ნელ-ნელა ვსვამდი ყავას და ვიაზრებდი მომხდარს. ნუთუ ეს პირველი ნაბიჯი იყო ჩემ საცდუნებლად? კოცნა ხომ ადუნებს სხეულს და რომანტიკულ განწყობაზე აყენებს ადამიანს? მე რა მემართება? რატომ განვიხიბლე ასე? იმიტომ, რომ… იმიტომ, რომ ასე იყო საჭირო. ეს კიდევ ერთი განგაშის სიგნალია, რომელიც მაფრთხილებს, არ წამოვეგო მის ანკესზე. არ უნდა დავუწვე ადამიანს, რომელსაც არ ვუყვარვარ და მხოლოდ ჩემი დაუფლება სურს, დაუფლება გართობის მიზნით, ყოველგვარი მოვალეობის გარეშე. მიუხედავად ამისა, სადღაც შიგნით, შიში ჩამისახლდა. შევძლებ კი უარის თქმას, თავისას რომ შეეცადოს?
- არ გინდა, სახლში შეხვიდე, სანამ მე აქაურობას ავალაგებ? - სრულიად მშვიდი ხმით შემეკითხა.
დამფრთხალმა შევხედე. მისი სახის გამომეტყველებას ღამეული ჩრდილები ფარავდა. უკვე დალეული, მბჟუტავი სანთლები არ მაძლევდა საშუალებას, მის თვალებში ჩამეხედა.
- არა, მეც მოგეხმარები.
- რატომ? ამის საჭიროებას ვერ ვხედავ. ბევრი არაფერია ასალაგებელი.
ანუ ცდუნების არანაირი გეგმა არ არსებობს? დავუჯერო?
ისევ იმედგაცრუება დამეუფლა, მაგრამ არ შევიმჩნიე, მხრები ავიჩეჩე და გულგრილად ვკითხე:
- დარწმუნებული ხარ?
- რა თქმა უნდა, ამის ალაგებას ორი კაცი რად უნდა? წუთის ამბავია, - გამიღიმა, - სანამ კოჭლობით დადიხარ, მე მოგემსახურები და ვიზრუნებ შენზე. მერე კი შენ იზრუნებ ჩემზე.
- არც იოცნებო! - ამრეზით ვუთხარი.
ნუთუ ჰგონია, რომ მასთან შეხვედრებს გავაგრძელებ და ეს საღამო ამის დასაწყისია? ამ აზრმა თან ამაღელვა, თან აღმაგზნო. საფიქრელად ახალი პრობლემა გამიჩნდა.
ავდექი, მაგრამ ვგრძნობდი, ფეხები აღარ მემორჩილებოდა. ნაბიჯი გადავდგი თუ არა, წავიბორძიკე. კოკი მაშინვე მომვარდა და იღლიებში ამომდო ხელები, მაგრამ მთლად არ მომწებებია, მანძილი დაიჭირა და შემომხედა. მერე ღიმილით თქვა:
- იდუმალებით სავსე ქალი ხარ. მაგრამ არა უშავს. სამაგიეროდ, მოსაწყენი არ ხარ.
- ეს კომპლიმენტია? - კვლავ შემეფაკლა ღაწვები.
თვითონ საერთოდ არ ნერვიულობს და მე რაღა მჭირს?
- შენ როგორ ფიქრობ? - შემომიბრუნა კითხვა, სანამ საძინებლამდე მიმაცილებდა.
თითქოს ჰიპნოზის ქვეშ ვიყავი, გვერდით მომყვებოდა და მაბრუებდა. ხმას არ იღებდა, მხოლოდ ხანდახან შემომხედავდა, მე კი ჩემი მემართებოდა. უცნაურ ზემოქმედებას ახდენდა ჩემზე.
გამიკვირდა, რომ არ მაკოცა. უბრალოდ, ხელი ასწია და ლოყაზე ზურგით ჩამომისვა. მისმა ტუჩებმა კი დაიჩურჩულა:
- ღამე მშვიდობისა, ბაბი.
- ღამე მშვიდობისა, - კი არ ამოვთქვი, ამოვიკვნესე და მსუბუქი ოხვრაც მივაყოლე.
ხელი ჩამოიღო ჩემი ლოყიდან. მე თავისუფალი ვიყავი. ოთახში შევედი და კარი მოვიხურე. არ ჩამიკეტავს, მაინც ვიტოვებდი იმედს, რომ…
რომ… რომ… რომ…
არაფერიც არ მომხდარა.
ვიფიქრე, შუაღამეს ფეხაკრეფით შემოვა და საწოლზე ჩამომიჯდება-მეთქი.
მერე მე, ვითომ ღრმა ძილიდან გამორკვეული, თვალებს გაოცებით გავახელ-მეთქი.
მერე ის ჩემკენ დაიხრება და ყველაფერი თავისთავად მოხდება-მეთქი.
მეთქი… მეთქი… მეთქი…
არაფერიც არ მომხდარა იმის გარდა, რომ მთელი ღამე თეთრად გავათენე…
მანამ ველოდებოდი მის გამოჩენას, სანამ მამლებმა არ იყივლეს და ცისკიდური იასამნისფრად არ შეიფერა. ვფიქრობდი, რაც იქნება, იქნება, ამ ერთხელაც გავრისკავ, თუ გამოვიდა, ხომ კარგი, თუ არადა, მერე რა მოხდა, განა ადამიანები ცოტა შეცდომას უშვებენ ცხოვრებაში? ბოლოს და ბოლოს, ცხრა წელია, თავს ვინახავ. მერედა, რისთვის? ვისთვის? ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ. განა კარგია, სექსის გარეშე, სულ მარტოობაში ცხოვრების გალევა? ჩემთვის ეს გარისკვა იქნებოდა, მისთვის - მორიგი თავგადასავალი. თვითონ არაფერს წააგებდა, მე… ან წავაგებდი, ან მოვიგებდი. სხვა თუ არაფერი, ერთი ნეტარებით სავსე ღამე მაინც შემრჩებოდა.
რამ აიძულა, ასე მოქცეულიყო? შეეშინდა, რომ ხელს ვკრავდი? არა მგონია. აშკარად გრძნობს, როგორ მიველტვი, როგორ ვთრთი მის შემოხედვაზეც კი, შეხებაზე რომ არაფერი ვთქვათ. მაშ, რა იყო მიზეზი? უმწეო ქალზე არ გაიწია? სისულელეა. იქნებ ჩემს ნათესავებთან რომ ვიყავით, ამან გააჩერა? ბიძაჩემს გაუწია ანგარიში? არ ვიცი…
ფაქტია, რომ მისი მოუსვლელობა ჩემი ღამის თეთრად გათენების და კითხვებით სავსე ფიქრების მიზეზი გახდა…
ლუი და რომა კვირა დილით დაბრუნდნენ. როგორც იქნა, ავადმყოფი გონს მოეგო და პირველმა საშიშროებამაც გაიარაო. ორივეს საშინლად დაღლილი სახე ჰქონდა. ეტყობოდათ, რომ არ სძინებიათ… ჩემსავით…
ერთად ვისაუზმეთ და მერე, ჩემდა გასაკვირად, რომამ ჯოკერის თამაშიც კი შემოგვთავაზა. მისგან ამას არ ველოდი. ერთი ხელი ვითამაშეთ წყვილებში - მე და კოკი ერთად, ლუი და რომა - ერთად. ჩვენ მოვიგეთ - ხინკლები და ლუდი სადილად.
მამიდა მაშინვე დატრიალდა და სადილზე ისეთი ხინკლები გაგვიკეთა, კოკი აღფრთოვანებას ვერ მალავდა.
- იცი? მამიდაშენი რაღაცით დედაჩემს მაგონებს, ძალიან თბილი ადამიანია, - გამენდო კოკი.
- დედაშენს? - გაოგნებულმა შევხედე, დედა ჩემთან არასდროს უხსენებია. ცოტა არ იყოს, მეხამუშა. ვერ წარმომედგინა, ოდესმე იგი პატარა ყოფილიყო.
- ცამეტი წლის ვიყავი, როცა გარდაიცვალა. რთული მშობიარობა ჰქონია და ექიმებს უთქვამთ, მეორე აღარ გააჩინოო, მაგრამ ისე უყვარდა ბავშვები, მაინც გაურისკავს. გაჩენაც ვერ მოასწრო, ისე დაიღუპა ორივე… ისიც ბიჭი იყო. - კოკი კარგა ხნით დადუმდა, მერე კი უფრო დაბალი და სევდაშერეული ხმით გააგრძელა, - სამ წლის შემდეგ მამაჩემი ხელმეორედ დაქორწინდა. თითქოს არ იყო ცუდი ქალი დედინაცვალი, მაგრამ, რატომღაც, მე ვერ შევეწყვე.
- ძალიან ვწუხვარ, - არ ვიცოდი, სხვა რა მეთქვა.
მან მხრები აიჩეჩა.
- ყველაფერი უკვე წარსულში დარჩა. მამა რომ გარდამეცვალა, ოცდაათის ვიყავი.
- და შენი დედინაცვალი?
- ის კიდევ ერთხელ გათხოვდა, - გაეღიმა, - მართალია, ქორწილში არ დამპატიჟა, მაგრამ ჩემთვის სულერთი იყო, მაინც არ წავიდოდი.
- ასეთი რთული ურთიერთობა გქონდათ?
- ჰო. ალბათ მე ვიყავი ძნელი ასატანი, მაინცდამაინც რბილი ხასიათით არასდროს გამოვირჩეოდი. მიმაჩნდა, რომ მამამ დედას უღალატა, როცა მეორე ცოლის მოყვანა გადაწყვიტა. ამიტომაც ვერ ვიტანდი ქალს, რომელმაც დედაჩემის ადგილი დაიკავა. ამასთან, ჩემს დედინაცვალს მხოლოდ მამაჩემის ქონება აინტერესებდა და არა ჩვენ.
- ნუთუ?
- დამიჯერე, არ ვაჭარბებ.
- მჯერა, მაგრამ მამაშენი ვერ ხვდებოდა ამას?
- ისე უყვარდა, რომ ამას ყურადღებას არ აქცევდა. ხომ არ შეგაწყინე თავი?
- არა, რას ამბობ. შეგიძლია ყველაფერი მითხრა, თუ რამე გაწუხებს და მისი სხვისთვის გაზიარება შვებას მოგგვრის.
ოდნავ დამცინავი მზერით გამომხედა, მაგრამ ამჯერად არ მწყენია. მივხვდი, რომ შეცოდებას ვერავისგან აიტანდა.
შუადღე გადასული იყო, რომ წამოვედით. სახლამდე მიმაცილა. რა თქმა უნდა, ყავაზე შევიპატიჟე, ახლა უკვე აღარ გამოდიოდა ცივად დამშვიდობება. არც მას უთქვამს უარი.
უკვე საღამოვდებოდა. მზის სხივები ოქროსფრად იღვრებოდა ჩემს სასტუმრო ოთახში.
- დაჯექი, მე ახლავე მოვალ, - სავარძელზე მივუთითე და საჟურნალე მაგიდა ახლოს მივუწიე, მე კი სამზარეულოში გავუჩინარდი.
როცა გორგოლაჭებიანი მაგიდა შემოვაგორე ყავის ფინჯნებით და შოკოლადის კანფეტებით, საოცარი სურათის მომსწრე გავხდი - კოკი იატაკზე ფეხმორთხმული იჯდა მუსიკალურ ცენტრთან და ჩემს დისკებს ათვალიერებდა.
- ჯაზს არ უსმენ? ერთი დისკიც ვერ ვიპოვე.
- მაპატიე, მაგრამ დიდად არ მიყვარს ჯაზი.
- როგორც ვხედავ, ბევრი რამე უნდა გასწავლო და რაღაცებს მიგაჩვიო, - ჩუმად წარმოთქვა, თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკაო.
არაფერი მითქვამს, გაჩუმება ვამჯობინე.
ბოლოს, როგორც იქნა, კლასიკური მუსიკა აირჩია და ვივალდის "ოთხი სეზონი" ჩართო.
ვუსმენდით მუსიკას, ვსვამდით ყავას და ვსაუბრობდით. მერე მოულოდნელად შემეკითხა:
- მითქვამს შენთვის, რომ თბილისის გარეუბანში სახლს ვეძებ საყიდლად?
წამით მეტყველების უნარი დავკარგე.
- რა? რაში გჭირდება? როგორც ვიცი, უზარმაზარი სახლი გაქვს მთლად ცენტრში.
- სახლი არა, ბინა მაქვს… ექვსოთახიანი. მე კი ეზოიანი სახლი მინდა. დილით რომ ადგები, გარეთ გახვალ და ეგრევე მიწაზე დადგამ ფეხს, თან ჩიტების ჟღურტული რომ შემოგებებება და თან ყვავილების სურნელი.
- და მერე ბინას რას უზამ?
- ისიც მექნება და ესეც. ცუდი რითია?
- არაფრით… - დავიბენი, - უბრალოდ, მარტო კაცისთვის…
- გებევრება? - სიცილი აუტყდა.
- რა ვიცი… - უხერხულად ავიწურე მხრები.
- მაგრამ სულ მარტო ხომ არ ვიქნები? ერთხელაც შემიყვარდება ვინმე, მეც შევირთავ ცოლს, მეყოლება ბავშვები და ასე…
- მშვენიერია. ლამაზი მომავალი დახატე, მაგრამ შენ სულ საზღვარგარეთ ხარ. რომელი ცოლი გაუძლებს შენს ვოიაჟებს? - ვთქვი და გამაჟრჟოლა. გოლა გამახსენდა, თვეობით რომ ველოდებოდი მის გამოჩენას. წამით თავი კოკის ცოლად წარმოვიდგინე და თავი სწრაფად გავაქნიე, ამასთანაც სულ ლოდინმა თუ მომიწია-მეთქი.
- ამ სასტუმროს ამბავი თუ გამოგვივიდა, მერე ყველაფერი დალაგდება და ხშირი გადაკარგვაც აღარ მომიწევს.
- მართლა? - ისე გახარებულმა ვკითხე, თითქოს ჩემ გამო წყვეტდა ამგვარ საკითხებს.
- ჰო. მთავარია, როგორ წარიმართება საქმეები. შენზეც ბევრი რამეა დამოკიდებული. მართლა და, ამ გახსენებაზე, როდის შეუდგები საქმის მოკვლევას?
- ხვალიდანვე, ოღონდ რომელიმე მეწილეს უნდა შემახვედრო.
- არაა პრობლემა. ერთ-ერთი აქ არის, თბილისში, ერთად ჩამოვფრინდით. ამაღამ დაველაპარაკები და ხვალ შეგახვედრებ.
- ძალიან კარგი.
- არ გეშინია? - მოულოდნელად მკითხა.
- რისი?
- ამ საქმის.
- რატომ უნდა მეშინოდეს?
- იმიტომ, რომ ხელისუფლების მაღალი ეშელონებიდანაც არიან დაინტერესებულნი მაგ ტერიტორიით.
- ვიცი. ამიტომ მეც შეგეკითხები: თქვენ არ გეშინიათ?
- არა, ჩვენ არ გვეშინია, იმიტომ, რომ სიმართლე ჩვენ მხარესაა.
- მერედა, სიმართლე საკმარისია ამისთვის?
- ეს კი უკვე შენზეა დამოკიდებული. - შემომაგება პასუხად და უცნაურად გამიღიმა.
- რთული საქმე იქნება.
- ვიცი, მაგრამ ეს ბიზნესია, რომელიც წესების გარეშე თამაშს მოითხოვს.
- ბიზნესი კი არა, ომია.
- ეგრე თუ მივუდგებით, ყველაფერი ომია, სიყვარულიც კი, - კვლავ გამიღიმა.
მოულოდნელად ფეხი ფეხზე მივადე და წამსვე გავწიე, რამე არ იფიქროს-მეთქი. საბედნიეროდ, რეაქცია არ ჰქონია.
- გეგულება რამე?
- რა? - ვერ მივუხვდი და გაკვირვებული მზერა შევავლე.
- სახლი, გასაყიდი.
- სამწუხაროდ, ასეთ რამეებში დიდად გარკვეული არ ვარ, მაგრამ გავიკითხავ. კონკრეტულად რომელ უბანში გინდა?
- სულერთია. მთავარია, კომფორტული იყოს. თავიდან აშენების და რემონტის თავი არ მაქვს.
- ისე, მაკლერებთან დაკავშირება აჯობებდა, ან რომელიმე ფირმას რომ მიმართო, - ვურჩიე.
- ალბათ მართალი ხარ… ასეც მოვიქცევი.
ნეტავ პირველ დღესვე უარი მეთქვა მის შემოთავაზებულ საქმეზე. ასე უფრო გამიადვილდებოდა მასთან ურთიერთობა, ახლა რაღაცნაირად შებოჭილად ვგრძნობდი თავს. კი მარწმუნებდა, მე არ ვარ წილშიო, მაგრამ ამის ნაკლებად მჯეროდა.
- კარგი, ახლა წავალ. უკვე დროა. ზეგ ისევ მივფრინავ.
- ისევ მიფრინავ? შტატებში?
- ჰო.
- მაგრამ ახლახან არ ჩამოფრინდი?
აშკარად სიამოვნებდა ჩემი გაოცებული და შეცბუნებული სახის დანახვა, ღიმილით დამიქნია თავი.
- შემეძლო, არ ჩამოვფრენილიყავი, მაგრამ ვერ მოვითმინე.
- საქმეების გამო?
- განა მე საქმეები ვახსენე? - ტუჩები ყურთან მომიტანა და ვნებიანად მიჩურჩულა, - აბა, შენ იცი, ამაღამ მაინც გამოიძინე, ხვალ დაგირეკავ, - და ამ სიტყვებით კარს მიღმა გაუჩინარდა…
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>