ნოველები

თამაში მზესთან - თავი 6

თამაში მზესთან - თავი 6
დასაწყისი
სტუმრად წასასვლელად გაემზადა, ლიმონისფერი ტილოს პიჯაკი და ლურჯი შარვალი ჩაიცვა, რომელიც ძალიან უხდებოდა. ოთახში შემოსულმა ნატკამ მის დანახვაზე აღტაცება ვერ დამალა. რამდენჯერმე დაატრიალა, რომ კარგად შეეთვალიერებინა.
_ ვაიმე, რა ლამაზი ხარ, როგორი დახვეწილი გემოვნება გაქვს, მშურს შენი. მაგარი კოსტიუმი გაცვია. დარწმუნებული ვარ, უჩვენოდ ზუზი შენთან არ მოიწყენს. _ გაიხუმრა ნატკამ.
_ რას ნიშნავს არ მოიწყენს? _ შემკრთალმა თიკომ ნერვიულად შეათამაშა მხრები და უცნაურმა წინათგრძნობამ გული შეუტოკა. _ ან «უჩვენოდ» რაღაა?
_ რა და, მიროს
აგვიანდება, მე კიდევ, თუ არ დაველოდე, არ გამოვა. ამიტომ მარტო მოგიწევს წასვლა, ჩვენ კი მოგვიანებით შემოგიერთდებით.
თიკოს არც უცდია აღელვებისა და წყენის დაფარვა, ამიტომ მეგობარს მკვახე ტონით მიახალა:
_ მერე დაურეკე და უთხარი, შეგვაგვიანდება-თქო, მე რას შემომყურებ? ხომ იცი, რომ იქ წასვლა სულაც არ მინდა, უბრალოდ, თქვენი ხათრით არ ვთქვი უარი. არ ვიცნობ მე იმ კაცს იმ დონეზე, რომ მასთან ვისადილო და მასლაათი გავუბა. მით უფრო, რომ იქ ალბათ სხვებიც იქნებიან.
ნატკამ მხრები აიჩეჩა.
_ არავინ არ იქნება, მხოლოდ ჩვენ დაგვპატიჟა. რა გჭირს? ნებისმიერი ქალისთვის ბედნიერება იქნებოდა, რომ ზუზისთან მარტო დარჩენის შანსი მისცემოდა. შენ კიდევ გაურბიხარ მასთან შეხვედრას. რატომ? რა არ მოგწონს? უხერხულია, არც ერთი რომ არ მივიდეთ, გველოდება ის ბიჭი. მიდი, ჩადი დაბლა, მანქანა საცაა, მოვა.
ალეწილმა თიკომ ხელჩანთა მხარზე გადაიკიდა და კიბეზე დაეშვა. რატომღაც, გაიფიქრა, რომ მირო და ნატკა საერთოდ არ აპირებდნენ ზუზისთან გასვლას, რადგან განმარტოებით ყოფნა სურდათ. რა თქმა უნდა, თიკო ცოლ-ქმარს ამაში სიამოვნებით დაეხმარებოდა, მაგრამ არა ზუზისთან სტუმრობის ხარჯზე. ბოლოს და ბოლოს, ქალაქში გავიდოდა და გაივლიდა.
ჭიშკარს მერსედესი მოსდგომოდა. ხანში შესული მძღოლი მანქანიდან გადმოვიდა, თიკოს მიესალმა და წინა სალონის კარი გაუღო.
_ მოგესალმებით, ქალბატონო. ბატონმა ზუზიმ გამომგზავნა და მითხრა, მშვენიერი მგზავრი გელოდებათ და გზაში დიდხანს არ დააყოვნოთო, _ გაუღიმა მძღოლმა.
თიკომ შუბლი შეიკრა. ეს რა, შეთქმულებაა? რას ნიშნავს მშვენიერი მგზავრი? ანუ მანაც იცის, რომ თიკო მარტო უნდა ეწვიოს?
მძღოლისთვის პასუხი არ გაუცია, მხოლოდ გაუღიმა და მანქანაში ჩაჯდა…

მოსამსახურე ჰოლში შეუძღვა. ქალს ფეხები უკან რჩებოდა, ერთი სული ჰქონდა, დღე როდის მიილეოდა. მობილურის მონიტორს დახედა, ოთხი საათი სრულდებოდა. გულაჩქროლებულმა შიდა კიბეზე დინჯი ნაბიჯებით ჩამომავალი ზუზი დაინახა, როგორც ყოველთვის, ელეგანტური და ქედმაღალი. სახეზე ჩვეული ირონიული ღიმილი დასთამაშებდა. ხაკისფერი პერანგი მის მწვანე თვალებსა და გარუჯულ სახეს საოცრად ეხამებოდა.
_ დაპატიჟებული სტუმარიც მობრძანებულა, _ ფართოდ გაიღიმა ზუზიმ და თიკოს ხელისკენ დაიხარა.
ქალმა კოცნა არ დაანება, მაგრამ ზუზიმ თითები მოუჭირა და ისე მოხერხებულად მიიტანა ტუჩებთან მისი მარჯვენა, თიკომ წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ მოახერხა. კიდევ ერთხელ იგრძნო მისი მამაკაცური სიძლიერე და მომაჯადოებელი ხიბლი.
_ ნატკა და მირო ცოტა გვიან მოვლენ, _ ხმადაბლა წარმოთქვა.
_ ვიცი. თქვენთვის ალბათ უსიამოვნოა მათ გარეშე ჩემთან ყოფნა, არა? ეს მომენტი ხომ არ გაშინებთ? _ დაშნასავით მოიმარჯვა ზუზიმ ირონია.
თიკო დაიძაბა.
_ ამის მიზეზი არ მაქვს. ჩვენ არც ისე ახლოს ვიცნობთ ერთმანეთს, რომ შიშის განცდა დაგვეუფლოს. ისიც ვიცი, რომ მათ გარეშე მარტო მე არ დამპატიჟებდით. _ არც თიკომ დააკლო ირონია.
_ მართლა ასე ფიქრობთ? რას იტყვით, თუ გეტყვით, რომ მხოლოდ ჩემი მეგობრების ხათრით არასდროს მოგიწვევდით-მეთქი?
თიკო ოდნავ დაიბნა. ეს ფლირტს ჰგავდა, მაგრამ არ შეიმჩნია. ზუზიმ, ვითომ აქ არაფერიო, მკლავში ხელი გამოსდო და სასტუმრო ოთახში შეიყვანა. როგორც კი პირველ სავარძელს მიუახლოვდნენ, ქალმა მამაკაცს ხელი გააშვებინა და სავარძელში ჩაეშვა. ზუზი კი ბუფეტთან მივიდა და კონიაკით სავსე ბოთლი და ორი სირჩა გამოიღო. ქალი თვალს არ აცილებდა. «ესაა სადილი? ასე მშრალად აპირებს ჩემს გამასპინძლებას?» _ შეცბუნებულმა და გაწბილებულმა გაიფიქრა. ამ დროს ზუზი მოულოდნელად შემობრუნდა და თიკოს დამფრთხალ მზერას შეეფეთა.
_ მიხარია, რომ ერთად ვისადილებთ, თანაც ძალიან მშია, _ მან ისეთი ღიმილით გადახედა ქალს, რომ რაღაცნაირად დააბნია.
_ თქვენი ქეჟუალი მომწონს, _ გააგრძელა ზუზიმ, _ გიხდებათ.
ქალმა თვალები დააჭყიტა. ამან რა იცის, რა არის ქეჟუალი? ეს ლოველასური სვლაა? ქალის მოხიბვლა მოდური ტერმინებით? დაბნეულმა აღარ იცოდა, თვალები სად წაეღო, ვერც ხელებს მოუხერხა ვერაფერი და საშველად სირჩას უხმო _ პაწაწინა სასმისი ორივე ხელით ჩაბღუჯა.
_ გაგვიმარჯოს… მე და თქვენ! _ თქვა მამაკაცმა და მიუჭახუნა.
თიკომ ოდნავ დააქნია თავი, კონიაკი მოსვა, მაგრამ სირჩა ხელიდან არ გაუშვია.
_ მეორე ოთახში ხომ არ გადავინაცვლოთ? _ ზუზიმ თავი ოდნავ გვერდზე გადახარა და ეშმაკური მზერა მიაპყრო.
_ რა საჭიროა? _ გააპროტესტა შეშინებულმა თიკომ.
_ არ ვისადილოთ? მგონი, სადილზე შევთანხმდით, _ გაიცინა ზუზიმ და ქალს ხელით მეორე ოთახისკენ ანიშნა.
მიხვდა თიკო, რომ მამაკაცი შეგნებულად აფრთხობდა. აშკარა იყო, სიამოვნებდა მისი რეაქციის ყურება. არა, როგორღაც უნდა მოერიოს თავს. ამდენი ხანი რით ვერ შეისწავლა მისი ოინები? რა არის აქ საშიში, ხომ არ დაეტაკება?
თავის ხელში ასაყვანად რამდენიმე წამი დასჭირდა. როგორც იქნა, მოეშვა, თავს ისე დაძაბულად აღარ გრძნობდა. ზუზი არაჩვეულებრივი მასპინძელი რომ იყო, ეს აქ გატარებულ პირველ საღამოსაც შეამჩნია. მამაკაცი ყველანაირად ცდილობდა, ქალს უხერხულობა არ ეგრძნო. თან სადილობდნენ, თან საუბრობდნენ. სუფრა სავსე იყო ნაირ-ნაირი კერძით, მაგრამ იმწუთას თიკოსთვის რომ გეკითხათ, რა იდო მაგიდაზეო, ნახევარს ვერ დაასახელებდა.
თიკო სიამოვნებით უსმენდა ზუზის ხავერდოვან ხმას, მის იუმორს და თანდათან მისი გავლენის ქვეშ ექცეოდა.
ნატკა და მირო ჯერაც არ ჩანდნენ, თუმცა, თიკო უკვე მათ გარეშეც თავისუფლად გრძნობდა თავს. ის კი არა, თავისი თავის შერცხვა კიდევაც, მამაკაცს თავიდან ცივად რომ ექცეოდა. იგი სულ სხვანაირი აღმოჩნდა, მისი დამცინავი ტონი მოულოდნელად სადღაც გაქრა, ალერსიანი მზერით შესცქეროდა ქალს და ისე ესაუბრებოდა, თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ყოფილიყვნენ.
_ მინდა, დედაჩემის ნახატები დაგათვალიერებინოთ. ყველას არ ვუჩვენებ ხოლმე, მაგრამ, რატომღაც მგონია, რომ თქვენ დაგაინტერესებთ და მოგეწონებათ.
თიკოს კმაყოფილება დაეუფლა, ამით ხომ მამაკაცის ნდობას იმსახურებდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ზუზის მისი გემოვნება მოსწონდა.
გალერეის ტიპის ოთახი მანსარდში მდებარეობდა. ირიბად დახრილი ჭერის ქვეშ აქა-იქ ბოლომდე გამართვა ჭირდა, მაგრამ არა თიკოსთვის, ის საშუალო სიმაღლის იყო და წელში მოხრა არ დასჭირვებია. იქაურობა ვარდისფერი შუქით იყო განათებული. კედლებზე კი, სპეციალურად შერჩეულ ჩარჩოებში ჩასმული ფერწერული ტილოები ეკიდა.
თიკო მოიხიბლა ნახატების საოცარი ფერებით. იგი ნელა მიჰყვებოდა კედლებს, სურათებს ათვალიერებდა და თან კომენტარებს აკეთებდა. ეტყობოდა, ზუზის სიამოვნებდა მასთან არა მარტო საუბარი, არამედ მის გვერდით ყოფნაც. ხანდახან, ვითომ სრულიად შემთხვევით, მხრით ოდნავ შეეხებოდა, მიუხედავად იმისა, რომ დახრილი ჭერის გამო ბოლომდე გამართვა უჭირდა.
_ საოცარი დედა გყოლიათ… ღმერთო ჩემო, როგორ გრძნობს ფერებს, რა სიმსუბუქე და ამავე დროს, რამხელა სიღრმეა ჩაქსოვილი თითოეულ მათგანში.
_ მადლობა, თიკო. დედა ბავშვობიდან ხატავდა, მერე კონკურსში გაიმარჯვა და ლენინგრადის აკადემიაში გაგზავნეს სასწავლებლად. მაშინ სანქტ-პეტერბურგს ლენინგრადი ერქვა, გეცოდინებათ. მისი ბევრი ნამუშევარი გაიყიდა. ძირითადად, უცხოელმა კოლექციონერებმა შეიძინეს. დედას, თბილისში რომ სახლი გვაქვს, იქ ჰქონდა სახელოსნო, მეორე სართულზე და დროის უმეტს ნაწილს იქ ატარებდა.
_ უღრმესი მადლობა, რომ მისი ნამუშევრები მაჩვენეთ. ეს დიდი პატივია ჩემთვის, ოღონდ არ გეგონოთ, რომ ამას ისე, ცალყბად ვიძახი. გულწრფელად გეუბნებით, გეფიცებით. ენით აუწერელი სიამოვნება მივიღე. მეც ვხატავდი ერთ დროს, მაგრამ დედათქვენთან ახლოსაც ვერ მივალ. დარწმუნებული ვარ, არაჩვეულებრივი ადამიანი იქნებოდა. ნახატები ხომ ყველაზე უკეთ გადმოსცემენ ადამიანის ხასიათს.
ზუზიმ თავი დაუქნია, სახეზე სევდა აღბეჭდოდა, შემდეგ თიკოს კვლავ ხელკავი გამოსდო, ისევ სასტუმრო ოთახში შეიყვანა და კონიაკი კიდევ ერთხელ დაუსხა.
_ მოდი, დედები ვადღეგრძელოთ. ძალიან ძველმოდურად გამომდის, მაგრამ დედა ჩემთვის ყველაფერი იყო, თუმცა, დედიკოს ბიჭი არასდროს ვყოფილვარ, _ თითქოს ბოდიშს იხდისო, ზუზიმ მორიდებით გახედა ქალს.
_ მისი ხსოვნისა იყოს, დედაჩემსაც გაუმარჯოს. მაპატიე, მაგრამ ვერ დავლევ, უნდა წავიდე, ჩემი წასვლის დრო დადგა, _ თქვა, სირჩა მაგიდაზე დადო და წამოდგა, მაგრამ იგრძნო, რომ წასვლა სულაც არ უნდოდა.
_ რა? როგორ თქვი წეღან? _ მოულოდნელად მამაკაცი ახლოს მიეჭრა.
_ რა?.. რა როგორ ვთქვი? _ დაიბნა თიკო.
_ მაპატიეო…
_ ჰო, რა ვიცი… სხვანაირად უნდა მეთქვა? _ თიკო ვერაფერს მიხვდა.
_ შენობით მომმართე… მაპატიეო და არა მაპატიეთო…
_ ა! _ ქალი ჭარხალივით გაწილდა, ამისთვის სულაც არ მიუქცევია ყურადღება, _ ასეთ წვრილამნებს თქვენთვის მნიშვნელობა აქვს?
_ ეს წვრილმანია? მე პირიქით ვფიქრობ, წვრილმანი კი არა, ყველაზე დიდი მსხვილმანია.
თიკო ისე დაიბნა, პასუხი ვერ გასცა. რას იფიქრებდა, თუ ერთ ბგერას ასეთი ეფექტის მოხდენა შეეძლო.
_ დალიე, თიკო. არ გაგიშვებ, სანამ არ დალევ! _ ზუზიც გაუშინაურდა, _ ხომ ხედავ, როგორ აგრილდა, ცოტათი გათბები. პირობას გაძლევ, რომ შენი სიმთვრალით არ ვისარგებლებ, _ ღიმილით დაამატა, როცა ქალმა კონიაკი მოწრუპა.
როცა მის შემცბარ სახეს შეხედა, მამაკაცს სიცილი აუტყდა.
_ ვიხუმრე, რა მოგივიდა? ამწუთას იცი, რას შეიძლება ადამიანმა შეგადაროს? ზღვაში ჩამავალ მზეს.
თიკომ წარბები აზიდა და უსაშველო ირონიით წარმოთქვა:
_ და თქვენ ამ მზესთან თამაში წამოიწყეთ, არა?
ამის გაგონებაზე ზუზის სახე მოეღრუბლა, წამით მზერა გაეყინა, მერე ჩაახველა, ღრმად ამოიხვნეშა და ყრუ ხმით წარმოთქვა:
_ ნება მომეცით, სახლამდე მიგაცილოთ. _ მისი ეს დემონსტრაციული სვლა იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ თიკო გახევდა.
_ არა, არა, ნუ შეწუხდებით, თქვენი მძღოლი მიმიყვანს, _ იმწამს ვერც ერთი ვერ მიხვდა, კვლავ ოფიციალურ ტონზე რომ გადავიდნენ.
თიკოს ნირი წაუხდა. ცუდად გამოუვიდა, თავისი დაუფიქრებელი წამოძახილით მასპინძელს სასიამოვნო საღამო ჩაუშხამა. არც თვითონ ჩავარდნილა უკეთეს დღეში.
_ მაპატიეთ… ასე არ მინდოდა.
_ მაგრამ ოსტატურად გამოგივიდათ, _ ჩაიცინა ზუზიმ, ლარნაკიდან ერთი ცალი ხასხასა წითელი ვარდი ამოიღო და გაუწოდა, _ და დღეიდან ჩვენ ორს შორის მოციქული არის ვარდი. _ ამ სიტყვებით ქალს იდაყვი დაუჭირა და გარეთ გაიყვანა.
მანქანა ეზოში ეყენა. მძღოლი საჭესთან იჯდა. მათ დანახვაზე სწრაფად გადმოვიდა მერსედესიდან და კვლავ წინა სალონის კარი გამოაღო.
_ დაკეტე, დათა, ჯერ არ მივდივართ, _ მძღოლს ხელი აუქნია ზუზიმ, მანქანას გვერდი აუარა და თიკოს ზღვისკენ მიმავალი ბილიკისკენ უბიძგა.
თიკოს ვერაფერი გაეგო, სანამ ნაპირთან მოქანავე კატერი არ დაინახა. ზუზი კატერზე შეხტა და ასვლაში თიკოსაც მიეხმარა. ამწუთას ქალს წინააღმდეგობის გაწევის ყოველგვარი სურვილი დაჰკარგვოდა.
ზუზიმ ძრავა ჩართო და კატერი ღმუილით გაიჭრა წინ. თიკო საზურგეს მიაწვა და თვალები ოდნავ მილულა. ასე ეგონა, თითქოს მამაკაცის ძლიერ სუნთქვას გრძნობდა, ხოლო მისი გულის ძგერა ზუზის ესმოდა. როგორ იფიქრებდა, ასეთი რამ თუ დაემართებოდა? საშინლად მოუნდა, მოხვეოდა ამ კაცს და მის ფართო გულმკერდზე ყველაზე მტკიცე დასაყრდენი ეპოვა. კიდევ კარგი, ბნელოდა და ზუზი მის მდგომარეობას ვერ ამჩნევდა.
ორივე დუმდა, არც ერთს არ უნდოდა ამ დუმილის დარღვევა… ისმოდა მხოლოდ ძრავის ხმა და ტალღების შხუილი. თიკომ ჩუმად ამოიოხრა, თან შეეშინდა, ზუზის არ გაეგონა…
არ ახსოვს, რამდენ ხანს დასეირნობდნენ ასე. ბოლოს, როგორც იქნა, ნაპირს მიადგნენ. ზუზი გადმოვიდა და თიკოს ხელი გაუწოდა. ქალმა წონასწორობა ვერ დაიცვა და შეტორტმანდა. მამაკაცმა ორივე ხელი წელზე სტაცა და მკერდზე მიიკრა. რამდენიმე წამს ასე გარინდებულები იდგნენ, თუმცა, თიკოს ეს რამდენიმე წამი საუკუნედ ეჩვენა. მთვრალივით იყო, გაბრუებულს თავბრუ ესხმოდა.
_ ხომ არაფერი იტკინეთ? _ როგორც იქნა, ზუზის ხმა გაისმა.
_ არა, არაფერი, _ როგორც იქნა, თიკოს ხმაც გაისმა.
_ მაინც კარგი საღამო გამოვიდა, არა? _ თქვა მამაკაცმა, მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც ეთქვა.
_ იმაზე კარგი, ვიდრე ველოდი, _ თქვა ქალმა, იმიტომ, რომ ეს აუცილებლად უნდა ეთქვა.
ზუზიმ მანქანამდე მიაცილა, კარი გაუღო და როცა თიკო ჩაჯდა, ჩუმად ჩაულაპარაკა:
_ მომეწონა მზესთან თამაში… _ და დამშვიდობებისას ქალს ხელი ხელზე ძლიერად მოუჭირა…

იმ ღამეს თიკოს ისე ღრმად ეძინა, რომ სიზმარიც არ უნახავს. შუაღამისას კი იგრძნო, რომ მის საწოლზე ვიღაც ამოძვრა, გვერდით მიუწვა და მოეხვია. დამფრთხალმა თვალი გაახილა და მასზე მოკრული ნიკა შერჩა ხელთ, რომელსაც მკერდზე პოლიციის სათამაშო მანქანა მიეხუტებინა. როგორც ჩანდა, ბიჭს ღამით გაეღვიძა და შეეშინდა. იქნებ თიკოს დაუძახა კიდევაც, მაგრამ ვერ გააგონა და მასთან ამიტომაც მოირბინა. ძილ-ბურანში მყოფმა ქალმა ბავშვს თმაზე ხელი გადაუსვა და კედლისკენ მიიწია, რომ ნიკა უფრო მყუდროდ მოწყობილიყო.

გაგრძელება
იხილეთ წინა თავი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93