დილის ათი საათი იქნებოდა, ზარის ხმა რომ გაისმა. ირაკლიმ თვალები გაახილა, საბანი სწრაფად გადაიხადა, ფეხები ჯერ შარვალში, მერე ფლოსტებში ჩაყო, კიბეზე ჩაირბინა და შემოსასვლელი კარი გამოაღო.
- გიო? - გაკვირვებულმა შეხედა ზღურბლზე მდგარ ოდნავ წვერმოშვებულ, გამხდარ და მაღალ კაცს, შემდეგ კი მის თანამგზავრს გადახედა. ქერათმიან და ცისფერთვალება უცნობს, რომელსაც ჩაცმულობაზე ეტყობოდა, რომ საკმაოდ შეძლებული იყო, პირველად ხედავდა.
- გამარჯობა, ირაკლი, როგორ ხარ? შენთან საქმე მაქვს, - ღიმილით მიესალმა გიო.
მასპინძელმა სტუმრები მისაღებში მიიპატიჟა, სასმელი შესთავაზა და თვითონაც იქვე ჩამოჯდა.
მოსულმა ირაკლის სიტუაცია აუხსნა. ცდილობდა, თავდაჯერებელი ყოფილიყო.
- ვწუხვარ, მაგრამ ტყუილად გარჯილხარ, მე ასეთებს არ ვიცნობ, - ფეხზე წამოდგომით მიმართა მასპინძელმა სტუმარს, როდესაც მისი თხოვნა მოისმინა.
- სხვა არც მინდა, მე შენ მინდა ამ საქმეს მიხედო.
- ხომ იცი, მე საქმეებს თავი დავანებე, უკვე დიდი ხანია.
- შენ ჩვენ გვჭირდები. შეშინებულია კაცი. ჰო, მართლა, გაიცანი, გურამ ბიწაძე, ბიზნესმენი, ალბათ გსმენია, ამ ბოლო დროს ბევრს წერენ მასზე.
- კი, რაღაც მსმენია, ის კი არ ვიცოდი, ბევრი მტერი თუ ჰყავდა.
- საკმარისი. უკვე ორი მანქანა აუფეთქეს და სახლში ოთხჯერ მიუცვივდნენ მოკვლის მიზნით. ახლა ამასაც არ დასჯერდნენ და ოჯახის წევრებზე მიიტანეს იერიში. ქალიშვილი ჰყავს, თაკო, ოცდაერთი წლისაა, სტუდენტი, სამხატვრო აკადემიაში სწავლობს. ამას წინათ კი გურამის მეუღლეს დახვდნენ ქუჩაში, სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. უკვე აღარ ვიცით, როგორ მოვიქცეთ, შენი იმედიღა გვაქვს.
- დევნის მიზეზი რა არის?
- წილების გადანაწილება, სხვა არაფერი.
- პოლიცია საქმის კურსშია? - დაინტერესდა ირაკლი.
- აზრი არა აქვს, მათი «კრიშა» იქ ზის, სულ მაღლა. თუ ფაქტზე არ დავიჭირეთ, ისე ვერაფერს გავაწყობთ.
- მართალია, დაცვა უკვე მყავს, მაგრამ გიომ მითხრა, ერთიც ეყოფა, თუ პროფესიონალიაო, -ლაპარაკში გურამი ჩაერია და აშკარად გადაუხვია თემას…
წინადადება დამთავრებული არ ჰქონდა, რომ კარი გაიღო და გოგონა გამოჩნდა.
- უკაცრავად, მორიელო, არ ვიცოდი, თუ სტუმრები გყავდა. მოკლედ გეტყვი, ზეგ ჩემი დაბადების დღეა. გაგახსენე და არ დაგავიწყდეს, რასაც შემპირდი. მე კლუბში მივდივარ და ალბათ, გვიან დავბრუნდები, ნახვამდის. - სხაპასხუპით მიაყარა და სტუმრებს ყურადღებით გადახედა. მზერა გურამზე შეაჩერა და გაუღიმა. «ამ კაცში რაღაც არის», თავისთვის გაიფიქრა და კარისკენ შეტრიალდა. ირაკლიმ შეაჩერა.
- ხომ გითხარი, მაგაზე ფიქრიც კი დაივიწყე-მეთქი, შენგან «ორდე» არ გამოვა.
- რატომ რა, ცუდად ვმუშაობ? კარგი ერთი, - გოგონამ ხელი ჩაიქნია და კარში გაუჩინარდა.
- რა ჯიუტია, ღმერთო ჩემო, ნამდვილი სასჯელია ასეთი ახლობელი, - თავი გააქნია ირაკლიმ.
- «ორდე» რა არის? - ცნობისმოყვარედ იკითხა გურამმა.
- «ორდე» ნიშნავს მცველ ქალს, აი, თითქმის იმას, ვისაც თქვენ ეძებთ.
- ქალი?! - სახეზე უსაზღვრო გაოცება აღებეჭდა გურამს.
- დიახ, და არ დავმალავ, რომ ისინი კაცებზე უკეთესადაც მუშაობენ.
- შენი ნათესავია?
- დისშვილია, ერთი კვირის წინ ჩამოვიდა მოსკოვიდან, იქ სწავლობს. ცოტა ხანს დარჩება. თავი მომაბეზრა, გინდა თუ არა, იარაღი მიყიდეო, შენსავით პირადი მცველი უნდა გავხდე, მოსკოვში ეს ერთობ საჭირო პროფესიააო.
- შენ კი თქვი, ასეთებს არ ვიცნობო.
- მარი? თქვენი საქმისთვის? არა, რას ამბობ! ჯერ ერთი, დროებით არის ჩამოსული, მეორეც… ასეც რომ არ იყოს, საკუთარ დისშვილს ვერ გავწირავ, გამორიცხულია. მთლად ბავშვია, ამას არ დავუშვებ, მას მშვენიერი პროფესია აქვს, პირადი მცველობა მისი საქმე არ არის, - კატეგორიულად იუარა ირაკლიმ.
- მორიელს რატომ გეძახით? - კვლავ დაინტერესდა გურამი.
- ჩემი ზოდიაქოა, - გაიცინა ირაკლიმ, - მხარზე კი მორიელის ტატუ მაქვს ამოსვირინგებული. ამის გამო არა მარტო ის, სხვებიც მეძახიან.
- აბა? რა ვქნათ, ბატონო მორიელო? - თვალები მოჭუტა გიომ.
- ვიფიქრებ და საღამოს დაგირეკავ. ცოტა არ იყოს, ჩემს ასაკში ძნელი იქნება ძველი პროფესიის გახსენება, ჩვეულ ფორმაში არ ვარ.
- კარგი, რა, არ გიხდება ეგრე ლაპარაკი. კაცი ავღანეთში იბრძოდი, მერე ლამის განგსტერის სახელი გქონდა გავარდნილი მთელ რუსეთში და ახლა გაიძახი…
- ეჰ, ჩემო გიო, მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, ახლა კი… ერთი სიტყვით, საღამოს დაგირეკავ და პასუხსაც გეტყვით.
- უარს არ მივიღებ, იცოდე, - თითი დაუქნია ხუმრობით გიომ.
- ვნახოთ, ვნახოთ… პრინციპში, ასეთი ადამიანის დაცვა ნამდვილად ღირს.
- მე არა, ჩემი ქალიშვილის დაცვას გთხოვთ… მე სამ დღეში მივემგზავრები მეუღლესთან ერთად შტატებში. ერთი თვე არ ვიქნები. თაკო ვერ მიმყავს. ჯერ ერთი, სწავლობს, ოცდაერთი წლისაა, მეორეც, თავადაც არ უნდა წამოსვლა. ჩემს მეუღლეს ვერა და ვერ შეეგუა.
- რას ნიშნავს, ვერ შეეგუა? - ცალი წარბი აზიდა ირაკლიმ, - რაღაც ვერ გავიგე.
- იცით? ის ჩემი პირველი ცოლის შვილია, მერი კი… სულ ერთი წელია, რაც დავქორწინდით, - უხერხულად შეიშმუშნა გურამი.
- ა-ა-ა! გასაგებია, ასე გეთქვათ, თქვე კაი ხალხო, - ხელები გაშალა ირაკლიმ, - ო! ეს ცოტათი ართულებს საქმეს, პატარა გოგონები არასდროს დამიცავს.
- ჰოდა, ახლა დაიცავ, ძმაო, შენ მაგარი ხარ, მე ხომ ვიცი! - წამოიძახა მხიარულად გიომ და მხარზე ძმაკაცურად დაჰკრა ხელი, - ძალიან გთხოვ, უარი არ მითხრა, ჩვენი ძველი მეგობრობის ხათრით.
- ჰმ, - ჩაიცინა ირაკლიმ, - რა გაეწყობა, მაჯობე. ოღონდ ორი დღე უნდა მაცალოთ, ბავშვს დაბადების დღე აქვს და მერე თქვენს განკარგულებაში ვიქნები. მოკლედ… ხვალ მოვალ ასე, სამი საათისთვის და ყველაფერზე შევთანხმდეთ.
- ასე, შე კაცო! ჯიგარი ხარ. ვიცოდი, რომ დამთანხმდებოდი, - გაუხარდა გიოს და წამოდგა, - დიდი მადლობა, მეგობარო, ამას არ დაგივიწყებ.
- შენ გამო ნამდვილად არ ვაკეთებ, გიო, არ გეწყინოს. რახან იმ გოგოს დედა არ ჰყავს და მამაც ასე შორს მიემგზავრება, კრიტიკულ მომენტში მარტო ხომ არ დავტოვებ. ბოლოს და ბოლოს, თითქმის ჩემი დისშვილის ტოლია.
- რა უნდა მეწყინოს, თუ ძმა ხარ! მადლობელი ვარ შენი. ჩვენ ყველაფრით დაგეხმარებით. ხვალ თანხასაც მიიღებ ავანსის სახით. აბა, ხვალამდე, - მამაკაცებმა ხელი ჩამოართვეს მასპინძელს, დაემშვიდობნენ და წავიდნენ.
ირაკლიმ თვალი გააყოლა მიმავალთ, მერე კარი დახურა, ფანჯარას მიუახლოვდა და ღრმად ჩაფიქრდა.
7 7 7
კარი გაიღო. მარი ჩანთაჩამოშვებული შემოვიდა ჰოლში და დაბღვერილმა პირდაპირ საძინებელს მიაშურა. ირაკლი მიხვდა, რომ დისშვილი ცუდ ხასიათზე იყო. უკან მიჰყვა.
- მე კარგი ამბავი მაქვს, - ოთახში შესვლისთანავე უთხრა და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა. მარი პირქვე იწვა.
- მე კიდევ ცუდი, - თავი წამოსწია დანაღვლიანებულმა, - გუგა ვერ მოდის ჩემს დაბადების დღეზე, გასვლითი თამაში აქვს და…
- სამაგიეროდ მე მაქვს კარგი ამბავი, ერთი საქმე შემომთავაზეს, - ფეხზე წამოდგა ირაკლი, -კარგ საჩუქარს გიმზადებ. გრანდიოზულ დაბადების დღეს გადაიხდი.
- მართლა, რა საქმეა ასეთი? - საწოლზე წამოჯდა თვალებგაბრწყინებული მარი…
- შენნაირი მეტიჩარა უნდა დავიცვა ბოროტი ძიებისგან, - თავზე ხელი გადაუსვა ბიძამ.
7 7 7
თაკო კაფეში მარტო იჯდა და ყავას სვამდა. მოულოდნელად თავში იდეა მოუვიდა. ჩანთიდან ბლოკნოტი და კალამი ამოიღო, ყავის ფინჯანი გვერდზე გასწია და კაბის ესკიზის ხატვას შეუდგა. გამუდმებით იმაზე ოცნებობდა, რომ დაამთავრებდა თუ არა სამხატვრო აკადემიას, მის ნიჭს დააფასებდნენ და რომელიმე სერიოზულ მოდელიერთან მოხვდებოდა სამუშაოდ, მაგალითად, ლადო ბოდაველთან.
ამ დროს ზურგიდან ჩრდილი დაეცა. ვიღაცამ უკნიდან მის ბლოკნოტს ცნობისმოყვარედ ჩახედა. თაკომ გაკვირვებით ახედა არამკითხე უცნობს, რომელსაც ხელში ანანასის წვენით სავსე ჭიქა ეჭირა.
- ვა, რა მაგარია! - თქვა მან, - განსაკუთრებით, ეს პარალელური ხაზები, - მამაკაცმა წვენიანი ჭიქა თაკოს თავს ზემოთ ასწია და საჩვენებელი თითი ბლოკნოტისკენ მიმართა. ჭიქა ანაზდად გადაიხარა და წვენის ერთი წვეთი გოგონას ლოყაზე დაეცა, - შლაპა, ლიფი, შემდეგ ერთმანეთზე გადადებული ქსოვილი. ალბათ ეს ადგილი ქინძისთავით უნდა დამაგრდეს, რომ ქარმა არ ააფრიალოს, არა? მართალი ვარ?
გოგონა გაოგნდა. ეს რა ხდება? ის სრულიად შემთხვევით ზის ერთ უბრალო კაფეში და ესკიზებს ხატავს… ამ დროს მასთან სრულიად შემთხვევით მიდის ამ ადგილას სრულიად შემთხვევით მოხვედრილი ვიღაც მოდელიერი და მის ნამუშევარს აქებს? მოდელიერი, რომელთანაც სამი წელია, ვერ მიაღწია მამის სიჯიუტის წყალობით? ნუთუ მართლა ასეა? არა, არ სჯერა თაკოს, ასე არ ხდება, ეს ხომ ზღაპარი არ არის, ეს ცხოვრებაა, რეალური ცხოვრება!
- იცით, რა დაარქვათ თქვენს მოდელს? «ქარწაღებულნი», - გაიღიმა უცნობმა და უხეში სახე გაუკეთილშობილდა.
გოგონამ პირდაპირ გადაწყვიტა «იერიშის» მიტანა.
- თქვენ მოდელიერი ხართ?
- არა.
აი, ხომ ხედავთ, არაო. მართალია, არ არის მოდელიერი. ხომ გაიფიქრა წეღან, ასეთი რამე არ ხდებაო.
- მაგრამ ამ სფეროში ერკვევით, არა? - ირონიული ტონით ჩაეძია თაკო, თუმცა გულში მაინც იტოვებდა იმედის ნაპერწკალს, რომ ასე იქნებოდა.
- სამწუხაროდ, «გაგნებაში» არა ვარ, - გაისმა მის თავს ზემოთ, - უბრალოდ, ჩემი ყოფილი საყვარელი მანეკენი იყო, ამიტომ რაღაც-რაღაცები ვიცი. თქვენი ესკიზები კი ძალიან მომწონს. პროფესიონალსაც მოეწონება, დარწმუნებული ვარ. გულწრფელად გეუბნებით.
როგორც იქნა, მათ ერთმანეთს შეხედეს. თაკომ თავს ზემოთ კიდევ ერთხელ აიხედა, უცნობი კი მისკენ დაიხარა. გოგონას კისრის კუნთები დაეჭიმა და ეტკინა. როგორც ჩანს, ზედმეტად მოუვიდა თავის გადახრა. თითქოს მიხვდაო, უცნობი მის ზურგს მოშორდა და წინიდან მოუარა. კვლავ შეხედეს ერთმანეთს. მამაკაცი დაახლოებით ორმოცი წლის იქნებოდა, ქერა, ძალიან მაღალი, ზესიმპათიური, მკაცრი ნაკვთებით… დიდრონი, ღია, მაგრამ გაურკვეველი ფერის თვალებით… ამწუთას ცისფერი თვალები ჰქონდა, რადგან ლურჯი, სახელოაკაპიწებული პერანგი ეცვა და ჯინსის შარვალი. სხვა ფერის სამოსთან სხვა ფერის გაუხდებოდა ალბათ… კუნთები ბატიბუტებივით ეყარა მკლავებზე. «გადამდგარი» სპორტსმენის შთაბეჭდილებას ტოვებდა. თაკო კი… თაკო მშვენიერების განსახიერება იყო, გამხდარი, მაღალი, ქერა თმით, შავი თვალებით, გრძელი ფეხებით, მკვრივი მკერდითა და წვრილი წელით. თმა ცხენის კუდივით ჰქონდა უკან შეკრული. ეს კიდევ უფრო ბავშვურ იერს აძლევდა. მამაკაცმა მის თვალებში ადვილად ამოიკითხა ტკივილიც და სევდაც, საოცრად მეტყველი თვალები ჰქონდა გოგონას.
მიუხედავად დაუდევარი ჩაცმულობისა, უცნობის ტანსაცმელი ხარისხიანი იყო, სოლიდური ფირმის, ეს გოგონას არ გამოჰპარვია. მამაკაცი თავდაჯერებული ჩანდა. ასე საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანები ან მთლად სულელები არიან, ან ისეთები, ყველაფერს რომ მიაღწიეს ცხოვრებაში, კომპლექსებისგან გათავისუფლებული მდიდარი ბიძები. სულელს ნამდვილად არ ჰგავს, უფრო ალბათ, მეორე ვარიანტია, - გაიფიქრა თაკომ და შეუმჩნევლად ჩაიღიმა.
მამაკაცი მის წინ მოკალათდა. თაკომ ყურადღებით შეათვალიერა. უცნაური არსებები, ნამდვილი ჭინკები უთამაშებდა მამაკაცს თვალებში. სწორედ ამ ჭინკებმა დააინტრიგა.
- განიხიბლეთ, არა? მე კი, არ დაგიმალავთ და, მიხარია, რომ ასეა, თორემ ვინ იცის… -გამოაცხადა უცნობმა და ეშმაკურად შეხედა.
- რა თორემ? - ვერ მიუხვდა თაკო.
- გამეპრანჭებოდით, - ორივე მხარი ერთდროულად ასწია მამაკაცმა.
რა თავხედია, ამას ვინ ვგონივარ! გოგონას სახე აელეწა შეურაცხყოფისაგან, თუმცა პასუხი არ გაუცია, მხოლოდ წარბები შეკრა.
მამაკაცმა წვენი მოსვა.
- მგონი, გაგანაწყენეთ… - ღიმილით თქვა და თაკოსკენ გადაიხარა.
- თქვენ… თქვენ… უბრალოდ, თავხედი ხართ, - ვეღარ მოითმინა და პირში მიახალა უცნობს, თან გამალებით დებდა ბლოკნოტს და კალამს ჩანთაში.
მამაკაცმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
- გეთანხმები. არ გინდა, შენი ტელეფონის ნომერი მომცე? - მოულოდნელად გაუშინაურდა უცნობი.
თაკო დაიბნა. რა უცნაური ტიპია, რას გადაეკიდა.
- თუ ჯერ შეურაცხმყოფელ სიტყვებს ამჯობინებ?
- თქვენ ასეთი სიტყვები უკვე გამოიყენეთ… ჩემი მისამართით, - მშრალად უპასუხა გოგონამ.
- რას ამბობ, მართლა? ცდები, პატარავ. ჩემი რა ბრალია, როცა ცხოვრებაა ასეთი. განა შენნაირი გოგონები არ წვანან კარიერის გულისთვის მდიდარ კაცებთან? მე, უბრალოდ, ფაქტის კონსტატირება მოვახდინე, მეტი არაფერი.
თაკომ არ იცოდა, რა ეპასუხა. რატომ ელაპარაკება ასე? სულაც არ აპირებს მის კისერზე ჩამოკიდებას. მერე რა, თუ ზოგიერთები ასე აკეთებენ, თაკო ხომ «ზოგიერთი» არ არის, მას ფული არ აკლია და თუ მოინდომა, კარიერასაც მშვენივრად აიწყობს მამამისის წყალობით. ამან რა იცის, თაკო ვინ არის.
- დიდი ხანია, შენს ზურგს ვაკვირდები და ძალიან მომწონს. ახლა შენს სახეს ვუყურებ და უნდა გამოგიტყდე, რომ აღფრთოვანებული ვარ. არა, არ იფიქრო, რომ «გაბამ», არ ვაპირებ და არც დავაპირებ. ჯენტლმენის სიტყვას გაძლევ, არასდროს, არასდროს მოვინდომებ ამას. უბრალოდ, მინდა ერთმანეთს ვიცნობდეთ. ამიტომ ახლა გავცვალოთ ტელეფონის ნომრები, მერე კი პაემანი დავთქვათ და კიდევ ერთხელ შევხვდეთ ერთმანეთს.
- რისთვის? - მშვიდი ხმით იკითხა გოგონამ, - და საერთოდ, ვინ ხართ?
- აჰა, როგორც ვხედავ, შენ უკვე იწყებ ჩემ გაცნობას. ძალიან კარგი, დიდი სიამოვნებით წარმოგიდგები: ირაკლი მეუნარგია, მეტსახელად მორიელი. პატარა კონკიას ვახლავარ, - თქვა მამაკაცმა და მარჯვენა მკლავზე სახელო კიდევ უფრო აიკაპიწა.
თაკომ თავი ასწია. ახალგამოჩეკილ ნაცნობს მხარზე სვირინგი შენიშნა… მორიელის გამოსახულებით.
ბანალური გაცნობა იყო.
- აბა, რას იტყვი, ვცვლით ნომრებს თუ არა? - არ ეშვებოდა მამაკაცი.
- მე არა მაქვს ტელეფონი, - მოიტყუა.
- ანუ ცხოვრობ სადღაც კონიაკის დასახლებაში ან გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში, რომელიღაც ერთ საკანივით ბნელ ოთახში, რომელიც შინაბერა დედაბერმა მოგაქირავა… ფული არ გაქვს, არც სამსახური, მამაკაცი არ გყავს და არც ტელეფონი მოგეპოვება. იქნებ ჩაწერილიც არ ხარ თბილისში? - ირაკლი გამომცდელად მისჩერებოდა გოგონას. ჭინკები ერთმანეთის მიყოლებით დახტუნავდნენ მის თვალებში. რომ არა ისინი, თაკო კარგა ხნის წინ მოიშორებდა ამ ვიგინდარას თავიდან.
- ვარ და ვეძისში ვცხოვრობ, ბოლოში…
- გმადლობ დაკონკრეტებისთვის. თუმცა ეს არაფერს ცვლის, შენ ნამდვილი კონკია ხარ, რომელსაც დაცვა სჭირდება. არ გინდა, დაგიცვა?
- თქვენ… თქვენ მამაჩემის მტერი ხართ? - გაფითრდა უეცრად თაკო.
- მტერი? მამაშენის? ღმერთმა დამიფაროს. მამაშენს სულ არ ვიცნობ და სურვილიც არ მაქვს, გავიცნო, - სიცილი აუტყდა უცნობს.
როგორც ჩანს, მოგზავნილია, თორემ ეს გაცნობის რა მეთოდია? ძველმოდური, გოიმური. მას სულაც არ ხიბლავს ასეთი სვლები, თანამედროვე ბიჭები მოსწონს, უფრო ზრდილობიანები და უფრო დახვეწილები. დროზე უნდა წავიდეს, რამე ხიფათს არ გადაეყაროს.
- იცი, რა? ზღაპრები ხომ წაგიკითხავს? გინახავს ოდესმე მოძალადე პრინცი? ისინი ყოველთვის კეთილშობილები არიან.
- თქვენ გგონიათ, რომ პრინცი ხართ?
- ამ შემთხვევაში, კი.
- ძალიან თავდაჯერებული ხართ.
- ჰო, დიდი წარმოდგენა მაქვს საკუთარ თავზე, მაგრამ სრულიად დამსახურებულად, -ღიმილი არ შორდებოდა ირაკლის სახეზე.
თაკოს უკვე აღიზიანებდა მისი ტონი.
- და კონკიებს ეძებთ, არა?
- ჰო, ერთი შენნაირი უკვე მყავს სახლში.
- მერე? არ გრცხვენიათ, ქალიშვილის ტოლა გოგოს ასე რომ ელაპარაკებით?
- როგორ ასე? - გაიღიმა მამაკაცმა.
- როგორ და… - თაკო დაიბნა.
- არ გაქვს პასუხი ამ კითხვაზე. გამოდის, რომ სულაც არა ვარ თავხედი და უზრდელი.
- მაშინ ისღა დაგრჩენიათ, ჩემი ფეხის ზომა იკითხოთ.
- ისედაც ვიცი - ოცდაჩვიდმეტ-ნახევარი. ჩემი საყვარელი ზომა.
- ოცდათექვსმეტი რომ აღმოჩნდეს?
- შენი სიმაღლის გოგოს არაფრით არ ექნება ოცდათექვსმეტი. მაშინ გამოდის, რომ უპროპორციო ყოფილხარ. მე კი ძალიან არ მინდა, ასე იყოს.
მამაკაცის თვალებში ჭინკები სიცილით კვდებოდნენ, არადა, უცნობს სახეზე სრულიად სერიოზული გამომეტყველება აღბეჭდვოდა, - ამასთან, ერთი წყვილი კარგი იტალიური ფეხსაცმელი მაქვს შენთვის მომზადებული საჩუქრად, ზუსტად ოცდაჩვიმეტ-ნახევარი.
- ყოფილი საყვარლისგან დაგრჩათ? - უკბინა თაკომ და დამცინავად შეხედა.
- მანეკენისგან? რას ამბობ, პატარავ, მას ორმოცდაერთი ზომის ფეხი ჰქონდა. არა, იმის წინა საყვარლისგან, ოღონდ არ სცმია, დამიჯერე. იქამდე დავშორდით, ვიდრე ვაჩუქებდი. სულ ახალია.
- მე წავედი, - გოგონა წამოდგა და წასასვლელად გაემზადა.
- მოიცა, ჯერ არ დამიმთავრებია. ჩემი ტელეფონის ნომერს მოგცემ, კარგი?
- არ მჭირდება, თქვენთვის დაიტოვეთ.
- მამაშენის მტრებს მართლა არ ვიცნობ, თაკო, გეფიცები, - თქვა მოულოდნელად უცნობმა.
გაგიჟდა თაკო, საიდან იცის მისი სახელი? მართლა მის მოსაკლავად გამოაგზავნეს? მერედა, რას უცდის? მკვლელები ასე არ იქცევიან, ისინი უცებ ასრულებენ დავალებას. ვინ არის? რა უნდა?
- ვინ ხართ? - გოგონამ ჩანთა მხარზე გადაიკიდა და თვალები დააკვესა.
- კარგი, კარგი, გვეყოფა ეს კომედია. მე მამაშენის მეგობარი ვარ, მთხოვა, შენთვის თვალყური მედევნებინა.
- აჰა, მაკონტროლებს, არა? - უფრო გაბრაზდა თაკო, - ურჩევნია, თავისი «სტერვა» გააკონტროლოს. მისნაირებს ერჩიან და არა მე.
- დაჯექი ერთი წუთით, სალაპარაკო მაქვს, დამშვიდდი, რა საჭიროა ასეთი საუბარი? -ირაკლი წინ გადაიხარა და მაჯაში ჩაავლო ხელი, - დაჯექი, დაჯექი, მოასწრებ შინ წასვლას. არ გშია? გინდა, რამე შევუკვეთო?
- გმადლობთ, არ მინდა. უნდა წავიდე.
მამაკაცს წინააღმდეგობა არ გაუწევია, თვითონაც წამოდგა და თითები ერთმანეთში გადახლართა.
- შენი ნებაა, წადი, მაგრამ დაიმახსოვრე, ჩვენ კიდევ მოგვიწევს შეხვედრა და მაშინ უკვე ვერ გამექცევი.
- მანიაკი ხართ, ნამდვილი მანიაკი, - ზიზღით წამოიძახა გოგონამ და ცივად გატრიალდა.
ირაკლის გაეღიმა, თავი დახარა და თმაში შეიცურა მარცხენა ხელი.
გაგრძელება იქნება