_ თავიდან მეც ჩავიქნიე ხელი. ვიფიქრე, წავიდა და წავიდა, კარგად იყოს-მეთქი. არ იცი, რამდენჯერ დაგთმე ფიქრში და მერე ისევ დაგაბრუნე, დაგთმე, დაგაბრუნე… ახლა კიდევ… მოდი, გინდა, ერთხელ კიდევ ვცადოთ? _ არ მეშვებოდა.
_ არა, არ მინდა, ამის იოტისოდენა სურვილიც არ მაქვს. მე შევიცვალე, ჩემი ცხოვრებაც შეიცვალა. გთხოვ, შენი გზით წახვიდე და აღარასდროს გამოიხედო ჩემკენ. ძალას ვერ დამატან. ამით არაფერი გამოვა. ის სიყვარული აღარასდროს დაბრუნდება, რადგან მორჩა, აღარ არსებობს. იყო და გათავდა, ამოიწურა. ვიცი, რომ იდეალური ადამიანები არ არსებობენ. არც შენ მიმაჩნდი იდეალურად, მაგრამ მაინც მიყვარდი, მიყვარდი, რადგან შენი ნაკლიც კი მომწონდა და მეგონა, რომ სწორედ ამის გამო შემიყვარებდი. შევცდი, ილუზია გამოდგა ჩემი შეხედულება. ახლა სხვა ვარ. ახლა რაც უნდა მოიმოქმედო, გიმეორებ, ძალას ვერ დამატან.
_ ძალას ვერ დამატან… ჰმ, _ გაიმეორა ჩემი სიტყვები, _ არც ვაპირებ. ამისთვის არ მოვსულვარ. არც მჭირდები ასეთი. მე ისევ ისეთ ბაბის ველოდი, როგორიც მყავდა. აქ კი სულ სხვა ქალი დამხვდა _ პროფესიაშეცვლილი, ხასიათშეცვლილი, გარეგნობაშეცვლილი… ვინ ხარ, რა ხარ… _ ისევ დაისველა ტუჩები და თითქოს ბოდავსო, გააგრძელა, _ რატომ ვარ აქ? ვისთან ვარ? _ თითები ერთმანეთში გადახლართა და ერთხელაც მიმოიხედა ირგვლივ, _ სხვაგან ვარ, აქ არ უნდა ვიყო…
მოულოდნელად კი არ წამოდგა, წამოხტა და დოინჯშემოყრილი წინ დამიდგა:
_ მართალი ხარ… შენ სხვა ხარ, მე _ სხვა. გგონია, მართლა მიყვარხარ? არააა და არც არასდროს მყვარებიხარ. უბრალოდ, სპორტული აზარტის გამო მინდოდა დამბრუნებოდი.
_ ვიცი! _ ნიშნის მოგებით მივუგე და მრავალმნიშვნელოვნად შევხედე ჩემ წინ ასვეტილს, _ ამას დიდი მიხვედრა არ სჭირდება.
_ ჰო, რა თქმა უნდა, შენი პროფესიის ადამიანს რას გამოაპარებს კაცი, სხვა ძაღლებივით შენც დაგეშილი ხარ, _ ისე ზიზღით წარმოთქვა «ძაღლი», თითქოს ძაღლებზე მეტად არაფერი ეჯავრებოდა ცხოვრებაში, თუმცა ვიცოდი, რა სახის ძაღლებსაც გულისხმობდა.
გამეცინა. იურისტის პოლიციელთან შედარება სულაც არ მეჩვენებოდა ლოგიკურად, მაგრამ მისნაირებისთვის ყველა იურიდიულდამთავრებული ჩვეულებრივი პოლიციელის რანგში გადიოდა.
_ კარგი, წავედი. როგორც მოვედი, ისე წავალ. ბოდიში, რომ ხელცარიელი გესტუმრე, მაგრამ არც შენ გამოგიჩენია გულუხვობა შენი მასპინძლობით, ყავაზეც კი არ დამპატიჟე.
ღმერთო, როგორი იდიოტია, თანაც, ქართული ჩამოსხმის იდიოტი!
ერთი სული მქონდა, ოღონდ წასულიყო, წასულიყო მშვიდობიანად, ჩხუბისა და აყალმაყალის გარეშე. იმის უფრო მეშინოდა, არ მეცეს და გაუპატიურება არ მომინდომოს-მეთქი, თუმცა ეტყობოდა, არაფრის თავი არ ჰქონდა, ისე იყო წამლით გაბრუებული. გულში ვლოცულობდი, ოღონდ მალე წავიდეს-მეთქი.
_ წავედი, წავედი… _ ხელი აიქნია და კარისკენ გაემართა. სახელურს ხელი რომ ჩასჭიდა, უეცრად მოტრიალდა:
_ ისე, მართლა ძალიან გალამაზებულხარ, კი არ ბრწყინავ, კიაფობ.
_ ზოგი კიაფობს, ზოგი კაიფობს, _ გადავუკარი.
_ კაიფობს? _ შემობრუნდა და მზერა ჩემს მკერდზე შეაჩერა, _ ჩემზე ამბობ მაგას?
კვლავ ამიტანა შიშმა, აგრესია არ გაუახლდეს-მეთქი და მიამიტი ღიმილით მივუგე:
_ უბრალოდ, სიტყვათა თამაშია _ კიაფობ, კაიფობ, მეტი არაფერი.
_ ააა, _ თავი უკან გადახარა და რაღაც უცნაურად გაიცინა, არასრულფასოვანმა მამაკაცებმა რომ იციან, ისე, ვითომ მედიდურად. როცა სიცილი დაამთავრა, გამოცარიელებული, უსიცოცხლო თვალები მომაპყრო და შემპარავი ხმით მკითხა:
_ ერთხელ არ მაკოცებ დამშვიდობების წინ? უკანასკნელად?
გამჭოლი მზერა ვესროლე და თავი ცივად გავაქნიე.
_ მაშინ წავედი. მაპატიე, რომ მყუდროება დაგირღვიე. იმედია, არაფერი გაწყენინე… ამჯერად… ამას მაინც ხომ დაიმახსოვრებ?
ახლა თანხმობის ნიშნად დავუქნიე თავი, სახის გამომეტყველება არ შემცვლია.
_ ალბათ კიდევ მოვალ, _ თავისთვის ჩაიდუდუნა, _ ოღონდ უფრო საღ გონებაზე და უფრო დასვენებული. აი, მაშინ ვილაპარაკოთ, _ მუქარით სავსე ტონით დაასრულა და კარი ისე გაიხურა, აღარ მოუხედავს.
შვებით ამოვისუნთქე და კარი სასწრაფოდ ჩავკეტე, არ მობრუნდეს-მეთქი. ზურგით მივეყრდენი კედელს და სახეზე ხელები ავიფარე. ღმერთო, რას გადავრჩი! კიდევ კარგი, ფორმაში არ იყო, თორემ ასე მშვიდობიანად არ დასრულდებოდა ეს ვიზიტი.
მორჩა, ხვალიდან მარტო აღარ დავრჩები. ვანდის ვთხოვ და დროებით ჩემთან გადმოვიყვან. თუმცა, ხვალ ზღვაზე მივდივარ. როცა ჩამოვალ, მერე მივხედავ ამ საქმეს. ამიერიდან ჩემი მარტო დარჩენა დიდ საფრთხესთან იქნება დაკავშირებული. ეს იგივეა, ასაფეთქებლები აისხა სხეულზე და ისე იარო…
ზღვა… ზღვა ადამიანივითაა. ის იძინებს, იღვიძებს, დადის, დარბის, ისვენებს, დგას, ფიქრობს, დუდუნებს, ლიცლიცებს, შიშინებს, ბრაზობს, ბობოქრობს, იცინის… ჩემთვის ზღვა ის ჯიშიანი მამაკაცია, რომელიც დანახვისთანავე აღგაფრთოვნებს და თვალს ვერ აშორებ, სული ყელში რომ მოგებჯინება და სუნთქვას გიკრავს. ტალღა რომ მელამუნება, თითქოს ოცნების მამაკაცი მეხვევა, მეფერება, შიშველი მკერდით მეხება… მისი სურნელი კი იმ სუნთქვის სურნელს მაგონებს, შენს ყელთან რომ შეიგრძნობ სასურველი ტუჩების შეხებისას…
როცა ნაპირს ვუახლოვდები, ერთადერთი სურვილი მიჩნდება _ მინდა, ტალღებს შევასკდე და სასიყვარულო დუელში გამოვიწვიო…
მე და ვანდი უკვე მესამე დღეა, ურეკში ვართ. მაგნიტურ მბზინავ ქვიშაზე ვიშხლართებით დილა-საღამოს და გონის დაკარგვამდე ვირუჯებით.
ახლაც პლაჟზე ვწევარ და ნებივრად მაქვს სხეული მზისთვის მიშვერილი. ასეთ წუთებში ყველაზე ბედნიერ მოკვდავად მიმაჩნია ჩემი თავი _ აქეთ მზე, იქით ზღვა… ამ დროს სხვა არაფერი მინდა… არადა, ახლა მინდა… ჩემს სრულყოფილ ბედნიერებას ამწუთას მხოლოდ ერთი ინგრედიენტი აკლია _ კოკი.
ოჰ, როგორი სიამოვნებით ვეტყოდი კოკის, ჩემი ზღვა ხარ-მეთქი…
მოულოდნელად სიგრილე ვიგრძენი, ნივმა დაქროლა და მზის შუქიც «მეცოტავა». თვალები გავახილე, შლაპა კეფისკენ გადავაცურე და ცას ავხედე. მოქუფრულიყო. ღრუბლები თავისთვის ხატავდნენ ფიგურებს, რომლებიც უფრო და უფრო მრავლდებოდნენ და მუქდებოდნენ. ვანდის გავხედე. ჩაცმა დაეწყო.
_ წვიმა მოგვისწრებს, ბაბი, აჯობებს, კოტეჯში დავბრუნდეთ, თან მომშივდა.
უხმოდ დავეთანხმე, ავდექი და პარეო მოვიხვიე. ისე ვიყავი მოთენთილი, ჩაცმის თავი არ მქონდა. სხული მიხურდა.
_ ვაიმე, რა შავი ხარ! _ აღტაცება ვერ დამალა ვანდიმ, _ აფრიკიდან ჩამოსულს დაემსგავსე უკვე. რა კარგად გეკიდება მზე, როგორ მშურს. მე კიდევ კიბორჩხალას ვგავარ, ვწითლდები და მორჩა, არანაირი გარუჯვა.
_ ახლა წვიმა თუ დაიწყო, შეიძლება მთელი კვირა არ გადაიღოს.
_ შენ ეგა თქვი, _ დანანებით დამეთანხმა ვანდი და ჩანთას დაავლო ხელი.
ამ დროს წვიმის რამდენიმე წვეთი ხელზე დამეცა.
_ უნდა გავიქცეთ, სანამ გავილუმპეთ. _ ავჩქარდი. სასწრაფოდ მოვხიკე ჩემი ტანსაცმელი, ვანდის ჩანთაში ჩავუძახე და სირბილით გადავიარეთ ცხელი ქვიშა.
ჩვენი კოტეჯი სულ რამდენიმე ნაბიჯში იყო, ამიტომ ორიოდე წუთში უკვე ნომერში ვიყავით. ოთახში შევედით თუ არა, ისე საშინლად დასცხო წვიმამ, რომ ფანჯრის რაფებს ზრიალი გაუვიდა. ვანდიმ ფანჯარა გამოაღო, რომელსაც დღისით სულ დაკეტილს ვტოვებდით, რათა სიცხეს არ შემოეღწია. წვიმის გამაყრუებელი ხმაური უფრო მძლავრად შემოიჭრა ოთახში, რასაც სულ რამდენიმე წამის შემდეგ ჩემი მობილურის ზარიც შეუერთდა.
მოციმციმე ეკრანს დავხედე და ლამის ვიკივლე… კოკი მირეკავდა…
ორი კვირა გახდა, არ მენახა. ამ ორ კვირაში კი ბევრი რამ მოხდა, კარგიც და ცუდიც. ცუდი ის, რომ გოლა მესტუმრა და გვარიანად შემაშინა, ხოლო კარგი ახლა ხდებოდა _ მე ზღვაზე ვისვენებდი და კოკი მირეკავდა.
_ როგორ ხარ? _ თითქოს დაღლილი ხმა ჰქონდა.
_ კარგად. შენ?
_ ცოტა დავიღალე, მგზავრობამ დამქანცა, სხვა მხრივ არა მიშავს.
_ ჩამოხვედი? _ საწოლიდან გადმოვხტი და კინაღამ მეორეჯერ მოვიტეხე ფეხი. ტკივილისგან დავიჭყანე, მაგრამ ხმა არ გამიღია.
_ კი, ამ დილით. საით ხარ? მინდა გნახო.
_ მე… მე თბილისში არ ვარ.
_ აბა სად ხარ? _ აშკარად ძალიან გაუკვირდა.
_ ურეკში, შვებულება ავიღე და ზღვაზე წამოვედით მე და ჩემი მეგობარი.
_ მეგობარი ქალი თუ მეგობარი კაცი? _ დაკონკრეტება მოითხოვა.
_ ქალთან, ქალთან, _ დამამშვიდებელი ტონით მივუგე ყურებამდე გაცინებულმა.
_ აჰა… და როდის ჩამოდიხარ?
_ სავარაუდოდ, ერთი კვირა დავრჩებით, თუ ამინდი არ გაფუჭდა. ამწუთას წვიმს, _ სიამოვნებამოგვრილმა ქვედა ტუჩს დავუწყე კბენა, თან ვანდის ვუყურებდი, ცნობისმოყვარე მზერით რომ მომჩერებოდა.
_ მართლა? მერამდენე დღეა, რაც წვიმს?
_ ამწუთას დაუშინა, არადა, დილიდან ისეთი კარგი ამინდი იყო…
_ აქ კიდევ იწვის ყველაფერი, ისე ცხელა… სასტუმროში ხართ? _ შემპარავი ხმით მკითხა.
_ კოტეჯში. მყუდროდ მოვეწყვეთ და მაგრად გვიხარია.
რამდენიმე წამს ხმა არ გაუღია.
_ ალო, აქ ხარ?
პასუხი არ გამცა.
_ კოკი, სად წახვედი?
_ აქ ვარ, აქ, ერთი წუთით… _ როგორც ჩანს, ტელეფონს ხელი დააფარა ან დაბლა დასწია, რადგან არაფერი ისმოდა.
_ ჰო, კარგი, დაისვენე და ძალიან არ დაიწვა. გაგანია ზაფხულია, ხომ იცი.
_ რას ამბობ! მე ისე მიყვარს მზე, რომ სიცხეს საერთოდ ვერ ვგრძნობ.
_ მე კიდევ ვერ ვიტან სიცხეს, გული მიწუხს. ფეხი მოგირჩა?
_ უკვე აღარ მაწუხებს, თან ზღვის წყალიც მომიხდა.
_ არ გაუთამამდე, იცოდე. ფრთხილად იყავი, ხო?
_ ხო, _ პატარა ბავშვივით მივუგე და ვანდის ვანიშნე, ახლა გავგიჟდები სიხარულისგან-მეთქი.
ვანდიმ ჩაიცინა და ახლოს მომიჩოჩდა, რომ მისი ხმა მოესმინა.
_ რომ ჩამოხვალ, შენ და შენს დაქალს ორივეს გეპატიჟებით. ხომ უნდა აღვნიშნოთ კარგი ამბავი.
_ რომელი კარგი ამბავი? _ ტელეფონი ოდნავ განზე გავწიე, რომ ვანდისაც გაეგონა.
_ ფეხი რომ მოგირჩა.
_ ააა, რატომაც არა, აღვნიშნოთ.
_ ესე იგი, მარტონი ხართ, არა?
_ ტყუილი რაში მჭირდება?
_ რა ვიცი. ვიფიქრე, ჩემს ჩამოსვლამდე ვინმემ ხომ არ მომტაცა-მეთქი შენი თავი.
_ ნეტავ ვის რაში ვჭირდები, _ გავიცინე.
_ მაგას გავარკვევ, როცა დრო მოვა.
შუბლი შევიჭმუხნე, თითქოს მუქარა გაერია ხმაში.
_ ეგ რას ნიშნავს?
_ ვიხუმრე, _ გაიცინა, _ ესე იგი, სანიმუშო გოგონა იყავი ჩემს არყოფნაში?
_ სანიმუშო? კაცს კაცზე ვიცვლიდი, თუ ეს გაინტერესებს, _ მხიარული ტონით წამოვიძახე.
_ აჰა… _ ხმა ჩაეხრინწა, _ ვერ გამოგივიდა მთლად კარგი ხუმრობა.
_ ვერც შენ… წეღან.
_ სამაგიეროს მიხდი?
_ არა, რას ამბობ, უბრალოდ, ვიხუმრე. შენ როგორ ხარ?
_ ჩვეულებრივად, ვმუშაობ ყოველგვარი გართობის გარეშე. არაფერი საინტერესო.
უზარმაზარი ნერწყვი გადავაგორე, აღელვებულს პირი გამიშრა, ხოლო გული ამოვარდნაზე მქონდა. სხვა სიკეთესთან ერთად, ხელებიც ამიკანკალდა.
ორივენი გავჩუმდით, თითქოს სალაპარაკო გამოგველია. არ ვიცოდი, რა მეთქვა. ვანდიმ ხელით მანიშნა, უთხარი, ჩამოვიდესო. წარბები ავწკიპე პროტესტის ნიშნად, ეს რამ მოგაფიქრა-მეთქი.
_ კარგი მაშინ ხელს აღარ შეგიშლით ქალებს. რომ ჩამოხვალ, დამირეკე, _ ცოტა არ იყოს, ცივად გამოუვიდა.
_ კარგი, _ მივუგე ნირწამხდარმა და როცა მეგონა, დამემშვიდობება-მეთქი, სწორედ იმ დროს გამითიშა.
რამდენიმე წამს გაშეშებული ვიჯექი და ვანდის მივჩერებოდი. თვალები ნელ-ნელა ამევსო ცრემლით.
_ გოგო, რა გატირებს? _ გაოცდა ვანდი.
_ არ დამემშვიდობა, _ ჩავიჩურჩულე.
_ მერე რა? ხომ გითხრა, ჩამოსვლისთანავე დამირეკეო?
_ და რა, იქამდე არ უნდა დამეკონტაქტოს? გგონია, დავურეკავ? მეტი საქმე არა მაქვს! _ სიბრაზე ყელში მომაწვა.
_ ვაიმეე, შენ ვინა ხარ! მეტი რაღა გინდოდა მოგესმინა? გადამრევ პირდაპირ!
პირი მოვკუმე, რომ ხმამაღლა არ მეტირა. სამაგიეროდ, წვიმა იკლავდა თავს ტირილით, თითქოს ტკივილში მეჯიბრებოდა.
რატომ მელაპარაკა ბოლოს ასე ცივად? რა დაემართა? ცნობისწადილი მკლავდა. ხასიათი გამიფუჭდა, მთელი დღე არაფერი მიჭამია, ისეთ ცუდ გუნებაზე ვიყავი. აღარც გამოიდარა, რომ სანაპიროზე მაინც გავსულიყავი. დავრჩით შინ გამოკეტილები. არადა, წვიმის მიუხედავად, გავიდოდით სადმე, კაფეში დავსხდებოდით, გემრელად ვივახშმებდით… ჩემ გამო ვანდიც შინ დარჩა, მარტო წასვლა არ ისურვა…
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>