ის მაგიდასთან იჯდა, დაძაბული მისჩერებოდა კომპიუტერის მონიტორს და არანაირი რეაგირება არ მოუხდენია ლელის გამოჩენაზე.
- იო… მე მოვედი და… - ხმა ჩაუწყდა და დადუმდა, წინადადების გაგრძელება ვერ მოახერხა.
მან თავი ასწია და მშრალად მიუგო:
- ვხედავ. დაჯექი. გისმენ.
სამი სიტყვა უთხრა, რომელიც სამ წინადადებას უდრიდა. და ისე წარმოთქვა სამივე ერთმანეთის მიყოლებით, თითქოს უცხო ადამიანს ელაპარაკებაო.
ლელის შეამცივნა. რას ნიშნავს ასეთი მიღება? ნუთუ უკვე იცის ყველაფერი? რამაზმა მოასწრო და უამბო, რაც ხდებოდა? როგორც ჩანს, ასეა.
ლელი დაჯდა, აცახცახებული ხელებით ჩანთა გახსნა, კოლოფი ამოიღო და თავისი არშემდგარი ბედნიერების ნიშანი მაგიდაზე დაუდო მამაკაცს.
- აი… გიბრუნებ… შენ ხომ გესმის… ყველაფერი შეიცვალა…
- ჰო, - ყრუდ უპასუხა იონამ, - ეს ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო, - დაეთანხმა მამაკაცი, ბეჭდის კოლოფი აიღო და უდიერად ჩააგდო პატარა მოწნულ კალათში, რომელშიც კალმები ეყარა. მერე კვლავ გულგრილი გამომეტყველებით მიაჩერდა მონიტორს.
გაუსაძლისი სიჩუმე ჩამოწვა. თითებგადახლართული ლელი ისე უჭერდა ხელებს ერთმანეთს, ძვლებს ტკაცატკუცი გაუდიოდა. იონა ჩუმად იყო, იოტისოდენა ყურადღებას არ აქცევდა გოგონას. მისი დუმილი აუტანელი გახდა, სიჩუმე კი - მეტყველი. ასეთი მეტყველი სიჩუმე პირველად იგრძნო ლელიმ. თითქოს ცხადად ჩაესმოდა ყურში, როგორ საყვედურობდა მამაკაცი. ადგა და კარისკენ გაემართა. კაბინეტის შუამდე რომ მიაღწია, გაჩერდა და შემობრუნდა.
- ასე ძალიან აუტანელი გავხდი შენთვის?
შეამჩნია, როგორ აუკანკალდა მამაკაცს მარჯვენა ხელის თითები, თუმცა სრულიად აუღელვებლად მიუგო:
- შენ როგორ ფიქრობ?
- მაგრამ მე ხომ… მე ხომ არ ვარ ამაში დამნაშავე.
- რა თქმა უნდა, - ირონია გაისმა იონას ხმაში, - შენ არ ხარ დამნაშავე, იდიოტად რომ გამომიყვანე. შენ არ ხარ დამნაშავე, რომ სოსოსნაირი ცხვირმოუხოცავი კრეტინები მოგწონს ან მამაჩემისნაირი ზრდასრული კაცები. შენს ადგილას, ჩემო კარგო, ფსიქოთერაპევტს მივაკითხავდი და რამდენიმე გონივრულ სეანსს ჩავიტარებდი.
მამაკაცმა მზერა მოსწყვიტა მონიტორს და დამცინავად გახედა შუა ოთახში გახიდულ ქალს, რომელიც თავის გამართლებას არ აპირებდა. არადა, ლელი დაამუნჯა მისმა ნათქვამმა. აი, თურმე რა ყოფილა! იონა ფიქრობს, რომ მას მამამისთან აქვს რომანი. ესე იგი, არ შეშლია, როცა დღეს, მის ჭიშკართან იოს მანქანა დალანდა. იონამ დაინახა ისინი და დასკვნაც თავისებური გამოიტანა. გასაგებია… იქნებ ეს სულაც არ არის უარესი ვარიანტი? შეიძლება ჯობია კიდევაც, მან ასე იფიქროს? ნაღვლიანად გაიღიმა.
- მშვიდობით, იო.
- მშვიდობით.
ლელის თვალთ დაუბნელდა…
ანგარიშმიუცემლად მიაბიჯებდა ქუჩაში. არ უკვირდებოდა, საით მიდიოდა. მხოლოდ მაშინ გამოერკვა, როცა პარკში შევიდა და იმ მერხზე ჩამოჯდა, სადაც პირველად შეხვდა იონას. ოღონდ ამჯერად არც პალიტრა ეჭირა ხელში და არც მოლბერტი იდგა მის ახლოს. გაახსენდა, როგორ წააქცია მამაკაცმა მისი მოლბერტი და როგორ დააბნია თავისმა საქციელმა. ეს მათი პირველი შეხვედრა იყო, რომელიც ლელის მასთან არასდროს უხსენებია. შეეშინდა, ვაითუ, ვერ გამიხსენოს და გული დამწყდესო. ახლა ცუდად იყო, ძალიან ცუდად. ასე ცუდად არასდროს უგრძნია თავი, მიუხედავად იმისა, რომ მისი ცხოვრება ია-ვარდებით მოფენილი არ ყოფილა. ცხოვრებას არასდროს გაუნებივრებია, სიხარულით ფრთების შესხმა და აღმაფრენის მომენტები დიდად არ ჰქონია, მაგრამ, ასე თუ ისე, გაწონასწორებული ეტაპები ჰქონდა, ყოველგვარი ზედმეტი პერიპეტიების გარეშე. ერთადერთი დიდი ტკივილი, რაც აქამდე გამოსცადა, სოსოს ღალატი იყო, რომელიც ამწუთას სასაცილოდ ეჩვენებოდა. ბოლოს და ბოლოს, სოსო ჯერ კიდევ არ არის დაღვინებული. როგორ უწოდა იონამ? ცხვირმოუხოცავი კრეტინიო? ჰო, ასეც არის. პატარა ბავშვივით იქცევა ხანდახან, თუმცა ეს დროებითია. გავა დრო და დადუღდება.
დიდხანს ვერ გაძლო პარკში. ქუჩაში გავიდა და ტაქსი გააჩერა.
რამდენიმე წუთის შემდეგ სოსოს ბინის კართან იდგა ხელაწეული და ყოყმანობდა, დაერეკა თუ არა ზარი. ბოლოს გადაწყვიტა, დაერეკა…
კარი სოსომ გაუღო. უსიტყვოდ შეხედეს ერთმანეთს. ლელიმ ოთახში შეაბიჯა. საოცარი სისუფთავე სუფევდა ირგვლივ, რასაც ლელი არ ელოდა. ერთად თანაცხოვრების განმავლობაში სოსოს ერთხელაც არ უცდია აქაურობის დალაგება. ყველაფერი ისევ ისე იყო, როგორც ლელიმ დატოვა, არაფერი შეცვლილიყო მისი წასვლის შემდეგ.
- როგორ ხარ, პატარავ? - გამხიარულდა სოსო, მხარზე გადახვია ქალს ხელი და ლოყაზე აკოცა, - რამეს დალევ? კარგი ღვინო მაქვს.
- არა, მადლობა, არაფერი არ მინდა. - ამოიოხრა ლელიმ და იქვე მდგარ ნაცნობ სარწეველა სავარძელში ჩაჯდა. თვალები დახუჭა და რაღაც მომენტში ყველაფერი, რაც ბოლო ხუთი თვის განმავლობაში გადახდა, სიზმრად მოეჩვენა. თითქოს არც კი გასულა ამ ბინიდან, თითქოს აქ, თავის საყვარელ სარწეველაში ეძინა აქამდე და მხოლოდ ახლა გამოიღვიძა. სოსოც ხომ აგერაა, მის გვერდით…
- გაფითრებული ხარ. რამე მოხდა? რატომ დამეკარგე ბოლო დროს, სად გაუჩინარდი? -დააყარა მამაკაცმა შეკითხვები.
- ყველაფერი რიგზეა, სოსო. უბრალოდ, ბევრი სამუშაო მქონდა. იცი? შემკვეთები უკვე რიგში დგანან, ამდენი კლიენტი არასდროს მყოლია, - ნაღვლიანი ღიმილით ახედა თავზე წამომდგარს, - ასე რომ, როგორც დიზაინერი, არნახული პოპულარობით ვსარგებლობ.
- მაგარია! ძალიან მიხარია შენი წარმატებები, ლელი! - წამოიძახა სოსომ, მის წინ ჩაიცუცქა და თავი მუხლებზე დაადო ქალს.
- არ იცი, როგორ მომენატრე.
ლელიმ თავზე ხელი გადაუსვა.
- არ ვიცი, რატომ მოვედი, ამას ვერ აგიხსნი… უბრალოდ, მინდოდა, ძველი დრო გამეხსნებინა, იქნებ ცოტათი მაინც მომგვაროს შვება, - დაიჩურჩულა თვალზე ცრემლმომდგარმა და ქვედა ტუჩი მოიკვნიტა, რომ არ ატირებულიყო.
- მესმის, ჩემო პატარავ, ყველაფერი მესმის, - დაუყვავა სოსომ, - ვიცი, ადვილი არ არის ჩვენი ურთიერთობის აღდგენა, მაგრამ ხომ შეიძლება, ვცადოთ? მე არ გაჩქარებ, დრო თავზე საყრელად გვაქვს. ვიფიქროთ, გავაანალიზოთ… - და მამაკაცმა ერთგული ძაღლივით საწყალობელი მზერა მიაპყრო.
ლელის ტუჩის კუთხეში ძლივს შესამჩნევი ღიმილი გაუკრთა. მას ახსოვდა მსგავსი სცენა იმ ძველ, დამპალ «პიესაში», როცა პირველად მოვიდა სოსოსთან შესარიგებლად…
უარესად გააღიზიანა მისმა მზერამ და თვალები დახუჭა, რომ მეტად აღარ დაენახა იგი…
სოსოსთან დიდხანს არ გაჩერებულა. ათიოდე წუთის შემდეგ დაემშვიდობა მამაკაცს და სახლისკენ გასწია. მხოლოდ შინ მისულმა იგრძნო, როგორ გამოლეოდა ძალ-ღონე, ერთიანად გამოფიტულიყო, თითქოს მთელი დღე ფიზიკურად ეშრომოს. ქეთის დაურეკა და სთხოვა, ცოტა ხნით მასთან ეცხოვრა. გრძნობდა, რომ მარტო ყოფნა ბოლოს მოუღებდა. ქეთი მაშინვე მოვიდა და დაინახა თუ არა, რა ყოფაშიც იყო მისი დაქალი, ლამის ძალით შეაგდო სააბაზანოში, თვითონ კი სადილის მომზადებას შეუდგა. ქალი შიშმა შეიპყრო, ვაითუ, რამე აუტეხოს ლელიმ თავსო და წამით არ შორდებოდა. წარამარა აკაკუნებდა სააბაზანოს კარზე, ხომ კარგად ხარ, გული არ წაგივიდესო. ლელიც უღონოდ გამოსძახებდა, მალე გამოვალო.
- რა ქენი, დაუბრუნე ბეჭედი? - შეეკითხა ქეთი, როცა სუფრას მიუსხდნენ.
- დავუბრუნე, - თავი დაუქნია ლელიმ და უხალისოდ ჩაკბიჩა ცხელი მჭადი, - ჭამის სურვილიც აღარ მაქვს, არადა, როგორი გემრიელია, - დააყოლა.
- შენ ყველი უნდა ნახო, რა მაგარია, ჩემს თანამშრომელს გამოუგზავნა დედამისმა სოფლიდან და ერთი თავი მაჩუქა. ნახევარი შენ წამოგიღე. გასინჯე, ჭამით ვერ გაძღები, ისეთია.
ლელიმ ყველი მოიტეხა.
- ოუ! მართლა უგემრიელესია.
- აბა, მე რას გეუბნებოდი! მერე, მერე? მომიყევი, რაო, რა გითხრა, ბეჭედი რომ დაუბრუნე?
- არაფერი, თქვა, რომ სწორად მოვიქეცი.
ქეთის თვალები დაუმრგვალდა.
- ეგ როგორ? მართლა ასე გითხრა? რა, მამამისმა ყველაფერი უამბო? გაუხსნა კარტები?
- თავიდან მეც ასე მეგონა, მაგრამ შევცდი. უფრო მარტივად გადაწყდა საქმე. იონას ჰგონია, რომ მე მამამისთან რომანი გავაბი.
- ოუფ! - გაეცინა ქეთის, - როგორი მიხვედრილი ყოფილა! და არ აუხსენი, რომ ასე არ არის?
- რისთვის? - მხრები აიჩეჩა ლელიმ და მჭადი და ყველი თეფშზე დადო, - დაე, ეგონოს, ჩემთვის სულერთია.
- არ ვიცი, არ ვიცი… - ეჭვნარევი ხმით გაწელა სათქმელი დაქალმა, - როგორი პასიური ხარ, ლელი, რა. შენს ადგილზე მე მაგათ სეირს ვუჩვენებდი.
- რა საჭიროა, ქეთი? იონა არაფერ შუაშია, ის ისეთივე მძევალია სიტუაციის, როგორიც მე. რაც შეეხება მამას, არ ვიცი, უნდა მოვიფიქრო, როგორ გავაგრძელებ მასთან ურთიერთობას.
- როგორ და მშვენივრად! - წამოიძახა ქეთიმ, - მაგას რა დიდი ფიქრი უნდა? კეთილი ინებოს და გაგიხსნას დიზაინერული სააგენტო, შენ ხომ სულ ამაზე ოცნებობდი?
- ოხ, ქეთი, ქეთი, - თავი გააქნია ლელიმ, - ალბათ არ დამიჯერებ, მაგრამ ახლა ყველაზე ნაკლებად მაღელვებს სააგენტოც და მამაჩემის ფულებიც.
ქეთიმ თანაგრძნობით შეხედა მეგობარს.
- მესმის შენი, მაგრამ უნდა შეეგუო სიტუაციას და შენსას უნდა შეეცადო. ყველაფერი უნდა მოსთხოვო, რაც გეკუთვნის. ისე აგისრულებს ეგ შენი რამაზი სურვილებს, როგორც დაგიბარებია. იქამდე კი დაისვენე და ცოტა აზრზე მოდი, დანარჩენს შენ თუ არა, მე მივხედავ.
დილიდან არ გაჩერებულა. ჯერ გამოგავა ოთახი და სამზარეულო, მერე გამოწმინდა. ბოლოს მაგიდის ტილო მოიმარჯვა და მტვრიან ავეჯს დაუარა. თან იმაზე ფიქრობდა, როგორმე დროზე დაემთავრებინა აღებული საქმე. კიდევ კარგი, პროექტი დროზე გააკეთა და საქმეს იქამდე შეუდგა, ვიდრე ეს ამბები მოხდებოდა, თორემ ალბათ ვეღარ იმუშავებდა. არც ახლა ეხალისებოდა საქმის კეთება, მაგრამ თავს ძალას ატანდა, რომ არ შერცხვენილიყო. აი, მორჩება ამ ერთ შეკვეთას და მერე ცოტა ხნით დაისვენებს, თორემ ასე ვეღარ გააგრძელებს მუშაობას. თავისი ინერტულობით შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს და ძლივს მოპოვებული პოპულარობა წყალს გაატანოს. ფაქტია, რომ გონებაში ერთი საღი აზრიც არ უტრიალებს. რასაც უნდა აკეთებდეს, თვალწინ სულ იონა და მამამისი უდგას. გულს ვერაფერს უდებს და ასე თუ გააგრძელა, ყველა კლიენტს დაკარგავს. არა, ეს არ უნდა დაუშვას.
ამ ფიქრებში გართულს სოსომ დაურეკა.
- პატარავ, შენთან მინდა გამოსვლა, მარტო ხარ?
- გამოდი, საღამომდე მარტო ვარ, ქეთი სამსახურშია.
- ოკეი, მოვრბივარ.
ლელიმ გარდერობი გამოაღო და ტანსაცმელს თვალი შეავლო. რაც უნდა იყოს, სოსო მისი ყოფილი მამაკაცია და ფორმაში უნდა დახვდეს. რატომ უნდა აფიქრებინოს, ეს გოგო რას დაემსგავსაო? აჯობებს, ლამაზად გამოეწყოს და ისე დახვდეს. თუმცა, რამდენიმე წამში გადაიფიქრა. მისთვის მართლა არ ჰქონდა მნიშვნელობა, მოეწონებოდა თუ არა სოსოს. ახლა ეს აღარ აღელვებდა.
გაგრძელება იქნება