კოკიმ თავისი ენამოსწრებულობით ძალზე გაამხიარულა იგი. მამიდა ისე ხმამაღლა იცინოდა, რომ რომაც კი გამოახედა. ბიძაჩემმა ვეღარ გაძლო თავის კაბინეტში და კვლავ შემოგვიერთდა. ჩაის სმას ისევ სუფრის გაშლა და ქეიფის განახლება მოჰყვა. ჭიქას ჭიქაზე ცლიდნენ რომა და კოკი, თან საჭირბოროტო თემებზე საუბრობდნენ. როცა მათ ვუყურებდი, გული სიხარულით მევსებოდა. მომწონდა, რომ გაუგეს ერთმანეთს. ბიძაჩემი იშვიათად, ასე გაშინაურებოდა სტუმარს. ასე ადვილად მის კეთილგანწყობას ვერავინ დაიმსახურებდა. ისე გაერთო კოკისთან ერთად, რომ სხვა განზომილებებს გამოეთიშა და დედამიწას დაუბრუნდა.
არადა, ადამიანების მოხიბვლა გოლასაც კარგად ეხერხებოდა. მოგონებებმა კვლავ გააღვიძა ჩემში მიძინებული ტკივილი. გავუბრაზდი ჩემს თავს, უდროო დროს რომ მახსენდებოდა ყოფილი ქმარი თუ საყვარელი. ისეთ კარგ ხასიათზე ვიყავი, არ მინდოდა მის აჩრდილს ჩემი გუნება-განწყობილება გაეფუჭებინა. კოკის გაცნობამდე იშვიათად ვფიქრობდი მასზე, იშვიათად ვიხსენებდი. ამ ბოლო დროს კი ისევ ამეკვიატა ფიქრი. ეს ალბათ იმის ბრალია, რომ ის ყოველთვის არსებობდა ჩემი სულის სიღრმეებში და, როგორც კოკიმ თქვა, საკუთარი ჩრდილივით მუდამ ზურგს უკან მედგა. ვაითუ კოკიც ისეთია, როგორიც გოლა აღმოჩნდა?
მალულად ვაკვირდებოდი, როგორ ხიბლავდა რომას და ლუის. სასაცილო ამბებს უყვებოდა თავისი ცხოვრებიდან. დარწმუნებული ვიყავი, ასეთ რამეებს სხვებთან იშვიათად თუ გაამხელდა. ახლა მხოლოდ იმიტომ გამოიდო თავი, რომ ჩემებისთვის თავი მოეწონებინა.
გოლას საკუთარი შეცდომები სააშკარაოზე არასდროს გამოჰქონდა. კრინტს არ დაძრავდა, თუ რამეს მიჰქარავდა, არც ჩემთან და არც არავისთან. მაგრამ კოკი სრულიად საპირისპიროდ იქცეოდა. როგორც ჩანს, კარგად აქვს დამუღამებული, რომ საკუთარი შეცდომების გამოაშკარავება და მასზე «ღადავი» ადამიანებში ნდობას ბადებს.
სულაც არ მინდოდა, მაგრამ ძალაუნებურად ორივე მამაკაცს ერთმანეთს ვადარებდი. მართალი ყოფილა, როცა ამბობენ, ყოფილი ცოლები და ქმრები მეორე მეუღლეს წინას ადარებენო. აი, სწორედ ეს მომენტი ახლა მქონდა. გოლა სიმპათიური იყო, მაღალი, გამხდარი, შავთვალება, მოხდენილი, მაგრამ არა მდიდარი. კოკი კი… კოკი უფრო მომნუსხველი იყო, უფრო მხიარულიც, უფრო გულწრფელიც და… უფრო მდიდარიც. უფრო კი არა, ძალიან მდიდარიც. მასზე, როგორც წარმატებულ ბიზნესმენზე, ბევრი სტატია წამიკითხავს.
ქალები ჩემს ყოფილ ქმარსაც არ აკლდა. მასაც ზედ ახტებოდნენ, როგორც კოკის, მაგრამ მის შემთხვევაში სიმდიდრე არაფერ შუაში იყო. მართალია, გოლა უფულობას არ უჩიოდა და, სავარაუდოდ, რასაც იშოვიდა, უმეტესობას გართობაში ფლანგავდა, ვიდრე ოჯახისთვის, მაგრამ ბევრი მაინც არ ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში, მე არ მიგრძნია. მას სხვანაირი აურა ჰქონდა და სხვა პრინციპებით ხელმძღვანელობდა ქალების მოსახიბლად. აი, ისე, როგორც ჩემი მოხიბვლა შეძლო. რამდენადაც ყურადღებიანი და თბილი იყო გარეთ, იმდენად ცივი და უხეში ხდებოდა შინ. თითქოს ნიღაბს ირგებდა, როცა მარტონი ვრჩებოდით და ამ ნიღბის შიგნით იფარებოდა გარეთ მხიარული და თბილი მამამაკაცის ჭეშმარიტი, სადისტური ბუნება. როგორ ვიფიქრებდი, რომ ბოლოს ხელში სულ სხვა ადამიანი შემრჩებოდა? ოთახი, რომელსაც ვქირაობდით, ჩემთვის ნამდვილ საწამებელ საკნად აქცია. თავს უსაფრთხოდ, ფაქტობრივად, არასდროს ვგრძნობდი.
რატომ ვითმენდი ამდენს და იმდენ ხანს? ალბათ იმიტომ, რომ რწმენა მქონდა ასეთი - თუ გათხოვდები, სამუდამოდ ქმართან უნდა დარჩე. ოჯახური თანაცხოვრება მთელი სიცოცხლე უნდა გაგრძელდეს. ყველანაირად ვეცადე, დამელაგებინა მასთან ურთიერთობა, რომ დედაჩემის ბედი არ გამეზიარებინა, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ყოველი ჩხუბის მერე ვცდილობდი, უფრო სამაგალითო ცოლი ვყოფილიყავი. თავისი წრე ხომ მას იდეალურ მამაკაცად მიიჩნევდა. ნუთუ ვერც ისინი ხედავდნენ გოლას ნამდვილ სახეს?
- რაზე ფიქრობ, ბაბი? - შეშფოთებული ლუი ჩემკენ გადმოიხარა.
მოგონებების ტყვეობას თავი დავაღწიე და შევამჩნიე, რომ ყველა მე მომჩერებოდა.
- მაპატიეთ, - ნაძალადევი ღიმილი ავიფარე, - სამსახური გამახსენდა, რაღაც პრობლემებია და…
- ჩემს საქმეზე ხომ არ ფიქრობდი, პატივცემულო ადვოკატო? - ირონიანარევი ხმით მკითხა კოკიმ და თვალებით გამბურღა, მაგრძნობინა, ყველაფერს ვხვდებიო.
- არა, არა შენი საქმე ჯერ ადგილიდანაც არ დაძრულა, სხვა რამეა, - და დაბნეული მამიდას მივუბრუნდი, - ლუი, რას მეუბნებოდი წეღან?
როგორც იქნა, ისევ გაიბა საუბარი და ჩემი შეფიქრიანებული მზერა ყველას გადაავიწყდა, მაგრამ არა კოკის, რადგან ხშირად გამომხედავდა თავისი გამჭოლი და ორაზროვანი მზერით. ის განაგრძობდა ხუმრობას, თვითონაც იცინოდა და სხვებსაც აცინებდა, მაგრამ თან მე მაკვირდებოდა.
შუაღამე გადასული იყო, როცა ავიშალეთ. ერთი სული მქონდა, ლოგინს როდის მივაშურებდი, დღევანდელმა დღემ ემოციურად ძალიან დამღალა.
მასპინძლებმა ღამე მშვიდობისა გვისურვეს და მარტონი დაგვტოვეს. როცა ბიძა-მამიდამ საკუთარ საძინებელს მიაშურა, მე და კოკი შიდა კიბის მოაჯირთან ვიდექით, რომელსაც მანსარდაზე ავყავდით.
- ძილი ნებისა, ბაბი, - ჩუმი ხმით მითხრა კოკიმ და ნაზად მაკოცა. წინააღმდეგობის გაწევა არც მიცდია. ან კი რატომ უნდა მეცადა, როცა მსგავსი წუთები რამდენიმე საათის წინ მქონდა და ამაალა. ახლაც ღვთაებრივმა სითბომ დამრია ხელი, რომელიც უფრო და უფრო მატულობდა და საგანგაშო ტემპერატურას აღწევდა. თითქოს ყველაფერი მეწვოდა შიგნით. მეგონა, სანთელივით ჩავიღვენთე მის მკლავებში.
მოულოდნელად გამერიდა და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია. თავბრუდახვეული რომ არ წავქცეულიყავი, ხის მოაჯირს ჩავეჭიდე, მაგრამ მივხვდი, რომ თავს ვეღარ შევიკავებდი და კოკის მხრებში ჩავაფრინდი. მის სახეზე დაუმალავი სურვილი იგრძნობოდა… ჩემთან ყოფნის სურვილი და კიდევ… რაღაც სხვა, ჩემთვის გაუგებარი.
- როცა ოცი წლის ვიყავი, ერთ ქალს შევხვდი, - თითქოს კითხვაზე პასუხს მცემსო, ისეთი ტონით დაიწყო, - და ისეთი ხანძარი გააჩინა ჩემს გულში, დავნახშირდი. მას შემდეგ მხოლოდ ერთ წესს ვცნობ: რასაც უნდა ვგრძნობდე, არასდროს ვიძლევი პირობას, რომ მოვალეობებს ვიტვირთავ ან რამეს ვინანებ. ერთადერთი, რასაც ვითხოვ, ერთგულებაა მანამ, სანამ ერთად ვიქნებით. ერთგულება და გულწრფელობა ორივე მხრიდან. აი, ეს არის ჩემი ფილოსოფია.
გავშრი. რაზე მელაპარაკება ეს კაცი? რა უნდა, მისი საყვარელი გავხდე და მეტი არაფერი? რამდენიმე წუთი დამჭირდა, რომ მისი ნათქვამი გამეაზრებინა.
- და ქალებს ეს აწყობთ? - სარკასტულად ვიკითხე.
- რა თქმა უნდა, - ჩემმა შეკითხვამ აშკარად გააკვირვა, - სინამდვილეში ქალების უმრავლესობა ხვდება, რომ სიყვარული ლამაზი გრძნობაა, რომლის ადგილი, სამწუხაროდ, არ მოიძებნება რეალურ სამყაროში. ადრე თუ გვიან უნდობლობა და ეჭვები აუცილებლად გამოაჩენენ თავიანთ კლანჭებს. და თუ მართლა აღმოაჩენ, რომ გღალატობენ? - კოკიმ მხრები აიჩეჩა, - ყოველთვის ასე ხდება. დღეს თუ არა, ხვალ, ან ერთი უღალატებს, ან მეორე. განქორწინებების რაოდენობა ამის საუკეთესო მაჩვენებელია. სექსუალური შეთავსებადობა კი სულ სხვა საქმეა. იგი რეალურია და უტყუარი. ასეთ შემთხვევაში პარტნიორებს შეუძლიათ ერთმანეთის ნდობა.
- შენ რა, სექსუალურ ურთიერთობას მთავაზობ?
- შენ გინდა ჩემთან, ბაბი. მეც მინდა შენთან, დანახვის პირველივე წუთებიდან ამ სურვილით ვიწვი. შენ არავინ გყავს, არც მე… სექსი ყველაზე ნაღდი და ნამდვილი რამეა ამქვეყნად, ყველაზე რეალური.
ისეთი თავზარი დამცა მისმა წინადადებამ, რომ ვერ ვხვდებოდი, იმ მომენტში რას განვიცდიდი. სილა ხომ არ გავაწნა? მაგრამ რატომ? ის ხომ გულწრფელია, მთავაზობს იმას, რაც მას სურს, არ მატყუებს. ასე მტკივნეულად რატომ ვრეაგირებ მის სიტყვებზე?
- მაპატიე, მაგრამ მე საყვარელი არ მჭირდება, - სულშეგუბებულმა ვუთხარი.
- ვიცი, - თქვა და კვლავ მიმიზიდა, ხელები წელზე მომხვია, - და მე პატივს ვცემ შენს გრძნობებს.
გაპროტესტება არც მაცალა, ისე მიმიწყვდია კედელთან და ტუჩებზე დამაცხრა. მისი სხეული ასე ძლიერი და ასეთი ცხელი ჯერ არ მომჩვენებია.
ყველა საღი აზრი გამიქრა გონებიდან, უკვალოდ გამიქრა. მთელ ჩემს სხეულს მხოლოდ სურვილი იპყრობდა და იმორჩილებდა, მასთან სექსის სურვილი. მის გულისცემას ვგრძნობდი. იმდენად უძლური აღმოვჩნდი საკუთარი სურვილის წინაშე, რომ უკვე მზად ვიყავი, ჩემი საძინებლის კარი გამეღო მისთვის. თავისი ჟინიანობით მას უპრობლემოდ შეეძლო ამ ზღუდის გადალახვა.
უზარმაზარი სიმამაცე დამჭირდა, რომ ხელი მეკრა. არ ვიცი, როგორ მოვახერხე, რომელმა ქვენა გრძნობამ მიბიძგა ამისკენ. ერთიანად ათრთოლებულმა ძლივს ამოვთქვი:
- არ გინდა. მე ეს არ მინდა, კოკი. ხელი გამიშვი.
- შენს ხმაში შიში იგრძნობა, რამაც დამთრგუნა, - ეგრევე შემიშვა ხელი და უკან დაიხია, -ამის დედაც ვატირე, რა გიქნა იმ არაკაცმა ასეთი? - მრისხანედ იკითხა, თან თვალს არ მაშორებდა, - კარგი, კარგი, ვიცი, რომ ამაზე ლაპარაკი არ გსიამოვნებს.
- არ შემიძლია, - დავიჩურჩულე, - არ შემიძლია ამაზე ლაპარაკი.
- შენ არ მენდობი…
- მე შენ არ გიცნობ, - მივუგე, მაგრამ სინამდვილეში მეჩვენებოდა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ვიცნობდი და სწორედ ეს მაშინებდა.
ჩემმა სიტყვებმა თითქოს შეაფიქრიანა. ყბები მოკუმა და მზერა გაუმკაცრდა.
- მესმის, - თქვა ბოლოს, - მაგრამ ყველაფრის გამოსწორება შეიძლება.
მისმა ორაზროვანმა ნათქვამმა გამაოცა.
- რას გულისხმობ? - შეშინებულმა ვკითხე.
- გავაგრძელოთ შეხვედრები, - ღიმილით გამომიცხადა, - და თანდათან გამიცნობ.
- მე არ მაქვს შენთან შეხვედრის უფლება, შენ ჩემი კლიენტი ხარ.
- მე არ ვარ შენი კლიენტი, - ცალწარბაწეულმა იუარა.
- სამაგიეროდ, შენი მეგობარია.
- მგონი, ამაში არის განსხვავება და სწორედ ეს არ უშლის ხელს ჩვენს შემდგომ შეხვედრებს. თუ შენი ლოგიკით მივუდგებით ამ საქმეს, მაშინ არც ის უნდა მომხდარიყო, რაც ჩვენ შორის აქამდე მოხდა.
ალმური წამეკიდა. მართალს ამბობდა, მისთვის ასე დაახლოების ნება არ უნდა მიმეცა, მით უფრო - კოცნის. ამის უფლება მართლა არ მქონდა.
- მე მგონი… - ჩახველებით დავიწყე.
- ეს შემოთავაზება არ არის, ბაბი, - პირქუშად გამაწყვეტინა, - ეს შანტაჟია. ან დამთანხმდები, ან შენს კოცნას და მოფერებას გავაგრძელებ, სანამ საწოლში არ აღმოვჩნდებით. მე კი ყველაფერი ადვილად გამომდის, სულაც არ გამიჭირდება.
თვითკმაყოფილი იდიოტი! სიბრაზისგან წამოვენთე. ყველაზე მეტად ის მაცოფებდა, რომ მართალს ამბობდა. მის მომნუსხველობას ვეღარ ვუძლებდი. თავდაცვის მიზნით ჩავიცინე, მერე ჩავახველე და ირონიული მზერით ვკითხე:
- შეხვედრებში რას გულისხმობ? დამშვიდობებისას ერთმანეთს გადავკოცნით და ასე შემდეგ? თუ შენ ფიქრობ, რომ…
- მე გითხარი, რომ ყველაფერი თანდათან განვითარდება და განვითარდება ისე, როგორც შენ გინდა, - კოკიმ ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა.
ბოლო სიტყვებმა სიამოვნება მომგვარა, მაგრამ არ შევიმჩნიე. მაცდუნებელი შანტაჟი იყო, უარის თქმა მიჭირდა. როცა მის ტუჩებს შევცქეროდი, აღელვებისგან პირი მიშრებოდა.
- ვიცი, ძნელია ამის დაჯერება, მაგრამ შემიძლია ქალი რესტორანში დავპატიჟო და არ მქონდეს იმის მოლოდინი, რომ რესტორნის მერე ჯილდოდ მასთან სექსს მივიღებ.
«ალბათ ასეთ ჯილდოებს რესტორნამდე იღებ. წარმომიდგენია, რამდენი ქალი ცდილობს შენ გამოჭერას».
- იცი? გოლას მერე მე… მე მამაკაცი არ მყოლია, - ამის თქმა გამიჭირდა, მაგრამ, როგორც იქნა, მოვახერხე, - ამას ალბათ ყველა ქალი ამბობს, რომ თავი პატიოსნების განსახიერებად წარმოადგინოს, მაგრამ ეს სიმართლეა და გინდ დაიჯერე, გინდა არა. მართლა არავინ მყოლია და არც ახლა მინდა მყავდეს. არავისთან არ მსურს პაემანზე სიარული. მე მაქვს სამსახური, სახლი და…
- და კმაყოფილი ხარ შენი ცხოვრებით. არავითარი ნერვიულობა და შიში, მხოლოდ სიმშვიდე და ერთფეროვნება. დაგუბებულ თბილ წყალს მაგონებ, ბაბი. ეს შენ არ გჭირდება, დამიჯერე. ამისთვის ნუ გაწირავ თავს.
- შენ რა იცი, მე რა მჭირდება? - ცოტა არ იყოს, დამცირებულად ვიგრძენი თავი, - მე ხომ არ მიცნობ, რატომ გამოგაქვს ასეთი დასკვნები? - თვალები დავაკვესე, მაგრამ ხმისთვის არ ამიწევია.
- აი, დავუბრუნდით იმ თემას, რომლითაც დავიწყეთ, - მან ჩემი მზერა დაიჭირა, თითქოს ყველა ჩემი საიდუმლოს ერთად წაკითხვა სურდა ჩემი თვალების სიღრმეში. - ჩვენი ყოველი წაკამათება და ჩხუბი ერთნაირად მთავრდება. ამიტომ მეტად აღარ მინდა შენთან კამათი. ჩვენ შევხვდებით ხოლმე ერთმანეთს და მორჩა, წერტილი. - ამ სიტყვებით გატრიალდა და მისთვის გამოყოფილი ოთახისკენ წავიდა. კიდევ ცოტაც და მის ზურგს უკან კარი უხმაუროდ მიიხურა.
დაუჯერებელი იყო. კარგა ხანს ვიდექი კიბის მოაჯირთან სრულ სიჩუმეში, რომელსაც მთელი სახლი მოეცვა. კოკი ლაცაბიძე - მამაკაცი ტვინიდან ძვლებამდე! აგრესიული, უმოწყალო, ძლიერი, ყოველისშემძლე და სექსუალურად განუმეორებელი. თავისი სათქმელი თქვა და დაამთავრა. არც კი მაცალა შეწინააღმდეგება. ალბათ ასე აღწევს ხოლმე თავისას.
არა უშავს. ამ ღამით არ მთავრდება ყველაფერი. როცა კიდევ გამიმეორებს, ერთმანეთს შევხვდეთო, უარს მივახლი. არც ერთ მის წინადადებას არ დავთანხმდები. ჩემი უარი თანდათან გულს გაუცივებს, ბოლოს მოჰბეზრდება და თავსაც დამანებებს. მასთან კარგი არაფერი მელის. მეყოფა, რაც გადავიტანე. კიდევ ერთი გოლასნაირი მომთხოვნი მამაკაცი არაფერში მჭირდება. კიდევ ერთხელ ცხოვრებას ვერ გავიმრუდებ. ძლივს ჩემი თავი ვიპოვე, ძლივს თავისუფლების გემო გავიგე. ძლივს დავალაგე ჩემი ცხოვრება.
აშკარად სუსტი მცდელობაა თავის დასამშვიდებლად. ამან შვება ვერ მომგვარა. იქნებ იმიტომ, რომ კოკი ვირივით ჯიუტია? სად ველოდო, როდის მოჰბეზრდება ჩემი უარი? ან მისი ვირთან შედარება რაღა უბედურებაა? მეც არანაკლები ვირი ვარ, სიჯიუტეში ეგ ვერ მაჯობებს. ყოველ შემთხვევაში, ვცდი მაინც. ვნახოთ, რა გამოვა.
მხრებში გავიმართე და ჩემს საძინებელს მივაშურე. ჩვენს ოთახებს ერთი კედელი ყოფდა. საინტერესოა, რას აკეთებს ამწუთას? იხდის? უკვე დაწვა? ფიქრობს ჩემზე? წარმოვიდგინე, რა პოზაში იწვა. გულაღმა, ხელები თავქვეშ ამოდებული, ჭერს მიშტერებული ლურჯი თვალები და თვალწინ მე.
თავი გავაქნიე, აბეზარი ფიქრების მოშორება მინდოდა. გოლასთან დაშორებამ გამანადგურა. ის ყველაფერი არა მარტო გადავიტანე, არამედ ახალი ცხოვრებაც დავიწყე, ჩემი საკუთარი ცხოვრება. ეს შევძელი. და რადგან ეს შევძელი, ყველაფერს შევძლებ. ის მიყვარდა, ეს მომწონს. უკვე აღარ ვარ თვრამეტი წლის გოგონა, რომელსაც მოულოდნელად ყველაზე მიმზიდველმა მამაკაცმა მიაქცია ყურადღება და ხელი და გული შესთავაზა… ხელი და გული…
მერედა, შემომთავაზა? არა, რა თქმა უნდა. არც ხელი უთხოვია და არც გულის კარი გაუხსნია ჩემთვის, მხოლოდ თავისი ლოგინის მისამართი მიკარნახა.
მოცელილივით დავეხეთქე საწოლზე. დიდი ხნით ფეხზე დგომამ მოტეხილი კოჭი შემახსენა. ისე მიფეთქავდა მტკივანი ადგილი, რომ მივხვდი, დაძინება გამიჭირდებოდა.
გოლამ ნერვული აშლილობა დამმართა, გოლამ გამტეხა და დამამცირა… მაგრამ ის წარსულში დარჩა. ამაში კოკი მართალია. მაგრამ თუკი იგი ფიქრობს, რომ მისი მეგობრების საქმეზე მუშაობის პარალელურად მასთან ვიჟიმავებ, ძალიან ცდება. თვალები დავხუჭე… ძალიან ცდება…
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>