ორი დღე გავიდა. ქეთის ფიქრით თავი გაუსკდა. დაუჯეროს გიორგის? უთხრას თუ არ უთხრას გიგის, რა «ცეცხლიც უკიდია»? მაგრამ აქვს კი გარანტია, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება? აქვს, აქვს, როგორ არა. შეიძლება არ უყვარს, მაგრამ რაღაც გარკვეულ დონემდე სიმპათია რომ გააჩნია, უდავოა. ახსოვს ქეთის, როგორ კოცნიდა იმ ღამეს მამაკაცი. იმ ღამესაც და პირველად რომ გაიცნო, იმ საღამოსაც. რომ არ მოსწონდეს, მაშინ ცოტა სხვა «მეთოდებით» შეეცდებოდა ქეთისთან დაახლოებას. მაშინ რატომ იკავებს თავს? რატომ ყოყმანობს? რა იმალება ყველაფერ ამის უკან? ქეთი პასუხს ვერ პოულობდა. დიდი თავსატეხი გაუჩინა ამ «კერკეტმა კაკალმა», აი! იქნებ ძალიანაც სურს მასთან ურთიერთობა, მაგრამ თქმას ვერ ბედავს? ესეც ხომ შეიძლება? ხომ არიან მამაკაცები, რომლებსაც არ ეხერხებათ ბევრი ლაპარაკი, განსაკუთრებით - სიყვარულზე. ბევრი კი არა, ზოგს სულ არ ეხერხება… ამასთან, ეშინიათ, ქალისგან უარი არ მიიღონ. იქნებ ისიც ასეა? ვითომ?.. რაღაც არ ჰგონია. თუმცა რა, ყველაფერი შესაძლებელია. ჰოდა, დროა, შეუდგეს საქმეს, დაურეკოს და შეხვედრაზე დაიბაროს. იქ კი ყველაფერი გაირკვევა.
საათს შეხედა. რვა ხდებოდა. დღეს სესილი არ მოვა, იქით რჩება, ვაკეში. დედამ დაიბარა, სერიოზული სალაპარაკო მაქვს შენთან და ამაღამ გამოდიო. რაც ლადოს დაშორდა (თუმცა, ჯერ სულ რამდენიმე დღე გავიდა), მას მერე სულ ცდილობს, შინ არ დარჩეს, გარე-გარე იაროს, იქნებ როგორღაც არ იფიქროს მასზე და სხვა რამეებს გადააყოლოს გული. საწყალი სესილი! ალბათ, რა დღეშია, რამდენ რამეს ითმენს და არ ამჟღავნებს. ქეთიც ასე არაა? ვერაფერს უხერხებს საკუთარ თავს. დებილი ბავშვივით ზის მთელი დღე სახლში ტელეფონის ზარის მოლოდინში. რა უბედურებაა! ყველა რეკავს, გიგის გარდა. ეს ეზოც როგორ დაცარიელდა! აქამდე მეზობლები მაინც შემოივლიდნენ (იზა, ლიზა, რუსა…), ახლა აღარავინ დარჩა აქეთ-იქით, დინო (დინარა) დეიდასა და დათოს გარდა. ცისანაც გაუჩინარდა სადღაც თავის მეუღლესთან ერთად, ალბათ - სოფელში.
ქეთის უნებურად დათო გაახსენდა. ნეტავ რას შვრება, ახლა რომ ვერავისთან შევა, ვის რა უნდა მოჰპაროს? სარეცხსაც არავინ კიდებს გარეთ, რომ მისი მოპარვით მაინც «გაერთოს». ამ ფიქრებში იყო, კარზე რომ დააკაკუნეს. ქეთიმ ფანჯარაში გაიხედა. გაეცინა. დათო იყო. ამაზეა ნათქვამი, ძაღლი ახსენე და ჯოხი მოიმარჯვეო. კარი გამოაღო.
- პრივეტ! შეიძლება? - ღიმილისაგან სახე დაეჯღანა დათოს.
- მობრძანდი, დათუნი, რავა ხარ? - მხიარულად შეხვდა ქეთი მეზობელს.
- როგორ ვიქნები, გამოვყრუვდი მარტოობით. ხელს ხომ არ შეგიშლი?
- არა გრცხვენია, რა ხელი უნდა შემიშალო, მარტო ვარ სახლში.
- სადაა შენი სესილია? - გაიცინა.
- ჩემი სესილია იქითაა, ჩვენებთან, - ქეთიმ სკამი დაუდგა დათოს, - დაჯე!
- სიგარეტი ხომ არა გაქვს? - იკითხა.
- მე ხომ არ ვეწევი, საიდან მექნება, - გაშალა ხელები ქეთიმ და მაგიდას მეორე მხრიდან მიუჯდა, - ხილი მიირთვი, - ახლოს მიუწია მსხლით სავსე ვაზა.
- არა, სპასიბა, მსხალი არ მიყვარს.
- აუჰ! რატომ, ბიჭო?!
- აბა, რა ვიცი, არ მიყვარს და… - ისევ გაიცინა დათომ.
- დათუნი, მართალია, ძაღლი რომ მოგიყვანია სახლში? - გაახსენდა უცებ ქეთის, თან იმაზე დაიწყო ფიქრი, რა დაედო მაგიდაზე, რომ დათოს ადვილად შეძლებოდა მისი მოპარვა.
- ჰო, მართალია. იცი, რა მაგარი ვინმეა? ყველაფერი ესმის. აი, ამხელაა, - ხელით მოზომა დათომ იატაკიდან მანძილი.
- უი, რა პატარა ყოფილა. დედაშენი კი გაგიჟებული იყო იმ დღეს.
- დედაჩემი სიაბანდია. რწყილებმა დამჭამაო. ერთი ბეწო ლეკვია, საიდან უნდა ჰყოლოდა რწყილები, მე შენ გეკითხები? ფანტაზიორობს რაღაცას. მე რომ მაგის ნამდვილი შვილი ვიყო, ასე არ მომექცეოდა.
- კარგი ახლა, მაგას ნუ იტყვი. დინო დეიდას შენ ძალიან უყვარხარ, მაგას ნამდვილად ვერ დაუკარგავ.
ჰო, მართლა, ჩვენ ერთი რამ დაგვავიწყდა. დინო (დინარა) დათოს ნამდვილი დედა არ არის. დათოს დედა მის მშობიარობას გადაჰყვა და ბატონი მიხეილი იძულებული გახდა, სამ თვეში ცოლი ეთხოვა. აბა, ჩვილ ბავშვს გაზრდა ხომ უნდოდა. დინო (დინარა) დეიდაც (იგი ასეთი მსუქანი კი არ იყო მაშინ და არც ასეთი სპილოს ნაბიჯებით დააბოტებდა) მთელი პასუხისმგებლობით შეუდგა ბავშვის გაზრდას. რომ იტყვიან, «ცივ ნიავს არ აკარებდა», საკუთარი შვილივით უვლიდა…
- აბა, ეგ რა სიყვარულია, ყველაფერზე მეჩხუბება და მეჯიჯღინება. მაგის მოსაწონს ვერაფერს გააკეთებს კაცი. სიცილი რომ სიცილია, იმასაც მიკრძალავს, თუ თვითონ არ არის ხასიათზე, - ხელი ჩაიქნია დათომ.
- ახლა ნუ გააბუქებ შენებურად, არც მასეა საქმე, - დატუქსა ქეთიმ და თავის ოთახში გავიდა, იქნებ რამე მოვძებნო და შეუმჩნევლად მაგიდაზე დავდოო. თავისი სათვალე გაახსენდა, რომელიც თითქმის არ უხმარია, მეგიმ აჩუქა დაბადების დღეზე და სულ რამდენჯერმე თუ ეკეთა. დაავლო ხელი და უკან შემობრუნებულმა შეუმჩნევლად დადო მაგიდაზე.
- ყავას დალევ, დათო? - ჰკითხა.
- თუ არ დამზარდები და შენც შემომიერთდები, არ ვიტყოდი უარს.
- ახლავე. შენ არ მოიწყინო, - თქვა ქეთიმ და სამზარეულოში გავიდა. სანამ ყავას ადუღებდა, იმაზე ფიქრობდა, აიღებდა თუ არა დათო მის სათვალეს.
მალე შემობრუნდა ყავით სავსე ჭიქებით. სათვალე გამქრალიყო. გაეღიმა…
- იცი, რისთვის მოვედი შენთან? - დაიწყო დათომ.
- ისე რომ არ მოხვიდოდი, მაგას ვხვდები, მაგრამ ნამდვილი მიზეზი არ ვიცი და თუ მეტყვი, დიდად დამავალებ, - გაიცინა ქეთიმ.
- მე მგონი, შეყვარებული ვარ და შენ, როგორც ჭკვიან ქალს, რჩევა უნდა გკითხო, რამდენად მაქვს შეყვარების უფლება.
ქეთიმ გაოცებით შეხედა მეზობელს. ახლა ამასაც ქეთი არ უყვარდეს, თორემ ნამდვილად გაგიჟდება. დათოღა აკლდა მის «კოლექციას».
- ვინ გიყვარს ამისთანა? რა, ლელა წურწუმიაა თუ გოგოლა კალანდაძე? - სიცილი დაიწყო ქეთიმ.
- ეგენი ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ თავიანთ ქმრებს, მე სხვა რამ გამჭირვებია… -გაწელა დათომ სათქმელი.
- მითხარი, მითხარი, იქნებ დაგეხმარო რამეთი, - შეაგულიანა ქეთიმ.
- ვინ მიყვარს და… შენი… - აქ დათომ ქვემოდან ახედა ქეთის.
ქალს შეამცივნა. ახლა არ მითხრას, შენი და მიყვარსო, თორემ ვიკივლებ, - გაიფიქრა უცებ.
- ამოშაქრე, ბოლოს და ბოლოს, ნუ დამტანჯე, - გული შეუწუხდა ქეთის.
- შენი მეზობელი, - თქვა ბოლოს.
- ვინ ჩემი მეზობელი, რომელი? - წარბები აზიდა ქეთიმ.
- იზა.
- იზა-ა? შენ ხომ არ გადაირიე! მოგკლავს დედამისი. არც კი გაიფიქრო ეგ, - შეღონდა ქალი.
- მე მგონი, იმასაც ვუყვარვარ, - ახლა მთლად უარესი თქვა დათომ.
- ორივენი გაგიჟებულხართ და ეგაა, - გაასავსავა ხელები გოგომ, აიღო მსხალი და გათლას შეუდგა.
- აბა, რა ვქნა? მერე რა, რომ ქართველი ვარ. უფლება არა მაქვს, ვინც მიყვარს, ის მოვიყვანო ცოლად? - გაიკვირვა დათომ.
- შენ უკვე გეგმები დაგიწყვია. ვინ გამოგატანს ბიჭო, იზას შენ ცოლად! დაფიქრდი, აბა!
- არ გამომატანენ და მაგათი აჯობებს. მოვიტაცებ და გვეძებონ მერე, რამდენიც უნდათ.
- შენი საქმისა შენ იცი, მაგრამ მე ჩემი მითქვამს, მერე სანანებელი არ გაგიხდეს, ჩემო კარგო, - დაარიგა ქეთიმ.
- ვნახოთ, ჯერ ჩამოვიდნენ იქიდან და მერე მე ვიცი. მთავარია, იზა იყოს თანახმა.
დათო წამოდგა. მადლობა გადაუხადა მეზობელს გამასპინძლებისთვის და წავიდა. ქეთის სათვალეც, რა თქმა უნდა, ხელს გააყოლა. რა სულელი ბიჭია, მეტი საქმე არა აქვთ ებრაელებს, დათოს მიათხოვონ თავიანთი «მზეთუნახავი» გოგო, თანაც - მომავალი ექიმი. ჰმ! კარგი შორს მიმავალი გეგმები კი ჰქონია ჩვენს კლეპტომანს?!
ქეთიმ კარი ჩაკეტა, ოთახში შებრუნდა და ტელეფონს მიუჯდა. ახლა დარეკავს გიგისთან და… თუ უპასუხა, ესე იგი, ღვთის ნებაა ყველაფერი და შეხვედრას დაუთქვამს, თუ არადა… ესე იგი, არ არის საჭირო. გულისფანცქალით აკრიფა ნომერი. კარგა ხანს ელოდა. ყურმილს არავინ იღებდა. შვებით ამოისუნთქა. გამოდის, რომ არაფერი უნდა უთხრას, თორემ ხომ დახვდებოდა სახლში? ეს გიორგიც რომ არ რეკავს? მაგას მაინც რაღა დაემართა? მერე მეგისთან გადარეკა. ისიც არ დახვდა შინ, დედამისმა უთხრა, კახეთშია წასული ქორწილში, ჯერ არ ჩამოსულაო. ტელევიზორი ჩართო. უგულისყუროდ მისჩერებოდა ეკრანს. რა ცუდია მარტო ყოფნა, თითქოს მოწყვეტილი ხარ მთელ ქვეყანას, თითქოს არავის სჭირდები. გიგიზე დაიწყო ფიქრი. კიდევ ერთხელ «დაატრიალა» იმღამინდელი სცენა. სიამოვნებისგან გააჟრჟოლა. არა, რაღაც უნდა მოუხერხოს ამ კაცს, თორემ მისი ცხოვრება აზრს დაკარგავს…
სესილი დილით ადრე მოვიდა. ქეთი ჯერ კიდევ ლოგინში იწვა. უფროსი და თავზე წამოადგა ღიმილით.
- ცუდადაა შენი საქმე, ძვირფასო, - თითი დაუქნია ქეთის.
- რა ხდება? - თავი წამოსწია მშვენიერმა ქეთიმ.
- გათხოვებს დედაშენი, - კისკისი აუტყდა სესილს.
- მათხოვებს? - ახლა უკვე ლოგინში წამოჯდა.
- ჰო. ცისანასთან მოლაპარაკებულა, სექტემბერში დავაქორწინოთ ჩვენი შვილებიოოო…
- კი მაგრამ, მე არ მეკითხებიან?
- შენ არა.
- არც ზეზვას?
- ზეზვა თანახმაა და, მგონი, ემზადება კიდეც.
- ეგ სადაური კანონიაო, ვითომ? - გაბრაზდა ქეთი.
- სადაური კანონია და აქაური კანონია, - გაიხუმრა სესილმა, - ძველ დროში სულ ასე არ ათხოვებდნენ ქალებს?
- მერე, ის დროა ახლა? შენ მაინც რაღა დაგემართა, - ხმას აუწია ქეთიმ და გაღიზიანებულმა ტუჩები მოკუმა.
- ლადოს არ დაურეკავს?
- არა, არც გახსენებიხარ.
- არც «იმას»? - გიგი იგულისხმა.
- არა, არც «იმას». ორივეს დაგვიქნიეს ხელი, ხომ ხედავ!
- ერთი მაგათი… არ უნდათ და ნუ უნდათ. რაც არ გინდა, ღმერთმა ნუ მოგცესო, ხომ გაგიგია.
- ესე იგი, მათხოვებენ? - ისევ დაუბრუნდა წინანდელ თემას ქეთი.
- აბა, აბა!
- მათხოვებენ და გავთხოვდები, რაც იქნება, იქნება, - მოულოდნელად თქვა.
- გაგიჟდი? ასე უცებ როგორ დანებდი? - შეიცხადა სესილმა.
- აბა, რა ვქნა, «იმას» არ ვუნდივარ, ტყუილად ვიწეწავ ნერვებს. ესენი კიდევ ასე ადვილად არ დამანებებენ თავს. დედაჩემის ამბავი ხომ იცი. მამამ გაიგო?
- არა, ჯერ არ უთქვამს. მაგას რა მნიშვნელობა აქვს, მამა, ხომ იცი, არ ერევა მაგნაირ საქმეებში. შენ თუ იქნები თანახმა, მამას რა პრეტენზია ექნება.
- შენ როგორ იტყვი, გავყვე?
- ნუ სულელობ რაღაცას. ზეზვა რად გინდა, ისედაც კაცების კორიანტელი გაყრია თავზე. შენ ხომ თავი ქუდში გაქვს. ქუდში კი არა, მე ვიტყოდი, ქუდებში, - კვლავ გადაიკისკისა სესილმა.
- წყალს წაუღია სუყველა. სესი, ერთი რჩევა მინდა გკითხო, მაინტერესებს, შენ რას მეტყვი… - ქეთიმ ხელები თავზე შემოიწყო.
- გისმენ, ძვირფასო, მთელი გულისყურით, - სესილი ლოგინზე ჩამოუჯდა დას და ყურადღებით მიაჩერდა.
- გიგის რომ დავურეკო და ვუთხრა, მიყვარხარ-თქო, ნამეტანი იქნება?
გაოგნებულმა სესილმა რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ისევ გადაიფიქრა. კარგა ხანს უყურა ქეთის, მერე თავი გადააქნია.
- პრინციპში… შენ მაინც არაფერს კარგავ. რა ვიცი, არა მგონია, ეს იდეალური გამოსავალი იყოს, მაგრამ… ცდა ბედის მონახევრეა. მე მგონი, არც არაფერი დაშავდება მაგითი. ასე იქნება თუ ისე, დღესდღეობით ხომ მაინც უპერსპექტივოა ეგ საქმე, - თქვა ბოლოს.
- მეც ეგრე ვფიქრობ. აბა, მართლა ზეზვას ხომ არ გავყვები. ფუჰ, როგორ მეზიზღება, რომ იცოდე… წუხელ დავრეკე გიგისთან, მაგრამ არავინ მიპასუხა. დღესაც ვცდი. ბოლოს და ბოლოს, ქალი ხომ არ არის, ისტერიკები დაემართოს. თუ არ უნდა, იტყვის უარს და ეგ იქნება, არა? - მუხლებზე შემოიწყო ხელები ქეთიმ.
- ჰო, რა. ერთხელ და სამუდამოდ გაარკვევ ყველაფერს და ან დამთავრდება ეგ ამბავი, ან არადა, უკეთეს შემთხვევაში, გაგრძელდება და მორჩააა. - ქეთის მუხლებს მიეყრდნო სესილი.
ამ დროს ტელეფონმა დარეკა. სესილი წამოხტა და ყურმილს ეცა. გიორგი იყო. ქეთი ნელა წამოიმართა ლოგინიდან, შიშველი ფეხებით გაიარა საძინებელი და მეორე ოთახში გავიდა.
- ჰო, გიორგი, - ჩასძახა ყურმილში და სავარძელში ჩაჯდა.
- რა ქენი, დათოვლილო გაზაფხულო?
- რაზე მეკითხები? - უცებ ვერ მიხვდა ქეთი.
- დაურეკე?
- არა, არ დამირეკავს. შენ სად დაიკარგე ეს დღეები, რატომ არ შემომეხმიანე?
- გასული ვიყავი ქალაქიდან. ამწუთას ჩამოვედი.
- სად «გულაობდი»? - გაიღიმა ქეთიმ.
- კახეთში, ქორწილში ვიყავი დაპატიჟებული.
- ჰო-ო? კარგი დრო გაატარე?
- მაგარი. სულ შენს სადღეგრძელოებს ვსვამდი, - ყურმილს იქიდან მამაკაცის სიცილი გაისმა.
- ასეთ შემთხვევაში მე როგორ უნდა მოვიქცე, მადლობა გადაგიხადო?
- არა, რა შუაშია მადლობა. შენ ის მითხარი, რა გადაწყვიტე?
- რა გადავწყვიტე და… უნდა გავთხოვდე.
- ვა, უჟე? ვის მიჰყვები, თუ საიდუმლო არ არის?
- არ არის. ერთ «კაი ვაჟკაცს» მირიგებენ. ბანკის მენეჯერია.
- ზნაჩიტ, «ველიკი ბანკირია?» - «უკბინა» გიორგიმ იდუმალ მეტოქეს.
«ველიკი ბანკირი» ენიშნა ქეთის. საიდან ახსოვს ეს ფრაზა? ჰო, მართლა, იმ დღეს არ იყო, ნატოზე რომ თქვა გიგიმ, «ველიკი არტისტიო»?
- «ველიკია», «ველიკი», - გაიცინა ქეთიმ.
- როდის უნდა მოხდეს ეს ამბავი? - დაინტერესდა მამაკაცი.
- როდის და სექტემბერში.
- აკი სხვა მიყვარსო?
- მაგ «სხვისგან» მაინც არაფერი გამოდის და «ბედი რატომ უნდა დავკარგო»? - ირონიულად შენიშნა ქალმა.
- თუ არ გიყვარს…
- მერე შემიყვარდება, - დაასკვნა ქეთიმ.
- ან შეგიყვარდება, ან არა. მაგას სჯობდა, «იმისთვის» მოგესინჯა ნიადაგი.
- ვნახოთ, მაგასაც ვცდი.
- სცადე, სცადე. რა იცი, რა ხდება.
- შენ რატომ ხარ ასე მოწადინებული, საინტერესოა?! - თვალები მოწკურა ქეთიმ.
- მე მინდა, რომ შენ ბედნიერი იყო. მეტი არაფერი, - ხმა შეეცვალა გიორგის.
- გმადლობ ყურადღებისთვის. ვეცდები, გავამართლო შენი იმედები, - ჩაიცინა ქეთიმ.
- არა, მართლა, რატომ არ დაურეკე აქამდე, რას უცდიდი? - არ ისვენებდა გიორგი.
- დავურეკე, მაგრამ შინ არ დამხვდა, - არ დამალა ქალმა.
- ჰოო. ეგ სხვა ამბავია. ბოლოს და ბოლოს, გამოჩნდება, აბა, სად წავა. მთავარია, შენ არ დაიხიო უკან. ისე, საინტერესოა, როგორი სიყვარულის ახსნა იცი.
- შენ მაგას ვერასდროს გაიგებ.
- ვიცი, ვიცი. დიდი ხანია, მაგის იმედი აღარა მაქვს. კარგი, ქეთა, კარგად იყავი. მერე დაგირეკავ.
- გიორგი, მომეცი რა შენი ტელეფონის ნომერი. ხანდახან მეც მოგიკითხავ.
- ჩემი? მე… მე ტელეფონი არა მაქვს. მეგობრისგან ვრეკავ ხოლმე.
- რაღაცას მატყუებ, - არ დაიჯერა ქეთიმ.
- არა, არ გატყუებ. მართლა ასეა. აბა, კარგად. მერე დაგირეკავ.
ქეთიმ ყურმილი დაკიდა. ცოტა არ იყოს, შეფიქრიანდა. თან ეცოდებოდა გიორგი, თვითონ შეყვარებული, აქეთ რომ აგულიანებდა ქალს. ხომ არ შეხვდეს? გაიცნობს, გაივლის მასთან ერთად, გამოივლის… ეჰ, ისეა აბურდული ამ თავის ამბებში, თვითონაც არ იცის, რა ქნას, რა სჯობია. უკვე ღობე-ყორეს ედება.
ისევ აკრიფა გიგის ტელეფონის ნომერი. ამჯერად გაუმართლა. «კერკეტი კაკალი» შინ აღმოჩნდა.
- გისმენთ, - გაისმა მამაკაცის სასიამოვნო ხმა.
- გამარჯობა, გიგი. ქეთი ვარ… - გაინაზა ქალი.
- როგორ ხარ, ქეთი? - თბილად მოიკითხა გიგიმ.
- არა მიშავს. შენ?
- მაგრად. ორი დღეა, მანქანიდან არ გადმოვსულვარ, - კარგ ხასიათზე ჩანდა მამაკაცი.
- უკვე გადაიფორმეთ? - გახალისდა ქეთიც.
- აბა?! რა დავისვენე, რომ იცოდე. საკაიფო რამეა. ორი დღეა, ქალები ვერ გადმოვსვი მანქანიდან. გინახავს ეგეთი რამე? ერთს იქ უნდა, მეორეს - აქ და რა ვიცი, მაგათ მიზეზებს რა გამოულევთ. გინდა, შენც გაგასეირნო?
- მერე მე ვწერივარ შენი ქალების სიაში? - ჩაუკრა ქეთიმ.
- შენ პირველ ადგილზე ხარ სიაში, - დამაჯერებლად გაისმა მამაკაცის ხმა.
- რითი დავიმსახურე ესოდენ დიდი პატივისცემა? - გული აუფანცქალდა ქეთის.
- იმითი, რომ შენ სხვებივით არ მაწუხებ და თავს არ მაბეზრებ. ისინი ლამისაა, ლოგინში შემომიხტნენ.
- არ გაემტყუნებათ. შენ ახლა ერთ-ერთი პერსპექტიული სასიძო ხარ თბილისში, - ხმადაბლა თქვა ქეთიმ.
- სასიძო არა, ის… მაგის იმედი ჰქონდეთ! რა ვქნათ მე და შენ, როდის «დავასველოთ» ჩემი მანქანა?
- დღესვე, - მოულოდნელად წამოსცდა ქეთის. ენაზე იკბინა, მაგრამ უკვე გვიან იყო.
- დღესვე იყოს. ოღონდ მითხარი, რომელ საათზე?
- ალბათ, საღამოს აჯობებს. თან რაღაც სათქმელი მაქვს შენთვის.
- ჰოოო. ეგრეც ვიცოდი.
- რა იცოდი?
- რომ რაღაც სათქმელი გქონდა ჩემთვის.
- საიდან იცოდი?
- იმ დღეს რომ დარეკე, ყურადღება არ მიმიქცევია ამისთვის, მაგრამ მერე რომ დავფიქრდი, მივხვდი, შენ ისე არ დარეკავდი, რაღაც გექნებოდა სალაპარაკო. სხვა დროს ხომ არასდროს დაგირეკავს ჩემთვის.
- მაგაში მართალი ხარ. ესე იგი, საღამოს?
- რომელზე?
- რა ვიცი, ალბათ, შვიდზე ან რვაზე…
- მაშინ რვაზე. ლაღიძესთან დაგელოდები, კარგი?
- კარგი.
სესილს თავი შემოეყო ოთახში და გაფაციცებით უსმენდა ქეთის საუბარს.
- როგორაა საქმე?
- მე მგონი, არც ისე ცუდად, - თქვა ქეთიმ და ღრმად ამოიოხრა.
გაგრძელება იქნება
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>