მუშაობა წინ მიიწევდა. ლელი თავს არ ზოგავდა. თუმცა ჯერ ყველაფერი არ იყო გამოკვეთილი და მხოლოდ ლელიმ იცოდა, რა გამოვიდოდა საბოლოოდ. ყველაფერს თავად აკონტროლებდა _ მიწის ყოველ სანტიმეტრს, ყოველი ქვის თუ ფილის ადგილმდებარეობას, ბუჩქების განლაგებას და ფორმების მიცემას, ბილიკების წყობას და მოკირწყლვას. იმედოვნებდა, რომ არა მხოლოდ თვითონ, იონაც კმაყოფილი დარჩებოდა შედეგით. ყველაზე ძალიან ეს უნდოდა.
მას შემდეგ, ერთ წვიმიან დღეს რომ აღმოაჩინა იონა ნემსაძის სიმპათიურობა და მომნუსხველობა, მოსვენება დაკარგა. დაკარგა, რადგან მიხვდა, რომ ისეთ რამეებზე დაიწყო ყურადღების გამახვილება, რაზეც არ ღირდა, არ შეიძლებოდა ან ზედმეტი იყო. მაგალითად, ერთ დილით, როცა ლელი სტაფილოს წვენს წურავდა სამზარეულოში, იონა შემოვიდა ყავის დასალევად. გოგონამ შეათვალიერა იგი და გულში აქამდე უჩვეულო რამ გაივლო _ რომ იო, როგორც მას მაშო ეძახდა, ძალიან მამაკაცური იყო სოსოსგან განსხვავებით. მუქი, მოკლედ შეკრეჭილი თმა, მაღალი შუბლი, ჭკვიანურად მომზირალი თვალები და ლამაზად მოხაზული ვნებიანი ტუჩები.
_ აბა, როგორ მიდის გახდომის საქმეები? _ ხუმრობანარევი ტონით შეეკითხა მამაკაცი და გაუღიმა, _ ქურციკს კიდევ ვერ დაემსგავსე?
ლელის შეეშინდა, ალბათ კვლავ გამოიცნო ჩემი ფიქრებიო და მკვახედ მიუგო:
_ როგორც ხედავ, ისევ ძროხად ვრჩები.
მამაკაცს ღიმილი სახეზე შეეყინა. ყავა დაისხა და მაგიდას მიუჯდა.
_ მომისმინე, ლელი, _ სრული სერიოზულობით მიუბრუნდა გოგონას, _ ჩემი აზრით, შენ ძალიან ამუქებ შენს ეგრეთ წოდებულ ტრაგედიას. მილიონობით გოგო იქნებოდა ბედნიერი, შენნაირი გარეგნობა რომ ჰქონოდა.
ლელის შერცხვა. რაში დასჭირდა ასეთი ენამწარობა? რას «ეიაზვება» ამისთანა კაცს?
_ კარგი, არ გინდა, _ შემრიგებლური ტონით უპასუხა, _ არ არის საჭირო ჩემი დამშვიდება. ვიცი, რომ მსუქანი ვარ, მაგრამ ისიც ვიცი, რომ სულ ასეთი არ ვიქნები.
_ სულაც არ ხარ მსუქანი, _ ისევ გააპროტესტა იონამ, _ მით უმეტეს, ძროხა, რატომღაც, ასე რომ გიყვარს შენი თავის ძროხასთან შედარება.
_ მიყვარს, როგორ არა, _ ჩაიცინა ლელიმ, რადგან გაახსენდა, რატომაც ადარებდა თავის თავს ძროხას _ ეს სოსოს დამსახურება იყო, სწორედ მან შეადარა ძროხას და აუხილა თვალები.
_ აჰა, ისევ… _ უსაყვედურა მამაკაცმა.
ლელიმ გაიღიმა.
_ მოდი, აღარ ვილაპარაკოთ ამაზე. პირობას გაძლევ, მაშოს დახმარებით დავიკლებ და ფორმაში ჩავდგები. მერე კომპლექსებიც თავისთავად მომეხსნება.
_ აი, ასეთ უფრო მომწონხარ, _ გამხიარულდა იონა, _ სხვათა შორის, სამ კვირაში ახალი ფარმაცენტრი იხსნება და დაპატიჟებული ხარ პრეზენტაციაზე. გასაგებია?
რა პრეზენტაცია, რის პრეზენტაცია! რა თავში იხლის ფარმაცენტრის პრეზენტაციას? ლელიმ რა უნდა აკეთოს იქ? _ ეს კი გაიფიქრა, მაგრამ წამსვე უკუაგდო აზრები და რატომაც არაო, თავის თავს უთხრა.
_ ძალიან კარგი, აუცილებლად წამოვალ, იონა, დიდი მადლობა.
როგორც ჩანს, თავისი ქსელის გაფართოებაზე ფიქრობს. რა ჭკვიანი კაცია, იცის თავისი საქმე. იქნებ იმასაც იცნობდეს, ლელი ამდენ ხანს რომ დაეძებს? ხომ არ ჰკითხოს? ის იყო, უნდა ეკითხა კიდევაც, მაგრამ ბოლო წამს გადაიფიქრა და გამოწურულ სტაფილოს წვენს მოწყურებულივით დაეწაფა…
სამშაბათ დილით თავს თავს დასვენების დღე მოუწყო. დაე, დღეს მხოლოდ მუშებმა იმუშაონ. მან სათითაოდ აუხსნა ყველას, ვის რა უნდა ეკეთებინა, კომპიუტერიდან გადმობეჭდილი ეზოს მოდელირებული პროექტი რიგრიგობით დაურიგა ოთხივეს და სთხოვა, ყურადღებით მოკიდებოდნენ თითოეულ დეტალს.
_ ლელი, ჩვენ ხომ პირველად არ ვმუშაობთ შენთან, _ შენიშნა ერთ-ერთმა, ბრიგადირმა, _ ხომ იცი, რომ ყველაფერს ზუსტად გავაკეთებთ. შენ დაისვენე, ყველაფერი კარგად იქნება.
ლელიმ იცოდა, რომ ბიჭები არ დააღალატებდნენ, ამიტომ ტანთ ჩაიცვა და გულდამშვიდებული გზას გაუდგა. მაშო არ გამოჩენილა გუშინ საღამოს, იონა კი დილაადრიან წავიდა, ამიტომ სამარშრუტო ტაქსით მოუწევდა თბილისში გამგზავრება. დრო იყო, ბინის დაქირავებაზე ეზრუნა, სულ იონასთან ხომ ვერ იცხოვრებდა, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც წუხელ მოხდა.
ინტერნეტში ოთხი ბინა შეარჩია და ახლა სწორედ მათ სანახავად მიდიოდა. ფასები აკმაყოფილებდა და თუ რომელიმე მაინც მოეწონებოდა, აუცილებლად იქირავებდა. ფულის პრობლემა აღარ ჰქონდა, არც მომავალში ექნებოდა, რადგან იმდენი შეკვეთა დაუგროვდა, მთელი წლის განმავლობაში, ზამთარ-ზაფხულ, საქმე არ დაელეოდა. როცა ბინებს მოივლის, მაღაზიებშიც უნდა შეიაროს. აუცილებლად სჭირდება საღამოს კაბა, რათა პრეზენტაციაზე ჩაიცვას. ერთ მომენტში თითქოს გადაიფიქრა წასვლა, მაგრამ ბოლოს მაინც გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რაც წუხელ მოხდა…
მხოლოდ მესამე ბინა მოეწონა. მეტ-ნაკლებად მისაღები იყო მისთვის ფასითაც და ინტერიერითაც. ერთოთახიან მყუდრო, ნათელ ბინაში ყველაფერი იყო, რაც დიასახლისს ესაჭიროება. ნორმალური ავეჯი, სარეცხი მანქანა, მაცივარი, ტელევიზორი, ცხელი წყალი, გათბობა, ინტერნეტი… მაქსიმუმ ერთ კვირაში უნდა გადმოვიდეს. მისი საგურამოში ყოველდღე ყოფნა საჭირო უკვე აღარ არის, კვირაში ერთხელ ან ორჯერ თუ დახედავს მომუშავე ბრიგადას და ესაა. მართალია, იონა არ აგდებს სახლიდან, მაგრამ მაინც ჩქარობს, მით უფრო მას შემდეგ, რაც წუხელ მოხდა…
წუხელ კი, აი, რა მოხდა… სულიკოსთან ყავა დალია და ქალი ჭიშკრამდე მიაცილა, თვითონ კი ეზოს დათვალიერებას შეუდგა. სიამოვნებდა თავისი ნახელავის ყურება. ძალიან მოსწონდა, რაც გააკეთა. უხაროდა ისიც, რომ ატმების ბაღი გადაარჩინა, რომლის ამოძირკვასაც იონა ითხოვდა. ისე გაალამაზა ტერიტორიის ეს მონაკვეთი, ავ თვალს არ ენახვებოდა. შადრევნის შემოგარენიც ლამაზი გამოვიდა, მაგრამ ყველაზე ორიგინალური მაინც პატარა წყარო იყო, რომელიც მოგრძო ქვებით შემოაშენებინა მუშებს და ზემოდან ხავსი ჩამოაყოლა. სახლს ამ მხრიდან მომცრო კლდე ებჯინებოდა, რომელიც ყოველთვის სველი იყო ნაჟური წყლით. ერთი პატარა ნახვრეტი და იქიდან წყალი რაკრაკით წამოვიდა. სწორედ ამან აფიქრებინა ლელის აქ ხელოვნური წყაროს გაკეთება. არც შემცდარა. თანაც, წყაროსთან ახლოს, ორიოდე მეტრში გაკეთებულმა ფანჩატურმა და უკვე არსებულმა ალადასტურის ტალავერმა ერთობ ინტიმური გარემო შექმნა. ვარდისფერი კალისტემონის მოზრდილი, უკვე აყვავილებული ნერგები აყიდვინა იონას და წყაროს გასწვრივ ჩარგო. ბუსუსაყვავილებიანმა მცენარემ სულ სხვა ხიბლი შემატა აქაურობას. წყაროს თიხის დეკორატიული დოქები შემოუწყო ირგვლივ. თუ ვინმეს წყლის დალევა მოუნდებოდა, თამამად შეუშვერდა დოქს მოწანწკარე წყაროს და წყურვილს მოიკლავდა.
წყაროსთან რომ მივიდა, სწორედ მაშინ დასცხო კოკისპირულმა წვიმამ, თბილმა ზაფხულის წვიმამ. ლელის ისე უხაროდა თავისი ნამოღვაწარის თვალიერება, რომ თავი ბედნიერადაც კი იგრძნო, ბედნიერებას კი ანიჭებდა არა მისი ახლანდელი მდგომარეობა, არამედ სრულიად სხვა გრძნობა, რომელიც წინ ელოდა, ძალიან მაცდუნებელი, სასიამოვნო და აქამდე არგანცდილი, რომელიც ეს-ესაა, უნდა დაწყებულიყო. ამიტომ, წვიმამ რომ დაუშინა, კი არ დაემალა მას, პირიქით, თვალები დახუჭა და სახე შხაპუნა ვერცხლისფერ წვეთებს მიუშვირა. გრძნობდა, როგორ ეცემოდა წვეთები ლოყებზე, ყელზე, მკერდზე, როგორ უსველებდა სხეულს და როგორ ატანდა სისველე მაისურსა და შორტში.
რამდენიმე წუთი ასე იდგა. როცა თვალები გაახილა, მის თვალწინ აცეკვდნენ ონავარი ვერცხლისფერი წვეთები, რომლებიც ლამპიონების შუქზე ბრილიანტებივით ბრწყინავდნენ. იონა გაახსენდა, სწორედ ასეთ წვიმაში რომ მოაბიჯებდა რამდენიმე ხნის წინ აკაციების ხეივანში.
_ ლელი! _ მოესმა უეცრად მამაკაცის ხმა.
მოულოდნელობისგან მკვეთრად შემოტრიალდა, ამ დროს ფეხი გაუსრიალდა სველ მიწაზე და იმის შიშით, წყაროში არ ჩავარდნილიყო, ხელებგაშლილმა წონასწორობის შენარჩუნება სცადა. წამით წარმოიდგინა, რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა წყალში თავით გადაშვებული და როგორ დაინახავდა ამ ყველაფერს იონა, რომლის ხმა თანდათან უფრო და უფრო ახლოს ისმოდა. ასეთი პერსპექტივა ნამდვილად არ ხიბლავდა, ამიტომ მთელი ძალისხმევით შეეცადა ბალანსის დაცვას. ხედავდა, რაოდენ სასაცილოდ გამოიყურებოდა, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო, როგორმე უნდა შეემაგრებინა თავი, თუმცა ეს სასაცილო აკრობატული ილეთები ვერაფერს უშველიდა, იონას რომ არ მოესწრო. მამაკაცმა მოირბინა, წელზე ხელი სტაცა და, როგორც იქნა, წყალში ჩავარდნას გადაარჩინა.
_ მადლობა, _ ძლივს ამოილუღლუღა სირცხვილისგან თვალებდახრილმა.
_ არაფრის, რა მადლობა, _ ისე გაიცინა იონამ, აშკარა იყო, მისი მდგომარეობით ხალისობდა, _ მშვენიერი ადგილი შეგირჩევია საბანაოდ. ჩემი აზრით, ზღვა უფრო სასიამოვნო იქნებოდა.
იონა თან ელაპარაკებოდა, თან უფრო ძლიერად უჭერდა ხელს ქალის წელს. ამასობაში ლელი აზრზე მოვიდა და შეამჩნია, რომ მჭიდროდ იყო მამაკაცის მკერდს მიხუტებული. სახეზე ალმური მოედო. ამას ლოყების სიმხურვალით მიხვდა. ახლა მხოლოდ ერთი რამ სურდა _ იოს არ შეემჩნია ეს. ოდნავ შეირხა.
_ კარგად ვარ, შეგიძლია ხელი გამიშვა, _ თქვა და საკუთარი ხმა ვერ იცნო, რომელიც უცნაურად ჩახრინწვოდა. ნუთუ ასე უცებ გაცივდა?
იონამ ისე ნელა გაუშვა ხელი, თითქოს ამის გაკეთება სულაც არ უნდოდა. ლელიმ სწრაფად გაიწია განზე და ასევე სწრაფად ალაპარაკდა, რომ უხერხული სიტუაცია განემუხტა:
_ მინდოდა შემემოწმებინა, რა და როგორ გაკეთდა დღეს, ჩემს არყოფნაში, რამე შეცდომა ხომ არ დაუშვეს მუშებმა. წამოვედი სანახავად, მერე კი აი, ეს წვიმა…
ლელიმ დარცხვენით შეხედა იონას და შეცბა. ლამპიონის შუქი. თითქოს ჯინაზე, პირდაპირ ეცემოდა ქალს, ხოლო იონა დაუფარავი მამაკაცური ინტერესით ათვალიერებდა მისი სხეულის თითოეულ ნაკვთს. არადა, თავიდან ბოლომდე იყო გალუმპული, სველი ტანსაცმელი ტანზე მიკრობოდა და ისეთი შეგრძნება რჩებოდა, თითქოს შიშველი იყო.
_ ღმერთო ჩემო, რას დავემსგავსე, _ წამოიძახა და ფანჩატურისკენ გაიქცა, სადაც ლამპიონის შუქი სუსტად აღწევდა და წვიმისგან თავის შეფარებაც იყო შესაძლებელი.
ლელი მოწნულ ტახტზე დაჯდა და ხელები ლოყებზე აიფარა, რომლებზეც თითქოს ცეცხლი მოსდებოდა. ესეც კარგი ვინმეა, რაღა! ატეხილი მოზვერივით ათვალიერებდა, თითქოს ქალი არ ენახოს.
_ შეიძლება? _ ამ დროს ფანჩატურში იონამაც შემოაბიჯა.
_ არა, _ ლამის იყვირა.
მამაკაცმა მისი უარი არაფრად ჩააგდო და გვერდით მიუჯდა. მერე მის ხელს დასწვდა, მაგრამ ქალმა ელდანაკრავივით გამოგლიჯა თითები ხელისგულიდან და განზე გაიწია. ისე რცხვენოდა, არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო.
_ მდაა… უნდა გითხრა, რომ არაჩვეულებრივი სხეული გაქვს, _ წარმოთქვა იონამ და კვლავ დასწვდა მის ხელს.
ამჯერად ლელის წინააღმდეგობა არ გაუწევია.
_ დამცინი?
_ დასაცინი რა გჭირს? აქამდე ყოველთვის ფართხუნა ტანსაცმელში გხედავდი და შენი ფიგურის შემჩნევა ადვილი არ იყო. დღეს კი წვიმა დამეხმარა და შეგამჩნიე… _ მერე ხმას დაუდაბლა და მრავალმნიშვნელოვნად შენიშნა, _ შეგამჩნიე ისეთი, როგორიც სინამდვილეში ხარ.
ლელი მიუხვდა ქარაგმას და მხარზე ხუმრობით გაჰკრა მუშტი მამაკაცს.
_ ეს ჩემს გეგმებში არ შედიოდა. არ ველოდი, თუ ამ საღამოს დაბრუნდებოდი.
_ დავბრუნდი, გეძებე, ვნახე, რომ სახლში არ იყავი და შენს საძებნელად გამოვეშურე. და მოგძებნე…
უეცრად იონა მისკენ ნელა გადაიხარა და ტუჩებით ლელის ტუჩებს შეეხო, ხოლო მარჯვენა ხელი მის სველ მაისურზე გაასრიალა.
ლელიმ მხოლოდ ერთი რამის გაფიქრება მოასწრო _ რას ვაკეთებ? _ და მის კოცნას კოცნით უპასუხა. თუმცა იმწამსვე თითქოს მოულოდნელი ზარივით ჩაესმა ყურში _ მაშო! _ და მაშინვე განერიდა მამაკაცს.
_ რა მოხდა? _ იონამ ისევ მიიჩოჩა მისკენ.
ლელი კვლავ განერიდა.
_ ლელი, რა გჭირს?
_ კარგია, რომ ახლა არაჩვეულებრივი ფიგურა მაქვს, _ თქვა მან, თან ცდილობდა, აღელვება არ შეემჩნია, _ შენ ხომ იცი, რომ მხოლოდ ერთადერთი მიზნით გადმოვბარგდი შენთან და ეს მიზანი სოსოს დაბრუნებაა. იმედი მაქვს, რომ გამომივა.
იონა სწრაფად გასწორდა წელში და მშრალად მიუგო:
_ წამითაც არ მეპარება ეჭვი, _ შემდეგ ოდნავ შერბილებული ხმით დაამატა, _ წადი, სახლში შედი, გამოიცვალე, თორემ გაცივდები.
კიდევ ერთხელ შეუტოკა გული მისმა მზრუნველობამ, მაგრამ მაშო, მაშო… იონასთან ასეთ ურთიერთობაზე რომ წავიდეს, ქეთიზე უკეთესი არაფრით იქნება. მით უფრო, რომ მას მართლა უყვარს სოსო…
გაგრძელება იქნება