_ რაღაც საეჭვო სიწყნარეა, რატომ? _ ხმადაბლა გადაულაპარაკა გურამმა დილით აბაზანიდან გამოსულ ირაკლის.
_ ამის მიზეზი თქვენ უკეთ გეცოდინებათ, _ ცოტა არ იყოს, მკვახედ გაიჟღერა პირადი მცველის პასუხმა.
_ წარმოდგენა არა მაქვს, _ მხრები აიჩეჩა ბიზნესმენმა.
_ ნუთუ? _ ირაკლიმ დამცინავად ჩაიღიმა და თვალი თვალში გაუყარა დამქირავებელს.
_ რას ნიშნავს ასეთი ტონი? _ აიმრიზა გურამი, _ სად გგონია თავი, რამე ხომ არ გეშლება… ბიჭო!
_ ჯერ ერთი, შენი ბიჭო არა ვარ, _ ზრდილობიანი მიმართვის ფორმა საჭიროდ აღარ მიიჩნია ირაკლიმ, თვალები დაქაჩა და ერთი ნაბიჯით გურამისკენ გაიწია, _ მეორეც _ შენ თვითონ გეშლები იმათში, თითების გატკაცუნებით ფეხის წვერებზე რომ ატრიალებ. მე შენი თანამშრომელი არა ვარ და არც არასდროს ვიქნები. ახლა კი კარგად მომისმინე, დაურეკე იმ შენს გიოს, ორ წამში აქ გაჩნდეს, დავსხდეთ და ვისაუბროთ, თუ არადა, დავახვევ იმ შენს ათას ლარს და… გასაგებია? _ თითის ქნევით ალაპარაკდა ბოლოს, _ გასაგებია? _ კიდევ ერთხელ გაიმეორა, დაელოდა, სანამ გაფითრებული და ოფლით შუბლდაცვარული მამაკაცი თავის დააქნევდა, მერე გატრიალდა და მეორე სართულისკენ გაემართა.
ამ დროს გვერდითა ოთახის კარი გაიღო და მოკლე წითელ კიმონოში გამოწყობილი ფეხშიშველი თაკო გამოტანტალდა.
_ მორიელს ვახლავარ! _ აგდებულად მიესალმა გოგონა.
ირაკლიმ გამარჯვებული კაცის იერით ჩაუკრა თვალი, ახლა მისი თავი არ ჰქონდა და უსიტყვოდ გაუჩინარდა თავის ოთახში.
თხუთმეტი წუთიც არ იყო გასული, რომ ჭიშკართან მანქანის მკვეთრი დამუხრუჭების ხმა გაისმა. ირაკლი მიხვდა, გიო რომ მოქანდა. ცოტა ხანში ნაბიჯების ხმა მოესმა, ვიღაც მისკენ მოემართებოდა. წამიც და კარზე კაკუნი გაისმა.
_ შემოდი, ღიაა! _ გასძახა ირაკლიმ და საწოლზე ჩამოჯდა.
ზღურბლზე აქოშინებული გიო გამოჩნდა.
_ რა ხდება, ძმაო, რა პრობლემა შექმენი? მასკარადების დროა ახლა? _ უკმაყოფილოდ იკითხა მოსულმა.
_ მე მივდივარ, იმ ფულს საღამოს დაგიბრუნებთ, _ მამაკაცმა თავი ჩაქინდრა და ბოტასიანი ფეხი იატაკზე აათამაშა.
_ მოიცა, მოიცა, _ მოლბა გიო და გვერდით მიუჯდა, _ ასე არ გამოვა. ჯერ ის მითხარი, რითი ხარ უკმაყოფილო, იქნებ თანხა გეცოტავა? კაცურად დავილაპარაკოთ.
_ კაცურად? მე მეუბნები მაგას? თქვენ იქცევით კი კაცურად? _ იფეთქა ირაკლიმ, _ თუ გინდათ, საქმე ვაკეთო, ჯერ გამარკვიეთ, სინამდვილეში რა ხდება და ეგ ზღაპრები წილების გაყოფის შესახებ სხვებს მოუყევით, _ ირაკლის ფერი არ ედო სახეზე.
_ აუჰ, აუჰ, შენ რა ფიცხი გამხდარხარ, შე კაცო… დამშვიდდი, დაწყნარდი… არავის არაფერში მოუტყუებიხარ. შენ მხოლოდ ის გითხრეს, რისი ცოდნაც შენთვის იყო აუცილებელი, დანარჩენი არ გეხება, ძმაო! _ გიომაც აუწია ხმას.
_ მე ასე არ ვმუშაობ, გიო, არც არასდროს მიმუშავია. ირაკლი მეუნარგია სუფთა ადამიანია, იცი ეს შენ! როცა საქმეს მაძლევ, ყველაფერი უნდა მითხრა, უნდა ვიცოდე, რას ვაკეთებ, რატომ და რამდენად მიღირს ჩემი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება. ბოროტმოქმედების დაცვას მიჩვეული არ ვარ, ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრე.
_ კარგი, კარგი… მითხარი, რა გაინტერესებს, ყველაფერში გაგარკვევ.
_ პირველ რიგში, მინდა ვიცოდე, ვინ და რატომ დასდევს შენს შეფს…
_ ვიბლიანები არიან, ძმები. ბევრი მიჰქარეს, ამიტომ გურამმა საქმეს ჩამოაშორა, ეს კი არ აპატიეს.
_ რა საქმეზეა საუბარი, ნაწილ-ნაწილ ნუ მელაპარაკები.
_ ბრილიანტებზე. გურამი ყოველთვის სუფთად მუშაობდა, მაგათ კიდევ აურიეს. რამდენიმე თვის წინ გაგზავნილი პარტიიდან ოცდაათი პროცენტი ყალბი აღმოჩნდა. მივხვდით, ამათი ნაჩალიჩარი რომ იყო, მაგრამ ვერ გავტეხეთ, არაფრით არ გამოტყდნენ. მოკლედ, გამოვეყავით ოთხივეს და ცალკე გავედით.
_ ანუ ოთხ ძმას?
_ ჰო, ოთხ ძმას. ორი თვის წინ, მორიგი საქმის გარჩევისას, სროლა ატყდა და ერთი დაიბრიდა. ჩვენგან ორი დაჭრეს.
_ პოლიცია რატომ არ არის საქმის კურსში?
_ როგორ არ არის, ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ ისინი იმალებიან და ვერ იჭერენ, ამაშია საქმე. ძებნაა გამოცხადებული, კვალს დღემდე ვერ მიაგნეს. სწორედ ეგ არის უბედურება, რომ ჩუმად დაძვრებიან და რაწამს დაგვესხმიან თავს, არ ვიცით. ამისთვის გვჭირდება შენი დახმარება. მიხვდი?
_ აკი ვიღაც ზემოდან მფარველობსო?
_ ეგრეც არის, თორემ აქამდე «ტრუპები» იქნებოდნენ.
_ ქურდული სამყაროცაა ჩარეული ამ საქმეში?
_ სხვანაირად მიმალვას ვერ მოახერხებდნენ, მით უმეტეს, საქართველოდან არ წასულან, საქართველოდან კი არა, თბილისიდანაც კი.
_ ვინ იძიებს ამ საქმეს?
_ გიგა ნემსაძე.
_ ჩვენი გიგა?
_ ჰო.
_ მომიწევს მისი ნახვა, არ გეწყინოს, მაგრამ უფრო დეტალური ინფორმაცია მჭირდება.
_ შენი ნებაა, ოღონდ უარს ნუ იტყვი და როგორც გინდა, ისე მოიქეცი, ვინც გინდა ის ნახე.
_ ეს რატომ მიდის ამერიკაში, გარბის?
_ არა, არა, პარტნიორებს უნდა შეხვდეს. ისინი შეშფოთებული არიან, არ მოსწონთ ასეთი ვითარება. პრესტიჟის შელახვის ეშინიათ. გარდა ამისა, გურამს გული აწუხებს, ოპერაციაც გასაკეთებელი აქვს. ამას დრო უნდა, ხომ გესმის… ახლა კი წამოდი, გურამი გველოდება.
მოღუშული ირაკლი წამოდგა, ღრმად ამოიხვნეშა, გიოს შეხედა და თქვა.
_ იცოდე, თუ რამეში ჩაიჭრები ჩემთან, შენ მოგიგრეხ კისერს, იმას კი არა, _ და პირველი გავიდა ოთახიდან.
გიო უკან მიჰყვა.
დაბლა ჩასულთ ბარბალეს კივილის ხმა მოესმათ და რაღაც ჩოჩქოლი. გიოს ოფლმა დაასხა სახეზე.
_ ვიბლიანები?! აქ… აქ არიან? _ გიო ირაკლისკენ შებრუნდა, მაგრამ მხოლოდ გამოსახულებაღა დაინახა მისი, მამაკაცი ბაღში გამავალ ღია ფანჯარაში გაუჩინარდა.
ირაკლი აივანზე ახტა, კარი გამოაღო და დერეფანში გავარდა. ვიდეოოთახს მიაშურა, ეკრანზე მომხდურებს ეძებდა. ჰოლში სამი ნიღბიანი დაინახა, რომლებიც კაბინეტისკენ დაიძრნენ. ირაკლიმ გადამცემი მიკროფონს მიუერთა და საქამრეზე დაიმაგრა, მერე კარადიდან ოპტიკურსამიზნიანი თოფი გამოიღო და იმ ღილაკს დააჭირა ხელი, რომელიც კაბინეტთან აკავშირებდა. შემდეგ ისევ ეზოში გადახტა, იქვე დაგდებულ დიდ ქვას ამოეფარა და იარაღის სამიზნიდან ოთახის სივრცეს გახედა. კაბინეტში შვიდნი იყვნენ. სამი ნიღბიანი, თაკო, ბარბალე, გიო და გურამი. მერი არსად ჩანდა. ალბათ თავის ოთახში იყო. არ გამოვიდოდეს მაინც, იქნებ მიხვდეს ამდენს. ირაკლიმ ერთი ნიღბიანი მიზანში ამოიღო. გადამცემში მკაფიოდ ისმოდა ერთის ლაპარაკი.
_ ხომ არ გეშინია, ბიჭო?!.. არა… არა, მოკვლას არ გიპირებთ, უფრო უნდა დაგსაჯოთ… ხომ ძალიან გიყვარს შენი შვილიკო? _ ნიღბიანმა ავტომატი მიადო თაკოს და არაადამიანურად გადაიხარხარა, _ შენი ლეგენდარული დაცვის ბიჭები სად არიან? არ გამოწერეს საავადმყოფოდან? თუ ახლები გყავს? _ დაიღრიალა მან.
_ არ მეგონა, ჩემი გაცნობა თუ გინდოდა, _ გაისმა ოთახში ირაკლის ხმა, _ ბავშვს ხელი გაუშვი, თორემ ცოცხალი ვერ გახვალ აქედან.
თავდამსხმელებმა ერთმანეთს გადახედეს. ორი ნიღბიანი ოთახში დაბნეულად ტრიალებდა, ავტომატებს აქეთ-იქით იქნევდნენ. ვერ მიხვდნენ, ხმა საიდან მოდიოდა.
_ გვაშინებ? გვაშინებ? _ მაღლა აიხედა და იღრიალა მესამემ, _ პოლიცია გიცავს, შე ახვარო? _ გურამს ცხვირწინ აუქნია ავტომატი.
_ არა, რჩევას გაძლევ, რომელიც მორიელის ნაკბენივით დაგამახსოვრდება… _ თავისთვის ჩაილაპარაკა ირაკლიმ და სასხლეტს თითი გამოჰკრა.
დაინახა, ერთ-ერთი ახმახი იატაკზე როგორ გაიშხლართა, რასაც შემზარავი ყვირილი მოჰყვა. მეორემ ფანჯრიდან ქვას ამოფარებული ირაკლი შეამჩნია, იარაღი დაუმიზნა, მაგრამ კიდევ ერთი გასროლა და ისიც დაეცა. მესამე გამძვინვარებული დააქნევდა თაკოს და ღრიალებდა.
_ მოვკლავ… მოვკლავ! თქვენი!…
_ მოკალი მერე, რას უცდი, _ მშვიდად თქვა ირაკლიმ და ისევ გამოჰკრა სასხლეტს თითი, უცნობს ავტომატი ხელიდან გაუვარდა და მკლავიდან სისხლი წასკდა. თაკო კედელს აეკრა. ირაკლი ქვას მოშორდა და ფანჯრისკენ გაიქცა, მაგრამ იქ მისულს მესამე აღარ დახვდა, გაქცეულიყო.
_ პოლიციაში დავრეკავ, მიხედავენ ამათ, _ სიჩუმე გურამის გაბზარულმა ხმამ დაარღვია…
მალე სახლი პოლიციელებითა და სასწრაფოს ექიმებით გაივსო. შედგა დაკითხვის ოქმი, დაჭრილები წაიყვანეს. ირაკლიმ გიგა ნემსაძე განზე გაიხმო და დიდხანს ელაპარაკა.
_ სახლის დაცვას გავაძლიერებთ, მარტო გაგიჭირდება, _ თქვა ბოლოს გიგამ და ძველ მეგობარს მხარზე მოუთათუნა ხელი.
დაჭრილი ნიღბიანები ვიბლიანების მიერ დაქირავებული ქილერები აღმოჩნდნენ. გამომძიებელმა გვიან დატოვა სახლი. ირაკლი თავის ოთახში ავიდა. კარზე დააკაკუნეს.
_ მობრძანდით, _ თავაუწევლად გასძახა.
ოთახში გურამი და მერი შემოვიდნენ. მერი იღიმოდა, გურამი უხერხულად იშმუშნებოდა.
_ მაპატიე, ძმურად… დილით ძალიან გავცხარდი… შენი მადლობელი ვართ, ყველაფერი ჩინებულად ჩაატარე, _ ძლივს აბამდა სიტყვებს ერთმანეთს.
_ არაფერიც, _ ირაკლიმ შეხედა, _ თაკოს სიცოცხლე საფრთხეში ჩავაგდე.
_ რაც მთავარია, ყველაფერი მოგვარდა, _ ნაბიჯი წინ გადმოდგა მერიმაც.
_ სხვა დროს ასე არ უნდა მოვიქცე, _ თვალი აარიდა მამაკაცმა ორივეს და ფანჯარაში გაიხედა, _ ეზოს შემოსასვლელთან ავტომატური სიგნალიზაციის დაყენება დამავიწყდა, _ თავის თავზე ბრაზობდა იგი.
_ რა დროს მეძინა?! _ გაწელილი ხმით წარმოთქვა მერიმ და ხელები ისე გაშალა, თითქოს იზმორებაო, თან ქმრისთვის შეუმჩნეველი იდუმალი ღიმილი აჩუქა დღის გმირს.
ცოლ-ქმარი გავიდა თუ არა, ოთახში თაკომ შემოაჭრა.
_ მაგარი ყოფილხარ, _ გაუღიმა პირად მცველს.
მამაკაცმა მრავალმნიშვნელოვნად მოხედა.
_ აკი მე არ მერჩიანო? _ ჩაიცინა.
_ გურამის შესაშინებლად გააკეთეს ეს, მე არაფერ შუაში ვიყავი, სულ არ შემშინებია, _ უდარდელად თქვა გოგონამ და საწოლზე ფეხებმოკეცილი შეხტა.
_ რაღაც მეეჭვება, _ ურწმუნოდ გადააქნია თავი ირაკლიმ და თოფის გაწმენდას შეუდგა, _ ვფიქრობ, მეტი სიფრთხილე გმართებს, ცეცხლს ნუ ეთამაშები.
_ მე ვიცი, რასაც ვამბობ, _ მტკიცედ წარმოთქვა თაკომ და მამაკაცისკენ გადაიხარა, _ მაინც მაგარი ხარ. ახლა ცოტათი მომწონხარ კიდეც, _ ბავშვური ხმით გადაიკისკისა.
ირაკლიმ გაოცებულმა გადახედა მისკენ დახრილ თავნება გოგოს.
_ ჰოდა, მიფრთხილდი, _ თაკო მკვირცხლად ჩამოხტა საწოლიდან, მამაკაცს ეშმაკურად ათამაშებული თითები დაუქნია და ოთახიდან ხტუნვა-ხტუნვით გავარდა.
გურამისა და მერის გამგზავრების დღეც დადგა. სახლში დილიდან დიდი ფაციფუცი შეიმჩნეოდა. ირაკლის სძულდა ასეთი რამეები, ადგილს ვერ პოულობდა. რადგან თაკოც შინ იყო, მშვიდად იჯდა თავის ოთახში, ცდილობდა, შეუმჩნეველი დარჩენილიყო ოჯახის წევრებისთვის, განსაკუთრებით მერის არ უნდოდა შეჩეხოდა. ამ ქალის თვალები წონასწორობას აკარგვინებდა, ბრინჯივით იბნეოდა, როცა მის გამომწვევ მზერას აწყდებოდა. არადა, სადილის დრო ახლოვდებოდა. რაც ყველაზე მეტად ახლა ირაკლის უნდოდა, ჭამა იყო, მაგრამ რაც ყველაზე მეტად არ უნდოდა _ სასადილო ოთახში ჩასვლა.
კარი გაიღო და ოთახში გურამი შემოვიდა.
_ მაპატიე, რომ არ დავაკაკუნე. საღამოს გამოსამშვიდობებელი წვეულება გვაქვს სასტუმრო «ტორნადოში», თანამშრომლებმა თავი გაიგიჟეს, სხვანაირად არ გამოვაო. მოგიწევს წამოსვლა, _ გაიღიმა გურამმა.
_ მე რა შუაში ვარ? _ ირაკლი წამოდგა და, როგორც იცოდა ხოლმე, დოინჯი შემოიყარა.
_ თაკოც მოდის, ასე რომ…
_ გასაგებია… სხვა არჩევანი მაქვს, რო? წამოვალ, რა გაეწყობა.
_ ხუთ წუთში კი სადილზე ჩამოდი.
_ რა თქმა უნდა.
მამაკაცმა ოთახში მიიხედ-მოიხედა, მარცხენა კუთხეში დამაგრებულ მონიტორს შეავლო თვალი, მერე უხერხულად ჩაახველა, რატომღაც მხრები შეათამაშა და ოთახიდან გავიდა.
სადილმა ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე ჩაიარა, რადგან მერი არ ჩამოვიდა, თავის ტკივილი მოიმიზეზა. ირაკლიმ შვება იგრძნო და მადიანად შეექცა ბარბალეს მომზადებულ ხარჩოსა და შემწვარ დედალს. მთელი ამ ხნის განმავლობაში თაკოს თვალი არ მოუცილებია მამაკაცისთვის, თითქოს რაღაცას ამოწმებსო. შიგადაშიგ მზერა მის მკლავზე ამოსვირინგებულ მორიელზე გადაჰქონდა.
_ ცხრაზე გავალთ, _ თქვა გურამმა, სადილობას რომ მორჩნენ.
_ ასე გვიან?
_ ჰო, იმიტომ, რომ იქიდან პირდაპირ წავალთ აეროპორტში. რისთვის მოვბრუნდე უკან, აზრი არა აქვს.
_ როგორც იტყვი, ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, _ დაეთანხმა ირაკლი და კიბეს აუყვა.
თავის ოთახთან თაკო დახვდა კედელთან მიყრდნობილი.
_ აქ რას აკეთებთ? _ შეეეკითხა გოგონას.
_ შენ გელოდები, _ გაეკეკლუცა თაკო.
_ მოხდა რამე? _ არ შეიმჩნია მამაკაცმა.
_ არაფერი, დალაპარაკება მინდა.
_ მართლა? რაზე? _ ირაკლიმ კარი შეაღო და გოგონა წინ გაატარა.
_ ცხოვრებაზე, _ ეშმაკურად უპასუხა თაკომ და ასკინკილით შევიდა.
ირაკლიმ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი, გოგონას თავის ასაკთან შედარებით, უფრო ბავშვური მანერები ჰქონდა.
მერე თვითონაც უკან მიჰყვა და ფანჯარა გამოაღო.
_ აბა, გისმენ, _ ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და თაკოს წინ აესვეტა.
_ თვალებში რომ ჭინკები გითამაშებს, უთქვამს ოდესმე შენთვის ვინმეს? _ მოულოდნელად თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა გოგონამ.
ირაკლის გაეცინა.
_ ნუ გეშინია, ისინი შენნაირებს არ ესხმიან თავს, ძალზე უწყინარები არიან.
_ მე კი მეჩვენება, რომ დამცინავად შემომცქერიან, ან არ მოვწონვარ, ან ძალიან ბავშვი ვგონივარ. ასეა?
_ სიმართლე გესიამოვნება? _ ჩაეღიმა მამაკაცს.
_ არა, მაგრამ მაინც სიმართლე მირჩევნია.
_ კარგი, გეტყვი _ ერთიც და მეორეც.
ამჯერად ორივეს გაეცინა. საწოლზე ჩამოსხდნენ. საუბარი აეწყო. ირაკლი ეკითხებოდა, თაკო პასუხობდა. გამოჰკითხა ბავშვობაზე, დედაზე, სწავლაზე, ამხანაგებზე, დაქალებზე, თაყვანისმცემლებზე…
_ არის ერთი ბიჭი, არა უშავს, ისეთი. ცოტათი მომწონს. ხანდახან ვხვდები. საინტერესო ტიპია… წავა, რა, მაგრამ არ მიყვარს, უფრო ვერთობი.
_ რატომ, გასართობი სხვა ვერაფერი ნახე? _ უხეშად იკითხა.
_ ჯერ ვაკვირდები, ისე კარგად არ ვიცნობ. ხომ უნდა ვიცოდე, მართლა გულწრფელია თავის გრძნობებში თუ სიმდიდრის გამო უნდა ჩემთან დაახლოება? _ თავი ასწია თაკომ და თამამად შეხედა თვალებში.
_ ჰოო-ო, მაგაში გეთანხმები, უცებ ვერ მოვიაზრე, რას გულისხმობდი.
_ შენ?
_ რა მე? _ ვერ მიუხვდა პირადი მცველი.
_ შენ არ გყავს ქალი? შეყვარებული, საყვარელი…
_ ა-ა-ა! არა, ამ ეტაპზე თავისუფალი კაცი ვარ… თითქმის.
_ სამაგიეროდ, მორიელი გყავს.
_ რომელი მორიელი?
_ აი, ეს, მკლავზე რომ გაზის, რატომღაც მგონია, რომ მდედრობითი სქესისაა, _ თაკომ საჩვენებელი თითი სვირინგს ფრთხილად შეახო.
მოეჩვენა, რომ მორიელი შეირხა და კუდი შეარხია. შეშინებულმა ხელი სასწრაფოდ უკან გასწია.
_ რა იყო, ქვეწარმავლების გეშინიათ?
_ საშინლად.
_ მაგრამ ეს ხომ ნახატია.
_ შენ წარმოიდგინე, ნახატისაც კი მეშინია, უცნაური გრძნობა მეუფლება, უფრო ალბათ ზიზღის.
_ ჰო… არის ასეთი ფობიაც.
_ რატომ არ მოგყავს ცოლი? ასე მგონია, ქალებს უფრთხი. მართალი ვარ?
_ ვუფრთხი? რატომ გადაწყვიტე ასე? პირიქით, ქალები ძალიან მიყვარს და… რა ვიცი. უბრალოდ, ჯერჯერობით მაინცდამაინც გულთან ახლოს არავინ მოდის. არადა, შეიძლება არ დამიჯერო, მაგრამ მინდა ვინმე მიყვარდეს… ისე დიდხანს ვეძებდი საკუთარ თავს, ახლა უკვე დროა, სხვა ვეძებო ჩემთვის.
_ მე რომ შემიყვარო, შეგიძლია? _ გაიკრიჭა თაკო.
_ შენ? _ უცებ მოუტრიალდა ირაკლი, _ შენ ჯერ პატარა ხარ, უნდა გაიზარდო, ვერ ხედავ, ასკინკილით რომ დარბიხარ? _ ისე დაიბნა, ვერც მიხვდა, როგორ შეცვალა მიმართვის ფორმა. ნაძალადევად გადაიხარხარა.
_ ეს რა «შრამი» გატყვია ტუჩზე, ძველმა საყვარელმა დაგჭრა? _ თაკომ სამაგიეროს გადახდა დააპირა.
_ ეს? _ ირაკლიმ თითი ზედა ტუჩთან მიიტანა, _ ეს «შრამი» არ არის, ნაიარევია, სხვათა შორის, ქართულად ასე ჰქვია, _ უცებ სერიოზული სახე გაუხდა მამაკაცს, _ ავღანეთის კვალია.
_ ესე იგი, სევდიანი ისტორია გამოვა, _ მოულოდნელად წინა თემას დაუბრუნდა და სრული სერიოზულობით განაცხადა გოგონამ, _ მე შეგიყვარებ, შენ _ არა, _ და თვალი თვალში გაუყარა.
ჭინკები მოულოდნელად დაფრთხნენ ირაკლის თვალებში და ერთ ადგილას გაისუსნენ.
_ რა ნახეთ ჩემში ასეთი? არაფერი განსაკუთრებული ჩემში არ არის… _ ისევ ოფიციალური დაიჭირა მამაკაცმა.
_ არის, არის, _ თითი დააქნია თაკომ, _ მამაკაცების ბუნებას კარგად ვიცნობ. გინდა, რომ გაქო და გადიდო, არა?
ირაკლი გაოცებით ჩააშტერდა. გოგონამ შეამჩნია, რომ დამფრთხალი ჭინკები ისევ ახმაურდნენ, სიცილით იჭაჭებოდნენ თაკოს შემხედვარე.
_ სასაცილო ბავშვი ხარ, თუმცა ლამაზი, თანაც ძალიან, _ ხელები ასწია ირაკლიმ და წამოდგა, იქვე მდგარ სავარძელში გადაჯდა.
_ ჰო, არა? _ გაგულისდა თაკო, _ მე რომ მერივით ტოპმოდელი ვიყო, ასე არ ილაპარაკებდი, _ და ტუჩები გაბუსხა.
_ კარგი გეყოფა… ხომ ხედავ, ერთმანეთის გაცნობა ნელ-ნელა დავიწყეთ, დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ, უამრავი დრო გვაქვს საამისოდ. ახლა დამდე პატივი და მარტო დამტოვე.
თაკომ წვრილი თითები მომუშტა, ერთმანეთს შეატყუპა, მტრულად გახედა სავარძელზე უდარდელად გადაწოლილ პირად მცველს და გაბრაზებული უკუსვლით გავიდა ოთახიდან.
იმ დღიდან მათი გაცნობა მთელი თვე გრძელდებოდა…
გაგრძელება იქნება