თვალები არ გაუხელია, ისე გაიღიმა. რამდენიმე წუთის წინ გაეღვიძა, იონამ ლოყაზე რომ აკოცა მაშინ, მაგრამ არ განძრეულა. მამაკაცი სააბაზანოში მიიმალა, იქიდან გამოსულმა კი ჩაიცვა, გარეთ გავიდა და ფრთხილად გაიხურა კარი, ეგონა, რომ ლელის ისევ ეძინა. მიუხედავად იმისა, რომ ადრიანი დილა იყო, მზის სხივები თავს ესხმოდნენ ლელის ბედნიერებით გაბადრულ სახეს და თვალის გახელის საშუალებას არ აძლევდნენ.
არ უნდოდა ადგომა, მაგრამ სხვა გზა არ იყო, თავს ძალა დაატანა და სწრაფად წამოიმართა. ჯერ გემრიელად გაიზმორა, მერე კი საწოლიდან გადმოხტა და სააბაზანოს მიაშურა. ჯერ კიდევ ასდიოდა იონას გამაბრუებელი სურნელი _ შოკოლადივით ტკბილი და ბადაგივით მათრობელა. სააბაზანოს კედელზე ორი პირსახოცი ეკიდა. ერთი ნამიანი იყო, ალბათ ის, რომელიც იონამ იხმარა, მეორე კი, კრემისფერი, სავარაუდოდ, ლელისთვის განკუთვნილი. გაეღიმა. მართალია, წვრილმანია, მაგრამ სასიამოვნო. უხარია, რომ იო ასე ზრუნავს მასზე… ცხელი წყლის გადავლებამ მოთენთილობა მოუხსნა.
თავისთვის განკუთვნილი პირსახოცი თმაზე ჩალმასავით შემოიხვია, მეორე, იონასი კი წელზე და საძინებელში გამოსულმა ფანჯარას მიაშურა, რათა ჟალუზები აეწია. ოთახი განათდა. ეზოში გადაიხედა, იონა აუზში ჩასულიყო და ცურავდა. «ეს ჩემი კაცია», _ გაიფიქრა კმაყოფილმა და კიდევ უფრო ბედნიერად იგრძნო თავი. ვნებიანად დაიკვნესა. წუხანდელი ღამე გაახსენდა და წამოწითლდა. ასეთი დაბნეული არასდროს ყოფილა. დაბნეული და ცოტათი უსირცხვილოც, მაგრამ ეს მერე, როცა მამაკაცის ალერსს ფეხი აუწყო და გაუთამამდა.
ხომ არ იჩქარა, ასე უცებ რომ დაუწვა? იმედია, იო ცუდს არ იფიქრებს მასზე. ყველაფერი ისე მოულოდნელად მოხდა, გააზრებაც ვერ მოასწრო. ის იყო, ჩაცმა დააპირა, რომ უეცრად მიხვდა, ჩასაცმელი არაფერი ჰქონდა. ამ დილით საღამოს კაბაში გამოწყობა ცოტა უცნაური იქნება. რას იფიქრებდა, ასე მოულოდნელად თუ შემოტრიალდებოდა სიტუაცია. ნეტავ როგორ მოიქცევა იონა დღეს სხვების თანდასწრებით? იმედია, სტუმართაგან ზოგიერთები დარჩებოდნენ. გაუკეთებს თუ არა აფიშირებას მათ ურთიერთობას? იქნებ მხოლოდ ვნებათაღელვას აჰყვა და ლელი მისთვის დიდად არაფერს ნიშნავს? დილა გათენდა და იქნებ დამშვიდობების დროც მოვიდა? ლელის გაეცინა. იოტისოდენადაც არ გაუკვირდება, ასე თუ მოხდა. მიუხედავად ამისა, მაინც მადლობელია იონასი, მან განუმეორებელი ღამე აჩუქა. პირველად შეიგრძნო ცხოვრებაში, რომ ვიღაცისთვის სასურველი ქალი იყო. ამიერიდან თვითონაც შეუძლია მოჰყვეს, რას ნიშნავს არამიწიერი სიამოვნება, რაზეც მხოლოდ წიგნებში წაუკითხავს.
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ახლა როგორ მოიქცეს? ისევ დაწვეს, თუ რაც წუხელ ეცვა, ის ჩაიცვას?
ფიქრის დრო აღარ იყო. თვალებით თავის საცვლებს დაუწყო ძებნა. ისინი სავარძელზე ეყარა. ის იყო, ბიკინი ამოიცვა, რომ კარი იონამ შემოაღო.
_ ეს ზედმეტია, _ მრავალმნიშვნელოვანი ღიმილით მიუახლოვდა მამაკაცი და ხელები დაუჭირა.
ორი წუთის შემდეგ კი ლელის სრულიად აღარ ადარდებდა, რომ საღამოს კაბის გარდა ჩასაცმელი არ ჰქონდა…
_ არ ავდგეთ? _ შეეკითხა ჩურჩულით იონას და თავი მკერდზე დაადო.
მამაკაცმა კისერზე, თმის ძირში აკოცა.
_ მე შენ მიყვარხარ, _ თქვა მან.
ამ მოულოდნელ აღიარებაზე ლელის გააჟრჟოლა, სუნთქვა გაუჩერდა და ინსტინქტურად უფრო მჭიდროდ მიეკრა იონას მკერდს.
_ რატომ? _ სულშეგუბებულმა ჰკითხა.
_ არ ვიცი.
ლელი თვალდახუჭულიც გრძნობდა, მამაკაცი როგორ იღიმებოდა.
_ ძნელია ამის ახსნა. ან კი არის შესაძლებელი? _ გააგრძელა იონამ.
ლელიმ ოდნავ გვერდზე გაიწია და იდაყვს დაყრდნობილმა ზემოდან დახედა.
_ მეც მიყვარხარ, მაგრამ ვიცი, რატომაც.
_ და რატომ? _ იონას ხმაში დაუფარავი ინტერესი იგრძნობოდა. მამაკაცმა თავქვეშ ამოსდო ხელი ქალს და თითები მის მკლავზე აათამაშა.
ლელიმ საჩვენებელი თითი მსუბუქად მიადო მის ტუჩებს და კონტური ნაზად მოხაზა.
_ იმიტომ, რომ შენ საუკეთესო მამაკაცი ხარ მსოფლიოს ყველა მამაკაცს შორის.
იონამ მოულოდნელად მხრებში ამოსდო ხელები, გულაღმა გადააწვინა და მისკენ დაიხარა.
_ ასე არ გამოვა. მე უნდა მეთქვა შენთვის, რომ ყველაზე სასურველი ქალი ხარ დედამიწის ზურგზე.
_ რას იზამ, შენ უნდა გეთქვა, მაგრამ ახლა ვერაფერს შეცვლი, ამიტომ სხვა, უფრო დამაჯერებელი არგუმენტის მოძებნა მოგიწევს, _ გადაიკისკისა ლელიმ.
_ რამეს მოვიფიქრებ, _ დაეთანხმა მამაკაცი, _ ახლა კი წამოვხტეთ და რამე შევჭამოთ, თორემ შიმშილით სული გამძვრა. მერე კი ერთად გავცუროთ.
იონა ადგა და კარადისკენ დაიძრა.
_ წავიდეთ, მაგრამ… _ კვლავ გაახსენდა ლელის თავისი პრობლემა, _ შესაფერისი ტანსაცმელი არ მაქვს, მით უფრო, _ საცურაო კოსტიუმი.
_ ეგ მართალია, _ იონამ კარადა გამოაღო და თაროებს დაუწყო თვალიერება, _ მაისურს ან პერანგს როგორმე ვიშოვით… ო, მოიცა!
იგი ოთახიდან გავიდა და მალევე მობრუნდა. ხელში თეთრი შორტი ეჭირა, რომელიც ლელის გაუწოდა.
_ ჩაიცვი, ვფიქრობ, მოგერგება.
ლელის წამით ეჭვმა გაკრა გულში. ნეტავ ვის შორტს სთავაზობს? შეცბუნება, როგორც ჩანს, სახეზე გამოეხატა, რადგან იომ სიცილით აუწყა:
_ მაშოსია, ნუ იჯღანები.
გულზე მოეშვა. რა თქმა უნდა, ლელი დარწმუნებული იყო, რომ ოცდათორმეტი წლის განმავლობაში იონა ქალის გარეშე ვერ გაძლებდა, მაგრამ სახლში სხვა ქალთან ურთიერთობის დამადასტურებელი საბუთის აღმოჩენა დიდად არ გაახარებდა. არა, რა სისულელეა, არც აპირებს, წარსულზე რამე ჰკითხოს. ეს მისი საქმე არ არის. ის კი არა, თვითონაც დაივიწყებს თავის წარსულს. ყველაფერს გადახაზავს გასული დღეებიდან, რაც აქამდე იყო და რაც უსიამოვნოდ აგონდება.
_ დილა მშვიდობისა, _ სამზარეულოში შესულმა ლელიმ მაშო დაინახა, რომელიც ჭურჭელს რეცხავდა.
_ დილა მშვიდობისა, ლელი! _ მხიარულად მიესალმა მაშო და და ცხელი წყლის ონკანი გადაკეტა, _ როგორც იქნა, მოვრჩი რეცხვას. ცუდია, რომ სულიკო დავითხოვეთ, ყველაფრის გაკეთებამ მე მომიწია.
_ ეგ არაფერი, როგორმე ავუვალთ. არ ვჭამოთ? ძალიან მოგვშივდა, _ გამოაცხადა იონამ, ლელის ზურგიდან დაუდგა და ხელები მხრებზე დააწყო.
ლელიმ უხერხულად იგრძნო თავი. იონამ აშკარად გრძნობინა მაშოს, რომ მათი ურთიერთობა სხვა ეტაპზე გადავიდა.
მამაკაცმა მაცივარს მიაშურა და გამოაღო. იგი ერთიმეორის მიყოლებით იღებდა კერძებით სავსე კონტეინერებს მაცივრიდან და ყოველ ჯერზე ეკითხებოდა ქალებს, «ამას შევჭამთ»? და მერე თვითონვე პასუხობდა _ «შევჭამთ».
მაშომ გაზქურაზე ტაფა შემოდგა, ზედ ხორცი დაყარა და გაცხელებას შეუდგა. ლელიმ სუფრის გაშლა დაიწყო.
_ აბა, რა გადმოგიღო? _ იონა დას მიაჩერდა, როცა მაგიდას მიუსხდნენ.
_ უღრმესი მადლობა, ძმაო, მაგრამ როგორმე უშენოდ გავართმევ თავს, აჯობებს, შენს გოგოს მოემსახურო.
«მე უკვე მისი გოგო ვარ, რა სასიამოვნოა ამის მოსმენა», _ გაიფიქრა წამოჭარხლებულმა ლელიმ, ხმამაღლა კი თქვა:
_ მე მხოლოდ მჭადს და ყველს შევჭამ, არ მინდა ისევ გავსუქდე.
_ დაიკიდე, _ შენიშნა იონამ, _ არავითარი დიეტა, მე მგონი, ჭამის გამო არ გასუქებულხარ. შენ ხომ ადრე არასდროს გქონია წონის პრობლემა?
_ არა, არასდროს, _ მიუგო ლელიმ და გაოცებით შეხედა, _ შენ საიდან იცი?
იომ ისე გაიღიმა, თითქოს დიდ საიდუმლოს ფლობსო.
_ ვიცი.
_ არა, მართლა, _ დაინტერესდა მაშოც, _ ცოტა უცნაურია, საიდან გაიგე?..
_ სხვათა შორის, როცა აღმოვაჩინე, რომ წონაში ვიყავი მომატებული, ძალიან გამიკვირდა.
_ ნეტავ რა იყო მიზეზი? _ იკითხა მაშომ, _ რამე ისეთ წამალს ხომ არ სვამდი?
_ არა, არა, ავად არ ვყოფილვარ, საერთოდ არ ვუჩივი ჯანმრთელობას. თუ არ ჩავთვლით… _ თქვა ლელიმ და ენას კბილი დააჭირა. არ უნდოდა, იონას თანდასწრებით ეთქვა, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს ყლაპავდა.
მაშო მიუხვდა.
_ გასაგებია, არაფრის ახსნა არ არის საჭირო.
_ მაგრამ მე ვერაფერი გავიგე, _ გააპროტესტა იონამ, _ ეს რა ქალური საიდუმლოებების დილა გამიმართეთ?
_ აუცილებელი არაა, ყველაფერი იცოდე, _ თითი დაუქნია დამ ძმას, _ არის წამლები, რომლებიც გვერდით მოვლენებს იწვევს. გასაგებია?
_ რა თქმა უნდა, გასაგებია. როგორც მივხვდი, ეს ის წამლებია, რომელთა მიღება ლელის უახლოეს წლებში არ მოუწევს, _ ეშმაკური ღიმილით წარმოთქვა იონამ.
_ ვითომ რატომ? _ მაშო დარწმუნებული იყო, რომ მისი ძმა ვერაფერსაც ვერ მიხვდა.
_ იმიტომ, რომ მე შვილები მინდა მყავდეს, _ ნიშნის მოგებით უპასუხა იონამ და ლელის დაჟინებით ჩააცქერდა თვალებში.
ქალს ღაწვები აუფორაჯდა. თავი დახარა, რომ სიწითლე როგორმე დაემალა. თითქოს ბედნიერების აზვირთებული ტალღა მოასკდა მოულოდნელად და თან ჩაითრია. უეცრად შიში დაეუფლა. ნუთუ ასე ხდება ხოლმე? აი, ასე _ რომ ყველაფერი ზედმეტად კარგად იყოს? შეეცადა, შიში განედევნა. ოდესმე ხომ უნდა იყოს ყველაფერი კარგად. ნუთუ არ დაიმსახურა?
საუზმის შემდეგ მაშო წყვილს დაემშვიდობა და თბილისში გაემგზავრა. ლელი და იონა კი ეკლესიაში წავიდნენ სანთლების დასანთებად. ლელის კვლავ მოუწია ტანსაცმლის გამოცვლამ, ეკლესიაში შორტით ვერ წავიდოდა, ამიტომ იძულებული გახდა, ისევ მაშოს გარდერობით ესარგებლა.
როცა ეკლესიიდან გამოვიდნენ, იონამ მზის სათვალე გაიკეთა, მაგრამ ლელიმ წაართვა.
_ შენნაირ სიმპათიურ კაცს ნაოჭებიც უხდება, მე კი მზის სხივებს უნდა გავუფრთხილდე, ჯერ ახალგაზრდა ვარ, _ კეკლუცად გაიცინა და სათვალე ცხვირზე დაიკოსა.
იონამ სინანულის გარეშე დათმო სათვალე, ქალს ხელი გადახვია და ვნებიანად უჩურჩულა:
_ მზად ვარ, ყველაფერი დავთმო შენი გულისთვის. _ და ყელზე მხურვალედ აკოცა.
ლელის რაღაცნაირი, არარეალური შეგრძნებები ეუფლებოდა _ თითქოს ეს ყველაფერი მის თავს ხდებოდა, მაგრამ ამასთანავე, შორიდან უყურებდა საკუთარ თავს და მოვლენებს აკვირდებოდა. იონას კოცნაზე კოცნით პასუხობდა, დადიოდნენ ხელიხელჩაკიდებულნი, დაცურავდნენ აუზში და მერე მზეზე ირუჯებოდნენ, წუწაობდნენ წყლის შხეფებით და ბოლოს კვლავ ერთმანეთს კოცნიდნენ…
აი, ახლაც აუზის პირას არიან, შეზლონგზე გაწოლილები. მოულოდნელად იო წამოხტა, გოგონას ხელი დასტაცა და წყალში გადაუძახა. შემდეგ თვითონაც ჩახტა აუზში და როცა ლელიმ თავი ამოყო წყლიდან, მასთან მიცურა. ქალმა კისერზე შემოხვია მამაკაცს ხელები და თვალებში ჩახედა. ამწუთას იოს აუზის წყლისფერი ჰქონდა თვალები _ მომწვანო-მოცისფრო. ჭკვიანი თვალები, ჭკვიანი და ძალიან კეთილი. ასეთი თვალები ქვეყნად არავის აქვს. ასეთი მამაკაცი მეორე არ დადის…
ლელი წყლიდან ამოვიდა და კვლავ შეზლონგზე გაწვა.
_ იმედია, ხელს არ შეგიშლი… _ ზედ ყურთან მოესმა მამაკაცის ჩურჩული.
პასუხად მხოლოდ გაუღიმა, ხმის ამოღება დაეზარა. იონა არც ელოდა პასუხს. მან აუზის კიდესთან გრძელი პლედი გაშალა, რომელიც იქვე, სკამზე იდო დაკეცილი, გოგონას ხელი დაავლო, მსუბუქად ასწია შეზლონგიდან და მასთან ერთად პლედზე დაეშვა.
_ შენს კითხვაზე პასუხი ისევ გაინტერესებს? _ შემპარავი ხმით შეეკითხა მამაკაცი.
_ სიმართლე გითხრა, დიდად არა, _ გაუღიმა ლელიმ და სველი ქოჩორი გაუსწორა, _ ისედაც ყველაფერი ნათელია. _ მერე გვერდზე გადაბრუნდა, შეზლონგის ფეხთან დადებული მობილური ტელეფონი აიღო და საათს დახედა. გაახსენდა, რომ ქეთის შეჰპირდა, ხვალ დაგირეკავო.
_ დასარეკი მაქვს, _ წყნარად თქვა და წამოიწია.
იონა თითქოს რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ თავი შეიკავა. ალბათ იფიქრა, რომ ლელი სოსოსთან აპირებდა დარეკვას. ამიტომ ლელიმ ნათქვამს მეტი დამაჯერებლობა შემატა:
_ ჩემს დაქალს უნდა ველაპარაკო.
_ დაქალს? _ მრავალმნიშვნელოვნად შეხედა იონამ, _ ლამაზია შენი დაქალი?
_ ძალიან. შენს გემოვნებაში ჯდება.
_ ასე კარგად იცნობ ჩემს გემოვნებას?
_ რადგან მისი სილამაზით დაინტერესდი, ესე იგი, ვიცნობ, _ ნიშნის მოგებით უპასუხა ლელიმ და ტელეფონის ღილაკს თითი მიაჭირა.
_ მე ჩემს ძმაკაცებზე ვზრუნავ. იცი, რამდენი მარტოხელა მეგობარი მყავს? _ «თავი იმართლა» იონამ.
_ საწყლები, _ «შეიცოდა» მისი ძმაკაცები ლელიმ.
_ დაპატიჟე ჩვენთან, უთხარი, ტალიკ-ტალიკა ბიჭებს გაგაცნობ-თქო.
ლელის ჩაეცინა. წარმოიდგინა, რა დაემართებოდა იონას, როცა ქეთის დაინახავდა და იფიქრებდა, ლელიმ ჯიბრზე ვანდა გამოიძახა, რომ სამაგიერო გადამიხადოსო.
_ კარგი, დავპატიჟებ, _ ჩუმი ხმით დაამატა და მობილური ყურთან მიიდო.
გაგრძელება იქნება