ბინაში შესულმა საწოლს მიაშურა და გაუხდელად დაემხო ლოგინზე. ასეთ გაურკვეველ ვითარებაში არასდროს აღმოჩენილა. იმდენად მოულოდნელი იყო მისთვის შექმნილი სიტუაცია, რომ გამოსავალს ვერ პოულობდა. იცოდა, როგორ არ იცოდა, რომ ცხოვრება სიუპრიზებით იყო სავსე, მათ შორის, უსიამოვნო სიურპიზებითაც, მაგრამ მდგომარეობის ასე მწარედ შემობრუნებას არ ელოდა. ერთი მხრივ, უხაროდა, რომ ლელი მისი და არ აღმოჩნდა, მეორე მხრივ კი საგონებელში იყო ჩავარდნილი - თურმე არც დედა ჰყოლია ღვიძლი და არც მამა, მისი ბიოლოგიური მშობლები სრულიად სხვა ადამიანები ყოფილან და მათგან დღეს ცოცხალი არც ერთი არ იყო. რა თქმა უნდა, რამაზზე ძვირს ვერაფერს იტყოდა, ამ კაცმა ყველაფერი გააკეთა, რომ მისთვის ნამდვილი მამობა გაეწია, მაგრამ სადღაც, გულის სიღრმეში, მაინც ხინჯად დარჩა, რომ სამადლოდ გაზარდეს. არა, ვერც იმას იტყოდა, რომ სამადლოდ… მაგრამ მაინც, უკეთესი იქნებოდა, რომ რამაზი ყოფილიყო მისი მშობელი მამა. რაც იყო, იყო, ახლა ვეღარაფერს შეცვლიდა და არც ეს ამბავი იქონიებდა გავლენას მისა და რამაზის ურთიერთობაზე. მთავარი ის იყო, რომ ტყუილად უეჭვიანია და ყველაზე დიდი შვება ამან მოჰგვარა. რაც შეეხებოდა მის გვარს, არ აპირებდა მის შეცვლას. რადგან ნემსაძე იყო სინამდვილეში, ნემსაძედვე დარჩებოდა. მაშო რას იზამდა, მას არ ეხებოდა. მაშოს თავად უნდა გადაეწყვიტა, როგორ მოიქცეოდა. გული იმაზეც სწყდებოდა, რომ არც მაშო აღმოჩნდა მისი თუნდაც ნახევარდა, ღვიძლზე რომ არაფერი ვთქვათ, თუმცა არც ეგ წარმოადგენდა იონასთვის პრობლემას. მაშო ღვიძლ დასავით უყვარდა და ამ სიყვარულს არაფერი ემუქრებოდა. ბევრი ფიქრის შემდეგ გონებაში ყველაფერი დაალაგა და დამშვიდდა.
რაც შეეხებოდა ლელის, ის ახლაღა მიხვდა, რასაც ნიშნავდა მისი სიტყვები, ერთმანეთს არასდროს შევხვდებითო. და როცა ეს გაიაზრა, გააცივა. ალბათ რაღაც აუტეხა თავს. მას ხომ ჰგონია, რომ ის და იონა და-ძმანი არიან!
«ო, ღმერთო, ოღონდ არ დამაკარგვინო იგი, - შესთხოვდა ფიქრებში წასული უფალს, - ისე გააკეთე, რომ ცოცხალი დარჩეს. ვაღიარებ, რომ დიდად რელიგიური არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ღმერთის ყოველთვის მწამდა. მერე რა, რომ მოძღვარი არ მყოლია და ეკლესიაშიც იშვიათად მივლია. ყოველ შემთხვევაში, მუდამ ვცდილობდი, ათი მცნება დამეცვა და ქრიასტიანულად მეცხოვრა. არასდროს არაფერი მითხოვია შენთვის. მაპატიე, თუ ოდესმე რამე შევცოდე. ახლა კი, ცხოვრებაში პირველად, მხოლოდ ერთ რამეს შეგთხოვ. ვუყვარვარ ლელის თუ არ ვუყვარვარ, მნიშვნელობა არა აქვს, მინდა, რომ ცოცხალი იყოს, ოღონდ იცოცხლოს!»
გულდამძიმებული წამოდგა და მობილური მოიმარჯვა. ლელის ნომერი აკრიფა. გამორთული იყო. მაშომაც ხომ თქვა, ვურეკავ და სულ გამორთული აქვს ტელეფონიო. შინ უნდა მიაკითხოს.
მანქანა დაქოქა და მიაშურა ბინას, სადაც ლელი ქირით ცხოვრობდა. როცა კორპუსს მიუახლოვდა და ლელის ფანჯრებს ახედა, იქაურობა ჩაბნელებული დახვდა. მაინც ავიდა მის სართულზე, კარგა ხანს რეკა ზარი, აბრახუნა კიდევაც, მაგრამ კარი არავინ გაუღო. ხმაურზე მეზობლის ქალმა გამოიხედა.
- ვის ეძებთ? - იკითხა.
- ლელი ხომ არ გინახავთ ამ დღეებში?
- არა, შვილო, კარგა ხანია, თვალი არ მომიკრავს.
- ხომ არ იცით, გადავიდა ამ ბინიდან თუ ისევ აქ ცხოვრობს?
- ვერაფერს გეტყვი, გენაცვალე, წარმოდგენა არა მაქვს.
- ამ ბინის პატრონის ტელეფონი არ გაქვთ?
- არა, ჩემო კარგო, მასთან ურთიერთობა არ მაქვს, წლებია, არ ველაპარაკებით ერთმანეთს, -ცივად მიუგო ქალმა და კარი მიიხურა.
ახლა ნამდვილად შეეშინდა. ფრაზა, ერთმანეთს არასდროს შევხვდებითო, გონებიდან არ ამოსდიოდა. გადაწყვიტა, ქეთის შეხმიარებოდა. მისი ნომერი არ ჰქონდა, ამიტომ მიკის დაურეკა.
- მიკი, გამარჯობა, ქეთის ნომერი მინდა სასწრაფოდ.
მიკი პასუხის გაცემას არ ჩქარობდა.
- რას გაჩუმდი, ვერ გაიგე, რა გითხარი? - გაღიზიანებულმა ჩასძახა ტელეფონში.
- გავიგე, გავიგე, მაგრამ რად გინდა მისი ნომერი? ისევ მთვრალი ხარ?
მირიანს თავის მხრივ ვერ გაამტყუნებდა კაცი. იონა ისე გულის ამრევად მოექცა იმ დღეს ქეთის, რომ სავსებით ლოგიკური იყო ძმაკაცის რეაქცია. ამიტომ ეგრევე შემრიგებლური ტონი დაიჭირა:
- სრულიად ფხიზელი ვარ და სრულიად საღ გონებაზე, მიკი. უბრალოდ… უბრალოდ ჩემს ცხოვრებაში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. ახლა ვერ მოგიყვები, გრძელი ამბავია. მე მხოლოდ ლელის კოორდინატები მინდა, მას ვეძებ და ქეთის ნომერსაც ამიტომ გთხოვ.
- თქვენ ხომ დაშორდით ერთმანეთს.
- ჰო, მაგრამ უნდა მოვძებნო. ის გაქრა, ვერსად ვაგნებ. ქეთის ეცოდინება მისი ასავალ-დასავალი.
- კარგი, გადავურეკავ და ცოტა ხანში დამირეკე.
იონამ გაუთიშა და რამდენიმე წუთის შემდეგ კვლავ დარეკა ძმაკაცთან.
- დავურეკე ქეთის, მაგრამ მითხრა, იონას არაფერსაც არ ვეტყვიო. ლელის შევპირდი, რომ მის ადგილსამყოფელს არავის შევატყობინებო.
იონამ ამ სიტყვების გაგონებაზე შვებით ამოისუნთქა. რაც მთავარია, ცოცხალი ყოფილა! ოხ, ეს ქალები! როგორც ჩანს, შტურმით მოუწევს ლელის ციხესიმაგრის აღება.
- მიკი, შენ ხარ ჩემი მეგობარი?
- რაზეა ლაპარაკი, ძმაო, აბა რა!
- მაშინ უნდა დამეხმარო. დამელოდე, შენთან მოვდივარ!
ლელიმ ვერა და ვერ გადაწყვიტა, იონას ამბავი დედისთვის მოეყოლა. არ უნდოდა, მისთვისაც გაეხეთქა გული. თავიდან ლაკო სოსოზე ეჭვობდა, მაგრამ როცა ლელიმ უთხრა, ბავშვის მამა სხვა არისო, დაიჯერა, თუმცა რას წარმოიდგენდა, თუ ასე რთულად იქნებოდა საქმე. ამიტომ სთხოვდა შვილს, აბორტი არ გაიკეთო და ბავშვი შეინარჩუნეო. ლელი კი სასტიკ უარზე იდგა, ამას არ დაუშვებდა. იგი მთელი დღე და ღამე ინტერნეტში დაძრომიალობდა, ეძებდა მასალებს ბავშვთა პათოლოგიებზე. საშინელი რაღაცები წაიკითხა არასრულფასოვან ბავშვებზე, რომლებიც ნათესაური სისხლის აღრევით იბადებოდნენ. ზოგი ისეთი შოკის მომგვრელი იყო, გული ეკუმშებოდა. ის, რომ მისი ორსულობა ჯერჯერობით კარგად მიდიოდა, შვებას ვერანაირად ვერ ჰგვრიდა. ხომ შეიძლებოდა, პათოლოგია ბოლო თვეებში გამოვლენილიყო? ან თუნდაც მშობიარობის შემდეგ? რისთვის უნდა დაეცადა? ბავშვის გაჩენას ისედაც არ აპირებდა, სრულიად ჯანმრთელი ნაყოფიც რომ დაბადებულიყო. გადაწყვიტა, ჩუმად გაეკეთებინა აბორტი, ისე, რომ დედას არაფერი გაეგო. რატომ უნდა გაგრძელებულიყო მისი ტანჯვა კიდევ და კიდევ?
დილით ადრე ადგა და ქალაქის კლინიკისკენ გასწია, რომ ექიმისგან აბორტისთვის მიმართვა აეღო…
- ჩვენ ხომ შუასაუკუნეებში არ ვცხოვრობთ, რომ ვინმემ განსაჯოს თქვენი საქციელი, ბავშვს უმამოდ აჩენსო, ნუ გადადგამთ ამ ნაბიჯს, - ექიმი მის გადარწმუნებას ცდილობდა, -აბორტის შემდეგ კი შეიძლება ისე წარიმართოს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ ვეღარც გააჩინოთ მომავალში შვილი.
- არა, ექიმო, აუცილებლად უნდა მოვიცილო ნაყოფი, საამისო მიზეზი მაქვს, დამიჯერეთ, -თავისაზე იდგა ლელი.
მისმა სასოწარკვეთილმა გამოხედვამ და მიტკალივით გაფითრებულმა სახემ ექიმზე შთაბეჭდილება მოახდინა. მან თავი გადააქნია, მაგრამ მიმართვა მაინც დაუწერა გოგონას.
- იმედი მაქვს, გადაიფიქრებთ, - თქვა მან, როცა ლელი კაბინეტიდან გადიოდა.
გაგრძელება იქნება