შუადღემ მოატანა. თაკო თავისი ოთახიდან არ გამოსულა. საწოლზე ნებივრად გაშხლართულს ყურსასმენები მოერგო და მუსიკას უსმენდა. ირაკლიც თავის ოთახში იმყოფებოდა, ყოველ ნახევარ საათში საკუჭნაოში გადიოდა და მონიტორს აკვირდებოდა, ამოწმებდა, რა ხდებოდა სახლში და მის გარშემო. არაფერი შეცვლილა, საშიშროება ჯერჯერობით არსაიდან ჩანდა. ამასობაში მოშივდა. სამზარეულოში ჩავიდა, იქაურობა საგულდაგულოდ მოჩხრიკა. კარტოფილი და კვერცხი აღმოაჩინა. მსწრაფლ მიიღო გადაწყვეტილება და საქმეს შეუდგა.
რამდენიმე წუთის შემდეგ ტაფაზე კარტოფილი აშიშხინდა. ოც წუთში კერძი მზად იყო, ბოლოს ორი კვერცხი დაახალა და მარილიც მოაყარა.
_ თაკო! _ სამზარეულოდან თავი გამოყო და გოგონას ასძახა.
თაკოს არ გაუგია, ლოგინზე მიწოლილს ჩასძინებოდა. ირაკლიმ გაზი გამორთო და რომ ვერ გააგებინა, იძულებული გახდა, მაღლა ასულიყო. კარი შეაღო, ფრთხილად მიუახლოვდა მძინარეს და ინტერესით დახედა.
«რა ლამაზია ეს მაიმუნი», _ ღიმილით გაიფიქრა და ოდნავ შეახო ხელი. თაკო არ განძრეულა. მერე შეაჯანჯღარა. გოგონამ თვალები შეშინებულმა გაახილა.
_ ადე, სადილი მზადაა, ვჭამოთ, _ თბილად უთხრა მამაკაცმა.
თაკო ვერ მიუხვდა, ჯერ კიდევ ძილბურანში იყო.
_ რა მოხდა? _ თვალების ფშვნეტით იკითხა და საწოლზე წამოჯდა.
_ კარტოფილი შევწვი და კვერცხიც, წამო! _ თავით ანიშნა ირაკლიმ.
თაკომ ნებიერად გაიზმორა.
_ პური გვაქვს, რო? _ წამოდგა და შიშველი ფეხები ფოსტლებში ჩაყო.
_ გუშინდელია, მაგრამ არა უშავს, წავა.
_ ვერ ვიტან ძველ პურს.
_ მოგიწევს შეგუება, ახლა ყაზარმულ პირობებში მოგიწევს ცხოვრება. ერთით კარგიც კია, ბევრ რამეს ისწავლი, გამოიწრთობი.
_ სროლას არ მასწავლი? _ მოულოდნელად ჰკითხა გოგონამ და წინ აესვეტა.
ირაკლიმ ცალი წარბი აზიდა და თავით ფეხებამდე ჩაათვალიერა.
_ თუ ჭკვიანად მოიქცევი, გასწავლი, _ დამაჯერებელი ხმით წარმოთქვა და ხელი გაუწოდა.
თაკომ თავისი პატარა თითები შეაგება. ირაკლიმ უზარმაზარ მუჭში მოიწყვდია გოგონას ფაფუკი ხელისგული და მორჩილი კრავივით გაიყოლა თან…
თაკოს დიდი ხანია ასე არ უსადილია _ ასე გემრიელად და ასე ბევრი. ცდილობდა, ხარბად არ გამოსვლოდა, რადგან სულ ეჩვენებოდა, რომ ირაკლის თვალებში ჩამსხდარი ჭინკები დაცინვით მისჩერებოდნენ. მამაკაცი კარგა ხანია, ჭამას მორჩა, მაგრამ არ განძრეულა, არც არაფერს ამბობდა, კიდევ ერთი ულუფა გადაუღო დამშეულ გოგოს და ღიმილით მიაჩერდა.
_ საღამოს გამიშვებ პაემანზე? _ შემპარავად იკითხა, ჭამას რომ მორჩა.
_ არა, _ კატეგორიულად ჟღერდა ირაკლის პასუხი.
_ რატომ?
_ იმიტომ.
_ იმიტომ პასუხი არ არის.
_ შენი ვერ გავიგე, სხვასთან პაემანზე რომ გარბიხარ, რა «პონტია»? აკი შენ უნდა შეგაბაო? ასე ცდილობ ჩემს შეცდენას? _ ეშმაკურად გახედა.
ჭინკები სიცილით დაიხოცნენ მის დანისლულ თვალებში. მორიელიც კი შეირხა მკლავზე და კუდი დაიქნია. თაკო შეცბა. ვერ მიხვდა, მამაკაცი სერიოზულად ეუბნებოდა, თუ ხუმრობდა.
_ შენ ხომ… _ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ გადაიფიქრა.
_ მომისმინე, თაკო. შენ ბავშვი აღარ ხარ უკვე. როგორც ვიცი, ოცდაერთის გახდი. ამიტომ ერთი რამ უნდა გესმოდეს. საქმე უფრო სერიოზულადაა, ვიდრე შენ გგონია. ამოიგდე ის ბიჭი დროებით თავიდან, არაფერზე და არავისზე იფიქრო, კარგი? ცოტაც მოიცადე, ჩაივლის ეს ყველაფერი და მერე თუ გინდა, ათ ბიჭს ერთდროულად შეხვდი, გასაგებია?
გოგონამ ამოიოხრა, უხმოდ წამოდგა და თეფშების მაგიდიდან ალაგებას შეუდგა, ჭურჭელი ერთმანეთზე აახოხოლავა და გატრიალდა. ნიჟარას რომ მიუახლოვდა, წაბორძიკდა და თეფშებზე ზემოდან დადებული ერთი ჭიქა გადმოუვარდა. ნამსხვრევები მეტლახზე მიმოიფანტა.
«რა მოუხერხებელია, ეტყობა, რომ საოჯახო საქმე არასდროს უკეთებია», _ გაიფიქრა ირაკლიმ.
_ სულაც არა ვარ მოუხერხებელი, _ მოულოდნელად საყვედურის კილოთი უპასუხა მის ფიქრებს თაკომ, _ ფეხი დამიცდა, მეტი არაფერი.
_ მერედა, ვინ გითხრა, მოუხერხებელი ხარო, მე რამე ვთქვი? _ დაიბნა ირაკლი.
_ ხომ გაიფიქრე?
_ შენ რა, ტელეპატი ხარ?
_ დიახაც! ერთ დროს იურიდიულზე ვაპირებდი ჩაბარებას, მამაჩემმა არ დამანება. ეგღა მაკლია, პოლიციელი მეჯდეს სახლშიო.
_ მართალი უთქვამს, მამაშენი ბრძენია, _ მრავლისმეტყველად აზიდა წარბები.
_ სროლას როდის მასწავლი? _ თაკომ ნამსხვრევები მოხვეტა და სანაგვეში გადაუძახა. ირაკლის ირონიისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
_ როცა ამის დრო დადგება.
_ და როდის დადგება ეს დრო?
_ ეშმაკმა უწყის. ცოტა მაცალე, რაღაც მაინც გაირკვეს… რა სულსწრაფი ხართ ეს ქალები.
_ შენი დისშვილიც ჩემნაირია?
_ აჰა, კიდევ კარგი, გამახსენე, დავურეკავ ერთი, მოვიკითხავ, საერთოდ გადამავიწყდა მისი არსებობა.
_ ჩემი გადამკიდე, არა?
_ ჰო, შენი გადამკიდე.
ირაკლი სასტუმრო ოთახში გავიდა, ტელეფონის ნომერი აკრიფა და დაელოდა. ლოდინი რამდენიმე წამს გაგრძელდა.
_ შინ არ არის, გაშპა ალბათ სადღაც…
_ მასაც ხომ არ ემუქრებიან? _ წამოისროლა თაკომ და მსწრაფლ ენაზე იკბინა.
_ რა თქვი? _ მამაკაცს ფერი წაერთვა.
_ არაფერი… ვიხუმრე… _ შეცბა გოგო.
_ აქედან მობილურზე ხომ ირეკება?
_ რა თქმა უნდა.
ირაკლიმ ახლა მობილურის ნომერი აკრიფა. მარის წკრიალა ხმა მხიარულად გაისმა ტელეფონში.
ბიძამ შვებით ამოისუნთქა. რამდენიმე წუთის განმავლობაში მოგუდული ხმით ელაპარაკებოდა მარის, ჭკუას არიგებდა, თან ცდილობდა, თაკოს არ გაეგონა მისი სიტყვები, ეშინოდა, თავნება გოგონას სისუსტეში არ ჩაეთვალა მისი ყურადღება დისშვილის მიმართ.
_ წავალ, ბიჭებს დავხედავ, _ ჩაიბურტყუნა, როცა ლაპარაკს მორჩა და თაკოს თვალი აარიდა.
_ ღმერთო ჩემო, რა წარამარა გარეთ გადიხარ, რა საჭიროა ამდენი შემოწმება? _ ნერვები მოეშალა მას.
_ საჭიროა, პრინცესა, საჭირო. ეს ჩემი სამსახურია, სხვა კი არაფერი მევალება.
_ მამაჩემს ისეთი სიგნალიზაცია უყენია, ელემენტარულ ვიბრაციაზეც კი ირთვება.
_ მომისმინე, პატარავ! _ ხელი ასწია მამაკაცმა, _ ერთ რამეს გულახდილად გეტყვი. ამქვეყნად არავის ვენდობი ჩემი თავის გარდა. ის ბიჭები, გარეთ რომ დგანან და შენს სახლს იცავენ, სერიოზული ხალხია, მაგრამ შემოწმება მაინც არ აწყენთ. გარდა ამისა, ის თქვენი რკინის ჭიშკარი, თავისი სიგნალიზაციით, ბლეფია და მეტი არაფერი. ჭკვიან და ცივი გონების ადამიანს, მით უმეტეს, ბოროტმოქმედს, მასში შემოღწევა არ გაუჭირდება. ამიტომაც ვიქცევი ასე, თორემ კი არ მეხალისება. გასაგებად აგიხსენი?
თაკომ უსიტყვოდ დააქნია თავი და მის მკლავზე დახატულ მორიელს ცალი თვალით გახედა. მოეჩვენა, რომ მელნისფერმა ქვეწარმავალმა თვალი ჩაუკრა.
* * *
ამასობაში დაღამდა. ირგვლივ კვლავ სიწყნარე სუფევდა. სწორედ ეს სიწყნარე აშფოთებდა ირაკლის. ერთი საათის წინ გურამს ელაპარაკა. აქაური ამბები აინტერესებდა ბიზნესმენს. ირაკლი დარწმუნებული იყო, რომ მას გიოსგან უკვე ჰქონდა მიღებული საჭირო ინფორმაცია, მაგრამ ის მაინც ამოწმებდა. მიხვდა, რომ ბოსი ბოლომდე თავის პარტნიორსაც კი არ ენდობოდა. დაამშვიდა, თუ რამე შეიცვლება, მე თვითონ შეგეხმიანებიო, მობილური გათიშა და საწოლზე მიაგდო. თვითონაც წამოწვა. დაძინება ვერ შეძლო. რამდენიმე წუთის წინ ჭრილობა გადაიხვია და მკლავი ეწვოდა. საათს დახედა, პირველი გამხდარიყო. მოულოდნელად კარი გაიღო და ვიღაც გამოჩნდა. მორიელმა თვალები მოჭუტა, კედლის ბრის სუსტ განათებაზე ვერც გაარკვია, რა მოჩვენება დალანდა კართან _ თავდაპირველად ადამიანის სიმაღლემდე გადიდებულ პლუშის დათუნიად მოეჩვენა. თანდათან გამოიკვეთა სილუეტი _ თაკოს მამამისის გრძელი, სამი ზომით დიდი ლურჯი პირსახოცის ხალათი ეცვა და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ბოძივით დარჭობილიყო კარის ზღურბლზე.
_ სხვის სახლში თავს უხერხულად გრძნობ, არა? _ ჩუმად იკითხა.
ირაკლიმ პაუზა გაწელა, შემდეგ კი უხალისოდ უპასუხა.
_ არა უშავს, მივეჩვევი.
_ ტანზეც არ გაგიხდია…
_ მეზარება, თან მკლავი მიშლის.
_ გინდა, დაგეხმარო?
_ ნუ შეწუხდები, არ ღირს.
_ არ შევწუხდები, _ და გოგონა დაიძრა.
ირაკლი თვალს არ აშორებდა მისკენ მომავალ თაკოს. თითქოს დაიძაბა.
_ იცი, რისი მეშინია? _ ჩუმად თქვა გოგონამ, _ ჩემგან ზედმეტი ინიციატივის გამოჩენის შემთხვევაში, არ გაბრაზდე და გულმოსული არ გამეპარო.
_ ტყუილად გეშინია.
_ მართლა? ესე იგი…
_ სწორად ვერ გამიგე. მე გაპარვა არ მჩვევია. როცა მივდივარ, ვაფრთხილებ ხოლმე.
_ და სად არის იმის გარანტია, რომ ასე იქნება?
_ არსად.
_ მაშინ… მაშინ არ გავთამამდები.
_ როგორც გინდა, _ შემპარავი ხმით თქვა მამაკაცმა, თავადაც ვერ მიხვდა, რატომ მოიქცა ასე.
თაკომ დაკვირვებით შეხედა. ვერასდროს ხვდებოდა, როდის იყო ეს კაცი გულწრფელი. მის თვალებში მოცეკვავე ჭინკები ყოველთვის ხითხითით იკლაკნებოდნენ, თითქოს თაკოს დასცინოდნენ, მორიელი კი ლამის კუდის ქნევით აფრთხილებდა, ზედმეტი არ მოგივიდესო.
ერთხანს ყოყმანობდა, მერე კი გაბედულად მიუახლოვდა პირად მცველს და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა. მისკენ დაიხარა, თან გამომცდელად ათვალიერებდა ნახევრად ბნელ ოთახში მისი მორიგი ნაბიჯის მომლოდინე მამაკაცს.
_ მოგწონვარ მაინც? _ დაიჩურჩულა მან.
_ არ ვიცი, _ შეცვლილი ხმით წარმოთქვა ირაკლიმ და ოდნავ შეირხა.
_ მინდა მართლა მოგეხმარო გახდაში.
პირადმა მცველმა არ უპასუხა. თაკომ ადგილი მოინაცვლა და ირაკლისკენ გადაჩოჩდა. მარჯვენა ხელი წინ გაიშვირა, თითებით პერანგის ღილებს მისწვდა და ნელა დაუწყო გახსნა.
_ როგორც მახსოვს, საუბარი პერანგის გახდას ეხებოდა და არა ღილების ჩახსნას.
_ თქვენ არასწორად გაიგეთ, _ მაცდურად ჩაილაპარაკა თაკომ და კიდევ ერთი ღილი გახსნა.
მერე კიდევ ერთი.
მერე ყველა.
ირაკლი ხმას არ იღებდა. დაიბნა.
თაკომ მამაკაცის მკერდზე თითები წრიულად გაასრიალა…
_ თაკო… _ ხმადაბლა დაიწყო ირაკლიმ, _ თუ გგონია, ასეთი საქციელით ჩემს კეთილგანწყობას დაიმსახურებ და რასაც გინდა, იმას გამაკეთებინებ შენი კაპრიზების დასაკმაყოფილებლად, აქედანვე იცოდე, რომ ცდები.
_ მე შენ მომწონხარ, _ დაიჩურჩულა გოგონამ და ტუჩებით მის გულის კოვზს შეეხო.
პირად მცველს სისხლმა აასხა. ძნელი იყო თავის შეკავება. ახლავე უნდა ეღონა რამე, თორემ შეიძლებოდა საბედისწერო შეცდომა დაეშვა… მაგრამ, მისდა გასაოცრად, არ განძრეულა.
სრულიად იდიოტური სიტუაცია შეიქმნა. რა გაეკეთებინა? გაერტყა თავხედი ბავშვისთვის? არ იქნებოდა ლამაზი. ხელი ეკრა, უხეშად მოეშორებინა? არა, ასე არ ივარგებდა. კაცურად არ იქნებოდა მართებული საქციელი _ ხელი ჰკრა ქალს, რომელიც გკოცნის… თუნდაც შენი სურვილის საწინააღმდეგოდ, მაგრამ ისიც ვერ წარმოედგინა, როგორ მოქცეულიყო. სულაც არ უნდოდა მისი ალერსი, მას არ ხიბლავდა ასეთი პროვოკაციები… რადგან ვერ მოიფიქრა, რა გაეკეთებინა, ადგა და ხელები თავქვეშ ამოიდო.
თაკო ეფერებოდა მის ზომიერად შეთმიანებულ მკერდს, თითებს ნელა ამოძრავებდა ზემოთ და ქვემოთ, ეხებოდა და არც ეხებოდა კანს, დროდადრო ტუჩებსაც მიადებდა წამიერად, თითქოს მამაკაცის სხეულის გემოს გაგება სურსო. გოგონას თმა, რომელსაც სუნამოს არომატი ასდიოდა, საამოდ ელამუნებოდა ნესტოებში და ამ ფაფუკი თმის ყოველი ღერის შეხებაზე ტანში ბურძგლავდა. «ოპიუმი», _ გაახსენდა დასახელება მამაკაცს. სურნელი მართლაც ოპიუმივით მოქმედებდა მასზე.
_ მომისმინე, პატარავ, _ გაღიზიანებულმა წარმოთქვა მოგვიანებით, _ იქნებ წასულიყავი დასაძინებლად.
_ რატომ მეძახი პატარას? რას ნიშნავს «პატარა»? _ ვნებიანი ხმით ჩაეკითხა თაკო და მიბნედილი თვალებით შეხედა.
_ უფროსებს «თქვენობით» უნდა ელაპარაკო, _ აღმზრდელობითი ტონი დაიჭირა პირადმა მცველმა, უნდოდა მკაცრად გამოსვლოდა, მაგრამ არ გამოუვიდა.
_ მე ყოველთვის «შენობით» მივმართავ ადამიანს, რომელსაც ლოგინში ვუწვები, _ უდარდელად აიჩეჩა მხრები გოგონამ.
_ მე შენთან არ ვწოლილვარ, _ შენიშნა პირადმა მცველმა.
_ ჰოდა, მოგიწევს, _ თქვა და გულაღმა გაშოტილ მამაკაცს მოულოდნელად ძუძუზე უკბინა. მერე უცებ ადგა და უკანმოუხედავად გავიდა ოთახიდან.
ნაკბენი ადგილი დიდხანს ეწვოდა ირაკლის…
ღამე ისე გაილია, თვალი ვერ მოხუჭა…
გაგრძელება იქნება
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>