დილის ექვსი საათი იყო, ლუის შეშფოთებულმა ხმამ რომ გამაღვიძა. თავი ძლივს ავწიე, რადგან გვიანობამდე არ ჩამეძინა.
- რომას ერთ მეგობარს, ვისთანაც ყველაზე ახლოსაა კათედრაზე და წლებია, ერთად მოდიან, მენინგიტი შეჰყრია. ორივენი საავადმყოფოში მივდივართ. სტუმრის გაღვიძება არ მინდა. ჩვენ მაგივრად ბოდიში მოუხადე, არ ვიცი, რა დროს დავბრუნდებით. ძალიან გთხოვ, ყურადღება არ მოაკლო ამ ბიჭს, ძალიან კარგი ბიჭია. გაგიმართლა, რომ იცოდე. იმედია, მარტო არ მოიწყენთ. გთხოვ, კატას აჭამე, სამზარეულოში, ფანჯრის რაფაზე დევს პაკეტით მისი საჭმელი.
ჯერაც არ ვიყავი გამოფხიზლებული, ამიტომ უაზროდ ვუქნევდი თავს.
- გემრიელად ისაუზმეთ, ყველაფერი მაცივარშია, მარტო გაცხელება უნდა, გესმის? რა შტერივით მომჩერებიხარ! - ქაქანებდა მამიდა.
- გავიგე, ხო, ყრუ კი არ ვარ! რომ დამადექი ამ დილაუთენია, რა გეგონა? ჯერ კიდევ მძინავს.
- ადექი, რა დროს ძილია, აშენდა ქვეყანა! - ამ სიტყვებით ლუიზა ოთახიდან გავიდა და კარი გაიხურა.
მამიდას ძალიან უყვარს ცხოველები. ადრე ძაღლიც ჰყავდა, მაგრამ მანქანამ გაიტანა და ისე განიცადა, მას მერე ძაღლის ყოლა გადაიფიქრა. სამაგიეროდ, კატა ჰყავს, ბრიტანული ცისფერი, ყვითელთვალება პატარა მტაცებელი, რომელსაც ჩემი სახელი, ბაბი ჰქვია. მგონი, ჩემზე ნაკლებად არ უნდა უყვარდეს ლუის, თავზე ევლება.
ძლივს ავდექი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დალეწილი ვიყავი. ერთიანად მტკიოდა ძვლები. როცა ლუის მანქანის ხმა მიწყდა, სააბაზანოს მივაშურე და წყალი გადავივლე. ცხელმა წყალმა მიშველა, დაღლილობა მომეხსნა.
პიჟამაზე ხალათი მოვიცვი და სამზარეულოს მივაშურე. პირველ რიგში, ბაბის დავუყარე საჭმელი, მერე კი ჩაიდანი ავავსე წყლით და გაზქურაზე შემოვდგი. ამ დროს ვიგრძენი, რომ ვიღაც მიყურებდა. უცნაურია ეს შინაგანი კავშირი ადამიანებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ვერ ხედავ, გრძნობ, რომ მოგჩერებია.
შემოვტრიალდი. არ შევმცდარვარ. კოკი კარის ძგიდეს მიყრდნობოდა მკერდზე ხელებგადაჯვარედინებული და ჩემი ცქერით «ტკბებოდა». იმდენად ავირიე, ფეხი მეტლახზე ამისხლტა და ლამის გავიშხლართე.
- დილა მშვიდობისა! - მომესალმა კოკი.
- მშვიდობის დილა, სტუმარო! - შევეცადე, მღელვარება დამეფარა, მაგრამ სველ თმაზე ხელი რომ გადავისვი, გავიყიდე. არ ველოდი, ასე ადრე თუ ადგებოდა, თორემ ხეირიანად ჩავიცვამდი და თმასაც დავივარცხნიდი. ალბათ სასაცილო სანახავი ვიყავი პიჟამასა და დილის ხალათში.
კოკისაც სველი ჰქონდა თმა. ალბათ მანაც მოასწრო წყლის გადავლება. თმა უკან გადაევარცხნა და ჯერ კიდევ სველი საოცრად უბზინავდა. ისეთი ლამაზი იყო, სუნთქვა შემეკრა. ალბათ თვითონაც იცის, როგორი კარგიცაა.
- ჩაის დალევ? - ჩახრინწული ხმით ვკითხე და შევბრუნდი, რომ მისი მზერა ამერიდებინა.
- ყავა მირჩევნია, თუ არის ამის შესაძლებლობა.
არც მიკითხავს, ნალექიანი უნდოდა თუ უნალექო, პირდაპირ ჯეზვეს დავავლე ხელი.
- უნალექოს საშუალება არის? - მომესმა მისი ხმა.
- რა თქმა უნდა, - ზურგშექცეულმა მივუგე, - როგორი გიყვარს?
- ცხელი და მაგარი, ერთი კოვზი შაქრით. დილით მხოლოდ ეს მინდა.
«და ცხელი ქალი არ გინდა?» - გავიფიქრე ღიმმმორეულმა.
- მადლს მარილს ყველა როდი აყრის… - თითქოს ჩემს ფიქრს გაეპასუხაო, ორაზროვნად ჩაილაპარაკა.
- რა თქვი?
- არაფერი, ჩემთვის ხმამაღლა გავიფიქრე რაღაც, - ჩაიცინა.
მამიდაჩემის სამზარეულო დიდი იყო, მაგრამ კოკი თავისი არსებობით ისე ავსებდა მას, რომ აშკარად მავიწროებდა.
ყავის გამზადება დავიწყე, თან სხაპასხუპით ვუყვებოდი, რა მოხდა ცოტა ხნის წინ, რამ ააფორიაქა ჩემები და აიძულა, სისხამ დილით სახლიდან გასულიყვნენ.
ამ დროს ბაბი გამოხტა საიდანღაც და კუდაპრეხილი კოკის ფეხებზე მიეგლისა.
- ვა, რა ლამაზია! გოგოა?
- გოგოა, - თავი დავუქნიე.
- რა ჰქვია?
- აბა, თუ გამოიცნობ.
- წარმოდგენა არ მაქვს, - კოკი მუხლებზე ჩაჯდა და კატას მიეფერა. - როგორი ერთი ზომის ბეწვი აქვს.
- მაგასაც ბაბი ჰქვია.
- რას ამბობ! - კოკის გულიანი სიცილი აუტყდა, - შენგან განსხვავებით, როგორი მოფერება სცოდნია.
- ნაჭამია და იმიტომ. მშიერი ისეთი აგრესიულია, ახლოს არ იკარებს არავის.
- მართლა? ესე იგი, შენ მშიერი ხარ ხოლმე, როცა თავს მესხმი? რითი ხარ მშიერი, არ მეტყვი?
მისი გადაკრული წინადადებები გონებას მირევდა და მაღიზიანებდა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, თითქოს დამცინოდა.
- ყოველ შემთხვევაში, შენით არა, - სუსხიანად მივუგე და როცა მისკენ შემოვბრუნდი, კვლავ გამისრიალდა მეტლახზე ფეხი.
- ოხ! ჯანდაბა! - მტკივანი კოჭი ისევ ამეწვა და დავიჭყანე.
- მოდი, დაჯექი, მე მივხედავ მაგ ყველაფერს, - კოკიმ მაგიდასთან მიმაცილა და მომეხმარა, რომ სკამზე დავმჯდარიყავი, თვითონ კი საქმეს შეუდგა.
მორჩილად დავჯექი და თვალი მივადევნე, როგორ თავდაჯერებულად მოძრაობდა, თითქოს სამზარეულოს საქმიანობა ძვალსა და რბილში ჰქონდა გამჯდარი.
- შენც ყავა გინდა თუ ჩაი გირჩევნია?
- მე სანამ არ ვისაუზმებ, სითხეს არ დავლევ.
- მართლა? - გაოცებულმა მომხედა.
- ჰო. დილით ერთი ჭიქა წყალი უკვე დავლიე. ყოველ დილით ვსვამ, სანამ საწოლიდან ავდგები.
- ჯანსაღი ცხოვრების წესი, - თავი დააქნია მოწონების ნიშნად.
- დიახაც.
- ეს კარგია. მაშინ მითხარი, საუზმედ რას ინებებთ? ალბათ ჰერკულესის ფაფას, არა? თუ ჯანსაღად ვცხოვრობთ, ბოლომდე ჯანსაღად ვიცხოვროთ. იქნებ შემწვარი კვერცხი გირჩევნია ჩემი რეცეპტით?
- ეგ როგორია? - ცნობისმოყვარეობამ მძლია.
- განსაკუთრებული არაფერი. შენი ცხოვრების ჯანსაღ წესს ხელს არ შეუშლის. ხახვთან და ლორთან ერთად შემწვარი ერბოკვერცხი, სულ ესაა. მე ძალიან მომწონს.
- კულინარობა გეხერხება? - დავინტერესდი, თან მარჯვენა ხელის თითებით კოჭს ვიზელდი, რომ წვა ჩამეცხრო.
- მეხერხება, თუკი ერბოკვერცხს კერძად ჩავთვლით.
«ვინ იცის, ჩემ გარდა რამდენ ქალსა აქვს გასინჯული შენი მომზადებული ერბოკვერცხი», -შურით და ბოღმით ავივსე.
- წესით, უნდა ჩაითვალოს კერძად. რატომაც არა? სიამოვნებით გავსინჯავდი, მაგრამ დილით შემწვარ-მოხრაკულს ვერიდები.
- აი, ხომ ვამბობდი?! - მის ლურჯ თვალებში დამცინავმა ნაპერწკლებმა გაიელვა. ღმერთო, რატომაა ასეთი ლამაზი? ერბოკვერცხის რა გითხრათ, მაგრამ თვითონ მას სიამოვნებით მივირთმევდი საუზმედ. როცა წარმოვიდგინე, როგორი ცხელი სხეული ექნებოდა, ჟრუანტელმა დამიარა. ცხადად ვიგრძენი მისი შიშველი, ბალნიანი მკერდის შეხება.
რა ცუდ დროს შემომისწრო, თავის მოწესრიგება მაინც მომესწრო. თუმცა, წამითაც არ უგრძნობინებია, რომ კარგად არ გამოვიყურებოდი.
იმისთვის, რომ ცოტათი მაინც გამომესწორებინა ჩემი «შეცდომა», თმა ჩამოვიშალე. თავი გავარხიე, რომ კულულები ლამაზად დამყროდა მხრებზე. კოკის გაეღიმა. მოულოდნელად ჩემკენ დაიძრა, ახლოს მოვიდა და ჩემს თმას შეეხო.
- სუფთა აბრეშუმია. იღებავ?
- არა, ბუნებრივი ფერია. - ამაყად განვაცხადე.
- ასეთი უჩვეულო სპილენძისფერი თმა საიდან? მზეზე ისე ბრწყინავს ხოლმე, თავბრუ მესხმის.
- მამაჩემისგან. თვალების ფერიც მისი გამომყვა.
- ლამაზი მამა გყოლია, - ეშმაკურად შენიშნა.
- მყავდა, კი… - სევდა გამერია ხმაში.
- შეგიწვავ კვერცხს, არ ინანებ. არის კი მაცივარში?
წამით დავფიქრდი. არაფერიც არ მოხდებოდა, ერთი დღე თუ დავარღვევდი ჭამის რეჟიმს და მის მომზადებულ ერბოკვერცხს გავსინჯავდი.
- რაც არის, არის. შემიწვი, - დავყარე ფარ-ხმალი.
- რამდენი?
- ორი ცალი საკმარისია. მაცივარში იქნება. აქ კვერცხი ყოველთვის აქვთ.
ღიმილით ვაკვირდებოდი, როგორ აკურატულად არჩევდა ხახვს, როგორ ასველებდა პერიოდულად დანას და თანაბრად ჭრიდა ხის დაფაზე. ბაბი გვერდიდან არ სცილდებოდა, გაუსვ-გამოუსვამდა კუდს და კნაოდა.
- ამასაც შია? - მომიბრუნდა კოკი.
- არა, მაგან ჭამა უკვე.
- მგონი, არ ეყო. მე ვიცი, რაც უნდა. - ამ სიტყვებით მაცივარი გამოაღო, დაიხარა და რაღაცას გულმოდგინედ დაუწყო ძებნა, - აი, ეს გვინდა ჩვენ, - მხიარულად გამოაცხადა და რძიანი პაკეტი მაღლა ასწია.
- სრული ბედნიერებისთვის მეტი არაფერია საჭირო, - ხელები გავშალე.
კოკიმ თვალებით მოძებნა ბაბის საჭმლის ჯამი და რძე ფრთხილად დაასხა ზედ. ბაბი მივარდა ჯამს და ხარბად შეუდგა ხვრეპას. ისე მარჯვედ იქნევდა ენას, ღიმილი მომერია.
- ყველა ქალს უყვარს სასუსნავი. ცდუნებას ვერც ერთი ვერ უძლებს, - თვალებით კატაზე მიმანიშნა.
- ოოო, ამაში შენ ექსპერტი ხარ, - დაუნდობლად მივახალე.
ისე გაიღიმა, მიმანიშნა, დაცინვას კაცი არ მოუკლავსო, თქმით არაფერი უთქვამს. წუხელ მორჩენილი ლორი გამოიღო მაცივრიდან და მის თხლად დაჭრას შეუდგა. ერთი ნაჭერი კი პირისკენ გააქანა და სიამოვნებამოგვრილმა თვალები მილულა.
- მაგარია! კარგს ადვილად ეჩვევი ადამიანი, - თქვა და თითები გაილოკა.
მაინტერესებდა, ახლა რას იზამდა. გალოკილი თითებით გააგრძელებდა საქმიანობას თუ დაიბანდა. ჩემდა გასაკვირად, წყალი მოუშვა და თითები მიუშვირა. თვალებს არ ვუჯერებდი. გაოცებული დიდხანს ვაფახულებდი წამწამებს. ბიზნესმენი, საქმოსანი და ასეთი მოწესრიგებული? სულ სხვა თვალით შევხედე. განა ბედნიერება არ არის, რომ კაცი, რომელმაც ჩემში სექსუალური ფანტაზიების აღძვრა შეძლო, საუზმეს მიმზადებს? თანაც ასე აკურატულად, დახვეწილად, თითქოს მზარეულობა სისხლში ჰქონოდეს გამჯდარი?
ბოლოს, როცა გამზადებული ერბოკვერცხი თეფშით წინ დამიდგა, ვიგრძენი, როგორ მომშიებოდა.
- გადასარევია! - შექება ტუჩების მოპრუწვითაც გამოვხატე.
- მადლობა, - უხერხულად შეიშმუშნა.
- არა, მართლა გემრიელია.
- არ არის საჭირო არაფრის ახსნა. შენ ხომ არ მიეკუთვნები იმ ქალების რიცხვს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ მხოლოდ მათ შეუძლიათ გემრიელი კერძების მომზადება და სახლის დალაგება.
ხელზე ხელი დავარტყი ირონიის გამოყენებისთვის. მანაც იმავეთი მიპასუხა.
- და შურით მწვანდებიან, როცა ხედავენ, რომ მამაკაცები ამას მასზე უკეთ ახერხებენ. პირადად მე სახლის დალაგება მირჩევნია.
- იოცნებე, იოცნებე, - დავცინე.
- მე მიყვარს, როცა ვოცნებობ, ბაბი. ვერასდროს გამოიცნობ, რაზე ვოცნებობ, როცა შენ გიყურებ. - მის თვალებში კვლავ გაკრთა ნაპერწკლები, ამჯერად სრულიად განსხვავებული და შეცბუნებულმა მსწრაფლ ავარიდე მზერა. რამდენიმე წამის შემდეგ, როცა გავბედე და კვლავ შევხედე, შევამჩნიე, რომ კოკის ძალიან ართობდა ჩემი შეცბუნება.
საუზმე ჯადოსნური დღის კარგი სტარტი აღმოჩნდა. ამდენი წლის შემდეგ პირველად ვიგრძენი, რომ ვიღაც ჩემზე ზრუნავდა. დილა ბაღში გავატარეთ, კოკის მომზადებული ყავით და ჩიტების გაუთავებელი ჟივჟივის მოსმენით. შემდეგ გავისეირნეთ, კარგა გვარიანად ვიარეთ ფეხით, სანამ თავი ფიჭვნარში არ ამოვყავით.
- რამდენი ხანია, აქ დავდივარ და წარმოდგენა არ მქონდა, წიწვოვანი ტყე თუ იყო. ეს როგორ გამომეპარა? - გაკვირვებას ვერ ვმალავდი.
- ნუ, მთლად ტყე არ ეთქმის, მაგრამ მაინც… - შემისწორა კოკიმ.
- რატომ არ ეთქმის? რა, მაინცდამაინც გაუვალი უნდა იყოს, რომ ტყე ერქვას?
- კარგი, გნებდები. იყოს ტყე.
- საძაგელო! - მხარზე მუშტი მსუბუქად დავკარი.
კარგა ხანს იცინა. უხაროდა, ჩემი დაბნევა რომ შეძლო. ამ დროს პატარა ბავშვივით იყო, ვიღაცას რაღაცაში რომ აჯობა. მომწონდა მისი ხასიათის ეს მხარე, ძალიან გულწრფელი და ბუნებრივი ჩანდა.
ფიჭვნარი დამთავრდა თუ არა, მდინარე გამოჩნდა, რომლის ნაპირას პატარა ლუდის ჯიხური იდგა.
- ლუდი ხომ არ დაგველია? - მოულოდნელად იდეა გაუჩნდა.
- ახლა არ მითხრა, ტარანიც მივაყოლოთო, - შორს დავიჭირე.
- რატომაც არა? ლუდი თევზით ცუდია? - ხელები მოიფშვნიტა და წინ გავარდა.
მერე ვისხედით მდინარის სანაპიროზე, ხელში ლუდის კათხებით და მდინარის მოლაპლაპე ზედაპირის ცქერით ვტკბებოდით. დღის განმავლობაში ლუიმ რამდენჯერმე დარეკა. ბოლოს მაცნობა, რომ რომას მეგობრის მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდებოდა და იმ ღამეს ბავშვებთან დარჩებოდნენ თბილისში. ეს იმას ნიშნავდა, რომ კიდევ ერთი ღამის ერთად გატარება მოგვიწევდა მე და კოკის, ამჯერად მარტონი ვიქნებოდით.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>