ხომ ნათქვამია, სიტყვებს ადამიანის მოკვლა შეუძლიაო. მე ვიტყოდი, არათუ სიტყვებს, დუმილსაც შეუძლია ხანდახან ადამიანის მოკვლა. დარჩენილი დღეები ისე მიილია ურეკში, რომ მე და კოკი ერთმანეთს არ შევხვედრივართ. მეორე დღეს დამირეკა, სასწრაფოდ უნდა გავემგზავრო თბილისშიო, ბოდიში მომიხადა და გაუჩინარდა. მას შემდეგ სამი კვირა ისე გავიდა, არც გამოჩენილა და არც დაურეკავს. მე ჩემი დამემართა. ისე დავბრუნდი თბილისში და გავედი სამსახურში, რომ დანა პირს არ მიხსნიდა. აღარაფერი მახარებდა ქვეყანაზე, ყველაფრის მიმართ გულგრილი გავხდი, სრული აპათია დამეუფლა.
ვანდი, რომელიც ჯერ ისევ ჩემთან ცხოვრობდა, გიჟს ჰგავდა, ვერაფრით აეხსნა ჩემი ასეთი ცვლილება. გამუდმებით ჩამჩიჩინებდა, არც ერთი მამაკაცი არ ღირს იმად, რომ ასე განიცადოო.
არც მე მინდოდა, მენერვიულა, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებდი, ყველაფერი თავისთავად ხდებოდა. საგრძნობლად დავიკელი წონაში, რადგან ასე მჩვეოდა - თუ რამეზე ვნერვიულობდი, ჭამის მადა მეკარგებოდა.
არ ველოდი, თუ კოკი ასე მომექცეოდა. ვერ ვხვდებოდი, რა მოხდა, რატომ გაირბინა ჩვენ შორის შავმა კატამ. არც ვაპირებდი არაფრის გარკვევას, ერთხელაც არ მიცდია, დამერეკა და თავი შემეხსენებინა. მიუხედავად ამისა, მაინც ველოდი, თუმცა, არ ვიცოდი, რას. დრო გადიოდა, მაგრამ მოუთმენლობანარევი მოლოდინი ოდნავადაც არ ნელდებოდა.
პარასკევი იყო, მუშაობა დავამთავრე და შენობიდან გამოვედი. ვანდის ჯერ კიდევ კლიენტი ჰყავდა, ამიტომ გადავწყვიტე, მანქანაში დავლოდებოდი. ის იყო, დისტანციურით მანქანის კარები ავაჭყვიტინე და ჩაჯდომას ვაპირებდი, რომ მოულოდნელად ჩემი სახელი შემომესმა.
ირგვლივ მიმოვიხედე და ელდა მეცა. ჩემგან ექვსიოდე მეტრში ჯიბეებში ხელებჩაწყობილი გოლა იდგა და თავისი წვრილი თვალებით, როგორც სჩვეოდა, დამცინავად შემომცქეროდა. ეს მისი ბუნებრივი გამოხედვა იყო, როცა იღიმოდა, სახეზე ყოველთვის დამცინავი იერი გადაეკვრებოდა.
მის დანახვაზე ლამის გული წამივიდა. მეგონა, უკვე დამანება თავი და თავის გზას გაუდგა, ის კი სრულიად მოულოდნელად გამომეცხადა. უსიამოვნოდ შემაჟრჟოლა. ამას თან დაერთო ისიც, რომ სექტემბრის მიწურული იდგა და ჰაერში სუსხი იგრძნობოდა. დილიდან ცოტა წამოჟინჟლა, მერე გამოიდარა, მაგრამ ცოტა ხნის წინ კვლავ მოიქუფრა ცა და აშკარად ჩანდა, წვიმა კარგა გემრიელად დასცხებდა.
დაველოდე, სანამ მომიახლოვდებოდა. ხელების ჯიბიდან ამოღება არც უცდია, შორიახლოს დადგა და დაჟინებით დამიწყო ყურება.
- გამარჯობა, ბაბი!
- გაგიმარჯოს, - ჩამწყდარი ხმით მივუგე და გასაღებების აცმა ხელში მოვინაცვლე. არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა, რომ მას ჩემი აღელვება არ შეემჩნია.
- როგორ ხარ?
- დიდი მადლობა, კარგად.
- ვატყობ, უმადობას უჩივი… გამხდარხარ, - ირონიულად შენიშნა და ნელი ნაბიჯით დაიძრა ჩემკენ.
- დიეტაზე ვარ, - მოვატყუე.
- რატომ, ზღვაზე გასუქდი? - ბოროტად ჩაიცინა და მიმახვედრა, რომ ჩემზე ყველაფერი იცოდა.
- კი, ცოტა მოვიმატე, - მშვიდად ვპასუხობდი, მის აგდებულ ტონს არაფრად ვაგდებდი, თითქოს მისი ცინიზმი მე სულაც არ მეხებოდა.
- წამოდი, ცოტა გავიაროთ, საქმე მაქვს… - უეცრად ღიმილი მოისხიპა და ტონიც შეიცვალა.
- სად?
- აქვე, ქუჩის ბოლოში გავიდეთ და გამოვიდეთ. ჩემი გეგმები უნდა გაგაცნო.
მივიხედ-მოვიხედე. ირგვლივ თითქოს საეჭვო არაფერი ჩანდა, ერთი შავი მანქანის გარდა, დაბურულმინებიანი ჯიპისა, რომელიც მოშორებით იდგა. იგი ჩემი სამსახურის თანამშრომლებს არ ეკუთვნოდა. გუმანმა მიგრძნო, რომ ჯიპი მას ელოდებოდა. რას აპირებს? ჩემი გატაცება ხომ არ განიზრახა? გამიელვა გონებაში, მაგრამ შიში უსაფუძვლოდ მივიჩნიე. ვინღა იტაცებს ახლა ქალებს, რომელი საუკუნეა? ვიფიქრე, ვანდის დავურეკავ და გავაფრთხილებ, რომ აქვე ვარ და მალე მოვბრუნდები-მეთქი, მაგრამ გადავიფიქრე. რომ გამოვიდოდა და ვერ დამინახავდა, თვითონ დამირეკავდა. ეს უფრო მაწყობდა, საბაბი მექნებოდა, ეგრევე უკან მოვბრუნებულიყავი.
ამასობაში ქარმა წამოუბერა და ღრუბლების გადარეკვა დაიწყო. ქუჩის ერთ მხარეს მზემ გამოანათა, მეორე მხარეს კვლავ ჩრდილი ჩამოწოლილიყო. სწორედ ჩრდილის მხარეს დავუყევით ქუჩას. აქ სიგრილე უფრო მეტად იგრძნობოდა.
- ხომ არ გინდა, იქით გადავიდეთ? მზიანი მხარეა, - თითქოს მიმიხვდა გულისნადებს.
- არა უშავს, იყოს, - შეცვლილი ხმით ვუპასუხე. არ მომეწონა ჩემი ხმა, უღონოდ ვლაპარაკობდი. ხომ არ შემეშინდა?
- ვიცი, რომ მზე გიყვარს.
არ ვუპასუხე.
- ყველაზე მეტად, თავის დროზე ჩემზე მეტადაც კი გიყვარდა, - გაიხუმრა.
- ახლაც, - სხარტად მივუგე და ცივად შევხედე.
- ვიცი, ვიცი… - ხვნეშით ამოთქვა და მხარზე ხელის მოხვევა დამიპირა, მაგრამ უხეშად მოვიცილე.
- მითხარი, რისთვის მოხვედი, - ხმა გავიმკაცრე.
- მოსკოვში მივდივარ.
- როდის? - ჩემდა უნებურად წამომცდა, არადა, სულაც არ მაინტერესებდა, სად წავიდოდა და როდის.
- ახლა… შენ სანახავად გამოვიარე.
ამისთვის რა, მადლობა უნდა მეთქვა? ხმა არ ამოვიღე, ტაატით მივუყვებოდი ქუჩას და მხარზე გადაკიდებულ ხელჩანთას მთელი ძალით ვიხუტებდი გულში, თითქოს მასში ვხედავდი ხსნას.
- წინადადება მაქვს შენთან, - წამოიწყო მოულოდნელად და შედგა.
- წინადადება? - მექანიკურად გავიმეორე და მეც გავჩერდი.
ერთმანეთის პირისპირ ვიდექით და უხმოდ შევყურებდით ერთმანეთს თვალებში.
- ჰო. მინდა, ჩემთან ერთად წამოხვიდე, თუ ამის სურვილი გაქვს.
გაოცებისგან წარბები ავქაჩე. ასეთ რამეს არ მოველოდი. საიდან დაასკვნა, რომ მასთან ერთად გამგზავრება მომინდებოდა?
- არა, არ მაქვს, - ლაკონიურად მივუგე და თვალი თვალში გავუყარე. თითქოს მზერით ვბურღავდი მის აუტანელ სახეს, რომელიც უკვე მეზიზღებოდა.
- კარგად დაფიქრდი, - ამ სიტყვებით თავი დახარა, ტუჩები ყურთან ახლს მომიტანა და ხმადაბლა გააგრძელა, - დედოფალივით გაცხოვრებ, არაფერს დაგაკლებ და ყველა უსიამოვნება უკან დარჩება, რაც შენთვის მომიყენებია.
- უკან დარჩება? - ერთი ნაბიჯით განზე გავიწიე და გამომწვევად მივაჩერდი, - რა დარჩება უკან, რაც უკვე მოგიყენებია? ძალიან ცდები, თუ ასე ფიქრობ. მე ასეთი რამეები არ მავიწყდება. ერთხელ დავუშვი შეცდომა და მის გამეორებას არ ვაპირებ. წადი, სადაც მიდიხარ, ღმერთმა ხელი მოგიმართოს! - ოდნავ ხმააწეულმა მივახალე და წასასვლელად გავიწიე, მაგრამ მკლავში ხელი ჩამავლო და გამაჩერა.
- ასე ადვილად ვერ დაგთმობ, გესმის? ისევ ისე მიყვარხარ და მინდა, ჩემი იყო.
- სულაც არ მინდა შენი ვიყო! - ისევ გამომწვევად გავუსწორე მზერა, წეღანდელი შიში სადღაც გაქრა.
- მე კი ის არ მინდა, რომ ჩემი საუკეთესო პროვინციები მტერმა ხელიდან გამომაცალოს, -კბილებში გამოსცრა და თავიდან ფეხებამდე ისე შემათვალიერა, თითქოს კიდევ ერთხელ სურდა, გულდასმით შეემოწმებინა თავისი "პროვინციები".
- ნუთუ სინდისი სულ არ გაწუხებს, ა? რაც შენ გამიკეთე, იმის მერე როგორ მთხოვ რამეს? -ძალა მომეცა და შევუტიე.
- ჩემი სინდისი ძალიან პატარაა იმისთვის, რომ ძლიერი ქენჯნა ვიგრძნო, - სიცილით მიპასუხა, - თანაც, არ მინდა ის ზღაპარი დამთავრდეს, რომელიც შენთან ერთად დაიწყო.
ახლა მე გავიცინე.
- საქმე ისაა, რომ ადამიანები თვითონ ვპარავთ ერთმანეთს ზღაპრებს. ჩვენი ზღაპარი შენ მოიპარე და გადააკეთე. ახლა იმდენად დაგვიანებულია, რომ მისი გადასწორება შეუძლებელია. მშვიდობით, შეეცადე, აღარასდროს შემახსენო თავი! - ზიზღნარევი ტონით წარმოვთქვი და გახევებული ადგილზე დავტოვე.
ჩქარი ნაბიჯებით მივუყვებოდი ტროტუარს, უკან ერთხელაც არ მიმიხედავს. შევამჩნიე, როგორ დაიძრა ჯიპი, ნელი სვლით მომიახლოვდა, გამისწორდა და გამშორდა. არც მანქანისკენ გამიხედავს, არ ვუყურებდი, ისე ვადევნებდი თვალს მისი მოძრაობის ტრაექტორიას.
ამ დროს ვანდიმაც დამირეკა. ვუპასუხე, აგერ ვარ-მეთქი და გამოვჩნდი კიდევაც.
საჭეს კი მივუჯექი, მაგრამ ვიგრძენი, როგორ მიკანკალებდა ხელები. მანქანის დაქოქვა არ ვიჩქარე. საზურგეს თავი მივადე და ვანდის მოვუყევი, რაც მოხდა.
როცა მოყოლა დავამთავრე, ორივემ ერთდროულად ამოვისუნთქეთ… შვებით.
- კიდევ კარგი, არ დაგაძალა, - შიშნარევი ხმით შენიშნა ჩემმა მეგობარმა.
- დამაძალა რა, ბნელა? - აღვშფოთდი.
- მისნაირი ადამიანისგან ყველაფერია მოსალოდნელი. მანქანაში რომ ჩაეგდე, სად მიდიოდი?
- კარგი რა… ძველი დრო ხომ არაა.
- რა იცი… - შეფიქრიანებული ხმით მომიგო ვანდიმ და მზის სათვალე გაიკეთა.
მანქანა ნელა დავძარი, მინები ავწიე და გზას გავუდექით…
ციოდა…
მთელი საღამო გადაუღებლად წვიმდა. წვიმდა და გრგვინავდა, ჭაქა-ქუხილი არ ცხრებოდა.
- მეორედ მოსვლაა? - გაოცებული ვიყავი.
- ბუნება ასე ემშვიდობება შენს პირველ სიყვარულს, - გამეხუმრა ვანდი, რომელიც სარკესთან იჯდა და ახალდაბანილ თმას ფენით იშრობდა.
- სიყვარულს არა, კვახი! - გაღიზიანებულმა წამოვიძახე და პულტი მოვიმარჯვე, რომ ტელევიზორისთვის ხმა ამეწია, საინფორმაციო გამოშვება იწყებოდა.
ამ ამბიდან ორ დღეში გედიმ დამირეკა და მთხოვა, მასთან მივსულიყავი, საშური საქმე მაქვსო. მაშინვე გავქანდი, ვიფიქრე, კოკის რაღაც შეემთხვა და ტელეფონით არ მეუბნება-მეთქი. მაგრამ მისვლისთანავე ჩვენი საუბარი სულ სხვა მიმართულებით წარიმართა. გედი თავისი ფირმის ადვოკატობას მთავაზობდა, რაშიც სოლიდურ თანხას მპირდებოდა. წინადადება მაცდუნებელი იყო, არც უარის თქმა გამოდიოდა, ამიტომ უყოყმანოდ დავთანხმდი და პირობებზეც იქვე შევთანხმდით. ჩემთვის მისი შემოთავაზება სულაც არ ყოფილა მოულოდნელი, ამაზე ადრე კოკიც მელაპარაკა. მიხაროდა კიდევაც, რომ ასე შემოტრიალდა საქმე. ეს იმას ნიშნავდა, რომ კოკის ნახვა რეგულარულად მომიწევდა.
- ამასობაში კოკიც გამოკეთდება და ერთად შევუდგეთ საქმეს, - თქვა გედიმ უეცრად, როცა ფეხზე წამოვდექი და წასვლა დავაპირე.
თითქოს ტყვია დამახალესო, ისე ამეწვა მკერდის მარცხენა მხარე.
- გამოკეთდება? რა დაემართა?
- არ იცოდით? უცნაურია… ფილტვების ანთება დაემართა, თანაც მწვავე, ორი კვირაა, საავადმყოფოში წევს.
- რას ამბობთ, არ ვიცოდი. სიმართლე გითხრათ, კარგა ხანია, ერთმანეთს არ შევხმიანებივართ.
- ოოო, ჩემო გოგონი, ვერ მოგსვლიათ კარგი საქმე. ასეთი კაცის იგნორირება არ გიხდებათ, -თავი გვერდზე გადასწია გედიმ და დამრიგებლური ტონით შენიშვნა მომცა.
- მე… მე… იცით… - ენა დამება, თვალებზე ცრემლი მომადგა და ხმა ვეღარ ამოვიღე.
- ვიცი, ვიცი… - მამაკაცი წამოდგა, მომიახლოვდა და მხარზე მომხვია ხელი, - მეც ვიყავი თქვენი ტოლი, ციდან კი არ ჩამოვფრენილვარ. არ უნდოდა, თქვენ გაგეგოთ ეს ამბავი, ამიტომაც არ გირეკავდათ. ხვალ გამოწერენ, შეგიძლიათ ინახულოთ.
- მაგრამ მისი მისამართი არ ვიცი.
- რა პრობლემაა? ჩემი უჯრა სავსეა მისი სავიზიტო ბარათებით, - მხიარულად წამოიძახა გედიმ, საწერი მაგიდის უჯრა გამოაღო, შავი ფერის სავიზიტო ბარათი ამოიღო და ორი თითით მომაწოდა, - ოღონდ ხმა-კრინტი! ვითომ ჩვენ ამ თემაზე არ გვისაუბრია, - ღიმილით დაამატა.
- რასაკვირველია, - თავი დავუქნიე, - დიდი მადლობა გულისხმიერებისთვის, - ხელი ჩამოვართვი ჩემს დამქირავებელს და კაბინეტიდან გამოვედი.
გედიმ არ მითხრა, კოკი რომელ საავადმყოფოში იწვა. ესე იგი, შეგნებულად არ შემატყობინა თავისი ავადმყოფობის ამბავი. ნეტავ რატომ? სხვა ხომ არ უვლის ვინმე? იქნებ… იქნებ… ეჭვები გამიმძაფრდა.
შინ დაბრუნებულმა ვანდის ვაცნობე ახალი ამბავი. ისიც შეწუხდა.
- რაში დასჭირდა ამის დამალვა? ბოლოს და ბოლოს, ადამიანურად დაუდგებოდი გვერდით, მოუვლიდი… ხედავ, როგორი ამაყი ყოფილა?
- არა მგონია, სიამაყის გამო გაეკეთებინა, აქ რაღაც სხვა ამბავია, - შეფიქრიანებულმა ჩავილაპარაკე.
- შენ კიდევ მორჩი ეჭვიანობას, რა! - შესძახა ვანდიმ, - სულ რაღაცები ნუ გელანდება! რა სხვა ამბავი უნდა იყოს? ცოლიანი ნამდვილად არ არის, ეგ ზუსტად ვიცი.
- მაგრამ ხომ შეიძლება, საყვარელი ჰყავდეს?
- კარგი რა, ეგრე რომ იყოს, პრესაში კარგა ხნის გამოჭიმული იქნებოდა. არაა ეგ კაცი მაგ კატეგორიის, დამიჯერე.
პასუხი არ გამიცია. გადავწყვიტე, ერთი დღე როგორმე მომეთმინა და მერე სახლში მომენახულებინა.
ასეც მოვიქეცი.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>