მეორე დღეს, საღამო ხანს, გამოვიპრანჭე და კოკის ბინისკენ გავემართე…
კარი მწვანეწინსაფრიანმა შუახნის ჭაღარა ქალმა გამიღო, აშკარად მოსამსახურემ.
- კოკის ნახვა მინდოდა, - მორიდებით მივმართე ქალს.
- მობრძანდით, - შემიპატიჟა ქალმა და ჰოლში შევედი თუ არა, წინ გამიძღვა.
- ახლახან გაიღვიძა, ეძინა, - ჩურჩულით მითხრა და საძინებლის კარი შემიღო.
კარის გაღების ხმაზე კოკიმ თავი მოაბრუნა. წელზევით შიშველს პირველად ვხედავდი. ისეთი დაკუნთული მკლავები ჰქონდა, ჟრუანტელმა დამიარა. წარმოვიდგინე, რამხელა სიამოვნება იქნებოდა ამ მკლავებში მოქცევა.
მამაკაცს გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა. საწოლში წამოიწია, ბალიში აიმაღლა და მიეყრდნო.
- შე-ენ? აქ საიდან? - ამ სიტყვებით თმაზე გადაისვა ხელი, თითებით მის დავარცხნას შეეცადა.
გამეღიმა, სურდა, სიმპათიური გამოჩენილიყო ჩემს თვალში. ჩემთვის კი სულერთი იყო, ახლა როგორ გამოიყურებოდა. ასეთიც მომწონდა და ისეთიც, როგორიც მენახა.
- როგორ ხარ? - მზრუნველად მოვიკითხე და საწოლზე ჩამოვუჯექი. მინდოდა მეკოცნა, მაგრამ შემრცხვა, ვერ გავბედე.
- ახლა არა მიშავს, კარგად. შენ საიდან გაიგე?
- ჩიტმა მომიტანა ამბავი, - ეშმაკურად გავუღიმე.
- ჩამშვები ჩიტი, მაგას ვუჩვენებ სეირს, - გაიხუმრა და ხელზე ხელი მომიჭირა, - არ იცი, როგორ გამახარე, მაგრამ არ მინდოდა, ასეთი გენახე.
- როგორი? - თვალები მოვჭუტე და მრავალმნიშვნელოვანი მზერა შევავლე.
ისეთი გამხდარი იყო, თავისი ლამაზი თვალები უფრო დიდრონი გახდომოდა.
- უმწეო, უსუსური და დაჯღანული. არ მიყვარს, როცა ასეთ მდგომარეობაში მხედავენ.
- ამიტომ არ შემატყობინე, არა?
- ჰო, - დამნაშავესავით გამიღიმა.
- მოსაკლავი ხარ! მომვლელი ხომ გჭირდებოდა? მეტი რა საქმე მქონდა?
- მომვლელი იმდენი მყავდა, არ გამახსენო, შენ კი საქმის მეტი რა გაქვს, ნუ მატყუებ.
- ვინ გივლიდა? - შემპარავად შევეკითხე.
- დეიდაჩემი, მამიდაჩემი, ბიცოლაჩემი… რა ვიცი, ვინ არა, ყველა ძიძად გამიხდა, -გულიანად გაიცინა და ჩემი ხელი გულზე ისე მიიკრა, თითქოს ძვირფასი რელიკვია ყოფილიყო.
სიყვარულით სავსე თვალები მივანათე. მიხაროდა, რომ მომვლელებში «სხვა ქალის» სახელი არ ფიგურირებდა. ამან სიხალისე შემმატა. მის ხელისგულში მოქცეულმა ჩემმა თითებმა უსიტყვოდ დაიწყეს სიყვარულის ახსნა, ეფერებოდნენ მის ხელს და იმაზე მეტს ეუბნებოდნენ, ვიდრე მე შემეძლო სიტყვებით მეთქვა.
- დიეტობდი? - ჩურჩულით მკითხა.
- არა, ვბრაზობდი და ამიტომ ვერ ვჭამდი.
- სიგამხდრეც გიხდება.
- შენც გვარიანად შეფერთხილხარ.
- კი, მეც. დამჯაბნა ანთებამ… მიჯავრდები? - ჩუმი ხმით მკითხა და ხელზე მაკოცა.
- ჰო. ასე არ უნდა მომქცეოდი.
- მაპატიე.
- მიპატიებია… ოღონდ ამჯერად და უკანასკნელად. ახლა კი, აი, გემრიელი სალათა მოგიტანე და უნდა გაგასინჯო.
- შემთხვევით ბორჯიას გამოგზავნილი სადილი ხომ არაა? - ცალი თვალი მოხუჭა და მაცდურად შემომხედა.
- ბორჯია ვინ არის?
- ესპანელ დიდგვაროვანთა ოჯახი, რომლის წევრებიც საწამლავს უყრიდნენ საჭმელში იმ ადამიანებს, ვინც მტრად მიაჩნდათ.
სანამ ხუმრობას მივუხვდებოდი, საშინლად გავბრაზდი. გულში წარმოთქმული აღშფოთებული სიტყვები არ ილეოდა, მაგრამ მისმა მოგუდულმა სიცილმა წყენა რამდენიმე წუთში დამავიწყა და ესღა ვუთხარი:
- ასე მიცნობ?
- კარგი, გეხუმრე, რა გჭირს? - კვლავ დამიკოცნა ხელი და დააყოლა, - ძალიან ლამაზი ხარ.
- ვიცი, რომ ლამაზი ვარ, შეხსენება არ მჭირდება, - კეკლუცად მივუგე.
- საიდან იცი?
- ცხოვრებისეული გამოცდილებიდან, - სხარტად ვუპასუხე და ჩემდა უნებურად, მოულოდნელად მკერდზე დავემხე, სახე კი მის კისერში ჩავმალე.
წამით ორივენი გავირინდეთ. ერთმანეთის გულის ბაგაბუგი გვესმოდა. უფრო სწორად, მე მესმოდა მისი გულის ბაგაბუგი, ჩემი კი ურეკის ზღვასავით ოდნავ გასაგონად ხმაურობდა.
როცა თავის აწევა ვცადე, არ დამანება. თმაში შემიცურა მარჯვენა ხელი და ლოყა ლოყაზე გამისვა. ავთრთოლდი, მეტიც არ მინდოდა… თავი ნელა ავწიე და თვალებში ჩავაშტერდი. პირველად ვუსწორებდი მზერას მის საოცარ თვალებს. მერე სრულიად ბუნებრივად, სრულიად ძალდაუტანებლად შევეხე მის ტუჩებს და საღი აზროვნების უნარიც საბოლოოდ დავკარგე…
როცა კოცნით გული ვიჯერეთ, სუნთქვაგახშირებულმა სიცილნარევი ხმით მითხრა:
- სუსტი სქესი ჩემი სუსტი წერტილია.
- ვიცი, - ამჯერად მის ნათქვამს არ გავუბრაზებივარ.
- შენ კი… მინდა, რომ ჩემთან იყო… ყოველდღე, ყოველ წუთს… ეს შესაძლებელია?
- არ ვიცი, - მორიდებით დავხარე თვალები.
- აბა, ვინ იცის? ნუ გეშინია, სიყვარული უწონო ტვირთია.
ღაწვები ამეფაკლა სიყვარულის ხსენებაზე. სათქმელს პირდაპირ არ მეუბნებოდა, მისი ნართაული კი სიყვარულის ახსნის სურვილს უფრო და უფრო მიმძაფრებდა.
- უწონოა, მაგრამ ძალიან მძიმე ტვირთია, - მივუგე.
- მინდა, რომ მესამე არ იდგეს ჩვენ შორის. ეს თუ არის შესაძლებელი?
- ჩემი მხრიდან მსგავსი არაფერი გემუქრება, - უყოყმანოდ მივუგე და საჩვენებელი თითით მის მკერდზე ფიგურების დახატვას შევუდექი.
- ჩემი მხრიდან მით უმეტეს, - ჩურჩულით წარმოთქვა საპასუხო სიტყვები, კვლავ თმაში შემიცურა ხელი და მკერდზე ძლიერად მიმიკრა…
ამას სრულყოფილი ბედნიერების წამი ერქვა…
ის დღე ჩვენი ურთიერთობის გაღრმავების საფუძველი გახდა, რასაც პაემნების მთელი სერია მოჰყვა. ყოველდღე თუ არა, დღეგამოშვებით მაინც ვხვდებოდით ერთმანეთს, ხან სად მივდიოდით, ხან სად. გამაცნო თავისი მეგობრები, ვსტუმრობდით თეატრს, ოპერას, კინოს… მუზეუმებსაც კი. მეცინებოდა. წლების განმავლობაში არ მივლია ამ ადგილებში. ასე მეგონა, სტუდენტობის წლები დამიბრუნდა. საოცრად სასიამოვნო იყო ეს ყველაფერი, მაგრამ განსაკუთრებულ სიამოვნებას მაინც ლუიზასთან სტუმრობა გვანიჭებდა. მამიდა აღფრთოვანებული იყო კოკით. ჩემი დანახვა ისე არ ახარებდა, როგორც მისი. მივდიოდით მასთან შაბათს და კვირა საღამომდე ვრჩებოდით. ყოველთვის მიყვარდა იქაურობა. სწორედ ასეთ სახლზე ვოცნებობდი მთელი ცხოვრება. საბოლოოდ ასეც ვაპირებდი - ვაგროვებდი ფულს, რომ სადმე, რომელიმე ზღვისპირა ქალაქში კერძო სახლი მეყიდა და სწორედ ისეთი ბაღი გამეშენებინა, როგორიც მამიდას ჰქონდა. ფულის დაგროვების პრობლემა ჯერ არ მქონია. ჩემი სამსახური მაძლევდა ამის შესაძლებლობას. ძვირად ღირებულ სამოსს არასდროს ვეპოტინებოდი, ხშირ შემთხვევაში მეორად მაღაზიებს ვსტუმრობდი და იქ ვყიდულობდი ტანსაცმელს. არც ჭამით ვიკლავდი დიდად თავს, სარჩენი კი სხვა არავინ მყავდა. ალბათ ერთადერთი ადამიანი ვიყავი მთელ თბილისში, ბანკის ვალი რომ არ ჰქონდა. არასდროს დამჭირვებია სესხის გამოტანა ან განვადებით რამის შეძენა. ჩემი შემოსავალი ჩემს ხარჯებს სწვდებოდა და მრჩებოდა კიდევაც, რაც ბანკში, ანაბარზე შემქონდა. ასე რომ, ამ მხრივ სტაბილური ცხოვრება მქონდა.
მიუხედავად იმისა, რომ კოკისთან ურთიერთობა ბედნიერებას მანიჭებდა, როგორც ყოველთვის, შიში ფეხდაფეხ დამდევდა. სულ მეგონა, რომ ეს ყველაფერი დროებითი იყო, მასთან ურთიერთობა ისეთივე ხანმოკლე აღმოჩნდებოდა, როგორც ზაფხულის სიცხე. მაგრამ ჩემს ბედნიერ ღიმილს და გაბრწყინებულ თვალებს ვერაფერს ვუხერხებდი. მომწონდა ეს სიტუაცია.
მართალია, კოკის მეტი უნდოდა, ვიდრე უბრალო შეხვედრები, მაგრამ საქმე მხოლოდ სექსს არ ეხებოდა. მას მოსწონდა ჩემთან ყოფნა, ფულის დაუნანებლად ხარჯვა, ჩემთვის სიამოვნების მონიჭება. მე კი მეშინოდა და ამ შიშს ვერაფერს ვუხერხებდი. არ ვიცოდი, როგორ დამეძვრინა თავი ამ რთული სიტუაციიდან.
გოლასთანაც მშვენივრად ვგრძნობდი თავს, სანამ თანაცხოვრებას დავიწყებდით. მაშინ შემეძლო დამეფიცა, რომ კარგად ვიცნობდი მას და ცხოვრება უსიამოვნო სიურპრიზებს არ მიქადდა, მაგრამ შევცდი. კოკისთან დიდი ხნის ნაცნობობა არ მაკავშირებდა, მაგრამ მასში მხოლოდ დადებით თვისებებს ვხედავდი. ცეცხლმოკიდებული ადამიანი წყალში რომ გადაეშვება მის ჩასაქრობად, დაახლოებით ასეთ შეგრძნება მრჩებოდა, როცა გოლას და კოკის ერთმანეთს ვადარებდი. თუმცა საერთოც ბევრი ჰქონდათ.
ჩვენ ვაგრძელებდით შეხვედრებს, მაგრამ ურთიერთობა ახალ სტადიაზე არა და არ გადადიოდა. კოკი არ ჩქარობდა, საქმე ლოგინამდე მისულიყო. უნდა ვაღიარო, რომ მიკვირდა მისი დამოკიდებულება. რატომღაც, დარწმუნებული ვიყავი, რომ რამდენიმე შეხვედრის შემდეგ ამას აუცილებლად მომთხოვდა.
ხან ისეთი გრძნობით მკოცნიდა, თითქოს თავის შეკავება უჭირს და აი, ახლა შემომახევს ტანსაცმელსო, ხანდახან კი საოცრად ნაზად მეფერებოდა, თითქოს მაიძულებდა, თავი სასურველ და საყვარელ ქალად მეგრძნო. მე კი ორივე შემთხვევაში მეტი მინდოდა. იქნებ ეს სხვადასხვანაირი კოცნა მისი სტრატეგიის ნაწილი იყო? თუკი მას ჩაფიქრებული ჰქონდა ჩემი საწოლში შეტყუება, წინ არაფერი ეღობებოდა, თვითონაც ისე მინდოდა მასთან ინტიმური ურთიერთობა, რომ ადვილად გამოუვიდოდა.
არ ვიცოდი, სანამდე მიმიყვანდა მასთან შეხვედრები. რამდენიმეჯერ ვცადე, პაემანზე უარი მეთქვა, მაგრამ ერთხელაც ვერ შევძელი. კიდევ ერთი პაემანი, რა მოხდა მერე, რა არის ამაში ცუდი? - ვამშვიდებდი ჩემს თავს.
საუცხოოდ გავატარეთ ახალი წელიც. რესტორანში დაგვპატიჟა მეც, მამიდაჩემ-ბიძაჩემი და ვანდიც. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ახალ წელს ასე პომპეზურად შევხვდი. ასეთივე პომპეზური აღმოჩნდა ჩემი დაბადების დღეც, რომელიც გოლასთან დაშორების შემდეგ ერთხელაც არ აღმინიშნავს. ამჯერად ჩემებს კოკის ორი მეგობარიც შეემატა - გედი და ის პარლამენტარი, რომლის ქორწილშიც მეჯვარედ იყო და რომლის დასთან გადაღებული სურათიც ჟურნალში მოხვდა. მას ლექსო ერქვა. მხიარულებით გავაგიჟეთ გივის რესტორანი, რაშიც ლომის წილი მისმა მეგობრებმა შეიტანეს.
ასე ცეკვა-თამაშში გაიარა ზამთარმა და გაზაფხულიც შემობრწყინდა. ჩვენს ურთიერთობაში არაფერი იცვლებოდა. სექსზე არ ვსაუბრობდით, თითქოს ტაბუდადებული თემა ყოფილიყო. ვერ გეტყვით, რატომ ითმენდა, როცა ხვდებოდა, რომ დაქორწინების გარეშეც თანახმა ვიყავი მასთან ინტიმურ სიახლოვეზე.
მაგრამ უეცრად ყველაფერი შეიცვალა. დადგა შუა მარტი და დაიწყო უსიამოვნებები. ორი კვირით კვლავ სადღაც გადაიკარგა, არც ტელეფონის ზარებს პასუხობდა. სიმართლე გითხრათ, სულ ორჯერ დავურეკე, მაგრამ ჩემთვის მასთან ორჯერ გაშვებული ზარიც საკმარისი იყო, რომ მესამედ დარეკვაზე უარი მეთქვა. არადა, ისეთი ლამაზი რვა მარტი მომიწყო, გადაკარგვას თუ შეეცდებოდა, არ მოველოდი. მთელი სახლი ყვავილებით გამივსო. ყველანაირად მაგრძნობინა, რომ მისთვის ერთადერთი სასურველი ქალი ვიყავი… და ისევ გადაიკარგა.
შაბათი იყო, მამიდა მესტუმრა და კარგა ხანს დარჩა. როცა წავიდა, რაღაც სიცარიელე ვიგრძენი, თითქოს პირველად მივხვდი, რამდენს ნიშნავდა იგი ჩემთვის. 13 წლით უფროსი ლუი ჩემთვის მეგობარი უფრო იყო, ვიდრე უახლოესი ნათესავი. მისი ოჯახის გარდა ქვეყანაზე ახლობელი არავინ მყავდა.
მაგიდა ავალაგე და ჭურჭლის რეცხვას შევუდექი. ოცი წუთიც არ გასულა, რომ კარზე ზარი დაირეკა. ამჯერად აღარ შემშინებია. რაც გოლა გაემგზავრა, საშიშროებას არ ვგრძნობდი, ვანდიც წავიდა და კვლავ მარტო დავრჩი.
კოკის არ ველოდი, საღამოს უნდა შევხვედროდი, სპექტაკლზე ვაპირებდით წასვლას.
გარეთ გადაუღებლად წვიმდა. ნეტავ ვის გავახსენდი ამისთანა ამინდში? ამ ფიქრებით გავეშურე კარის გასაღებად.
კოკი აღმოჩნდა. რატომღაც, საგანგებოდ გამოპრანჭული. გვერდით პატარა, გორგოლაჭებიანი ჩემოდანი ედო, რომლის სახელურს ისე დაყრდნობოდა, გეგონებოდათ, ქოლგას ჩასჭიდებიაო. ჩემთან ხომ არ აპირებს გადმოსახლებას? ნუთუ სახლიდან გამოაგდეს? - ეს იყო ერთადერთი, რაც გავიფიქრე.
- რამე მოხდა? - ისე ვკითხე, თითქოს გუშინ გვენახოს ერთმანეთი.
მან უსიტყვოდ დამიქნია თავი და ნაჩქარევად ლოყაზე მაკოცა.
- სასწრაფოდ ვაშინგტონში მივფრინავ, ლექსოს პრობლემები აქვს.
- ლექსოს? - უცებ ვერ გავიხსენე, ვის გულისხმობდა, - პარლამენტარი?
- ჰო. მოკლედ, პარლამენტის რამდენიმე წევრი საქმიანი ვიზიტით იყო ვაშინგტონში ჩასული და უცებ გულმა უმტყუნა. წაუსვლელობა არ იქნება.
- რას საშინელებაა, - შევწუხდი.
- ის მე ყოველთვის გვერდით მედგა, ბაბი, ახლა ჩემი ჯერია, მას ვჭირდები.
- ვწუხვარ, რომ ასე მოხდა. რომელ საათზე მიფრინავ?
- ოთხ საათში აეროპორტში უნდა ვიყო.
- ჭამე რამე?
- არა.
- შემოდი, ყავას მოვადუღებ და რამეს მოვიფიქრებ, - მიუხედავად იმისა, რომ გულწრფელად თანავუგრძნობდი, გაბრაზება არ გამნელებია, ამიტომ ძალიან ცივად ველაპარაკებოდი. მინდოდა ეგრძნო, რომ მისი საქციელით განხიბლული ვიყავი.
- ვიცი, ჩემზე ნაწყენი ხარ, მაგრამ როცა ყველაფერს მოგიყვები, წყენა გაგივლის. ისეთ საქმეზე ვიყავი წასული, რომლის შესახებაც არავის არ უნდა სცოდნოდა.
- ჯაშუშობა ხომ არ დაიწყე? - დავცინე.
ჩრდილმა გადაურბინა სახეზე, შუბლი ოდნავ შესამჩნევად შეეჭმუხნა.
- ბაბი, გგონია, მეხალისება ახლა გაფრენა? სულაც არ მინდა, რომ კიდევ დიდი ხნით დაგტოვო, ასე არ მინდა დაგტოვო.
მეტად ვეღარ შევძელი გრძნობების მოთოკვა.
- მე კი არ მინდა, რომ გაემგზავრო.
მეტიც არ უნდოდა. ჩემოდნის სახელურს ხელი უშვა და მხრებში ჩამაფრინდა. მერე მძლავრად მიმიკრა მკერდზე და ხარბად დამიწყო კოცნა. იმდენ ხანს მკოცნიდა, სანამ დროსა და სივრცეში ორიენტაცია არ დავკარგე. მისი ხელები სულმოუთქმელად დარბოდნენ ჩემს სხეულზე, ეფერებოდნენ და ტანჯავდნენ მას. სურვილისგან ვთრთოდი და იმდენად ძლიერი იყო ეს სურვილი, რომ მეტი ლოდინი აღარ შემეძლო. მას ბევრჯერ უკოცნია ჩემთვის, მაგრამ ასე არასდროს… და მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ სწორედ ამ კოცნას ველოდი ამდენ ხანს. შეიძლება სულაც იმ მომენტიდან, როცა პირველად ვნახე.
- შენ ისეთი ლამაზი… შენ ისეთი ლამაზი ხარ, - იმეორებდა გონდაკარგული და ხელიდან არ მიშვებდა.
ვნებისგან გახურებული ჩემი სხეული კი ბრმად მიიწევდა მისკენ. მან კი უეცრად მომიშორა, მხრებში ჩამჭიდა ხელები, თვალი თვალში გამიყარა და დაიწყო:
- მე შენთან ინტრიგის გაბმას არ ვაპირებ, ბაბი. უფრო მეტი მინდა. დიდი ხანია, შემიყვარდი და ამ გრძნობას მანამ ვებრძოდი, სანამ პირველად არ გაკოცე. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ მიყვარდი, მაგრამ მეგონა, ვცდებოდი. ვიმედოვნებდი, რომ ერთხელაც სულ სხვა კუთხით დაგინახავდი, იტყოდი ან გააკეთებდი ისეთ რამეს, რაც იდეალური ქალის პარამეტრებს დაარღვევდა, იმ ქალისას, რომელსაც შენში ვხედავდი.
მისმა მონოლოგმა ადგილზე გამაქვავა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ კაცს, რომელიც «არავითარი მოვალეობის» პრინციპით ხელმძღვანელობდა, ასეთი რამეების თქმა შეეძლო.
- შენ არ გჯერა ჩემი, - შეამჩნია ჩემი რეაქცია, - შეგიძლია ამიხსნა, რატომ?
- არ ვიცი… - ანგარიშმიუცემლად მივუგე. ვერ ვუთხარი, შენი მერყეობა მაშინებს-მეთქი.
ლურჯი თვალები ყურადღებით ათვალიერებდა ჩემს სახეს. უზარმაზარი ნერწყვი გადავაგორე, რომ სული მომეთქვა. მან კი ხელი ჩამჭიდა და დივანზე დამსვა, თვითონაც გვერდით მომიჯდა.
- შენ არ გიყვარვარ? - მოღუშული სახით მკითხა.
ძალა აღარ შემწევდა, მისთვის შემეხედა. ნერვიულობისგან პირი გამიშრა.
- არ ვიცი, რას ვგრძნობ, - ხმა ამიკანკალდა, - ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა…
- სწრაფად? ამდენი ხანია, ერთმანეთს ვხვდებით და შენ ამას სისწრაფეს ეძახი? ასობით ქალი მყოლია, რომელთანაც მართლა სწრაფად მომხდარა ყველაფერი და ყოველთვის ერთი და იმავე სქემით: ღვინო, ვახშამი რესტორანში, საწოლი…
- ჰოდა, რატომ გგონია, რომ ჩემ მიმართ რაღაც განსაკუთრებული გრძნობა გაკავშირებს? მე რით განვსხვავდები მაგ ქალებისგან?
- რით? იმით რომ, არასდროს გამჩენია სურვილი, ჩემი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში რომელიმე მათგანის გვერდით გამეღვიძა საწოლში.
მისმა პასუხმა დამადუმა.
- ასე რისი გეშინია, ბაბი? ჩემი?
გული გამალებით მიტევდა, გამწარებული ეხეთქებოდა საგულეს.
- მე არ მითქვამს, რომ შენი მეშინია.
- მაგრამ აშკარად გეტყობა, რომ ასეა. უბრალოდ, ვერ ვხვდები, რატომ.
ღმერთო, რა უსამართლობაა? მაინცდამაინც ახლა რატომ გაიმართა ჩვენ შორის ასეთი საუბარი? მაშინ, როცა მიფრინავს?
- თავიდან მეგონა, რომ ეს მხოლოდ ფიზიკური რეაქცია იყო, შენ ხომ დიდი ხანია, მამაკაცი არ გყოლია, მაგრამ ახლა ვერაფერს ვხვდები. ჩვენ მგონი, უკვე კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, ასე არ არის? - დაჟინებით მომჩერებოდა.
- ჰო.
- ამ ხნის განმავლობაში სულ ველოდებოდი, რომ გაიხსნებოდი, მომენდობოდი. ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ ჩემთან თავი კარგად გეგრძნო. ისიც გაგრძნობინე, რომ მოცდა შემეძლო და ამას იმიტომ ვაკეთებდი, რომ შენთვის ტკივილი არ მომეყენებინა. ამიხსენი, რა ხდება? რატომ არ შეგიძლია, გაერკვე შენს გრძნობებში? რატომ არ გინდა აღიარო, რომ შენც გიყვარვარ? შენი ყოფილი ქმრის გამო იქმნი პრობლემას? ასეთი რა გაგიკეთა?
სიმივით ვიყავი დაჭიმული. აზრები გონებაში ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. როგორმე უნდა ამეხსნა მისთვის, რაც მჭირდა.
- ის ჩემი ქმარი არასდროს ყოფილა. ჩვენ დაუქორწინებლად ვცხოვრობდით, - ვერ ამოვთქვი, ჩემი საყვარელი იყო-მეთქი.
მერე სიტყვები თავისით წამოვიდა და ყველაფერს მოვუყევი.
- და ამდენს ითმენდი? - თანაგრძნობით სავსე ხმით მკითხა, როცა მოყოლა დავამთავრე.
არ ვუპასუხე. თავისკენ მიმიზიდა და ჩამიხუტა. სირცხვილისგან ვიწვოდი, ცრემლები ღაპაღუპით მცვიოდა, მაგრამ ხმამაღლა არ მიტირია.
- ახლა სად არის?
- მოსკოვში.
- როცა ჩვენი ფირმის ტერიტორიასთან დაკავშირებული საქმეები გასაკვირად იოლად მოგვარდა, მაშინვე მივხვდი, რომ ის იყო გარეული. მახსოვს, როგორ გიყურებდა. შენი სახეც მახსოვს, გაფითრებული უმწეოდ რომ აცეცებდი თვალებს აქეთ-იქით. მერე გარეთ რომ გაგიყვანა, საბოლოოდ დავასკვენი, რომ ის «ის» იყო. მაგრამ ამაზე სიტყვა არ დამცდენია. მეგონა, შენ თვითონ ალაპარაკდებოდი. ამიტომაც გადავიკარგე მაშინ, აღარ შეგეხმიანე, აღარ მოვედი. ვიფიქრე, ჯერ გაერკვეს თავის თავში და ვნახოთ, რით დამთავრდება მისი გამოჩენა-მეთქი. როცა კვლავ შეგეხმიანე, შენ არაფერი მითხარი და დავასკვენი, ალბათ წერტილი დაუსვა თავის წარსულს და ყველაფერი კარგადაა-მეთქი.
თავს საზიზღრად ვგრძნობდი. ვინ თქვა, რომ გულწრფელი აღიარების შემდეგ ადამიანი შვებას იგრძნობსო? უარესად დავმძიმდი.
- ესე იგი, გამოდის, რომ მის გამო გადაწყვიტე, მთელი ცხოვრება მარტო დარჩე? მესმის შენი, მაგრამ მასთან ხომ აღარაფერი გაკავშირებს? რატომ გინდა მოგონებები შენი ცხოვრების ყველაზე მძიმე ტვირთად გაიხადო? ახლა შენ მართავ შენს ბედს, ჩვენ ერთად ვართ და ყველაფერი სხვანაირად იქნება. ხომ გჯერა ჩემი?
- ისიც ასე მეუბნებოდა, - მისი მკლავებისგან თავი გავითავისუფლე.
- როგორ ასე?
- რომ ჩვენ სხვა ვართ, რომ ყველაფერი სხვანაირად გვექნებოდა, რომ ჩვენ ერთი მთელის ორი ნაწილი ვიყავით და ბრწყინვალედ შევეწყობოდით ერთმანეთს… თუმცა, ახლა რა მნიშვნელობა აქვს…
- არა, აქვს! - შემაწყვეტინა, - მე სულაც არ მინდა, რომ მას მადარებდე.
- ეს არ მიგულისხმია… - ხმა შემეცვლა, თუმცა სწორედ ამას ვგულისხმობდი. მათ ბევრი საერთო ჰქონდათ. თავისუფლებისკენ წყურვილი, ოჯახური მოვალეობებისგან თავის არიდება, დასახული მიზნის ნებისმიერი გზით მიღწევა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ გოლა ტკივილს მომაყენებდა. კოკის რატომ უნდა მივნდობოდი?
- მე კოკი ვარ, ბაბი და არა ის ნაძირალა, ვინც სიცოცხლე გაგიმწარა. და მე შენ მიყვარხარ.
- გახსოვს, ერთ ქალზე რომ მიყვებოდი, რომელმაც თავი შეგაყვარა. მაშინ შენ მითხარი, სიყვარული ლამაზი ზღაპარია, რომლის ადგილი რეალურ ცხოვრებაში არ არსებობსო. გახსოვს? ადრე თუ გვიან ეჭვიანობა ყველაფერს ანადგურებსო.
- მაგრამ ადამიანები ხანდახან აზრს იცვლიან. ქალებიც, კაცებიც… მე შენთან ყოფნა მინდა, ბოლომდე.
- მაგრამ რომ გადაიფიქრო? მერე რა მოხდება? - შეშინებულმა თავი ავწიე და მის ლურჯ თვალებს მივაჩერდი, - იქნებ ოჯახური ცხოვრებისთვის არ ხარ შექმნილი?
- ამას ის ჩაგაგონებდა?
- ეს არ არის მთავარი. მთავარი ისაა, რომ მე ეს ურთიერთობა არ მინდა. მაპატიე, მაგრამ არაფერი არ მინდა. შენთან ყოველთვის გულახდილი ვიყავი. ახლაც ასეა.
კოკი წამით გაჩუმდა. მერე ხელები მუხლებზე დაიტყაპუნა და დახშული ხმით წარმოთქვა:
- მაგაში მართალი ხარ… ახლა რა უნდა ვქნათ? გამოდის, აღარ გინდა ჩემთან ყოფნა?
- დამიჯერე, არაფერი გამოვა. სერიოზულად გეუბნები, - ვუმტკიცებდი და თვითონაც არ მჯეროდა ჩემი ნათქვამის, მაგრამ რადგან გავრისკე, ბოლომდე მტკიცედ დავდექი.
- ვიცი, მაგრამ მაინც არ მჯერა.
ძლივს შეიკავა თავი, რომ არ შემხებოდა. დივნის საზურგეს მიაწვა და თვალები დახუჭა. ფრთხილად წამოვდექი. მიკვირდა, ამდენს რომ ითმენდა. მისი ღირსებების ჩამონათვალში მოთმინება არ შედიოდა. საინტერესოა, რატომ მითმენს ამდენს? გამოდის, რომ მას სრულიად არ ვიცნობ და ეს კიდევ ერთი საბაბია, არ ვენდო.
- ვიღაც ყავაზე ლაპარაკობდა… - მომესმა მისი ხმა.
ფეხები აღარ მემორჩილებოდა, როცა სამზარეულოში გავედი. ვერ ვიჯერებდი, რომ გოლაზე ყველაფერი მოვუყევი. ვინ მექაჩებოდა ენაზე? რას იფიქრებს ახლა ჩემზე? იდიოტი ვარ, ნამდვილი იდიოტი! იმდენად დამთრგუნა წარსულის გახსენებამ, რომ კოკიზეც კი მათქმევინა უარი. ღმერთო, რატომ მოვუყევი, რატომ? თვალები დავხუჭე, რომ მომდგარი ცრემლი შემეკავებინა.
ვერ შევამჩნიე, სამზარეულოში როდის შემოვიდა. მხოლოდ ძლიერი ხელები ვიგრძენი, რომელიც წელზე შემომეხვია.
- ვიცი, რომ გაგიძნელდა ამის მოყოლა, - ჩამჩურჩულა, - სამწუხაროდ, ასეთი დეგრადირებულები მრავლად არიან. სუსტებზე თამაში მათი საფირმო ნომერია. მიხარია, რომ შეგეშვა და შენთან ხელი არ მოუწვდება. სხვა შემთხვევაში მოვძებნიდი და გავუსწორდებოდი, როგორც წესი და რიგია. ვიცი, რომ წარსულის იარები გაგახსენე, მაგრამ ამ იარებს ერთი ძალიან სასარგებლო თვისება აქვთ - ისინი ბოლოს მაინც ხორცდებიან, - ამ სიტყვებით ხელი შემიშვა და კვლავ სასტუმრო ოთახში დაბრუნდა.
გაგრძელება იქნება
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>