ნოველები

იდუმალი თაყვანისმცემელი - დასასრული

იდუმალი თაყვანისმცემელი - დასასრული
ის დღეც მიილია. მოსაღამოვდა. 9 საათისთვის სახეაფოფინებული სესილიც მოქანდა. ჭკუაზე არ იყო სიხარულით. საძინებლის გარნიტური უყიდია ლადოს და შუადღიდან მისი აწყობით ყოფილან დაკავებული.

ქეთი ცოტა უგულისყუროდ უსმენდა უფროს დას. რა თქმა უნდა, უხაროდა მისი ამბები, მაგრამ თავისი სადარდებელი მოსვენებას არ აძლევდა. არ იცოდა, რა ეღონა, ოღონდ როგორმე ეგ ლოდი მოესხნა გულიდან.

ზეზვასთან დაამთავრა ყველაფერი, დანარჩენი კი, იცოდა, მისი საზრუნავი არ იყო. მამაკაცი თავად მოუვლიდა მაგ საქმეს. ამის თაობაზე არც ქეთის მოუწევდა თავისიანებთან შეხლა-შემოხლა. თუმცა, რა
თავისიანებთან - დედასთან, თორემ მამა არასდროს ჩარეულა შვილის სამაჭანკლო ამბებში.

ახლა გიგი ადარდებდა. არამარტო გიგი - გიორგიც, რომელსაც ასე ცუდად მოექცა. ვერ ეპატიებინა საკუთარი თავისთვის. რა უნდოდა, რა დაუშავა იმ ბიჭმა? როგორ უხეშად მოიცილა თავიდან. არადა, რა ქნას, როგორ გამოასწოროს შეცდომა, არც მისამართი იცის მისი და არც ტელეფონის ნომერი. აი, ეგ კი ძალიან აწუხებდა.

გიგისგანაც რომ არაფერი ისმის? არც ის უნდოდა, თვითონ დაერეკა და მოეკითხა. ბოლოს ისე ცივად შეხვდა, ნამდვილად არ ღირდა შეხმიანება. მაგის სურვილი რომ ჰქონოდა, მამაკაცი თავად დაურეკავდა. რადგან არ დარეკა, ესე იგი, ქეთი მისთვის სულერთია. არ აინტერესებს, მორჩა და გათავდა!

ასე დამთავრდა ის დღეც. მეორე დილით სესილი კვლავ თავის «ოჯახურ» საქმეებზე გავარდა. ქეთი კვლავ მარტო დარჩა. იფიქრა, ცოტა ხნით ებრაელებთან შევალ, ჭორაობით გულს ვიჯერებო, რომ კარზე კაკუნი გაისმა.

ჰოლში გავიდა, გახედა. ლიზა იყო.

- დედა გეძახის, ერთი წუთით მოვიდესო, - თვალი აარიდა ლიზამ.

- ხომ მშვიდობაა? - მეზობლის ტონი არ მოეწონა ქეთის.

ლიზამ მხრები აიჩეჩა და უხმოდ გაბრუნდა. ეს კიდევ უფრო არ მოეწონა. ვერ მიმხვდარიყო, რა საქმე უნდა ჰქონოდა ისეთი ლილი დეიდას, ქეთის ასე ოფიციალურად რომ იბარებდა. სხვა დროს ხომ ჩვეულებრივ შემოსძახებდა ხოლმე ფანჯრიდან ან ტელეფონზე დაურეკავდა. ლიზის გამოგზავნა რა აუცილებელი იყო?!

ცოტა ხანს შეიცადა და გავიდა. მთელი ოჯახი ცხვირჩამოშვებული და წარბშეკრული დახვდა.

- მოდი აგერ, ქეთი, - ხელით ანიშნა ლილიმ, - მომიყევი ერთი, რა ილაპარაკე ჩემს ქალიშვილზე?! - დოინჯი შემოიყარა ქალმა და ისარივით მზერა ესროლა ქეთის.

- რა ვილაპარაკე? - მხრები აიჩეჩა გაკვირვებულმა ქეთიმ და ყველას სათითაოდ მოავლო მზერა.

- რა ჭორები დაუყარე იზას, ვის ყვარობსო, როგორ თქვი? - უფრო აუწია ხმას ქალმა.

ამის გაგონებაზე ქეთის გააცივა. მიხვდა, რაც ხდებოდა. იმასაც კარგად მიხვდა, ვისგანაც მოდიოდა ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, რუსასგან. ქეთიმ ხომ სესილს გაანდო დათოს გულსნადები, სესილმა რუსასთან ილაპარაკა. იმან კი, სრულიად გულუბრყვილოდ, მოაღო პირი და, როგორც ჩანს, ებრაელებთან დაფქვა, რაც გაიგო. ალბათ უფრო გააფრთხილა მოსალოდნელი საფრთხისგან, ვიდრე იჭორავა, მაგრამ მისთვის რა ხეირი ამით?

- მე მაგ საქმის არაფერი ვიცი, ლილი დეიდა, - შორს დაიჭირა ბრალდება ქეთიმ, დათოს ჩაშვება არ უნდოდა.

- არაფერი იცი? სულ არაფერი?

ქუთიმ ჯიუტად გადააქნია თავი და ტუჩიც აიბზუა.

- ლიზა, გადი ერთი და რუსას დამიძახე! - უბრძანა უმცროს ქალიშვილს.

იზა გასუსული იჯდა და თაგვივით შეშინებული აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს, თან ცდილობდა, ქეთისთვის არ შეეხედა.

ლიზა უსიტყვოდ გავიდა და ცოტა ხანში რუსასთან ერთად დაბრუნდა. ეს უკანასკნელი შეშფოთებული ჩანდა, გაფაციცებით იყურებოდა.

- რუსა, რა მითხარი წუხელ, რაზე გელაპარაკა ეს ქალბატონი? - ახლა მას მიმართა ლილიმ მბრძანებლური ტონით.

- კარგი ახლა, ქალბატონო ლილი, ბავშვებმა რაღაც თქვეს, ყველაფერს ხომ არ უნდა გამოეკიდოთ! - «შეიბრალა» რუსამ «ბავშვები».

- რაღაც? ჩემი შვილის პატიოსნების საკითხს და მისთვის ჩირქის მოცხებას შენ რაღაცას ეძახი?! თქვენ გაპატიებთ მე ჩემი იზას სახელის გატეხას? თქვენი საჭორაო გახდა ჩემი ოჯახი? - იფეთქა ლილი დეიდამ და რა იფეთქა!

- რუსა, მე შენ როდის გნახე სალაპარაკოდ ან როდის მიხსენებია შენთან იზა და თუნდაც დათო? მით უმეტეს, დათო და იზა ერთად? - მშვიდად მიუბრუნდა ქეთი კარის მეზობელს.

კედელს მიყრდნობილი რუსა გაფითრებული იდგა.

- პრინციპში, ისეთი არაფერი მომხდარა, ამხელა ამბავი მოჰყოლოდა… რა მოხდა მერე, თუკი ბავშვებს ბავშვურად უყვართ ერთმანეთი. ჯერ ახალგაზრდები არიან, გადაუვლით, - კვლავ სცადა რუსამ მანდილის ჩაგდება.

ის მიხვდა, რომ სესილის ჩაშვება არ გამოვიდოდა. ეს უკანასკნელი რომ დაებარებინა ლილის, ყველას შავი დღე დაადგებოდა. სესილი ერთ სიტყვასაც არ შეარჩენდა მეზობლებს და საკადრის პასუხსაც გასცემდა. რუსამ კი ქეთი ადვილად «გაიმეტა».

- პასუხი გამეცი ჩემს კითხვაზე, - ქეთი მიხვდა, რომ წონასწორობას კარგავდა.

- ალბათ სხვამ მითხრა… როგორც ჩანს, შემეშალა, - საწყალობელი სახე გაუხდა რუსას, აშკარად სინდისის ქენჯნა იგრძნო.

- იცით, ლილი დეიდა, სხვათა შორის, მაგ საკითხზე თქვენს ქალიშვილს და დათოს უნდა ჰკითხოთ, მე კი არა. ისინი უკეთ ერკვევიან საქმის ვითარებაში. ლიზაც, მე თუ მკითხავთ… -უშიშრად გამოუცხადა ქეთიმ გააფთრებულ ქალს.

- ვის უნდა ვკითხო, გოგო და რა უნდა ვკითხო! - იყვირა ლილიმ თავისი ბოხი ხმით, - ბავშვი თავს იგიჟებს, საიდან მოვიდა ასეთი ჭორი, ვის რა დავუშავე, რატომ მიგონებენო. ის ბიჭიც გიჟს ჰგავს, დასავით ვუყურებ იზას, რა სიყვარული, რის სიყვარული, ვინ თქვა, საიდან მოიტანაო. რატომ გშურს, შვილო, ჩემი გოგოების შენ, გაგიფუჭეს რამე? - არ ცხრებოდა გაავებული.

ქეთის პირზე შეაშრა სათქმელი. ამას კი ნამდვილად არ ელოდა. დათოს თავის მართლებამ მთლად ჭკუაზე შეშალა. აბა, სიმართლის დამალვა ასე არ უნდაო და… სიტყვასიტყვით ჩამოკაკლა ყველაფერი, რაც დათოსგან მოისმინა.

- ასე რომ, მე არც არავისი მშურს და არც არავის ვერჩი. ასეთი რამისთვის ადრევე უნდა მიგექციათ ყურადღება, სწორედ მაშინ, როცა თქვენი უმანკო ქალიშვილი დინარა დეიდას არყოფნაში საათებს განმარტოებით ატარებდა მის ვაჟთან! ფრთხილად იყავით, ქალბატონო ლილი (ახლა უკვე ოფიციალურად მიმართა), თქვენ იქ არ ეძებთ, სადაც საჭიროა, ამიტომ ნურც მე მომთხოვთ ამ თემაზე პასუხს და ნურც რუსას! - გამოსცრა კბილებში, მრისხანედ გადახედა იზას, მერე რუსას, კარი უხეშად გაიჯახუნა და გავიდა.

ებრაელების ბინიდან კარგა ხანს ისმოდა ჯერ ყვირილის, მერე კი ტირილის ხმა. ალბათ დედამ რუსა და ქალიშვილები დააწიოკა.

ღმერთო ჩემო, რა დღეში ჩავარდა ქეთი! რა გაუკეთეს! რუსა რა მიამიტი ყოფილა! რა ალაპარაკებდა, ვინ აძალებდა? არამკითხე მოამბესავით რომ გამოუვიდა! ვითომ თავი მოიქაჩლა მეზობლის წინაშე, აქაოდა, გული შემტკივა შენს ქალიშვილზეო და… შეიძლება ეგრეც არის, ბოლოს და ბოლოს, ამდენი წელია, ერთი ოჯახივით ცხოვრობენ ამ ეზოში, მაგრამ რა გამოვიდა? ერთის გულის მოგება სცადა მეორის ხარჯზე და საბოლოოდ ორივე მოიმდურა. ვერ გააჩუმა ენა? რაში ენაღვლებოდა, იზა დათოს გაეკიდებოდა თუ დედ-მამის შერჩეულ ვინმე ებრაელ სასიძოს? სეირის საყურებლად მოიგონა ეს ამბავი? ჰოდა, მიიღო კიდეც თავისი! დღეიდან ლილის არც მასზე დარჩება დიდი წარმოდგენა. შეიძლება ახლოსაც აღარ გაიკაროს მომავალში. არადა, რა კეთილია რუსა!.. სულელი! არც დაფიქრებულა, ისე გაყო თავი ყულფში და კინაღამ ქეთიც თან «მოიყოლა»!

ეს დათო რა მხდალი და დედალი აღმოჩნდა?! ნამდვილი ქალაჩუნა! რა ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს ისროდა ქეთისთან, მაგრამ დადგა თუ არა ფაქტის წინაშე, მელასავით კუდი ამოიძუა. ჰმ! სესილიც მაგარი დებილია, ენას რომ ვერ აჩერებს! მერედა, რისი ან ვისი გულისთვის?!

ცოტა ხანში ყვირილისა და ქოთქოთის ხმამ ეზოში გადმოინაცვლა. ქეთიმ მიაყურადა. დინო და ლილი ერთმანეთს არ აცლიდნენ «შემკობას». ორივე საკუთარ შვილს იცავდა გადაფოფრილი, მაგრად დასცხეს ერთმანეთს. ბოლოს იმდენი ქნეს, პირად შეურაცხყოფაზე გადავიდნენ.

ქეთის ცნობისმოყვარეობა არ გამოუჩენია ეზოში გადანაცვლებული ალიაქოთის მიმართ. ოთახში შევიდა, ტელევიზორი ჩართო და ხმას აუწია, რომ მეზობლების ყვირილის ხმა გადაეფარა. სკანდალი მას არასდროს აინტერესებდა.

შუადღისას ყველა ჩაწყნარდა… ეზოც მიწყნარდა. ქეთიც დამშვიდდა ნელ-ნელა, ისე უკვე აღარ ბრაზობდა. ის კი არა, ეცინებოდა კიდეც, ასეთი უაზრო რამის გამო ამხელა ამბავი რომ ატყდა. მორჩა! ისეთი პირი უჩანს, მეზობლები სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდნენ ერთმანეთს. კისერიც უტეხიათ! მეტი სადარდებელი არ მისცა ქეთის ღმერთმა. იცის, რომ თვითონ ცამდე მართალია და სხვები რას ფიქრობენ მასზე, სულაც არ აინტერესებს. ყველამ თავის თავს და თავის შვილებს მიხედოს, საკუთარი ტკივილიც ეყოფა. თუმცა, მაინც გულდასაწყვეტია, ასეთი მეგობრული და მხიარული ეზო, ასე შეკრულად რომ მოვიდნენ აქამდე, ერთ საათში ხუხულასავით დაიშალა. დღეიდან ყველა თავისთვის იცხოვრებს და იქნებიან ერთმანეთთან უბრად.

ამ ფიქრებში იყო, ტელეფონმა რომ დარეკა. ქეთის ბოლომდე მაინც არ განელებოდა დილანდელი ამბავი, რის გამოც არავისთან დალაპარაკების სურვილი არ ჰქონდა. ამიტომ უხალისოდ დასწვდა ყურმილს…

- გისმენთ, - ძლივს წარმოთქვა ქეთიმ.

- მე ვარ, - გაისმა გიორგის ხმა. როგორც ჩანდა, მობილურით რეკავდა.

გოგონას გული შეუქანდა. ამას ნამდვილად არ ელოდა, თუმცა გაუხარდა.

- ჰო, გიორგი, - მორბილებული ხმით უთხრა, მაგრამ მაინც არ შეიმჩნია, რომ ლოდი მოეხსნა გულიდან.

- როგორ ხარ, დათოვლილო გაზაფხულო? - ჩვეული ხმით ჰკითხა მამაკაცმა.

- არა მიშავს. შენ როგორ ხარ?

- ჯერ არ ვიცი… გააჩნია, რა ხასიათზე დამაყენებ!

- მე-ე? ჩემზეა დამოკიდებული შენი კარგად თუ ავად ყოფნა? რა უცნაურია!

- ახლა მიხვდი მაგას? რა უცნაურია! - სიცილით გაიმეორა გიორგიმ მისი სიტყვები.

- რას მივაწეროთ შენი ზარი, წყენამ გაგიარა? - ვერ მოითმინა და მაინც უკბინა ბიჭს.

- გადამიარა. ვიფიქრე, ვიფიქრე და გადავწყვიტე, დამერეკა. როგორ მიდის შენი საქმეები?

- რომელი საქმეები?

- ძალიან, ძალიან პირადი საქმეები.

- დგას ერთ ადგილზე, არსადაც არ მიდის. საერთოდ არ იძვრის ადგილიდან.

- რატომ, აღარ მინდიხარო? - ირონია გაისმა გიორგის ხმაში.

- აღარ მინდიხარო, - ამოიოხრა ქეთიმ, - კარგად მეყოლეო…

- და შენც მთელ სამყაროსთან გაწყვიტე კავშირი, არა?

- ასე გამოდის. თუკი სამყაროს არ ვუნდივარ მე, არც მე მინდა მაშინ სამყარო.

- მთლად მთელ სამყაროსთან აიგივებ ერთ კაცს?

- ვაიგივებ. რატომ გიკვირს? შენ რა, არ მაიგივებ მთელ სამყაროსთან?

ერთხანს სიჩუმე ჩამოწვა, გიორგი ხმას არ იღებდა.

- ქეთა, სიმართლე მითხარი, რას ინატრებდი ახლა, ამწუთას? - როგორც იქნა, წარმოთქვა ბიჭმა და დაარღვია დუმილი.

- არაფერს.

- მაინც, მაინც? სულ არაფერს არ შეიძლება!

- შენთან შეხვედრას და შენ გაცნობას, - ქეთიმ თვითონაც არ იცოდა, საიდან მოადგა ეს სიტყვები ენაზე, თუმცა არ უნანია.

- სერიოზულად?

- სერიოზულად.

- რას მივაწეროთ შენი ესოდენ უცნაური ნატვრა? «იმის» შემცვლელად ხომ არ მომიაზრებ, შემთხვევით?

- არა, ეგ არაფერ შუაშია. ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა ვიცოდე, ვისთან ვმეგობრობდი ამ ხნის განმავლობაში, ვის ვანდობდი ჩემს ყველაზე დიდ საიდუმლოს? ვის ვეჩხუბებოდი და ვის ვახარებდი?

- მდაა! ეგეც მართალია… როგორ მოვიქცე ახლა მე?!

- როგორ და… შევხვდეთ ერთმანეთს, ახლავე, დღესვე.

- ახლავე? - შეამოკლა დრო გიორგიმ და «დღესვე» გააქრო.

- ჰო, რატომაც არა!

- და მე მოვიდე შენთან თუ შენ მოხვალ ჩემთან?

- შენ მოდი ჩემთან! - გადაჭრით მიიღო გადაწყვეტილება ქეთიმ, წამითაც არ უყოყმანია.

მოვიდეს. თუ კარგი ბიჭია, დაე, დაევსოთ თვალები მეზობლებს. თუ არადა, იტყვის, ნაცნობია ჩემიო, რა დაშავდება, რო? ან ვისი რა საქმეა?

- მე რომ მოვიდე, იცოდე, კიდევ ერთხელ მომიწევს სიყვარულის ახსნა, - თქვა გიორგიმ, - და შენ მზად იქნები ამისთვის? კარში არ მომისროლო მერე, რა თავი მომაბეზრეო!

- ეგ უცხო არ იქნება ჩემთვის. არა უშავს, მოვისმენ კიდევ ერთხელ, - გაეღიმა გოგონას.

- კარგი, მაშინ გავრისკავ. რისკი კეთილშობილური საქმეა. იმედია, სიყვარულზე უარს არ მივიღებ, - გაიცინა მამაკაცმა.

- სიყვარულის იმედი ნუ გექნება.

- ვნახოთ, - თითქოს დაიქადნა გიორგიმ.

- მაშინ, უმჯობესია, არ მოხვიდე, - გააფრთხილა ქეთიმ, - და სხვა დროისთვის გადავდოთ ჩვენი გაცნობა, როცა საბოლოოდ გაგრილდები მაგ სიყვარულისგან.

- მაინც მოვალ, გადადებული საქმისა რა ვთქვი! - ჯიუტად უპასუხა მამაკაცმა და გათიშა.

ქეთიმ ყურმილი დაკიდა და სივრცეს გაუღიმა. როგორი უცნაური ბიჭია! უკან არაფერზე იხევს. აი, თვითონაც რომ ასეთი მტკიცე ხასიათის იყოს, იქნებ გამოსვლოდა გიგისთან რამე!

ორი წუთიც არ გასულა, რომ კარზე კაკუნის ხმა გაისმა. ქეთი ზანტად წამოიმართა სავარძლიდან. იფიქრა, ახლა თუ ისევ ებრაელები არიან, ერთს გემრიელად დავიფრენო. შუბლშეკრულმა გააღო კარი. გააღო და…

გაფითრდა.

შემოსასვლელთან გიგი იდგა.

- მოვედი, - თქვა და ხელები გაშალა.

- მობრძანდი, - ქეთის მუხლები აუკანკალდა. ისე დაიბნა, არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო.

ყველაფერს ელოდა ამწუთას, ყველანაირ საოცრებას, მაგრამ გიგის - არა, თითქოს ციდან ჩამოვარდაო.

როგორც იქნა, გონს მოეგო, განზე გადგა და სტუმარი წინ გაატარა.

მამაკაცი გაუბედავად შევიდა ჯერ ჰოლში, იქიდან კი სასტუმრო ოთახში. მიმოიხედა… შეათვალიერა იქაურობა.

- აქა მშვიდობა, - თქვა და გაიღიმა.

ქეთი უკან მიჰყვა მოულოდნელ სტუმარს და ანგარიშმიუცემლად დივანზე ჩამოჯდა. ისიც ვერ მოიფიქრა, გიგისთვის დაჯდომა შეეთავაზებინა.

- შეიძლება? - სავარძლისკენ გაიშვირა თითი გიგიმ.

- კი, როგორ არა, - ქეთი ასეთი დაბნეული არასდროს ყოფილა, - უკაცრავად… ისეთი მოულოდნელი იყო შენი გამოჩენა, ვერ მოვისაზრე… ვერაფერი.

გიგი სავარძელში ჩაჯდა და ეშმაკური ღიმილით თვალი თვალში გაუყარა აფორაჯებულ ქალს.

- რით დავიწყო? - შესცინა ბოლოს.

«სიყვარულის ახსნით», - გაიფიქრა ქალმა, მაგრამ ხმამაღლა არაფერი უთქვამს, მხოლოდ მხრები აიჩეჩა. აბა, ამას ხმამაღლა როგორ იტყოდა!

- კარგი… დავიწყებ იმით, რომ… მიყვარხარ, - თქვა გიგიმ, - მიყვარხარ გაცნობის დღიდან და რაც დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები ამაში. გჯერა?

გოგონა საკუთარ ყურებს არ უჯერებდა. იგრძნო, როგორ ნელ-ნელა უფართოვდებოდა თვალები, სიზმარში ეგონა თავი. ამასთან, გული გამალებით უცემდა შეშინებულს, საცაა, გიორგი უნდა მოსულიყო.

რა ეთქვა? როგორ გაეცნო იგი გიგისთვის? ამის გაფიქრებაზე დაიძაბა, ერთიანად მოიკუნტა და დაპატარავდა თითქოს.

- არ მჯერა, - წაიჩურჩულა და გამჭოლი მზერა ესროლა საოცნებო მამაკაცს, თან გულისყური ჰოლისკენ ჰქონდა, ყოველ წამს ელოდა, როდის მოუკაკუნებდნენ კარზე.

- კარგი. მაშინ ერთ კითხვაზე მიპასუხე მხოლოდ და მეტს აღარ შეგაწყენ თავს, თუკი ზუსტ პასუხს არ მივიღებ, - გიგიმ თვალები მოჭუტა და გამომცდელად გახედა, თან თითები ერთმანეთზე აათამაშა.

ქეთიმ თავი დაუქნია.

- წიწაკა უფრო მწარეა თუ შაქარი უფრო ტკბილია?

ამის გაგონებაზე ქეთი გველნაკბენივით შეხტა.

- რა თქვი?

- მიყვარხარ, ქეთა, მეტი რა გითხრა? შენ ხარ ჩემი დათოვლილი გაზაფხული და ჩემი ნაადრევი შემოდგომაც, - სახე დაუსევდიანდა მამაკაცს.

გაოგნებული გოგონა გონს ვერ მოსულიყო. როგორ! გიორგი და გიგი… ვერ გაიგო კარგად, ერთმანეთს იცნობდნენ, მეგობრები იყვნენ თუ… თუ ერთი მეორის ორეულია? ნუთუ გიორგი - იგივე გიგია?

- ეს მე გირეკავდი გიორგის სახელით, - გახსნა კარტები მამაკაცმა.

ქეთი აიმრიზა.

- რატომ… რა საჭირო იყო? - მეტი ვერაფერი მოიფიქრა.

- სხვანაირად თავს ვერ შეგაყვარებდი. ვიცოდი შენი ხასიათი. მითხრეს, რომ არა ერთი და ორი ბიჭი გიწვალებია, სიყვარულით კი არავინ გყვარებია. ამიტომ ეს მეთოდი ავირჩიე. ასე ადვილად გაკონტროლებდი, შენს შეხედულებებს იოლად ვიგებდი. თუ აზრი არ შეგიცვლია ჩემ მიმართ და შენი ბოლო სიტყვა თუკი ძალაში რჩება, მითხარი, რომ მატარებელი უფრო ჩქარა გარბის.

ქეთი გაოგნებული იჯდა. ყურებს გუგუნი გაუდიოდა. როგორ გააცურეს ამხელა ქალი!

კარგა ხანს ხმა არა ამოუღია. ნუთუ ასე ახლოს არის ბედნიერება? სწრაფად გადაავლო გონების თვალი წარსულ დღეებს. ყველა «შემთხვევითი» შეხვედრა გაიხსენა, ყველა საუბარი ტელეფონზე. ყველა, ყველა და ყველაფერი…

როგორ აწვალა! აპატიოს? არ აპატიოს? მაგრამ რომ ჰყვარებია? მერედა, როგორ ჰყვარებია გიგის! ცხადია ეს ყველაფერი თუ სიზმარი?

- მატარებელი უფრო ჩქარა გარბის, - თქვა ბოლოს და თვალები დახუჭა.

- ესე იგი, უარს არ მეუბნები? - ფრთხილად შეეკითხა მამაკაცი.

- არც უარს გეუბნები და არც საყვედურს, - წაიჩურჩულა თვალდახუჭულმა.

- აკი მაგის იმედი ნუ გექნებაო? - ღიმილით ჩაეძია მამაკაცი.

- მე ხომ… მე ხომ არ ვიცოდი… მე სხვა მეგონე, - ძლივს ჩაილუღლუღა, ენა ებმოდა აღელვებისგან.

- მითხარი, რომ გიყვარვარ. კიდევ ერთხელ მითხარი, როგორც მაშინ, მცხეთაში, - ჩუმად წარმოთქვა გიგიმ, წამოდგა და მის წინ მუხლებზე დაეშვა.

ქეთიმ თავზე დააწყო ხელები. ერთხანს თმაზე ეფერა. რა ახლოს იყო ბედნიერება… არ სჯეროდა…

გიგიმ წამოიწია, მის გვერდით დაჯდა, მხარზე გადახვია ხელი და თავისკენ მიიზიდა. ქალი უსიტყვოდ დაჰყვა მის ნებას. ჩიტივით გაინაბა მამაკაცის მკლავებში.

- გიგი, მეგიმ იცოდა ეს ამბავი? - ჩუმად ჰკითხა.

- არა. მხოლოდ იმ ღამეს გაიგო, შენთან რომ დარეკა. მე ვთხოვე, დაერეკა. აი, სტუმარი რომ გყავდა. ის ბიჭი რომ დამალაპარაკე, ისე გავბრაზდი, მზად ვიყავი, ნაჭერ-ნაჭერ ამეკუწა. ვიფიქრე, ალბათ თაყვანისმცემელია და ქეთი ამით მეთამაშება-მეთქი. ვეღარ გადავხარშე… მერეც კარგა ხანს ვერ დავიჯერე, რომ არ მატყუებდი.

- იმიტომ შემხვდი მეგისთან ასე ცივად? - ღიმილით ახედა გოგონამ.

- ჰო, ხომ მაპატიებ?

- არა გრცხვენია? მესმი შენი, თანაც ძალიან კარგად. მეც ეგრე ვიცი ხოლმე…

- არა, მარტო იმ შეხვედრას არ ვგულისხმობ. ყველაფერს თუ მაპატიებ, თავიდან ბოლომდე. მე მგონი, ძალიან დიდხანს გაწვალე.

- სამაგიეროდ, ძალიან დიდხანს მეყვარები, - თქვა ქალმა და ლოყა ლოყაზე მიადო მამაკაცს.

გიგიმ თავი აუწია ქეთის და თვალებში ჩახედა…

ტუჩებმა ადვილად იპოვეს ერთმანეთი…

ქეთი მიხვდა, ეს უკვე აღარ იყო სიზმარი…

და იმასაც მიხვდა, რომ სწორედ ეს იყო ბედნიერება…

ბედნიერება, რომელსაც ამდენ ხანს ელოდა და რომელიც წვალებით, შეფარვით, ტყუილით, მაგრამ მაინც მოვიდა…

რა კარგი ვინმე ყოფილა ეს ბედნიერება!.. )))))

დასასრული
იხილეთ წინა თავი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
თამილა
გმადლობთ ველით ახალს
12:09 / 12-10-2021
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93