ნოველები

იდუმალი თაყვანისმცემელი - თავი 13

იდუმალი თაყვანისმცემელი - თავი 13
სესილი სიხარულისგან აღარ იყო. მთელი დღის განმავლობაში გზააბნეული ბატივით დაფარფატებდა ოთახიდან ოთახში. მთლად გაგიჟდა ეს ქალიო, მხრებს იჩეჩდა მისი შემხედვარე ქეთი.

შუადღისთვის ლადოს უნდა დაერეკა. ორივე და საგანგებოდ ემზადებოდა «გადამწყვეტი წუთებისთვის». სესილმა უკვე მოიფიქრა ყველაფერი - არაფერსაც არ ეტყოდა შეყვარებულს, არც საყვედურებით აავსებდა, არც ახსნა-განმარტებას მოსთხოვდა. ისე უნდა შეხვედროდა, თითქოს მათ შორის არც არაფერი მომხდარა, ვითომ არც გაბუტულან. ხუმრობა ხომ არ არის, ასე გაუმართლა ცხოვრებამ. ყველას კი არ გაუღიმებს ბედი მასავით…

ლადომ რომ დარეკა, ყურმილი
თვითონ აიღო, ქეთის არ დაანება. მიხვდა მშვენიერი ქეთი, მისი ჩარევა სრულიად ზედმეტი რომ იქნებოდა და მეორე ოთახში გავიდა, საწოლზე მიწვა. სესილი და ლადო დიდხანს საუბრობდნენ გუგულებივით.

- ქე-თი-იი-იი! - კი არ შემოვიდა, შემოფრინდა სესილი ბოლოს, - რა ბედნიერი ვარ, რომ იცოდე! ერთ საათში უნდა შევხვდე!

- იმედია, დღესვე არ გაეკიდები! - ირონიულად შენიშნა ქეთიმ, - ცოტა დაწყნარდი, რა, მეზობლებს ნუ გადარევ. ნამეტანი «ეიფორიაში» ხარ, მე მგონი.

- მეზობლებს? სადღა არიან მეზობლები. შენ იცი, რომ ეზოში მარტო ჩვენ ვართ დარჩენილები?

- რატომ, დინო და დათოც ხომ არიან, ეგენი არსად წასულან?!

- ოჰ! ეგენი არ ითვლებიან! - მხიარულად აიქნია ხელი.

- რატომ, ვითომ?

- რა ვიცი, ისე ვთქვი. ჩვენი ხმაური იქამდე მაინც ვერ მიაღწევს, გვირაბში ცხოვრობენ.

- ცისანა ჩამობრძანებულა გუშინ თავის ანთიმოზთან ერთად. ორი საათი ელაქლაქა წუხელ დედას ტელეფონზე. ხვალ ზეზვაც ჩამოდის თურმე. მერე ნახე შენ, აქ ამბები დატრიალდებააა! - გადაიკისკისა სესილმა.

- რა ამბები დატრიალდება? - დაკონკრეტება მოითხოვა ქეთიმ.

- რა ამბები და გაჩაღდება ერთი მისვლა-მოსვლა, გადაპატიჟებები, ხელის თხოვნები, მოლაპარაკებები. მე მგონი, ჩვენ ერთად მოგვიწევს გათხოვება.

- ეგღა მაკლია! რომ ვკვდებოდე, ზეზვას მაინც არ გავყვები. შეგნებულად არ გავდივარ ვაკეში და არც ვურეკავ დედაჩემს, მაგ თემაზე საუბრით ტვინი რომ არ გამიბურღოს. გავაფრენ, რამე რომ მითხრას ან მაგან, ან ცისანამ, თუ გინდა!

- არა, ჯერ თვითონაც არ აპირებს. მამაშენი უნდა, რომ მოგიგზავნოს.

- ეგ ქალი სულ გაგიჟდა? რა მამაჩემი, რის მამაჩემი! - აღშფოთდა ქეთი.

- ჰო, რა ვიცი. ეგრე ფიქრობს, მაგრამ… არა მგონია, მამა მაგაზე დათანხმდეს. მე რა ჩავიცვა ახლა? - თავის პრობლემას მიუბრუნდა სესილი.

- კარგი რა, სესი, კარგი რა! შენ მაინც ნუ მსჯელობ გადამთიელივით! ვერ გავიგე, რომელი საუკუნეა, რაებს ბჟუტურებთ! რა გინდათ, ძალით უნდა გამათხოვოთ? საერთოდ არ ვთხოვდები, ბატონო, მონაზვნად წავალ მონასტერში!

სესილი სიცილით კვდებოდა.

- დედაჩემს ვერც კი წარმოუდგენია, ზეზვაზე უარი როგორ უნდა თქვა. რომ შევეწინააღმდეგე, კინაღამ მომკლა. გადაირია, ქეთის დასაწუნი რა სჭირს, ანგელოზივით ბიჭია და არაჩვეულებრივი ოჯახის შვილიო.

- ჰოდა, ჩაისიძოს მაშინ იქ და უყუროს თვითონ, ბიჭი მაინც არ ჰყავს, - ჯიუტად ჩაილაპარაკა ქეთიმ და ჩაცმას შეუდგა, მეგისთან წასასვლელად გაემზადა.



8 8 8

კარი მეგიმ გაუღო. მარტო იყო სახლში.

- ოჰ! ახალ მთვარეს გაუმარჯოს! სად დამეკარგე, გოგო, არა გრცხვენია? - საყვედურებით შეხვდა დაქალი.

- არც შენ იკლავ თავს ჩემი მოკითხვებით, ნუ გეშინია! - არ «შეარჩინა» ქეთიმ საყვედური.

- კარგი ქენი, რომ გამომიარე. ზეგ ბორჯომში ვაპირებთ წასვლას, - მეგი ლოჯიაში გავიდა.

ქეთიც უკან მიჰყვა.

- ბორჯომში? ვისთან?

- დედაჩემის ნათლული გვეპატიჟება, დასასვენებლად ჩამოდითო. შენ არ აპირებ სოფელში წასვლას?

- ალბათ, არა. აწი რაღა დროსია, სექტემბერიც მოვიდა.

- გგონია, დიდი ხნით მივდივარ? ერთ კვირაში ჩამოვალთ. თანაც, მაგარი ამბები გველის სექტემბერში.

- რა ამბები? - დაინტერესდა ქეთი.

- გიგი ცოლის მოყვანას აპირებს.

ქეთის ალმურმა აჰკრა. ლამის გული შეუღონდა.

- დედას გაფიცებ, მართლა? ეგ ახალი ამბავია?

- არც ისე. წინა კვირას მითხრა, მაგრად ვარ შეყვარებულიო. მეტი აღარ შემიძლია, დროზე უნდა მოვიყვანოო.

- ვინ არის, თბილისელია? შენ იცნობ? - გულის ფანცქალით დასვა მორიგი შეკითხვა.

- თბილისელი იქნება ალბათ, აბა, ვინ იქნება? შენ გგონია, იტყვის რამეს წესიერად? სახელიც კი ვერ ვათქმევინე. მარტო ის მითხრა, მაგარი გოგოაო.

ქეთიმ საბოლოოდ გადაიწურა იმედი. გიგი რომ მას გულისხმობდეს, ერთი კვირის წინ არ მოუყვებოდა მეგის ამ ამბავს. მეორეც, გიგის ქეთის შეყვარების არც არაფერი ეტყობა. რა დებილი გოგოა! ცოტა ადრე მაინც ენახა მეგი, გუშინდელ სისულელეს აღარ ჩაიდენდა. გამოდის, თავი დაიმცირა მამაკაცის წინაშე. როგორ ნანობს, როგორ… ეს გიორგიც რომ შეუჩნდა?! მორჩა! დღეიდან საერთოდ აღარ დაელაპარაკება. მაგის ბრალია ყველაფერი! ტუტუცი!..

მეგის ენა არ გაუჩერებია. ქაქანებდა და ქაქანებდა. ქეთის მეგობრის ნათქვამიდან ერთი სიტყვაც არ გაუგია, საკუთარ ფიქრებში იყო ჩაძირული. ისევ გიგის სახელის ხსენებამ გამოაფხიზლა.

- ესე იგი, ყველას გიგისთან უნდოდა ცეკვა. ეგეთი არაფერი მინახავს. თითქოს სხვა კაცი არ იყო ირგვლივ.

- სად? რა ცეკვა? - ვერ გაიგო ქეთიმ.

- ქორწილში. კახეთში ვიყავით წასული.

- ჰო-ო-ო! დედაშენმა მითხრა, ახლა გამახსენდა. გიგიც იყო დაპატიჟებული?

- არა, დაპატიჟებული მარტო მე ვიყავი, მაგრამ ვთხოვე და მანქანით წამიყვანა. «ზაადნო», ვაქეიფე კიდეც. არა გშია? კარგი სალათა მაქვს, მაიონეზის და კიდევ შემწვარი სოკო.

- არა, არ მშია.

- წამო მაშინ, ყავა დავლიოთ. ვაშლის კომპოტიც მაქვს, დღეს მოხარშა დედაჩემმა.

- სად არიან შენები?

- ბიძაჩემთან წავიდნენ. ცოტა გვიან მოვლენ ალბათ. ახლა შეიძლება გიგი მოვიდეს. წეღან დამირეკა, საქმე მაქვს და შემოგივლიო. წამო, წამო, თან ერთ ღერსაც მოვწევ, სანამ ჩვენები არ არიან.

ქეთის შეამცივნა, მექანიკურად მიჰყვა უკან სამზარეულოსკენ მიმავალ დაქალს. თავის პირად ცხოვრებაზე არაფერს უყვება. თუმცა, როცა უყვებოდა, მეგისგან საყვედურისა და ჭკუის დარიგების გარდა არც არაფერი მიუღია. სულ იმას ჩასჩიჩინებდა, ცუდად იქცევიო. ახლა რომ მოუყვეს ყველაფერს, არ დაუჯერებს. ვერც კი წარმოიდგენს, ქეთის შეცვლა თუ რამეს არ ვინმეს შეუძლია. მით უმეტეს, ახლა არც ღირს ამაზე ლაპარაკი. თვითონ მეგიც ხომ ასე იქცევა. მის დღეში არავინ ჰყვარებია და, სიმართლე თუ გინდათ, სურვილიც არ ჰქონია, ვინმე შეჰყვარებოდა. მისთვის სწავლა ყველაზე მნიშვნელოვანია ამქვეყნად. სხვა რამეებისთვის არ სცალია, სულ ბიბლიოთეკებში დარბის ან ქეთისთან ერთად წიგნში აქვს თავი ჩარგული.

კომპოტი მოსვა. ესიამოვნა ცივი წვენი.

- ყავა დავლიოთ? - ჰკითხა მეგიმ.

- არა, არ მინდა, უნდა გავიქცე.

- სად უნდა გაიქცე, გადაირიე? ჯერ არ მოსულხარ და… ძალიან იშვიათი სანახავი გახდი ბოლო ხანებში… - მეგიმ სიგარეტს მოუკიდა.

- ჰო, რა ვიცი, მეც პრობლემები მაქვს…

- რა პრობლემები?

- მათხოვებს დედაჩემი, - წამოსცდა უეცრად.

- გა-თხო-ვე-ეებს? - თვალები გაუფართოვდა მეგის, - მიდიი-იიი! - არ დაიჯერა.

ქეთი მოკლედ მოუყვა ზეზვას ამბავს. რაღაც-რაღაცები, რა თქმა უნდა, დაუმალა, ემანდ გიგისთან არ წამოსცდეს რამეო.

ამ ლაპარაკში იყვნენ, რომ კარზე ზარი დაირეკა.

- ე! მოვიდა! - მეგი წამოხტა და კარის გასაღებად გავარდა.

ქეთის ფერი ეცვალა. ახლა გიგის ნახვას სიკვდილი ერჩივნა.

მამაკაცი ცივად მეისალმა ქეთის. უხასიათობა ეტყობოდა.

- ცივი წყალი დამალევინე, რა, - შუბლშეკრულმა სთხოვა მეგის.

- ცივი კომპოტი არ გინდა? დაგისხამ.

- დამისხი, ძალიან მწყურია, - გიგი სკამზე ჩამოჯდა.

ქეთი გაქვავებულივით იჯდა, ხმას არ იღებდა.

- აჰა, - მეგიმ წვენით სავსე ჭიქა გიგის მიაწოდა.

მამაკაცმა ხარბად მოსვა, მოწყურებულად. ბოლომდე გამოსცალა.

- კიდევ დაგისხა? - ჰკითხა მეგიმ.

გიგიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ჭიქა უკან დაუბრუნა. ერთხელაც არ შეუხედავს ქეთისთვის, თითქოს ვერც ამჩნევსო. მეორე ჭიქაც სულმოუთქმელად დალია და სამზარეულოდან გავიდა.

- ჰო, მართლა, რაო წუხელ, როგორ ჩაიარა საღამომ? - მოულოდნელად გაახსენდა მეგის.

- რა საღამომ? - შეკრთა ქეთი, საიდან უნდა სცოდნოდა მეგობარს წინა საღამოს ამბები.

- აი, ლადო რომ გყავდათ სტუმრად.

- ჰო. სესილს თხოულობს ცოლად. ამის სათქმელად მოვიდა, მაგრამ «საპატარძლო» არ დახვდა შინ. ვაკეში იყო.

- მართლა? რა კარგიააა! როგორ გამიხარდა, რომ იცოდე! აუ, ამას მიმალავდი, გოგო? რა საძაგელი ხარ! კი მაგრამ, მე რომ არ გამხსენებოდა, შენ არ უნდა გეთქვა?

- რა ვიცი, არ ჩამოვარდნილა სამაგისო სიტუაცია, თორემ დასამალი რა მქონდა, - აიჩეჩა მხრები ქეთიმ და წამოდგა.

- მე წავედი, დროა…

- მოიცა, რატომ ჩქარობ? ჯერ ადრეა. არ წახვიდე, რა, ქეთი. საღამომდე დარჩი და მერე გიგი გაგაცილებს.

- არა, არა, ვერ დავრჩები. ცუდ ხასიათზე ვარ ძალიან, - შესჩივლა მეგობარს.

- ნეტავი ერთი შენ, არც იფიქრო მაგაზე. ძალით ვერავინ გაგათხოვებს, შენც კარგად იცი. ილაპარაკონ და იყვნენ. ნუ მიაქცევ ყურადღებას, - დაამშვიდა და დაარიგა მეგიმ.

სამზარეულოდან გამოვიდნენ. გიგი ტახტზე ჩამომჯდარიყო, ტელეფონი მუხლებზე შემოედო და რეკავდა.

- ნახვამდის, გიგი, - ქეთი ცივად დაემშვიდობა მამაკაცს.

გიგის ხმა არ გაუღია, მხოლოდ თავი დაუქნია მიმავალს და ტელეფონზე გააბა საუბარი.

არ ახსოვს, როგორ მიაღწია სახლამდე. ცრემლები ახრჩობდა. წუხელ ისე დაშორდნენ ერთმანეთს, დღეს ნამდვილად არ ელოდა ასეთ შეხვედრას. რა არ მოეწონა, ნეტავ?..

თუ… სანამ ნასვამი იყო, ყველაფერი კარგად ეჩვენებოდა, გამოფხიზლდა და… პირდაპირ შეხედა რეალობას თვალებში? რა ქეთი, რის ქეთი! კაცი დამწვარი ყოფილა სიყვარულით. ქეთი ვიღას დაჰკარგვია! აგერ, ცოლის მოყვანას აპირებს თურმე, ხომ ხედავთ!

სარკეში ჩაიხედა. სახე შეცვლოდა. მართლაც რას დაემსგავსა ამ ბოლო ხანებში. სესილი კი არ ტყუის. მთლად მოწყდა გარე სამყაროს. მხოლოდ ტელეფონით სულდგმულობს…

ზარის ხმა გაისმა. გიორგი ურეკავდა.

- ქეთა, როგორ ხარ? - გიორგიც სევდიანი ჩანდა.

- გიორგი, ძალიან გთხოვ, მეტჯერ აღარ დამირეკო, კარგი?

- რატომ?

- იმიტომ, რომ… მე ვწყვეტ შენთან ყოველგვარ ურთიერთობას. და არა მარტო შენთან, არამედ… ყველასთან, მთელ სამყაროსთან. ჩვენს ურთიერთობას აზრი არა აქვს. არაფერი გამოვა მაგ საქმიდან.

- კი მაგრამ, ჩვენ ხომ…

- მე მისი დავიწყება არ შემიძლია. მაპატიე. კარგად იყავი.

- შენ ნამდვილი ქილერი ხარ!

- რა ვარ?

- მკვლელი.

- რატომ?

- იმიტომ, რომ პირდაპირ შუბლში დაახალე ტყვია ჩემს სიყვარულს. შეგიძლია საკონტროლო გასროლა აღარ გააკეთო.

- გიორგი!

- გიორგი აღარ არსებობს. გიორგი მოკვდა! მიცვალებულებს კი არ ელაპარაკებიან, შენც კარგად იცი, - დახშული ხმით თქვა გიორგიმ და ყურმილი დაკიდა.

გაგრძელება იქნება
იხილეთ წინა თავი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93