_ ხვალ წამიყვან თბილისში? _ შეეკითხა ლელი იონას, როცა მის საძინებელში განცალკევდნენ.
_ რამე საჩქარო საქმე გაქვს?
_ საჩქაროც და აუცილებელიც. კლიენტს უნდა შევხვდე.
_ კარგი, _ ამოიხვნეშა იონამ, _ როცა გათავისუფლდები, ეგრევე დამირეკე და უკან წამოგიყვან.
ლელი წამით შეყოყმანდა და გამომცდელი მზერა მიაპყრო მამაკაცს.
_ რა იყო, ასე რატომ მიყურებ? _ გაიოცა იონამ.
_ იო, მე სხვაგან ვცხოვრობ, ხომ არ დაგავიწყდა?
_ და მერე რა პრობლემაა? წამოვიღოთ შენი ნივთები და ბინა პატრონს ჩავაბაროთ.
_ ანუ შენ მთავაზობ, შენთან გადმოვბარგდე საცხოვრებლად? _ დააზუსტა ლელიმ.
_ რა თქმა უნდა. თუ გინდა აქ, თუ გინდა, თბილისში. ხომ იცი, რომ ბინა იქაც მაქვს. და კიდევ… არ არის აუცილებელი, რომ იმუშაო. აწი აღარ მოგიწევს მუშაობა, ეს ჩვენ არაფერში გვჭირდება.
აი, თურმე რა ყოფილა! იონა მას თანაცხოვრებას სთავაზობს, ყოველგვარი დაქორწინებისა და ჯვრისწერის გარეშე, როგორც საყვარელს და არა როგორც ცოლს. თითქოს რომელიღაც ძალიან მგრძნობიარე სიმი გაწყდა გულის სიღრმეში. გადასარევია! ჰმ… არა, ცუდი პერსპექტივა ნამდვილად არ არის, მაგრამ მას რომ სხვა მოლოდინი ჰქონდა? ეგონა, მათ შორის უფრო სერიოზული ურთიერთობა იყო. ეგონა, მის ცოლობაზე ექნებოდა პრეტენზია, თურმე შემცდარა. თანაც, არ იმუშაოო. რას მიქვია, არ იმუშაოს? ლელის სულაც არ სჭირდება იონას ფულები. მან თვითონ უნდა არჩინოს თავისი თავი, სხვის კმაყოფაზე არც აქამდე უცხოვრია და არც მომავალში აპირებს.
_ მაპატიე, მაგრამ ასე არ გამოვა, _ ცოტა არ იყოს, ცივად წარმოთქვა, _ შენთან ცხოვრებას არ ვაპირებ… და არც მუშაობის მიტოვებას… _ მცირეოდენი პაუზის შემდეგ კი დაამატა, _ და საერთოდ, წავალ, ჩემს ძველ საძინებელში დავიძინებ.
_ რა მოგივიდა, ლელი? ისეთი რა გითხარი? გაწყენინე რამე?
_ არა, არ მაწყენინე, უბრალოდ, მინდა კარგად გამოვიძინო. შენს მკლავებში ამას ვერ მოვახერხებ, _ გაღიმება სცადა, _ მაპატიე.
_ როგორც გინდა. წადი, რახან არ იშლი, _ არ დააძალა იონამ.
ლელი საწოლიდან გადმოვიდა და ოთახი დატოვა, თუმცა მიხვდა, რომ გამოძინების იმედი არ უნდა ჰქონოდა. დერეფანში მიმავალს ისე დაუმძიმდა გული, ტირილი მოუნდა. თვითონაც ვერ ხვდებოდა, რატომ იმოქმედა მასზე იონას სიტყვებმა ასე. სოსოსთან რა, სხვა ურთიერთობა აკავშირებდა? მასთანაც საყვარელივით არ ცხოვრობდა? არც მის ცოლობაზე უფიქრია არასდროს. არ დაუხატავს ოცნებებში მასთან ოჯახური იდილიის სურათი და არც ის აზრი გაუვლია გულში, რომ მისგან შვილებს გააჩენდა. ვერც კი წარმოედგინა, როგორი ქმარი და მამა უნდა ყოფილიყო სოსო ან ოჯახის უფროსი. სასაცილოა. როგორც ჩანს, ქვეცნობიერად ყოველთვის გრძნობდა, რომ მასთან ურთიერთობა მხოლოდ დროებითი იყო, არასერიოზული, ხანმოკლე. მას აწყობდა ყველაფერი ისე, როგორც იყო.
ახლა რაღა მოხდა? იქნებ იოს სიტყვებმა იმოქმედა მასზე, მაშოს რომ უთხრა, შვილები მინდა მყავდეს და ჩასახვის საწინააღმდეგო აბები აღარ დასჭირდება ლელისო? და თვითონაც ეგრევე მის მეუღლედ წარმოიდგინა თავი? ისე, რომ დაუფიქრდეს, რაში სჭირდება იონას ლელი ცოლის ამპლუაში? ასეთ მამაკაცს უფრო მაღალი წრის ქალი შეეფერება, ლელისთვის კი საყვარლის როლიც საკმარისია.
მაგრამ… აბა, დაიდოს ხელი გულზე ლელიმ და თქვას, შეუძლია იონაზე უარი თქვას? წამით წარმოიდგინა თავისი ცხოვრება მის გარეშე და ისე მოეწურა გული, თავი ბალიშში ჩარგო და ატირდა. არა, იონას გარეშე ვერ გაძლებს. მისი ყველა უჯრედი იოს სიყვარულითაა გავსებული და გაჯერებული. და თუკი მას სურს, ლელი მისი საყვარელი იყოს, დაე, ასე იყოს, ლელი ამაზეც თანახმაა.
დილით, სარკეში ჩაიხედა თუ არა, მიხვდა, რომ ისევ ტირილი უნდოდა. სახე შესივებოდა, თვალები ჩასწითლებოდა. თითის წვერებზე ჩაიარა კიბე და სამზარეულოში შეიპარა, რომ არავინ გაეღვიძებინა. საყინულე გამოაღო, ყინულის ნატეხები აიღო, ჭიქაში ჩაყარა და კვლავ ოთახში აბრუნდა. საწოლზე წამოწოლილმა ყინულის კუბები თვალის გარშემო დაიწყო, ყველაზე მოზრდილი ნატეხით კი სახის დაზელვას შეუდგა, თან თითებს იტყაპუნებდა ღაწვებზე. როცა პროცედურას მორჩა, თბილი წყლით ჩამოიბანა პირისახე და დილის კრემი წაისვა.
ახლა უკეთ გამოიყურება, აღარ ჰგავს ნაცემ-ნაგვემს. თანდათან უფრო გაუვლის და ცოტა ხანში წუხანდელი უძილობის კვალი აღარც დარჩება.
ქეთი არ გააღვიძა. მას არსად ეჩქარებოდა და დაე, გემრიელად გამოეძინა. ამასთან, წუხელ უთხრა ლელის, ხვალ თბილისში მიკი წამიყვანსო.
დერეფანს დაუყვა. იონას ოთახთან შეჩერდა. წამით შეყოვნდა, მაგრამ მერე მაინც დააკაკუნა. პასუხად დუმილი მიიღო. იფიქრა, ალბათ დამასწრო და დაბლა ჩავიდაო.
იონა მართლაც სამზარეულოში დახვდა.
_ დილა მშვიდობისა, _ მიესალმა მამაკაცი, მიეახლა, ხელები მოხვია და ყვრიმალზე აკოცა, _ უკვე მომეწყინა უშენოდ.
იგრძნო, როგორ დადნა. აბა, როგორ თქვას ასეთ რამეზე უარი? ეს, უბრალოდ, შეუძლებელია.
_ მეც. _ ჩურჩულით მიუგო.
იონამ ხელი შეუშვა.
_ წვენი გამოგიწურე, ალუბლის. გემრიელი გამომივიდა, უკვე გავსინჯე. _ წარმოთქვა ჩაალუბლებული ხმით.
_ მადლობა.
_ მაპატიე, _ მამაკაცი მის ორივე ხელს დასწვდა და თითებზე ეამბორა, _ მე, ალბათ, ძალიან ვაჩქარებ მოვლენებს. თუ გინდა, ჯერ დარჩი შენს ბინაში და მერე ვნახოთ.
_ კარგი, _ დაეთანხმა ლელი და თავი მხარზე დაადო.
ოთახი უცებ დაცარიელდა. საწოლშიც იგრძნობოდა ეს სიცარიელე… სიცარიელე და სიცივე, მიუხედავად იმისა, რომ გაგანია ზაფხული იდგა. იონამ ლოყა ბალიშზე მიდო, სწორედ იმ ადგილას, სადაც ცოტა ხნის წინ ლელის ედო თავი. ბალიშს ჯერ კიდევ შეენარჩუნებინა ქალის სითბო და სურნელი _ მინდვრის ყვავილების ოდნავ შესაგრძნობი სურნელი.
რატომ გაერიდა ასე მოულოდნელად? რატომ წავიდა? განა რა აწყენინა? მან ხომ ერთად ცხოვრება შესთავაზა, რაც სრულიად ლოგიკური იყო ამ სამი დღის გადასახედიდან? ისე შეეწყვნენ ერთმანეთს, თითქოს მთელი ცხოვრება ერთად გაეტარებინოთ. იგრძნობოდა, რომ ერთმანეთის გარეშე ვერ გაძლებდნენ ვერასდროს. იქნებ ეს მხოლოდ მისი შეგრძნებაა და არა ლელის? ან იქნებ, ისევ სოსოსთან უნდა დაბრუნება და ბოლომდე ვერ გარკვეულა თავის გრძნობებში? ეჭვიანობამ დარია ხელი. არა, ეს შეუძლებელია. ის ისეთი ბედნიერი თვალებით შემოხედავს ხოლმე… თან უთხრა, მიყვარხარო. არც ბავშვების გაჩენის იდეა გაუპროტესტებია. ახლაც თვალწინ უდგას იონას ლელის ანთებული მზერა, როცა ამ თემაზე ჩამოაგდო საუბარი.
ალბათ დრო უნდა მისცეს. როგორც ჩანს, არ არის მზად, ასე მკვეთრად და უცებ შეცვალოს თავისი ცხოვრება. არა უშავს, დაელოდება. იმდენ ხანს დაელოდება, რამდენიც ლელის დასჭირდება.
ლელი თბილისში დაბრუნდა. იონა საგურამოში დარჩა. იგი დღეში რამდენჯერმე ურეკავდა ქალს. ურეკავდა დილით, რომ დილა მშვიდობისა ეთქვა. ურეკავდა შუადღეს, რომ მოეკითხა, და საღამოს, რომ ღამე მშვიდობისა ესურვა.
მთელი ორი დღე არ უნახავთ ერთმანეთი. თითქოს ორივე გაურბოდა შეხვედრას. ამ ორი დღის განმავლობაში იონა საბოლოოდ მიხვდა, რომ ლელი იყო ის ერთადერთი, რომელსაც ცოლად შეირთავდა. მსგავსი სურვილი სხვა დროს არ გასჩენია, მიუხედავად იმისა, რომ არაერთ ქალთან ჰქონია ურთიერთობა, მათ შორის _ სასიამოვნოც და ხანგრძლივიც. ამიტომ დღეს ამ თემაზე მამას უნდა მოელაპარაკოს. როგორც ჩანს, დადგა დრო, ოჯახი შექმნას.
მამა საცაა, მოვა. დღეს თათბირი აქვთ და იქამდე როგორმე მოასწრებს დალაპარაკებას. იშვიათად უხდება მამასთან საუბარი, ამისთვის არასდროს ჰყოფნით დრო, სულ გადარბენაზე არიან. განსაკუთრებით მამა, რომელსაც წარამარა შეხვედრები აქვს, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. დაახლოებით ერთი წლის წინ მამამ კომპანიის მართვის სადავეები პრაქტიკულად მას გადასცა, მაგრამ ნომინალურ პრეზიდენტად ჯერჯერობით ისევ თვითონ დარჩა, საქმეს ასე სჭირდება და იმიტომ. მას მეტი კონტაქტი აქვს და მართვის საქმეებშიც უფრო გამოცდილია, ვიდრე იონა.
იონამ მდივანი გამოიძახა.
_ ნანი, მამაჩემი რომ მოვა, ეგრევე ჩემთან შემოვიდეს, კარგი?
_ გასაგებია, ბატონო იონა.
ხუთი წუთიც არ გასულა, რომ რამაზმა შვილის კაბინეტში შეაბიჯა. იონა მიეგება მამას.
რამაზ ნიშნიანიძეს საფეთქლები გაჭაღარავებოდა, მაგრამ ჯერ ისევ წარმოსადეგი მამაკაცი იყო. მას ჯერ სამოციც არ შესრულებოდა. ცოლის გარდაცვალება ძალიან განიცადა, რადგან საკუთარ თავზე მეტად უყვარდა. იონასთვის მათი სიყვარული თითქოს მაგალითის მიმცემი იყო, უნდოდა, თვითონაც გამოეცადა მსგავსი და მთელი ცხოვრება ისე ჰყვარებოდა მომავალი ცოლი, როგორც მის მშობლებს უყვარდათ.
_ გავიგე, ამ თვის გეგმა კარგად შეგვისრულებია. _ გაიღიმა რამაზმა.
_ ზაფხული რომ არა, უფრო კარგად წავიდოდა საქმე, _ თავი გააქნია იონამ, _ მაგრამ არა უშავს, შემოდგომიდან გამოსწორდება მუშაობა.
_ მაგაზე თათბირზე ვილაპარაკოთ.
რამაზი მაგიდას მიუჯდა, თითები ერთმანეთში გადახლართა და ვაჟს მიაჩერდა.
_ შენი ამბები როგორ მიდის? ახალი რა არის? როგორ ჩაიარა სუფრამ? კიდევ ერთხელ მაპატიე, რომ დროზე ვერ ჩამოვფრინდი.
_ ვიცი, მამა, რას მებოდიშები… ყველაფერი ნორმალურადაა და ერთი კარგი ამბავიც მაქვს.
მამაკაცმა წარბები აწკიპა და გამომცდელად მიაჩერდა შვილს.
_ ოჰო, ესე იგი, საქმე სერიოზულადაა. სხვა დროს შენ ძალიან მოკლედ მპასუხობდი ხოლმე, ყველაფერი რიგზეაო და მორჩა.
იონამ ჩააახველა.
_ გახსოვს, დედა რომ ცოცხალი იყო, ორივეს გითხარით, ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ გაგაცნობთ ჩემს მეგობარ გოგოს-მეთქი?
_ და ის ჩემი საცოლე იქნებაო, _ მისი სათქმელი მამამ გააგრძელა, _ მახსოვს, როგორ არ მახსოვს.
_ ჰოდა, შევხვდი ასეთ გოგოს.
_ ამას რა ჯობია. ერთხელაც ხომ უნდა მომხდარიყო ეს. ნამდვილად გამახარე, იო. ცუდია, დედაშენი რომ ვერ მოესწრო ამ დღეს. სიყვარული ერთადერთია, რასაც აზრი აქვს ამქვეყნად.
_ მადლობა, მამა. ამ დღეებში გაგაცნობ.
_ გამიხარდება, _ რამაზი წამოდგა, შვილს მხარზე დაჰკრა ხელი და კაბინეტიდან გავიდა.
გაგრძელება იქნება