როგორც იქნა, სახლამდე მივაღწიე და საბაზანოში შევვარდი. სახე ცივი წყლით ჩამოვიბანე. როცა სარკეში ჩავიხედე, საშინლად გაფითრებული მეჩვენა ჩემი სახე.
_ საწყალი გოგო, _ შემეცოდა ჩემი თავი, _ გეყოფა ტირილი, ხომ ხედავ, როგორ დაიღალე.
ვიცოდი, რომ მალე დამირეკავდა, მაგრამ ტელეფონში არაფრის კითხვას არ ვაპირებდი. როცა შევხვდებოდი, ამაზე მერე ჩამოვუგდებდი საუბარს. თვალებში რომ შევხედავდი, უსიტყვოდაც მივხვდებოდი ყველაფერს. არა, სიყვარულს არ გავექცევი. ზრდასრულმა ქალებმა ყველა წინააღმდეგობას თამამად უნდა გაუსწორონ თვალი. სულაც არ მოვაჩვენებ, ვითომ არაფერი მომხდარა, პირიქით, მაშინვე მოვთხოვ ახსნა-განმარტებას.
დრო გადიოდა, ის კი არ რეკავდა.
_ კოკი, გთხოვ, დამირეკე, ამიხსენი, რა მოხდა, ოღონდ ისე, რომ დავიჯერო, _ ვიწექი დივანზე და ჩემთვის ვჩურჩულებდი.
როგორ არ მინდოდა, კიდევ ერთხელ გამომეცადა ცხოვრებაში იმედგაცრუება. მაინც არ ამცდა. როგორ მინდოდა, ერთხელ მაინც დამეჯერებინა, რომ ნამდვილი სიყვარული არსებობს… მაინც ვერ დავიჯერე. არადა, როგორი იმედი მაჩუქა, რომ ბედნიერი ვიქნებოდი. ნეტავ შევძლებ, პირდაპირ ვკითხო, რა აკავშირებს ლექსოს დასთან? პასუხის მიღების შემთხვევაში ხომ მოსალოდნელია, სამუდამოდ დავკარგო იგი? გავუძლებ კი? არ მინდოდა ახლა განვეხიბლე ცხოვრებას, სწორედ მაშინ, როცა ვიგრძენი, რომ სიცოცხლე მშვენიერია.
არც მეორე დღეს დარეკა. მოსაღამოვდა, მისგან კი არაფერი ისმოდა. როგორც ჩანს, მართლა ყველაფერი დამთავრდა. ალბათ ჩამოფრინდა და მას შეხვდა თუ არა, მიხვდა, რომ არჩევანი იმ გოგოს სასარგებლოდ უნდა გაეკეთებინა.
უკვე აღარ ველოდი მისგან ზარს. საბოლოოდ ჩავიქნიე ხელი მოსალოდნელ შეხვედრაზე და სასოწარკვეთილი დივანზე მივწექი. ახლა მხოლოდ ეს დივანი იყო ჩემი ნავსაყუდელი.
მაგრამ შევცდი. საღამო ხანს კარზე ზარი გაისმა და შინ მომადგა. არ მახსოვს, კარი როგორ გავაღე. არც ის მახსოვს, როგორ შემოვიდა ოთახში. მახსოვს მხოლოდ ის, რომ ხელში ამიტაცა და მკერდზე მძლავრად მიმიკრა.
მისმა შეხებამ ჯადოსავით იმოქმედა ჩემზე. მან თმა უკან გადამიწია და ჩურჩულით ამოთქვა:
_ დაუჯერებლად ლამაზი მყავხარ.
_ აჭარბებ, _ ცივი ღიმილით მივუგე და მისი მკლავებიდან თავი დავიხსენი.
_ ერთი ამას დამიხედეთ, _ გაიცინა კოკიმ, _ მთელი დღე თვითმფრინავში შენზე ფიქრში გავატარე, შენ კიდევ ისე არხეინად მხვდები, თითქოს გუშინ დავშორდით ერთმანეთს.
_ სამაგიეროდ, სხვები შეგხვდნენ ისე, როგორც შენ შეგეფერებოდა, _ მწარედ ვუკბინე.
გაოცება შეეტყო სახეზე, წარბები აზიდა.
_ რით დავიმსახურე შენი რისხვა? რამე მივქარე? რატომ არ დამხვდი აეროპორტში? თვალები დამეღალა აქეთ-იქით ყურებით.
_ ჩემს საძებნელად სად გეცალა, როცა სხვისი კოცნით იყავი დაკავებული.
_ რა? რით ვიყავი დაკავებული? გინდა მითხრა, რომ დამხვდი და ვერ დაგინახე?
_ ჰო, დაგხვდი, მაგრამ არ შეგეგებე, რადგან ერთი ლამაზი გოგო ისე გკოცნიდა, სიამოვნება ვერ ჩავუშხამე.
_ მეგიზე ამბობ? _ უეცრად ხარხარი აუტყდა, _ სულელო, ის ხომ ლექსოს დაა.
_ მაგრამ დები ასე არ კოცნიან ძმის მეგობრებს! _ ნირი წამიხდა. თურმე მეგი რქმევია, რა უგემოვნო სახელია!
_ ის ბავშვი ჩემს ხელში გაიზარდა, გესმის? იმდენად იყო გახარებული ჩვენი დანახვით, რომ აღარ იცოდა, რას აკეთებდა. კარგი რა, ნახე შენც მეტოქე, აი! _ მან ისევ სცადა, მკერდში ჩავეკარი, მაგრამ ამის უფლება აღარ მივეცი.
_ ბავშვი? _ უკვე წონასწორობას ვკარგავდი, _ გოგონა პარამეტრებით 90-60-90-ზე ბავშვი უკვე აღარ არის! შენ შეიძლება ამას ვერ ამჩნევ.
_ ბაბი, ის ჯერ მხოლოდ ცხრამეტი წლისაა.
_ და მერე რა? ბევრი კაცი დადის მასზე ათი და თხუთმეტი წლით უმცროს გოგოსთან და ქორწინდებიან კიდევაც!
_ შენ ეჭვიანობ… _ კმაყოფილებით ჩაილაპარაკა.
_ სულაც არა, _ ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე, _ უბრალოდ, არ არის ლამაზი, როცა ასე უსირცხვილოდ იქცევიან ამდენი ადამიანის თვალწინ.
_ არა, ეჭვიანობ, _ ღიმილით გაიმეორა მან, _ ეჭვიანობ გოგოზე, რომელმაც თვითონაც არ იცის, რას სჩადის. ის გიჟია, გადარეული, ყველას საგონებელში გვაგდებს. ვხედავ, კარგა გვარიანი დრო დამჭირდება, რომ ჩემს სიყვარულში დაგარწმუნო. მაგრამ ამას მოვახერხებ, გპირდები. ოღონდ დიდი ხანი უნდა გავატარო შენ გვერდით. თაფლობის თვეზე რას იტყვი? მინდა, ბოლომდე გაგიცნო. მინდა ვნახო, როგორი ხარ, როცა გძინავს, როცა მეფერები, როცა ბრაზობ, როცა ეჭვიანობ… განსაკუთრებით, როცა ეჭვიანობ.
_ კოკი…
_ თქვი, უბრალოდ, ჰო-თქო.
_ მაგრამ…
_ არავითარი მაგრამ, _ უეცრად მომიახლოვდა და ტუჩებზე დამაცხრა, _ თვეებია, ეს "მაგრამ" მესმის და გვერდი ვერ ავუქციე. ახლა კი მითხარი, ხარ თუ არა თანახმა, ჩემი ცოლი გახდე?
ცდუნებას ვეღარ გავუძელი და ჩუმად წარმოვთქვი:
_ ჰო, თანახმა ვარ.
_ სწრაფი, რაც შეიძლება სწრაფი ქორწილი, აი, რა გადაგვარჩენს.
_ ჰო, _ კვლავ გავიმეორე.
_ ახლაღა მივხვდი, როგორ შეიძლება შენი დარწმუნება, _ გაიცინა და ხელში ამიტაცა. თან მკოცნიდა, თან მეჩურჩულებოდა, _ არასდროს შეგეპაროს ეჭვი ჩემს სიყვარულში, გესმის? არასდროს. ჩვენ ერთად დავამარცხებთ ყველა შიშს და ეჭვს. შენ ამიერიდან მარტო არ ხარ, საყვარელო. ბოლო ამოსუნთქვამდე შენ გვერდით ვიქნები.
მკერდზე მჭიდროდ მივეკარი და სიამოვნებისგან კვნესა აღმომხდა…
_ ახლა კი აი, ჩემი საქორწინო საჩუქარი. დილიდან ამ საქმეზე დავრბოდი და, როგორც იქნა, მოვაგვარე, _ თქვა მან და გულის ჯიბიდან ორი ბილეთი დააძრო.
_ ეს რა არის? _ გაოცებულმა ავხედე.
_ ეს ორი ბილეთია წალკოტამდე.
ვერაფერი გავიგე.
_ თაფლობის თვეს ამ მისამართზე გავატარებთ. _ მხოლოდ ეს მითხრა და კვლავ მომეხვია…
ქორწილი ძალზე მოკრძალებული გვქონდა. ნამდვილად არ მინდოდა, პრესას გაეშუქებინა ჩვენი დაქორწინება. სამაგიეროდ, ყველა ის ადამიანი დავპატიჟეთ, ვინც ჩვენთვის ძვირფასი იყო.
საუკეთესო კაბა მეცვა, რომელიც მან ამერიკიდან ჩამომიტანა და ამაზე ბოლო დღემდე არაფერი მითხრა. არც ის ჩათვალა არაფრად, რომ პატარძლის კაბა ჯვრისწერამდე ნანახი ჰქონდა. ცრურწმენები არ აშინებდა. ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ ამ ბედნიერებისგან ვიხრჩობოდი.
მაისის თბილი, მზიანი დღე იდგა. ვის გაუგონია მაისში ქორწილი, მაგრამ მან ასე მოისურვა, მოცდა არ უნდოდა და არც შეეძლო. ყველაფერს უკუღმა აკეთებდა, რაც ოჯახის შექმნასთან იყო დაკავშირებული. რესტორანის დარბაზი მხოლოდ ჩვენი სტუმრებით იყო გადავსებული. ყველა ცეკვავდა და თავისებურად ერთობოდა.
ქეიფის ბოლოს კი ჩვენ გავიპარეთ. წინ თაფლობის ტკბილი თვე გველოდა. ახლა ბათუმის მატარებლისკენ მივიჩქაროდით, ოღონდ არ ვიცოდი, მაინცდამაინც ბათუმი რატომ აირჩია.
_ ერთი სული მაქვს, ვნახო, სად მიგყავარ, _ ვუჩურჩულე, როცა ჩვენს ვაგონში შევედით.
_ ჩემგან ასეთ საქორწინო მოგზაურობას არ ელოდი, არა? ალბათ გეგონა, სადმე საზღვარგარეთ გადაგაფრენდი, ხომ? მაგასაც მოესწრები, ოღონდ იქამდე შენი ახდენილი ოცნება უნდა განახო, მერე კი, თუ გინდა, კანარის კუნძულებზე გადავფრინდეთ.
_ რა ოცნება? _ თვალები დავაჭყიტე.
_ შენ ხომ გინდოდა, საკუთარი სახლი გქონოდა და ისეთივე ლამაზი ბაღი, როგორც მამიდაშენს აქვს? ჰოდა, ახლა შენც გაქვს. ქობულეთში, ზღვის სანაპიროზე ისეთი წალკოტი მოგიწყვე, შეიძლება გაგიჟდე. აი, სურათები ამ კონვერტშია, _ თქვა და გულის ჯიბიდან ამოღებული ცისფერი კონვერტი მომაწოდა.
ვათვალიერებდი სურათებს და თვალებს არ ვუჯერებდი. ისეთი ლამაზი სახლი იყო და ისეთი ლამაზი ეზო, ენა ჩამივარდა. ირგვლივ ყველგან ყვავილები იყო გაფურჩქნული.. სრულიად სხვადასხვა სახეობის, სხვადასხვე ფერის, სხვადასხვა ზომის…
_ ეს ყველაფერი ჩემთვისაა?
_ შენთვის და ჩემთვის. გახსოვს, ორი კვირა რომ დავიკარგე? ამ საქმეს ვაგვარებდი მაშინ.
ბედნიერებისგან სუნთქვა შემეკრა. რას ვიფიქრებდი, ასეთი გაგრძელება თუ ექნებოდა ჩემს ერთფეროვან ცხოვრებას. რაც აქამდე დამაკლდა, ზვავივით უცებ დამატყდა თავს. აქეთ-იქით გაბნეულმა ბედნიერების ნამსხვრევებმა თითქოს ერთად მოიყარა თავი და ერთ მთლიანობად იქცა…
ვათვალიერებდი სახლის ყოველ კუთხე-კუნჭულს და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ასეთ რამეს სიზმარში თუ ვნახავდი მხოლოდ.
_ ოჰ, კოკი, სიტყვები არ მყოფნის, რომ გითხრა, როგორ მიყვარხარ, _ აღტყინებული ერთსა და იმავეს ვიმეორებდი.
_ არაფრის თქმა არ გჭირდება, ბაბი, შენ მთელი ცხოვრება გაქვს დარჩენილი, რომ შენი სიყვარული დამანახვო. სიტყვები აღარ იქნება საჭირო. ახლა მაინც გჯერა ჩემი?
_ რა თქმა უნდა, მჯერა…
მკერდზე სასოებით მივეყრდენი. წინ მთელი მარადისობა გველოდა _ ნათელი, ბედნიერებით და სიხარულით სავსე. მჯეროდა, რომ მთელ ჩემს სიყვარულს მას მივუძღვნიდი. ეს ჩვენი ბედი იყო. ჩვენ ერთად ვიქნებოდით, სანამ გული ორივეს გვიცემდა.
დღეიდან სრულყოფილი ცხოვრება გველოდა, ცხოვრება, რომელიც სავსე იყო დიდი სიყვარულით…
დასასრული