გიგა ორ პოლიციელთან ერთად მოვიდა. თაკოს იგი სასაცილო მამაკაცად მოეჩვენა. საშუალო სიმაღლის იყო, დატალღული შავი თმით, აქა-იქ ჭაღარა შეჰპარვოდა. ღია თაფლისფერი თვალები მოუსვენრად წრიალებდნენ გუგებში. ცალი თვალი ოდნავ ღია ჰქონდა მეორეზე. გამხდარი იყო, აწოწილი, უსაშველოდ გრძელი ხელებით. გოგონა შიშმა აიტანა, ცხოვრებაში პირველად ხედავდა გამომძიებელს, მაგრამ გიგამ დაილაპარაკა თუ არა, შიში მყისიერად გაუქრა. საოცრად თბილი ხმა ჰქონდა გიგას, თბილი და მშვიდი. იგი ჩვეულებრივ პოლიციელს არ ჰგავდა. ამიტომაც თვითონაც დაწყნარდა და დაწვრილებით მოჰყვა ყველაფერს.
ნემსაძე ყურადღებით უსმენდა, შიგადაშიგ კითხვას უსვამდა და რაღაცას ინიშნავდა ბლოკნოტში.
- მდაა, - თქვა ბოლოს, - რომ იცოდე, ჩემო თამარ, როგორ ბეწვზე ხარ გადარჩენილი…
- თაკო… მე თაკო მქვია. მომწონს, როცა ასე მომმართავენ, არ მიყვარს სახელი თამარი, -თავდახრილმა თქვა.
- ნება შენია, იყოს თაკო. გაიგე, რაც გითხარი?
- გავიგე, მაგრამ არ მჯერა, რასაც მეუბნებით. ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ. რაც შეეხება დანას… სოსოს დანა აქამდეც დაჰქონდა, ის მე არ დამარტყამდა, ირაკლის შესაშინებლად გამოიყენა მხოლოდ.
- დარწმუნებული ხარ ამაში? - თავი გვერდზე გადახარა გიგამ და კითხვით სავსე მზერა მიაპყრო გოგონას.
- რა თქმა უნდა.
- კარგი… მაშინ მე სხვა რამეს გეტყვი და არ გაგიკვირდეს. ირაკლი, შენ რომ დამირეკე და მთხოვე, სოსო რაზმაძეზე რამე გაიგეო, იმწუთასვე დავიწყე მოკვლევა და იცი, რა დავადგინე?
- რა? - ირაკლი სმენად იქცა.
- რა და… ეგ თქვენი სოსო ერთ-ერთი ვიბლიანის ცოლის ძმისშვილი ყოფილა, კერძოდ -ბექასი, უმცროსი ძმის.
თაკოს ფერი ეცვალა, ირაკლის კი ოფლმა დაასხა. ხელები თავზე შემოიდო და ამოიგმინა.
- წამებში მიუსწარი ამ შვლის ნუკრს, თორემ ვიბლიანების წერა გახდებოდა.
- ტყუილია, - დაიჩურჩულა თაკომ და ჩაიკეცა, მუხლებში ძალა წაერთვა.
- მართალია, ჩემო თაკო, მარ-თა-ლი! იმიტომაც გეხვეწებოდა გუშინ დილით, შენთან მოვალო, იმიტომაც დაგიახლოვდა ბოლო ხანებში და იმიტომაც თამაშობდა შეყვარებული კაცის როლს, რომ შენი ნდობა დაემსახურებინა. შენ კი მთლად გაალაღე, სახლში შემოუშვი, რომ უფრო გაადვილებოდა შენი ნახვა და ყელის გამოჭრა. სხვანაირად ვერანაირად ვერ მოგიდგებოდა. შინიდან რომც გასულიყავი, დაცვა ხომ გამუდმებით გვერდით გეყოლებოდა. მან კი სხვა, უფრო იოლი გზა მოძებნა და გამოუვიდა კიდეც. რომ არა ირაკლი, კაცმა არ იცის, რით დამთავრდებოდა ეს ღამე. არა უშავს, რაც მთავარია, ყველაფერი კეთილად დამთავრდა, როგორც ფილმებში. წავალ ახლა მე და რაზმაძესაც თან წავიყვან. იქ ალაპარაკდება და ყველაფერს გავარკვევთ. მოგვიანებით დაგირეკავ, - გამომძიებელმა ირაკლის ხელი ჩამოართვა და კარისკენ გაემართა.
სოსო რაზმაძე უკვე მანქანაში იჯდა, ორ პოლიციელს შუა და მტრულად იყურებოდა მისკენ მომავალი გამომძიებლისკენ.
- მგონი, აჯობებს, დაცვა გავაძლიეროთ, - მანქანასთან შეჩერდა გიგა და ირაკლის მიუბრუნდა, - ხომ ხედავ, ისევ შეცდომა დავუშვით. ეზოს უკანა მხარე გაუკონტროლებელი დაგვრჩა.
- არ არის საჭირო, მე თვითონ გავაკონტროლებ. ერთ ვიდეოკამერას შევატრიალებ უკანა მხარისკენ.
- წესით, ჩემი ბიჭების ბრალიც არის, რაც მოხდა. ეგ შობელძაღლები, როგორც ჩანს, ადგილიდან არ იძვრიან ან ერთ ადგილს ტკეპნიან მთელი ღამე, ან სძინავთ. ცოტა მკაცრად მოეპყარი, ნუ მიუშვებ თავის ნებაზე.
- ეგრე ვიზამ, დიდი მადლობა, მეგობარო, - ირაკლიმ მხარზე ხელი დაჰკრა გამომძიებელს და გაუღიმა, - შენს ზარს დაველოდები.
- აუცილებლად დაგირეკავ, - გიგამ კიდევ ერთხელ ჩამოართვა ხელი და მანქანაში ჩაჯდა.
პირადი მცველი იქამდე გასცქეროდა მიმავალ მანქანას, სანამ მოსახვევში არ მიიმალა. მხოლოდ ამის შემდეგ შემობრუნდა სახლში. თაკო ისევ ისე დახვდა სავარძელში, ფეხებმოკეცილი.
- ახლა მაინც დარწმუნდი, რომ მართალი ვყოფილვარ? - ნაძალადევად გაუღიმა გოგონას.
- არაფერშიც არ დავრწმუნდი, ტყუილია ეგ ყველაფერი. გინდათ, შემაშინოთ, მაგრამ არ გამოგივათ, - ჯიუტად თავისას იმეორებდა გოგონა.
- მომისმინე, პატარავ, შენი შეშინება არაფერში გვჭირდება. რასაც გეუბნებით, სრული სიმართლეა და შეიგნე, სანამ დროა. ახლა კი, წამოხტი და ყავა მოადუღე, თორემ აქვე დავეცემი და ხვრინვას ამოვუშვებ.
თაკოს გაეღიმა, სავარძლიდან ფეხები ჩამოიღო, ზლაზვნით წამოდგა და სამზარეულოში შევიდა.
სანამ თაკო ყავას ადუღებდა, ირაკლიმ გიოსთან დარეკა და წუხანდელი ამბავი მოუყვა, მერე გურამს ელაპარაკა ნიუ-იორკში, ბოლოს მარის ნომერი აკრიფა და დისშვილი მოიკითხა. როცა ლაპარაკს მორჩა, თავზე ხელები შემოიწყო და თვალები მილულა, ფიქრებმა წაიღო. რამდენიმე წუთიც და… ჩათვლიმა. თაკოს ხმამ გამოაფხიზლა.
- დალიე, სანამ ცხელია, მერე კი გამოიძინე, - გოგონამ სიყვარულით სავსე მზერა მიანათა.
- არა, ახლა არ დამეძინება, შუადღისას ვიზამ მაგას.
- იქამდე რა უნდა აკეთო?
- სროლას გასწავლი, სამიზნე ხომ მზად გვაქვს, - და ცალთვალმოჭუტულმა ეშმაკურად გახედა გოგონას.
- მართლა? არ მატყუებ? - ბავშვივით აჭყლოპინდა თაკო და სიხარულისაგან ტაში შემოჰკრა.
- არ გატყუებ, ოღონდ ერთი პირობით.
- რა პირობით?
- სადილი დღეს შენ უნდა მოამზადო.
- მე-ე? - შეცბა თაკო, - რა უნდა გავაკეთო?
- კარტოფილი ხომ დარჩა? შეწვი და…
- კარგი, მაგას კი მოვახერხებ, ოღონდ სხვა არაფერი მთხოვო.
- აწი დროა, ასეთი რამეები ისწავლო, გასაგებია? - ისევ გაუღიმა მამაკაცმა, თან გამჭოლი მზერა ესროლა, რადგან მომენტალურად მისი შიშველი სხეული გაახსენდა და სისხლი აუდუღდა.
ირაკლიმ სამიზნე შუა ეზოში გადაიტანა, შუაზე გადახერხილ ტყემლის ხეზე დაამაგრა და თაკოს მეცადინეობას შეუდგა. სროლის სწავლებამ მთელ საათს გასტანა. გოგონა გონებანათელი აღმოჩნდა, უმალ ითვისებდა პირადი მცველის ყველა მითითებას და ისე ზუსტად ისროდა მიზანში, ირაკლისაც კი გაუკვირდა.
- თუ ასე გააგრძელებ, სნაიპერობას მალე შეძლებ, - გაეხუმრა.
თაკომ სევდიანად გაიღიმა.
- რატომ მიღიმი ასე მოწყენილად? არ გჯერა ჩემი?
- მჯერა, მაგრამ წუხანდელზე ფიქრი თავიდან არ მშორდება.
- შემთხვევით, ხომ არ გიყვარდა ის ბიჭი? ხომ არ მისტირი? - ჩაეკითხა ირაკლი.
- არა, სიყვარულით არ მიყვარდა, მაგრამ ცოტათი მომწონდა. რამდენჯერ უნდა მამეორებინო ერთი და იგივე? გაინტერესებს, ვინ მიყვარს? გინდა, გითხრა?
- არ მინდა, - მოიღუშა მამაკაცი.
- ისედაც კარგად იცი, თქმა რა საჭიროა.
- მორჩი, თაკო, გეყოფა! - მაჯაში წაავლო ხელი გაღიზიანებულმა და ძლიერად მოუჭირა.
- გამიშვი, მეტკინა, - ტუჩები გაბუშტა გოგონამ, მაჯა გაითავისუფლა, ნატკენი ხელი წრიული მოძრაობით შეატრიალ-შემოატრიალა, სული შეუბერა და სახლისკენ გაბუტული გაემართა.
ირაკლიმ ერთხანს უყურა მიმავალ გოგონას, მერე კი თვითონაც უკან მიჰყვა.
დღის განმავლობაში მაინც ვერ გამონახა დრო, რომ დაეძინა. არადა, წესით, დღისით უნდა ეძინა, ღამით კი ფხიზლად ყოფილიყო. ისე იყო აფორიაქებული, ადგილზე ვერ ისვენებდა. წარამარა გადიოდა გარეთ და ეზოს ამოწმებდა. ეშინოდა, ნათესავის დაჭერით განრისხებულ ვიბლიანებს რამე არ მოემოქმედებინათ.
საღამო ხანს გიგამ დაურეკა და ახალი ამბავი ამცნო. სოსოს ერთი-ორი წამორტყმის მერე ყველაფერი დაუფქვავს. არაფრით არ გაჩერდებიან, სანამ რომელიმეს არ იმსხვერპლებენო, უთქვამს. ან მამას გამოასალმებენ სიცოცხლეს, ან შვილსო. უამრავი გეგმა აქვთ მოფიქრებული, თუ ერთი არ გამოვა, მეორეს აამოქმედებენ და ასე გააგრძელებენ, სანამ მიზანს არ მიაღწევენო.
- სად იმალებიანო, არ თქვა? - ჰკითხა ირაკლიმ.
- ეგ არ იცის, როცა ჩემი ნახვა უნდოდა, სახლში მოდიოდა ჩვენთანო. როგორც ჩანს, მხოლოდ თვითონ იციან თავიანთი ადგილსამყოფელი, სხვამ არავინ.
- ვითომ მართლა არ იცის? - დაეჭვდა პირადი მცველი.
- არ იცის, არა, მაგას მე ვინმე გამომაპარებს? ეგრევე მივხვდები, რომ მატყუებდეს. ასე რომ, ფრთხილად იყავი, წინ სერიოზულად რთული დღეები გელის.
- გასაგებია, გიგა, გავითვალისწინებ.
ირაკლიმ ყურმილი დაკიდა და თავი სავარძლის საზურგეს მიადო. რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ასე? ან კი სანამ შეძლებს თაკოს დამორჩილებას? ისეთ თავნება ბავშვია, დიდხანს ვერ გაძლებს ასეთ მდგომარეობაში, ბოლოს და ბოლოს, ამოუვა ყელში და არავინ იცის, რას გააკეთებს. ნუთუ ვერ შეძლებს პოლიცია კვალის მიგნებას? იქნებ თვითონ ეცადოს, მახეში შემოიტყუოს? მაგრამ როგორ?
- კარტოფილი მზადაა, გავშალო სუფრა? - თაკომ გამოყო თავი სამზარეულოდან, ტანზე ჭრელი წინსაფარი აეფარებინა.
ირაკლიმ ახლაღა დააფიქსირა, როგორ შიოდა, კუჭი აეწვა შიმშილისაგან.
- იქ გაშალე, სამზარეულოში, აქეთ ნუ გამოიტან, - უპასუხა გოგონას და ხელის დასაბანად გაეშურა…
პირადი მცველი გამალებული ილუკმებოდა.
- მოგდევს ვინმე? - გაეცინა თაკოს.
- ძალიან მომშივდა, თანაც უგემრიელესია, რაში შეწვი?
- ზეთში და კარაქში, ორივეში ერთად.
- მაგარია, დიდი მადლობა, პატარავ, - და მამაკაცმა თავისი უზარმაზარი ხელისგული თაკოს პატარა თითებს დაადო, მაგიდაზე რიტმულად რომ ათამაშებდა.
თაკომ თვალები ასწია და შეხედა. ჭინკები გასუსულიყვნენ პირადი მცველის თვალებში, თითქოს შესაფერის მომენტს ელოდებიანო.
ირაკლიმ სასწრაფოდ მოაცილა ხელი, ჭამაც შეწყვიტა. მზერა მოაშორა გოგონას და წამოდგა.
- მადლობა, დიდად ვისიამოვნე, - უხერხულად ჩაილაპარაკა და კარს მიღმა გაუჩინარდა.
თაკოს უცნაურმა ღიმილმა გაუნათა სახე.
გაგრძელება იქნება
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>