ირაკლიმ ჯერ გიო მიიყვანა სახლში, მერე თაკოსთან ერთად შინ დაბრუნდა. თავბრუ ეხვეოდა, თვალთ უბნელდებოდა. ერთიანად გაფითრებოდა სახე.
- ცუდად ხარ? - თაკო მივარდა და წაბარბაცებულ მამაკაცს მხარში შეუდგა.
- მგონი, - დაიჩურჩულა პირადმა მცველმა და თაკოს დახმარებით სავარძლამდე ძლივძლივობით მიაღწია.
ჩაჯდა თუ არა, თავი უკან გადააგდო და მყისიერად გაითიშა.
- ირაკლი, ირაკლი, - სახეში გაულაწუნა გოგონამ რამდენჯერმე, მაგრამ მამაკაცი გონზე ვერ მოიყვანა.
- ღმერთო, რა ძლიერია და ამავე დროს, როგორი სუსტი, - თავისთვის ჩაილაპარაკა სასოწარკვეთილმა და უმწეოდ მიმოიხედა.
ბარბალე წასული იყო, ვისთვის ეთხოვა დახმარება? სამზარეულოში გავარდა და ჭიქით წყალი მოარბენინა. ხელები დაისველა და წრიული მოძრაობით საფეთქლები და კისერი დაუზილა, თან ალერსიანად ელაპარაკებოდა.
- გთხოვ, მორიელო, გაახილე თვალები, ნუ მაშინებ. რა საყვარელი ხარ, რომ იცოდე, რა სიმპათიური…
- როგორ ყველას მოვწონვარ, - თვალი არ გაუხელია, ისე წარმოთქვა ირაკლიმ უცებ და გოგონას მაჯები დაუჭირა. მის თვალებში კვლავ აცეკვდნენ ნაცნობი ჭინკები.
- თავხედო, - ნაწყენი ხმით წარმოთქვა თაკომ, მისი ხელებისგან თავი გაითავისუფლა და იქვე, მეორე სავარძელზე დაეხეთქა გაბრაზებული სახით.
- რა გეწყინა, მე ვიცი, რომ სიმპათიური ვარ, - ღიმილით თქვა ირაკლიმ. ცდილობდა ტკივილი დაეფარა, რომელიც მკლავიდან მთელ სხეულში გადაუვიდა.
- რაა? ვინ გითხრა, რომ სიმპათიური ხარ? - გაიკვირვა თაკომ და მის თვალებში მიხითხითე ჭინკებს ბრაზით გახედა.
- შენ არა თქვი ახლა? - ირონიით შენიშნა მამაკაცმა.
- მე? - გაოცდა თაკო, - მე არაფერი მითქვამს.
- ესე იგი, მომესმა.
- შენ რა, გგონია, მართლა სიმპათიური ხარ?
- შენ როგორ გგონია? - კითხვითვე უპასუხა.
- მე? რა ვიცი, შენ გვერდით ქალი არ მინახავს, თან თვითონვე ამბობ, არავინ მყავსო. აბა, რა უნდა ვიფიქრო?
- ააა!… აი, თურმე რაში ყოფილა საქმე. მყავს ერთი, - და მამაკაცმა ირიბად გახედა.
თაკომ თვალები დააჭყიტა.
- მართლა? ვინ არის?
- არის ერთი, რაში გაინტერესებს.
- არც არაფერში… - ტუჩები აიბზუა გოგონამ, მერე კი თვალები ეშმაკურად მოჭუტა, თავი გვერდზე გადახარა და დამარცვლით ჰკითხა:
- მე-რი-ზე უკეთესია?
- მერიზე ლაპარაკს გირჩევნია, მომეხმარო, - ტკივილისგან დაიღმიჭა მამაკაცი, - მკლავი მტკივა.
- რა ვქნა, რით გიშველო? - ფეხზე წამოიჭრა თაკო.
- თბილი წყალი და მარლა მოიტანე, თუ სადმე გეგულება.
- როგორ არა, აფთიაქის ყუთში გვაქვს, იოდსაც მოვაყოლებ, - თქვა და სამზარეულოში გავარდა.
რამდენიმე წუთის შემდეგ ჯამით წყალი შემოიტანა და სტერილური ბინტიც მოაყოლა. ირაკლიმ მოკლემკლავიანი მაისური გმინვით გაიხადა. თაკო მის მკერდს და დაკუნთულ მხარ-ბეჭს გაოცებით მისჩერებოდა.
გოგონა დიდი სიფრთხილით შეუდგა ჭრილობის დამუშავებას.
- რა დაგემართა?
- საჭე რომ მოვატრიალე, საქარე მინა შემერჭო მკლავში, უჰ, უჰ, უჰ! - იოდმა ჭრილობა აუწვა და შეჰყვირა.
- ცოტაც მოითმინე. ადრე სპორტსმენი იყავი? - ეკითხებოდა თაკო, თან ჭრილობაზე სულს უბერავდა.
- შორეულ წარსულში პერსპექტიული წყალბურთელი გახლდით… კარგი სულის შებერვა გცოდნია, პატარავ, ყოჩაღ, - ტკივილი დაუამდა ირაკლის და ასადგომად წამოიწია.
- მოიცა, ჯერ გადაგიხვიო, ასე ხომ არ იქნები.
- არ უნდა, ისედაც მორჩება.
- კი, როგორ არა! ასე ხომ თეთრეულს გასვრი! დამაცადე, არ ადგე! - ბრძანების კილოთი წარმოთქვა თაკომ და თავისი პატარა ხელებით ძალით ჩასვა მამაკაცი სავარძელში.
გაოგნებულ ირაკლის წინააღმდეგობის გაწევის სურვილი გაუქრა.
- მაპატიე, მაშინ რომ ბებერი გიწოდე, - ხმა მოულბა თაკოს და მორიდებით შეხედა პირად მცველს.
- თურმე არ ვყოფილვარ, არა? - სიცილი აუტყდა.
- ბებერი კი არა, ძალიან საყვარელი ხარ… უფრო მეტიც, - დაამატა და სახეაწითლებულმა თვალები დახარა.
ირაკლიმ თავი წამოსწია.
- რა უფრო მეტიც? - მამაკაცის თვალებში მოკალათებული ეშმაკუნა ჭინკები წამით გაისუსნენ.
- სასურველიც ხარ.
ის იყო, პასუხის გაცემა დააპირა, რომ ტელეფონის ზარის ხმა გაისმა.
- ამ შუაღამეს ვინ უნდა იყოს? - გაუკვირდა თაკოს.
- მოიცა, მე ავიღებ.
- იჯექი, აქ მოგიტან, - არ დაანება გოგონამ, ჟურნალების მაგიდაზე შემოდგმულ აპარატს გადასწვდა და ორივე ხელით გაუწოდა.
- გისმენთ, - მკაცრი გაუხდა ტონი.
- ირაკლი, გიგა ვარ, ხომ არ გაგაღვიძე? - გამომძიებლის ხმაში ირონია შეიმჩნეოდა.
მეგობრის ხმის გაგონებაზე ირაკლის სახეზე უკმაყოფილება გამოეხატა.
- გიგა, როგორ ხარ? - სასწრაფოდ შეიცვალა ხმის ტემბრი.
- კარგად, კარგად, - მრავალმნიშვნელოვნად შენიშნა გიგამ, - შენკენ რა ხდება, მშვიდობაა?
- კი, რა ვიცი, მნიშვნელოვანი ჯერ არაფერი მომხდარა.
- გაიგე ახალი ამბავი?
- რა ამბავი? არაფერი ვიცი, - ყასიდად გაიკვირვა მამაკაცმა.
- აფეთქება მოხდა აეროპორტის გზაზე.
- რას მეუბნები, დაშავდა ვინმე? როდინდელი ამბავია?
- გეყოფა მასხრობა, - დაღლილი ხმით ალაპარაკდა გამომძიებელი, - არ გიცნობდე მაინც. ყველაფერს მივხვდი, ერთი რამის გარდა და იქნებ შენ ამიხსნა?
- გისმენ, ჩემო გიგა, ხომ იცი, თუ შემიძლია… - აგრძელებდა თამაშს ირაკლი.
- ერთი «სასტავის» ორი მანქანა ერთმანეთს როგორ შეასკდა, ხომ ვერ ამიხსნი?
- ჰმ… ვერაფერი გავიგე, ცოტა გასაგებად ვერ მეტყვი? - თავს იკატუნებდა საღამოს გმირი.
- კარგი, რა! ხომ იცი, რომ მეც ვიცი. წლების განმავლობაში ერთად მოვდიოდით და ვხვდები, რომ ეს შენი ხელწერაა. არ მინდა ახლა მიეთ-მოეთი, საქმეზე ვილაპარაკოთ.
- წარმოდგენა არა მაქვს, რას გულისხმობ.
- შენ რა, გინდა მითხრა, რომ გეძინა?
- თითქმის.
- რატომ, შენი ბოსი არ გააცილე აეროპორტში?
- არა… ის თავისმა ბიჭებმა გააცილეს, მე რა საჭირო ვიყავი.
- ჰო-ო? მაშინ ამიხსენი, სად იყავი იმ დროს - შინ ბრძანდებოდი და მის ქალიშვილს ეარშიყებოდი?
- გიგა! - საყვედური გაისმა მამაკაცის ხმაში.
- თუ აეროპორტის ავტოსადგომზე ბოსის ცოლს კოცნიდი პირდაპირ ტუჩებში! - გიგა წონასწორობას კარგავდა.
ამის გაგონებაზე ირაკლის თავზარი დაეცა. საიდან გაიგო, რა ხდებოდა აეროპორტში? უთვალთვალებდნენ? თუ თავიანთი კაცი ჰყავთ დაცვის ბიჭებს შორის? აშკარაა, ვიღაცამ დააფიქსირა.
- შენ ხომ იცი, მე ეგეთები არ მჩვევია! - შორს დაიჭირა «ბრალდება».
- ჰო, იყო დრო, როცა ეგეთები არ გჩვეოდა, მაგრამ… ვფიქრობ, ასაკმა იცის… რაც მეტად ემატება ადამიანს წლები, მით უფრო უჩნდება «ტკბილის» მოთხოვნილება, - გიგა სიცილის ხასიათზე დადგა.
- კარგი, კარგი, მითხარი, რა გინდა, - მორიელმა ბოლოს და ბოლოს ფარ-ხმალი დაყარა.
- ეგ სხვა საუბარია… ახლა მყარად დაჯექი და მომიყევი, რა მოხდა, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე.
ირაკლიმ ამბის მოყოლა დაიწყო. შიგადაშიგ პაუზას აკეთებდა, მკლავზე ისვამდა ხელს, ჭრილობას იამებდა.
- სულ ეს არის, - დაამთავრა ბოლოს, - ახლა შედეგები მითხარი, რა გაარკვიეთ, რამდენი კაცი იჯდა მანქანაში და ვინ.
- სავარაუდოდ, ერთ-ერთი მათგანი უმცროსი ძმა იყო. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასეთი ვარაუდია. ვნახოთ, ექსპერტიზა რას იტყვის. შენ იმიტომ დაგირეკე, რომ, პირველ რიგში, ცუდი ამბავი უნდა გითხრა.
- ასეთი რა არის? - სმენად იქცა ირაკლი.
- ცოცხალი არავინ გადარჩენილა. აქედან გამომდინარე, ისინი ყველანაირად ეცდებიან, ყურადღება გოგონაზე გადაიტანონ. დაცვა უნდა გაგიძლიეროთ, ერთ-ორ კაცს დავაყენებ ჭიშკართან. ვფიქრობ, ასე აჯობებს და არც ეცადო, შემეწინააღმდეგო, გაგიჭირდება მარტოს გამკლავება.
- ეს აუცილებელია?
- ყოველ მიზეზს გარეშე… და კიდევ ერთი. იქნებ დროებით დაითხოვო მოსამსახურე, მისი იქ ყოფნა უფრო გაართულებს საქმეს. შეიძლება მისითაც ეცადონ მანიპულირებას.
- მაგ საქმეს ხვალვე მოვაგვარებ. რა გაეწყობა, თუ ასეა, მე თანახმა ვარ. როდის გამოგზავნი ბიჭებს?
- ახლავე.
- ახლავე? ამ შუაღამისას?
- დილას რომ უკვე გვიან იყოს?
- ო-ო-ჰ! არა მგონია, ასე უცებ გადაწყვიტონ შეტევაზე გადმოსვლა. დებილები კი არ არიან, იფიქრებენ, რომ დაცვა გავაძლიერეთ.
- მე არ ვიცი, ვინ რას იფიქრებს, ძმაო, მაგრამ საკუთარი გამოცდილება მკარნახობს, რომ ახლავე უნდა მივხედო საქმეს. რა ვქნა, თავს ვიზღვევ და შენც გაზღვევ, ასე მირჩევნია.
- კარგი, გნებდები. რამდენ ხანში მოვლენ?
- შეიძლება უკვე მანდ არიან, მოგცემენ ნიშანს, როგორც კი გამოჩნდებიან. აბა, შენ იცი, ყოჩაღად იყავი.
- გმადლობ, გიგა, კარგი კაცი ხარ.
გაგრძელება იქნება
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>