მამიდა საღამომდე დარჩა და რომ შეღამდა, მხოლოდ მაშინ წავიდა. მისი წასვლის შემდეგ გადავწყვიტე, ჩემთვის პატარა დღესასწაული მომეწყო და ორივე მამაკაცი დროებით დამევიწყებინა. აბაზანა ცხელი წყლით ავავსე, არომატული თხევადი საპონი ჩავასხი, რომელიც ვანდიმ პარიზიდან ჩამომიტანა, ერთი ბოკალი ღვინო მოვიმარჯვე, ცხელ წყალში ჩავწექი და თვალები მივლულე. აი, ეს იყო ღვთაებრივი სიამოვნება.
არ გასულა ხუთი წუთიც, რომ ჩემი მობილური ამღერდა. ვიფიქრე, არ ვუპასუხებ-მეთქი, რომელიც, ყოველი შემთხვევისთვის, სააბაზანოში მქონდა შემოტანილი, მაგრამ მელოდია არა და არ ჩერდებოდა. საპნიანი ხელი გადავყავი სკამზე გადაკიდებული ხალათისკენ და ტელეფონი ჯიბიდან ამოვაძვრინე.
_ ალო! _ როგორც ყოველთვის, ხმა გავინაზე.
_ ბაბი, შენ ხარ? _ გაისმა ტკივილამდე ნაცნობი ხმა.
_ კოკი? _ შევეცადე, მღელვარებას გავმკლავებოდი, _ მეგონა, თბილისში არ იყავი.
_ ასეცაა, შტატებში ვარ.
ისე გამიკვირდა, რომ გაოცებული უკან გადავიზნიქე, აბაზანის კედლისკენ და წყალი ადგაფუნდა.
_ სად ხარ? რა ხმები ისმის? _ წყვეტილად მესმოდა კოკის ხმა.
_ აბაზანაში, _ სიცილი ვერ შევიკავე.
ვგრძნობდი, რომ ჩემმა ნათქვამმა ღიმილი მოჰგვარა.
_ რას იღიმი? _ გაპრანჭული ტონით ვკითხე.
_ აჰა… ესე იგი, რომ ვიღიმი, ხედავ, არა?
_ მე ყველაფერს ვხედავ.
_ ყვავილები მოგიტანეს?
_ მომიტანეს. ძალიან ლამაზია. მადლობა. იქ რა დროა ახლა?
_ რა მნიშვნელობა აქვს? _ ხმა ჩაეხრინწა, _ დღემ როგორ ჩაიარა?
მივხვდი, რაც აინტერესებდა. ანუ მარტო გავატარე დღე თუ იმ ადამიანთან, ვინც წინა დღეებში სრულიად მოულოდნელად გამომეცხადა, თუმცა მასზე კრინტს არ ძრავდა.
_ მშვენივრად, მამიდა იყო მთელი დღე ჩემთან, ეს წუთია, წავიდა. შენ როგორი დღე გქონდა?
_ ისე რა. გინდა დაიჯერე, გინდა არა, მაგრამ სულ შენზე ვფიქრობ, სიზმარშიც კი გხედავ. როგორ ფიქრობ, რას უნდა ნიშნავდეს ეს?
_ რა ვიცი, იქნებ ამერიკული ჩისბურგერების ჭამა მოგივიდა ზედმეტი? _ გახუმრება ვცადე, სიხარულისგან გული ლამის ამომვარდნოდა ბუდიდან.
ხმამაღლა, გულიანად გაიცინა.
_ შენი ხმის გაგონება მინდოდა. სწორედ ახლა, ამწუთას. ეს რაღაც სიგიჟეა. რა მიქენი ამისთანა, ა?
უზარმაზარი ნერწყვი გადავაგორე. აღგზნებისგან ერთიანად ვცახცახებდი.
_ წარმომიდგენია, რა ფორმაში ხარ მაგ შენს აბაზანაში, _ ხმადაბლა, დასერიოზულებული ხმით წარმოთქვა.
შევკრთი. ამ თემის განვრცობა არ მსურდა, თითქოს ვიღაც ვირტუალურ სექსს მთავაზობდა, ამიტომ სასწრაფოდ სხვა რამეზე დავიწყე საუბარი.
_ ლუი აღფრთოვანებულია შენით, მთელი დღე სხვა არაფერზე ულაპარაკია.
_ მართლა? კიდევ კარგი, ვიღაცას მაინც მოვწონვარ. იცი, რომ მასაც გავუგზავნე თაიგული?
_ რას ამბობ, მართლა?
_ ჰო, აბა ტყუილად? როდის მითქვამს ტყუილი შენთვის?
_ როგორი საყვარელი ხარ, _ ვერ მოვითმინე და შორიდან მივეფერე.
_ რა სასიამოვნოა, როცა ამ სიტყვებს შენგან ვიგებ. ჩვენი ნაცნობობის მანძილზე პირველად წამოგცდა მსგავსი რაღაც. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ახლა რომ შენთან ახლოს ვიყო, საომრად წამოიმართებოდი მაგ ქაფიანი წყლიდან ვენერასავით და შემებმებოდი, ოღონდ სიტყვებით.
პასუხი არ გავეცი, მაგრამ ღიმილი არ მომშორებია ტუჩებიდან.
_ ისე, მე და მამიდაშენმა თითქოს შეთქმულება გავითამაშეთ. ვიცი, რომ ის ყოველთვის დამიცავს შენი იერიშებისგან.
_ მისი სახით კარგი საშუალება კი გამონახე, აი! _ გამეცინა.
_ სიყვარულსა და ომში ყველა საშუალება კარგია, რომელსაც გამოიყენებ. ამიტომაც უკან არასდროს დავიხევ, როცა საქმე შენ გეხება.
მისგან ასეთ სიტყვებს საერთოდ არ ველოდი. იდიოტივით ისევ ვიღიმოდი, მაგრამ მაინც ცივად წარმოვთქვი:
_ მამიდა რას ფიქრობს, ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. მე თვითონ ვწყვეტ ხოლმე, ჩემთვის რა ჯობია.
უფრო სწორად, ვწყვეტდი, სანამ კოკი გამოჩნდებოდა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ეს ხმამაღლა არ მითქვამს.
_ ნუ იქნები ასეთი მკაცრი, ხომ ხედავ, როგორ ვიტანჯები.
_ მე ვარ მკაცრი და შენ იტანჯები? კი, როგორ არა, სიცილზე გეტყობა, როგორც იტანჯები, _ არ დავუთმე.
_ არა, შენ მომაჯადოებელი ხარ. ნამდვილი სრულყოფილება. მთავარია, არავინ წამართვას შენი თავი, სანამ ჩამოვალ და მერე მე ვიცი, _ ხრინწიანი ხმით ჩაიჩურჩულა.
მისი ამ დაბალი, მგრძნობიარე ხრინწიანი ხმის გაგონებაზე ყოველთვის ჭკუას ვკარგავდი.
_ ბაბი, მისმენ?
_ ჰო.
_ ახლა უნდა გავთიშო, საქმე მაქვს. რაღაც პრობლემებია და უნდა მივხედო. მალე ჩამოვალ, არ მოიწყინო.
_ კარგი, გასაგებია.
_ ჰო, მართლა, გედი ისეა შენით აღტაცებული, მითხრა, ჩვენი ფირმის ადვოკატად ავიყვანოთო. შეგიძლია ჩვენი საქმეები გადაიბარო?
_ რა, ადვოკატი არ გყავთ?
_ კი, მაგრამ ახალბედაა, გედის ნათესავი და ბევრი რამე ჯერ არ იცის. ჩვენ კი შენ გვინდიხარ. უფრო სწორად, გედის უნდიხარ, ოღონდ საქმისთვის, მე კი საქმისთვის იმდენად არა, რამდენადაც ჩემთვის.
_ აბა, აბა! _ ხმა გავიმკაცრე.
_ რა იყო, რატომ ასეთი ტონი? ახლა ყველაზე მეტად შენთან ყოფნა მინდა. მინდა, მოგეფერო, გაკოცო და ასე შემდეგ.
_ ნახვამდის, კოკი, საქმეს მიხედე, _ ისვე ცივად მივუგე.
_ ღამე მშვიდობისა, ბაბი. როგორც ჩანს, გადავამლაშე.
ალბათ ნასვამია-მეთქი, ვიფიქრე, ასე რომ გამითამამდა. აქამდე მსგავსი რამეები არასდროს დასცდენია.
როცა კვლავ ჩავწექი წყალში, მივხვდი, რომ ვეღარ მოვეშვებოდი, განტვირთვა უკან დამრჩა. კოკის ხმამ წონასწორობა დამაკარგვინა და ჩემი ემოციების ქარიშხალი დაატრიალა.
კვლავ დავხუჭე თვალები და ფიქრებს მივეცი. მე საქმიანი ქალი ვარ, ჩემთვის მთავარი კარიერაა. ცხრა წლის განმავლობაში ძალიან ბევრს მივაღწიე, კარგი ადვოკატის სახელი დავიმკვიდრე. რაც შეეხება სასიყვარულო ურთიერთობას, ასე ადვილი არ არის. იგი საპასუხო ურთიერთობას მოითხოვს, რასაც გარკვეული დრო სჭირდება და უზარმაზარ ენერგიასაც მოთხოვს. ამ დროს ადამიანი საქმის მიმართ გულგრილი ხდება, დუნდება, ინერტულობისკენ მიდრეკილება უჩნდება. კოკი კი იმ მამაკაცების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც სხვებს აკონტროლებს. მან თავისი იმპერია სხვისი გრძნობების თამაშით შექმნა. მისი კონტროლის ქვეშ ისევ ისეთივე უსუსური და მორჩილი გავხდები, როგორიც გოლასთან ვიყავი. მინდა ეს? არა, რა თქმა უნდა. მე ეს არ მინდა!
მაგრამ გული სულ სხვას მიმტკიცებდა. ამ კაცმა ჩემი სულის სიმების შერხევა შეძლო. მამიდას სახლში გატარებულმა დღეებმა ეს ყველაზე მეტად დაამტკიცა. მასთან თავს ზედმეტად კარგად ვგრძნობ, მომწონს ეს კაცი, ძალიან მომწონს. შეიძლება მიყვარს კიდევაც და ჯერ ვერ ვაცნობიერებ.
ეს ის არ არის, რასაც გოლასთან განვიცდიდი. კი, მომხიბლა, თავბრუ დამახვია და მოტყუებით ისე შემოაღწია ჩემს სამყაროში, რომ თავისი ნამდვილი სახე არ მიჩვენა, მაგრამ თავიდანვე მექაჩებოდა უკან რაღაც, სრულიად გამოუცნობი გრძნობა, რომელიც გამუდმებით შიშში მამყოფებდა. ახლა ამას არ ვგრძნობ, ახლა ლაღად ვარ, შიში სადღაც უკან მოვიტოვე და ეს კოკის აშკარა დამსახურებაა. თანაც, მას არ დაუმალავს, რა უნდოდა ჩემგან. პირდაპირ მითხრა სათქმელი, ყოველგვარი შელამაზებისა და მიკიბვ-მოკიბვის გარეშე.
აბაზანიდან ამოვედი და სარკეში ჩავიხედე. რატომ არ შეიძლება, უბრალოდ, გრძნობები არ მომაწვეს? სულაც არ ვარ მზად ისეთი ურთიერთობისთვის, როგორსაც კოკი მთავაზობს. მით უფრო, რომ არასდროს აღარ მივცემ არც ერთ მამაკაცს უფლებას, მმართოს, მომექცეს, როგორც არარაობას, დასცინოს ჩემს სიყვარულს. მართალია, გოლამ უდიდესი ტკივილი მომაყენა, მაგრამ რა გარანტია მაქვს, რომ კოკი უარესს არ მიზამს? მაშინ პატარა და სულელი ვიყავი, მიამიტი გოგო, რომელიც ადვილად მონუსხეს. მაგრამ ახლა თუ მივეცი ჩემს თავს უფლება, კოკი შევიყვარო და მერე სანანებელი გამიხდეს, ეს უკვე შეგნებულად გადადგმული ნაბიჯი იქნება. ასეთ შემთხვევაში მხოლოდ ჩემი შეგნებით ვიქნები დამნაშავე ყველაფერში და ჩემი ასაკი და მიამიტობა არაფერ შუაში იქნება.
ლოგინში ჩავწექი და დაძინება ვცადე. არა, კოკისთან ურთიერთობას არ გავაღრმავებ. თვითონაც ხომ მითხრა, ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე მომესურვებაო. ამიტომაც ისე გავწელავ დროს, რომ მან მოთმინება დაკარგოს და იძულებული გახდეს, სხვაზე გადაერთოს. მანამდე კი ვიმუშავებ ძველებურად, ვივლი ჩემს მეგობრებთან, მამიდასთან. ხვალ კი ზღვაზე გავადენ ტყაპანს. ალბათ აუცილებელი იყო, ერთმანეთი გაგვეცნო, რომ საბოლოოდ გავრკვეულიყავი ჩემს თავში, რა მსურს ცხოვრებისგან.
ამ ფიქრებით კედლისკენ გადავბრუნდი, რომ დამეძინა, მაგრამ მოულოდნელად კარზე გაბმული ზარი დაირეკა.
ცივმა ოფლმა დამასხა. გული მეუბნებოდა, რომ არ ავმდგარიყავი და არ გამეღო. გოლა რომ შემრჩენოდა ხელში, გულიც გამისკდებოდა. იქნებ კოკია? იქნებ მომატყუა და სულაც არ არის ამერიკაში? ნომრისთვის არც დამიხედავს, როცა დამირეკა. ფეხის წვერებზე გადმოვედი საწოლიდან და ხალათი მოვიძიე, რომ მენახა ნომერი, რომლითაც კოკიმ დამირეკა. ამოვიოხრე. ის მართლა ამერიკაში იყო და იქაური ნომრით მირეკავდა.
ვინ იდგა კართან? ეს ძნელი მისახვედრი არ იყო. არც ის იყო ძნელი მისახვედრი, რომ კარი უნდა გამეღო…
სათვალთვალოში გავიხედე… ის იყო… ასეც ვიცოდი. მარჯვენა ხელი, როგორც ჩანს, ზარის ღილაკზე ედო, რადგან ზრიალი არ ცხრებოდა, თან კარს მოსჩერებოდა. ასე მეგონა, დამინახა, რადგან მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა. გული ამოვარდნაზე მქონდა. კარის გაღებას არ ვჩქარობდი, იქნებ მოჰბეზრდეს რეკვა და წავიდეს-მეთქი, თავს ვიიმედებდი. თქვენც არ მომიკვდეთ. ასე უსიამოვნოდ ჩემი ბინის ზარის ხმა არასდროს მომჩვენებია.
ყოველი შემთხვევისთვის, ხმადაბლა და უსიამოვნო ხმით ვიკითხე:
_ ვინ არის?
_ მე! _ მიპასუხა და, როგორც იქნა, რეკვა შეწყვიტა, მაგრამ ეს «მე» ისე მხიარულად წამოიძახა, თითქოს დიდი სიურპრიზი გაეკეთებინოს ჩემთვის.
_ უკვე გვიანაა, იქნებ წასულიყავი, ა? _ ვაგრძნობინე, რომ სულაც არ მესიამოვნა მისი გამოჩენა.
_ მოგიწევს გაღება, თუ არადა, ჩამოვიღებ! _ მუქარა გაურია ხმაში.
_ გოლა, იქნებ ხვალისთვის გადაგვედო შეხვე…
_ მარტო არ ხარ? თუ ასეა, მითხარი, არ მოგერიდოს, _ დამცინავი ტონით წარმოთქვა და ფეხი მოინაცვლა.
უნდა გამეღო, ახლა სიჯიუტე კარგს არაფერს მომიტანდა.
გასაღები გადავატრიალე და ჯაჭვიც ჩავხსენი. ნერვიულობისგან ისე შემცივდა ამ გაგანია აგვისტოში, თითქოს შუა ზამთარი ყოფილიყოს, მთელი სხეულით ვცახცახებდი.
_ ოჰოო, _ აღმოხდა გაოცებულს და როცა ფეხებამდე ჩამათვალიერა, ჩაიცინა:
_ რამდენი წელია, ასეთ ფორმაში არ მინახავხარ. _ თვალები ისე ჰქონდა აწყლიანებული, მივხვდი, კაიფში იყო, ლუღლუღებდა.
_ როგორ ფორმაში? _ ატლასის ხალათი ხელებში ლამის მოვიჭმუჭნე, ისე შემოვიხვიე ტანზე.
_ საშინაო ფორმაში, ბავშვო! _ როგორც ჩვეოდა, კბილებში გამოცრა და დაუპატიჟებლად შემოაბიჯა ოთახში.
_ რისთვის მოხვედი? თან ამ დროს?
_ თან დაუპატიჟებლად, არა? _ დაასრულა ჩემი შეკითხვების სერია.
_ ჰო, _ უკან არ დავიხიე.
_ მომენატრე და იმისთვის. მონატრებამ კი უდროობა არ იცის.
_ ავადმყოფი ხარ! _ თავი ვერ შევიკავე.
_ ჰო და ამიტომ მინდა შენი პაციენტი ვიყო.
_ პაციენტობასაც ნიჭი უნდა. შენ ამის ნიჭი არ გაგაჩნია, ამიტომ ძალიან გთხოვ, წახვიდე, თითქმის შუაღამეა.
_ ჯერ ერთი, შუაღამე არ არის და მეორეც, თუ არ გინდოდა ჩემი შემოშვება, კარი რატომ გამიღე?
_ იმიტომ, რომ ვიცოდი, რაც თქვი, გააკეთებდი კიდეც, _ ბრაზი მომერია.
_ ჰოდა, მაშინ ნუღარ მეუბნები, წადიო. ხომ იცი, უარესის გაკეთებაც შემიძლია. მე წესების მოყვარული ჰალსტუხიანი ბიჭი არ ვარ, ცუდად გამზარდეს. _ და ისევ ჩაიცინა.
კარი მივხურე, აღარ ჩამიკეტავს. ვიფიქრე, თუ რამეა და ძალადობას ექნება ადგილი, იქნებ გაქცევა ასე მაინც მოვახერხო-მეთქი.
შუა ოთახში დადგა, დოინჯი შემოიყარა და ირგვლივ მიმოიხედა.
_ რადენი წელია, აქ არ ვყოფილვარ. ბევრი რამ შეგიცვლია.
_ დიდი დრო გავიდა მას შემდეგ.
_ რას მელაპარაკები? _ დამცინავად გამომხედა, _ მაინც რამდენი?
_ ცხრა წელი.
_ ჰო-ო? წლებს ითვლიდი?
პასუხი არ გავეცი.
_ ითვლიდი, _ თავად უპასუხა ჩემთვის განკუთვნილ შეკითხვას, _ წლებსაც, თვეებსაც, დღეებსაც, საათებსაც და წუთ-წამებსაც. ხომ ასეა?
_ ცდები.
_ არ მოგენატრე? _ ჩემი პასუხი არად ჩააგდო.
არც ახლა ვუპასუხე.
_ მოგენატრე, _ კვლავ თვითონ უპასუხა თავისსავე შეკითხვას, _ თანაც ძალიან.
_ თუ ამის გასარკვევად მოხვედი, იმედი უნდა გაგიცრუო. არ მომნატრებიხარ, _ ცივად მივუგე და კბილი კბილს დავაჭირე, რომ ყბის კანკალი შემეჩერებინა.
წარბები აზიდა და თვალები მოჭუტა, ისევ გვერდულად გამომხედა. წარამარა ისველებდა ტუჩებს, ალბათ პირი უშრებოდა.
_ შენ შეპასუხებაც გისწავლია. როგორც ჩანს, კარგი მასწავლებელი გყავდა ჩემ შემდეგ. აბა, მითხარი, ვინ იყო ის ბედნიერი? _ ამ სიტყვებით სკამი ფეხით გამოსწია, უდარდელად დაჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო, ხელები კი მკერდზე გადაიჯვარედინა.
არც ამჯერად ჩავთვალე პასუხის ღირსად.
_ მე ვის ვეკითხები? _ მშვიდი, მაგრამ ფარული აგრესიით სავსე ტონით მომმართა.
_ შენ შემდეგ არავინ მყოლია, _ მეც იმავე ტონით მივუგე, თუმცა შიშისგან ადამიანს აღარ ვგავდი.
არ ვიცი, რისი შიში იყო ეს. მისი თითქოს არ მეშინოდა, არც იმის, რომ მისი გამოჩენა ძველ სიყვარულს გამიღვიძებდა. ეს უფრო სხვა შიში იყო, შიში იმის, რომ ძალას თუ იხმარდა, ვერ მოვერეოდი და საბოლოოდ დამცირებულს დამტოვებდა. მხოლოდ ამით იყო გამოწვეული ჩემი შიში.
_ კარგი ერთი, _ ხელი აიქნია, ხოლო თავი გვერდზე გადააგდო, _ ხომ იცი, რომ ასეთ ზღაპრებს არ დავიჯერებ.
_ ეგ შენი პრობლემაა და არა ჩემი. ტყუილი არ მიყვარს, ყველა შენნაირი როდია, _ გავთამამდი, მეორე სკამი გამოვწიე და საზურგეს ორივე ხელით დავყრდენი. მუხლებში, რატომღაც, ძალა დამიბრუნდა. თანდათან ვმშვიდდებოდი.
მიკვირდა, ასეთი ნაძირალა როგორ მიყვარდა. რატომ თავის დროზე ვერ შევამჩნიე, რა არარაობასთან მქონდა საქმე?
_ ხო, მივხვდი. შენი პროფესიის ადამიანს გრძელი ენა უნდა ჰქონდეს და უხეში ლაპარაკი უნდა შეეძლოს. გამოვიცანი?
ზიზღით სავსე მზერა ვესროლე. იყო კი ამისთანა ადამიანი პასუხის ღირსი? რა თქმა უნდა, არა.
_ ლამაზი ხარ… უფრო ლამაზი, ვიდრე ადრე იყავი. დაქალება მოგხდომია. და შენ გინდა თქვა, რომ ამისთანა ქალს ცხრა წელი სექსი არ გქონია?
ამრეზით შევყურებდი, არც მიცდია, რამე მეთქვა, თავი მემართლებინა. ის ამას არ იმსახურებდა, მაგრამ ჩემი მზერა ყველაფერს ამბობდა, რასაც მასზე ვფიქრობდი.
_ მდააა. თუ ამას დავიჯერებ, ძალიან უნდა გავოცდე. ცხრა წელი… რატომ? განა არავინ გამოჩნდა ისეთი, შენი სხეული დაეპყრო? უკაცრავად, გული უნდა მეთქვა. იქნებ მე მელოდებოდი? გინდოდა, ბოლომდე ჩემი ერთგული დარჩენილიყავი?
მისი სულელური ლაპარაკი ვეღარ მოვითმინე და მკვახედ შევეკითხე:
_ რისთვის მოხვედი, გოლა? რას ელი ჩემგან? რა გსურს, გიპასუხო მაგ უაზრო შეკითხვებზე?
_ სიმართლე, რა თქმა უნდა. მე მხოლოდ ეს მსურს. როგორ გგონია, რისთვის მოვედი? რომ დაგინახე, ძველი ვნებები გამიახლდა და ვეღარ გავძელი. მინდა, ისევ დამიბრუნდე, შევრიგდეთ და გავაგრძელოთ ერთად ცხოვრება. ბოლოს და ბოლოს, ცოლ-ქმარი ვიყავით.
_ გვერქვა, _ შევუსწორე.
_ რას ნიშნავს, გვერქვა? _ წინ გადმოიხარა და მარჯვენა ხელისგულით მუხლს დაეყრდნო, მარცხენა კი მეორე მუხლზე დაიდო, ზუსტად ისე, ძველმა ბიჭებმა რომ იციან.
_ იმას, რომ ჩვენ ოფიციალურად ცოლ-ქმარი არასდროს ვყოფილვართ, ხელი არ გვქონია მოწერილი.
_ მე უნდა მომეწერა ხელი რამეზე? _ უტიფრად ჩაიცინა, _ მე და ხელის მოწერა? _ ამით ხაზი გაუსვა, ჩემნაირები ხელს არაფერზე აწერენო.
_ არც ჯვარი დაგვიწერია, სხვას რომ თავი დავანებოთ. თქვენს წრეში ჯვრისწერაც არ მოსულა? _ ახლა მე შევხედე უტიფრად, _ მაგრამ შენ მე სრულფასოვან ცოლად არასდროს მიგაჩნდი. შენთვის ერთი რიგითი დროებითი ქალი ვიყავი, რომელთანაც იმდენ ხანს ცხოვრობდი, სანამ მოგბეზრდებოდა.
_ სამაგიეროდ, ყველაზე დიდხანს შენთან გავძელი. ხომ გითხარი უკვე? კიდევ ერთხელ გაგიმეორე. არ გჯერა?
_ არ მაინტერესებს.
_ აბა, რა გაინტერესებს?
_ მხოლოდ ერთი რამ… _ თვალი თვალში გავუყარე და ცალი წარბი ავზიდე, _ როდის წახვალ აქედან.
_ მაგდებ? _ წელში გასწორდა და კვლავ გადაიდო ფეხი ფეხზე.
_ არ გაგდებ, უბრალოდ, გთხოვ. ჩვენ სალაპარაკო აღარაფერი გვაქვს. _ თან გულში გავიფიქრე, კიდევ კარგი, კოკიმ ადრე დარეკა, თორემ ახლა რომ დაერეკა, ალბათ საშინელება მოხდებოდა-მეთქი.
_ ესე იგი, სათადარიგო სკამზე მსვამ, _ დასვა «დიაგნოზი».
_ არა.
_ აბა?
_ სათადარიგო სკამზე დიდი ხანია, აღარ ზიხარ.
_ ოჰო! იქიდანაც გამაძევე? რატომ, ცუდად ვთამაშობდი?
_ პირიქით, ბრწყინვალედ თამაშობდი, მაგრამ სულ სხვა თამაშს.
_ ჰმ, მაგრამ მე რომ მიყვარხარ?
_ არა უშავს, ამ ღამის შემდეგ გაგივლის. _ ვუთხარი და მზერა ავარიდე.
ჯერ თავი გაიქნია, მერე რისხვით სავსე თვალებით ამომხედა და კბილებში გამოცრა:
_ ნუ მელაპარაკები ასე. გინდა დამიმტკიცო, რომ ჩემი არ გეშინია? მერედა, როგორ გეშინია. მე ყველაფერს ვხედავ, ყველაფერს ვგრძნობ, შენ მე ვიღაცა ხომ არ გგონივარ. როგორც ჩანს, მიეჩვიე სხვების მართვას. ალბათ მარიონეტებივით კაცები გახვევია გარს. ჩემთან ეგეთები არ გაგივა, შენც კარგად იცი. რამ შეგცვალა ასე? სტუმრად მოვედი და როგორ მხვდები? ვიცი, რომ ცუდად მოგექეცი, გული გატკინე, დაუმსახურებლადაც-მეთქი, შემიძლია გითხრა, მაგრამ ეს ცხოვრებაა. ცხოვრებამ მოიტანა ასე, თორემ სულაც არ მინდოდა, ერთმანეთს დავშორებოდით. შენთან ყოველთვის კომფორტულად ვგრძნობდი თავს. შენ კი დაადე თავი და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე წახვედი. გგონია, სწორად მოიქეცი? არა, არ მოიქეცი. სულ მენატრებოდი, თითქოს სიცარიელეს ვგრძნობდი შენ გარეშე. ბევრთან ვცადე ახალი რომანის წამოწყება, მაგრამ ის არ იყო, რაც შენთან მქონდა. სიმართლე გითხრა, ქალები ვერ მიძლებენ. ჩემი ცხოვრების წესი მათთვის, როგორ გითხრა…
_ მიუღებელია, _ შევაწიე სიტყვა.
_ ჰო მიუღებელია, ან ძალიან რთული შესაჩვევი. მხოლოდ შენ შეძელი ჩემი ატანა. სიმართლე გითხრა, უკვე შევეგუე იმ აზრს, რომ უშენობას ვერ ვეგუები. ალბათ ამიტომაც ვარ აქ, ან შეიძლება იმიტომ, რომ ბოდიში მინდა მოგიხადო, ოღონდ არ ვიცი, როგორ, რა ფორმით.
_ არ არის საჭირო. ყველაზე კარგი საბოდიშო ფორმა ის იქნება, თუ ადგები და წახვალ. ძალიან გთხოვ, არ მსიამოვნებს ეს საუბარი. არაფრის თქმა არაა საჭირო, არც ახსნა. შენგან განსხვავებით, მე იმ აზრს შევეგუე, რომ უშენობა აღარ მაწუხებს.
_ შეცდომას ყველა უშვებს, აღიარებით კი მხოლოდ ჭკვიანი აღიარებს. აი, მე ვაღიარე. პატიებას ძლიერი ადამიანი ითხოვს. მეც გთხოვ და ამით მინდა, ჩემი სიძლიერე დაგიმტკიცო. ურთიერთობის აღდგენას მხოლოდ შეყვარებული ადამიანი ითხოვს. და რადგან გთხოვ, უნდა დამიჯერო, რომ შეყვარებული ვარ… ჩემი შავგვრემანი მზეთუნახავი, _ სინანულით სავსე მზერა მესროლა, _ თუ ხორბლისფერი? აი, ხომ ხედავ, დამავიწყდა, როგორი ხარ.
_ კარგია, რომ დაგავიწყდა, იმიტომ, როა არც შავგვრემანი ვყოფილვარ არასდროს და არც ხორბლისფერი. მე ჟღალი ფერის თმა მაქვს.
_ ხოო? საინტერესოა… და კიდევ უფრო საინტერესო იცი, რა არის? როდის მიხვდი, რომ აღარ გიყვარდი?
_ მაშინ და იქ, როცა შენგან წამოვედი. იმ დღესვე დამთავრდა ყველაფერი. რაც შეეხება ურთიერთობის აღდგენას, ეს მხოლოდ შეყვარებულ ადამიანს შეუძლია, მაგრამ მე არა, იმიტომ, რომ აღარ ვარ შენზე შეყვარებული, _ ისე მტკიცედ წარმოვთქვი, რომ თვითონაც გამიკვირდა. მხოლოდ ახლა გავაცნობიერე, რომ სიმართლეს ვამბობდი. წლების განმავლობაში თუ მასზე ვფიქრობდი, მხოლოდ იმიტომ, რომ დათრგუნვილი ვიყავი, შეურაცხყოფილი, თორემ მისი სიყვარული სულაც არ მტანჯავდა.
ეჭვიანად ამომხედა, თითქოს არ უნდოდა ამის დაჯერება, მერე თავი ჩაკიდა და იატაკს ჩაშტერებულმა გააგრძელა:
გაგრძელება იქნება
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>