ერთი კვირა გავიდა და ლელის ეჭვები გაუმძაფრდა. რაღაც ისე ვერ გრძნობდა თავს, როგორც ადრე. აი, დილით, ჭურჭელს რეცხავდა და უეცრად თავბრუ დაესხა. ეგრევე სკამზე ჩამოჯდა და მაგიდის კიდეს ჩაეჭიდა, რომ არ წაქცეულიყო. მერე კალენდარს ეცა, სამზარეულოს კედელზე რომ ეკიდა და თითებით ჩაუყვა ციფრებს. არა, არ ეშლება. ან კი რა გამოთვლა უნდა მაგას. ახლა უკვე ზუსტად იცის, რომ ექვსი კვირის ორსულია. თავისი ეჭვის დაგვირგვინება კი სულ რაღაც ერთი საათის წინ მოხდა. გული აერია და ძლივს შეასწრო ტუალეტში. კიდევ კარგი, დედა არ იყო შინ, თორემ შეაშინებდა ქალს. ის ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა ლელის დაორსულებას, უბრალოდ, იფიქრებდა, მოიწამლაო და გამოკითხვას დაუწყებდა, რა ჭამე, რამ გავნო, კუჭი გამოირეცხე და ათას მსგავს რამეს ეტყოდა.
თავზე ხელები შემოიჭირა. ნუთუ ეს მოხდა? ასე რატომ დასაჯა ცხოვრებამ? განა საკმარისი არ იყო, რაც მოხდა? ეს დაორსულება რაღა საჭირო იყო? მის ცოდვებს ბავშვიღა აკლდა! არა, რა სისულელეა, იონა მისი ძმა რომ არ ყოფილიყო და ისე დაშორებოდნენ ერთმანეთს, ამ ბავშვს აუცილებლად გააჩენდა, მაგრამ ახლა? არავითარ შემთხვევაში! ისედაც თავზარდაცემული დადის. სიტყვა ინცესტის გახსენება ზარავს.
საწოლზე წამოწვა და თავი ბალიშში ჩარგო. ძლივს დაუახლოვდა დედას, ძლივს იგრძნო თავი ოჯახის სრულფასოვან წევრად, მამინაცვალთანაც გამონახა საერთო ენა… თითქოს ცოტათი დამშვიდდა და უცებ ეს საშინელება! ღებინების შეგრძნება არა და არ შორდებოდა. ყველაფრის კეთების ხალისი წაერთვა. საღამოობით ბიბის ეხმარებოდა ხოლმე გაკვეთილების მომზადებაში, ახლა ამის სურვილიც გაუქრა. არა, სურვილი კი არ გაუქრა, თავი აღარ ჰქონდა.
ამას წინათ დედას მოუყვა სოსოს შესახებ, არ დაუმალა, როგორი ცუდი ადამიანი გამოდგა იგი.
_ დიდი ნაძირალა ყოფილა ის შენი სოსო, _ ხელი აიქნია დედამ, _ თავიდანვე უნდა დაგეჯერებინა ქეთისთვის. როგორც ჩანს, ის უფრო ერკვევა ადამიანებში, ვიდრე შენ, _ ხუმრობით დაუქნია დედამ საჩვენებელი თითი.
სამაგიეროდ, იონაზე არ მოუყოლია. ენა არ უბრუნდებოდა, მასზე ელაპარაკა. საკმარისი იყო, იო გახსენებოდა, ეგრევე ცრემლებით ევსებოდა თვალები. ცდილობდა, არ ეფიქრა მასზე, სხვა რამეზე გადაეტანა ყურადღება. ასე უფრო ადვილი იქნებოდა მისი დავიწყება.
ლელი გვერდზე გადატრიალდა და ხელები მუცელზე დაიწყო. ცდილობდა, რამე ეგრძნო, მაგრამ იცოდა, რომ ჯერ ადრე იყო, რამე ეგრძნო. იქნებ სულაც არ არის ორსულად და უბრალოდ, შეშინებულს ეჩვენება, რომ ასეა? ცრუ ორსულობაც ხომ არსებობს? რამდენჯერ გაუგია, ქალს მუცელი გაზრდია, თავი ორსულად ეგონა და შემცდარა. ეჰ… ნეტავ ასე იყოს, _ ამოიგმინა გოგონამ, პლედი ფეხებზე გადაიფარა და თვალები დახუჭა…
_ ლელი, ლელი! _ ჩაესმა ძილში ლაკოს ხმა და დაფეთებული წამოხტა.
_ რა მოხდა, დე?
_ რა გჭირს? ფერი გაქვს დაკარგული და მთლიანად ოფლში ცურავ, თან კვნესოდი ძილში. ავად ხომ არ გახდი?
ლელი დედას მიაჩერდა და მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ წარმოთქვა:
_ როგორ გითხრა… ორსულობას თუ შეიძლება ავადმყოფობა ეწოდოს, მაშინ გამოდის, რომ ავად ვარ.
ლაკოს სახე წამით გაუქვავდა. მერე შვილის თავი მკერდზე მიისვენა და ხელები მოხვია, თან ხმადაბლა უთხრა:
_ არა უშავს, შვილო, ყველაფერი კარგად იქნება, _ ზურგზე ნელა დაუსვა ხელი, _ ამ სახლში რამდენი ხანია, პატარა არ ატირებულა. ეს დიდი სიხარულია, მერწმუნე.
ლელიმ შეხედა. მას ბედნიერების ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. ეჰ, დედა, დედა… კიდევ კარგი, არ იცი, რომ ამაში გასახარი არაფერია.
ერთი საათის შემდეგ დედა-შვილმა ქალაქის პოლიკლინიკას მიაშურა გინეკოლოგთან კონსულტაციისთვის. ექოსკოპიამ მისი ეჭვი დაადასტურა. ის ორსულად იყო.
_ არანაირი პათოლოგია, ნაყოფი სრულიად ჯანმრთელია, ყველა მაჩვენებელი ნორმაშია, _ გამოუცხადა გინეკოლოგმა, როცა ექოსკოპიის პასუხს გაეცნო.
«ღმერთო, რა საშინელებაა», _ გაიფიქრა შეძრწუნებულმა, მისი შვილი დღითიდღე იზრდება მუცელში, მან კი უნდა მოკლას იგი.
_ რატომ ხარ ასე დანაღვლიანებული, ლელი? _ გამოელაპარაკა დედა, როცა გარეთ გამოვიდნენ, _ ხომ არ გეშინია? მერა რა, რომ… _ აღარ დაამთავრა აზრი, _ მეც ეგრე გაგაჩინე, მაგრამ წამითაც არ მინანია. აუცილებელი არ არის, გვერდით ქმარი გყავდეს, როცა შვილს აჩენ. დედობა სულ სხვა გრძნობაა.
_ ოხ, დედა…. _ ლელიმ ხელი ჩასჭიდა ლაკოს, _ რომ იცოდე, რა დღეში ვარ, მაგას არ მეტყოდი.
ლაკო შედგა, შვილისკენ შებრუნდა, ნიკაპი აუწია და მკაცრად ჩახედა თვალებში.
_ ეს შენი შვილია, ლელი. შენ მას გაზრდი და აღზრდი ისე, როგორც შენ ჩათვლი საჭიროდ. არ იფიქრო მაგ კაცზე. ის შენი სიყვარულის ღირსი არ არის.
ლელიმ თავი დედის მკერდში ჩარგო და ასლუკუნდა.
_ შენ არ იცი, მას როგორი მამა ჰყავს, დე. როგორი კარგი, არაჩვეულებრივი. ის ყველაზე უკეთესი მამაა დედამიწის ზურგზე. უბრალოდ… მე არ ვიცი, როგორ მოვიქცე, ჩემი ბრალია, რაც მოხდა. მას არ უნდოდა ჩემი მიტოვება, მე მივატოვე, თან მიზეზიც არ მითქვამს.
_ მაგრამ შენ თვითონ არ მეუბნებოდი, ცუდი ადამიანი გამოდგაო?
_ არა, დე, ბავშვის მამა სხვაა. მასზე არ მომიყოლია შენთვის, შენ მას არ იცნობ. _ თქვა ლელიმ და ისევ ატირდა.
_ აბა, რა გატირებს, პატარა გოგო ხომ არ ხარ. შენი ნებაა, ნუ მომიყვები. რადგან დაშორდი, ესე იგი, გქონდა მიზეზი. არა უშავს, ყველაფერს მოევლება, საყვარელო. შენთვის ახლა ნერვიულობა არ შეიძლება. ყველაფერი კარგად იქნება, გესმის? ყვე-ლა-ფერი კარ-გად იქნე-ბა, _ დამარცვლა ლაკომ და ქალიშვილს ორივე ლოყა დაუკოცნა.
იონას ლელიზე ფიქრი გონებიდან არ შორდებოდა. რა კარგი მსახიობი გამოდგა, როგორ გააცურა ქალმა. რომ არა შემთხვევითობა, ამას ვერასდროს გაიგებდა. თუმცა რა, ლელიმ თვითონ დაუბრუნა ბეჭედი, თავისი სურვილით. კიდევ კარგი, ცოტა სინდისი მაინც შერჩა და ერთდროულად ორივესთან არ გააგრძელა შეხვედრები. რა საზიზღრობაა! როგორ მოუვიდა თავში აზრად, ყოველივე იმის შემდეგ, რაც მათ შორის იყო, მამამისთან გაეგრძელებინა ურთიერთობა? თითქმის დანიშნულები იყვნენ, ბეჭედიც კი აჩუქა იმის ნიშნად, რომ ცოლად შეერთო. იმ დღეს კი მამამისის ჭიშკართან შეასწრო ორივეს. არასდროს დაავიწყდება, როგორ აკოცა რამაზმა ყელში, თან მის ხელს ეფერებოდა. თვითონ იმიტომ მიიჩქაროდა მამასთან, რომ გაერკვია, რატომ მოიქცა წინა დღეს ასე უცნაურად. არადა, აშკარად შეატყო, როგორ ანერვიულდა ლელი, როცა რამაზთან მიიყვანა. მაშინვე მიხვდა, რომ სულ სხვა იყო ეს ნერვიულობა და სამამამთილოს გაცნობას არ გამოუწვევია იგი. ლელი აშკარად რაღაცას მალავდა. ახლა მისთვის ყველაფერი გასაგებია. თურმე სულაც არ ყოფილა შემთხვევითი, ასე რომ უყურებდნენ ერთმანეთს. არა, აქ რაღაც ხდება, ისეთი რამ, რაც იონამ არ იცის. მათ უფრო მეტი რამ აკავშირებთ ერთმანეთთან, ვიდრე შემთხვევითი ნაცნობობაა. ბეჭედი რომ დაუბრუნა, სწორედ ამის დამადასტურებელი საბუთია. ლელიმ შეამჩნია მისი მანქანა, მიხვდა, რომ თავი გასცა და სასწრაფოდ მოუტანა ბეჭედი. არადა, მაინც ყოყმანობდა იქამდე, იქნებ მოეჩვენა და არც არაფერი ხდებოდა ლელისა და მამამისს შორის. სულაც არ უნდოდა იმის დაჯერება, რომ მისი რჩეული ერთი ფარისეველი, აფერისტი და მოღალატე ქალი იყო, ფულზე მონადირე ძუ და მეტი არაფერი.
მაგრამ მამა? მთელი ცხოვრება ცდილობდა, მას დამსგავსებოდა, ის იყო მისი იდეალი, ერთადერთი ადამიანი, რომელსაც თვალდახუჭული ენდობოდა. იმ დღის შემდეგ რამაზის დანახვა აღარ უნდა. დაურეკა ერთხელ, მაგრამ იონამ არ უპასუხა მის ზარს. მერე მოსამსახურეს დაარეკინა, ბატონი რამაზი გერმანიაში მიემგზავრება და თქვენთან დაკავშირება ვერ მოახერხაო. იქნებ ასე უკეთესია. ვინ იცის, ჩხუბიც კი მოსვლოდა მამასთან. სავარაუდოდ, ასეც იქნებოდა. თავს ვერ შეიკავებდა და არავინ იცის, ცხელ გულზე რას მოიმოქმედებდა.
ვერავინ გაიგებს, რა გადაიტანა, როცა ლელი მასთან მივიდა ბეჭდის დასაბრუნებლად. ახლაც არ იცის, როგორ შეინარჩუნა სიმშვიდე, ძალიან გაუჭირდა გულგრილობის ნიღბის აფარება. ძალიან უნიჭოდ გამოუვიდა. ლელი ალბათ დღესაც სიცილით კვდება. რა გასაკვირია, ის ხომ მისნაირი მსახიობი ვერ არის.
უკვე თვე გავიდა, რაც ერთმანეთს დაშორდნენ და, როგორც იქნა, არნახული ძალისხმევის შედეგად, აიძულა თავისი თავი, აღარ ეფიქრა ლელიზე. არც მამას შეხვედრია მას მერე. თუმცა, უკვე გადაუარა გაგულისებამ და ახლა რომც შეხვდეს, აღარ აფეთქდება. ერთადერთი, რასაც წინასწარ ვერ განჭვრეტს, ლელისთან პირისპირ შეხვედრაა. ერთ მშვენიერ დღეს ორივე რომ ერთად ნახოს, არ იცის, რას მოიმოქმედებს. ასეთ შემთხვევაში სიმშვიდის გარანტიას ვერ მისცემს თავის თავს. თუმცა, მოზარდი ბიჭი აღარაა, არც გარდატეხის ასაკშია, რომ გაცოფებული «კედლებზე გავიდეს». ამას არ დაუშვებს. რაც იყო, იყო. ლელისნაირი ქალის გულისთვის მშობლის დაკარგვა არ ღირს. აჯობებს, გაერთოს, დროებით სხვა იპოვოს, ვინც ოდნავ მაინც შეუმსუბუქებს ტკივილს, რომელიც ზედმეტ კითხვებს არ დაუსვამს და მსუბუქად გაატარებინებს დროს. ასეთები ბევრი ჰყოლია. გამოდის, დროა, მიკის დაურეკოს და ერთი კარგი გიჟობა მოაწყონ, როგორც ადრე, როცა ლელი არ არსებობდა მის ცხოვრებაში.
ღამის კლუბში ტაქსით მივიდა. დალევა უნდოდა და იმიტომ. დათრობა უნდოდა, უგონოდ დათრობა, რომ აღარ ეფიქრა ლელიზე. ერთი ღამე მაინც დაეძინა ნორმალურად, სასმლით გათიშულს და სულის ტკივილს არ შეეწუხებინა. კლუბში ცოტა ხალხი ირეოდა. მიკი ჯერ არ ჩანდა. კუთხის მაგიდას მიუჯდა და დაელოდა. აქედან მთელი დარბაზი ხელისგულივით მოჩანდა. უყვარდა, როცა ასეთ ადგილას იჯდა და ყველას შეთვალიერება შეეძლო, იმ ყველას კიდევ _ მისი. კლუბში სუსტი განათება იყო, თანაც წითელი ნათურებით, ამიტომ ნახევრად ბნელოდა, მოშორებით მაგიდებთან მსხდარ და ბართან მყოფ ადამიანთა სახეები ბუნდოვნად ჩანდა, გარკვევით მხოლოდ სილუეტები იკვეთებოდა.
სწორედ ამ დროს შემოსასვლელი კარი გაიღო და მირიანი გამოჩნდა. იონამ ძმაკაცს გახედა და კოპები შეკრა _ მიკის ქეთი ახლდა თან. ეგღა აკლდა. ნეტავ ქეთი რატომღა მოიყვანა? ნუთუ სერიოზულად მოსწონს ეს გოგო?
წყვილი პირდაპირ ბარისკენ გაემართა. იონა წამოდგა და მათ მიუახლოვდა.
_ კომპანიას გაუმარჯოს, _ მიესალმა.
_ საღამო მშვიდობისა, იონა, _ ქეთიმ გაუღიმა და ხელი ჩამოართვა.
იონა გვერდით მიუჯდა მიკის და ბარმენს ვისკი შეუკვეთა:
_ ყველაზე მაგარი რომელიც გაქვს, ის დამისხი.
ერთი ამოსუნთქვით გადაკრა ვისკი და მეორე შეუკვეთა. შემდეგ ქეთისკენ შეტრიალდა და მხიარულად ჰკითხა:
_ ტყუპისცალის გარეშე მოხვედი? როგორ გამიტყდა. მე და მიკის ჯერ არ გვყოლია ტყუპი «ნაშა». არა, მიკი?
_ იონა! სიტყვებს დაუკვირდი! _ მიკი მეგობრის გონზე მოყვანას შეეცადა.
ქეთიმ ჯერ დამცინავად შეხედა, მერე კი შეცოდება გამოეხატა სახეზე.
_ იმედი უნდა გაგიცრუო, ჩემო კარგო. ტყუპისცალის გარეშე მოვედი. მას თაყვანისმცემლების ძალიან გრძელი რიგი უდგას. ამიტომ შენც მოგიწევს რიგში ჩადგომა და დალოდება. _ ზიზღით შეათვალიერა ქეთიმ მამაკაცი.
_ შენ წარმოიდგინე, რიგში დგომა არ მიზიდავს, _ ჩაიცინა იონამ, _ არა უშავს, სხვას ვნახავ, იქნებ შენ გყავს რეზერვში კიდევ ერთი დაქალი? ქერათმიანები მომწონს, ხომ იცი. _ იონამ მესამე სირჩა ვისკი დალია.
_ მოკეტე, თუ შეიძლება, _ გაღიზიანდა ქეთი, _ თორემ ვატყობ, ისეთი რამე წამოგცდება, რომელიც მერე სანანებელი გაგიხდება.
იონამ გადაიხარხარა.
_ სანანებელი? მე არასდროს ვლაპარაკობ იმას, რასაც მერე ვინანებ.
ქეთიმ ისე შეხედა მამაკაცს, როგორც ავადმყოფს.
_ შენ მხოლოდ გგონია ასე. წამო, მიკი, წავიდეთ. არ მომწონს ეს კომპანია.
ქალი ადგა და გასასვლელისკენ გაემართა, მიკი კი, იონამ საკუთარ თვალებს არ დაუჯერა _ ქეთის მორჩილად უკან მიჰყვა და თავის მოუბრუნებლად მოაძახა ძმაკაცს:
_ «იზვინი», იო!
აი, მეგობარიც ამას ჰქვია, წამში გაცვალა ქალში. იონამ ბარის დახლს მუშტი მთელი ძალით დაჰკრა.
გაგრძელება იქნება