«სეგაფრედოსთან» ჩამოვიდნენ. ხალხი არც ისე ცოტა ირეოდა კაფეში. თითო ფინჯანი უნალექო ყავა დალიეს. გიგი ნაყინის მოტანას არ ჩქარობდა. გატაცებით ჰყვებოდა თავისი მოგზაურობის ამბებს, ღმერთმა უწყის, ტყუილს თუ მართალს. მერე ნატომ მოიბოდიშა, დროა წავიდე, თორემ დამაგვიანდებაო.
- ნაყინი? - ახედა გიგიმ.
- ვერ ვიტან ნაყინს, ცხოვრებაში არ მიჭამია, - დაიჯღანა ნატო.
- აბა, რაღას მოგვყვებოდი, შე ქალო, - გაშალა ხელები გიგიმ.
- ყავა ხომ დავლიე? - არ დაიბნა ნატო და კეკლუცი ღიმილით დაემშვიდობა ქეთის. გიგიმ კარამდე მიაცილა. ერთმანეთისთვის არ უკოცნიათ, ისე დასცილდნენ ერთმანეთს. ქეთის, ცოტა არ იყოს, გაუკვირდა. წეღან ისე იყვნენ ჩახუტებულები, ლამის იყო, გულზე გახეთქეს ქალი, ახლა კი არც დაემშვიდობა ნორმალურად. მართლა ვერაფერს გაიგებ ამ კაცებისას!
გიგი შემობრუნდა, მაგიდას მიუჯდა და ქეთის კითხვაჩამდგარი თვალები მიანათა.
- შენც არ გინდა ნაყინი? მე მინდა. უფრო სწორად, რომელი გინდა? - «გამოასწორა» გიგიმ შეცდომა.
- შენ რომელსაც აირჩევ, ჩემთვის სულერთია, - მოერიდა ქალს.
- მაშინ სამ სხვადასხვა ბურთულას ავიღებ შენთვისაც და ჩემთვისაც. მომიცადე!..
მალე სხვადასხვა ფერის ბურთულებიანი ნაყინის ორი ჭიქით დაბრუნდა.
- ქოქოსი, ალუბალი და ნუში. აი, ეს ზუსტად იმ ღვინის ფერია, მე და შენ რომ დავლიეთ, -ღიმილით გაახსენა ქეთის მამაკაცმა და თვალებში გამომცდელად შეხედა.
- დღესაც ხომ არ გაგვეკეთებინა რეპეტე?
- არა, რაღა დღეა, დაღამდა უკვე, გვიანაა, - იუარა ქეთიმ.
- მერე რა. დავრეკოთ შენებთან, ვუთხრათ, რომ მეგისთან რჩები და წავიდეთ… ჩემთან.
- შენთან? - წარბები აზიდა ქალმა.
- ჰო. მეგისთან ასვლა არ ღირს - დედამისი, მამამისი…
ქეთის პასუხი არ გაუცია. როგორ ჩაწყდა გულში რაღაც. რა უსინდისო ვინმეა! ისე სთავაზობს თავისთან წასვლას, თითქოს ქეთი ქუჩაში ეპოვოს ან ვიღაც იყოს, შემთხვევით გაცნობილი…
- წამოხვალ? - ფრთხილად მოუსინჯა ნიადაგი მამაკაცმა.
- არა, გიგი. გვიანაა უკვე. მე შინ წავალ, უკეთესია. ჩემზე დროს ტყუილად ნუ დაკარგავ, -ირონიულად შენიშნა ბოლოს.
- შენ ახლა კუდებს ნუ გამოაბამ ჩემს ნათქვამს. მე გულით გეპატიჟები. იმიტომ, რომ უცხო არა ხარ ჩემთვის. მეგის დაქალი ხარ და… კაროჩე, თუ გაქვს სურვილი, წამოდი და თუ არ შეგიძლია, შენი ნებაა, ძალას ვინ დაგატანს, - თქვა გიგიმ და ბელტივით მოჭრილი ნაყინი კოვზიანად პირისკენ გააქანა.
- არა, ჩემი და მარტოა შინ, არ გაჩერდება უჩემოდ, - იცრუა ქეთიმ და მზერა დახარა…
…მერე უსიტყვოდ დაუყვნენ რუსთაველის გამზირს. თითქოს ცოტა აგრილდა, ნიავმაც წამოუქროლა. აშრიალდნენ ჭადრები. თბილი ჰაერი სახეში სცემდა ორივეს. არც ერთი იღებდა ხმას, არც მეორე. ბესიკის ქუჩაზე აუხვიეს. აქ უკვე აღარ იყო ლამპიონები, მთვარის შუქიღა ანათებდა ტროტუარს. ქეთი მოსახვევში შეჩერდა. გული დამძიმებული ჰქონდა. არ გაუმართლა რაღაცის მოლოდინმა.
- მეტს ნუღარ გამომყვები, აქედან ჩემით წავალ, - ჩუმად თქვა და გიგის შეხედა.
- კარგი, არ გამოგყვები, მაგრამ იქამდე დავიცდი, სანამ ეზოში შეხვალ. რა იცი, უცებ ვინმე არ გამოგიხტეს ქუჩაში, - გაეღიმა მამაკაცს.
- ეგრე იყოს. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. იმედია, ოდესმე ისევ შევხვდებით ერთმანეთს, - «ოდესმე» ძალზე ხაზგასმით გამოუვიდა.
გიგიმ არ შეიმჩნია.
- მოიცა… - აქ მამაკაცმა მკლავში ჩაავლო ხელი და ახლოს მიიზიდა, - ერთი წუთით, მოიცა… შენ რა ლამაზი თვალები გქონია, აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე, ა? - ჯერ დაკვირვებით ჩახედა თვალებში, მერე მზერა მის შუბლზე გადაიტანა, მერე - მთელ სახეზე…
- ტუჩებიც… - გააგრძელა ახლა უკვე ჩურჩულით, - გახსოვს, იმ საღამოს, მაკოცეო, რომ მთხოვე?
- მახსოვს, - უფრო გაიფიქრა ქეთიმ, ვიდრე თქვა.
- მე ხომ შეგისრულე თხოვნა, - უფრო ახლოს მივიდა გიგი.
ქეთი კედელს აეკრა. მიმოიხედა. ქუჩაში ჯერ არავინ ჩანდა.
- ახლა მე უნდა გთხოვო… გაკოცებ, შეიძლება? - ტუჩებით მის ყურს წაეპოტინა.
ქეთიმ თვალები დახუჭა. იგრძნო, როგორ მოექცა მისი ყურის ბიბილო გიგის ტუჩებში. ლამის იყო, ჩაიკეცა… აჰა, მისი მოლოდინიც გამართლდა. «რაღაცას» ხომ ელოდა. ჰოდა, მიიღო კიდეც. მამაკაცმა ყურის ბიბილოდან ჯერ ქალის ყელზე, შემდეგ კი ტუჩებზე გადაინაცვლა… ნაბიჯების ხმა მოისმა. ვიღაც მოდიოდა. გიგიმ სწრაფად უშვა ქალს ხელი, ჯერ მარცხნივ გაიხედა, მერე - მარჯვნივ და ქეთი იქვე, ორი ფეხის ნაბიჯზე მდებარე სადარბაზოში შეიყვანა.
ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო, მათზე იყო ნათქვამი. აქ საკმაოდ ბნელოდა. გიგიმ კუთხეში მიიმწყვდია ქალი და წელზე მოხვია ხელები, ტუჩებით ქალის ტუჩებს დაუწყო ძებნა. დიდხანს, დიდხანს კოცნიდნენ ერთმანეთს.
- წამოდი ჩემთან, გთხოვ, - უჩურჩულა მამაკაცმა.
- არა, არა, - გამოფხიზლდა ქეთი და იგრძნო, როგორ აეწვა ტუჩები, თითქოს გაუსივდა, -მორჩა, წავედი, - უფრო ხმამაღლა თქვა და სადარბაზოდან ნელა გამოყო თავი.
შეეშინდა, ნაცნობმა არავინ დამლანდოსო. ასე ეგონა, მთელმა ქვეყანამ იცოდა, რაც მოხდა ორიოდე წუთის წინ. სწრაფი ნაბიჯებით დაუყვა ქუჩას. მერე უკან მოიხედა. გიგი ვერ შეამჩნია. ნუთუ წავიდა? არა, ეს შეუძლებელია. ასე უცებ როგორ წავიდოდა! თვალყური არ უნდა ედევნებინა, სანამ ეზოში შევიდოდა? ხომ შეჰპირდა? მაგრამ რომ არ ჩანს? რა უცნაური ვინმეა! ერთხელ არ თქვა, ან მომწონხარ, ან მიყვარხარ, ან თუნდაც, მინდიხარ. აწი მაინც არ დარეკავს? წესით, უნდა დარეკოს, თანაც აუცილებლად. თუ არადა, ქეთი იზამს მაგ საქმეს. ხომ მოიპოვა უფლება?
ახლა, მთავარია, ეზოში არავინ დაინახოს. თუმცა, ვიღამ უნდა დაინახოს - ებრაელები ქობულეთში მიდიან ხვალ დილით. ამიტომ დიდ ფაციფუცში იქნებიან, ემზადებიან ალბათ. რუსა და მისი ქმარ-შვილი, კარგა ხანია, სოფელში გაემგზავრნენ. დინოსი კი სულაც არ ეშინია, ამ სიბნელეში მაინც ვერაფერს შეამჩნევს. თუმცა, რა უნდა შეამჩნიოს? რას მალავს რო?
თვითონაც არ იცის, ჰგონია, რომ რაღაც სჭირს. ქვედა ტუჩი ისე უბჟუის.. თანაც აშკარად დაუსივდა.
როგორც იქნა, გაიარა გვირაბივით ბნელი ტალანი. რაც ვაჟას მანქანა არ აყენია, აქ გასვლა გაადვილდა, არაფერს დაეჯახები… ღია ფანჯრიდან მაგნიტოფონის ხმა გამოდიოდა. სესილი კრის ნორმანს უსმენდა.
ქეთის დანახვაზე სესილს თვალები გაუბრწყინდა.
- მოკლედ, «სმოკის» იქით ვერ წავიდა შენი მუსიკალური გასაქანი, არა? - მხიარულად შესძახა გოგონამ დას და ჩანთა სავარძელზე მიაგდო.
სესილი საწოლზე წამოჯდა. ის იყო, გაღიმებულმა რაღაცის თქმა დააპირა, რომ გაოცება აღებეჭდა სახეზე, მერე ხელები ლოყებზე აიფარა.
- ტუჩზე რა დაგემართა, გოგო! - შეშფოთებით ჰკითხა, ჩუმი ხმით.
- რა დამემართა? - ქეთისაც გაუკვირდა, მოტრიალდა და სარკეში ჩაიხედა.
ჩაიხედა და… ქვედა ტუჩი მთლიანად ჩალურჯებული ჰქონდა. თქვენ გგონიათ, მარტო ტუჩი? ყელიც.
ქეთიმ ხელი ორივეგან მოისვა… მხოლოდ ახლა იგრძნო, რომ ჩალურჯებული ადგილები სტკიოდა. ღაწვები აეფაკლა.
- რავა ზანგის ქალივით გაგსიებია მაგ ტუჩები. ვინ გაკოცა, არ იტყვი? - ინტერესით მოწკურა თვალები სესილმა.
- «იმან», - ხმას დაუწია ქეთიმ, - და ძალიან გთხოვ, მეტი არაფერი მკითხო, - დაღლილი მზერა ესროლა უფროს დას და ისევ სარკეს მიუტრიალდა.
- დედა! მართლა რა საშინლად მაქვს ქვედა ტუჩი! - ქეთიმ კვლავ ფრთხილად მოისვა ტუჩზე ხელი, - ამას რა დააცხრობს?
- კი მაგრამ, ქალი ცხოვრებაში არ ჰყავდა ნანახი თუ როგორაა მაგის საქმე? რას იკბინებოდა? - ვერ მოითმინა სესილმა.
- ვუყვარვარ, - დაასკვნა ქეთიმ და თვალებში ჩახედა საკუთარ ორეულს, - რომ არ ვყვარებოდი, ასეთ დღეში ჩამაგდებდა?
- ვაი შენს პატრონს! რა დებილი ხარ ამხელა ქალი. კოცნა რომ სიყვარულს ნიშნავდეს, ამქვეყნად არც ერთ ქალს პრობლემა არ ექნებოდა მაგ საკითხში. ერთს აკოცებს კაცი და… ვუყვარვარ! დაასკვნიან მაშინვე. რა გეშველებათ შენ და შენნაირებს. თანაც, ამას თუ კოცნა ჰქვია, ვიკითხავ მაგას მე!
- მოდი, ნუღარ ვილაპარაკებთ მაგაზე, კარგი? ხვალ გამოჩნდება ყველაფერი. წესით, უნდა დამირეკოს. თუ არადა… საბოლოოდ ჩავიქნევ ხელს, ავდგები და სადმე წავალ დასასვენებლად. საერთოდ დავივიწყებ. ასეთი რამეები ჩემი მოგონილია.
- კაცი ყველაფრის ღირსია. უბრალოდ, არ იმსახურებს იმას, რისი გაცემაც მისი გულისთვის ქალს შეუძლია. შენ ბოლომდე იხარჯები, მასზე ფიქრში ათენებ და აღამებ, ზრუნავ, ელოლიავები, ის კი… ერთი თვალი თუ მოაშორე, ეგრევე იწყებს შენ დავიწყებას. ამიტომ გულთან ახლოს არ უნდა მიიტანო არასდროს არაფერი.
- შენ ამბობ მაგას? - წარბები შეჭმუხნა ქეთიმ, - შენ, რომელიც სულ ახლახან ცხარე ცრემლებად იღვრებოდი კაცის გულისთვის? რაო, შეგირიგდა და თავი ქუდში გაქვს, არა? გამეცი ხმა, - ქეთი ლაპარაკ-ლაპარაკით გაეშურა საწოლისკენ, მუხლებით შედგა ზედ და მერე ზურგზე გაიშხლართა დის გვერდით.
- დღეს საბოლოოდ დავშორდი ლადოს, - მოულოდნელად თქვა სესილმა.
ქეთი გაშეშდა. თავი წამოსწია, ხომ არ მომესმაო.
- რა თქვი?
- დავშორდი-მეთქი, სულ დავშორდი.
- რატომ?
- იმიტომ, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა. ყველაზე გასაოცარი რა არის, იცი? გადასარევად ვგრძნობ თავს. მეგონა, გადავყვებოდი ამ ამბავს, მაგრამ, შენ წარმოიდგინე, სულ არ გამჭირვებია. არც ისე მტკივნეული გამოდგა «უკანასკნელი ტანგო».
- ჰმ! ახლა ამბობ მაგას, თორემ, აგერ ნახავ, გაივლის ერთი-ორი დღე და ხაფანგში გამომწყვდეული თაგვივით მიაწყდები კედლებს და…
- და ავწრიპინდები? - შეაშველა სესილმა სიტყვა.
- თანაც როგორ!
- არავითარ შემთხვევაში. ეგ არ მოხდება!.. არაფრის დიდებით! - შეიცხადა ჯიშიანმა სესილმა.
- ღმერთმა ქნას, მე კი მეეჭვება რატომღაც. ვნახოთ, აგერ, შენ და აგერ, გერმანია, - გაეხუმრა ქეთი.
- კარგი, არც მე მინდა მაგ თემაზე საუბარი. დავიცადოთ რამდენიმე დღე და მერე ვნახოთ, რა იქნება, - თქვა სესილმა, ლოგინიდან წამოდგა და ქეთის ჩანთას დაავლო ხელი, - ეს სველი პირსახოცი არ უნდა გაფინო? ყოველთვის მე რატომ მელოდები?
- შენ გაფინე, რა, სულ დამავიწყდა, - სთხოვა დას და კედლისკენ გადაბრუნდა.
- დაგეძინება მასე, გაიხადე მაინც.
- არა, არ დამეძინება, - ხმადაბლა ჩაილაპარაკა ქეთიმ, თვალები დახუჭა და ფიქრებს მიეცა.
გიგისთან შეხვედრამ ვერაფერი შეცვალა ქეთის ცხოვრებაში. არც დაურეკა, არც მოიკითხა, არც არაფერი. მეგისთანაც კი არ გამოჩენილა. ქეთი საგონებელში ჩავარდა. რა უცნაური ბიჭია. აბა, რას ნიშნავდა ის დაწყევლილი საღამო! კარგი, არ უყვარს და ნუ უყვარს, მაგრამ… რაღაც გრძნობისმაგვარი ხომ გააჩნია მის მიმართ? თუ მისთვის ყველა ქალი ერთია? იმ «ველიკი არტისტსაც» ასე ექცევა? ვიღაც სხვასაც ხომ ხვდება - იმ ღამეს არ იყო, მეგისგან რომ დაურეკა?
თვითონ ხომ არ შეეხმიანოს? რა არის ამაში ცუდი? ისე მოიკითხავს, ვითომც აქ არაფერი. ასეც გადაწყვიტა…
მეგისთან დარეკა და გიგის ნომერი სთხოვა. დაქალმა ისე უკარნახა ბიძაშვილის ტელეფონის ნომერი, არც კი დაინტერესებულა, რისთვის სჭირდებოდა. გულის ფანცქალით დარეკა. სუნთქვაშეკრული უსმენდა ყოველ მომდევნო ზუმერს. როგორც იქნა, ყურმილი ვიღაცამ აიღო.
- გისმენთ, - გაისმა მამაკაცის ხმა.
ქეთიმ სასწრაფოდ გათიშა. არა, ასე არ შეიძლება. ასე ვერ დაელაპარაკება. რა უნდა უთხრას? ისეთი არაფერი, მოიკითხავს უბრალოდ. რა აუცილებელია, რამე უთხრას. რა არის ამაში დასაძრახი?
ცოტა ხანს შეიცადა და ხელმეორედ აკრიფა ტელეფონის ნომერი.
- ალო! - ახლა ცოტა უხეშად გაისმა ბოხი ხმა.
- გიგი, გამარჯობა, - ქეთი ჩვეულებისამებრ გაინაზა.
- გაგიმარჯოს, რომელი ხარ? - ვერ იცნო.
- ქეთი ვარ, მეგის მეგობარი.
- ა-ა-ა! ქეთი… ვერ გიცანი, - თითქოს დაიბნა მამაკაცი, - რამე ხომ არ მოხდა, ხომ მშვიდობაა? - იკითხა ბოლოს.
- არა, არაფერი. ისე დაგირეკე. ეს დღეები რომ არ გამოჩნდი… მუშაობა ხომ არ დაგიწყია?
- ჯერ არა. მამაჩემი სექტემბრიდან მპირდება. გუშინ მანქანა ვიყიდეთ და ხვალ-ზეგ გადავაფორმებთ. მერე, ალბათ, აღარ დავიკარგები.
- ძალიან კარგი.
ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა.
- კიდევ ხომ არაფერი გინდოდა, ქეთი? - ჰკითხა გიგიმ, - სტუმრები მყავს და…
- კარგი, თავს არ შეგაწყენ. მიხედე შენს სტუმრებს, - გაწბილებული დაემშვიდობა მამაკაცს და ყურმილი დაკიდა.
ცეცხლი წაეკიდა სახეზე. რა ჯანდაბისთვის დარეკა, რა უნდოდა! ღირსია, რაც მიიღო.
უცებ ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. გული შეუქანდა, გიგი არ იყოსო და ყურმილს ეცა.
- დათოვლილო გაზაფხულო, როგორ ხარ? - გიორგი კარგ ხასიათზე ჩანდა.
- ცუდად, - ტუჩები უკანკალებდა ქეთის.
- რატომ?
- იმიტომ, რომ ნამდვილი დეგენერატი ვარ, იდიოტი! - გაწიწმატებული ლამის ყვიროდა.
- რაო, არაო? - გაეხუმრა გიორგი.
- ესაო, ისაო, შენი დიდი ხათრი მაქვსო, მაგრამ - არაოოო… - ქეთიც აჰყვა, ოღონდ ძალზე ნაღვლიანად.
- წეღან იმიტომ იძლეოდა ტელეფონი დაკავებას?
- ჰო.
- მერე რას აპირებ?
- არ ვიცი.
- გინდა, რჩევა მოგცე?
- მითხარი, აბა.
- მერე, ჩემთვის რომ საზიანო იქნება? - შეყოყმანდა გიორგი.
- ოხ!
- კარგი, კარგი, ვიცი, რასაც მეტყვი. მე შანსი არა მაქვს, ხომ?
- ასეა.
- რა გაეწყობა, იძულებულს მხდი, გითხრა. თუმცა… არ ვიცი, როგორ მოგეწონება ჩემი წინადადება.
- მითხარი და მერე ვნახოთ.
- ადექი და შენ თვითონ აუხსენი სიყვარული.
- რაო-ო-ო? - შეჰყვირა ქეთიმ.
- ჰო, რა უჭირს. თუ ვერ ხვდება, უნდა აგრძნობინო, აბა, როგორ გინდა! - უკან არ იხევდა გიორგი.
- ხომ არ გაგიჟდი! სიყვარულს არა, იმას ავუხსნი!
- მომისმინე, ქეთა. ხანდახან მამაკაცები ვერ ხვდებიან ქალის განცდებს. ეს საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი. მაგრამ თუ ეტყვი, მერე შეიძლება დაფიქრდნენ კიდეც. დამიჯერე, ასე აჯობებს.
- აღარ მინდა შენთან საუბარი, ცუდი, ძალიან ცუდი ბიჭი ხარ! - გაიბუსა ქეთი.
- რატომ გაბრაზდი? მე შენკენა ვარ, შენ კი… გენატრება ხოლმე?
- მენატრება, ჰო! ამის დამალვას უკვე არა აქვს აზრი!
- მე თუ მკითხავ, მონატრება საოცარი სტუმარია. ისე უნდა გენატრებოდეს ადამიანი, როგორც მე მენატრები.
- როგორ გენატრები? - გაიღიმა ქეთიმ.
- როგორ და… ლოგინში რომ ჩაწვები, საბანს ამოიკეცავ, თავზე წაიხურავ, თვალებს დახუჭავ და… გელანდება გაზაფხული, დათოვლილი, რა თქმა უნდა. ამ დროს სული ფაქიზდება. შენ ჩამჭიდებ ხელს და დავეხეტებით დანაგვიანებულ ქუჩებში მტვრიან კედლებს შორის. აი, ეს არის სიყვარულიც და მონატრებაც…
- უცნაური მონატრება გცოდნია…
- ჰო, უცნაური… უფრო სწორად, ჩემნაირი. მეც ასეთი ვარ… ალბათ ამიტომაც არის, რომ მიუღებელი ვარ შენნაირი კარგი გოგოებისთვის.
- ეგ არ არის მართალი. შენ კარგი ადამიანი ხარ, უბრალოდ, მე… მე… ხომ იცი, სხვა მიყვარს, თორემ…
- თორემ რა? არ მითხრა ახლა, რომ ქვეყნის დასალიერამდე გამომყვებოდი. ეგ ბებიების ზღაპარია, დაძველდა უკვე.
- ბოროტო!
- აჰა, ახლა ბოროტიც გავხდი, არა? რატომ? იმიტომ, რომ სიმართლეს ვღაღადებ?
- მაბრაზებ, გიორგი. რატომ გინდა, მაინცდამაინც მტკივან ადგილას დამაჭირო ფეხი?
- კარგი, შევეშვათ ამას, სისულელეა ეს ყველაფერი, ქეთა. ახლა მე დაგტოვებ, მომაკითხეს და უნდა გავიქცე.
ქეთი დაემშვიდობა იდუმალ თაყვანისმცემელს, ყურმილი დაკიდა და ჩაფიქრდა. გიორგის დარიგება ჭკუაში დაუჯდა. იქნებ მართლა აუხსნას სიყვარული?
გაგრძელება იქნება