ახალგამოღვიძებულივით ავხედე კოკის. ვგრძნობდი, როგორი გაოცებული მზერა მქონდა, თითქოს მიკვირდა, ეს აქ საიდან გაჩნდა-მეთქი. როცა გოლაზე მოგონებები შემომაწვებოდა, ყოველთვის ვწყდებოდი რეალობას და ირგვლივ ყველა და ყველაფერი მავიწყდებოდა.
_ რომელ ვირტუალურ სამყაროში მოგზაურობდი, ადვოკატო? _ დაჯღანული სახით მკითხა, _ თუმცა, პასუხის გაცემა საჭირო არ არის. სინტერესოა, მე შენ ვინ გგონივარ? აქ მხოლოდ იმისთვის ვარ, რომ დავრწმუნდე, გაქვს თუ არა საჭმელი. როცა მე წავალ, ვინღა მოგხედავს? საითკენაა სამზარეულო?
საჩვენებლის ნაცვლად ცერა თითი ავპრიხე და სამზარეულოსკენ მივმართე, თან ღიმილი ვერ შევიკავე, მსიამოვნებდა, ასეთ გავლენიან მამაკაცს მითითებებს რომ ვაძლევდი. ამასთან, გონებიდან არ ამომდიოდა მისი კოცნის გახსენება. ნეტავ, რატომ მაკოცა? მხოლოდ სპორტული ინტერესის გამო? როგორ მინდოდა მეკითხა, მაგრამ ენა არ მიბრუნდებოდა მსგავსი შეკითხვის დასასმელად. თუმცა, იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებდი, როგორც იქცეოდა, მხოლოდ ერთ დასკვნას გამოვიტანდი _ მისთვის ეს კოცნა საერთოდ არაფერს ნიშნავდა. მას კი არა, მეც არარეალურად მეჩვენებოდა, ის, რაც წეღან სადარბაზოში მოხდა. რომ არა უჩვეულო შეგრძნება ჩემს ტუჩებზე, ჩავთვლიდი, რომ სადარბაზოს სცენა მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო, მომეჩვენა და მეტი არაფერი. საკმარისი იყო ამის გაფიქრება და გული კვლავ ამიჩქარდა.
_ არ ღირს შეწუხება, _ თავი მოვიქაჩლე, _ მე თვითონაც შემიძლია რამე მოვიმზადო, თუმცა ამწუთას ჭამის ხასიათზე სულაც არ ვარ. მით უმეტეს, რომ ახლახან რესტორანში ვიყავით.
_ ახლახან? სამი თუ ოთხი საათის წინანდელ ამბავს შენ «ახლახანს» ეძახი? მაშინ სრულიად გასაგებია, რატომ ხარ წარსულზე ჩაციკლული. გგონია, რომ ყველაფერი სულ რაღაც წუთების წინ მოხდა. მართალი ვარ? _ თანაგრძნობის გამომხატველი ღიმილი შემომაფრქვია.
არადა, მშიოდა. არ ვიცი, რისი ბრალი იყო, ასე ძალიან რამ მომაშია. იქნებ სტრესის? ან იქნებ ამ კაცზე ფიქრში დავხარჯე მთელი ძალა და ენერგია? თუ გოლას გახსენებამ გამიმძაფრა შიმშილის გრძნობა? რომელიც უნდა ყოფილიყო ამ სამიდან, ორგანიზმი თავისას ითხოვდა.
_ ნუ დამცინი. რა პრობლემაა? ბოლოს და ბოლოს, კარაქიან პურს ყველის ნაჭერს დავადებ და იმას შევჭამ.
_ ბუტერბროტს? ხომ არ გაგიჟდი? _ სკეპტიკური მზერა მესროლა, _ უკვე ღამეა, რამე უფრო ნოყიერი გჭირდება და არა მარტო შენ, მეც. ვკვდები, ისე მშია.
_ ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ითქვას, რომ მაცივარი თითქმის ცარიელი მაქვს. ვშიშობ, ვერაფერ დამაიმედებელს იქ ვერ ნახავ. ფეხი რომ არ მომეტეხა, ვაპირებდი სუპერმარკეტში გამოვლას.
_ მაშინ ჩავალ და რამეს ამოვიტან. ან, იქნებ, პიცა შვუკვეთოთ? გიყვარს პიცა?
_ კი, როგორ არა.
_ მშვენიერია. ამაში მაინც ემთხვევა ჩვენი გემოვნება ერთმანეთს. როგორი პიცა უფრო გიყვარს?
_ რას ჰქვია, როგორი?
_ რა ვიცი, იქნებ სოკოთი არ მოგწონს, ან ბეკონით, ან კიდევ… ბევრს აქვს ასეთ რამეებზე გართულება.
_ ჩემთვის ყველანაირი პიცა სასიამოვნოა.
_ აი, კიდევ ერთი საერთო. მეც შენსავით მიმაჩნია, _ ფართოდ გამიღიმა და ხელები მოიფშვნიტა. _ მაშინ დავრეკავ და ნახევარ საათში პიცით ვისიამოვნოთ.
დარეკვამ და შეკვეთის მიცემამ სულ რაღაც ხუთი წუთი წაიღო. სანამ პიცას მოიტანდნენ, კოკიმ ტელევიზორი ჩართო და პულტი ხელის მსუბუქი მოძრაობით წინ დამიგდო:
_ სახლი შენია და არჩევანიც შენზეა, რასაც გინდა, იმას უყურე. მე დიდად არ მხიბლავს ტელევიზორის ყურება.
სადაც გადავრთე, ან სერიალი გადიოდა, ან პოლიტიკური გადაცემა. უცხოური არხები არ მქონდა, ვერა და ვერ მოვიცალე, რომ სატელიტური თეფში შემეძინა და სპეციალური პაკეტი მეყიდა, ამიტომ მხოლოდ ქართულ ტელესამაუწყებლო სივრცეში ვიყავი ჩაკეტილი. სიამოვნებით გამოვრთავდი ახლა ტელევიზორს, მაგრამ მასთან სიჩუმეში დარჩენა უხერხულ სიტუაციაში ჩამაგდებდა, მერჩია, ტელევიზორის ხმაურის ფონზე ვყოფილიყავით ერთად.
ამ დროს ტელეფონმა დარეკა და პიცის «მობრძანება» გვაუწყა. კოკიმ გასაღები გამომართვა და დაბლა ჩავიდა.
მისი გასვლა და ჩემი შვებით ამოსუნთქვა ერთი იყო. კოშმარული დღე მქონდა. ასე უმწეოდ კარგა ხანია, თავი არ მიგრძნია. ალბათ რა საშინლად გამოვიყურები. ამის გაფიქრებამ საგონებელში ჩამაგდო. ძლივძლივობით ავდექი და კოჭლობით გავემართე სააბაზანოსკენ, რათა სარკეში ჩამეხედა. ფეხი ისევ მტკიოდა, მიუხედავად იმისა, რომ გამაყუჩებლებით ვიყავი გაბრუებული.
სარკეში რომ ჩავიხედე, ელდა მეცა. სახეზე ნაცრისფერი დამდებოდა. არა, ნაცრისფერი კი არა, ფერფლისფერი. ჩემი საგულდაგულო მაკიაჟი სადღაც გამქრალიყო, ხოლო ტუში წამწამებიდან ჩამომსვლოდა და თვალის გარშემო «მოკალათებულიყო». ისეთი სანახავი ვიყავი დადღაბნილი უპეებით, ლამის გული წამივიდა. პანდას ვგავდი. გაბმულად წავიყმუვლე. ამისთანა საფრთხობელასთან ვახშმობა რატომ გადაწყვიტა ნეტავ ამ ანგელოზივით კაცმა?
იმწუთასვე შევუდექი თავის წესრიგში მოყვანას. საპნით პირი ცხოვრებაში არ დამიბანია, რადგან ალერგიას მაძლევს, მაგრამ ახლა სხვა გზა არ მქონდა. კოსმეტიკური რძე ან ლოსიონი რომ გამომეტანა, საძინებელში უნდა გავსულიყავი, ამას კი ვერც მოვახერხებდი და ვერც მოვასწრებდი, კოკი წუთი-წუთზე ამოვიდოდა. მხოლოდ უპეების გარშემო წავისვი საპონი და თბილი წყლით ამოვიბანე, სახეზე კი მხოლოდ წყალი შევისხი. მერე თმაც დავივარცხნე, კოხტად დავიხვიე კეფაზე და როცა ცოტა გამოვაკეთე საკუთარი სიფათი, კვლავ დივანს მივაშურე. ახლა გაცილებით უკეთ გამოვიყურებოდი.
არ ვიცი, ვერტიკალურმა მდგომარეობამ განაპირობა თუ მოძრაობამ, მაგრამ კოჭი უარესად ამტკივდა. ისე მიფეთქავდა თაბაშირიანი ფეხი, თითქოს საწნეხ აპარატში ყოფილიყო გაკვეხებული. თაბაშირიც სასტიკად მიჭერდა.
კოკის შეაგვიანდა. ცოტა არ იყოს, შევშფოთდი, რამე ხომ არ დაემართა-მეთქი, ამ დროს კარი გაიღო და ისეთი დატვირთული შემოვიდა, რომ კარის მიხურვამ წიხლის კვრით მოუწია. როგორც ჩანს, მარკეტშიც შეიარა, რადგან ცალ ხელში უზარმაზარი პიცის ყუთი ეჭირა, მეორეში კი ვეებერთელა თეთრი პარკი, რომელიც რაღაცებით აშკარად გატენილი იყო.
_ კოკი, ქართული არმიის დაპურებას ხომ არ აპირებ? რა ამბავია ამდენი? _ წამოვიძახე, როცა ჩემ წინ, მაგიდაზე პროდუქტის ამოლაგებას შეუდგა, _ მეტი არაფერი დარჩა იმ მაღაზიიდან ამოსაზიდი? _ გავეხუმრე.
პასუხი არ გამცა, უხმოდ გაშალა სუფრა, თეფშებთან ერთად სამზარულოდან ჭიქები გამოიტანა და მანგოს წვენით გაავსო.
_ «კონიაკს დალევ? _ მანგოს წვენს. _ უნდა გაკოცო. _ მაკოცე»… იცი ეს ლექსი? _ ეშმაკურად თვალებმოწკურულმა გამომხედა.
_ ვიცი, _ ვუთხარი და მზერა ავარიდე, ემანდ ისევ კოცნა არ მოუნდეს-მეთქი.
_ რაც შეიძლებოდა, მრავალფეროვანი ასორტიმენტი წამოვიღე, _ სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი, _ არ ვიცოდი, რა გიყვარდა, ამიტომ რაც მე მიყვარდა, ის წამოვიღე, _ თან ყოველ ახალ შეფუთვას საზეიმოდ სწევდა ხელით მაღლა, რომ ჩემთვის დაენახვებინა.
_ არ იყო საჭირო ამდენი ფულის დახარჯვა, _ შევნიშნე.
_ შენ ის მითხარი, აქედან რა არ მოგწონს.
_ მე ყველაფერი მომწონს, რაც გემრიელია.
_ აგაშენა ღმერთმა! მეც მანდ ვარ! მაშინ მოვულხინოთ. _ ამ სიტყვებით მაგიდა ჩემთან რაც შეიძლებოდა ახლოს მოაჩოჩა, _ მერე ისევ თავის ადგილას დავაბრუნებ. სამზარეულოში რომ გვევახშმა, უკეთესი იყო, მაგრამ არ მინდა გაწვალდე. ხელში რომ აგიყვანო, შეიძლება გააპროტესტო, შენით სიარული კიდევ ჯერჯერობით გაგიჭირდება. მოიცა, მოიცა! _ შესძახა უეცრად, თვალები მოჭუტა და ყურადღებით დამაცქერდა, _ შენ რა, უკვე ადექი და პირიც დაიბანე? ოხ, რა პრანჭია იურისტი გვყოლია!
ისე შემრცხვა, გავწითლდი. ალბათ იფიქრა, რომ მის გამო მოვწესრიგდი. არადა, იყო ამაში სიმართლის ბევრი მარცვალი.
როცა შეატყო, რომ უხერხულად შევიშმუშნე და ალმური მომეკიდა, სასწრაფოდ შეცვალა საუბრის თემა.
_ მე ძალიან მომშივდა. ალბათ შენც, არა?
თავი უსიტყვოდ დავუქნიე და შევეცადე, მოხერხებულად დავმჯდარიყავი მაგიდასთან. ცოტა გამიჭირდა, მაგრამ მაინც მოვახერხე ისე, რომ კოკის დახმარება არ დამჭირვებია.
როცა თეფშები მოვასუფთავეთ, მივხვდი, რომ სუნთქვა აღარ შემეძლო. ძალიან ბევრი ვჭამე. ისე მშიოდა, კი არ ვღეჭავდი, ერთიანად ვნთქავდი ლუკმებს და როცა გავიაზრე, რას ვაკეთებდი, უკვე გვიან იყო. ამასობაში მუცელი ორსული ქალივით გამომებერა.
ჭამას როგორც კი მოვრჩით, კოკიმ მაგიდა აალაგა, ჭურჭელი კვლავ სამზარეულოში გაიტანა და ჭიქით წყალი შემოიტანა. მერე წამლის კოლოფიც გახსნა და ტკივილგამაყუჩებელი წყალთან ერთად მომაწოდა. მას ყველაფერზე ჰქონდა ნაფიქრი, რამაც გული ამიჩუყა.
_ მადლობა, _ ძლივს გასაგონად ჩავიჩურჩულე, რადგან ცრემლები ყელთან მქონდა მომდგარი. სულაც არ მინდოდა, ვინმეს ჩემზე ეზრუნა, მით უფრო _ კოკის. კი მსიამოვნებდა, ჩემზე რომ ზრუნავდა, მაგრამ ამასთან, ზედმეტად მაფორიაქებდა და მაწუხებდა ეს მზრუნველობა.
_ საწოლამდე მისვლაში ხომ არ მოგეხმარო? _ თავაზიანად შემეკითხა.
ისე დავიძაბე, რომ რაც შეიძლებოდა სწრაფად მივუგე:
_ არა, არა, აქვე დავიძინებ ამაღამ.
_ ყავა ან ჩაი ხომ არ გინდა? არ მეზარება, ოღონდ კი ისურვე.
_ არა, მადლობა.
_ რძე, მაწონი?
_ არაფერი არ მინდა, კოკი, დიდი მადლობა ყველაფრისთვის. _ მოუთმენლად მივუგე, რადგან ერთი სული მქონდა, ჩემი ეს ტანჯვა როდის დასრულდებოდა.
_ თუ ვცდები, შემისწორე, მაგრამ მგონია, რომ ჩემი აქ ყოფნა ძალიან გაიწელა. აჯობებს, წავიდე. იმედია, აწი მარტოც გაართმევ თავს ყველაფერს, _ ოდნავ ირონიული ტონით წარმოთქვა, ჩემს ხელს დასწვდა და მაკოცა.
ეს კოცნაც ისეთივე ორწამიანი იყო, როგორიც წინამდებარე.
_ ღამე მშვიდობისა, ბაბი, ტკბილ სიზმრებს გისურვებ. არ მოიწყინო და წარსულზე ფიქრებს შეეშვი, ოკეი?
_ ოკეი, _ ღიმილით მივუგე და კიდევ ერთხელ გადავუხადე მადლობა იმისთვის, რაც მთელი საღამოს განმავლობაში ჩემთვის გააკეთა.
როცა კარისკენ დაიძრა, მზერა გავაყოლე. როცა კარი გაიხურა და მარტო დავრჩი, საშინელი სიცივე და უარესი სიჩუმე ვიგრძენი, მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზორი ხმაურობდა, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის მზით გაცხელებული კედლები ოთახში სიმხურვალეს ჯერ კიდევ ინარჩუნებდა… ხელი კი, რომელზეც მაკოცა, ისევე მიელავდა, როგორც კოჭი, რომელიც საგრძნობლად გამსივებოდა…
კარგა ხანს ვიჯექი ჩაფიქრებული და ღამის სიბნელეს ფანჯრიდან ვაკვირდებოდი, ვუსმენდი ფოთლების შრიალს და მათ შორის გამომკრთალ ვარსკვლავებს ვაცქერდებოდი… მერე კი მოხერხებულად მოვკალათდი დივანზე, თხელი პლედი მხოლოდ ფეხებზე გადავიფარე და თვალები დავხუჭე… არ ვიცი, რამდენ ხანში ჩამეძინა, მაგრამ ღრმა, ტკბილი ძილით კი მეძინა…
დილით მობილურის მელოდიამ გამაღვიძა. კოკი იყო, მომიკითხა. აშკარად უკეთ ვგრძნობდი თავს, გასივებაც ჩამცხრალიყო და კოჭის ტკივილიც. როცა მკითხა, რამე ხომ არ გჭირდებაო, ცოტა ცივად მივუგე, არაფერი არ მინდა, ჩემი თანამშრომელი გოგოები მომაკითხავენ და მომივლიან-მეთქი. ალბათ არ ესიამოვნა, ასე რომ მოვიშორე თავიდან, დამემშვიდობა და მორჩა. მის ზარს სამკვირიანი დუმილი მოჰყვა. სამი კვირის განმავლობაში ერთხელაც არ შემხმიანებია. მე კი ადგილს ვერ ვპოულობდი. წარამარა კოკი მახსენდებოდა, მისი ყოველი სიტყვა, გამოხედვა, ღიმილი, სიცილი… ნერვები დაწყვეტაზე მქონდა. არც ოფისში ყოფნისას მადგებოდა უკეთესი დღე, ყოველი ზარი მობილურსა თუ ქალაქის ტელეფონზე მისი მეგონა და გული მიჩერდებოდა.
ჩემდა გასაკვირად, კოჭი მალევე შემიხორცდა. ორ კვირაში თავისუფლად შემეძლო გადაადგილება, თაბაშირი სულაც არ მიშლიდა სიარულში ხელს. მართალია, ყავარჯენს ვხმარობდი, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ფეხი ზედმეტად არ დამეტვირთა. როცა შინ ვიყავი, უყავარჯნოდ გადავაადგილდებოდი, მსუბუქად ვადგამდი ტერფს, როცა ერთი ოთახიდან მეორეში გავდიოდი და ეს დისკომფორტს არ მიქმნიდა. კოკიზე ფიქრიც ნელ-ნელა «შევანელე». ალბათ როგორც ქალი, არ წარმოვადგენდი მისთვის ინტერესის საგანს, ამიტომ ზედმეტი ტვინის ჭყლეტა და ოხვრა-ვაება არას მარგებდა.
სამსახურში ვანდის დავყავდი. ყოველ დილით მომაკითხავდა მანქანით და საღამოსაც მანქანით მომაცილებდა შინ. ხანდახან რჩებოდა კიდევაც, განსაკუთრებით პირველ დღეებში, როცა ასე ადვილად არ შემეძლო მოძრაობა და სიარული. ყავარჯენიც მან მიშოვა. სასაცილო ვიყავი, ყავარჯენს იღლიაში რომ ამოვიდებდი. ჩემი თავი ომგადახდილი ჯარისკაცი მეგონა, ფეხი ბრძოლის ველზე რომ დატოვა. ერთხელაც არ შემითვალიერებია ჩემი თავი სარკეში, როგორ გამოვიყურებოდი ყავარჯნით. ამის შეხედვის სურვილი არ მქონდა.
ჩემი ტრავმის გამო სამი სასამართლო პროცესი გადაიდო, რამაც ძალიან შემაწუხა. ყოველთვის მეთანაღრებოდა გული, როცა ადამიანებს იმედებს ვუცრუებდი. მართალია, ჩემი ავად ყოფნა დროებითი იყო, მაგრამ სხვებისთვის ამის გაგება არც ისე იოლი აღმოჩნდა. ერთმა კლიენტმა, იმის გამო, რომ ბინას ედავებოდნენ და პროცესის მოგების იმედი ჰქონდა, ლამის გამომლანძღა, რაღა ჩემს ხარჯზე მოგინდა ფეხის მოტეხვა, როცა ასე მეჩქარება ამ საქმის დამთავრებაო.
მიუხედავად ამისა, თანდათან ყველაფერი დალაგდა. მესამე კვირის ბოლოს თაბაშირიც მომხსნეს და როცა რენტგენის სურათი გადამიღეს, მომილოცეს, არაჩვეულებრივად არის ძვალი შეხორცებულიო. თუმცა, გამართულად სიარული ჯერ კიდევ მიჭირდა. კარგი ის იყო, რომ მანქანის მართვა შემეძლო და ფეხით სეირნობას დროებით დავემშვიდობე. ახლა მხოლოდ მანქანით მივდიოდი სამსახურამდე. არც სასამართლო პროცესებზე ვდგებოდი ფეხზე, რადგან მოსამართლემ გაითვალისწინა ჩემი პრობლემა და ნება დამრთო, დამჯდარს წარმემართა დაკითხვები.
ერთი სასამართლო პროცესი მოვიგეთ, სწორედ იმ ქალის, ბინას რომ ედავებოდა მდგმურებს, რომლებმაც მოხუც დედამისს მოტყუებით გადააფორმებინეს სამოთახიანი, რადგან ქალიშვილი ამ დროს თურქეთში სამუშაოდ იმყოფებოდა. ორი პროცესი გადაიდო, რადგან მოწინააღმდეგე მხრიდან მომჩივანები არ გამოცხადდნენ. კიდევ მქონდა ორი პროცესი, რომელიც შუა თვეში უნდა გამართულიყო და ახლა სწორედ ამ საქმეებზე ვმუშაობდი.
კვირა დღე იყო. დათომ დამირეკა, შენი ნახვა მინდა, რჩევა უნდა გკითხო, უშენოდ ვერაფერს გავაწყობო. არ დაუკონკრეტებია, რა საკითზე საჭიროებდა ჩემს რჩევას, მაგრამ მივხვდი, სერიოზული რაღაც უნდა ყოფილიყო, რადგან ძალიან აღელვებული ჩანდა.
საშინლად გაფითრებული მოვიდა, შუბლზე ოფლი ასხამდა. ხელში თავისი განუყრელი პორტფელი ეჭირა, რომელიც მონაცვლეობით, ყოველ წუთ-ნახევარში, ერთი ხელიდან მეორეში გადაჰქონდა.
_ ხომ კარგად ხარ, დათო? _ შევშფოთდი.
_ არ ვიცი, ჰქვია თუ არა ამას კარგად ყოფნა, მაგრამ… მოკლედ, მარინა გამოჩნდა.
იმდენად მოულოდნელი იყო ამის მოსმენა, რომ გაკვირვებულმა შუბლი შევჭმუხნე.
_ რაო, ქონება გამიყავიო?
_ არა, შემირიგდიო.
_ რაო, რაო? _ დამცეცხლა.
_ შერიგება უნდა. არ ვიცი, რა მეტაკა, შეცდომა დავუშვი და თუ შეგიძლია, მაპატიეო.
კარგა ხანს ხმა ვერ ამოვიღე. ვატყობდი, არ იყო შერიგების წინააღმდეგი, მაგრამ იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ცოლმა გაუკეთა, როგორ შეეძლო მისი უკან მიღება? წარმოუდგენლად მიმაჩნდა მსგავსი რამ.
_ მერე? _ გულგრილად ვკითხე და მის წინ მჯდარმა საჩვენებელი თითი ნიკაპზე ჩამოვისვი.
ძალიან ირონიულად კი გამომივიდა ეს «მერე». დათო დაიბნა. ჩემგან ასეთ რეაქციას არ ელოდა და დღესაც ვერ ვხვდები, რატომ. მის ცოლს სულ ვლანძღავდი თავისი საქციელის გამო და რატომ გაუკვირდა ჩემი გულგრილობა, ვერ მივხვდი.
_ მერე რა ვიცი… შენთან მოვედი რჩევის საკითხავად… შენზე ახლო მეგობარი მე არ მყავს, არც შენზე ჭკვიანი… _ მორიდებით ამარიდა თვალი.
_ და რა გინდა, რომ გირჩიო? შენთვის როგორც ჯობია, ისე მოიქეცი, _ შემეცოდა, ისეთი სახე ჰქონდა.
_ მაგრამ რას იტყვის ხალხი? დამცინებენ.
გამეცინა.
_ მაგდენი თუ გესმის, მე რაღას მეკითხები? _ თავი ვერ შევიკავე, _ თუ გიყვარს, სხვების აზრი დიდად არ უნდა გაინტერესებდეს. თუ ბავშვების გამო აპირებ შერიგებას, მით უფრო და თუ სხვა, ამათზე მნიშვნელოვანი მიზეზი გაქვს შესარიგებლად, მთლად მოგწყობია საქმე და ეგ არის. ჩემი რჩევა რაღაში გჭირდება?
_ შენ რას იზამდი ჩემს ადგილას?
_ მე? იქ შევაძვრენდი, საიდანაც გამოძვრა! _ ლამის ვიყვირე.
_ მიყვარს, ბაბი, გესმის?
_ მაშინ შეურიგდი და აქედანვე მოემზადე, კიდევ როდის მიგატოვებს, _ არ დავინდე მეგობარი და განერვიულებულმა სკამზე ქანაობა დავიწყე.
_ შემპირდა, რომ…
_ და გჯერა, არა? _ გავაწყვეტინე, _ როგორი მიამიტი ხარ, დათო, რა!
_ იცი, როგორი შეცვლილია? _ ცოლის გამართლებას ისევ შეეცადა.
_ ჰოდა, შეურიგდი, წადი, რას ელოდები? გაიქეცი, მიდი!
ნირი წაუხდა. ხმა არ ამოუღია, მხრებჩამოყრილი წამოდგა და კარისკენ გაემართა.
_ ოღონდ ისე ნუ გააკეთებ, რომ კიდევ ერთხელ გახდე ხალხის სალაპარაკო და დასაცინი. გასაგებია?
შედგა, უკან მოიხედა და თავი დამიქნია, მერე კი ჩუმი ხმით თქვა:
_ რომ ნახო, შეგეცოდება. არ გინდა, ნახო? _ შემაპარა.
სიცილი ამიტყდა.
_ რომელი მოძღვარი მე მნახეთ შენ და მარინამ? წავიდეს ეკლესიაში, ილოცოს და მოინანიოს თავისი საქციელი. მე რატომ უნდა ვნახო? რა ვუთხრა? მოვუწონო, რომ მიგატოვა? შენ კარგი, მაგრამ შვილები როგორ გაწირა? ასეთ დედებს არ ვცნობ. არ გეწყინოს, მაგრამ შენი ცოლი დიდი ნაგვის გროვაა, თუ ჩემი აზრი გაინტერესებს.
თავი დაააკანტურა და გასასვლელისკენ გააგრძელა გზა. რაღაც მომენტში შემეცოდა. გული დამწყდა, ასეთი სუსტი მამაკაცი რომ აღმოჩნდა. უფრო ძლიერი მეგონა. მისი პროფესიის ადამიანი უნდა ყოფილიყო უფრო ძლიერი.
_ ხო, მართლა, ეს ჟურნალი მარინამ გამომატანა, მიუტანე, გაუხარდებაო, _ მოულოდნელად უკან დაბრუნდა, პორტფელი მაგიდაზე შემოდო, გახსნა და იქიდან პრიალა, სქელფურცლებიანი ჟურნალი ამოიღო.
_ რა ყურადღებიანი ცოლი გყავს, _ ზედმეტად ხაზგასმით ვუთხარი და ორაზროვანი მზერა ვესროლე.
როცა დათო გავიდა, ჟურნალს ისე, სხვათა შორის დავხედე და ადგილზე გავქვავდი. ყდაზე კოკი ლაცაბიძე პოზირებდა… მის გვერდით კი მშვენიერი შავგვრემანი გოგო იდგა, რომლისთვისაც ხელი ჩაეჭიდა…
დავცქეროდი ჟურნალს, თან ვცდილობდი, ჩვეულებრივი გამომეტყველება შემენარჩუნებინა და, მიუხედავად იმისა, რომ ოთახში მარტო ვიყავი, არ მსურდა შემტყობოდა, სინამდვილეში როგორი ტკივილი მომაყენა ამ სურათმა. ფოტოს წარწერას მზერით სწრაფად გადავურბინე… დაძაბული მზერით. პარლამენტარი დაქორწინებულა, ხოლო კოკი მეჯვარე ყოფილა ამ ქორწილში. გოგონა კი, რომლისთვისაც ხელი სათუთად ჩაეჭიდა, სიძის და აღმოჩნდა. ოდნავი შვება მხოლოდ იმან მაგრძნობინა, რომ გოგონას საშინლად უგემოვნო კაბა ეცვა და ძალიან ვულგარულად გამოიყურებოდა. მაგრამ განა ვინმე მიაქცევს ამისთანა რამეს ყურადღებას ჩემნაირი სულელის გარდა? მთავარია, რომ ლამაზია. ტუჩები კი აქვს დაბერილი, თუმცა ეს ხომ მოდური სვლაა, ვის არა აქვს დღეს ტუჩები დაბერილი ჩემ გარდა? ყველაზე აღმაშფოთებელი ის იყო, რომ ეს «გალიის ჩიტი» (რატომღაც, სხვა მეტსახელი ვერ შევურჩიე) მყუდროდ ჩახუტებოდა კოკის და ბედნიერად იღიმებოდა.
მაშინვე ვანდისთან დავრეკე.
_ გამო რა, ჩემთან.
_ რა იყო, მოხდა რამე?
_ მოდი და მოგიყვები, _ თითქოს დაღლილი ვყოფილიყავი, ისეთი წართმეული ხმა მქონდა.
_ ახლავე გამოვდივარ, _ შეშფოთდა ვანდი.
კანკალმა ამიტანა. არც ვიცოდი, რა მანერვიულებდა. ამ კაცთან ჯერ თითქმის არაფერი მაკავშირებდა. ბუნებით ეჭვიანი ყოველთვის ვიყავი, თუმცა იშვიათად ვამჟღავნებდი ამას. ახლა კი… ამწუთას კოკი აქ რომ ყოფილიყო, არავითარ შემთხვევაში არ დავმალავდი, როგორ ავივსე ბოღმით. ძლივს ერთი კაცისკენ გამიწია გულმა და იმასაც მართმევდნენ. მართმევდნენ უგემოვნო კაბით და ვულგარულობით, დაბერილი ტუჩებით და ასაკობრივი უპირატესობით. სურათზე გამოსახული გოგონა ოცი-ოცდაერთი წლის ძლივს იქნებოდა. გამხდარი იყო, სიტყვა «სიფრიფანა» ზედგამოჭრილი იყო მისთვის, ჩეხური ბროლის გამჭვირვალე ლარნაკს წააგავდა. ამ გოგოს პირველად ვხედავდი, მაგრამ ისეთი სახე ჰქონდა, ნებისმიერი რომ იტყოდა, სადღაც მყავს ნანახიო.
ვანდის მოსვლამდე ჩემი დამემართა. კარგა ხანს ვაღვარღვარე ცრემლები და, როგორც იქნა, დავმშვიდდი. ამოვარდნამდე მისული გული საგულეში ჩადგა. როცა ვანდი მოვიდა, ჩემს წინანდელ მდგომარეობას მხოლოდ ჩაწითლებული თვალები გასცემდა.
_ შენ რა, იტირე? რა მოგივიდა? ვინმე მოკვდა?
_ ნეტავ მომკვდარიყო…
_ ვინა, კოკი? რა მოხდა?
ცრემლი კვლავ ყელში მომაწვა და ტუჩები ამიკანკალდა. სიტყვის თქმა რომ ვერ მოვახერხე, ჟურნალი ამოვატრიალე და ფოტოს საჩვენებელი თითი დავადე.
_ აუჰ! ეს ვინღაა? _ ვანდის შვების ოხვრა აღმოხდა, მიხვდა, რომ საგანგაშო არაფერი ხდებოდა, არც არავინ მომკვდარა და არც არავინ დაშავებულა, _ ლამაზი სურათია, _ თქვა და ჟურნალი დივანზე მოისროლა.
გამგმირავი მზერა ვესროლე, მან კი, თითქოს არც არაფერიო, გააგრძელა:
_ ამბობენ, ამ გოგოზე ტაციობააო. ნეტავ რა მოსწონთ ამისთანა კეკელკაში?
_ მართლა? მე კიდევ პირველად ვხედავ. იღბლიანი ყოფილა.
_ აბა, ახლა! ეგეთები არ გამაგონო! შენ რომ გვერდით კაცი არ გყავს, ვითომ შენი უიღბლობის ბრალია?
_ აბა რისი ბრალია?
_ რისი და შენი ჯიუტი ხასიათის. აქაოდა, ჩემი გოლა გვერდით არ მყავს, ჯანდაბამდის გზა ჰქონიათ კაცებსო. ნეტავ ვის რას უმტკიცებ მაგით? გგონია, გოლა თუ გაიგებს, რომ არავის ხვდები, გული აუჩქროლდება და გამოიქცევა?
_ ეგ რა შუაშია…
_ შუაშია, შუაში. მაგის გამო ცხოვრობ ასე მონაზონივით.
_ კაი რა… _ ცხვირი ჩამოვუშვი, რადგან ნაწილობრივ მართალს ამბობდა. ამაში არასდროს ვუტყდებოდი ჩემს თავს, მაგრამ სინამდვილეში ასეც იყო.
_ ეს ჟურნალი ვინ მოგართვა, ვინ გადაწყვიტა შენი გახარება?
_ წეღან დათო იყო მოსული…
_ რისთვის, ეს რომ ეჩვენებინა? _ გაბრაზებული ვანდი ადგა, ჟურნალი დივნიდან აიღო და ახლა ოთახის კუთხისკენ მოისროლა.
_ არა, ეგ მაგის ცოლმა გამომიგზავნა.
_ სად ჰყავს ცოლი მაგ უბედურს, _ სიცილი ვერ შეიკავა ვანდიმ.
_ შენ წარმოიდგინე, ჰყავს. თავი მომჭერი, ამწუთას სახლში თუ არ ეჯდეს.
_ ახლა ნუ გადამრევ! _ ვანდი ჩემ წინ დასკუპდა და ნიკაპი ხელისგულზე დაიბჯინა. ისეთი ცნობისმოყვარე თვალებით მომჩერებოდა, სატირლად გამზადებულს სიცილი ამიტყდა.
_ შერიგებას სთხოვს.
_ ვინ, ქალო, მარინა?
_ დიახაც. ხომ ხედავ, ასეთებიც ხდება.
_ რა ნიშნის მოგებით მპასუხობ? ხომ არ გგონია, რომ გოლაც მარინასავით მოიქცევა?
_ გამორიცხული არაფერია.
_ ბაბი, თავს ნუ იტყუებ, გეხვეწები. წავიდა ის კაცი, ტუ-ტუუუ, გაფრინდა და დაივიწყე ერთხელ და სამუდამოდ. აგერ ა, ოქროსავით კაცი და მიხედე ამას! _ ვანდიმ ხელი ოთახის კუთხისკენ გაიშვირა, სადაც ჟურნალი საცოდავად ეგდო.
_ ეგ კაციც ტუ-ტუ, ვერ ხედავ? _ კვლავ დამრია სევდამ ხელი.
_ ოჰ! ერთი რაღაც ფოტოს გულისთვის ხელი ჩაიქნიე თუ რა? ძმაკაცის დაა, ქალო, შენ რაღა მოგივიდა? წაიკითხე მაინც სტატია, შიგ რა წერია?
_ არ მაინტერესებს.
_ გაბრაზებული ხარ მასზე?
_ არაა. _ ვითომ გაოცებულმა შევხედე.
_ ძალიან?
_ კი, _ წამომცდა და ორივეს გაგვეცინა.
_ დათოზე უფრო ვარ გაბრაზებული, რას მომითრია ეს ჟურნალი? თუმცა, ეს იგივეა, ცუდი ამბის მომტან ფოსტალიონზე გაბრაზდე. რას ვერჩი? ადამიანმა პატივი მცა და მე კიდევ… ან კი რატომ ვნერვიულობ? ეს კაცი ხომ ჩემთვის არაფერს ნიშნავს, აბსოლუტურად არაფერს.
_ ვითომ? _ ვანდიმ თვალები მოჭუტა და ირიბად გამომხედა.
_ გეფიცები. უბრალოდ, მომწონს და მორჩა.
ვანდიმ ამოიოხრა და ჟურნალის ასაღებად ოთახის კუთხისკენ დაიძრა.
სამსახურში ყველაფერი რიგზე მიდიოდა, ნელ-ნელა ჩავდექი ჩვეულ ფორმაში. კოჭიც თანდათან მირჩებოდა.
პარასკევი საღამო იყო. სამსახურიდან მამიდასთან ვაპირებდი წასვლას, თანაც ღამისთევით. ტანსაცმლით გატენილი პარკი გვერდით, სკამზე მედო. მამიდა თვითონ გამომივლიდა მანქანით, ამიტომ ოფისში შევყოვნდი, სანამ მომაკითხავდა.
სწორედ ამ დროს ვიღაცამ კარზე დააკაკუნა. გამიკვირდა, რადგან ვიცოდი, ოფისში ჩემ გარდა არავინ იყო, მაგრამ ვიფიქრე, ალბათ მამიდაჩემია-მეთქი, ამიტომაც ხმამაღლა დავიძახე:
_ შემოდი, ლუი, კარი ღიაა!
მამიდას ლუიზა ჰქვია, მაგრამ ლუის ვეძახი. ის ჩემზე მხოლოდ ცხრა წლითაა უფროსი, სახელით ამიტომაც მივმართავ ხოლმე. თანაც, საუკეთესო მეგობრები ვართ.
_ ჩემთვის ბევრნაირად მოუმართავთ, მაგრამ ლუი? საინტერესოა, მერამდენე ლუი ვარ? მეცხრე? მეცამეტე? _ ტკივილამდე ნაცნობი ხმა მომესმა.
_ გამარჯობა, კოკი, _ კი არ ვთქვი, აღმომხდა, აღელვებისგან ენა გამიშრა.
_ გამარჯობა, ბაბი.
მამაკაცი კარის ზღურბლზე იდგა და იღიმებოდა. ისეთი მომაჯადოებელი იყო, გონება დამებინდა.
_ მამიდაჩემს ველოდი, _ წავილუღლუღე.
_ მამიდაშენი კაცია? _ გაიხუმრა.
_ არა, ლუიზა ჰქვია და შემოკლებით ლუის ვეძახი.
_ ააა, ახლა გასაგებია. სამწუხაროდ, ეს მე ვარ და არა მამიდა.
_ ვხედავ, _ მშრალად მივუგე და გონებაში თვითკონტროლის ერთი ღილაკი გავააქტიურე, _ რით გემსახუროთ?
კოკი მომიახლოვდა და ჩემი მაგიდის კიდეზე ისე უდიერად ჩამოჯდა, თითქოს ამის სრული უფლება ჰქონდა. იმდენად ახლოს იყო ჩემთან, რომ თავისი აღნაგობით მთელი ოთახი გაავსო და გადაფარა. თმა შეეკრიჭა და მოკლე თმის ფონზე თვალები კიდევ უფრო დიდრონი მოუჩანდა.
«ალბათ თავის გალიის ჩიტს ეპრანჭება», _ გავიფიქრე გუნებაში.
_ უკაცრავად, _ ხელი მაგიდაზე მიმოფანტული ქაღალდებისკენ გავიწვდინე, ერთად მოვაქუჩე, კიდეები ყველას თანაბრად გავუსწორე და უჯრაში ჩავუძახე.
_ მაპატიე, ხომ არაფერი გაგიფუჭე?
_ არა, მაგრამ შეიძლებოდა გაგეფუჭებინა, _ არ დავმალე, რომ არ მომწონდა მისი პოზა, ლამის თავზე რომ მაჯდა. თან უშნოდ აღლაჭუნებდა კევს, შიგადაშიგ გაბერავდა და მერე ტკაცუნით ხეთქავდა. ოხ, როგორ მინდოდა მიმელანძღა იმ მწარე-მწარე სიტყვებით, ჩემს ლექსიკონში მხოლოდ მისთვის რომ მქონდა შემონახული, მაგრამ მაქსიმალურად ვიკავებდი თავს. არ მინდოდა ეფიქრა, რომ მისი სამკვირიანი გადაკარგვით ვიყავი უკმაყოფილო.
კოკიმ ადგილი მოინაცვლა და სკამზე გადაჯდა, კევი კალათბურთელის სხარტი მოძრაობით სანაგვეში მოისროლა და დაჟინებით ჩამაცქერდა თვალებში. მისი ორაზროვანი მზერა მბურღავდა.
_ რა მოხდა, ბაბი? _ ხმადაბლა მკითხა.
_ არაფერი, _ ცივად ვუპასუხე, _ უბრალოდ, არ მინდოდა საბუთები ერთმანეთში არეულიყო.
_ ხელს გიშლი?
_ ეს არ მითქვამს.
_ ფეხი როგორ გაქვს? _ რბილი, ხავერდოვანი ხმით გააგრძელა დაკითხვა.
_ კარგად. გმადლობ. მირჩება უკვე.
_ ცუდია, მამიდას რომ ელოდები. ვიფიქრე, ერთად ვივახშმებთ-მეთქი. _ თქვა და ტუჩებზე თავისი საფირმო ღიმილი გადაიფინა.
გაოცების დამალვა არ მიცდია. სამი კვირაა, არ შემხმიანებია, მკვდარი იყო თუ ცოცხალი, კაცმა არ იცოდა, ახლა კი ოფისში დამადგა თავზე და დარწმუნებულია, რომ ყველაფერს მივაგდებ და გავეკიდები!
_ მაპატიე, მაგრამ დღეს საღამოს დაკავებული ვარ, _ მრავალმნიშვნელოვნად ირონიული მზერით გავხედე.
_ ცუდია… ხვალ? ხვალ ხომ იქნები თავისუფალი? შაბათია.
_ შაბათ-კვირას თბილისში არ ვიქნები. ახლა მამიდა მომაკითხავს და…
_ ანუ მამიდასთან რჩები?
თავი დავუქნიე. თუ გულახდილი ვიქნებოდი საკუთარ თავთან, სინამდვილეში სულაც არ მსიამოვნებდა, ვახშამზე უარს რომ ვეუბნებოდი. ძალიან, ძალიან მინდოდა მასთან უფრო მეტი დრო გამეტარებინა, მაგრამ…
და მოულოდნელად გავაკეთე ის, რაც არ უნდა გამეკეთებინა და რასაც წინა დღეებში მტკიცე ფიცით შევპირდი ჩემს თავს:
_ ქორწილმა როგორ ჩაიარა? _ სიტყვები უნებლიეთ გამექცა, ამ შეკითხვის დასმას არ ვაპირებდი.
_ ქორწილი? მე შენთან ქორწილი ვახსენე?
თავი გადავაქნიე.
_ უბრალოდ, ჟურნალში წავიკითხე. შენ ხომ ცნობილი პერსონა ხარ.
_ ჩემი კი არა, ჩემი ძმაკაცის ქორწილი იყო, _ მხიარულად დაიჯღანა, _ მე მხოლოდ მეჯვარე ვიყავი. სამი კვირაა, გვერდიდან არ მიშორებს. კიევში ვიყავით.
_ რატომ, აქ რესტორნები არ გვაქვს?
_ ცოლია იქაური და იმიტომ. თანაც, ბიზნესიც იქ აქვს და მეგობრების უმრავლესობაც იქ ჰყავს.
_ აჰა. _ ყინული გალღვა. ახლა უკვე გასაგები გახდა, რატომაც დაიკარგა.
_ ეს ყველაფერი კარგი, ბაბი, მაგრამ იქნებ ამიხსნა, ჩემზე გაბრაზებული რატომ ხარ? _ და წინ გადმოიხარა.
_ საიდან მოიტანე? სულაც არ ვარ გაბრაზებული. არ მესმის, რაზე მელაპარაკები.
_ რა თქმა უნდა, გესმის, _ ორაზროვანი ღიმილისგან ტუჩები დაუწვრილდა, _ მე ვახშამზე დაგპატიჟე, შენ კი სასიკვდილო დარტყმა მომაყენე. შეგეძლო, თავაზიანად გეთქვა, «არა, გმადლობთ», შენ კი… არ მეთანხმები?
_ ღმერთო ჩემო! რამდენიმე თავისუფალი საათი გამოგიჩნდა და ჩემთან ვახშმობა გადაწყვიტე. ამისთვის რა, ყელზე უნდა ჩამოგეკიდო და მადლობები გიხადო? _ გაცხარებულმა მივახალე და მაშინვე ენაზე ვიკბინე. მინდოდა, ბოლომდე გულგრილი დავრჩენილიყავი და რა გავაკეთე? რაც შემოვიდა, ენის წვერზე მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებდა, რატომ არ ჩანდა ეს დღეები. ჩემი თვითკონტროლის ღილაკები ერთდროულად გამოვიდა წყობიდან. ეს კაცი საღად აზროვნების უნარს მიკარგავდა.
_ აი, თურმე როგორი წარმოდგენა გაქვს ჩემზე, _ კოკიმ მაგიდას შემოუარა და უცერემონიიოდ წამომაყენა სკამიდან, _ ესე იგი, შენ გგონია, რომ მორიგი ტელეფონის ნომერი ხარ ჩემს უბის წიგნაკში?
მისი ძლიერი მკლავები მხრებში ჩამაფრინდა. რაღაც მომენტში ძალიან შემეშინდა, მაგრამ თავგამოდებით შევებრძოლე შიშს, რომელმაც უეცრად ერთიანად ამიტანა, თავი ამაყად ავწიე და თამამად გავუსწორე მზერა მის მზერას.
_ თუ გულწრფელობას ელი ჩემგან, სწორედ ასეა.
მეგონა, გაბრაზებული დამცოფავდა, მან კი ხანგრძლივი, შემფასებლური მზერით გამომხედა.
_ ბევრი ქალი უარს არ იტყოდა… _ შეჩერდა და რამდენიმე წამით გააჭიანურა სათქმელი, _ ვახშამზე, ღვინოზე, ფლირტზე, თანაც ყოველგვარი მოვალეობის გარეშე. არანაირი პრობლემა მამაკაცთან დაკავშირებით… ეს სწორედ ისაა, რაზეც დღეს ბევრი ქალი ოცნებობს. ძალიან ბევრი ქალი, სხვათა შორის.
_ შენ ყველა კითხვაზე გაქვს პასუხი, _ გულმოსულმა ჩავიბურტყუნე. ხმამ გამყიდა, ზედმეტად მიკანკალებდა, ხელისგულები კი მის მკერდზე მქონდა მიდებული, თითქოს იმ კედელს ვიჭერდი, რომელიც თავზე უნდა დამცემოდა. ვცდილობდი, უფრო ახლოს არ მომეშვა. არადა, მისი გულისცემა ჩემს მარჯვენა ხელისგულს აჩქარებულად უგზავნიდა სიგნალებს, თითქოს მორზეს ანბანით იდუმალ ტექსტს მკარნახობდა. სუნი კი… ეს ოხერი მამაკაცური სუნი, მხოლოდ მას რომ ასდიოდა, სუნამოსა და სხეულის ნარევი სურნელი, აღმაგზნებდა.
_ მართლა? _ იქედნურად ვიკითხე და დავაფიქსირე, რომ ძალიან, ძალიან ხმადაბლა წარმოვთქვი, თითქმის ჩურჩულით, თითქოს ინტიმურ ატმოსფეროს კიდევ უფრო ვამძაფრებდი.
ასეც მოხდა. მისი თბილი ხელი უცებ ჩემს ლოყაზე მოკალათდა. არ ვიცი, რა მოხდებოდა შემდეგ, მოულოდნელად კარი რომ არ გაღებულიყო.
_ უკაცრავად… _ შეცბუნებული ხმა გაისმა.
შემკრთალმა განზე გავიწიე, მაგრამ კოკიმ მოულოდნელად წელზე მომხვია ხელი და რაც შეიძლებოდა მჭიდროდ მიმიხუტა.
_ ლუი, _ ჩახრინწული ხმით ამოვთქვი, _ ვერ შეგამჩნიე.
_ ააა, ეს თქვენ ხართ, ლუიზა მამიდა? _ ღიმილად დაიღვარა კოკი, ხელი შემიშვა და ჩემი ბუთქუნა მამიდასკენ გაემართა, _ კოკი ლაცაბიძე, მოხარული ვარ, რომ გაგიცანით.
_ ჩემთვისაც სასიამოვნოა, _ დაბნეულმა ლუიმ ხელი ჩამოართვა და მე გამომხედა.
_ მინდოდა ბაბისთვის სიურპრიზი მომეწყო და რესტორანში დამეპატიჟებინა, მაგრამ, სამწუხაროდ, დავაგვიანე. სამი კვირაა, თბილისში არ ვარ და მგონი, გადამეჩვია.
«თვით მომნუსხველობა» თავაზიანობად დაიღვარა. მამიდას მეტიც არ უნდოდა, ეგრევე მოიხიბლა. წლებია, ჩამჩიჩინებს, იპოვე ვინმე ნორმალური კაცი, დროზე გათხოვდიო და აჰა! ეს «აჰა» ეგრევე დაეწერა ლუის სახეზე.
_ შორს იყავით წასული?
_ არც ისე შორს, კიევში.
ნეტავ ლუი არ წამოეგოს მის იაფფასიან მოსახიბლ ხერხებს. ნეტავ არ წამოეგოს, _ ვნატრობდი გულში, თუმცა ამაოდ. სრულიად მოულოდნელად მამიდამ სრულიად მოულოდნელი რამ თქვა:
_ იცით რა? ბაბი ამ შაბათ-კვირას ჩვენთან მოდის დასარჩენად. თქვენც წამობრძანდით, ერთად უკეთეს დროს გავატარებთ. არ ინანებთ, დამიჯერეთ. ჩემი მეუღლე არაჩვეულებრივი ადამიანია, მოგეწონებათ ერთმანეთი. ოთახები მაქვს, ბავშვები დიდები არიან. ასე რომ, არ მოგერიდოთ.
_ რამხელა შვილები გყავთ?
_ გოგო ცხრამეტისაა, ბიჭი _ ოცდასამის. ერთი სტუდენტია, მეორე არქეოლოგი.
_ არქეოლოგი? რა საინტერესოა… მიპატიჟებისთვის დიდი მადლობა, მაგრამ ვფიქრობ, ცოტა უხერხულია ჩემთვის…
_ რას ამბობთ, საუხერხულო არაფერია. ძალიან გაგვიხარდება, თუ გვიკადრებთ. არა, ბაბი? _ ლუი აჟიტირებული იყო. ეგონა, ამით მე მასიამოვნებდა.
ისეთ ცუდ დროს შემოგვისწრო, ნებისმიერი იფიქრებდა, რომ ერთმანეთთან ვნებიანი რომანი გვაკავშირებდა.
ორი წყვილი თვალი _ თაფლისფერი და ლურჯი _ მამიდაჩემისა და კოკის _ ერთდროულად მომაჩერდა. ერთი გულუბრყვილოდ მიყურებდა, მეორე _ ეშმაკურად. კოკი აშკარად ტკბებოდა შექმნილი სიტუაციით.
_ კოკის ბევრი საქმე აქვს, ლუი, სად სცალია. ჩვენსავით მოცლილი კი არ არის, _ ამ სიტყვებით მამაკაცს მივაშტერდი, რომ მისთვის გასაგები ყოფილიყო.
_ ხო, რა თქმა უნდა. საქმის გარეშე დღეს თავის გატანა ძნელია, _ სინანულით შენიშნა მამიდამ და კიდევ ერთხელ შეავლო აღტაცებული მზერა ჩემს ახალგამოჩეკილ პოტენიცურ საქმროს. ამწუთას ლუის ჩემი საქმროს არჩევის ნება რომ ჰქონოდა, უყოყმანოდ დაასახელებდა კოკის.
_ ისე, თუ მართლა ხელს არ შეგიშლით, სიხარულით წამოვალ, _ წარმოუდგენელი მოკრძალებით განაცხადა მამაკაცმა, _ პირდაპირ აეროპორტიდან მოვდივარ, ასე რომ, ჩანთის ჩალაგებაც არ მომიწევს. თანაც, ნამგზავრისთვის სოფლის ჰაერი პირდაპირ მისწრება იქნება.
აი, ამას ჰქვია საქმის შემობრუნება! ბრაზისგან ვიგუდებოდი. რა მიამიტია ეს მამიდაჩემი? როგორ შეუძლია, ასე ბრმად დაპატიჟოს ადამიანი, რომლის შესახებ არაფერი იცის?
_ უი, როგორ გამახარეთ, რომ იცოდეთ. რომანს გაგაცნობთ. ჩემი ქმარი ძალიან ნაკითხი ადამიანია, მეცნიერების ამბავი ხომ იცით.
_ ა! მეცნიერია?
_ ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორია, აბა რა.
_ ლუი! _ მამიდას ვანიშნე, ტრაბახს შეეშვი-მეთქი.
_ კარგი, კარგი, აღარ გავაგრძელებ, თორემ ბაბი მომკლავს, _ სიცილით შენიშნა მამიდამ და პირზე ხელი მიიფარა, რომ წინა ჩატეხილი ორი კბილი, რომელიც ჩაშავებოდა, თვალში საცემად არ გამოსჩენოდა.
_ ლუი, მე ჯერ ვერ წამოვალ, ერთი საქმე მაქვს დასამთავრებელი. შენ წადი და ჩვენ მერე ერთად შემოგიერთდებით, ხომ? _ მინდოდა, როგორმე მიმენიშნება მამიდასთვის, რომ ჩვენ შორის არაფერი ხდებოდა. არადა, ჭკვიანი მამიდა მყავს, პედიატრი, რომელსაც საუკეთესოდ ესმის ბავშვების ფსიქოლოგია. ვიფიქრე, მიმიხვდება-მეთქი, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ.
_ მაგრამ მერე რითი წამოხვალთ? არა უშავს, დაგელოდებით.
_ ჩემი მანქანით, რა პრობლემაა, _ დრო იხელთა კოკიმ.
_ კარგი, მაშინ… მეც ჯერ ბაზარში უნდა გავიდე, ხომ იცით, საღამოს ბაზარი იაფია ძალიან. თუ გინდა, დაგირეკავ და სადმე დაგელოდებით, ან კიდევ…
_ წადი, მამიდა, წადი, ჩვენ ჩვენით წამოვალთ, _ უკმაყოფილოდ გავაწყვეტინე.
_ წამობრძანდით, ქალბატონო ლუიზა, მე ჩაგაცილებთ და სანამ ბაბი საქმეს მორჩება, აქვე, მისაღებში დაველოდები, _ ამ სიტყვებით მამიდას კარი გაუღო, თავაზიანად გაატარა წინ და თვითონაც უკან მიჰყვა.
მოცელილივით დავეხეთქე სკამზე…
ერთდროულად ტირილიც მინდოდა და სიცილიც. ამ კაცს ყოველთვის შეუძლია თავისი გაიტანოს. გადამრევს, როგორც ჩანს. როგორ მოაჯადოვა მამიდაჩემი, თვალსა და ხელს შუა გააცურა. ის კი არ იცის, წყალში რომ ჩავუყრი ამ «ბრწყინვალე» შრომას, მსახიობურს, რა თქმა უნდა.
პირველ რიგში, უნდა დავმშვიდდე, ასე აგზნებულს არაფერი გამომივა. რა სისულელეა შაბათ-კვირის კოკის გვერდით გატარება? თანაც სად? მამიდაჩემთან? წარმოუდგენელია! არარეალურია! გამომიჩნდა ეს ლუიც დიდი თანამედროვე! რა კოკი, ვინ კოკი! მიხედოს თავის «გალიის ჩიტს». მეც რას ავიჩემე ეს გალიის ჩიტი? გოლას ბრალია. რაც თავი მახსოვს, «კანარეიკას» მეძახდა, რადგან მის არყოფნაში სულ სახლში ვიჯექი და გალიაში გამომწყვდეულივით ველოდი. ამიტომაც შემარქვა. მე კიდევ იმდენად მირევს გულს ეს «კანარეიკა», რომ გალიის ჩიტით შევცვალე.
ხელისგულები აბრიალებულ ლოყებზე დავიფინე. ცივი მესიამოვნა, მაგრამ ჩემს აბობოქროებულ სხეულს ეს დააწყნარებდა? საშინლად ვნერვიულობდი. ყველაფერი ერთად მაღიზიანებდა _ იმ უცხო გოგოს გამოჩენაც, კოკის მოულოდნელი გამოცხადებაც და, ბოლოს, ასე თავხედურად თავის დაპატიჟებაც. როგორი მიამიტია ლუი. ყველაფერი მისი ჩვილი გულის ბრალია. რადგან ობლად გავიზარდე, უნდა, რომ ძალიან ბედნიერი ვიყო, ამიტომ ჩემი გულისთვის ყველაფერზეა წამსვლელი. ის კი არ უფიქრია, რას ეტყვის ქმარი, უცხო კაცს რომ მიაყენებს სახლში. მერე რა, რომ მეცნიერია, ზედმეტად ტრადიციულია და ხშირად საყვედურობს ხოლმე მამიდას, დროს შენი ასაკის შეუფერებლად უსწრებ ხანდახან წინო. აი, ახლა ისევ მოუწევს ცოლისთვის ამის შეხსენება. არა, არ უნდა დავუშვა, რომ კოკი ჩვენთან წამოვიდეს.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>