ნოველები

იდუმალი თაყვანისმცემელი - თავი 3

იდუმალი თაყვანისმცემელი - თავი 3
დასაწყისი
მეგი ქეთის ჯგუფელია. პირველი კურსიდან დამეგობრდნენ. ერთადერთი გოგოა მთელ კურსზე, რომელიც მასთან მეგობრობს. სხვები ვერ ნახულობენ ქეთისთან საერთო ენას. ასე ვთქვათ, ვერ უძლებენ მის პრანჭია ხასიათს. სილამაზე თავში რომ აქვს ავარდნილი. კიდევ იმიტომ, რომ თითო თაყვანისმცემელი ყველას «შეაწერა» თითქოს. ქეთიმ რა ქნას, რა მაგის ბრალია, ბიჭებს ეგ თუ უფრო მოსწონთ. აბა, ბიჭი რომ გეტყვის, რა ლამაზი ხარ და რა მაგრად «მევასებიო», ჩხუბს ხომ არ დაუწყებს. იძულებულია, კეკლუცად გაუღიმოს და კომპლიმენტისთვის მადლობა გადაუხადოს. მაგათ კიდევ
სწყინთ. არ გაგვახარაო. ქეთისი რა ბრალია, სიყვარულს თუ უხსნიან, თვალებს ხომ არ აუხვევს კაცებს და პირს…

ცოტა რომ დამშვიდდა, მერეღა დარეკა მეგისთან. მეგი ერთი კაფანდარა გოგოა, ქერა თმა ბურბუშელასავით აყრია მხრებზე. ცისფერი, მრგვალი მოყვანილობის თვალები აქვს, დახრილი წარბები, რომ შეხედავ, «ბალონკა» ძაღლს მოგაგონებს.

_ მეგი, მე ვარ, როგორა ხარ?

_ არა მიშავს, შენ? სად იყავი წეღან?

_ მეზობელთან ვიყავი გასული. მერე მოგიყვები. გინდოდა რამე?

_ ჰო, ხვალ თბილისის ზღვაზე წამოხვალ?

_ თბილისის ზღვაზე? რა ვიცი, რატომ არ წამოვალ. ვინ და ვინ მოდიხართ, რო?

_ მე ვიქნები, შენ იქნები, ლალი და მანანა კიდევ. ვერ დავაყენე საშველი თბილისიდან გასვლას და აქ მაინც ვიარო ზღვაზე. თანაც ვიქეიფებთ.

_ აუჰ! ლალის და მანანას სიფათებს რა უყურებს მთელი დღე. რასთან დაკავშირებით ვქეიფობთ, ხდება რამე?

_ შენ ხომ იცი ჩემი ბიძაშვილი, სულ გიგის რომ ვახსენებ ხოლმე.

_ ჰო, მახსოვს.

_ ის გიგია ჩამოსული. მოსკოვში ხომ სწავლობდა. წელს დაამთავრა და ჩამოვიდა.

_ სულ ჩამოვიდა?

_ ჰო, სულ. უკვე გაძლებაზე იყო იქ. ერთადერთი, რაც რუსეთში მომწონს, ქალებია, სხვა მაგათ არაფერი უვარგათო, იძახის.

_ მერე? აქ რა უნდა აკეთოს?

_ უხ! მამამისი ასე დასვამს? მაშინვე გაუშანსავს სამუშაოს.

_ ხვალ რა, ეგეც მოდის?

_ აბა! შენ კაი-კაი გოგოები წამოიყვანე და ერთი მაგარი ქეიფი ჩემზე იყოსო.

_ მერე იქ სად არის საქეიფო ადგილი, ნაძვებში?

_ არა, გოგო, მანდ რაღაც რესტორანი თუ კაფეა მაგარი. ნაპირიდან ოდნავ მოშორებით. თან ვიბანავებთ, თან ვიქეიფებთ.

_ მოიცა, შენ წყალში ჩასვლას აპირებ?

_ რატომ არ ჩავალ. შენ რა, არ აპირებ?

_ რა ვიცი, შენ თუ ჩახვალ, მეც ჩავალ.

_ ნავებითაც «ვიკატავებთ». მაგას ეგეთები არ ეშლება. ოღონდ, შენი ამბავი რომ ვიცი, შებმა არ დაუწყო, იცოდე.

_ შე საძაგელო, მე როდის იყო, იქით ვაბამდი კაცებს?

_ არა, სულ არა! კარგად ვიცნობ შენს მეთოდებს. ყველასთან ისე იქცევი, ვითომ შენ არაფერ შუაში ხარ. დაუჟუჟუნებ ერთი-ორჯერ თვალებს და მაგათ მეტი კი არ უნდათ. ისე შემომხედა, ამ ქალს ნაღდად რაღაც უნდა ჩემგანო, იფიქრებენ. ვიცი მე მაგ ამბავი.

_ საერთოდ არ წამოვალ, მეგი, ასე თუ გაშფოთებს ჩემ გვერდით ყოფნა. მაინცდამაინც არც მეხალისება იქ ბოდიალი. მით უმეტეს, ახლა სულაც არ ვარ მაგის ხასიათზე.

_ კარგი, რა, გეხუმრე, შენ კიდევ რა მოგივიდა. გიგი ისეთი ტიპია, რაც არ უნდა მიეძალო, ზედ არ შემოგხედავს. მაგას არ მოსწონს ქართველი ქალები.

_ რატომ, რას უწუნებს ვითომ?

_ სულ იმას ამბობს, სანამ გათხოვდებიან, კიდევ არა უშავთ, მაგრამ გათხოვდებიან და მერე დამრგვალდებიანო. არა, დამრგვალდებიან კი არა, დაძროხდებიანო.

_ აბა, შენ რა გაწუხებს, ვერ გამიგია?

_ უბრალოდ, ისე გითხარი. არ გეწყინოს. ესე იგი, მოდიხარ, არა?

_ სად ვიკრიბებით?

_ რა ვიცი, თუ გინდა, ჩემთან ამოდი. თუ არადა, იქვე, ზღვაზე, კიბეებთან შევიკრიბოთ 11 საათზე. ო კეი?

_ კარგი, ეგრე იყოს. ათზე თუ არ ამოვედი შენთან, იქ დაგხვდებით.

_ კარგი მაშინ, წავედი. პაკა, პაკა.

ქეთიმ ყურმილი დაკიდა. სესილს გადახედა. მას ჭერისთვის მიეპყრო მზერა და ფიქრებში ჩაძირულს სევდით ავსებოდა თვალები. გარედან ქალბატონ მერის ხმა გაისმა, რომელიღაც არიას გულშიჩამწვდომი ხმით მღეროდა.

«დაიწყო», _ გაიფიქრა ქეთიმ და მაგნიტოფონის მოსატანად გავიდა.

ქეთის გვიან ღამემდე არ დაეძინა. ზეზვაზე ფიქრობდა. გონებიდან არ შორდებოდა დილას მომხდარი ამბავი. კიდევ კარგი, მოახერხა, დასხლტომოდა ხელიდან, თორემ ვინ იცის, რა მოხდებოდა. ნამდვილი პირუტყვია. აბა, შეიძლება ასე მოექცე ქალს, რომელსაც ეს-ესაა, დაუახლოვდი? კიდევ კარგი, შესწევს ძალა, გონებით იმოქმედოს და არა გულით. აი, რატომ არ იმსახურებენ მამაკაცები მის სიყვარულს. ისინი ერთნაირები არიან. ყველა მათგანს, საბოლოო ჯამში, მაინც ერთი რამ სურს მხოლოდ _ რაც შეიძლება მალე დაეუფლოს ქალს. უკაცრავად, ბატონო ზეზვა! ვერ მოგართვეს! ქეთი დედაშენის აბიტურიენტი ხომ არ გგონია? ასეთ საქმეებში დისერტაცია აქვს დაცული, აბა!

როდის-როდის ჩაეძინა. ეს პირველი ღამე იყო, როცა დებს ძილის წინ ერთმანეთთან არ უსაუბრიათ. სესილი ვერ იყო ხასიათზე. ჯერ კიდევ ცხრა საათზე დაწვა და ვინ იცის, როდის მოერია ძილი. მოერია რომ? ლადოზე ფიქრი არ ასვენებდა. გრძნობდა, როგორ უსხლტებოდა ხელიდან ამდენი წლის ნალოლიავები სიყვარული და შენარჩუნებასაც ვერ ახერხებდა. არ იცოდა, რა გზას დასდგომოდა, როგორ მოეგო შეყვარებულის გაგრილებული გული…

გვიან ჩაძინებულ ქეთის გაუჭირდა დილით ადგომა. უკვე ათი ხდებოდა, რომ გაეღვიძა. მაშინვე წამოხტა, ფეხები ფლოსტებში გაუყარა და ჩანთის ჩალაგებას შეუდგა. მეგისთან ასვლას ვეღარ მოასწრებდა. ამიტომ გადაწყვიტა, პირდაპირ ზღვის ასახვევთან შეხვედროდა გოგონებს. სწრაფად გადაიცვა ვარდისფერი მაისური, შაბიამნისფერ შორტში ხტუნვა-ხტუნვით გაუყარა ფეხები, თვალები დაიხატა და ჩანთას დაავლო ხელი. სესილს ჯერ კიდევ ეძინა. ისეთი შეწუხებული სახე ჰქონდა მძინარეს, ქეთის გული მოუკვდა, შეეცოდა. «გაწყდა კაცების სინსილა «, _ გაიმეორა გულში სადღაც გაგონილი ფრაზა, კარი ფრთხილად გაიხურა და ეზოში გავიდა.

_ ქე-თი-ი-ი! _ გაისმა ამ დროს მეორე სართულიდან. ქეთის გული შეუქანდა. ცისანა იყო.

_ აქა ვარ, ცისანა დეიდა! _ ასძახა და მაღლა აიხედა.

_ ერთი წუთით ამოირბინე ჩემთან! _ მედიდური კილოთი სთხოვა ქალმა.

_ ახლავე, _ მორჩილად უპასუხა და უხალისოდ გაიარა გვირაბივით ბნელი ტალანი. «მაგის მჭადების თავი მაქვს ახლა?» _ ჩაიბურტყუნა თავისთვის და სადარბაზოს კიბეს აუყვა. მოკლე ზარი მისცა. ქალბატონმა ცისანამ, თითქოს ჩასაფრებული იყოო, მაშინვე გაუღო კარი.

_ მოდი, გენაცვალე, მოდი! _ განზე გადგა ქალბატონი ცისანა და წინ გაატარა, _ შენ რა ლამაზი ხარ დღეს, მიდიხარ სადმე?

_ დიახ. თბილისის ზღვაზე, ჯგუფელებთან ერთად, _ ძალად გაუღიმა აბეზარ «სადედამთილოს».

_ თბილისის ზღვაზე? ამისთანა ქალს რა გინდა იმ ჭუჭყიან წყალში?! ვინ დადის ახლა თბილისის ზღვაზე! _ შეიცხადა ქალმა, _ დიდხანს დარჩები? _ დაინტერესდა.

ჩვენში დარჩეს და, რა მაგის საქმეა, ქეთი რამდენ ხანს დაჰყოფს თავის მეგობრებთან. ნამდვილი არამკითხე მოამბეა ეს ქალბატონი ცისანა. მაგრამ რას იზამ, დედის დაქალია და ამიტომაც რაღაც-რაღაცების უფლებას იტოვებს.

_ ალბათ, საღამომდე.

_ მე კი სიურპრიზი მქონდა შენთვის, _ გააგრძელა ქალმა.

_ მჭადები გამოაცხვეთ? _ «მიუხვდა» სარძლო.

_ არა, არა. დღეს ნამდვილად არ მცხელა მჭადებისთვის. მე და ანთიმოზი სტუმრად მივდივართ ერთ ძალიან ცნობილ ადამიანთან. შენ და ზეზვა მინდოდა გამეშვით საღამოს «შერატონ მეტეხი პალასში». გუშინ ორი მოსაწვევი მომცეს. გადასარევი ღონისძიება ტარდება ა-ლა ფურშეტით…

_ მე ვერ მოვახერხებ, ცისანა დეიდა. ჩემი ჯგუფელი იქ დაბადების დღეს იხდის და ამიტომ ვერაფრით შევძლებ, _ ვითომ ძალიან შეწუხებულმა იცრუა ქეთიმ.

ქალბატონი ცისანა მაგიდას მიუჯდა და ხილით სავსე ვაზა ქეთისკენ მისწია.

_ ჭამე, გენაცვალე, ნახე, რა ვაშლია. გუშინ ვიყიდე «დეზერტირების» ბაზარში. ლარი მივეცი კილოში… ზეზვა-ა-ა! გამოდი, შვილი, ნახე ვინ მოვიდა! _ ზეზვას გასძახა.

ქეთი აიწურა. სულ არ ეპიტნავებოდა ახლა არც ვაშლი და არც ზეზვას დანახვა. გუშინდელის მერე ძალიან განიხიბლა.

საძინებელი ოთახის კარი გაიღო და ზეზვა ჩვეულ შინაურულ ფორმაში გამოჩნდა _ წელზევით ტიტველი. ქეთი გაწითლდა. ოღონდ ვერ მიხვდა, რამ გააწითლა _ მამაკაცის სიშიშვლემ თუ წინა დღის მწარე მოგონებამ.

_ ქე-თი? როგორა ხარ, _ თითქოს აქ არაფერიაო, მიესალმა ზეზვა, მიუახლოვდა და ლოყაზე ურცხვად აკოცა. ხარბი კოცნა გამოუვიდა, სხვანაირი. აი, ქალს დახარბებული მამაკაცები რომ კოცნიან, ისეთი. ქეთიმ სისველე იგრძნო ლოყაზე. ვერ მოითმინა და გაგულისებულმა ხელის ზურგით მოიწმინდა ნაკოცნი ადგილი. ეტიკეტის დაცვის ყველანაირი სურვილი გაქრობოდა.

_ გაგიხუნდა დღევანდელი მიწვევა, ჩემო კარგო, ქეთი ვერ მოდის, _ «ახარა» ცისანამ ვაჟს და ვაშლის გათლას შეუდგა, _ დაბადების დღეზე ეპატიჟებიან.

_ «კუპალნიკებით»? _ ალმაცერად გახედა ზეზვამ ქალის კისერზე საცურაო კოსტიუმის ჯვარედინად გადაკვეთილ ზორტებს.

_ ჰო, ზღვაზე ვქეიფობთ, _ თქვა ქეთიმ. ერთი სული ჰქონდა, როდის გააღწევდა აქედან.

_ ნუ, რას ვიზამ. მაშინ სხვას წავიყვან ვინმეს, _ ნიშნის მოგებით თქვა მამაკაცმა და თვალი თვალში გაუყარა.

«აგაშენა ღმერთმა, თუ მაგ სიკეთეს იზამ», _ შვებით ამოისუნთქა ქეთიმ და თვალი აარიდა.

_ არავისაც არ წაიყვან! ბალვან ნესჩასტნი! _ დაუბრიალა თვალები ცისანამ, მერე ქეთის გადახედა ღიმილით და დანის წვერზე წამოცმული ვაშლის ნაჭერი მიაწოდა.

_ გმადლობთ, _ ქეთიმ ქალს თავისი წილი ვაშლი ჩამოართვა და წამოდგა.

_ მე წავალ, თორემ დამაგვიანდება, _ მორიდებით ჩაილაპარაკა და შემოსასვლელისკენ გასწია.

_ ზეზვა, გააცილე, შვილი!

«შვილი» _ ეს სიტყვა გამაღიზიანებლად მოქმედებდა ქეთიზე ყოველთვის. არადა, ქალბატონ ცისანას ძალიან უყვარდა მისი ხმარება.

ზეზვა უკან მიჰყვა. აფორიაქებული ქეთი კართან შედგა. მამაკაცმა ზურგს უკნიდან ქალი მკლავებში მოიქცია და გასაღებს დაუწყო ჩხიკინი, ვითომ გაუჭირდა გაღება.

_ რა გემრიელი ხორცები გაქვს, _ ჟინმორეულად ჩაილაპარაკა ზეზვამ და მკერდზე შეავლო ხელი. მშვენიერ ქეთის უსიამოვნოდ გააჟრჟოლა. ჯერ კიდევ არ განელებოდა შაბათის ამბავი. ცივად მოიშორა მისი ხელები, მშვიდად გამოაღო კარი და კიბეზე სწრაფად ჩაირბინა. გაბრაზებულმა ქუჩაში მოისროლა ვაშლის ნაჭერი. «მხეცი, ნამდვილი მხეცი, ხორცზე მონადირე ხვადი», _ ზიზღი აღბეჭდოდა სახეზე…

გაგრძელება იქნება

იხილეთ წინა თავი

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93