ნოველები

თამაში მზესთან - თავი 8

თამაში მზესთან - თავი 8
დასაწყისი
იმ ღამეს ორი მამაკაცი ესიზმრა - ზუზი და დემნა. ორივე ირონიანარევი ღიმილით მისჩერებოდა ქალს. ამწუთას როგორ ჰგავდა პირველი მეორეს. სწორედ ეს ღიმილი აცოფებდა თიკოს ყოველთვის. სწორედ ამ ღიმილით დემნა თითქოს ხაზს უსვამდა, შენზე მაღლა ვდგავარ და ვერასდროს გამიტოლდებიო. იქნებ ზუზისაც იმავეს თქმა სურს თავისი ქედმაღლური გაღიმებით? შემთხვევით, ერთი წუმპიდან ამოსული მეორეში ხომ არ უნდა ჩახტეს? არ ჯობია, უფრო ფრთხილად გადადგას ნაბიჯები, რომ კიდევ ერთხელ არ მოუწიოს მსხვერპლის გაღებამ? ზვარაკად ხომ არ შეეწირება სიყვარულს? ერთხელ
გაუცრუვდა იმედი და ხელმეორედაც იმავეს ხომ არ ჩაიდენს? ოოო, ამწუთას როგორი მსგავსები არიან, თითქოს ერთი თარგისგან გამოჭრესო! ქალების მონუსხვის დიდოსტატები! განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ დემნა უფრო იმპულსურია, ზუზი კი დინჯი და თავშეკავებული. ის პირდაპირ ამბობდა სათქმელს, ეს კი შემპარავად, შორიდან მოვლით.
სიზმარი გრძელდებოდა. ორივე მამაკაცი ჯიქურ მოიწევდა ქალისკენ. თიკო უკან იხევდა. იცოდა, რომ მის უკან ზღვა იყო, აბობოქრებული და მრისხანე. რა ჯობდა? ზღვაში შესულიყო და მის მოძალადე ტალღებს მინდობოდა თუ კაცებს დალოდებოდა? რას უქადდა მათი ლოდინი? რა მოელოდა? ამასობაში მიხვდა, რომ ზღვას მიუახლოვდა. კანჭებზე უმალ იგრძნო, როგორ შემოეხვივნენ აცეტებული წვრილ-წვრილი ტალღები, ქაფმორეული რომ უვლიდნენ გარშემო მის წვივებს. ტერფები უფრო და უფრო ეფლობოდა ქვიშაში, თითქოს ძირი ეცლებაო. საიდან გაჩნდა ბათუმში ქვიშიანი ნაპირი? უკვირდა სიზმარში. მოულოდნელად ზურგიდან გაავებული ტალღა დაეჯახა, ვეებერთელა, მასზე მაღალი და თიკო თავით ქვიშაში ჩაემხო. ელდანაცემს გამოეღვიძა. როცა გონს მოეგო, ენით აუწერელი სიხარული იგრძნო, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ზმანება აღმოჩნდა…
მეორე დილით ნატკა ადრიანად შეუდგა სამზადისს. მათი გამგზავრების დრო მოახლოვდა. თიკო საძინებლიდან არ გამოსულა. ნიკა მიროს გვერდით ტრიალებდა. ნატკა ჩალაგებას მორჩა თუ არა, სავარძელში ჩაესვენა და სიგარეტს მოუკიდა. მერე თიკოს ასძახა. ჩამოდი, რაღას უცდიო.
თიკოს ზლაზვნით ჩამოვიდა და მის გვერდით მეორე სავარძელში ჩაჯდა.
- აბა, როგორ მოგეწონა წუხანდელი საღამო? - შეეკითხა ნატკა, თავი ასწია და მოკუმული ტუჩებით სიგარეტის ბოლი მაღლა წყვეტილად აუშვა.
- რა ვიცი, მგონი, კარგი იყო, - მხრები აიჩეჩა თიკომ.
- იმედია, ზუზიც მოგეწონა, - შემპარავად წარმოთქვა მეგობარმა და დაქალს ყავით სავსე ფინჯანი გადააწოდა.
თიკო დაიძაბა, სულაც არ სურდა ნატკას მისთვის წინა საღამოსგან გამოყოლილი ეიფორია შეემჩნია, ჩაახველა და რაც შეიძლებოდა, მშვიდად წარმოთქვა:
- მომეწონა, - თან ჩაიცინა, - მე მგონი, უკეთესად გავიცანი.
- ჰო, მაგარი ადამიანია, - რატომღაც, ნათქვამს ოხვრა ამოაყოლა დაქალმა და გაირინდა.
თიკოს ეს ოხვრა არ ესიამოვნა. ნუთუ მართლა მოსწონს ზუზი? ასე რომ აღმოჩნდეს, რა უნდა ქნას? არა, სისულელეა, არ შეიძლება ასე იყოს. ნატკას მირო უყვარს. რომ არ უყვარდეს, ამდენს იეჭვიანებდა ნიკაზე? აქ ალბათ სხვა ძაღლის თავია დამარხული.
ცოტა ხნის შემდეგ ნატკამ წამოიწყო:
- იცი? მიროს უნდა, რომ ჩვენ არყოფნაში ნიკამ ზაფხული ტყუილად არ გააცდინოს და იმეცადინოს. ჩვენს მეზობელს, შოთას, ნიკას ტოლი ბიჭი ჰყავს, რომელსაც სახლში მასწავლებელი დაუდის.
- ამ გაგანია ზაფხულში?
- კი, ამ გაგანია ზაფხულში. ამ დილით მირო ელაპარაკა და შეთანხმდნენ, რომ ნიკაც დაესწროს გაკვეთილებს. ფულს, რა თქმა უნდა, გადაუხდის. მგონი, ასე ჯობია. შენც მეტი თავისუფალი დრო დაგრჩება. ყველაზე მეტად მიროს ნიკას ძილის პრობლემა აწუხებს, მაგრამ მე შენი იმედი მაქვს და აღარ მეშინია. ჩვენ ერთ კვირაში დავბრუნდებით, თუ რამე გაგიჭირდა და დაგჭირდეთ ჩვენთან დაკავშირება, ნებისმიერ დროს დაგვირეკე ან ზუზის დაურეკე. ბავშვის ექიმის ნომერსაც დაგიტოვებ.
- იმედია, რომ არავის დახმარება არ დამჭირდება. არ მინდა, ვინმე შევაწუხო.
- ნუ იქნები ასეთი თავდაჯერებული, რა იცი, რა მოხდება, - შენიშნა ნატკამ, - ბავშვებისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ნიკას ძალიან ნუ მიუშვებ, ცოტა მკაცრად მოექეცი.
ამ დროს ქალაქის ტელეფონმა დარეკა. ნატკა ყურმილის ასაღებად ადგა, მერე კი ვიღაცას ლაპარაკი გაუბა, თიკო კი შეგრილებული ყავის სმას შეუდგა.

ნატკამ და მირომ გამოსამშვიდობებელი ვახშამი მოაწყვეს. საღამოს სახლი სტუმრებით გაივსო. შოთაც მოვიდა, კარის მეზობელი. თიკოს იგი ნანახი ჰყავდა, იცოდა, რომ ეს სწორედ ის მეზობელი იყო, რომლის სახლშიც ხანდახან ნიკა სათამაშოდ გადადიოდა. ნიკამ შოთას ბიჭს ხელი ჩაჰკიდა და თავის ოთახში გაარბენინა. თიკომ შოთა გაიცნო და მასლაათიც გააბეს. როგორც მისი ნათქვამიდან გაირკვა, თორმე ცოლი ნიუ-იორკში სამუშაოდ წასულა, სამი წლის შემდეგ იქ ვიღაც გაუჩენია და ქმარ-შვილი სამუდამოდ მიუტოვებია.
თიკოს უკვირდა ქალების ასეთი საქციელი. ვერ წარმოედგინა. ქმარი ჰო, მაგრამ შვილი როგორ უნდა მიეტოვებინა დედას?
- ასე შემატოვა ბიჭი და დაიკარგა, - სევდიანად დაასრულა შოთამ თავისი ამბავი.
თიკომ სათანადო სიტყვების მოძებნა ვერ შეძლო, ამიტომ თანაგრძნობა ნაღვლიანი ღიმილით გამოხატა.
სტუმრიანობა ცოტა ხანს გაგრძელდა, მაგრამ იმდენი ხალხი ირეოდა, თიკო ზუზის არ დალაპარაკებია. მამაკაცს მისთვის არც ეცალა, რადგან მოპატიჟებულებში რამდენიმე დიდი ხნის უნახავი მეგობარიც ერია და მათთან მასლაათით ირთობდა თავს.

ვახშმის შემდეგ, როცა მეგობრები გაისტუმრეს, ყველანი მისაღებში შეიკრიბნენ. მხოლოდ მძღოლი საქმიანობდა - იგი ჩანთებს მანქანის საბარგულში ეზიდებოდა. მიროს ნიკა მუხლებზე დაესვა და ჩუმად რაღაცას უყვებოდა. ბიჭუნა ჩაფიქრებული უსმენდა და დროდადრო დასტურის ნიშნად თავს უქნევდა.
ნატკა სწრაფად გადი-გამოდიოდა. ისეთი ლამაზი და ბედნიერი იყო, რომ თიკო თვალს ვერ აშორებდა.
ბოლოს წასვლის დროც დადგა. დაქალები ერთმანეთს გადაეხვივნენ, მერე მიროც დაემშვიდობა თიკოს და მანქანაში ჩასხდნენ. უკვე დაქოქილი მანქანიდან მირომ ნიკას გადმოსძახა, თიკო დეიდა არ გააბრაზოო და წავიდნენ.

დილით ნიკამ უგუნებოდ გაიღვიძა, ცხვირ-პირი ჩამოსტიროდა. საუზმის დროს ჩუმად იყო და ხმას არ იღებდა.
როცა მეზობელ სახლში მასწავლებელთან წასვლის დრო მოვიდა, ბრაზიანად წამოიძახა:
- არ მინდა იმ დებილურ გაკვეთილზე დასწრება! აეროპორტში მინდა! ის თვითმფრინავი უნდა ვნახო, რომლითაც მირო ძია გაფრინდა!
- ის თვითმფრინავი ჯერ უკან არ დაბრუნებულა. აეროპორტი სხვა დროს იყოს. თუ გაკვეთილზე არ გინდა, ნუ წახვალ, ამით არაფერი დაშავდება. თუ გინდა, ზღვაზე გავიდეთ, ქვიშაშიც ითამაშე და ზღვაშიც იბანავებ.
ამის გაგონებაზე ბავშვი შეცბა და ფერი ეცვალა.
- ზღვაზე? - შიშით ჩაიჩურჩულა და თავი გააქნია, - არა, ნუ წავალთ. მამა სხვასთან არასდროს მიშვებდა ზღვაზე, ამის უფლებას არ მაძლევდა, მარტო მირო ძიასთან. ერთხელ კინაღამ დავიხრჩვი და მამა შემპირდა, რომ არასდროს არ წამიყვანდა იქ, - ბიჭს ტუჩები უკანკალებდა, თვალები ცრემლით აევსო, - მამა რატომ წავიდა?
თიკომ ბავშვი თავისკენ მიიზიდა და გულში ჩაიკრა, თან ცდილობდა, მისი ანერვიულება არ შეემჩნია.
- ზოგჯერ ისე ხდება, რომ ადამიანები შორს მიემგზავრებიან და გვტოვებენ, - ყოყმანით დაიწყო, - მაგრამ მამაშენი სადაც უნდა იყოს, შენ ყოველთვის ძალიან ეყვარები და არასდროს დაგივიწყებს.
სიბრალულმა გული აუვსო. დაიხარა, ნიკას თმა გადაუწია და ცრემლიან თვალებში ჩახედა, შემდეგ გაუღიმა და ჰკითხა:
- ოქროს თევზები ოდესმე გყოლია?
- არა.
- იცი რა? მოდი, აკვარიუმი ვიყიდოთ და თევზები შიგ ჩავსვათ. შენ მოუვლი. ნახავ, როგორ დაცურავენ.
ბიჭმა კუშტად შეხედა და უხეშად იკითხა:
- რაში მჭირდება?
- რატომ არ გჭირდება? თუნდაც იმისთვის, რომ რაიმე ისეთი უნდა გქონდეს, რაც ძალიან გეყვარება და მზრუნველობას გამოიჩენ. შენ მათ საჭმელს აჭმევ, სახელებს დაარქმევ და მარტო აღარასდროს იქნები. თქვენ ერთმანეთს გაიცნობთ, თან როცა ნახავ, რა თავისუფლად დაცურავენ, წყლის აღარ შეგეშინდება და ცურვა მოგინდება…
- თქვენ არ გეშინიათ ზღვის?
- მე არა.
- ცურვა იცით?
- ვიცი და მინდა, რომ შენც გასწავლო. საერთოდ, ბიჭები გოგონებზე უკეთ ცურავენ, ისინი უფრო გულადები არიან.
- მირო ძია ცურავს?
- აბა რა.
- ნატკა დეიდაზე უკეთესად?
თიკოს გაახსენდა, ნატკა სკოლაში სპორტით რომ იყო გატაცებული და ღიმილით თქვა:
- რა თქმა უნდა, უკეთ.
- მაშინ მე ახლა წავალ გაკვეთილზე, რომ მირო ძია არ გავაბრაზო, მერე კი გავისეირნოთ და აკვარიუმიც ვიყიდოთ.
- კარგი, პატარავ, გაიქეცი.
როგორც კი ბავშვი გაისტუმრა, თიკომ გრიშას ბაზარში გაყვანა სთხოვა და ისიც არ დაზარდა. ბათუმის ბაზარი დამსვენებლებით იყო სავსე. გარუჯული ადგილობრივები და უცხოელები ხილითა და პროდუქტებით სავსე დახლებს შორის მიმოდიოდნენ. უცნაური ის იყო, რომ ადგილობრივები იმდენად არ იყვნენ გარუჯულები, როგორც უცხოელები. ეს ზღვისპირა ქალაქის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა - ვინც ზღვასთან ახლოს ცხოვრობს, ნაკლებადაა ზღვის მოყვარული. «ამაზე მამაჩემი ხუმრობით იტყოდა, ლავუაზიეს კანონიაო», - გაეღიმა თიკოს…
ბაზრიდან გამოსულმა ზოომაღაზიაში შეირბინა, ლამაზი ქვებით მოფენილი მინიატურული აკვარიუმი იყიდა და სხვადასხვა ფერის თევზებიც შეარჩია.
როგორც კი შინ დაბრუნდა, აკვარიუმი წყლით აავსო, წყლიანი პარკიდან თევზები ფრთხილად აკვარიუმში გადასვა და გამოსაჩენ ადგილას დადო. მერე კმაყოფილი ნიკას მოსვლას დაელოდა.
თევზების დანახვაზე ბავშვმა სიხარულისგან იყვირა და დაბზრიალდა. აკვარიუმს მივარდა და აქოშინებულმა იყვირა:
- უჰ, რა ლამაზია! დიდი მადლობა, თიკო!
ესამოვნა, ბიჭმა მის სახელს დეიდა რომ არ დააყოლა, ეს იმას ნიშნავდა, რომ გაუშინაურდა.
- სახელები უნდა დავარქვა, არა? - იკითხა ნიკამ.
- აბა რა. აუცილებლად უნდა დაარქვა, მიდი, მოიფიქრე.
- აი, ეს ოქროსფერი დეიდა ნატკა იქნება, ყავისფერი კი, მის გარშემო რომ დაცურავს, მირო ძია. კუთხეში რომაა მიყუჟული, დათუნას ჰგავს, ჩემს ძმაკაცს და მაგის სახელს დავარქმევ. იმ გრძელსა და სხმარტალას კიდევ - ზუზის.
- ყოჩაღ, მომწონს. კარგი ბიჭი ხარ! - მოისმა ამ დროს საიდანღაც.
თიკომ და ნიკამ კარისკენ მიიხედეს, ოთახში ზუზი შემოდიოდა.
- აბა, ამ თევზებში მე რომელი ვარ?
ბავშვმა მიუთითა ყველაზე ლამაზ და დიდ თევზზე, სრულიად განცალკევებით რომ დაცურავდა.
- აი, ეს, ზუზი ძია. ხომ მაგარია? - თევზისკენ თითი გაიშვირა ბიჭმა.
მამაკაცს გაეცინა.
- ვერაფერს ვიტყვი, მართლაც ძალიან ლამაზი ვყოფილვარ. სხვებს რა დაარქვი?
ნიკამ სახელები ჩამოთვალა.
- ოჰო… კი მაგრამ, თიკო სადღაა? იქნებ აი, ეს ყველაზე პატარა თევზი მოვნათლოთ მისი სახელით?
ნიკამ ჩაიხითხითა და თიკოს შეხედა.
- ეს თევზი მე ყველაზე მეტად მომწონს და კარგია, თიკო იყოს, - იცინოდა ბიჭუნა.
- ხედავ, თან როგორი ცქრიალაა? - ირონიულად შენიშნა ზუზიმ და წამოწითლებულ ქალს ეშმაკურად გახედა. თიკო შეცბუნების დამალვას ცდილობდა, ამიტომაც კეკლუცად შეირხა, ნიკასკენ დაიხარა და ლოყაზე აკოცა.
- კარგი ბიჭი ხარ, ნიკუშ, მადლობა, ჩემი სახელიც რომ შეურჩიე თევზს. ხედავ, როგორ დაცურავენ? დარწმუნდი, რომ წყლის სულაც არ ეშინიათ? - ბოლო წინადადება ხაზგასმით წარმოთქვა და ბავშვს თვალებში ჩახედა.
მაგრამ ნიკა თიკოს საუბარში არ აჰყვა, აკვარიუმს ხელები ჩასჭიდა და თევზებს დააშტერდა.
ქალმა იქვე ჩამომჯდარ მამაკაცს გახედა და როცა მის მზერას შეეფეთა, გული ისე აუბაგუნდა, ამოსუნთქვა გაუჭირდა. ეს კაცი აქ შემთხვევით არ შემოივლიდაო, გაიფიქრა.
- ორიოდე დღით მთაში მივდივარ. ნიკას უყვარს იქაურობა. ორივენი ხომ არ შემომიერთდებოდით? ერთად წავიდეთ, დაისვენებთ…
- მთაში რა ხდება?
- პატარა ფერმა მაქვს იქ… საქონლის. ნატურალური რძე, ყველი და მაწონი არ მოგაკლდებათ.
თიკო შეყოყმანდა, მაგრამ იმდენად მაცდური წინადადება იყო, უარის თქმა ვერ შეძლო.
- სიამოვნებით წამოვალ, თუკი ნიკა თანახმა იქნება. ჩემი კავალერი ახლა ისაა.
ნიკამ ჯერ თიკოს შეხედა, მერე - ზუზის და კვლავ აკვარიუმს შეავლო თვალი.
ქალი მიუხვდა.
- ნუ გეშინია, თევზები დაგველოდებიან, ჩვენ არყოფნაში მარო და გრიშა მიხედავენ, -დაამშვიდა.
თვალებგაბრწინებულმა ბიჭმა ზუზის მიაპყრო მზერა:
- ცხენზე შემსვამთ?
- რა თქმა უნდა. როდის მითქვამს უარი?
- ცხენიც გყავთ? - თვალები გაუფართოვდა თიკოს.
- მყავს, თანაც რამდენიმე, - გაიღიმა ზუზიმ, - ნიკას ყველაზე მეტად მაქსი უყვარს, პონი. მასავით პატარაა. თქვენ იცით ცხენზე ჯდომა?
ქალმა თავი გადააქნია. ხმას არ იღებდა, ეშინოდა, ზუზი არ მიმხვდარიყო, როგორ უხაროდა მასთან ერთად გამგზავრება.
- როდის მიდიხართ?
- მივდივართ, - შეუსწორა მამაკაცმა.
- ჰო, როდის მივდივართ? - დაიმორცხვა თიკომ.
- თუ მომზადება არ გჭირდებათ, დღესვე წავიდეთ.
- რა ვიცი… რამე დაგვჭირდება?
- მხოლოდ თბილი ტანსაცმელი, სხვა არაფერი. სპორტულად ჩაიცვით, მაინც მთაა, ხომ იცით, ღამით ცივა…
- რასაკვირველია.
- მაშინ დაგელოდებით, თან გრიშას გავაფრთხილებ, - ოდნავ ცივად წარმოთქვა.
რა არ მოეწონა? იქნებ ის, რომ მაშინვე დათანხმდა? მერე რა? ის ხომ მიროს ოჯახის ახლობელია? თიკო ვერაფერს მიხვდა. მიუხედავად ამისა, თავის ოთახში აირბინა, პატარა სამგზავრო ჩანთა გადმოიღო და საჭირო ტანსაცმელი ჩაალაგა. შემდეგ წყალი გადაივლო, თმა დაივარცხნა, სარკში ჩაიხედა და კმაყოფილი დარჩა. ყველაფერი წესრიგში იყო, ერთადერთი რამის გარდა - თვალები ზედმეტად უბრწყინავდა.
საკუთარ ორეულს გაუცინა, თვალი ჩაუკრა და ნიკას ოთახში გავიდა, რათა მისი ტანსაცმელიც ჩაელაგებინა…
გაგრძელება იქნება
იხილეთ წინა თავი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93