ნოველები

თამაში ბედისწერასთან - თავი 9

თამაში ბედისწერასთან - თავი 9
დასაწყისი
არადა, მხოლოდ დროის დაკარგვა არ იყო მიზეზი, თუმცა ამას იონა ოდნავ მოგვიანებით მიხვდა. მიხვდა მაშინ, როცა სოსოსგან წამოსულს ჩანთებით ხელში ისევ გადაეყარა თბილისში და სასოწარკვეთილი მანქანაში ჩაისვა. რადგან გოგონა გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა, შეეცოდა და უყოყმანოდ გაუჩინა ახალი საქმე _ მთლიანი ეზოს მოწყობა. ფულის პრობლემა არ ჰქონდა, ამიტომ წამითაც არ დაფიქრებულა.

მეორედ მაშინ დაკრა გულის ზარმა, როცა ლელი წყაროსთან შეამჩნია. ის ერთიანად გალუმპული იდგა წვიმაში, თავი უკან გადაეგდო, ხელები გაეშალა და თითქოს თავის თავს წვიმის
წვეთებს სთავაზობდა. იმდენად ინტიმური იყო პოზა, იმდენად ვნებიანი ჩანდა ლელის სხეული, იონას თავგზა აებნა. ხელებგაშლილი გოგონა თითქოს რაღაცას შესთხოვდა წვიმიან ცას, რაღაცას ემუდარებოდა და იონა იმწუთას მზად იყო, ყველა ის სურვილი შეესრულებინა ლელისთვის, რასაც იგი ღამის უვარსკვლავო ცას შესთხოვდა, ყველა ის სურვილი, რომელიც მის ძალებს არ აღემატებოდა.

რამდენიმე წუთის განმავლობაში, სანამ ლელი ვერ ხედავდა, მამაკაცი ნეტარებით უყურებდა სველ ქალს და მხოლოდ მაშინ ამოქმედდა, როცა წონასწორობადაკარგულ ლელის წყალში ჩავარდნა დაემუქრა. იგი მსწრაფლ მიეჭრა გოგონას, წელზე ხელი მოხვია და იგრძნო, რომ უცნაურმა ტალღებმა დაუარა სხეულში. მსგავსი რამ აქამდე არ უგრძნია. რა იყო ეს? ნუთუ ისევ თექვსმეტი წლისაა? არა, რა თქმა უნდა. მთელი იმ დროის განმავლობაში, როცა ქალს ლამპიონის შუქზე აკვირდებოდა, მისადმი საოცარმა ლტოლვამ დარია ხელი. ჰო, სწორედ ასე იყო და ის ამას მიხვდა.

_ მინდა სოსოს შევურიგდე, _ თქვა ლელიმ, როცა მისი მკლავებისგან თავი გაითავისუფლა.

აი ამ მომენტიდან უნახავად შეიძულა მამაკაცი, რომელსაც სოსო ერქვა. დარწმუნებული იყო, რომ ის კაცი ამ ქალის სიყვარულს არ იმსახურებდა, სხვანაირად ეს ქალი იმ კაცის გამო ქუჩაში არ აღმოჩნდებოდა. ძნელი დასაჯერებელი იყო, ამ ქალს იმ კაცის დაბრუნების სურვილი ჰქონოდა. არ უნდოდა, ასე ყოფილიყო, არ უნდოდა, რადგან ეს ქალი სხვა კაცს უყვარდა. სხვა კაცი კი თვითონ იყო…



იმ საღამოდან რამდენიმე დღის შემდეგ იონამ მაშო დაიმარტოხელა და ჰკითხა:

_ მაშო, შენ რამე იცი სოსოს შესახებ?

კვირა დღე იყო და და-ძმა მამასთან შესახვედრად მიდიოდა, სადაც, ტრადიციისამებრ, მთელ ოჯახს ერთად უნდა ესადილა. იქიდან მობრუნებულები იაპონურ რესტორანს ესტუმრნენ სავახშმოდ. გეიშებს დამსგავსებული ოფიციანტები გრაციოზულად მიმოდიოდნენ მაგიდებს შორის, უკრავდა წყნარი მუსიკა და იყო მშვიდი გარემო.

_ სოსო? _ წარბები აწკიპა მაშომ, _ ვინ არის სოსო? რაღაც არ მახსენდება.

_ მე როგორც ვიცი, ლელის მეგობარია.

_ და რატომ დაგაინტერესა? ან ლელის თავად რატომ არ ჰკითხავ? მან უკეთ არ იცის?

_ არა, რა საჭიროა, მასთან არაფერი მესაქმება, ისე გკითხე. _ ყრუდ მიუგო იონამ, გაღიზიანებულმა იმით, რომ და ვერ მიუხვდა გულის ნადებს.

მიუხედავდა იმისა, რომ დასა და ძმას ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, იონა არასდროს უყვებოდა მას თავისი ამურული თავგადასავლების შესახებ. ინტიმური ამბების განდობაში დიდი გამოცდილება არასდროს ჰქონია და აზრზე არ იყო, რომელი მხრიდან შეიძლებოდა მაშოს მისდგომოდა. არადა, ქალები მისი ცხოვრების ყოველ ეტაპზე ბლომად ირეოდნენ, თუმცა ის, რასაც ნამდვილი სიყვარული ჰქვია, აქამდე არ სწვეოდა.

მაშომ მრავალმნიშვნელოვნად ჩაიღიმა, მერე კი ვერ მოითმინა და თქვა:

_ იო, ასე მგონია, რომ მოგწონს შენ ის გოგო, არა?

იონამ ლუკმა გადაყლაპა, წყალი დააყოლა და მიუგო:

_ მეც ასე მგონია.

მაშოს თვალები გაუფართოვდა. ასეთ პასუხს არ მოელოდა. ძმას მისთვის გული არასდროს გადაუშლია, თუმცა არც თვითონ შეუწუხებია ზედმეტი შეკითხვებით არასდროს. ჯერ კიდევ ოცი წლის იყო, იომ რომ განაცხადა, მხოლოდ ერთ გოგოს გავაცნობ ჩემი ოჯახის წევრებს, როცა დრო მოვა და ეს გოგო ჩემი საცოლე იქნებაო. მაშო მიხვდა, რომ ძმას გაუძნელდა თავისი ახალი გატაცების აღიარება, მაგრამ რადგან გამოტყდა, ესე იგი, უფრო სერიოზულად იყო საქმე, ვიდრე ოდესმე.

_ მე შემიძლია რამით დაგეხმარო? _ შერბილებული ტონით შეეკითხა მაშო ძმას და ხელზე ხელი მოუჭირა.

_ ალბათ, _ თავი დაუქნია იონამ, _ ვერ ვიგებ, რა ურთიერთობა აქვს იმ კაცთან. რატომღაც, მგონია, რომ მაგარი ახვარი კაცია. არ შეიძლება ლელის მისნაირი უყვარდეს… იქნებ შენ გითხრას რამე?

მაშო ჩაფიქრდა.

_ შევეცდები, მაგრამ ცოტა მეეჭვება. ლელი ძალიან ჩაკეტილია თავის თავში, განსაკუთრებით, როცა საუბარი გრძნობებს შეეხება. არასდროს მიცდია მის სულში ჩაძრომა, რადგან მგონია, რომ არ ესიამოვნება. არადა, ვგრძნობ, როგორი მარტოსულია, თუმცა ყველანაირად ცდილობს ამის დამალვას. ძალიან კი მინდა დავეხმარო, თუ ახლოს მიმიშვებს. მინდა შენც დაგეხმარო. მე თუ მკითხავ, მაგრად უხდებით ერთმანეთს, კარგი წყვილი იქნებით.

იონამ ამოიხვნეშა. კარგი და ჰყავს, ისინი ბევრ რამეში ჰგვანან ერთმანეთს. ორივე ძალზე მიზანსწრაფული და შეუპოვარია, ამასთან _ ორივე ჯიუტი. რამეს თუ დაისახავენ მიზნად, ერთიც და მეორეც თავის გზას არ გადაუხვევს, სანამ მიზანს არ მიაღწევს.

ბავშვობაში არასდროს უთმობდნენ ერთმანეთს. აიწეოდა ხოლმე ერთი წივილ-კივილი. მათი გამშველებელი მხოლოდ მამა იყო, მხოლოდ მას შეეძლო და-ძმას შორის ზავის ჩამოგდება. ამიტომაც დღემდე აქვთ მამის რიდი, დღესაც ანგარიშს უწევენ მის ყოველ სიტყვას. ამავდროულად, ორივენი სრულიად განსხვავებულები იყვნენ და არიან. იონა თავდაჭერილი, მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანია, უცებ არასდროს იღებს გადაწყვეტილებებს და ერთადერთი პრინციპით ცხოვრობს _ ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი. მაშო კი იმპულსურია, ხშირ შემთხვევაში სპონტანურად მოქმედებს, მაგრამ თუ რამე ძალიან მოუნდა, ყველა დაბრკოლებას გადალახავს და აუცილებლად მიაღწევს თავისას. მისი ყველაზე კარგი თვისება ისაა, რომ ძალიან სანდოა და ნებისმიერი საიდუმლოს შენახვა შეუძლია. ასე რომ, იონას თამამად შეეძლო მაშოს სახით მოკავშირე გაეჩინა სასიყვარულო საკითხებში…

და არც შემცდარა.

ზუსტად ერთი დღის შემდეგ მაშო საგურამოში ჩამოვიდა. ბოლო დროს ხშირად სტუმრობდა ძმას, მით უფრო, რომ ქმარს დაშორდა და მასზე ზრუნვა აღარ უწევდა. დაშორება იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა მაშოსთვის, რომ ერთხანს დეპრესიაში ჩავარდა. როგორია, ბრმად გიყვარდეს ადამიანი, ყოველ საღამოს ელოდებოდე, როდის მოვა სამსახურიდან და ამის ნაცვლად მოვიდეს და გითხრას, აღარ მიყვარხარ, შენგან მივდივარ, რადგან სხვა ქალი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაშიო. მაშინ ისე ცუდად იყო, რომ საერთოდ გადაიკარგა საქართველოდან. მამას ფული გამოართვა და გოაში გაემგზავრა. მოგზაურობამ დადებითად იმოქმედა მასზე, გვარიანად დაამშვიდა და უკან დაბრუნებულმა, პრაქტიკულად, ახალი ცხოვრება დაიწყო. სწორედ ის პერიოდი იყო, საკუთარი ფიტნეს-კლუბი და სილამაზის სალონი რომ გახსნა. ახალი საქმიანობა კი წარსულის დავიწყებაში დაეხმარა.

მერე იომ ლელი გააცნო. პრინციპში, ლელი მისი პირველი კლიენტი გახდა, რომელთანაც ინდივიდუალურად მოუწია მუშაობამ. მაშომ მასში მთელი სული და გული ჩააქსოვა. თუმცა, ლელისთან მუშაობა არც გაძნელებია, გოგონა ძალზე მონდომებული გამოდგა და ყველა მის რჩევას ითვალისწინებდა. ორთვიანი მუშაობის შედეგმაც არ დააყოვნა _ საყვარელი პუტკუნა ლელისგან მაშომ მოდური ლამაზმანი გამოჩარხა. ამიტომ არ უკვირდა, რომ იონა ლელით გახდა გატაცებული.

ცუდი ის იყო, რომ ლელი გულთან ახლოს არავის უშვებდა. ის სიამოვნებით უყვებოდა ხოლმე მაშოს თავის სამუშაოზე, პროექტებზე, გატაცებებზე, ოცნებებზე, მაგრამ არასდროს _ თავის წარსულზე, მშობლებზე, ახლობლებზე, მით უფრო _ სიყვარულზე.

მაშომ გადაწყვიტა, სწორედ ასეთ თემებზე დალაპარაკებოდა ლელის, ამიტომ ძმის თხოვნა გაითვალისწინა და მეორე დღესვე ჩავიდა საგურამოში. აუცილებლად უნდა გაერკვია, ვინ იყო ეს სოსო, მის სათაყვანებელ ძმას გზაზე რომ გადაეღობა.



მაშომ და იონამ მარტო ისადილეს. ლელი თბილისში წასულიყო დილით და გვიან საღამოს დაბრუნდა. მაშომ ცოტა ხანს დაიცადა, სანამ ნამგზავრი მაშო სულს მოითქვამდა და დაისვენებდა, მხოლოდ ამის შემდეგ მიუკაკუნა კარზე…

იონა ელოდებოდა, როდის გამოვიდოდა ლელის ოთახიდან მისი და. საუბარი კარგა ხანს გაგრძელდა და ეს დრო იონას საუკუნედ მოეჩვენა.

როგორც იქნა, მაშო დაბლა ჩამოვიდა და სამზარეულოს ზღურბლზე გაჩერებულმა მხოლოდ ორი წინადადება თქვა:

_ სოსო ნამდვილად არსებობს, არის ასეთი პიროვნება ლელის ცხოვრებაში.

_ ეს ვიცი, იყო დრო, როცა ლელი რაღაც-რაღაცებს მიყვებოდა თავის ცხოვრებაზე. _ მიუგო იონამ და ჩაი მოხვრიპა.

_ მართლა? ცოტა არ იყოს, ძნელი დასაჯერებელია. მას არ უყვარს თავის თავზე ლაპარაკი. მოკლედ, ეს სოსო სინამდვილეში არსებობს, მაგრამ ახლა ნაჩხუბრები არიან.

_ და?

_ და ის, რომ ლელი მასთან შერიგებას აპირებს.

_ გასაგებია. აი, თურმე როგორი გმირი შეყვარებული გვყოლია, _ ირონიულად ჩაიცინა იონამ.

_ ნუ ბრაზდები. იცი, რა შევამჩნიე? ისე ცდილობდა დავერწმუნებინე იმ სოსოს სიყვარულში, რომ სრულიად საპირისპიროში დამარწმუნა. მას სოსო არ უყვარს. უფრო მეტიც, ამ ეტაპზე ყველაზე მეტად შენ აინტერესებ. არ ვიცი, რამდენად ძლიერია ეს ინტერესი, მაგრამ ერთ რამეს შეუმცდარად ვგრძნობ _ მას შენდამი ლტოლვა აშინებს.

_ რატომ? _ ჩაფიქრდა იონა.

_ ვერაფერს გეტყვი, _ მხრები აიჩეჩა მაშომ, _ იქნებ რამით დავალებულია იმ სოსოსგან? ამაზე სიტყვაც არ დაუძრავს. მე, უბრალოდ, ქალური ინტუიციით მივხვდი, რომ ქვეცნობიერად შენზე მეტს ფიქრობს, ვიდრე იმ სოსოზე. და თუ მეტი გაინტერესებს ამ ყველაფერზე, მასთან ერთად დაპატიჟე პრეზენტაციაზე და გაიცნობ შენს მეტოქეს.

_ მეტოქე, _ ჩაიცინა იონამ, _ ცოტა ხმამაღალი ნათქვამი ხომ არ არის?

_ შეიძლება, საპირისპიროს მტკიცებას ვერ დავიწყებ, _ მხიარულად მიუგო მაშომ და ჩაი თვითონაც დაისხა…
გაგრძელება იქნება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
e87a93