იმ ღამეს ქეთის არ უძინია. არ უძინია ორი მიზეზის გამო: ახარებდა სესილის საქმის ასეთი შემობრუნება და თრგუნავდა თავისი სიყვარულის გაურკვეველი მდგომარეობა. როცა ლადომ გამოუცხადა, შენი დის ცოლად შერთვა მინდაო, ყურებს არ დაუჯერა. მაშინ, როდესაც ყველაფერი დამთავრებული ეგონა, სესილის ცხოვრება თავიდან იწყებოდა. ვინ იცის, რამდენ ხანს აანალიზებდა ლადოს ნათქვამს. თვითონ ისეთი ტიპი იყო, ასეთ საქციელს არაფრით აპატიებდა მამაკაცს, მაგრამ სესილის შემწყნარებლური ბუნების ამბავი კარგად იცოდა. დააფრქვევდა ცრემლებს და საყვარელს ყველაფერს აპატიებდა. შემდეგ კი, უთქმელად და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაეკიდებოდა უკან.
არა, ისე, ადვილია სხვისი გადასახედიდან ლაპარაკი. არ აპატიებდა! რატომ არ აპატიებდა, ვითომ? შეცდომა ვის არ მოსვლია? იმ კაცმა იფიქრა, ყველაფერი აწონ-დაწონა, გაერკვა საკუთარ გრძნობებში და საბოლოო დასკვნაც გამოიტანა. რა არის აქ უპატიებელი! აბა, ახლა თავისი სიტუაცია წარმოიდგინოს?! ამდენს აწვალებს გიგი, ამ დღეში აგდებს… ამის პატიება შეიძლება? სხვა რომ იყოს მის ადგილას, ყველაფერ ამის შემდეგ ზედაც არ შეხედავდა გიგის. თვითონ კი? რა, ხვალ რომ უთხრას, მიყვარხარ და უშენოდ ერთი დღეც არ შემიძლიაო, არ დაიჯერებს? დაიჯერებს, აბა რას იზამს! ცოლად გამომყევიო, რომ შესთავაზოს, არ გაჰყვება? უთქმელად! აბა, სესილის რატომ უკვირს! რას ჰქვია, არ აპატიებდა. ამაზეა ნათქვამი, სხვა სხვის ომში ბრძენიაო.
რა უშველოს თავის თავს? როგორ «დაიმსახუროს» გიგის სიყვარული? რაც მეტს ფიქრობდა ამაზე, მით უფრო უპასუხოდ რჩებოდა შეკითხვა. რა სულელია! ეს სიყვარულის ახსნა რაღამ მოაფიქრა. სულ გიორგის ბრალია ყველაფერი. არ იყო საჭირო ამის გაკეთება. ეს რა ჩაიდინა! ქეთი უკვე ნანობდა თავის საქციელს, თუმცა, კარგად იცოდა, უკან ვეღარაფერს დააბრუნებდა. მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა. თუ გიგის უყვარს, ქეთის აღსარება უშველიდა საქმეს? ვინ იცის, იქნებ ზის ახლა თავის ძმაკაცებში და ქეთიზე შაყირობს, სიყვარული ამიხსნაო. ამის გაფიქრებამ უარეს გუნებაზე დააყენა. აი, ასეთ ფიქრებში გაათენა ის ღამე მშვენიერმა ქეთიმ და სადღაც, გამთენიისას ჩაეძინა…
დილით კარის ჯახუნმა გამოაღვიძა. სესილი მოსულიყო. კედლის საათს ახედა. თერთმეტი იყო დაწყებული.
- შენ კიდევ ლოგინში გორაობ? რომელი საათია, იცი მაინც? - სესილი ოთახში შემოვიდა, ფეხზე გაიხადა და ფეხშიშველმა დაიწყო ტანტალი.
- წუხელ გვიან დავწექი. მამა როგორაა? - ქეთი გვერდზე გადმობრუნდა და იდაყვს დაეყრდნო.
- კარგად. რომ გელაპარაკე, უკვე კარგად იყო. ეტყობა, რაღაცაზე ინერვიულა.
- კონფლიქტი მოუვიდა ვინმესთან?
- არ ვიცი. მაგას ხომ ვერ ათქმევინებ ეგეთ რამეებს. შენ როგორ ხარ? რა ქენი?
- არაფერი, რა უნდა მექნა… მაგრად მივქარე, იცი? - დანანებით თქვა ქეთიმ.
- რა მიქარე? - სესილი საწოლზე ჩამოუჯდა.
- არ უნდა მეთქვა არაფერი. არ იყო საჭირო. ვინ იცის, რას ფიქრობს ჩემზე, - ცრემლები უნებურად მოადგა თვალზე.
- ო-ოჰ! რა უნდა იფიქროს. შენც ხარ, რა! არც ისეთი ქაჯია, კუდები მოაყოლოს შენს «აღსარებას». რაო, ისე, როგორი რეაქცია ჰქონდა?
- არანაირი. თითქოს ელოდა კიდეც, თითქოს არ გაუკვირდა ჩემგან ამგვარი რამე, ისე მიიღო. რა ვიცი, ასე ძალიან მეტყობა, რომ შეყვარებული ვარ?
- გეტყობა. შენ ვერ გრძნობ, როგორ შეიცვალე. სულ სხვანაირი გახდი. რომ ვუფიქრდები, მეც მიკვირს, ასეთი ზემოქმედება როგორ მოახდინა იმ ბიჭმა შენზე, რომ საკუთარ თავს აღარ ეკუთვნი. თვალები ჩაგიცვივდა, შე საცოდაო, ჩაიხედე ერთი სარკეში, რას დაემსგავსე, -შენიშნა სესილმა.
- ჰმ! ჩემი შენ გითხარიო… სარკეში შენ თვითონ ჩაიხედე და საკუთარ თვალებს შეხედე. ჩემზე მერე ილაპარაკე, - არ დაუთმო დამ.
- ეჰ, მე და შენ ორივე ერთნაირად უტვინოები ვართ. რა გვჭირს ვინმეს სახვეწარი? რითი არიან ჩვენზე უკეთესები? არ უნდათ და ნუ უნდათ! რაც არ უნდათ, ღმერთმა ნუ მისცეთ.
- წუხელ, იცი, რა მოხდა? - ვეღარ მოითმინა ქეთიმ.
- რა? - შეშფოთება დაეტყო სესილს და მთელი ტანით მისკენ შებრუნდა.
- ლადო ვნახე…
- ლადო?! სად?! ვისთან ერთად ნახე? - დააყარა შეკითხვები.
- მარტო იყო.
- და სად შეგხვდა?
- აქ იყო მოსული, - გაეღიმა ქეთის.
- ა-აქ? ჩვენთან, სახლში?
- ჰო, ჩვენთან. შენ რომ გელაპარაკებოდი, ეგერ, ე! იმ სავარძელში იჯდა, - ხელით ანიშნა.
სესილი გაფითრდა. მიხვდა, ქეთი რომ არ ატყუებდა.
- რაო, რა მინდაო? - ტუჩები აუკანკალდა.
- სესილის სიყვარული და კარგად ყოფნაო, - ხუმრობის გუნებაზე დადგა ქეთი.
- ნუ მაიმუნობ, მომიყევი, რა გითხრა! - მაჯაში წაავლო ხელი უფროსმა დამ და შეაჯანჯღარა.
- რაო და… - ქეთიმ სიტყვა-სიტყვით ჩამოურაკრაკა სესილს ღამით შემდგარი საუბარი.
სესილი თავზარდაცემულივით იჯდა. შიგადაშიგ ტუჩებს გაილოკავდა ხოლმე, ნერვიულობისგან რომ უშრებოდა.
- მოკლედ, შენი ცოლად შერთვა უნდა, რა. როგორც კი დამთანხმდება, ეგრევე დავავლებ ხელს და წავაცუხც… _ ქეთიმ წინადადების დამთავრება ვერ მოასწრო, რომ ბრაგვანის ხმა გაისმა. გულწასული სესილი იატაკზე გაიშხლართა.
გულგახეთქილი ქეთი კარგა ხანს ასულიერებდა უფროს დას. ძალიან შეეშინდა. ასეთ დროს იბნეოდა ხოლმე. ჯერ სახეში ურტყა ხელი, მერე წყალი შემოარბენინა და საფეთქლები დაუზილა. რამდენიმე წუთის შემდეგ, როგორც იქნა, სესილმა თვალები გაახილა. ქეთიმ შვებით ამოისუნთქა. თუ ოდესმე კიდევ გაიგონებდა დის ხმას, აღარ ეგონა.
- რა დამემართა? - წაიჩურჩულა მან, ჯერ კიდევ ვერ მოსულიყო წესიერად გონს.
- როგორ შემაშინე, სესი… კინაღამ გავგიჟდი, - მოთქვამდა სასაოწარკვეთილი ქეთი.
გაგრძელება იქნება