შუაღამისას საკუთარმა ყვირილმა გამომაღვიძა. კოშმარი მესიზმრა, კარგა ხანია, ცუდი სიზმარი არ მინახავს. ერთიანად ვცახცახებდი, ოფლად ვიყავი გაღვრილი, თვალები კი ცრემლით ამვსებოდა. კოკიც იყო ამ სიზმარში, მაგრამ არა ლურჯი, არამედ ყვითელი თვალები ჰქონდა. საშინლად განრისხებული ყვიროდა, მცემდა, ხელს მკრავდა… გოლა იქვე იდგა და გულზე ხელებდაკრეფილი დამცინავად მომჩერებოდა. თითქოს კმაყოფილი იყო, რაც ხდებოდა…
კიდევ კარგი, ვანდის არ გაეღვიძა. ლაპარაკის თავი არ მქონდა. საწოლზე წამოვჯექი და ოფლისგან დასველებული თმა უკან გადავიყარე. გაოფლილი მაისური სხეულზე მომკრობოდა. რატომ მესიზმრა ასეთი საშინელება?
გოლას ბრალია ყველაფერი, მისმა გამოჩენამ ჩემი ცხოვრება კვლავ თავდაყირა დააყენა. რატომ დროზე არ გავეცალე მაშინ? რატომ გავაჭიანურე წამოსვლა? ეს კითხვა დღემდე მაწვალებდა. ნუთუ ისე მიყვარდა, რომ ვერ ველეოდი? არა, მაშინ უბრალოდ, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და შეშინებული. მიმაჩვია ცხოვრების იმ წესს, რომლითაც თვითონ ცხოვრობდა.
დღემდე მახსოვდა ის შეგრძნებები, მისგან წამოსვლის შემდეგ რომ დამეუფლა. ვიგრძენი, რომ თავისუფალი ვიყავი და შემეძლო მეკეთებინა ის, რაც მინდოდა. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურადაც და ემოციურადაც გამოვიფიტე, აშკარად შევმსუბუქდი, თითქოს მხრებიდან უზარმაზარი ტვირთი მომეხსნა და ნებისმიერ დროს შემეძლო ჩიტივით ცაში ავფრენილიყავი. თუმცა, ეს შეგრძნება ხანმოკლე აღმოჩნდა. მერე ძალიან დიდხანს ცუდად ვიყავი. გოლას ყოველი გახსენება ტკივილს ტკივილზე მიმატებდა. დრომ ვერ შეძლო იმ ძალადობის კვალის წაშლა, რომელიც გოლამ ჩემს სულს დაამჩნია. თვალწინ გამუდმებით მისი გამხეცებული სახე და საქციელი მედგა.
ამოვიკვნესე. არა უშავს, ჩემზე უარესი ამბებიც გადახდენიათ სხვებს. შეიძლებოდა, ავარიაში მოვყოლილიყავი, ინვალიდი გავმხდარიყავი, ან ქუჩაში ამომეყო თავი და სულაც მეძავობისთვის გავეწირე ღმერთს. მადლობის მეტი რა მეთქმის? მადლობა უფალს, რომ მაქვს სახლი, კარგი სამსახური და მყავს არაჩვეულებრივი მეგობრები. ეს ნორმალური ცხოვრებაა. უფრო სწორად, იყო ნორმალური, სანამ კოკი გამოჩნდებოდა. ახლა კიდევ უარესად არანორმალური გახდა, რადგან გოლაც გამომეცხადა. ბედის ირონიაც ამას ჰქვია.
კოკის ზარმა წონასწორობა დამაკარგვინა, ააღელვა ჩემი გრძნობები და დამძაბა. ეგ არაფერი, როგორმე მოვერევი ჩემს თავს, მღელვარებასაც და დაძაბულობასაც. აჯობებს, კოკის ახლოს არ გავეკარო. თუ ამას მოვახერხებ, ჩემი სხეულიც დამშვიდდება. ხოლო როცა ის ჩემი ცხოვრებიდან გაქრება, ყველაფერი ძველებურად იქნება. ასე აჯობებს ჩემთვისაც და მისთვისაც, მით უფრო, როცა გოლამ ისევ მიპოვა. ის ისეთი ნაძირალაა, ორივეს გაგვიმწარებს სიცოცხლეს. სულაც არ მინდა, კოკი შარში გავხვიო. მე თვითონ უნდა გავუმკლავდე ჩემს წარსულს, რომ ერთხელ და სამუდამოდ გავწყვიტო მასთან დამაკავშირებელი უკანასკნელი რგოლი. რაც შეეხება კოკის, ისე ძალიანაც არ ვუყვარვარ, რომ ვენები გადაიხსნას. ნელ-ნელა გადამივიწყებს და სხვას იპოვის, არ გაუჭირდება.
იმის გაფიქრებამაც კი, რომ შეიძლებოდა ლაცაბიძე წასულიყო ჩემი ცხოვრებიდან, გული შემიწუხა…
ჩემდა გასაკვირად, საოცრად მზიანი დილა გათენდა. მეგონა, წვიმა აღარ გადაიღებდა. მე და ვანდი სიხარულით არ ვიყავით. როგორც კი თავი მოვიწესრიგეთ, საბანაო კოსტიუმები ჩავიცვით, პირსახოცი მხრებზე გადავიკიდეთ და პლაჟისკენ გავქანდით. გზად ფენოვანი ხაჭაპური და წყალი ვიყიდეთ, რომ შიმშილით სული არ გაგვძრობოდა.
დილით ცოტათი მომეხსნა დაძაბულობა. როგორც ჩანს, ღამის ფიქრებში საკმარისად ვანუგეშე თუ გავამხნევე ჩემი თავი. აღარ ვდარდობდი, კოკი რომ არ დამემშვიდობა. ის კი არა, მადლობელიც დავრჩებოდი, თუკი საერთოდ არ შემაწუხებდა და არ დამირეკავდა.
ქვიშა ჯერაც სველი იყო, წყალი კი ცივი. დიდხანს ვერ გავჩერდით, დაწოლა ვერ მოვახერხეთ. სანაპიროზე ვისაუზმეთ და ცოტა ხნის შემდეგ კოტეჯში ავბრუნდით.
_ ქვიშა მალე გაშრება, ოთხისთვის ისევ გავიდეთ, კარგი? _ ვანდიმ საცურაო კოსტიუმი გაიძრო და აბრეშუმის ხალათი მოიცვა.
_ ჰო, ეგრე ვქნათ, _ უხალისოდ მივუგე და წამოვწექი, ხელები თავქვეშ ამოვიდე და თეთრად შეღებილ ჭერს უაზროდ მივაჩერდი.
_ კიდევ არ გადაგიარა სიბრაზემ? _ ვანდი გვერდით მომიწვა.
_ გადამიარა.
_ აბა რატომ ხარ ასეთ მჟავე ხასიათზე?
_ რა ვიცი… _ მხრები ავიჩეჩე, ჭერისთვის მზერა არ მომიშორებია.
_ მაგ კაცის ხელიდან გაშვება არ შეიძლება, გესმის? _ მმოძღვრავდა მეგობარი.
_ თორემ ეგეც კაბის კალთებს მახევს, აი! _ გაღიზიანებული ტონით მივუგე.
_ ნუ იცი შენ ასეთი ლაპარაკი. რა შუაშია ეგ? კაცმა მოგიკითხა, დაგპატიჟა, ყურადღება გამოიჩინა, შენ კიდევ…
_ რა მე კიდევ? _ ალმაცერად გავხედე.
_ რა და ძალად ქმნი პრობლემას.
_ მე ვქნი პრობლემას? არ გესმოდა, ბოლოს როგორ მელაპარაკა?
_ როგორ გელაპარაკა, ადამიანო, როგორ? ძალიან ჩვეულებრივად. მეტი რა უნდა ექნა? ხომ არ გამოძვრებოდა ტელეფონში?
_ ოჰ, ვანდი, კარგი რა, _ დაქალს უკმაყოფილოდ შევაქციე ზურგი და თვალები დავხუჭე, მასთან კამათი არ მინდოდა.
_ ხანდახან შინაბერასავით იქცევი, ვერ ვხვდები, რა გინდა.
_ საერთოდ გაქრეს ჩემი ცხოვრებიდან, მარტო ეს მინდა! _ არ ვიცი, რამ წამომიარა, მოულოდნელად ვიყვირე და წამოვხტი.
ვანდი სახტად დარჩა.
_ რა მოგდის, ბაბი? ასეთი რა გითხარი?
_ შენ არაფერი. მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს. აღარ მინდა მისი ხსენება, გასაგებია? ძალიან გთხოვ, არაფერი მითხრა. არ მინდა, რომ მის გამო ვიჩხუბოთ.
_ რა არის აქ საჩხუბარი? რაც ის გოლა გამოჩნდა, ვერ გცნობ. დავიჯერო, ისევ მისკენ გაგიწია გულმა?
_ არა, არა და არა! გოლა არაფერ შუაშია. უბრალოდ… უბრალოდ… აღარ ვიცი, რა მინდა. სიმშვიდე დამერღვა და ეს მაფორიაქებს. რა კარგად ვიყავი, სანამ…
_ კარგი, დაწყნარდი, აჯობებს, დავისვენოთ, საღამოს კი, ზღვიდან რომ დავბრუნდებით, სადმე გავისეირნოთ.
ვანდი ჩემი საწოლიდან ადგომას არ აპირებდა. ხომ არ ვეტყოდი, ადექი-მეთქი, ეწყინებოდა, ამიტომ მის საწოლს მივაშურე და გავიშხლართე. როგორც ჩანს, ემოციურად ძალიან გადავიღალე, რადგან რამდენიმე წუთიც და მკვდარივით ჩამეძინა…
მზე მწარედ იკბინებოდა, პლაჟზე რომ გავედით. წყალში ჩასვლა არ მინდოდა, ამიტომ პირსახოცი გავშალე და გულაღმა დავწექი. მზის მწველი სხივები მესიამოვნა. ვგრძნობდი, როგორ მიხურებდა კანს. ვანდის ხელები მუხლებზე შემოეწყო და ზღვას გაჰყურებდა.
_ სიამოვნებით დავლევდი ახლა რამეს, _ თითქოს თავის თავს დაელაპარაკა.
_ მეც. _ ვუთხარი და ღიმილით გავხედე.
თვალები აუციმციმდა.
_ გინდა, დავთვრეთ საღამოს?
_ არა, რა უნდა დავთვრეთ, ხვალ მერე თავს ვერ ავწევ, მთელი დღე ღებინება მექნება, ხომ იცი.
_ ღვინო დავლიოთ და არ გვაწყენს.
_ ღვინოს არ ვსვამ.
_ მაშინ კონიაკი, მაგრამ ცოტა, _ ეშმაკური ღიმილით მომჩერებოდა.
ამ დროს ჩემი მობილურის ზარი გაისმა.
შევკრთი. რა თქმა უნდა, ან კოკი დამირეკავდა, ან გოლა. ამწუთას ორივეს ზარი ერთნაირად უსიამოვნო იყო ჩემთვის.
ჩანთიდა ტელეფონი ამოვიღე და ეკრანს დავხედე. კოკი იყო. შვებით ამოვისუნთქე. გოლას ზარს უფრო ვუფრთხოდი.
_ გისმენთ! _ პირველი შემთხვევა იყო, რომ ხმა არ გავინაზე.
_ აბა, სად ხართ? _ კოკი კარგ ხასიათზე ჩანდა.
_ პლაჟზე.
_ ნუ, აბა სად იქნებით, ასეთ სიცხეში.
_ შენ რა იცი? _ გამეცინა.
_ როგორ არ ვიცი, როცა მეც აქ ვარ… სად გიპოვოთ?
გაოცებულს ტელეფონი კინაღამ გამივარდა ხელიდან.
_ აქ ხარ? სად აქ?
_ აი, რა ვიცი, მთავარ ქუჩას მოვუყვები და…
როგორ ახმაურდა ჩემი გული, ისე დავიძაბე, მკლავებზე ერთიანად დამბურძგლა.
_ ბოლომდე ჩამოუყევი ქუჩას და მარჯვნივ ჩამოუხვიე, კოტეჯებისკენ.
_ ოკეი, _ ინგლისური ინტონაციით მომიგო და გამითიშა.
_ ვინაა? არ მითხრა ახლა, რომ ჩამოვიდა.
_ ჰო, აქ არის.
_ ვაუ! აი, კაცი! შენ კიდევ, ესა და ისაო. ხედავ, როგორი ჯენტლმენია?
პასუხი არ გავეცი. ჯერ კიდევ ვცახცახებდი. კოკის საქციელმა ამაფორიაქა.
_ კარგი, რა გჭირს? რატომ ნერვიულობ?
_ კიდევ კარგი, გარუჯული ვარ, თორემ ალბათ ფერი აღარ მედებოდა სახეზე, _ ამოოხვრით ჩავიჩურჩულე.
_ მე ხომ არ წავიდე? მარტონი უფრო თავისუფლად დაილაპარაკებთ.
_ გაგიჟდი? რა სისულელეა! ფეხი არ გაადგა აქედან!
ვანდი გაიყურსა. მერე უცებ წამოდგა და ზღვისკენ გაეშურა.
_ ვანდი!
_ დამცხა, ბანაობა მინდა! _ უკან მოუხედავად წამოიძახა და გზა გააგრძელა.
ისევ გაისმა ზარი.
_ მოხვედი? _ რაც შეიძლებოდა, მშვიდად ვკითხე, მაგრამ გული ამოვარდნაზე მქონდა.
_ მოვედი და ვერ გპოულობ, აბა, ზემოთ ამოიხედე!
კოტეჯებისკენ გავიხედე. ჩამოსასვლელთან იდგა, თეთრი შორტი და ლურჯი მაისური ეცვა, კეპი ეხურა, სათვალე კი ხელში ეჭირა.
წამოვდექი და ხელი დავუქნიე. შემამჩნია. სათვალე გაიკეთა და სწრაფი ნაბიჯებით წამოვიდა…
ღიმილი სახეზე შეაცივდა, როცა მხოლოდ ხელი ჩამოვართვი და მზერა ავარიდე. სანამ მომიახლოვდებოდა, მოვასწარი და პარეო მთელ ტანზე შემოვიხვიე. მკერდი ისე მიღელავდა, არ მინდოდა, შეემჩნია.
_ როგორც ჩანს, დაუპატიჟებელი სტუმრის ამპლუაში აღმოვჩნდი… _ გაბზარული ხმით თქვა.
_ სიმართლე გითხრა, არ გელოდი.
_ სიმართლე გითხრა, არც მე ველოდი.
_ რას?
_ ასეთ დახვედრას. ვიფიქრე, სიურპრიზს მოვუმზადებ-მეთქი.
_ სიურპრიზებით განებივრებული არ ვარ, _ მკვახედ მივუგე.
_ ჰოდა, სწორედ ეგ მინდოდა… გამენებივრებინე.
ტუჩი ავიბზუე, მაგრამ არაფერი არ ვთქვი.
_ შენი დაქალი სადაა? იქნებ…
_ რა იქნებ? _ მსწრაფლ შევხედე.
_ იქნებ მართლა არ ღირდა ჩამოსვლა? იქნებ დაქალთან ერთად არ ხარ და…
_ აი, ის არის, ქერათმიანი, ფირუზისფერი ბიკინით, ხელს რომ გვიქნევს. _ ვანდისკენ გავახედე, _ ასე რომ, ეჭვიანობის სცენები არ გვინდა.
უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. თითქოს უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ ხმა არ ამოუღია. ასეთ დახვედრას არ ელოდა და ნირი წაუხდა.
კარგა ხანს ვისხედით უბრად. უფრო სწორად, მე ვიჯექი, ის კი იდგა და დაბნეული აქეთ-იქით იყურებოდა.
_ დაჯექი, რატომ დგახარ? _ ტონი შევარბილე, მივხვდი, რომ ასე უხეშად არ უნდა მოვქცეოდი.
_ მოდი, ასე მოვიქცეთ, _ ჩაიმუხლა და ირიბად გამომხედა, _ მე წავალ და ერთ საათში დაგირეკავ. თუ ხასიათზე იქნები, სადმე გავიდეთ, გეპატიჟებით… და სამივემ ერთად ვივახშმოთ. რა პასუხსაც მეტყვი, იმის მიხედვით მივხვდები, დავრჩე თუ უკან გავბრუნდე.
გული შემეკუმშა. რა დამიშავა ამ კაცმა, ასე რომ დავხვდი? რამდენი ასი კილომეტრი გამოიარა ჩემს სანახავად და ამას იმსახურებს?
_ სად წახვალ? მაპატიე, ცოტა ვერ ვარ გუნებაზე, შენი წყენინება არ მინდოდა. აი, ვანდი მოვა და ჩვენთან წავიდეთ.
_ ვინ? რა ჰქვია?
_ ვანდი.
_ ვა, რა უცნაური სახელია, _ თითქოს ცოტა გამოცოცხლდა, ტონი რომ შევარბილე, _ ქართველია?
_ რა თქმა უნდა.
_ წასვლას რაც შეეხება, არ დავიკარგები, პირველად არ ვარ აქ. თანაც, ჩემი მეგობრებიც აქეთ არიან, ქობულეთში, იმათთან წავალ, არაა პრობლემა.
_ თუ მათი გულისთვის ჩამოხვედი, მაშინ სხვა ამბავია, _ ვუკბინე.
_ ბაბი, ნუ მელაპარაკები ასე. კარგად იცი, ვისი და რისი გულისთვისაც ჩამოვედი. პატარა ბავშვივით ნუ მექცევი, ცუდი ქმედებისთვის რომ ტუქსავენ.
ისე შემრცხვა, კრინტი ვერ დავძარი. უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ვანდის ხელი დავუქნიე, ამოდი-მეთქი და წამოვდექი.
_ მაპატიე… ცუდი ღამე მქონდა, _ წავილუღლუღე დარცხვენილმა, _ ჩვენთან წავიდეთ და მერე გადავწყვიტოთ, საღამოს სად გავატარებთ, _ დავყარე ფარ-ხმალი და შევეცადე, მისთვის მზერა გამესწორებინა, მაგრამ საბედისწერო შეცდომა დავუშვი, რადგან ჩემს თვალებში მხოლოდ ერთი სიტყვა იკითხებოდა: "დარჩი!"
საყვედურით სავსე მზერით შემომხედა და თავი გააქნია.
_ კარგი, მე ახლა წავალ და რვა საათზე ორივეს გამოგივლით, ვანდისაც ვეპატიჟები, როგორც გითხარი.
თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავი დავუქნიე, ხმის ამოღების შემეშინდა, არ ავტირდე-მეთქი.
ბოლო დროს, რატომღაც, გულჩვილობა დამჩემდა, პატარა რამეზე ცრემლები მერევა. არ ვიცი, იქნებ ასაკის ბრალია?
_ იცოდე, ტყუილად არ მალოდინო, კარგი?
_ ტყუილად რატომ უნდა გალოდინო?
_ იმიტომ, რომ შენსას ვერ გაიგებს კაცი, ხან ასეთ ხასიათზე ხარ, ხან ისეთზე.
_ აჰა… ესე იგი, ჩემი ბრალია, არა? არ გინდა აღიარო, რომ უარს მიჩვეული არ ხარ?
_ რა თქმა უნდა, ასეა. ქალისგან უარს ნამდვილად არ ვარ მიჩვეული, მაგრამ მე შენთვის ცუდი არაფერი მიკადრებია… არასდროს. ამიტომ ნუთუ ერთ შეხვედრას არ ვიმსახურებ?
პასუხი არ გავეცი, მან კი გაიღიმა და ხუმრობით დაამატა:
_ ხომ იცი, ნომერ პირველი სასიკვდილო ნომერი ვარ ქალებისთვის. ამიტომ არ დამაღალატო, უცებ არ გადაიფიქრო და უხერხულად არ მაგრძნობინო თავი.
_ სასიყვარულო ტრიუკების დიდოსტატი უნდა გეთქვა, _ ღიმილი ვერ შევიკავე.
_ შეიძლება ასეც ითქვას, _ ყოველგვარი აღშფოთების გარეშე დამეთანხმა და წავიდა.
რამდენიმე წუთის განმავლობაში ვიდექი და მიმავალს გავყურებდი. უკვე ნათელია, რომ მართლა ჭკუიდან შევიშალე. დღეში ცხრა პარასკევი მაქვს, ხან მინდა მასთან ურთიერთობა, ხანაც გავურბი. ნუთუ ასეა ჩემი გული და გონება მამაკაცს დახარბებული? არც არის გასაკვირი, ცხრა წელიწადია, კაცი არ გამკარებია.
რვას რომ ათი წუთი აკლდა, უკვე მზად ვიყავი. ვანდიმ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, მე რა მინდა თქვენთან ერთად, იმ კაცს შენთან აქვს სალაპარაკო და მურმანის ეკალივით ხომ არ ჩაგეჩხირებითო. ვერაფრით ვერ დავითანხმე.
გარეგნულად ძალიან მშვიდი ვჩანდი, შინაგანად კი შემოდგომის უკანასკნელ ფოთოლს დავემსგავსე, ნიავის წამოქროლაზე რომ თრთის და საცაა, ტოტს მოსწყდება.
ბოლთის ცემა დავიწყე. ვანდიც არ იყო გვერდით, რომ გამოვლაპარაკებოდი. ჩემს ნერვიულობას მხოლოდ გახშირებული სუნთქვა გასცემდა. ჩემმა დაქალმა, სანამ კოკი მოვიდოდა და ვახშამზე დაითანხმებდა, თავის ბიძაშვილს დაურეკა, რომელიც ბათუმში ისვენებდა, შენთან მოვდივარ, ღამისთევით უნდა გესტუმროო. მერე ეშმაკური ღიმილით გამომხედა, ამ ღამეს კოტეჯს შენს გაკარგულებაში ვტოვებ და შენ იცი, როგორ გამოიყენებო, დაიხურა ქუდი და თეძოების რხევით გაიძურწა.
ზურგზე ხელებდაწყობილი დავდიოდი წინ და უკან, წინ და უკან. ყოველ შემობრუნებაზე შემოსასვლელში სარკეში ვიხედებოდი. ვინ იცის, მერამდენედ.
ცხოვრებაში პირველად ავიწიე თმა და კეფაზე გუნდასავით დავიმაგრე. წამწამებზე ტუში წავისვი, ტუჩებზე კი _ წითელი პომადა. თვალები ისეთი დიდრონი გამიხდა, გამიკვირდა, ნუთუ ამხელა თვალები მქონდა და არ ვიცოდი-მეთქი. პომადამ ოდნავ მაცდუნებელი იერი მომცა, თუმცა ძალზე მგრძნობიარედ გამოკვეთა ჩემი ფუმფულა ტუჩები. წითელი კაბა ჩავიცვი, კოქტეილის კაბის სიგრძის, ანუ მუხლამდე, ხოლო მკერდი და ზურგი მოშიშვლებული მქონდა. მიმაჩნდა, რომ ჩემი ასაკისთვის შეუფერებლად ვიყავი ჩაცმული, ზედმეტად თამამად, მაგრამ ვანდიმ ეგრევე ამ კაბას დაადგა თვალი, როგორც კი ტანსაცმლის არჩევას შევუდექი. შავი, ღია მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი კი მოვირგე, მაგრამ გავძლებდი თუ არა ასეთ მაღლებზე მთელი საღამო, ჯერ არ ვიცოდი. მით უფრო, რომ გადავეჩვიე ქუსლებზე სიარულს, თანაც ფეხი ბოლომდე არც მქონდა მორჩენილი. საველე ფორმის შავი ხელჩანთა, ვინ იცის, მერამდენედ გადავიკიდე მხარზე ხან ასე, ხან ისე, თან სარკეს თვალს არ ვაშორებდი.
როცა ჩემს ანარეკლს ვუყურებდი, საბედისწერო მაცდური ქალის შთაბეჭდილება მრჩებოდა. მინდოდა კი ასეთი გამოვჩენილიყავი? რაც მეცვა, მამიდაჩემის გემოვნებით იყო შერჩეული. ჩემი დაბადების დღე რომ მოახლოვდა, ბუტიკები მომარბებინა და თვითონ რაც მოეწონა, ის შემირჩია, თან რჩევას მაძლევდა: ქალს ერთი ხელი სამოსი მაინც უნდა ჰქონდეს ისეთი, მამაკაცს განსხვავებულ ამპლუაში გამოეცხადოს და თვალები დაუყენოსო. მე თვითონ ცხოვრებაში არასდროს ვიყიდდი ასეთ სამოსს. გამომწვევი არასდროს ვყოფილვარ არც ჩაცმით, არც საქციელით. არ ვიცი, რატომ წამოვიღე ეს კაბა ურეკში, მაგრამ ალბათ ასეთი იყო ჩემი ბედისწერა. როგორც ჩანს, გული რაღაცას მიგრძნობდა.
თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ის "რაღაცა" კოკისთან სულაც არ იყო დაკავშირებული. ვიცოდი, კოკი საქართველოში რომ არ იმყოფებოდა. მე უფრო გოლას მოლოდინი მქონდა. დარწმუნებული ვიყავი, ჩემს ადგილსამყოფელს გაიგებდა და ზღვაზე დამადგებოდა. ჰოდა, "უწყინარი შურისძიების" მოსაწყობად სწორედ ასეთი ფორმით ვაპირებდი მასთან შეხვედრას. სიტუაცია კი სრულიად საპირისპიროდ შეტრიალდა და გოლას ნაცვლად ბედმა კოკის თავი გამომიგზავნა.
ვითომ კარგია, ასე რომ მაცვია? ვაითუ არ მოეწონოს ჩემი ჩაცმულობა? ხომ შეიძლება იფიქროს, რა ვულგარულად გამოიყურებაო. ცოტათი შემეშინდა, მაგრამ გამოცვლის დრო აღარ იყო, კოკი საცაა, გამოჩნდებოდა.
სწორედ ამ დროს მობილურმაც დარეკა. ცხრამდე დავითვალე და მხოლოდ შემდეგ ვუპასუხე ზარს, რომელსაც შუადღიდან ველოდი.
_ ბატონო!
_ მე ვარ.
გულმა მოღალატურად გამოტოვა დარტყმა და სადღაც ბნელ კუთხეში მიყუჩდა. ერთიანად აფორიაქებული კარისკენ გავემართე, თან უაზროდ ვითვლიდი ნაბიჯებს. თურმე ცხრა ნაბიჯი ყოფილა ჰოლამდე, ჰოლიდან კარამდე კი ექვსი.
_ აი, ეს მესმიიის! _ კოკიმ ხელები ფართოდ გაშალა და ხარბი მზერით შემათვალიერა.
ასეთი აღტაცებული პირველად ვნახე. როცა ჩემს ექსპონატივით დათვალიერებას მორჩა, გაშლილი ხელები წინ გამოსწია, მხრებში ჩამავლო, ძლიერად მიმიზიდა და ისე მაკოცა, თითქოს ამის სრული უფლება დიდი ხნის მოპოვებული ჰქონდა.
მისმა კოცნამ უწვრილეს ნაწილაკებად დამშალა.
_ შენ ჩემი ყველაზე თამამი ფანტაზიების გაცოცხლებული ნატურა ხარ, _ ყურში მიჩურჩულა და ნათქვამს ყურის ბიბილოზე კოცნა მიამატა.
_ ერთბაშად ყველასი? _ ღიმილით ვცადე აღელვების დაფარვა, _ ქერთმიანების, შავგვრემნების და ჟღალთმიანებისაც?
მან ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და ხელი მაღლა აწეულ თმას შეახო.
_ ახლა ჩემს ოცნებებში მხოლოდ ჟღალთმიანი მზეთუნახავები ფიგურირებენ, ულამაზესი თვალებით, პაწუკა ცხვირით და ტკბილი ტუჩებით, რომლის კოცნაც არასდროს მომბეზრდება.
კვლავ შეეცადა ჩემს მკლავებში მომწყვდევას, მაგრამ სიცილით გავერიდე.
_ არ მინდა გული გატკინო, მაგრამ ტუჩები პომადით გაქვს მოთხვრილი. თუ არ გინდა, უცნაურად გამოჩნდე საზოგადოებაში, გირჩევ, მოიშორო, თანაც ახლავე.
_ ყველაფერს თავისი დრო აქვს… _ კოკიმ კარი ფეხით მიკეტა.
ამჯერად კოცნა დიდხანს გაგრძელდა. მისი ხელები მჭიდროდ მიხუტებდა მკერდზე, ტუჩებით კი სასწაულებს აკეთებდა. ჩემი თავი იმაში დავიჭირე, რომ საპასუხო კოცნით ვპასუხობდი, გაჩერება არ შემეძლო, ვდნებოდი მის მკლავებში.
_ ვანდი სად არის?
_ უარი თქვა წამოსვლაზე, ეუხერხულა. ბათუმში გაქანდა თავის ნათესავთან, ამაღამ იქ დავრჩებიო. _ ვუთხარი და ჭარხალივით გავწითლდი.
_ აი, რას ნიშნავს ჭკვიანი ქალი, _ კმაყოფილებით შენიშნა კოკიმ და ეშმაკურად ჩაიღიმა.
_ ისევ უნდა გადავისვა პომადა, _ ჩურჩულით ვუთხარი, როცა კოცნაობას მოვრჩით. ღაწვები მიხურდა, თავბრუ ისე მეხვეოდა, გარშემო ყველაფერი ყირავდებოდა.
_ კი ბატონო, მანამ მე ამ წითელ რაღაცას მოვიშორებ, _ სიცილით დამეთანხმა კოკი და პიჯაკის გვერდითა ჯიბიდან თოვლივით თეთრი ცხვირსახოცი ამოიღო.
არ დავანებე, მაგას ნუ გასვრი-მეთქი და სააბაზანოში შევიყვანე, რომ ტუჩები საპნით მოებანა.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>