მოსაღამოვდა. ქეთი საგულდაგულოდ მოემზადა შეხვედრისთვის. ერთ საათში გიგი უნდა ენახა «ლაღიძესთან». კარგია, ზაფხული რომ დგას. ტანსაცმელი ადვილი ასარჩევია, თანაც შეგიძლია, გამომწვევად ჩაიცვა, «გაახარო» გამვლელ-გამომვლელი. სალათისფერები ამჯობინა - შარვალი და კოფთა. ეგ სამოსი ძალიან უხდება. გამოარჩევ სხვისგან. თუმცა ქეთი სულ უბრალო ფორმაშიც კი არ რჩება შეუმჩნეველი. კარგი ვინმეა, ვერაფერს იტყვი!
ახლა მთავარი ისაა, როგორ განვითარდება მოვლენები, რა სიტუაცია შეიქმნება მშვენიერი ქეთისა და «კერკეტი» გიგის შეხვედრის მომენტში. ამის ძალიან ეშინია. ო-ოჰ! რაც იქნება, იქნება. იმაზე უარესი რაღა უნდა დაემართოს, რაც სჭირს. ახია მასზე. რაც თავი ახსოვს, ისე აწვალებდა ბიჭებს, როგორც ახლა გიგი - მას და ერთხელ არ უფიქრია იმაზე, რამხელა ტრავმას აყენებდა უიმედოდ შეყვარებულ მამაკაცებს. ახლა ხვდება ამას. კი ხვდება, მაგრამ ვაი, რომ გვიანაა. ტყუილად კი არ არის ნათქვამი - ნუ დასცინი სხვასაო… თუმცა, რა დროს ანდაზებია, როცა ქეთი უკვე ლაღიძის დაღმართს მიუყვება.
«ნიკალას» კუთხეში გიგი დალანდა. აუჰ! რა ფორმაში იყო! «ადიდასის» შავი მაისური ეცვა (მარცხენა მხარეს პატარა წარწერით) და ტილოს კრემისფერი შარვალი, ვიწრო. საოცრად წარმოსადეგი ბიჭია გიგი, თვალს რომ გააყოლებ, ისეთი. მერე რა გრძელი ფეხები აქვს!..
გიგი მუქმინებიან მელნისფერ «ჯიპს» მიყრდნობოდა. იმანაც მაშინვე შეამჩნია ქეთი. ეგრევე წელში გაიმართა და შეეგება.
- როგორც ყველა გოგო, შენც დააგვიანე ცოტა, არა? - გაუღიმა.
- რატომ? მე მგონი, ზუსტად მოვედი?! - გაიოცა ქეთიმ და საათზე დაიხედა, - აჰა, წამი წამში დავამთხვიე!
- ქალი მაინც ქალია, - გაიცინა გიგიმ, - აი, ჩემი «ჯიპრაში», - მანქანაზე მიანიშნა.
- მშვიდობაში. ეს ერთი და სხვა მრავალი, - ტრადიციული ფორმით მიულოცა ქეთიმ, -ქალები არ გამოლეოდეს ამ მანქანას, - ირონიულად დაამატა ბოლოს.
- თანახმა ვარ, ოღონდ იმ პირობით, რომ შენზე ნაკლები არც ერთი არ უნდა იყოს, - თითი დაუქნია მამაკაცმა და მანქანის კარი გამოაღო.
ქეთი მსუბუქად შეხტა «ჯიპში».
- სად წავიდეთ? - გიგი მის გვერდით მოკალათდა.
- რა ვიცი, შენ უკეთ გეცოდინება, - მხრები აიჩეჩა ქალმა. ოდნავ დაიძაბა.
- შენ სად ხარ მიჩვეული კაცებთან ერთად სიარულს? - ჩაუკრა მამაკაცმა.
- ყველგან, სადაც მათ მოესურვებათ, - ნიშნის მოგებით უპასუხა.
- ტააკ! ესე იგი, მე სადაც მომესურვება, არა? მაშინ ქალაქგარეთ გავიდეთ. ხელს არავინ შეგვიშლის. შენც ხომ რაღაც სალაპარაკო გაქვს.
ქეთი უფრო დაიძაბა. ვერ გადაწყვიტა, რა ჯობდა. პრინციპში, რა მნიშვნელობა აქვს, სად წავლენ? თქმა ყველგან შეიძლება.
- მცხეთაში გავიდეთ, სალობიეში, - გააგრძელა გიგიმ.
- იქ ბევრი ხალხი არ იქნება?
- მერე რა, ჩვენ კუპეში დავსხდეთ. არც არავინ შეგვაწუხებს, არც არავის შევაწუხებთ. რას იტყვი? - დაძრა მამაკაცმა მანქანა.
- ეგრე იყოს, - თავი დაუქნია ქეთიმ და ფეხი ფეხზე გადაიდო.
- არ მოწევ? - შესთავაზა «კერკეტმა კაკალმა».
- ხომ იცი, რომ არ ვეწევი! - იწყინა.
- ჰო, სულ დამავიწყდა, - საფეთქელზე საჩვენებელი თითი მიიდო გიგიმ და სიჩქარეს მოუმატა, - ასე მგონია, დღეს ყველა ქალი ეწევა. პარდონ!
რა ტიპია! არ სჯერა, ქეთი რომ არ ეწევა, თორემ ასეთ რამეს რა დაავიწყებდა. გამოდის, ძალიანაც დაინტერესებულია მისით. აბა, რატომ ცდის? ჰო, ალბათ ასეა, - თავი დაიმშვიდა.
კარგა ხანს უცდიდა გიგის მანქანაში. როგორც იქნა, ისიც გამოჩნდა.
- აუ! ძლივს ავაგდე ერთი კუპე. გადატენილია აქაურობა, - უკმაყოფილოდ გააქნია თავი.
- გავბრუნდეთ, თუ გინდა, - შესთავაზა ქეთიმ.
- არა, რატომ. უკვე მოვაგვარე ყველაფერი. წამო, შევიდეთ, - მამაკაცმა ხელი გაუწოდა ქალს და მანქანიდან გადმოსვლაში მიეხმარა.
შენობას უკანა მხრიდან მოუარეს. გიგიმ კარი გამოაღო და ქალი წინ გაატარა.
- ვაჰ! რა კარგი ოთახია, თანაც იზოლირებული, - გაუხარდა ქეთის.
დასხდნენ. ოფიციანტი ქალი მალე შემოვიდა, ქეთის მიესალმა და სუფრის გაშლას შეუდგა.
- «ზაკუსკის» გარდა კიდევ დაიმატებთ რამეს? - გიგის მიუბრუნდა.
- რა ვიცი. ცხელი კერძი შევუკვეთოთ? - ქეთის მიაჩერდა გიგი.
- მე არაფერი მინდა. არ მშია, - თავი გადააქნია ქალმა.
- ყავა და ნაყინი? - კვლავ ჰკითხა გიგიმ.
- კი. ეგ მინდა. მაგაზე ნამდვილად არ ვიტყვი უარს, - კეკლუცად გაიღიმა ქეთიმ.
- ძალიანაც კარგი. ესენიც მიამატე, - თითით ანიშნა ოფიციანტს გიგიმ. ქალმა თავის კანტურით ჩაინიშნა ახალი შეკვეთა და გავიდა.
გიგიმ შამპანური ჩამოასხა. შეხვედრისა დალიეს.
- უჰ! რა ცივია, ყელი ჩაწმინდა პირდაპირ. «სითხე ღვთიური, შამპანიური», - ჩაიღიღინა თან.
ქეთიმ ოდნავ მოსვა.
- აბა, აბა, ეგეთები არ იყოს. ბოლომდე უნდა დალიო, - ჭიქა ხელში მიაჩეჩა ქალს.
- არა, ვერ დავლევ, - გაუძალიანდა ქეთი.
- უნდა დალიო. ცოტა ხასიათზე მოხვალ, რაღაც არ მომწონხარ ასე. ნამეტანი «ჩუმად» გამოიყურები. მიდი, დალიე, მერე უფრო გაგიადვილდება სათქმელი, - შეაგულიანა მამაკაცმა.
- სათქმელი? შენ რა იცი, რა მაქვს სათქმელი? გასაადვილებელი რა მჭირს? - ქეთიმ შუბლი შეიჭმუხნა.
- წინასწარ ვგრძნობ ხოლმე, ქალებს რა აქვთ სალაპარაკო ჩემთან, - არ დაიბნა გიგი, თუმცა მიხვდა, რომ ცუდად გამოუვიდა.
აჰა! ესე იგი, მიჩვეულია ასეთ ფრაზებს, არა? «რაღაც უნდა გითხრა», «სალაპარაკო მაქვს შენთან», «რაღაც უნდა გავარკვიო» და ა.შ. მისთვის ეს სულაც არ არის უცხო ხილი. იქნებ ყელშიც ამოუვიდა ქალების ასეთი დამოკიდებულება მის მიმართ? როგორ უთხრა იმ დღეს? ქალები ვერ გადმოვსვი მანქანიდანო. არა, არ ღირს არაფრის თქმა. ამას თავში აქვს უკვე ავარდნილი. ალბათ, ყველა მამაკაცზე უკეთესი ჰგონია საკუთარი თავი. შეიძლება ასეცაა. ნეტავ სხვებს რა პასუხით ისტუმრებს? ყველასთვის ერთი ტექსტი აქვს მომზადებული თუ… დაბოღმილმა ქეთიმ ჭიქას დავლო ხელი და ბოლომდე გამოცალა. რაც არის, არის. ჯანი გავარდეს! სიყვარულის ახსნა თუა, ახსნა იყოს. ვნახოთ, ვინ - ვის.
გიგიმ კვლავ ჩამოასხა. არ შეიმჩნია, ქეთიმ ბოლომდე რომ დალია.
- ახლა შენ გაგიმარჯოს, - ჭიქა ასწია, - და შენ რომ გიყვარს, იმას გაუმარჯოს… იმათ გაუმარჯოს, - «გამოასწორა» უცებ.
- გაუმარჯოს, იმათაც და მეც გამიმარჯოს, - თქვა ქეთიმ.
- გმადლობთ, - გაიღიმა გიგიმ.
- შენ რისთვის იხდი მადლობას? - ახლა ქეთიმაც გაიღიმა.
- მეც ხომ გიყვარვარ? იმედია, მეც შევდივარ იმ ადამიანთა რიცხვში.
_-ჰო-ო-ო. კი, როგორ არა. უცებ ვერ მივხვდი, რა შტერი ვარ, - გაწითლდა ქეთი.
მესამე ჭიქაზე თვალები აუციმციმდა.
- იცი? არ მიყვარს სიტყვა «ურთიერთობა», მაგრამ არ ვიცი, ეს სადღეგრძელო სხვანაირად რა სიტყვებით გამოვხატო… მოდი, ჩვენს ურთიერთდამოკიდებულებას გაუმარჯოს, - გიგიმ ჭიქა მიუჭახუნა ქეთის.
- მე მგონი, ჩვენ არ გვაქვს ისეთი დამოკიდებულება, რომ იგი დღეგრძელობას იმსახურებდეს, - გააპროტესტა ქეთიმ.
- რატომ?.. ჩვენც ხომ გვაქვს ჩვენი პატარა საიდუმლო, - ეშმაკურად შეჰღიმა გიგიმ და თვალი თვალში გაუყარა.
- მართალი ხარ, ამის უარყოფა ნამდვილად არ შეიძლება, - დაყარა ფარ-ხმალი ქეთიმ.
უცებ იგრძნო, როგორ შეეხო მამაკაცის მუხლი. ჟრუანტელმა დაუარა. შეფარვით გახედა. გიგის არაფერი შეუმჩნევია. თითქოს ქალის მუხლს კი არა, მაგიდის ფეხს შეხებოდეს. კაცი კი არა, ნამდვილი ხეა, ასეთი რამის არშეგრძნება როგორ იქნება? ქეთიმ სასწრაფოდ მოაშორა მუხლი. გიგი ურეაქციოდ იჯდა და მადისმომგვრელად ილუკმებოდა. ქალს ხალისი დაეკარგა. მოიწყინა. პირს არ აკარებდა არაფერს.
- გადაიღე რამე, რა, - სთხოვა მამაკაცმა, - რა მოგაწოდო?
- არაფერი, გმადლობთ, - ცივად თქვა ქალმა.
- მეწყინება, იცოდე. აი, ეს სალათა გასინჯე, ძაან გემრიელია, - მაიონეზის სალათას დაავლო ხელი და მიაწოდა.
ქეთიმ ზრდილობის გულისთვის ცოტა გადაიღო. ისევ შეეხო გიგის მუხლი. კვლავ დაუარა ჟრუანტელმა. ახლა აღარ გასწია. როგორ სიამოვნებდა! რა ეშველება, როგორ ყურებამდეა შეყვარებული. როდის უთხრას?
- რაღაც მოიწყინე, აი! - შენიშნა მამაკაცმა და ჭამა შეწყვიტა.
- არა, რატომ.
- ასე მგონია, არ გსიამოვნებს ჩემთან ყოფნა, თითქოს ზრდილობის გამო წამოხვედი ამხელა გზაზე. ასეა? - დაეკითხა.
- სულაც არა. მე მინდოდა შენთან შეხვედრა, - დაიწყო, როგორც იქნა.
- ვერ გატყობ, რატომღაც. არ ჭამ, არ მხიარულობ. მარტო სვამ. ასე ლოთები იქცევიან, ან კიდევ… ან კიდევ უიმედოდ შეყვარებულები, - თქვა უცებ, თითქოს ქალს სათქმელს უადვილებდა, თითქოს ეხმარებოდა გულის გადაშლაში.
- მართალი ხარ. აი, ზუსტად მაგ დღეში ვარ, - თქვა ქეთიმ და სახეზე ალმური მოედო.
- რა, ლოთი ხარ? - ვითომ ვერ მიხვდა გიგი.
- თუ ასე გაგრძელდა, ალბათ, გავლოთდები კიდეც, თანაც სულ მალე… არაფერი მიკლია.
- ესე იგი, უიმედოდ შეყვარებული ხარ. ვა-ა-ა-! შენ და უიმედო სიყვარული? ეგ რაღაც ახალია. მე სხვანაირი ქეთი გამიგია, - ხელები გაშალა გიგიმ, - თუ შენ «ის ქეთი აღარა ხარ»? - სიცილით თქვა.
- ცხოვრება, როგორც ჩანს, სამაგიეროს მიხდის ჩემი ცოდვებისთვის, თანაც ძალიან მწარედ, -თქვა ქალმა და ტუჩები მოკუმა.
- ახლა შენ ტირილსაც დაიწყებ, ისე ვატყობ. მოდი, ერთიც დავლიოთ, კარგი? სადღეგრძელოს თქმის სურვილი ხომ არ გაქვს?
- მაქვს. შენ გაგიმარჯოს. ძალიან დიდ პატივს გცემ და ძალიან მიყვარხარ, - ჭიქიანი ხელი ჰაერში დააქნია ქეთიმ, მიუჭახუნა და ერთი ამოსუნთქვით დალია.
- უფრო ლამაზი ვერაფერი მოიფიქრე? რა პონტია ჩემი დღეგრძელობა, - დაიწუნა მამაკაცმა სადღეგრძელო.
- შენზე უკეთესს ვის ვადღეგრძელებ, - გათამამდა ქალი.
- რატომ, კაცო! ჩემზე უკეთესებიც არიან…
- მიყვარხარ და იმიტომ. ძალიან მიყვარხარ, - ქეთი თავის თეფშს დასჩერებოდა, თითქოს მას უხსნის სიყვარულსო, - არ ვიცი, სადა აქვს ამ სიყვარულს თავი და არც ის ვიცი, სად ექნება ბოლო. ერთი რამ ვიცი მხოლოდ - მე მეტის მოთმენა არ შემიძლია. შენ ეს უნდა იცოდე. ეს უნდა მეთქვა და ვთქვი კიდეც.
გიგის ნაკვთი არ შერხევია სახეზე, თითქოს ელოდაო ამას. როცა ქეთიმ «მონოლოგი» დაამთავრა, ერთი ღრმად ამოიხვნეშა და თქვა:
- შენ ახლა სასმელი გალაპარაკებს, ალბათ, - და თვითონაც თეფშს დახედა.
- არა, სასმელი არ მალაპარაკებს. სასმელი, უბრალოდ, შენი თქმისა არ იყოს, მათამამებს. თორემ ამის თქმას ისედაც ვაპირებდი. ამიტომაც მინდოდა შენი ნახვა.
სიჩუმე ჩამოვარდა. არც ერთი ხმას არ იღებდა. ქეთიმ ხელსახოცს დაუწყო წვალება, გიგიმ -ჩანგალს. აშკარად გაურბოდნენ ერთმანეთის შეხედვას. ქეთიმ იგრძნო, როგორ მოაშორა მამაკაცმა მუხლი.
- გიგი, თქვი რამე, - დაარღვია სიჩუმე ქეთიმ.
- რა ვთქვა…
- რამე. ან ისე თქვი, ან - ასე. რაღაც ხომ უნდა ითქვას. სულ უთქმელობაც არ ივარგებს, შენც კარგად იცი, - ვაჟკაცურად გამოუვიდა.
- იცი? მე… არასდროს მყვარებია. არც მიფიქრია ამაზე. სიყვარული, ალბათ, სხვა რამეა, ის თავისით უნდა მოვიდეს. თუ ადამიანს შეხსენება დასჭირდა ან მითითება - შეიყვაროს ესა თუ ის პიროვნება, ეგ მაშინ სიყვარული არ იქნება. არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია. შენ… შენ კარგი გოგო ხარ, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი, მაგრამ (აქ გაიცინა)… ნამდვილად არ ჰქვია სიყვარული იმას, რასაც შენ მიმართ განვიცდი. ვერ ვიტყვი, რომ არ მომწონხარ, რაღაცით განსხვავდები კიდეც სხვა, ასე ვთქვათ, «ჩემი ქალებისგან», მაგრამ… მე მგონი, ძალიან ბევრი «მაგრამ» გამომივიდა. სიყვარულს კი არ უხდება ამდენი «მაგრამ».
გიგი გაჩუმდა. ქეთი აილეწა. ეს უკვე უარს ნიშნავდა. მართალია, საკმაოდ «კულტურული» და «ჯენტლმენური» უარი იყო, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა. უარი ხომ უარია.
ამ დროს ოფიციანტი შემოვიდა და ორი ჭიქა ნაყინი შემოიტანა.
- ა, ქალი! რა დროზე მოხვედი, რომ იცოდე, - მხიარულად შესძახა გიგიმ, - როგორ მჭირდებოდა ახლა გაგრილება! - ფეხზე წამოდგა და ქალს ჭიქები ჩამოართვა, - უღრმესი მადლობა.
- ყავა რამდენ ხანში შემოვიტანო? - გულგრილად იკითხა მიმტანმა.
- ოც წუთში, - გიგიმ ჯიბეზე გაიკრა ხელი, ორლარიანი ამოაძვრინა და ოფიციანტს წინსაფრის ჯიბეში ჩაუდო.
- გმადლობთ, - სახე არ შეცვლია ქალს, ისე მიიღო ფეშქაში და ნელი ნაბიჯებით დატოვა იქაურობა.
- გიგი, შეიძლება ერთ კითხვაზე მიპასუხო? - ქეთი გაუნძრევლად იჯდა, თითქოს ერთ ადგილს მიელურსმნაო.
- მკითხე, - მამაკაცი სმენად იქცა.
- მაშინ… მაშინ რა საჭირო იყო ის ყველაფერი, რაც ჩვენ შორის… მოხდა… ხდებოდა… თუკი…
- ჩვენ შორის ისეთი არაფერი მომხდარა, ან შენ და ან მე უჩვეულოდ რომ მოგვჩვენებოდა. შენთვის ასეთი დამოკიდებულება, მე მგონი, არ იყო უცხო. არც ჩემთვის, სხვათა შორის. ჩვენ ხომ ერთმანეთს თხოვნას ვუსრულებდით მხოლოდ. არ მეთანხმები? არც მიფიქრია, თუ ეს რამე სერიოზულში გადაიზრდებოდა.
ქეთის თითქოს ცივი წყალი გადაასხეს. სახე უხურდა. ცოტაც და ღრიალს მორთავდა.
- მე წავალ, - ჩურჩულით თქვა და წამოდგა.
გიგი ფეხზე წამოიჭრა და მკლავში ჩაავლო ხელი.
- მოიცა, მოიცა, ასე არ გამოვა. რას ჰქვია, წახვალ. ჯერ ერთი, აქ მე მოგიყვანე და მევე უნდა წაგიყვანო. მეორეც, ჯერ არ დამიმთავრებია ჩემი სათქმელი, - ცოტა ხენს შეჩერდა, მერე დაჯდა, ქეთიც დასვა და თითქოს შეშფოთებული მზერა მიაპყრო ქალს, - შენ გესმის, საერთოდ, რა არის სიყვარული? ან ხარ კი ამისთვის მზად? იქნებ ცდები და ეს ის არ არის, რასაც ჭეშმარიტი გრძნობა ჰქვია? თუ ეს ასეა, მაშინ…
- რა, მაშინ? - შეაწყვეტინა ქეთიმ და ჯიქურ გაუსწორა თვალი.
- ჩვენ უფრო ხშირად უნდა შევხვდეთ ერთმანეთს და, ამასთან, სხვებთან უნდა გაწყვიტო ყოველგვარი ურთიერთობა, - დაამთავრა გიგიმ.
- სხვებთან? მე არავის ვხვდები. რაც შენ გაგიცანი, მას მერე არავის შევხვედრივარ, - წამოსცდა უცებ.
- ჰო მაგრამ, დავიჯერო, ტელეფონზეც არ გირეკავენ? ქეთის ისე ვინ მოასვენებს? - ახლა სხვა მხრიდან მოუარა გიგიმ.
- არა, არავინაც არ მირეკავს. ყველას ავუკრძალე, - იცრუა ქეთიმ, გულში კი დაამატა: «გიორგის გარდა».
«გიორგის გარდა», - კიდევ ერთხელ გაივლო გულში…
მაგრამ გიორგი არ ითვლება, ბატონო! ქეთი მას მხოლოდ მეგობრად მიიჩნევს. გათავდა და მორჩა. ქეთი ხომ ნამდვილად ასე მიიჩნევს. ასე რომ, ტყუილი სულაც არ გამოსვლია.
- სულ არავინ? - ჩაეძია მამაკაცი.
- სულ არავინ, - ქეთიმ მზერა აარიდა.
- შეჭამე ეგ ნაყინი, თორემ გადნება, - თავით ანიშნა გიგიმ.
ქეთიმ უხალისოდ მოჰკიდა კოვზს ხელი და ნელა შეუდგა ნაყინის ჭამას.
- იმედი არასდროს კვდება, - ხმადაბლა თქვა გიგიმ.
- არასდროს, - გაიმეორა ქეთიმ და მწარედ ჩაიღიმა.
ეს გიორგის საყვარელი ფრაზაა. უიმედოდ შეყვარებული ამ სიტყვებით ინუგეშებს ხოლმე თავს ქეთისთან საუბარში. აჰა! ხომ ამბობდა, ყველა კაცი ერთნაირიაო.
მალე ოფიციანტიც შემოვიდა. ახლა ორი ფინჯანი ყავა შემოიტანა და ფრთხილად შემოდგა მაგიდაზე. ამჯერად გიგი არ მიხმარებია. რატომღაც ჩაფიქრებული იჯდა.
- კიდევ ხომ არ ინებებთ რამეს? - მორიდებით იკითხა ქალმა.
- არა, არაფერს. გმადლობთ, - ქეთიმ თავის თავზე აიღო ინიციატივა და ყავის ფინჯანი ახლოს მიიწია.
ფრთხილად მოსვა. ეგემრიელა. კიდევ მოსვა. გიგის მზერა გაშტერებოდა. ოფიციანტი გავიდა. ქეთიმ გაშლილი ხელისგული სახესთან «დაუნიავა» მამაკაცს. გიგი გამოერკვა.
- შორს წავედი… - დამნაშავესავით გაიღიმა.
- ყავა დავლიოთ და წავიდეთ, გვიანაა უკვე.
- მანქანით არ გავისეირნოთ?
- გასეირნება არ იქნება, ჩვენ სანამ აქედან თბილისში ჩავალთ…
- არა, მე «დიდ გასეირნებაზე» ვიძახი.
- «დიდი გასეირნება» რას ჰქვია?
- აი, მე და შენ მარტო, დიდხანს, დიდხანს რომ ვივლით თბილისის ქუჩებში და ვისეირნებთ და ვისეირნებთ დიდხანს - თუნდაც დილიდან საღამომდე, ან საღამოდან დილამდე.
- დილიდან საღამომდე მოგწყინდება. მე ხომ არა ვარ შენი ოცნების ქალი.
- იქნებ გახდე, რა იცი? - გიგიმ მრავალმნიშვნელოვნად გახედა.
- იმედი არასდროს კვდება, - გაიმეორა ქეთიმ მისი სიტყვები და კვლავ მოსვა ყავა.
- კარგი სიყვარულის ახსნა გცოდნია, - მამაკაციც დასწვდა ყავის ჭიქას, - უ-უ-უ! რა კარგი ყავაა! მე რომ მიყვარს, სწორედ ისეთი. ამ ბოლო ხანებში ყველაფერი ისეთი მხვდება, მე რომ მიყვარს, - ჩაიცინა და ცოტა ნაყინი ჩააგდო ფინჯანში.
- მაგალითად? - დაინტერესდა ქეთი.
- მაგალითად… ყავა, ნაყინი, მანქანა და… და ქალები… ქალებთან ერთად ღვინო და დუდუკი.
- კარგია, რომ ხუმრობის ხასიათზე ხარ, - ამოიოხრა ქეთიმ.
- აბა, შენი აზრით, როგორ ხასიათზე უნდა ვიყო? კაცს ამისთანა ქალი სიყვარულს რომ აგიხსნის, შეიძლება ცუდ ხასიათზე დადგე? გეკითხები, შეიძლება?
- არ ვიცი. ალბათ, არ შეიძლება.
- ალბათ კი არა, არ შეიძლება.
- წავედით, რა? - სთხოვა ქეთიმ.
- როგორც იტყვი, - ფეხზე წამოდგა გიგი, - შენ მანქანასთან დამელოდე, მე ახლავე მოვალ. დანახარჯს გადავიხდი.
გარეთ გამოვიდნენ. გზაში გიგიმ გადაიფიქრა, ჯერ ქეთი მიაცილა მანქანამდე, კარი გაუღო და მხოლოდ ამის შემდეგ გატრიალდა. დიდხანს არ შეყოვნებულა. უმალვე მობრუნდა და საჭეს მიუჯდა.
- გინდა, ჯვარზე ავიდეთ? - ჰკითხა მოულოდნელად.
- არა, არ მინდა. შინ წავიდეთ, - ყველაფრის ხალისი დაკარგა ქეთიმ.
გიგი არ ჩქარობდა მანქანის დაქოქვას.
- რას ვუცდით? - მიუტრიალდა ქალი.
- ვფიქრობ, - თქვა მამაკაცმა.
- რაზე?
- სად წაგიყვანო. ორი ვარიანტი მაქვს, ან სახლში უნდა მიგიყვანო, ან… - აღარ გააგრძელა.
- სახლში წამიყვანე, - მოითხოვა ქეთიმ.
გიგის გამეორება არ დასჭირვებია. მანქანა ნელა მოატრიალა და შემდეგ მთელი სისწრაფით მოწყდა ადგილიდან.
ჭიშკრიდან ცოტა მოშორებით დაამუხრუჭა და ძრავა გამორთო.
- დიდი მადლობა ყველაფრისათვის, - თქვა ქეთიმ და კარის გამოღება დააპირა.
- მოიცა, - გიგი გადმოიხარა და მოულოდნელად გულში ჩაიკრა ქეთი, ჩვენი მშვენიერი ქეთი.
ქალი ოდნავ გაუძალიანდა.
- რა სულელი ხარ, რომ იცოდე, - ზედ ყურთან უჩურჩულა მამაკაცმა და კოცნა დაუწყო.
ქეთი ნელ-ნელა მოეშვა. ყველაფერი დაავიწყდა. სიამაყეს მოუკვდა პატრონი. რა მოხდა მერე, თუ არ უყვარს. უარი ხომ არ უთქვამს! ჰოდა, იყოს, რაც არის. ქეთი ამაზეც თანახმაა…
ფარებჩამქრალი «ჯიპი» დიდხანს იდგა ჩაბნელებულ ქუჩაზე, ქეთის ეზოს ჭიშკართან კი ვიღაც მამაკაცი მოუთმენლად სცემდა ბოლთას…
გაგრძელება იქნება