ნოველები

თამაში მზესთან - თავი 3

თამაში მზესთან - თავი 3
დასაწყისი
თვალები დახუჭა და შეეცადა, მოვლენებისთვის ნატკას თვალით შეეხედა. ნუთუ მასაც დაემართებოდა ასეთი რამ, მიროს ცოლი რომ ყოფილიყო? არა, არავითარ შემთხვევაში! ჯერ ერთი, ძალიან უყვარდა ბავშვები, ადვილად შეეძლო გაშინაურებოდა, შეჭრილიყო მათ სამყაროში, ეს კი ოჯახის შენარჩუნებაში ყველაზე მეტად დაეხმარებოდა. ნატკას პირიქით, ბავშვები არასდროს აინტერესებდა. ამიტომაც არ აჩენდა შვილს. სწორედ მათ გამო არ ჰქონდა ნორმალური ბავშვობა, რამაც სერიოზული დაღი დაამჩნია მის ცხოვრებას, რომელსაც ამჯერად უფრო დიდი საფრთხე ემუქრებოდა.
თიკო მხარზე მიეხუტა.
- არაფერზე იდარდო, - ჩურჩულით უთხრა, -
შემდეგ კვირას თქვენ ორივენი უკვე შორს იქნებით. ჩათვალე, რომ ეს თქვენი მეორე თაფლობის თვეა, კარგი? - მან ეშმაკურად გაიღიმა და დაამატა, - ცოტა არ იყოს, მშურს შენი, ოღონდ თეთრი შურით. ძალიან საინტერესო ადამიანია შენი ქმარი. ვხვდები, რატომაც გეშინია მისი დაკარგვის, მისი შეყვარება ძალიან ადვილია, - ამ სიტყვებით თვალებში ჭინკები აუთამაშდა, თითქოს დაქალს აეჭვიანებდა, რათა მისთვის ხასიათი შეეცვალა.
- უყურე ერთი ამას, - გადაიკისკისა ნატკამ, - გინდა, რომ ჩემი მეტოქე გახდე? - მსწრაფლ შეეცვალა გუნება-განწყობილება, გამხიარულდა და თიკოს გადაეხვია, - მიხარია, რომ ჩემი გესმის.
- მე კი მიხარია, რომ სიცილის ხასიათზე დაგაყენე.
- მოდი, თიკუნა, მე და შენ გავისეირნოთ, ნიკა დარჩეს სახლში, გრიშასთან. რას იტყვი?
სანამ თიკო პასუხს გასცემდა, ოთახში ნიკა შემობრუნდა. კოხტად დაბანილ-დავარცხნილი კართან აიტუზა. იდგა მარტოსული და დაბნეული. თიკომ იგრძნო, რა მდგომარეობაშიც იმყოფებოდა ბიჭუნა.
- გავისეირნოთ და ნიკაც თან წავიყვანოთ, - თიკომ ჯერ ხელები მუხლებზე დაიტყაპუნა, მერე წამოდგა და ბავშვს მიუახლოვდა.
ბიჭმა ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, მაგრამ თიკო არ დანებდა, ხელი მხარზე მოხვია და მისკენ დაიხარა.
- ნიკა, იცი რა? მე პირველად ვარ ბათუმში და აქაურობის არაფერი ვიცი. ხომ დამეხმარები ქალაქის დათვალიერებაში? შენნაირი კაცი რომ მეყოლება გვერდით, არაფრის არ შემეშინდება.
ბიჭუნა ყოყმანობდა, არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო - ამ უცნობ დეიდას გაჰყოლოდა თუ შინ დარჩენილიყო. კითხვით სავსე მზერა ნატკას მიაპყრო, თითქოს ნებართვას მისგან ელოდა.
პასუხის ნაცვლად ნატკამ თბილად გაუღიმა და ნიკას იმედი მოეცა.
- კარგი, წავიდეთ, - ჩუმად ამოღერღა და თიკოს ხელში ხელი ჩაჰკიდა.
ქალს გული მოეწურა, როგორც კი ბავშვის გაოფლილი ხელისგული შეეხო. «როგორ ნერვიულობს საწყალი», - გაიფიქრა.
- მაშინ წავალ, ფეხსაცმელს გამოვიცვლი, თორემ მაღალ ქუსლებზე ვერ ვიბაკუნებ, - ისეთი აღტაცებით შესძახა, თითქოს ქალაქის დათვალიერებაზე დიდი ნატვრა არაფერი ჰქონოდა.
როცა ესპადრილები ჩაიცვა და ოთახიდან გამოვიდა, კართან მომლოდინე მირო დაინახა.
- თიკო, აი, აიღე. აქ ასი ლარია. ჩვენ ხომ უკვე მეგობრები ვართ. ეს ფული დაგჭირდება, ნიკასთან ერთად გასეირნება ძვირი სიამოვნებაა. იმედია, ცუდად არ გამიგებ, კარგი? გთხოვ, უარი არ მითხრა.
თიკო უხერხულად შეიშმუშნა, სახეზე წამოწითლდა, მაგრამ ფული მაინც გამოართვა. რა თქმა უნდა, უარი მხოლოდ მეტიჩრობაში ჩაეთვლებოდა, თორემ უფულობას ნამდვილად არ უჩიოდა.
როცა თიკო და ნიკა დაბლა ჩავიდნენ, ნატკა უკვე ჩაცმული დახვდათ. ახლა უფრო მშვიდად გამოიყურებოდა, გაიღიმა კიდევაც.
- თიკო, მე სალონში უნდა გავიარო. თქვენ უჩემოდ წადით სასეირნოდ, კარგი? ამასობაში ბავშვიც მიგეჩვევა. მერე კი მეც შემოგიერთდებით. შეიძლება თეატრშიც წავიდეთ.
- როგორც გინდა, - გაოცებულმა თიკომ მხრები აიჩეჩა და ნირწამხდარი გარეთ გავიდა.
- აბა, შენ იცი, ჭკუით იყავი, მეგობარი არ გამიბრაზო, ხომ? ნამდვილი ვაჟკაცი უნდა იყო და კარგი კავალერი. გესმის ჩემი?
- მესმის, ნატკა დეიდა. მე ვიზრუნებ მასზე, - დიდი კაცივით უპასუხა ნიკამ და თიკოს ხელი ჩასჭიდა.
გრიშას მანქანა უკვე დაექოქა. როგორც კი ჩასხდნენ, ბავშვი ახლოს მიუჯდა თიკოს. ამ უკანასკნელმა მხარზე გადახვია ხელი, მერე კი ფანჯრიდან ქუჩების დათვალიერებას შეუდგა.
ცოტა ხანიც და მანქანა ბულვარზე გაჩერდა. თიკო და ნიკა გადმოვიდნენ. ბიჭმა კვლავ ჩაჰკიდა ქალს ხელი და ხეივანს ჩაუყვნენ. ქუჩა სავსე იყო დამსვენებლებით. შილიფად ჩაცმული გოგოები და შორტებიანი ბიჭები ხმაურით იკლებდნენ იქაურობას და ზღვისკენ მიიჩქაროდნენ.
თიკომ ორი ნაყინი იყიდა და მერხზე ჩამოჯდა. ერთხანს არც ერთი ხმას არ იღებდა. თიკოს უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ არ იცოდა, რითი დაეწყო საუბარი. ამასობაში ბავშვმა ნაყინი შესანსლა და იქვე, შორიახლოს დამაგრებულ ხის ცხენზე აბობღდა. თან იცინოდა, თან ფეხებს აქეთ-იქით აქნევდა.
შემდეგ პარკში გაისეირნეს. ჯერ ტირში მოსინჯეს ძალები, ისროლეს, გაერთნენ. თიკომ მიზანში ზუსტად ისროლა და ზამბარიანი სათამაშო გველი მოიგო. ნიკა ისე იყო გახარებული, სულ თვალებში შესციცინებდა თიკოს, რომელიც ყველა სურვილს უსრულებდა.
მერე კარგა ხანს იხეტიალეს ბულვარზე. სანაპიროზეც ჩავიდნენ, ზღვის ტალღებს უყურეს. თიკო თანდათან მოთენთა სიცხემ, ბავშვს კი დაღლა არც შესტყობია. ბოლოს მშიაო, ხმადაბლა თქვა. თიკომ კაფეში შეიყვანა და ცარიელ მაგიდას მიუსხდნენ. თიკომ აჭარული ხაჭაპური და ლიმონათი შეუკვეთა. ბიჭუნა ლიმონათს წრუპავდა და თიკოს ორი დღის წინანდელ ამბავს უყვებოდა, როგორ წაიყვანა ძია მირომ ზღვაზე და კატერით გაასეირნა.
ამასობაში ოფიციანტმა ხაჭაპური მოიტანა. სწორედ ამ დროს ნიკა სკამიდან ადგა, თავისი სათამაშო გველი დაქოქა და ძირს, იატაკზე დადო.
ქალის მოულოდნელმა კივილმა იქაურობა გააყრუა. თიკო გაშეშდა. მეზობელ მაგიდასთან ვიღაც სკამზე ამხტარიყო, ძირს იყურებოდა და განწირულად კიოდა.
ნიკა უეცრად გამოიქცა და თიკოს სკამს ამოეფარა. თიკომ ახლაღა შეამჩნია აკივლებული ქალის სკამის ფეხებთან მცოცავი სათამაშო გველი.
მაგიდის ირგვლივ ხალხი შეგროვდა.
თიკო მიხვდა, რამაც შეაშინა უცნობი ქალი და მის დამშვიდებას შეეცადა, მაგრამ გულამოვარდნილმა ორი სიტყვის თქმაც ვერ მოახერხა. სწორედ ამ დროს შეამჩნია, როგორ გამოეყო შეგროვებულ ხალხს მამაკაცი. მან ხელი დაავლო სათამაშოს და მაღლა ასწია. თიკო ენაჩავარდნილი მისჩერებოდა ამ სცენას და ხმას ვერ იღებდა. საიდანღაც გაჩენილი ზუზის დანახვაზე თვალები გაუფართოვდა.
ზუზი უარეს დღეში ჩავარდა, როცა მიხვდა, რომ ხელში ნამდვილი კი არა, სათამაშო გველი ეჭირა. წამიც და, მამაკაცმა ჩვეული ქედმაღლობის ნიღაბი აიფარა.
- ეს სათამაშოა, ქალბატონო, ნუ გეშინიათ, - მიმართა სკამზე შემხტარ დამფრთხალ ქალს. ვიღაცამ გულიანად გაიცინა, მერე სხვებიც აჰყვნენ და თანდათან დაიშალნენ, რადგან სეირი დამთავრდა.
შეშინებული უცნობი კი სკამიდან ჩამოსვლას ვერ ბედავდა.
- როგორ თუ სათამაშო? ასე ხუმრობა შეიძლება? - იწივლა გაბრაზებულმა და შუბლშეკრული ზუზის მიაჩერდა, - თქვენ მოგწონთ თქვენი შვილის საქციელი? შეხედეთ ერთი, თქვენს მეუღლეს წარბიც არ შეუხრია!
ზუზიმ სათამაშო ჯიბეში ჩაიდო და ქალს ძლივს შესამჩნევი ღიმილით თავშეკავებით მიმართა:
- მათ მაგივრად ბოდიშს გიხდით, ქალბატონო. ნება მომეცით, მოგეხმაროთ, - ამ სიტყვებით ხელი გაუწოდა, - იმედი მაქვს, არ დაშავდით, - მერე მომაჯადოებლად გაუღიმა «დაზარალებულს» და სკამიდან ჩამოსვლაში მიეხმარა.
შეშინებულმა თიკომ მხოლოდ ახლა შეხედა თავის მხსნელს და მისი გალანტურობით მოხიბლულმა თვალი ვერ მოსწყვიტა. ზუზი უცნობ ქალს მოემსახურა, კიდევ რამდენიმე სიტყვა უთხრა, მის თანმხლებ პირებსაც მოუხადა ბოდიში და იმ მაგიდისკენ გამოეშურა, რომელსაც ნიკა და თიკო უსხდნენ. თიკო რაღაც გამოუცნობის მოლოდინში დაძაბული და გარინდული იჯდა.
დარცხვენილი და შეცბუნებული ნიკა ლიმონათს წრუპავდა, ხაჭაპურისთვის პირი არ დაუკარებია. როგორც კი ზუზი მოვიდა, თავი ასწია და მუდარით სავსე მზერა მიაპყრო.
- ზუზი ძია, დამიბრუნეთ ჩემი სათამაშო, რა.
- რა თქმა უნდა, აუცილებლად დაგიბრუნებ, მაგრამ ვფიქრობ, იმ ქალბატონს ბოდიში უნდა მოუხადო.
- მე მისი შეშინება არ მინდოდა. უცებ გამივარდა ხელიდან. - ბავშვმა თავი იმართლა და თიკოს გადახედა, მზერით სთხოვდა, დამეხმარეო. «საწყალი ბიჭი», - გაიფიქრა თიკომ და რატომღაც საშინლად გაღიზიანდა. როგორ ყველა ჩაგრავს ამ უდედმამო ბავშვს, როგორ არ რცხვენიათ?
ზუზი დაჯდა, სავარძლის საზურგეს გადააწვა და სახე მზეს მიუშვირა.
თიკოს გული ამოვარდნაზე ჰქონდა, განერვიულებულმა ხმა ძლივს ამოიღო:
- ნიკას არავის შეშინება არ უნდოდა. ეს საჩუქარი მე ვუყიდე და დამნაშავეც მე ვარ. ყველაფერი ისე მოულოდნელად მოხდა…
მამაკაცმა თვალები გაახილა და ქალს ირიბად, ცივი მზერით გახედა:
- ამას არა აქვს მნიშვნელობა. დააშავა და ბოდიში უნდა მოუხადოს. კაცი დამარცხებასაც უნდა მიეჩვიოს, - ამ სიტყვებით ნიკას ანიშნა, გამომყევიო და უცნობი ქალისკენ გაემართა.
ნიკა მხრებჩამოყრილი, ზლაზვნით გაჰყვა უკან. თიკომ თავი მიიბრუნა, ბოდიშის მოხდის სცენის დანახვაც არ უნდოდა. ისედაც დათრგუნული ბავშვის ამ დღეში ჩაგდება სასტიკად არ სიამოვნებდა.
- თიკო, კონიაკს ხომ არ დალევდით ჩემთან ერთად? - შემოესმა მოულოდნელად.
მსწრაფლ გასწორდა სკამზე და თავზე წამომდგარ ზუზის გამჭოლი მზერით ახედა.
- არა, გმადლობთ, მე ლიმონათს ვსვამ.
- ბავშვები ძალიან გიყვართ? - შეეკითხა მამაკაცი და დაჯდა თუ არა, ოფიციანტს ხელით ანიშნა, მოსულიყო.
- რატომ გაინტერესებთ? - მტრულად შეეკითხა ქალი.
- უბრალოდ, მინდა ვიცოდე, - გულგრილად მიუგო ზუზიმ და ოფიციანტს კონიაკის მოტანა სთხოვა.
რამდენიმე წუთის შემდეგ იგი უკვე ცარიელ სირჩებს ავსებდა. მერე ერთი თიკოს გაუწოდა, თავისი ასწია და ღიმილით თქვა:
- თქვენი ჩამოსვლისა იყოს. ვინ იცის, შეიძლება ეს ქალაქი თქვენთვის ბედნიერების მომტანი აღმოჩნდეს.
დაბნეულმა თიკომ რაღაც წაილუღლუღა, კონიაკი ნახევრამდე მოსვა და მაშინვე იგრძნო, როგორ გაუხურა სხეული ალკოჰოლმა. ისე შემსუბუქდა, რომ ისიც კი გაიფიქრა, რა კარგი ვქენი, ბათუმში რომ ჩამოვედიო.
ამ დროს სასიამოვნო მელოდიის ხმა გაისმა და თიკოს წამიერად გონება გაეფანტა. როცა ირგვლივ თვალი მოავლო, ზუზის დაჟინებულ მზერას წააწყდა. ღაწვები შეეფაკლა და მაშინვე კონიაკი მოსვა, რომ დაბნეულობა დაეფარა.
ზუზიმ კვლავ შეუვსო სირჩა.
- არა, მადლობა, მეტს ვერ დავლევ. ისედაც, საერთოდ არ ვსვამ, არ მიყვარს დალევა.
- არც მე, მაგრამ ეს განსაკუთრებული შემთხვევაა. ნატკა სად არის? რატომ თქვენთან ერთად არ წამოვიდა?
- სალონშია. მოგვიანებით შემოგვიერთდება.
- აბა, თქვენ ვიღამ მოგიყვანათ აქა? - მკვახედ იკითხა ზუზიმ. როგორც ჩანს, არ მოეწონა, რომ თიკო ბავშვთან ერთად მარტო გამოუშვეს.
- ნატკამ გრიშას ჩააბარა ჩვენი თავი. დამპირდა, მოვალო, მაგრამ თუ არ მოვიდა, საღამოს თეატრთან შეგვხვდება.
თიკო ჩქარ-ჩქარა ლაპარაკობდა, ეშინოდა, ზუზიმ გაცილება არ შემომთავაზოსო. დარწმუნებული იყო, რომ ზუზის მხოლოდ ნიკა აინტერესებდა, ნიკა და დედამისი… მარი. თუმცა, უკვირდა, რომ მამაკაცი ამდენ დროს მასთან საუბარში ხარჯავდა. თან აღიზიანებდა ეს კაცი, თან მოსწონდა.
ფიქრებიდან ზუზის ხმამ გამოარკვია. იგი კვლავ დაჟინებით შესცქეროდა:
- გაგიმართლათ, ბათუმში ზაფხულში რომ ჩამოხვედით. იცით, რამდენი კონცერტი და ფესტივალი ტარდება ამ სეზონზე? უამრავი. მოგეწონათ ბათუმი?
- ძალიან. ვნანობ, რომ აქამდე არ მომეცა აქ დასვენების საშუალება.
- მე კიდევ არ მიყვარს ზაფხული ბათუმში. პირველი შემთხვევაა, როცა ამ დროს აქ ვარ. გაიხედავ და ირგვლივ ლამის ჭყლეტაა, უამრავი ხალხი ირევა, პლაჟზე ხომ, ფაქტობრივად, თავისუფალ ადგილს ვერ იპოვი. აი, ზამთარში სულ სხვაა. ისეთი სიწყნარეა, სული დაგიმშვიდდება ადამიანს. ირგვლივ სულ შენიანები ირევიან, თითქოს ყველა ნაცნობია. ახლა კი უცხოებითაა აქაურობა სავსე. სულ სხვა სანახავია, როცა გარეთ ცივა, აქაურები კი თბილ კაფეებში არიან შეყუჟულები, საუბრობენ და ყავას სვამენ. საოცარი სიმყუდროვეა ხოლმე. მიხარია, როცა ცივ დღეებში აქ ჩამოსასვლელ დროს გამოვნახავ.
- თქვენ აქაური არ ხართ? - გაიოცა თიკომ.
- არა. ფესვები აქაური მაქვს, დიდი ბებია-ბაბუა ბათუმელები იყვნენ, მაგრამ მერე ბაბუაჩემმა აქ ყველაფერი გაყიდა და თბილისში გადავიდა საცხოვრებლად, რადგან დედისერთა თბილისელი შეუყვარდა და მშობლებმა ბებიაჩემი ბათუმისთვის ვერ გაიმეტეს, - ზუზიმ გაიცინა, - ჰოდა, მამაჩემი თბილისში გაჩნდა, მერე მეც. ასე რომ, ბათუმელობას დიდად ვერ დავიჩემებ. ბათუმი ხომ მიყვარს, მაგრამ თბილისი ყველა ქალაქს მირჩევნია. სადაც უნდა ვიყო, ჩემი ქალაქი ყველაზე მეტად მენატრება ხოლმე.
- აქ სახლი გაქვთ?
- აქაც და თბილისშიც. სახლიც და ბინაც. ჩემდა სასიკეთოდ, ისე ამეწყო ცხოვრება, რომ მატერიალურად უზრუნველყოფილი ვარ. - ამ სიტყვებით რაღაცნაირად გაიღიმა, თითქოს თავისი სიმდიდრით ამაყობსო, რაც თიკოს ძალიან არ მოეწონა.
- თბილისში გაქვთ ბიზნესი?
- იქაც, მაგრამ ძირითადად თურქეთში. ბაბუაჩემმაც იქ აიწყო ცხოვრება, მერე მისი დაწყებული საქმე მამაჩემმა გააგრძელა, ახლა კი მე. სასტუმროების ქსელი გვაქვს. სხვათა შორის, ორი წელია, იტალიაშიც გავხსენით სასტუმრო, ამიტომ ბოლო დროს იქითაც ხშირად მიწევს გამგზავრება.
თიკო უსმენდა ზუზის, მაგრამ ყურადღება ნიკასკენ ჰქონდა, რომელიც მადიანად ილუკმებოდა. სულაც არ აინტერესებდა, რითი იყო დაკავებული ზუზი, მაგრამ ზრდილობის ნორმებს გვერდს ვერ აუქცევდა.
ამასობაში ოთხი საათი გახდა. გრიშამ დარეკა, ორ წუთში კაფესთან ვიქნები და დაგელოდებითო. თიკომ ზუზის მადლობა გადაუხადა, ამდენი ხანი მათთან რომ დაჰყო და ნიკასთან ერთად მანქანისკენ გაემართა.
თეატრის შენობასთან დროზე მივიდნენ. საპარიკმახეროდან დაბრუნებული ნატკა თავისი ლამაზი ვარცხნილობით არაჩვეულებრივი სანახავი იყო.
- დაიღალეთ? - ღიმილით შეეკითხა დაქალს და მანქანაში ჩაჯდა, - გარეთ ცხელა, აქ დაველოდოთ. სანამ კარს გააღებენ, გრილად მაინც ვიქნებით. აბა, როგორი დრო ატარეთ?
- სასიამოვნო, - ცოტაოდენი სარკაზმი გაურია თიკომ ხმაში, რითიც დაქალს აგრძნობინა, სულაც არ ვარ მოხიბლული, ბავშვთან მარტო რომ დამტოვეო.
- მაპატიე, რომ ვერ შემოგიერთდით, ვერაფრით ვერ მოვახერხე. ჩემს სტილისტს იმდენი ხალხი ჰყავდა…
- აკი ჩაწერილი ვარო? - თიკომ გამჭოლი მზერა მიაპყრო.
- ჰო, მაგრამ დავაგვიანე და სხვა დასვა ჩემ მაგივრად. მერე კიდევ ერთი ელოდებოდა და სანამ ის არ გაისტუმრა, ველოდებოდი.
- ჩვენ კიდევ ზუზი ძია შეგვხვდა, - ახარა ნიკამ, - და აი, ახალი სათამაშოც მაქვს.
- ზუზი ნახეთ? სად იყო?
- შემთხვევით შეგვხვდა, - თიკო, რატომღაც, გაწითლდა.
- ხომ კარგი ტიპია? არ მოგწონს? - ეშმაკურად გაუღიმა ნატკამ, - სხვათა შორის, უცოლოა, -ჩაუკრა.
- საინტერესო ადამიანია, ჩემი დასაწუნი რა სჭირს. არც ინტელექტი აკლია და არც ჭკუა-გონება, თუმცა, ცოტა თავმომწონეა. - გულღიად აღიარა თიკომ.
- ცოტა კი არა, ძალიან თავმომწონეა, ჩემზე უკეთ ეგ ვინ იცის, - გაიცინა ნატკამ, - მაგრამ ძალიან კარგი ადამიანია. იცი, რამდენ გოგოს მოსწონს? ქალები ზედ ახტებიან. არც მიკვირს მათი, ზუზის ყველაფერი აქვს, რასაც კი ქალი ინატრებდა.
- მთლად ეგრე ვერ ვიტყოდი. სიმართლე გითხრა, რაღაცნაირად მძაბავს მასთან ურთიერთობა, ცოტათი ცინიკური მგონია.
- რატომ, რატომ? ასეთი სულაც არ არის. შენ რაღაც მტრულად განეწყვე მის მიმართ. ცოტა მსუბუქად შეხედე, ახლოს გაიცანი და ნახავ, როგორი მომაჯადოებელია. მისნაირი მამაკაცები ცხოვრებას ახალისებენ. იცი, ოქსფორდში რომ სწავლობდა?
- არა, ეგ არ უთქვამს და მიკვირს, როგორ გამორჩა. - დამცინავად ჩაიღიმა თიკომ, - სხვა ღირსებები არ გამორჩენია რატომღაც, ლამის ამიკლო თავის ქებით.
- აი, მაგას კი ვერ დავიჯერებ, ეგეთები ზუზის არ სჩვევია. რაღაც მოგეჩვენა.
თიკოს თვალწინ დაუდგა ზუზი და გული უცნაურად აუბაგუნდა. რადგან ეს კაცი ნატკას და მიროს ახლო მეგობარია, ესე იგი, ხშირად მოუწევს მისი ნახვა. საჭიროა კი ეს? ან რატომ ანერვიულდა ასე? მას ხომ სხვა უყვარს?
- მირიანი გიჟდება მასზე და ბავშვივით უხარია, როცა ბათუმში ჩამოდის. მით უფრო, ზაფხულში. ამ დროს იშვიათადაა ხოლმე აქ.
- ნატკა, წეღან მარიზე რომ ლაპარაკობდნენ… მიროს უნდა, რომ ზუზიმ მარი ცოლად შეირთოს?
- შენ ასეთი დასკვნა გამოიტანე?
- რა ვიცი… რატომღაც, ასე მომეჩვენა. შევცდი?
- არა, რა თქმა უნდა, არ შემცდარხარ.
- კი მაგრამ, ცოტა უცნაური არ არის? მარი ხომ მისი რძალია?
- მერე რა? ვიღაცას რომ გადაეყაროს ან საერთოდ არ გათხოვდეს და ცუდ გზას დაადგეს, ეს უფრო მოსაწონი იქნება? თუკი ზუზის ცოლი გახდება, ყველასთვის აჯობებს. ამაში უცნაური არაფერია. თანაც, მარის და ზუზის ოჯახები დიდი ხანია, მეგობრობენ. ეგენი ბავშვობიდან იცნობენ ერთმანეთს. იცი, რა ლამაზი გოგოა? ძალიან. სანამ ჩვენი რძალი გახდებოდა, კაცები სულ კუდში დასდევდნენ. თანაც, შეძლებული ოჯახიდანაა. ზუზისაც უყვარდა თურმე, მაგრამ მარიმ ჩემი მაზლი აირჩია და… ახლა კი ზუზის ისევ მიეცა შანსი. პირადად მე ძალიან გამიხარდება, თუ დაქორწინდებიან. ვერ ხედავ, ნიკა შვილივით უყვარს. შენც ხომ შეატყვე, როგორი ყურადღებით ეპყრობა.
ნატკამ სიგარეტს მოუკიდა. ორიოდე ნაფაზის შემდეგ კი ფანჯარა ჩამოსწია და გარეთ გადააფერფლა. მერე თიკო ისე შეათვალიერა, თითქოს მარის ადარებსო.
- ცოტა ნაადრევი ხომ არ არის მარის გათხოვებაზე ფიქრი? მან ხომ ახლახან დაკარგა ქმარი, რომელიც სიგიჟემდე უყვარდა?
ნატკამ ცალყბად ჩაიცინა.
- არ იცი, როგორი ეგოისტი და თავნებაა. ქმარი კი მართლა უყვარდა, მაგრამ თავისი თავი მაინც ქვეყანას ურჩევნია. ახლა, როცა მამუკა აღარ ჰყავს, აღარაფერი ანაღვლებს, მხოლოდ საკუთარ გარეგნობასა და კეთილდღეობაზე ფიქრობს. ზუზი მისთვის იდეალური ქმარი იქნება. მგონი, ჯერაც უყვარს, ამიტომ იყო იტალიაში, მის სანახავად ჩავიდა.
- აკი იქ ბიზნესი მაქვსო? - თიკოს თვალებში გაოცება გამოეხატა.
- აქვს, როგორ არა, მაგრამ ზღვის სეზონი რომ მოდის, ძირითად დროს თურქეთში ატარებს, იქ სასტუმროების მთელი ქსელი აქვს. იტალიაში კი მხოლოდ ერთი სასტუმრო გახსნა შარშან და ჯერაც ვერ აამუშავა წესიერად. იქ სხვანაირი კონკურენციაა.
თიკომ ფანჯარაში გაიხედა, უკვე აღარ სიამოვნებდა ზუზიზე ლაპარაკი.
- მირო ხმამაღლა არ იძახის, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ძალიან უნდა ეს ამბავი მოგვარდეს. ზუზი ზედგამოჭრილია მარისთვის, იქნებ მან მაინც შეძლოს მისი მოთოკვა. მამუკამ ეს ვერ მოახერხა… აი, დაიწყო ხალხმა შესვლა, როგორც იქნა, კარი გააღეს, მგონი. წამო, შევიდეთ, -ნატკა მანქანიდან გადავიდა…
კარგი კონცერტი იყო, მაგრამ თიკო მაინც ვერ გახალისდა. ვერც სიმღერებმა გაამხიარულა და ვერც ნატკას ნაამბობმა. თვალწინ გამუდმებით ზუზის დაჟინებული მზერა ედგა.
როგორც იქნა, შინ დაბრუნდნენ. ნიკა მაშინვე ბიძასთან გაიქცა, რათა თავისი ახალი სათამაშო ეჩვენებინა.
თიკო ისე მოითენთა, რომ ოთახში ასვლისთანავე საწოლზე მიწვა და დაიძინა.
ცოტა ხანში ნატკა და მირო ზუზისთან წავიდნენ სტუმრად, სადაც თიკოც იყო მიწვეული, მაგრამ არ წავიდა. მოიმიზეზა, დღეს ძალიან გადავიქანცე და ნიკასთან დარჩენა მირჩევნიაო.
ათი ხდებოდა, როცა ბავშვმა დაიძინა. თიკომ პატარას სასთუმალი გაუსწორა, თმაზე ალერსით გადაუსვა ხელი და გაიფიქრა, რა კარგი იქნებოდა, ნიკას ღამის კოშმარები რომ არ აწუხებდესო. მერე მძინარეს ლოყაზე აკოცა და თავის საძინებელს მიაშურა.
ვერაფრით ვერ მოისვენა, გამოძინებამაც კი არ უშველა. ამ ერთ დღეში თავს უამრავი რამ გადახდა. ნატკამ მთელი მისი გეგმები წყალში ჩაყარა, როცა დაპატიჟების რეალური მიზეზი ჩამოსვლამდე არ აუხსნა. ვერაფრით აპატია მეგობარს უნებლიე ტყუილი. იყო კი უნებლიე? მეორე მხრივ, ნიკა ებრალებოდა და გრძნობდა, რომ ამ ბავშვის გულისთვის ყველაფერს გააკეთებდა.
კვლავ წამოწვა და ფიქრებითაც კვლავ ზუზის გადასწვდა. არ უნდოდა მასზე ეფიქრა, მაგრამ რომ არ გამოსდიოდა? შეეცადა, სხვა რამეზე გადართულიყო. ახლა ნატკაზე დაიწყო ფიქრი. ამან უფრო დაუმძიმა გული. ეს ნატკა სულაც არ ჰგავდა მის ძველ მეგობარს. უკვირდა მიროსი, როგორ უძლებდა ასეთ ცოლს. შეიძლება ამიტომაც იყო ასეთი დარდიანი? მაგრამ არა, მირიანს აშკარად ეტყობოდა, რომ ცოლი ძალიან უყვარდა. დარდი კი, ალბათ, ძმის სიკვდილით იყო გამოწვეული. ამიტომაც ზრუნავდა ასე თავგადაკლულად ძმისშვილზე. თვალწინ დაუდგა, როგორი სიყვარულით ეპყრობოდა ბავშვს ბიძა. ძმის გარდაცვალება საშინელებაა. ასეთ დროს ადამიანს განსაკუთრებული სითბო და ალერსი სჭირდება. ნატკა კიდევ როგორ ექცევა? ნუთუ ამდენს ვერ ხვდება? გამორიცხულია, ვერ ხვდებოდეს. ან კი რა მოხდება, მეტი ყურადღება რომ გამოიჩინოს ბავშვის მიმართ? ამას ქმარი უფრო არ დაუფასებს? ალბათ მირო სიხარულით გაგიჟდება, ნატკამ ნიკას მიმართ დამოკიდებულება რომ შეიცვალოს. არადა, ნატკა მასში საშიშ კონკურენტს ხედავს მხოლოდ. სულელი გოგოა! თუ ასე ეშინია, გაუჩინოს თავის ქმარს შვილი და ყველაფერი სხვაგვარად იქნება. ვერ ხედავს, როგორ გაიღვიძა მის ქმარში მამობრივმა გრძნობამ? ეს ხომ ნათელია, მთელი სურათი თითქოს ხელისგულზე დევს.
თიკომ ამოიოხრა, გვერდი იცვალა და თვალები მილულა. ცოტა ხანში ჩაეძინა და თან ისე ღრმად, რომ არც კი გაუგია, რა დროს დაბრუნდნენ მირო და ნატკა…
გაგრძელება
იხილეთ წინა თავი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93