ნოველები

თამაში მზესთან - თავი 5

თამაში მზესთან - თავი 5
დასაწყისი
_ საინტერესოა, რა იგულისხმა? _ თქვა ნატკამ, როცა ზუზი ქალებს გაეცალა.

თიკოს კი სულ სხვა რამ აღელვებდა. მას არ მოსწონდა ზუზის მანერა, ქალის სუსტ მხარეებს რომ ეძებდა და მერე მათზე თამაშობდა. ყოველგვარი სურვილი დაეკარგა, საღამოს სტუმრად სწვეოდა. მისი დანახვა აღარ უნდოდა და თუკი ეს მაინც მოხდებოდა, შეეცდებოდა, გულგრილი დარჩენილიყო, რათა მის მომნუსხველობას ისევ არ დაეტყვევებინა.

_ ჰა, თიკუნა, შენ როგორ ფიქრობ? მარიზე ისე ილაპარაკა, მგონი, მთლად გულგრილი არ უნ
და იყოს მის მიმართ, _ თქვა და ამოიოხრა, _ კარგი კი იქნებოდა, ისე. ნიკას ამბავიც მოგვარდებოდა. მიროს ძმასავით უყვარს ზუზი.

_ და ყველანი ბედნიერები იქნებოდით, _ ცინიკურად დაასრულა თიკომ დაქალის დაწყებული წინადადება და თავი ჩაქინდრა.

პლაჟიდან კარგა გვარიანად გარუჯული დაბრუნდა. მზეზე არასდროს წითლდებოდა, ეგრევე უმუქდებოდა კანი და სასიამოვნო ფერი ედებოდა. მზის სხივები სწრაფად ეკიდებოდა მის ხორბლისფერ კანს, ამიტომ გასარუჯად, ფაქტობრივად, ერთი დღეც ჰყოფნიდა. სასიამოვნოდ მოითენთა. აისრულა წადილი _ მთელი ორი საათი იგორავა სანაპიროზე, გაჰყურებდა ფაფარაშლილ ტალღებს, უსმენდა ზღვის ჩახლეჩილ ხმას და ლამაზ ცხვირ-პირს მზეს ისე უშვერდა, თითქოს მისი ცდუნებას სწადია და საკოცნელად იწვევსო.

ახლა კი იდგა გარდერობთან და თავისი კაბების გადმოლაგებით იყო დაკავებული. როგორ არ უნდოდა ზუზისთან წასვლა, მაგრამ ნატკა არ მოეშვა. იქნებ უნდოდა და არ უტყდებოდა თავს? არა, არ უნდოდა! არ უნდოდა, მაგრამ დაქალს წინააღმდეგობა მაინც ვერ გაუწია. ჰოდა, იძულებია, ტანსაცმელი შეარჩიოს. ისეთის შერჩევა უნდოდა, ელეგანტურიც ყოფილიყო და უბრალოც. ბოლოს თეთრი, გულამოღებული სარაფანი ჩაიცვა, რომელიც ტანზე მაცდურად ეტმასნებოდა. სიამოვნებით დატრიალდა სარკის წინ და ხან ასე გაუღიმა თავის თავს, ხან ისე. იმდენნაირი ღიმილი მოირგო, რომ ბოლოს დაიღალა. შემდეგ თმა დაივარცხნა, სუნამო დაიპკურა და წასასვლელად გამზადებულმა კიდევ ერთხელ შეათვალიერა სხეული სარკეში. მაგარ ფორმაში კი არის, ისე, წუნს ვერავინ დაუდებს. შვიდი წლის რომ იყო, ეგონა, უკვე დიდი ვარო. თოთხმეტი წლისას მახინჯად ეჩვენებოდა თავი. თვრამეტი წლის ასაკში დაასკვნა, რომ ლამაზი იყო, ოცი წლის გახდა თუ არა, სულელი ვარო, დაიჟინა. ახლა კი ხვდება, რომ დიდიცაა, საშიშად ლამაზიც, მაგრამ სულელი სულაც არ არის, თუმცა, ზედმეტად მიმნდომია, ბრმად სჯერა ადამიანების. ამის გამო რამდენჯერმე წაიმტვრია ფეხი. თუმცა, სულელი არ არის. როცა საყოყმანო ნაბიჯს დგამს, ყოველთვის იცის, რატომაც დგამს. შეიძლება ინანოს კიდევაც, მაგრამ ამისთვისაც მზადაა ხოლმე.

ამ ფიქრებში იყო, როცა ოთახში ნატკა შემოვიდა.

_ მზად ხარ? მირო და ნიკაც დაბრუნდნენ.

_ უკვე? რა მაგარია. _ გულწრფელად გაუხარდა თიკოს და დაქალს უკან მიჰყვა.

სასტუმრო ოთახში შევიდნენ თუ არა, ფანჯარასთან მდგარი მირიანი დაიძრა და თიკოსკენ სწრაფი ნაბიჯებით გამოემართა.

_ თიკო, რა ლამაზი ხარ! _ პირველად მიმართა "შენობით". _ იცი? მადლობა მინდა გითხრა ყველაფრისთვის. ვგრძნობ, რომ ძალიან კარგი ადამიანი ხარ და მე და ნატკამ გადავწყვიტეთ, პატარა სიურპრიზი მოგვემზადებინა შენთვის. აი, ეს მცირე საჩუქარი ჩვენგან! _ თქვა და თიკოს მინიატიურული მოგრძნო კოლოფი გაუწოდა. თიკომ კოლოფი გახსნა და გაშეშდა, მასში ულამაზესი ყელსაბამი იდო. ქალი გამშრალი იდგა და ხმას ვერ იღებდა, ბოლოს, როგორც იქნა, ამოღერღა:

_ ეს… ეს ხომ… ეს ბრილიანტია?

მირომ ღიმილით დაუქნია თავი, როცა შეცბუნებულს შეხედა.

_ უკეთესი ვერაფერი შევარჩიე. ნატკამ არ ისურვა, თვითონ მიეღო მონაწილეობა ამ საქმეში და მე მომიწია არჩევამ.

_ იმიტომ, რომ შენ საუკეთესო გემოვნება გაქვს, ჩემო საყვარელო! _ ნატკა ქმარს მიუახლოვდა და ხელები კისერზე შემოხვია.

თიკო გაუნძრევლად იდგა და წყვილს თვალს არ აშორებდა. უნდოდა, უარი ეთქვა ასეთ ძვირფას საჩუქარზე, თავი შეურაცხყოფილადაც კი იგრძო რაღაც მომენტში, მაგრამ იმასაც გრძნობდა, რომ ყელსაბამი გულით იყო მოძღვნილი.

_ რა საჭირო იყო… ამისთვის კი არ ჩამოვსულვარ… _ ჩაიდუდუნა, _ აღარ ვიცი, მადლობა რით გადაგიხადოთ. რა სილამაზეა, ამის ტარების შემეშინდება კიდევაც.

_ საშიში არაფერია, ყოველდღე ხომ არ ატარებ. მოდი, გაგიკეთო… აუუუ! იცი, როგორ გიხდება? პირდაპირ გაკვდება, _ ნატკამ ყელსაბამი მოარგო დაქალს, რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია და საჩუქარი შორიდან შეათვალიერა. მირომ კი ხელი მოხვია სტუმარს და ვეებერთელა ვენეციურ სარკესთან მიიყვარა.

გაფართოებული, გაკვირვებული თვალებით შესცქეროდა თიკო სარკეში თავის ალეწილ სახეს და ვერ ცნობდა _ წამში გრაციოზულ ქალად ქცეულიყო.

_ არც კი ვიცი, რა გითხრათ, სიტყვები არ მყოფნის. რა ცუდები ხართ, რომ იცოდეთ, _ აღელვებულმა თითები ყელსაბამს შეახო, _ დიდი მადლობა.

_ მადლობა შენ, რომ თბილი ხარ. მადლობა იმისთვის, რომ ჩამოხვედი და ასეთი აურა შემოტანე ჩვენს სახლში. არაჩვეულებრივი ხარ, _ მორიდებით შეამკო მირომ და ნატკას გადახედა, მიშველეო.

_ ყოჩაღ, მირიან, რა კარგი გემოვნება გაქვს, მე ალბათ ასეთს ვერასდროს შევარჩევდი. მიხარია, რომ მოგეწონა, თიკუნა. გულით გვსურდა, ჩვენგან სამახსოვროდ რაღაც დაგრჩენოდა. ახლა კი წავიდეთ, გველოდება ის ბიჭი!

თიკომ ყელსაბამი მოიხსნა, თავის ყუთიანად საძინებელში, სარკის წინ დადო და გამობრუნდა…


ზუზის სამსართულიანი, თეთრი ქვისგან ნაგები ევროპული ტიპის სახლი ამწვანებულ ხეებში იყო ჩაფლული და ზღვას გადაჰყურებდა. თიკოს თავი ზღაპარში ეგონა. გაოგნებული აღტაცებას ვერ ფარავდა. მასპინძელი საოცრად სტუმართმოყვარე აღმოჩნდა, ყურადღებას ყველას თანაბრად უნაწილებდა. ზუზის სხვა სტუმრებიც ჰყავდა, უცხოელი ცოლ-ქმარი და მათი ლამაზი, ქერა ქალიშვილი, მიშელი. ზუზიმ ისინი მოწიწებით გააცნო მეგობრებს.

თიკო ყველას გამოერიდა. იგი უცებ ჩაიკეტა საკუთარ თავში და რაღაც უჩვეულო, ამოუცნობი სიხარულის შეგრძნება დაეუფლა. ინტერესით დაუწყო თვალიერება კედელზე ჩამოკიდებულ ტილოებს, წამით მზერა ზუზიზე გადაიტანა და დედამისის ნახატები გაახსენდა.

_ მოგწონთ ეს ნამუშევრები? _ მოესმა მოულოდნელად.

თიკომ მოიხედა და ოცდაათიოდე წლის შავგვრემანი მამაკაცი დაინახა, რომელიც წეღან არ შეუნიშნავს. იგი ქალს დაკვირვებით ათვალიერებდა.

_ ძალიან მომწონს.

_ დიდი ხანია, ბათუმში ხართ?

_ არა, გუშინ ჩამოვედი.

_ მიხარია, რომ გაგიცანით. ასე მგონია, თქვენისთანა ქალი ყველგან სასურველი სტუმარი იქნება. მე ადამიანების გამოცნობაში არასდროს ვცდები, დამიჯერეთ. რა გქვიათ?

_ თიკო…

_ გაიხარეთ… ნება მომეცით, გაგეცნოთ _ საშა ანდრონიკაშვილი.

_ მოხარული ვარ. თქვენ აქაური ხართ?

_ არა, თბილისში ვცხოვრობ. მე და ზუზი ერთად ვსწავლობდით. ზამთარში ავარიაში მოვყევი და ძლივს გადავრჩი, სამი თვე ვხეხე საავადმყოფოს კედლები, _ გულიანად გაიცინა, _ ახლა აქ ჩამოვედი. რა ვიცი, მითხრეს, ზღვის ჰაერი მოგიხდებაო. ზღვის რა გითხრათ, მაგრამ თქვენი დანახვა უკვე ისე მომიხდა, ვფიქრობ, უფრო სწრაფად გამოვჯანმრთელდები.

თიკოს ალმური წაეკიდა სახეზე. ესიამოვნა ქათიანური.

_ რამდენ ხანს რჩებით?

_ ვნახოთ. ზუზიმ სამსახურში მომაწყო თავისთან და ალბათ დიდი ხნით დავრჩები. მირომ მეც გვერდით დაგიდგებიო. უკვე ისე შევეჩვიე აქაურობას, მგონი აღარც წავალ. მაინც მარტო ვცხოვრობ. იქ რა უნდა ვაკეთო? ცოლი მე არ მყავს და შვილი, _ ხაზი გაუსვა თავის ოჯახურ მდგომარეობას.

თიკო მასთან საუბრით გაერთო, მოეწონა საშა, რატომღაც, მის გვერდით თავი უფრო თავისუფლად იგრძნო. "კარგი ბიჭი ჩანს, კეთილი. იმედია, თავისი ძმაკაცივით ტრაბახა და ცინიკოსი არ იქნება", _ გაიფიქრა და მოსაუბრეს გაუღიმა. მოულოდნელად თვითონაც არ იცოდა, რამ მოუარა, საშას მიაჩერდა და ჰკითხა:

_ თქვენ მიროს რძალს იცნობთ?

_ მარის? კი, შევხვედრივარ, მაგრამ ახლოს არ ვიცნობ. როგორც გავიგე, მალე ჩამოვა ზუზისთან სტუმრად.

ეს ის სიტყვები იყო, რომლის მოსმენაც თიკოს არ ესიამოვნა, ოღონდ არ იცოდა, რატომ. საერთოდ არ იცნობდა ნიკას დედას, მაგრამ რატომღაც, მტრული დამოკიდებულება გაუჩნდა მის მიმართ.

ვახშმის შემდეგ თიკო ეზოში გავიდა და ბაღში სეირნობას მოჰყვა. სიამოვნებით ათვალიერებდა ლამაზად ჩამწკრივებულ ხეებსა და ყვავილებს. იმავე წუთს საშაც შემოუერთდა, თითქოს ჩასაფრებული იყოო. მამაკაცმა სტუდენტობის ამბების მოყოლა დაიწყო და თიკო ძალიან გაერთო. შემდეგ ძელსკამზე ჩამოსხდნენ.

_ თიკო, რას იტყვით, ღამის ტრასაზე რომ გავიქროლოთ მანქანით? თქვენ, მე და ვარსკვლავები. სისწრაფე ადრენალინის მოზღვავების საუკეთესო საშუალებაა.

ქალმა შუბლი შეიკრა.

_ გმადლობთ, მაგრამ არ მიყვარს მანქანით სწრაფი სიარული, მეშინია.

_ საშიში რა არის? ავარიას აღარ მოვახდენ, სრულიად ფხიზელი ვარ.

სანამ თიკო პასუხს გასცემდა, ვიღაცის ცივი ხმა გაისმა:

_ საშა!

თიკო დაიძაბა, თავი მიაბრუნა და ზუზი დაინახა.

_ ჩვენს ამერიკელ სტუმარს შენთან დალაპარაკება უნდა. მიდი! _ ზუზიმ უსიამოვნოდ გადახედა ერთმანეთის გვერდით მოკალათებულ წყვილს, _ არ ღირს შანსის ხელიდან გაშვება.

_ ოკ, მივდივარ, _ საშა წამოდგა, მერე თიკოსკენ დაიხარა და უთხრა, _ მე მაინც ვიმედოვნებ, რომ ჩემთან ერთად სასეირნოდ წამოხვალთ. აი, ნახავთ, როგორი სასიამოვნო შეგრძნებაა… _ ამ სიტყვებით იქაურობას გაეცალა.

ზუზის ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, რომ თიკო გაღიზიანდა. ფიქრობდა, როგორ გათავისუფლებულიყო მისგან, ამ მომაჯადოებელი და ამავე დროს სასტიკი კაცისგან. წასვლა დააპირა, მაგრამ ზუზი ისე დადგა, რომ გზა გადაუკეტა. თიკო შედგა და უნებლიეთ თმაზე გადაისვა ხელი.

_ თუკი საშამ მანქანით გასეირნება კიდევ შემოგთავაზათ, კატეგორიულად უარი უთხარით, _ თქვა მან, თან ქალის დაძაბულ პროფილს თვალს არ აშორებდა.

_ მართლა? _ თიკომ ჯიქურ გაუსწორა მზერა, _ რა მიზეზით უნდა ვუთხრა უარი? _ ცივად იკითხა და შეეცადა, ხმას მისი სულიერი მდგომარეობა არ გაეცა.

ზუზი მშვიდად იდგა და ყურადღებას არ აქცევდა ქალის მტრულ გამოხედვას.

_ მიზეზი რომ არ მქონოდა, არც გეტყოდით. რადგან ვამბობ, ესე იგი, ასეა და ეს თქვენს ინტერესებშიც შედის.

_ თქვენ რაღაც უცნაურად ლაპარაკობთ. მე მომეწონა თქვენი ძმაკაცი.

_ სწორედ ამის მეშინოდა. საშა ქალებში პოპულარობით სარგებლობს. უნდა გითხრათ, რომ სასიყვარულო ურთიერთობების დიდოსტატია, თუმცა, ავარიის შემდეგ ფორმაში ვერ არის. მართალია, ქალები ახლაც არ ანებებენ თავს და გარს ეხვევიან, მაგრამ მხოლოდ იმის იმედით, რომ სულ ასე არ იქნება. საშას უყვარს, როცა ქალები ყურადღებას აქცევენ.

_ მეგონა, საშა თქვენი მეგობარი იყო, _ ცივად წარმოთქვა თიკომ.

_ ასეცაა, ჩემი უახლოესი მეგობარია. ალბათ ფიქრობთ, მეგობარზე ასე როგორ ლაპარაკობსო. არაკაცად მიგაჩნივართ, არა? მე იმას გეუბნებით, რაც მისთვის ათასჯერ მითქვამს, _ იგი კვლავ ირონიულ ტონს ინარჩუნებდა, _ წეღან თქვენს მზერაში რომანტიკა შევნიშნე, რომელიც თანაგრძნობასთან იყო შეხამებული. ეს ნარევი გრძნობა ძალზე საშიშია. შეიძლება ყველაფერი ბათუმის ჯადოსნური ღამის ბრალია ან იქნებ, სულაც საშასი, რომელმაც თქვენს გულში ახალი გრძნობები გააღვიძა? მე მაინც გაფრთხილებთ. ბათუმი ისეთი ქალაქია, შესაძლოა, დაიჯეროთ, რომ ცხოვრება მხოლოდ სიამოვნებაა და სხვა არაფერი. აქ რომანტიკა ჰაერში ტრიალებს, ყველაფერი მისი სურნელითაა გაჯერებული, მაგრამ ილუზია მალე ქრება. ასე ემართებაც ადამიანებსაც. თქვენ საკმაოდ გამოუცდელი ხართ და რომანტიკის ილუზიას ალბათ ადვილად მიენდობით. ამიტომ მტკივნეული იქნება, როცა მკაცრი სინამდვილე ილუზიას გაგიცრუებთ.

თიკოს არ ესიამოვნა მამაკაცის სიტყვები და უარესად გაღიზიანდა:

_ თქვენ რა იცით, მე რა გამოცდილების პატრონი ვარ? ან ჩემი რომანტიკის ზომა-წონა? ყოველთვის რატომ ცდილობთ ჭკუის დარიგებას? ფიქრობთ, რომ იმ ჩურჩუტი ქალების რიცხვს მივეკუთვნები, პირველივე მამაკაცს რომ ჩაუხტებიან საწოლში? ვინ გეკითხებათ საერთოდ, როგორ მოვიქცე, რა უფლებით? მინდა გითხრათ, რომ ზედმეტად თავდაჯერებული, გამოუსწორებელი ცინიკოსი და საერთოდ, აუტანელი კაცი ხართ!

თიკო ერთიანად ცახცახებდა, ხმაც კი აუკანკალდა. ცდილობდა, თავი შეეკავებინა და არ ატირებულიყო.

ზუზი ხეს მიეყრდნო, თვალები მოჭუტა და ერთობ რბილად წარმოთქვა:

_ იცით? ჩემი მისამართით ასეთი სიტყვები არასდროს მომისმენია. იმედია, მოვა დრო და აზრს შეიცვლით. ახლა კი მაპატიეთ, უნდა დაგტოვოთ. _ ზუზიმ ჩაიცინა, ქალს თავი დაუკრა და წავიდა.

თიკო მარტო დარჩა, მერხის საზურგეს ისე ჩასჭიდა თითები, რომ ტკივილი იგრძნო.

ამ დროს ბილიკზე ნატკა გამოჩნდა, დაქალს მიუახლოვდა და მხრებზე ფაფუკი პლედი მოახურა.

_ ზუზიმ მთხოვა, უკვე აცივდა და თიკოს რამე მოაცვიო, _ ნატკამ გაიღიმა, _ აი, ეს მომცა. წუხს კაცი, სიგრილეში გარეთ რომ ზიხარ.

პლედმა თიკოს სულიც გაუთბო და სხეულიც, სასიამოვნო ტალღამ დაუარა. როგორც ჩანს, ესიამოვნა, მამაკაცმა მასზე რომ იზრუნა.

_ როდის წავალთ?

_ უკვე მივდივართ. მიროს ეჩქარება, ხვალ ადრეა ასადგომი.

ქალები სახლისკენ გაემართნენ. თიკომ რატომღაც, შვება იგრძნო. იქნებ იმიტომ, რომ გაიფიქრა, ზუზიმ ამ ნაბიჯით თავისი უხეში სიტყვებისთვის ბოდიში მოიხადაო…


უკვირდა, ასე ადვილად და უცებ რომ შეეჩვია ახალ გარემოს. ნიკა მის მომიჯნავე ოთახში გადმოიყვანეს და მირო სიხარულს ვერ მალავდა, რადგან ქალი ბიჭის მიმართ საოცარ მზრუნველობას იჩენდა.

თიკოს მოსწონდა ეს პატარა, მწვანეში ჩაფლული ქალაქი და ის სტუმართმოყვარეობა, რასაც ყოველ ნაბიჯზე გრძნობდა. ნიკა ყოველ დილით გადარბოდა მეზობელ სახლში, სადაც მისი ტოლი გოგო-ბიჭები ცხოვრობდნენ და მათთან თამაშით ერთობოდა. ნატკა და თიკო ამ თავისუფლებით სარგებლობდნენ და ქალაქში გასვლასაც ასწრებდნენ.

ნატკას ხასიათი გამოუკეთდა, ისეთი შეწუხებული აღარ ჩანდა, როგორიც ადრე იყო. ქალები მხიარულად ატარებდნენ დროს, ბავშვობას იხსენებდნენ, კაფეებს სტუმრობდნენ, პლაჟზე გასარუჯად დადიოდნენ, ზოგჯერ სრულიად უმიზეზოდ იცინოდნენ… მიროც გახალისდა, ნიკას ძველებურად დიდ ყურადღებას აქცევდა და იგრძნობოდა, რომ თიკოს აქ ყოფნა მასაც შვებას ჰგვრიდა.

თიკო ლაღად იყო, მაგრამ ხშირად ფიქრობდა… ფიქრობდა ერთდროულად ორ მამაკაცზე _ დემნაზე, რომელიც წარსულში უყვარდა, და ზუზიზეც, რომელიც ახლახან გამოჩნდა მის ცხოვრებაში. ორივე თითქოს რაღაცით ჰგავდა ერთმანეთს, განსაკუთრებით ირონიის სიჭარბით, თუმცა, განსხვავება ბევრად მეტი იყო. ამავდროულად, აღიზიანებდა, ზუზიზე რომ ფიქრობდა. რაღაცნაირად ეშინოდა კიდეც მისი, მაგრამ რაც ზუზი ბათუმიდან საქმეებზე გაემგზავრა, თავი გაცილებით მშვიდად იგრძნო. თუმცა, ეს იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა. მესამე დღეს ნატკამ უთხრა, ზუზი ამაღამ ჩამოდის, მიროს დაურეკა და ხვალ სადილად გვეპატიჟებაო. საშინლად აფორიაქდა. ბოლო წუთამდე იმედოვნებდა, რომ რაღაც მოხდებოდა და ზუზისთან სტუმრობას აიცდენდა, მაგრამ არაფერიც არ მოხდა…

ხშირად ეკითხებოდა თავის თავს, სიყვარულში წარუმატებლობის შემდეგ რატომღა ფიქრობდა მასზე, მაგრამ პასუხის გაცემას თავს არიდებდა. არადა, დანამდვილებით იცოდა, რომ სწორედ წარსული მარცხის გასანეიტრალებლად სჭირდებოდა ახალი გატაცება. იყო კი გატაცება? ზუზი დიდად არ ჩანდა მისით დაინტერესებული, არც თვითონ იკლავდა თავს, როგორმე თავი მოეწონებინა მისთვის, გაფლირტავებოდა ან გაპრანჭვოდა. მაშ, როგორღა უნდა გაედგა ფესვები ახალ ურთიერთობას? ეს არ იცოდა.
გაგრძელება
იხილეთ წინა თავი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93