ნოველები

იდუმალი თაყვანისმცემელი - თავი 14

იდუმალი თაყვანისმცემელი - თავი 14
გავიდა ერთი კვირა. სულ რამდენიმე დღეც და სექტემბერიც დაიწყებოდა, მაგრამ ქეთის ახლა ნაკლებად ადარდებდა სწავლაც და ინსტიტუტიც. ადგილს ვერ პოულობდა იმ დღეებში. თითქოს სრულ სიცარიელეში აღმოჩნდა. მეგი დასასვენებლად გაემგზავრა; გიორგი, ყურმილი რომ დაუხეთქა, მერე აღარც შეხმიანებია, გიგი კი (ისედაც იშვიათი სანახავი იყო) მთლად დაიკარგა თვალთახედვიდან. ერთადერთი სესილი დარჩა და ისიც დილას რომ გავიდოდა სახლიდან, ღამით შემოდიოდა შინ. დაქორწინების შემდეგ ცალკე აპირებდნენ ის და ლადო ცხოვრებას და ახალი ბინის მოსაწყობად დარბოდნენ -ყიდულობდნენ ათასგვარ წვრილმანსა და მსხვილმანს.
ასე რომ, ქეთისთვის არც არავის ეცალა. მშვენიერი ქეთი… პირველად დარჩა ასე მარტო, ყველასგან მიტოვებულ-მივიწყებული და გაოგნებული - ნუთუ ამქვეყნად არ არსებობს ადამიანი, რომელსაც რაღაცაში მაინც ვჭირდები, რომელსაც ერთხელ მაინც გავახსენდები? თვით ზეზვაც კი, უკვე მეხუთე დღეა, ჩამობრძანდა ბათუმიდან და ერთხელ ყური არ შეუბერტყავს. აი, ეგ კი ნაკლებად ანაღვლებდა ქეთის… შეიძლება სულაც არ ანაღვლებდა. არ იცის, არ უფიქრია ამაზე.

სამაგიეროდ, ზეზვამ იფიქრა. ჩამოსვლის შემდეგ ჯერ კარგად «გამოშუშდა», მერე დედილოს შეგონებები გულდასმით მოისმინა, აწონ-დაწონა, ჭკუაში დაუჯდა საცოლის კანდიდატურა, ჰიტლერივით «ელვისებური გეგმა» შეადგინა და ქეთის მიადგა.

მის დანახვაზე ქალს ელეთმელეთი დაემართა, თითქოს ლოდი დაადესო გულზე, ისე დამძიმდა. უხალისოდ შეიპატიჟა ოთახში. ხელით ანიშნა, დაჯექიო, თვითონ კი ტახტზე მოკალათდა. ფეხი ფეხზე გადაიდო და გრძელი ფეხები გამომწვევად (მოკლე ქვედაბოლო ეცვა) გამოაჩინა.

- რაღაც სხვანაირი მეჩვენები, - შორიდან დაიწყო ზეზვამ.

- შენც. ძალიან გაშავებულხარ, - ცალყბა ღიმილით უპასუხა ქეთიმ.

- არა, მაგას არ ვგულისხმობ. შინაგანად ხარ შეცვლილი. ადრე უფრო თბილად ვხვდებოდით ერთმანეთს.

- რას იზამ, დრო იცვლება…

- იცი, ქეთი, მე არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი და არც ღირს, მგონი. ჩვენ პატარაობიდან ერთმანეთის თვალწინ ვიზრდებოდით. მართალია, შენთან შედარებით «სტაჟიანი» ასაკი მაქვს და დიდხანს, როგორც ბავშვს, ისე გიყურებდი, მაგრამ წავიდა ის დრო. ახლა პატარა არც ერთი არ ვართ. ჩვენები ოჯახებით მეგობრობენ. ამიტომ არ მინდა ეს მიხვეულ-მოხვეული ლაპარაკი და პირდაპირ გეუბნები - გამომყევი ცოლად. დედაჩემს ძალიან უნდა, მისი რძალი გახდე…

- ვერ გავიგე, შენ დედაშენის ხათრით მირთავ თუ როგორაა შენი საქმე, ზეზვა? - სიბრაზე ყელში მოებჯინა ქეთის.

- არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ნაწილობრივ ანგარიშს ვუწევ მის სურვილსაც. უფრო სწორად, ამ შემთხვევაში ჩემი და დედაჩემის აზრები ერთმანეთს ემთხვევა.

- ზეზვა, სიმართლე მითხარი, მე შენ გიყვარვარ? - ქეთი წამოდგა, ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა და მხრით კედელს მიეყრდნო.

- სხვა შემთხვევაში არ მოვიდოდი შენთან, - იუკადრისა მამაკაცმა.

- მერე? არ გასწავლეს, რომ სანამ ქალს ხელს სთხოვ, ჯერ სიყვარული უნდა აუხსნა? - ირონია გაისმა ქეთის ხმაში, აშკარად დასცინოდა.

- მე ეგ ასაკი დიდი ხანია, გამოვიარე. ჩემი წლოვანების კაცები სიყვარულზე არ ლაპარაკობენ.

- სამწუხაროა ძალიან… მე შენს ასაკამდე ჯერ ბევრი მაკლია. ამიტომაც ისეთი მამაკაცი მჭირდება გვერდით, სიყვარულზე რომ ილაპარაკებს. ჩვენი ერთად ყოფნა არ იქნება, ზეზვა, არაფრით არ იქნება, - ბოლო სიტყვები ისეთი ინტონაციით წარმოთქვა, ზეზვა მიხვდა, რომ აუდიენცია დამთავრებული იყო და თვითონაც წამოდგა.

ცოტა არ იყოს, უხერხული სიტუაცია შეიქმნა. ზეზვას ასე უთქმელად წასვლა ვერ გადაეწყვიტა, ქეთი კი სიტყვებს ვეღარ პოულობდა, რომ როგორმე გაეფანტა უხერხულობა. მამაკაცი გასასვლელისკენ დაიძრა.

- ქალბატონ მანანას არ მოეწონება შენი გადაწყვეტილება, - მაინც თქვა, გულმა არ მოუთმინა მამაკაცს.

- მაგ საქმეს მე მივხედავ, - მშვიდად უპასუხა ქეთიმ.

ზეზვამ გავიდა თუ არა, ქეთიმ შვებით ამოისუნთქა. ის იყო, ოთახში შემობრუნება დააპირა, რომ ეზოში ერთი ქოთქოთი ატყდა. ფანჯარაში გაიხედა. ებრაელები ჩამოსულიყვნენ ქობულეთიდან. ეს დინო (დინარა) დეიდა ხვდებოდა მეზობლებს დიდი ზარ-ზეიმით.

გუშინ რუსაც ჩამოვიდა თავისი ქმარ-შვილით, მაგრამ არ აუტეხია დინო (დინარა) დეიდას ასეთი აურზაური! მეტიჩარა ქალი! აშკარაა, ქულებს იწერს ლილისთან. ის კი არ იცის, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, თავს არ გაუყადრებენ ებრაელები. ტყუილი იმედია! ე-ეხ! რომ იცოდეს, მისი შვილი რაზეც ფიქრობს, ასე ფიანდაზად არ გაეფინებოდა ფეხქვეშ. გაეფინებოდა კი არა, ერთ ვაიუშველებელს ატეხდა. ებრაელს მოაყვანინებს ერთადერთ ვაჟიშვილს? უწინამც თვალები დაევსება (ეს გამოთქმა ძალიან უყვარს ჩვენს დინო (დინარა) დეიდას).

ქეთიც, ზრდილობის გულისთვის, ეზოში გავიდა, გადაკოცნა მზეზე გარუჯული მეზობლები, თბილად მოიკითხა და ბარგის შეტანაშიც მიეხმარა. ხმაურზე, რა თქმა უნდა, რუსამაც გამოყო თავი, იმანაც დიდი ოვაციები გამოხატა «დასვენებული» მეზობლების მიმართ და თავისი წვლილი შეიტანა მათი ჩანთების შეტანა-დალაგების საქმეში.

- როგორ ხართ, ხალხნო, რა ხდება ეზოში ახალი? - აქოშინებული ლილი დეიდა თავისი როხროხა ხმით ქალებს მიუბრუნდა, მუყაოს ყუთზე ჩამოჯდა და ხელები მუხლებზე დაიწყო.

- უი, ქალო, შენ არ იცი ახალი ამბავი, არა? - შემოირტყა თავში ხელი დინომ, - მერი დაუწვენიათ საავადმყოფოში.

- რას ამბობ! რა სჭირს მაგ საცოდავს? - შეიცხადა ლილი დეიდამ.

- ფილტვის კიბო უთხრეს თურმე, - ჩურჩულით გააგრძელა დინარამ.

- აუჰ! საწყალი… აბა, რა დაემართებოდა, რასაც ეგ მღეროდა…

ქეთის კინაღამ სიცილი წასკდა. რა შუაში იყო ქალბატონ მერის სიმღერა მის ავადმყოფობასთან? თუმცა, ერთ რამეს ახლაღა ჩაწვდა - რამდენი ხანია, მერის სიმღერის ხმა არ გაუგონია. აი თურმე, რაში ყოფილა საქმე.

გული დასწყდა. ამ ცნობამ ცუდ ხასიათზე დააყენა, მაშინვე დაემშვიდობა თავშეყრილ მეზობლებს, იზას და ლიზას გადაულაპარაკა, რომ დაისვენებთ, მერე ჩემთან შემოიარეთო და სახლში შევიდა.
გაგრძელება იქნება
იხილეთ წინა თავი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93