ნოველები

იდუმალი თაყვანისმცემელი - თავი 6

იდუმალი თაყვანისმცემელი - თავი 6
დასაწყისი
იმ დღიდან ჩვენი მშვენიერი ქეთი საგრძნობლად შეიცვალა. თითქოს სადღაც გაქრა მხიარული, თავმომწონე, თუნდაც თავქარიანი ქეთი, როგორც ჯგუფელები «ამკობდნენ». ადგილს ვერ პოულობდა ვერც შინ, ვერც გარეთ. წარამარა მეგისთან რეკავდა, იქნებ გიგის შესახებ გავიგო რამეო. გრძნობდა, უკვე ვეღარ თოკავდა საკუთარ თავს, გამუდმებით მასზე ფიქრობდა. მიხვდა, ეს უკვე სიყვარული იყო. აჰა! რა მოულოდნელად გაება მახეში?! მაგრამ რად გინდა? გიგის იგი სულაც არ აინტერესებს. ერთხელაც არ დარეკა, არ მოიკითხა, არანაირი ინტერესი არ გამოიჩინა. აქეთ სესილსაც აერია საქმეები. ლადოს
«შემობრუნებას» არ დაადგა საშველი. უფროსი დის პრობლემები ცალკე აწუხებდა. ეჰ, სესილი მასზე უკეთეს დღეშია. იგი ტელეფონზე მაინც ესაუბრება შეყვარებულს, დრო არა მაქვს, თორემ ისევ ძველებურად მიყვარხარო, ეუბნება. ქეთი კიდევ… გიგისთან დალაპარაკებასაც ვერ ეღირსა, არათუ ნახვას.

დასევდიანდა. შინიდან გასვლა არ უნდოდა, გამოიკეტა სახლში. სულ იმის იმედი ჰქონდა, ან ახლა დარეკავს, ან ახლაო. ყველა ზარზე გიჟივით მივარდებოდა ხოლმე ტელეფონს სასურველი ხმის გაგონების იმედით, მაგრამ, თქვენც არ მომიკვდეთ, გიგი ჯიუტად დუმდა… ქუჩაში გასული ფეთიანივით აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს, იქნებ სადმე მოვკრა თვალიო… ამაოდ.

სამაგიეროდ, გიორგი არ აძლევდა მოსვენებას. უკვე მერამდენედ დაურეკა და ყოველი მისი დარეკვა ერთი და იმავე ფრაზით იწყებოდა.

- წიწაკა უფრო მწარეა თუ შაქარი უფრო ტკბილია?

- მატარებელი უფრო ჩქარა გარბის, - მექანიკურად პასუხობდა ქეთიც.

თითქოს პაროლად იქცა ეს სიტყვები. ნელ-ნელა გაუშინაურდნენ ერთმანეთს. დღე არ გავიდოდა, გიორგის არ დაერეკა. ხანდახან ორჯერაც გამოსდიოდა დღეში - დილას და საღამოს. ეზოს მშვენიერი დედოფალი ისე მიეჩვია იდუმალი თაყვანისმცემლის ზარებს, უკვე იცოდა, რომელი ზარი ეკუთვნოდა გიორგის. მერე ორივენი საათობით იყვნენ ჩამოკიდებული ყურმილზე და საუბრობდნენ და საუბრობდნენ. თავდაპირველად ქეთი სულ ჩქარობდა, სასწრაფოდ დაემშვიდობებოდა ხოლმე მამაკაცს, რათა თავიდან მოეშორებინა იმ იმედით, იქნებ გიგიმ სწორედ იმ მომენტში დარეკოს, როცა გიორგისთან ლაპარაკით ვარ გართულიო, მაგრამ მერე და მერე, როცა ყოველგვარი იმედი გადაეწურა, ნელ-ნელა «გაზარდა» მასთან საუბრის დრო. ასე არ ჯობდა? აბა, მიდი და ელოდე მამაკაცს, რომლისთვისაც არაფერს წარმოადგენ, ერთი თოჯინასავით ლამაზი გოგო ხარ და მორჩა, მეტი არაფერი. აგერ, გიორგი კი თან ჰყვება, ათასნაირი ქათინაურით ამკობს, ანეკდოტებს უყვება, ცდილობს, როგორმე გაამხიარულოს და უფრო მეტად დაიახლოვოს.



8 8 8

ამ ყოფაში გავიდა რამდენიმე დღე. საღამო ხანი იყო. ქეთი მარტო დარჩა შინ. სესილს ორი საათის წინ ლადომ დაურეკა, შევხვდეთო და გიჟივით გავარდა. მადლობა ღმერთს, მისი დარდი მაინც მოეხსნა გულიდან. რამდენი ხანია, ღიმილი არ შეუმჩნევია უფროსი დის სახეზე. დღეს კი ისე იყო გახარებული, თვალებზე ეტყობოდა - უბრწყინავდა, როგორც არასდროს. არ უნდოდა გამოემჟღავნებინა, მაგრამ ემოციები ვერ დამალა. იმდენად ჩქარობდა შინიდან გასვლას, აფორიაქებულს ფეხზე ჩაცმა დაავიწყდა და ქეთის რომ არ შეემჩნია, ფოსტლებით წავიდოდა პაემანზე. ჩაეცინა. ნუთუ მასაც ასე დაემართება? კაცმა არ იცის, ან დაემართება, ან - არა.

ქეთი ერთი საათი კიდევ დაელოდება დის გამოჩენას და თუ იქამდე არ მოვიდა, უკვე აღარ მოიცდის. ამაღამ მეგისთან უნდა დარჩეს. ასე შეთანხმდნენ დილით. მეგის დედ-მამა მარნეულში წავიდა რამდენიმე დღით და გიგი მარტო დატოვეს შინ. იქ ნაკვეთი აქვთ. თვითონ კი აგარაკს ეძახიან, მაგრამ აბა, მარნეული რა სააგარაკო ადგილია - ცხელი და უწყლო. თანაც იმ სოფელში (შულავერი ჰქვია) ერთი ხე არ დგას ისეთი, ჩრდილში რომ მოგინდეს ადამიანს დადგომა. ისე კი, ლამაზი სახლი უდგათ, მანსარდიანი. მართალია, პატარაა, მაგრამ დროებით იქ ჩასულებს ხომ ჰყოფნით. ბლომად ყურძენი მოჰყავს მეგის მამას ნაკვეთიდან. იმდენად ბლომად, რომ ოჯახს მთელი ზამთარი და გაზაფხული ღვინის პრობლემა არა აქვს - სტუმრების მისაღებადაც და გასასტუმრებლადაც. ხილიც ბლომად მოდის, სხვათა შორის.

ქეთის ერთი სული აქვს, როდის ავა მეგისთან, იქნებ «ის» იქ დახვდეს. თუმცა დაქალმა უთხრა, იმ დღის მერე თვალითაც არ მინახავს, ერთი-ორჯერ დამირეკა, ეგ იყო და ეგაო. გაბრაზებული ჩანდა, მე თუ არ შევეხმიანე, ასი წელი არ გავახსენდებიო.

საათს შეხედა. შვიდი გამხდარიყო. ახლა, წესით, გიორგის უნდა დაერეკა. ასეთ დროს იცოდა ხოლმე შემოხმიანება. ამის გაფიქრება და ტელეფონის აწკრიალება ერთი იყო. მშვენიერი ქეთი მიხვდა, ვინც უნდა ყოფილიყო, დინჯად მოკალათდა სავარძელში, აპარატი გვერდით დაიდო და მხოლოდ ამის შემდეგ აიღო ყურმილი.

- გისმენთ, - ჩვეულებისამებრ გაინაზა ხმა.

- წიწაკა უფრო მწარეა თუ შაქარი უფრო ტკბილია? - როგორც ყოველთვის, დაახვედრა გიორგიმ სათქმელი.

- მატარებელი უფრო ჩქარა გარბის, - დაზეპირებულივით გაიმეორა ქეთიმ ფრაზა და გაიღიმა.

სიცილის დროს მარჯვენა ლოყაზე ერთი წერტილი ჩაეჩუტებოდა ხოლმე, პატარა ფოსო უჩნდებოდა. ასეთ დროს მის შეხედვას არაფერი სჯობდა.

- როგორ ხარ, ქეთა? - რაღაც ძველებურად ვერ ჟღერდა გიორგის ხმა. თითქოს მოვალეობის მოხდის მიზნით ლაპარაკობდა.

- ისე, რა. შენ რა გჭირს, რაღაც ვერ ხარ ხასიათზე…

- ჰო, რა ვიცი, ვერა მაქვს მთლად კარგად საქმე, - უხალისოდ ჩაილაპარაკა გიორგიმ. მისი ხმა ძლივს ისმოდა ყურმილში.

- რა დაგემართა, ვალი ხომ არ დაგედო? თუ ფული შეგაწერეს? - გაეხუმრა ქეთი.

რანაირი გოგოა! ასეთი ხუმრობა გამიგია?

- არც ერთი და არც მეორე. მე მგონი, ქალი შემეტენა.

- შეგეტენა? რას ჰქვია, «შეგეტენა»?

- რას ჰქვია და მგონი, თავი შემაყვარა.

- ა-ა-ა! მერე, რა არის მაგაში ცუდი, თუკი იმსახურებს სიყვარულს…

- კი იმსახურებს, მაგრამ ვიცი, არ ვუყვარვარ და, ალბათ, არც არასდროს შემიყვარებს.

- შენ ძალიან გადაგიწყვეტია იმედი, რატომ გგონია ასე, აკი კარგი ბიჭი ვარო?!

- ესე იგი, შენ გგონია, რომ შეიძლება შემიყვაროს?

ქეთის უცებ დაარტყა თავში, მე ხომ არ მიგულისხმაო და გადაწყვიტა, თავი შეეკავებინა.

- შეუძლებელი არაფერია, გააჩნია ქალს, - მთლად არ გადაუწურა იმედი, - იტყვი, ვინ არის?

- არის ერთი. შენ ის მითხარი, შენი საქმეები როგორ არის? ახალი რა ხდება შენს ცხოვრებაში? - საუბრის თემა შეცვალა გიორგიმ.

- მიდის კუს ნაბიჯებით. მგონი, მეც შენს დღეში ვარ, - დააჯახა უცებ.

- ჩემს დღეში? გინდა თქვა, რომ შენც შეყვარებული ხარ? - გამოცოცხლება დაეტყო მამაკაცს.

- რაღაც მაგდაგვარი მჭირს, არ დაგიმალავ, - ახლა ქეთის დაუსევდიანდა ხმა.

- მერე? შენნაირ გოგოს რომელი ბიჭი ეტყვის სიყვარულზე უარს!

- მითხრეს და ეგ არის. ელემენტარულ ყურადღებას ვერ ვეღირსე მისგან, - ბოლომდე გადაუშალა გული ახალ მეგობარს.

- ერთ ბედ ქვეშა ვართ, ქეთა, მე და შენ… - მიუმღერა გიორგიმ და გაიცინა, - რა გვეშველება ახლა ჩვენ?

- რა ვიცი. დავსხდეთ და ბებრებივით შევჩივლოთ ერთმანეთს ჩვენი გულის დარდები. სხვა რა დაგვრჩენია? - ქეთიმ ხმამაღლა გაიცინა.

- შენ «დავით კოპერფილდი» წაკითხული გაქვს?

- როგორ არა მაქვს.

- იქნებ რაღაც მსგავსი შეიძლება განმეორდეს ჩვენს ცხოვრებაში… რას იტყვი?

- გამორიცხულია. ნურც იოცნებებ. შენ, შემთხვევით, მე ხომ არ გიყვარვარ, გიორგი?

- არ ვიცი, შეიძლება შენ. ამაზე არ მიფიქრია.

- შენი ვერაფერი გამიგია. ხან ვიღაცა მიყვარსო, ხან - შეიძლება შენ მიყვარხარო.

- ჰო, რაღაც დაბნეული ვარ, - ახლა უფრო შორიდან მოისმა გიორგის ხმა.

- ჩვენ ხომ შევთანხმდით «კონტრაქტის» პირობებით, რომ ასეთ რამეებზე არ ვილაპარაკებდით? - შეახსენა ქეთიმ.

- კარგი, კარგი, შევეშვათ ამ უაზრობას. სულაც არ მინდა შენი დაკარგვა. სხვა რამეზე ვისაუბროთ, კარგი? - დათმო მამაკაცმა.

- გიო, მე ახლა გავდივარ. ხვალ დარეკე. დროც მექნება და რამდენიც გინდა, ვილაპარაკოთ.

- ვისთან მიდიხარ, თუ საიდუმლო არ არის?

- დაქალთან, შენ არ იცნობ.

- მაინც, მაინც, სახელი არ ჰქვია?

- მეგი ჰქვია, თუ ძალიან გაინტერესებს. დაკმაყოფილდი?

- მეგი… კარგი სახელია, არა? - თქვა გიორგიმ.

ქეთის საიდანღაც მოაგონდა ეს ფრაზა. ჰო, მართლა, ასე არ ჰკითხა მაშინ გიგიმ, თავი რომ წარუდგინა? როგორ ერთნაირად მეტყველებენ ეს მამაკაცები.

- კი, კარგი სახელია… რა ვქნა, უნდა დაგემშვიდობო…

- კარგი მაშინ, ხვალამდე.

- აბა, კარგად, - ქეთიმ ყურმილი დაკიდა.

ეს უნდოდა ახლა? სრულიად უცხო ბიჭი, რომელიც თვალით არ უნახავს, სიყვარულს უხსნის. თანაც რა შორიდან უვლის? ეჰ, დროა, წავიდეს, თორემ, ვინ იცის, მეგი როგორ ბრაზობს.

საგანგებოდ გამოიპრანჭა. რა იცი, რა ხდება, იქნებ მოულოდნელად გიგი დახვდეს იქ. ამასობაში სესილმაც შემოაღო კარი. ნამტირალევი ჩანდა.

- რა მოხდა, სესი? - შეშფოთდა ქეთი.

- მაგ კაცის ვერაფერი გავიგე, - ძლივს წარმოთქვა სასოწარკვეთილმა და თვალები ცრემლით აევსო, - როგორი შეცვლილია, იცი? ვეღარ ვცნობ. თითქოს არაფერი, თითქოს ჩვეულებრივად იქცევა, მაგრამ მაინც რაღაც ვერ არის ძველებურად. ხომ წარმოგიდგენია, რამდენი ხანია, ერთმანეთი არ გვინახავს და ერთი არ უთქვამს, როგორ მომენატრეო. არ ვიცი, რა ემართება. ალბათ, აღარ ვუყვარვარ, - სესილი გულამოსკვნილი ატირდა.

ქეთიმ სცადა დის დაწყნარება, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ისიც არ იცოდა, რა სიტყვებით ენუგეშებინა. გვერდით მიუჯდა და მოფერება დაუწყო.

- კარგი, რა, სესი, სერიოზულად ნუ მიუდგები ამ ამბავს. აცალე ცოტა, ვინ იცის, რა პრობლემები აწუხებს. ყველაფერი მოგვარდება, აი, ნახავ…

სესილმა თავი გადააქნია, ჩანთიდან ცხვირსახოცი ამოიღო და ცრემლი შეიმშრალა.

- შენ არ მიდიხარ? - ჰკითხა მერე.

- გელოდებოდი. წავალ, მაგრამ შენ როგორ დაგტოვო ასეთ მდგომარეობაში? - შეწუხდა.

- მე რა მიჭირს. მივეგდები ლოგინზე და… როგორ დავიღალე, რომ იცოდე, ნერვიულობისაგან დავიღალე, - წაიწუწუნა სესილმა.

- ეცადე, არ იფიქრო, რა. მეც ნუ მიხეთქავ გულს. ჩემი გამჭირვებია.

- წადი, წადი, არ დააგვიანო. მერე შუაღამეს ხომ არ იბოდიალებ ქუჩაში. ახლა ძველი დრო არ არის, ხომ იცი, - სესილმა ამოიოხრა, სავარძელში გადაწვა და ჭერს მიაპყრო მზერა.

- არ გშია? - ჰკითხა ქეთიმ.

- ახლა ლუკმა არ გადამივა ყელში. რა მეშველება, რა უბედური ვარ, - ისევ მოემზადა სატირლად.

ქეთიმ თანაგრძნობით გახედა. კარგა ხანს იდგა ასე, სესილის ნაღვლიანი სახისთვის თვალი არ მოუშორებია. მერე წასვლა გადაწყვიტა.

- მე წავალ, თორემ მერე დამაგვიანდება, - თითქოს მოუბოდიშა დას და ჩანთას დაავლო ხელი, - არ იტირო, კარგი? გინდა, ამაღამ დავბრუნდები? ან სულაც არ წავალ…

- არა, არა, ჩემთვის უკეთესიცაა ახლა მარტო ყოფნა. ასე მირჩევნია…

ქეთიმ მხრები აიჩეჩა, კიდევ ერთხელ ჩაიხედა სარკეში და გავიდა. მსუბუქი ნაბიჯებით გაიარა გვირაბივით ბნელი ტალანი და ქუჩას გაუყვა. მეგი ახლოს ცხოვრობდა, თხუთმეტი წუთიც არ დასჭირვებია მისასვლელად. სწრაფად აირბინა მეორე სართულზე და ზარი დარეკა. კარი გაიღო და ზღურბლზე… გიგი გამოჩნდა. სუნთქვა შეეკრა. იგრძნო, როგორ შეეფაკლა სახე.

- გამარჯობა, - საკუთარ ხმას ვერ ცნობდა ქალი.

- გაგიმარჯოს. როგორა ხარ? - ღიმილით მოიკითხა მამაკაცმა და გზა დაუთმო.

- არა მიშავს. თავად? - ქეთიმ თვალებში შეხედა.

გიგის თეთრი ფერის სპორტული მაისური ეცვა. საოცრად უხდებოდა. ისეთი ფართო მხარ-ბეჭი მოუჩანდა, ქეთის მის მკერდზე თავის მიდება მოუნდა. რა სიამოვნებით ჩაეხუტებოდა ახლა! ტანში ჟრუანტელმა დაუარა.

- ოჰ! ვინც მოვიდა, გაუმარჯოს! - მეგიმ აბაზანიდან თავი გამოყო, - ერთბაშად ამდენი სასურველი სტუმარი! ხედავ, ესეც რა ახალ მთვარესავით გამომეცხადა? - გიგიზე ანიშნა.

ქეთის გული უფანცქალებდა. რა ბედზე მოსულა…

- რა ლამაზი ხარ, ქეთიიი! - აღფრთოვანება ვერ დამალა მეგიმ, - ეს რაღაც ახალი გაცვია? -მის ცისფერ კოფთას შეავლო თვალი.

- ჩემი არ არის, სესისაა, - ქეთიმ აბაზანის კარის კიდეს მიაყრდნო თავი, - რას საქმიანობ?

- სარეცხი გავავლე. დედაჩემმა დამიტოვა და ვერ დავაყენე საშველი, რომ გავფინო. ახლავე მოვრჩები.

ქეთი ოთახში გამოვიდა. გიგი ტახტზე ჩამომჯდარიყო და მოდების ჟურნალს ათვალიერებდა. თავი არ აუწევია. ქეთიმ არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. სხეული უკანკალებდა.

- ჩამოჯექი, - თქვა გიგიმ და გვერდულად ამოხედა.

- გმადლობ, - ხმა აუთრთოლდა. ჩანთა სკამზე გადაკიდა და ფრთხილად ჩამოჯდა ტახტზე, მის გვერდით. ფეხი ფეხზე გადაიდო. მოკლე ქვედაკაბა უფრო აეწია. მისი ფეხების შეხედვას რა სჯობდა! ნეტავ, გიგიმ თუ გააპარა მზერა?

- სიგარეტი გინდა? - მოუტრიალდა გიგი.

- არა, არ ვეწევი.

- ჰო, თუმცა, იქაც არ მოგიწევია, ზღვაზე. რატომ არ ეწევი? - დაინტერესდა უცებ.

- რა ვიცი, არ მქონია მოთხოვნილება.

- ახლა ქალები მოთხოვნილების გამო არ ეწევიან სიგარეტს, უფრო მოდის გამო.

- მე არ ვეკუთვნი იმ ქალების კატეგორიას, - ხაზი გაუსვა ნათქვამს.

- შენ უფრო ორიგინალური ხარ, არა? - მამაკაცი თითქოს დასცინოდა.

- მე ეგ არ მითქვამს. უბრალოდ, არა მაქვს სურვილი, მორჩა და გათავდა, - გაღიზიანდა.

- საწყენად არ მითქვამს. რატომ გაბრაზდი? - გაიღიმა გიგიმ.

- არ გავბრაზებულვარ. უბრალოდ, არ მომწონს, როცა რამეს მაბრალებენ.

- კარგი, აღარ დაგაბრალებ. დალევ ჩემთან ერთად? - თვალი თვალში გაუყარა მამაკაცმა.

- რა გვაქვს დასალევი? - ქეთი ცოტა «მოფერიანდა». ოღონდ გიგის მოესურვებინა და სულ ჩაფებით ჩაისხამდა სასმელს.

- ღვინო, წითელი, ბიძაჩემის დაწურული. მაგარია. იცი, როგორ აშავებს კბილებს?

- ვიცი, ეგ ღვინო ბევრჯერ დამილევია, - ქეთიმაც გაიღიმა.

მეგი გამოვიდა სამზარეულოდან და წელზე მიხუტებული სარეცხით სავსე ტაშტი გამოიტანა. გიგი მისახმარებლად წამოხტა. რა ჯენტლმენურად მოიქცა?! აბა, ის რა იყო, ქეთის რომ ჰკითხა იმ საღამოს, ყვავილები გიყიდო თუ არაო? რას გაიგებ!

მეგი მალე მორჩა. მერე შემოვიდა, სველი ხელები შორტის კალთებზე შეიმშრალა, დოინჯი შემოიყარა და გიგის და ქეთის გადახედა.

- გავშალო მაგიდა? ვიქეიფოთ?

- აბა, რა უნდა ქნა! - მხრები აიჩეჩა გიგიმ და ჟურნალი ტახტზე მიაგდო, - აი, ქეთი მოგეხმარება. მე - პას!

- შენ რაში უნდა მოგვეხმარო, არ გვჭირდები, - გაუცინა მეგიმ, ქეთის ხელით ანიშნა, გამომყევიო და სამზარეულოში გავიდა.

სუფრა მალე აივსო ნუგბარებით. მეგის დედა ბრწყინვალე კულინარი იყო, ამიტომ ოჯახში გემრიელი სადილი, თანაც - პირველი და მეორე - ყოველთვის მოიძებნებოდა. გიგისაც ამოეტანა რაღაც-რაღაცები: ნამცხვარი, ატამი, მსხალი, შოკოლადი…

- შენ გული გიგრძნობდა, დღეს ქეთი რომ უნდა მოსულიყო? - ეშმაკურად ჰკითხა მეგიმ ბიძაშვილს, - როდის იყო, ასე დატვირთული მოდიოდი ჩემთან.

- მადლობის მაგიერია, შე ყურუმსაღო? - ხმას აუწია გიგიმ, - რამდენი დღეა, არ ვყოფილვარ. ვიფიქრე, გაუხარდება-მეთქი. ეს კი…

- კაი, არა გრცხვენია? ხომ იცი, როგორ მიხარია შენი ნახვა. მაგრამ ამ ბოლო ხანებში ისეთი ძვირი სანახავი გახდი, არ შემიძლია, არ გისაყვედურო, - არ დაიხია უკან მეგიმ.

მაგიდას მიუსხდნენ. გიგიმ ღვინო ჩამოასხა. ყურძნის სურნელი დატრიალდა ოთახში.

- აუჰ! რა სუნი აქვს! - აღფრთოვანება ვერ დამალა მამაკაცმა, - ვინც ამას არ დალევს, ის ჭეშმარიტი ღვინის გემოს ვერასდროს გაიგებს, - ღიმილით თქვა და გოგონებს გადახედა.

ქეთი მოხერხებულად მიუჯდა მაგიდას. უცებ იგრძნო, როგორ შეეხო მისი მუხლი გიგის მუხლს. მოულოდნელად შეკრთა. მამაკაცს შეხედა. მას რეაქცია არ ჰქონია, არც კი შემოუხედავს. ქეთი არ განძრეულა, არც - გიგი. ქალს ალმურმა გადაურა სახეზე.

პირველი ჭიქა დალიეს. ღვინომ სასიამოვნოდ დაუარა სხეულში. მეორე ჭიქაზე უკვე ლოყები შეეფაკლა. გიგი ისე მოხერხებულად ასხამდა ღვინოს ჭიქებში, რომ ქეთის მუხლს მუხლს არ აშორებდა. თან ისე იქცეოდა, თითქოს ამას ვერც ამჩნევდა.

- დარჩები ამაღამ? - ჰკითხა მეგიმ ბიძაშვილს.

- არა, უნდა წავიდე, - გიგიმ კვლავ ჩამოასხა, - მაგრამ იქამდე უნდა დავრეკო.

- იმედია, ჯერ არ წახვალ… - ირიბად გახედა მეგიმ.

- ჯერ არა. შენი კულულების თვალიერებას რა სჯობს, - გაიცინა.

- ნუ მაშაყირებ, საძაგელო, - სიყვარულით დატუქსა ბიძაშვილი.

- შენ რატომ არ იზრდი თმას, ქეთი? - მოულოდნელად მას მიუბრუნდა მამაკაცი.

- მე?.. რა ვიცი, ასე ნაკლები წვალებაა. გრძელ თმას მოვლა სჭირდება, - ქეთი შეიშმუშნა.

- სამაგიეროდ, მოგიხდება, - მომნუსხველი მზერა ესროლა გიგიმ.

- არ ვიცი. შეიძლება ეგრეც იყოს, - მექანიკურად ქეთიმ თმაზე გადაისვა ხელი.

- მე დავრეკავ, თქვენის ნებართვით, - გიგი წამოდგა და ტახტზე გადაჯდა.

ქეთიმ სიცივე იგრძნო მუხლზე იმ ადგილას, სადაც მამაკაცის მუხლი ედებოდა…

- ალო, მე ვარ. როგორა ხარ? - თბილად მოიკითხა ვიღაცა… - არა მიშავს. მარტო ხარ?… გამოვიდე?.. კარგი, ერთ საათში… - თუ დამტოვებ, დავრჩები, - კმაყოფილი სახით გაიცინა.

ქეთის გული მოეწურა. აშკარად ქალს ელაპარაკებოდა. ალბათ ვიღაცა ჰყავს. ქეთი კიდევ, რა სულელია! ტკიპასავით მიეკრა მუხლით! ახლა მაინც არ ისწავლის ჭკუას?

გიგი ისევ მაგიდასთან გადმოჯდა. ქეთიმ კვლავ იგრძნო მამაკაცის მუხლის შეხება. ცივად გასწია ფეხი. ვერ მოგართვეს, ვაჟბატონო! შენ არა ხარ ამ ლამაზი, გრძელი ფეხების შეხების ღირსი! მოულოდნელად მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა. გიგიმ გამომცდელად გაუსწორა თვალი. ქეთიმ გვერდზე გაიხედა. საშინლად გაუფუჭდა ხასიათი…

- ამჯერად ვის უნდა ესტუმრო, შე პარაზიტო? - ცალი თვალი მოჭუტა მეგიმ და გახედა.

მამაკაცს იდუმალად ჩაეღიმა.

- არ იშლი შენსას, არა? სანამ ვიღაც არ შეგეტენება, არ გაჩერდები, ხომ? - არ ეშვებოდა მეგი, - ეგეც ბავშვიანია? - «ჩაუშვა» ბიძაშვილი.

ქეთის უფრო შეეკუმშა გული. რანაირები არიან ეს კაცები. ცოლის მოყვანა არავის უნდა, განათხოვარ ქალებთან სიამტკბილობა კი - ყველას. ამ საწყალმა გოგონებმა რა ქნან? ყველას ხომ არ შეუძლია, «თავისუფალი» ცხოვრებით იცხოვროს? ხომ არსებობს რაღაც მორალი, რომელსაც ყველა ქალი ვერ გადაახტება. კარგი რა, ქეთი! შენ მაინც არ გემუქრება შინაბერობა. რომ მოინდომო, ასი მთხოვნელი გამოგიჩნდება. ამისთანა გოგოზე ვინ იტყვის უარს. გიგის მისტირი? არ უნდა და ნუ უნდა. ალხანას თავისი ჩალხანა არ დაელევა…

ქეიფის «ვნებათაღელვა» უცებ ჩაცხრა. გიგიმ მალე ცივი წყალი გადაასხა ქეიფის აზარტში შესულ ქალებს. მოუბოდიშა, დროა, წავიდეო, ორივეს დაემშვიდობა და გაუჩინარდა…

ქეთის იმ ღამეს არ უძინია. ჩაუმწარდა ლამაზი საღამო. გიგისთან დაახლოების იმედიც სამუდამოდ გადაეწურა.
გაგრძელება იქნება
იხილეთ წინა თავი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93