცოტა ხანში სასეირნოდ უნდა წავიდეთ!

- ახლავე, ნატკა დეიდა, - მორჩილად მიუგო ბავშვმა, სკამიდან წამოხტა და ოთახიდან ისე გავიდა, თითქოს ფეხები უკან რჩებაო.

ნატკას სუნთქვა გახშირებოდა.

- ნატ, რა გჭირს? - მხარზე ხელი დაადო თიკომ მეგობარს.

- ის წავიდა, მაგრამ მისი აქ ყოფნა მაინც იგრძნობა. ეს ნორმალურია? - აწუწუნდა.

- აზვიადებ, გეფიცები, - განაწყენდა თიკო.

- ხედავ, მირო როგორ ექცევა? მარტო იმას აქცევს ყურადღებას, მე თითქოს არც ვარსებობდე. ძალიან გთხოვ, არ მითხრა ახლა, მეცოდებიო, თორემ გავგიჟდები. ისედაც დიდი ხანია, ხმამაღლა დაყვირება მინდა!

- შენ მართლა უნდა გაემგზავრო ცოტა ხნით, - რაც შეიძლებოდა, მშვიდად წარმოთქვა თიკომ, - კარგია, რომ ქალაქიდან გადიხარ. არ დაგიმალავ და, არ მომწონს შენი ქცევა. რადგან შენი მეგობარი მქვია, ვალდებული ვარ, სიმართლე პირში გითხრა. ასე არ შეიძლება, შენს საქციელს გამართლება არა აქვს. მირო გრძნობს შენს ნიკასთან დამოკიდებულებას, იცი? დებილი ხომ არ გგონია ამხელა კაცი? რა გაქვს საეჭვიანო? ის თუ შვილივით უყვარს, შენ ცოლივით უყვარხარ. ეს ორი, სრულიად განსხვავებული სიყვარულია და…

- თიკუნა, განა ვერ ვხვდები, რომ ვერ ვიქცევი ისე, როგორც საჭიროა? მაგრამ რა ვქნა, ვერაფერს ვერ ვუხერხებ ჩემს თავს. არ ვიცი, ასე რამ გამაბოროტა. მეც რომ ისე მოვექცე ამ ბავშვს, როგორც მირო ექცევა, ჩვენს საწოლში ამოყოფს თავს. მას თავისი ოთახი აქვს და სულაც არ მინდა, ჩვენთან გადმოინაცვლოს. მირო მთელი ღამეს იმას აყურადებს, მშვიდად თუ სძინავსო. სექსის დროსაც კი იმისკენ აქვს ყურადღება მიპყრობილი, - დამცინავად ჩაიცინა.

- ადრე თქვენს ოთახში ეძინა?

- არა, მაგრამ მისი ოთახი ჩვენი საძინებლის გვერდითაა და კარი მთელი ღამე ღიაა, რადგან ხშირად ეღვიძება. წამოიყვირებს ხოლმე ძილში და ესეც დაფეთებული მასთან გარბის. რამდენჯერ დილამდე დარჩენილა იქ.

ნატკამ სიგარეტს მოუკიდა. თიკომ შეამჩნია, როგორ უკანკალებდა თითები დაქალს. ძლიერად იყო აღგზნებული. მიხვდა თიკო, რომ ნატკას აუცილებლად უნდა დახმარებოდა. ვერ ცნობდა მეგობარს, ის სულ სხვანაირი ახსოვდა, ახლა კი ძალიან შეცვლილი ეჩვენა. ასე თუ გააგრძელებდა, ეჭვი არ იყო, ოჯახი დაენგრეოდა.
გაგრძელება
იხილეთ წინა თავი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93