თაკო ადრე დაწვა დასაძინებლად. პირადმა მცველმა ჯერ ეზოს შემოურა, გარეთ მდგარ მცველებს გამოელაპარაკა, მერე სახლი შიგნიდან შეამოწმა, ყველა ოთახში შეიხედა, ბოლოს თაკოს კარს მიადგა. გოგონას არ ეძინა. ხელები თავქვეშ ამოედო და ჭერს მიშტერებოდა.
_ გადავწყვიტე, გარემო შემემოწმებინა, _ შეცვლილი ხმით წარმოთქვა ზღურბლთან მდგარმა, _ რატომ არ გძინავს?
_ ვერ ვიძინებ, _ ხმადაბლა თქვა გოგონამ და თვალებდახრილი საწოლზე წამოჯდა. გამჭვირვალე ღამის პერანგიდან მკვრივმა მკერდმა ურცხვად გამოანათა.
_ შუქს ჩაგიქრობ და დაგეძინება, _ დაბნეულმა ძლივს ჩაიბურტყუნა და ჩამრთველს თითი ჩამოჰკრა, მერე კარი ფრთხილად მოხურა და თავისი ოთახისკენ გაემართა აფორიაქებული…
მას ცუდად ეძინა. იგი თაკოს ელოდებოდა. ეგონა, გოგონა მოვიდოდა, კიდევ ერთხელ შეეცდებოდა მის ცდუნებას. შემკრთალს გამოეღვიძა, მიაყურადა, ხომ არ მოდისო, მერე ისევ ჩაეძინა, მერე კვლავ გამოეღვიძა.
ის არ მოდიოდა.
ძალიანაც კარგი, თუ არ მოდის.
ჯანდაბას! რატომ არ მოდის?
უცნაურია, ის ელოდებოდა, მერე როგორ ელოდებოდა!
არადა, რომ მოსულიყო, აუცილებლად ეტყოდა, წადიო.
მაგრამ ის არ მოდიოდა.
გული დაწყდა, განიხიბლა.
გაგრძელება იქნება
არა, გაბრაზდა.
არა, განრისხდა!
საკუთარ თავზე, საკუთარ მოლოდინზე, გაცრუებულ მოლოდინზე განრისხდა.
ეშმაკი, პატარა ეშმაკი გოგო! რომელიც ჯიუტად უძვრება სულშიც და საწოლშიც. ჯანდაბამდის გზა ჰქონია ამ განებივრებულ ქარაფშუტას.
რას ნიშნავს ეს? რატომ ვერ თოკავს თავს? ხომ არ შეუყვარდა? რა ემართება? ისე ძლიერად დახუჭა თვალები, ფოსოები ეტკინა.
არა, რა დროს ირაკლის სიყვარულია, ბოდვაა ეს ყველაფერი და მორჩა. მას არავინ უყვარს, ვერც ვერავის შეიყვარებს ვერასდროს. იმიტომ, რომ… იმიტომ, რომ ნანას ვერ ივიწყებს, მისი აჩრდილი ერთი წამით არ შორდება გონებიდან…
გვიან მაინც წაართვა ძილმა თავი. ესიზმრა…
ზღვის სანაპიროზე იწვა, ირუჯებოდა. ნანაც იქვე იყო, მის გვერდით, ოღონდ იდგა. ლამაზი შიშველი სხეული მზისთვის შეეშვირა და უმისამართოდ იღიმოდა… მოულოდნელად იქვე თაკო გაჩნდა, თვითონაც არ იცის, საიდან. გოგონა ნანას გვერდით დადგა და ამრეზით შეხედა, მერე ირაკლის მოხედა მაცდურად. ლამაზი, ქალური მკერდი წინ გამოზნიქა და გაუღიმა. შემდეგ თეძოების ვნებიანი რხევით დაიძრა მამაკაცისკენ. ისიც შიშველი იყო, ისე, როგორც წინა ღამით, მთელი სხეული უთრთოდა. ის იყო, მამაკაცი წამოიწია და მისკენ გაიშვირა ხელები, რომ თაკო ადგილს მოწყდა და ზღვაში შევარდა კისკისით, თან უკან იხედებოდა. მას ნანა მიჰყვა უკან… ორივე ქალი ტალღებს შეერია… ცოტაც და… ორივე გაქრა. შეშინებულ მამაკაცს ის იყო, უნდა ეყვირა, რომ… გამოეღვიძა…
შუბლი ოფლით ჰქონდა დაცვარული. თენდებოდა.
მოულოდნელობისაგან კინაღამ შეხტა, როცა ორი ცხელი ხელისგულის შეხება იგრძნო მკერდზე. საამო ჟრუანტელმა დაუარა. ეს თაკო იყო. ასე უჩუმრად როგორ შემოიპარა, არაფერი გაუგია. ნუთუ მკვდარივით ეძინა?
_ არ დაგეძინა? _ ჩურჩულით ჰკითხა გოგონამ.
მან არ უპასუხა.
_ ამ ღამით მელოდი, არა?
არც ამ კითხვაზე გასცა პასუხი.
ქალის ხელები ნაზად დაფათურობდნენ მის სხეულზე. ირაკლის დაკუნთული სხეული ჰქონდა, ნავარჯიშევი, მაგრამ მაინც დაჭიმა მუცელი…
და სძულდა თავი, სძულდა იმ სურვილის გამო, იმაზე ძლიერი და მამაკაცური მოჩვენებოდა გოგონას, ვიდრე იყო. ეს იყო სურვილი, მოსწონებოდა ქალს.
თაკო ხელებს არ აჩერებდა, მერე ტუჩებიც აამოქმედა და ოდნავ შეეხო მის მკერდს. ირაკლის გააჟრჟოლა. სუნთქვა შეიკრა. არა, ეს მის ძალებს აღემატება.
არა, ის ამას ვერ მოითმენს, ძლიერია ცდუნება.
არა, დროა, ბოლო მოუღოს მის ამ საქციელს, ასე გაგრძელება არ შეიძლება.
არა, ამ პატარა, თავხედ ნებიერას დინჯი და გაწონასწორებული პირადი მცველი წყობილებიდან გამოჰყავს.
იმოქმედე, ირაკლი!
და მკვეთრი მოძრაობით წამოჯდა. მოულოდნელობისაგან შემკრთალმა თაკომ წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და იატაკზე დავარდა. სალტეებიანი ღამის პერაგი გადაეხსნა და შიშველი მკერდი გამოუჩნდა. გოგონამ ნიშნის მოგებით დაიხედა ძუძუებზე და თურქივით ფეხებმორთხმული კომფორტულად დაჯდა ხალიჩაზე, პირდაპირ ირაკლის ფეხებთან. მერე მზერა მასზე გადაიტანა. მამაკაცმა მისი გამომეტყველება ვერ გაიგო. რა იკითხებოდა მათში _ სურვილი? სიყვარული? გაღმერთება?
არა, ის არ აყვება ცდუნებას. გული გამალებით უცემდა. დაძაბული იჯდა და არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. თუმცა… იცოდა _ უნდა წასულიყო, გარიდებოდა პატარას. მაგრამ მისი მზერა უშლიდა ხელს. მზერა ძალზე საწყალობელი იყო, ძალზე დაუცველი. თაკო თვალს არ აშორებდა მას, სწორედ ისე, ერთგული ძაღლები რომ მისჩერებიან პატრონს. ახლა ოთახიდან გასვლა ხელის გარტყმას უდრის… აბა რა ქნას? იგი ზემოდან დასჩერებოდა რაღაცის მომლოდინე ქალს. ზემოდან ძალზე საინტერესო რაკურსში ჩანდა თაკოს მღელვარე მკერდი. ის ქვემოდან უყურებდა. როგორც იქნა, ალაპარაკდა.
_ ჩემი არ გჯერა, არა?
_ რა უნდა მჯეროდეს? _ ირაკლის ნერწყვი ყელში გაეჩხირა.
_ რომ შენი შეყვარება შემიძლია.
_ რა დამსახურებისთვის?
_ შენ ამას ვერ გაიგებ, უგულო ხარ.
არა, უნდა ადგეს და ახლავე გავიდეს, ასე არ შეიძლება, უნდა გავიდეს, ადგეს და გავიდეს ან… ან, უბრალოდ, არ გავიდეს…
ირაკლიმ ჩაიღიმა.
_ მე ვარ უგულო? შენ? შენ ვინ ხარ, ჰაეროვანი არსება? ცარიელი სული და გული?
_ დაახლოებით.
უნდა წავიდეს, უნდა გაჩუმდეს, ადგეს და წავიდეს. უნდა… ან არ უნდა…
_ სხვა გიყვარს? _ ჰკითხა თაკომ მოულოდნელად.
_ ეგ შენ არ გეხება.
_ ეს პასუხი არ არის.
წადი! არ უპასუხო! _ თავის თავს ეწინააღმდეგებოდა პირადი მცველი.
_ ჰო, სხვა მიყვარს, დაკმაყოფილდი?
_ რატომ, რატომ გიყვარს სხვა?
_ ასეა ცხოვრება მოწყობილი და იმიტომ. როცა უყვართ, განა ეკითხებიან _ რატომ? უყვართ იმიტომ, რომ უყვართ.
_ სულელი ხარ.
_ მომისმინე, პატარავ… ჯობია, დაწვე და დაიძინო.
_ მაგრამ შენ მე გინდივარ. ხომ მართალია?
_ წადი, რა!
_ გამოტყდი.
მორჩა, უნდა წავიდეს! ირაკლი წამოდგა და კარისკენ ნაბიჯი გადადგა.
_ სად მიდიხარ, ეს ხომ შენი ოთახია, რატომ გარბიხარ?
_ შენი იდიოტობების მოსმენა არ მსურს.
_ მოიცა, არ წახვიდე, _ თაკომ უკნიდან ხელი მოხვია და ლოყა ზურგზე მიადო, _ გესმის მაინც, რომ მიყვარხარ? ისე, უბრალოდ მიყვარხარ.
მამაკაცმა არ უპასუხა.
_ შენგან არაფერს ვითხოვ, დედას გეფიცები.
_ მადლობა ღმერთს, გამიმართლა, _ ჩაიცინა მორიელმა.
_ მე შენ უბრალოდ მიყვარხარ, თვითონაც არ ვიცი, რატომ.
_ რას მელაპარაკები!
_ ჰო, ასე მოხდა რატომღაც. ადამიანებს ყოველთვის რაღაცის გამო უყვარდებათ სხვა ადამიანები. სილამაზის გამო, ინტელექტის გამო, მიმზიდველობის, წარმატების, სიმდიდრის, სიძლიერის გამო.
_ ამ თვისებათაგან მე არც ერთი არ გამაჩნია, ასე რომ, წადი, მოისვენე.
_ სწორედ მაგაშია საქმე. არც ერთი არ გაგაჩნია, მე კი მიყვარხარ.
_ თანაგიგრძნობ, მაგრამ ვერაფრით დაგეხმარები.
_ ტყუი! შენ გულგრილი არა ხარ ჩემ მიმართ. მე შენ მოგწონვარ.
_ მოწონება ჯერ კიდევ არ ნიშნავს სიყვარულს.
_ ეგეც მართალია, მაგრამ… ნუთუ სულ არ გიყვარვარ? სულ ცოტათი მაინც?
გოგონამ წინიდან მოუარა და მავედრებელი მზერა ესროლა, თითქოს მისი პასუხის სისწორის შემოწმება სურსო.
ღმერთო, როგორ შეიძლება ასეთ მომენტში მამაკაცი შეუვალი დარჩეს? არ შეიძლება, არაფრით არ შეიძლება… მაგრამ ის ხომ ბავშვია, მთლად ბავშვი. მათ შორის უზარმაზარი ასაკობრივი სხვაობაა, შვილად შეეფერება.
_ მომისმინე, პატარავ… საქმე იმაშია, რომ…
_ რომ შენი გული დაკავებულია, არა?
_ რაღაც ამდაგვარი.
_ როგორ ფიქრობ, იმ შენს გულში ორი ქალი ვერ დაეტევა? როგორმე რომ მოინდომო, იქნებ ჩემთვისაც გამონახო ადგილი? გთხოვ, გამიგო. შენგან არაფერი მინდა. არაფერი! არც ცოლობას გთხოვ, არც ფულს… უბრალოდ, შენთან მინდა, ეგ არის და ეგ.
_ თაკო, მოვრჩეთ ამ ლაპარაკს. ეს დიალოგი არსად არ მიგვიყვანს, უაზრობაა მხოლოდ.
_ გემუდარები, არ წახვიდე .არაფერს არ გთხოვ, მხოლოდ შემეხე, მარტო ის მინდა, რომ ჩამეხუტო. არ ვიცი, რა მიზიდავს შენში ასე ძალიან, მაგრამ სურვილს ვერ ვერევი… _ ჩურჩულებდა გოგონა.
ყველაზე ვერაგული ამ წუთებში მხოლოდ ის იყო, რომ ირაკლის ერთხელ უკვე ჰქონდა მოსმენილი მსგავსი სიტყვები… ნანასგან. სწორედ თაკოს ბაგეებიდან მათი გამეორება იწვევდა მამაკაცში პროტესტს. პატარას კი არ ჰქონდა უფლება, ელაპარაკა და ეგრძნო ისე, როგორც ნანა გრძნობდა ოდესღაც. თაკო პატარა, განებივრებული თავხედი გოგონა იყო, ნანა კი… ნანა მისი სულის ნაწილი, მისი… თუმცა მაინც უღალატა მის სიყვარულს…
და ირაკლი მიხვდა, რომ თაკოს მიერ წარმოთქმული სწორედ ის ერთხელ გაგონილი სიტყვები მისი სულის დახურულ კარს ნელ-ნელა აღებდა. კარს, რომელიც მას აქამდე დაჯავშნული ეგონა.
თაკო მიუახლოვდა და მკლავები კისერზე მოხვია, ტუჩებით ყელზე შეეხო. ირაკლიმ ცივად მოიშორა გოგონას ათრთოლებული ხელები, ოდნავ უკან უბიძგა და ოთახი დატოვა.
ჯანდაბა! მის გულს ბაგაბუგი გააქვს, საგულეში აღარ ეტევა. რა ქნას, როგორ შეაგნებინოს, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება? კარს ხომ არ ჩაკეტავს, ბოლოს და ბოლოს? შეფიქრიანებული პირადი მცველი გარეთ გავიდა და სახლის შემოგარენის შემოწმებას შეუდგა. ცივი ნიავი ესიამოვნა. სახე ღამის სიბნელეს შეუშვირა. ოფლით დაცვაროდა მაღალი შუბლი. ახლაღა იგრძნო, როგორი დაძაბული იყო. ერთი ამოიგმინა და მოეშვა. კარგა ხანს იყურყუტა ეზოში, ყველა კუთხე-კუნჭული შეამოწმა და უკან შებრუნდა. ფრთხილად შეაღო ოთახის კარი… თაკო წასულიყო…
დაძინებაზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო. წამოწვა და ფიქრი განაგრძო. ცოტა არ იყოს, შერცხვა. დაამცირა ბავშვი. ასე არასდროს მოქცეულა, არასდროს დაუმცირებია ქალები. თან შეეცოდა… რცხვენოდა და ეცოდებოდა… და ეს ორი გრძნობა რაღაც შეუცნობლად ერწყმოდა მესამეს, რომლისთვისაც არ სურდა სახელი დაერქმია… თუმცა არც იყო საჭირო… ის თავად ირქმევდა სახელს… ეს სურვილი იყო. სწორედ ამ სურვილმა შეძლო მისი გაქვავებული გულის გათბობა…
ღამის დარჩენილი ნაწილი მამაკაცმა ნანაზე ფიქრს დაუთმო, გაიხსენა მისი ღალატი. თითქოს ახლა მიხვდა იმას, რაც წლების წინ გამოეპარა _ რას ნიშნავდა ქალის უმისამართო, მოხეტიალე ღიმილი, უმიზეზოდ რომ გამოეხატებოდა ტუჩებზე… მაშინ წამითაც არ უფიქრია ირაკლის, წამითაც ვერ ხვდებოდა, რომ ეს მოახლოებული სიყვარულის მაუწყებელი ღიმილი იყო, სხვა სიყვარულის და არა მისი… მაშინ ნანას ჯერ კიდევ უყვარდა იგი, ემზადებოდა მასთან გამოსათხოვებლად და სხვის შესაყვარებლად… მერე თანდათან გაუცხოვდა, გაცივდა, ცდილობდა გაქცეოდა მის სიახლოვეს… ვერც მაშინ მიხვდა ვერაფერს, ვერ მიხვდა, რადგან არ ელოდა, არ ეჯერა… რომ მიმხვდარიყო, შეეძლო კი მისი შეჩერება? ან იყო კი საჭირო შეეჩერებინა? ან იქნებ თავად უნდა ეთქვა, წადი, რადგან ასე გადაწყვიტე, წადი მასთანო?.. მაგრამ ირაკლიმ ვერ გაიგო, ვერ მიხვდა, ვერ შეამჩნია. ამიტომაც წავიდა მშვიდად ავღანეთში… ეგონა, დაელოდებოდა ქალი…
ბოლოს აღმოაჩინა, რომ ამ ყველაფერს ღალატი ერქვა. მისი საუკეთესო მეგობარი და საყვარელი ქალი დიდხანს ატყუებდნენ თურმე… შეეძლო ეპატიებინა ორივესთვის, მაგრამ არ აპატია, რადგან დარწმუნებული იყო თავის სიმართლეში _ ისინი უნდა მოსულიყვნენ მასთან და პირდაპირ ეთქვათ, ასე და ასეა, ძმაო, საქმე, ამიტომ უნდა გაგვიგო… გაუგებდა… გაუგებდა და აპატიებდა კიდეც… ასე კი რა გამოვიდა? საშინელება…
ახლა რას ფიქრობს? ახლა სხვა ჭკუაზეა. ახლა უკვე ხვდება, რომ ესმის მათი _ შეუძლებელს ითხოვდა ორივესგან. მისთვის რომ სიმართლე ეთქვათ, თავიანთ ურთიერთობაში უნდა ყოფილიყვნენ დარწმუნებულნი, ურთიერთობას კი დრო სჭირდება. ჰოდა, სწორედ ამ დროის უკმარისობა გახდა მიზეზი იმისა, რომ ისინი მალევე დაშორდნენ ერთმანეთს _ ნანამ ვერ იგუა განსხვავებული ტიპის მამაკაცი…
მერე შერიგება სთხოვა ირაკლის, პატიება…
არ შეურიგდა, არ აპატია…
ნანობს? არ იცის, არასდროს დაფიქრებულა ამაზე. არც ის იცის, რას განიცდიდა, როცა ხელახლა მობრუნებული თვალცრემლიანი ქალი უკან მიღებას სთხოვდა.
ისეთი გულგრილი იყოოო…
სწორედ ისეთი, როგორც ახლა, ორიოდე საათის წინ _ გულგრილობა და სურვილი ერთმანეთს ებრძოდა, მაგრამ თავად გრძნობას არ ერქვა სახელი, არ ერქვა, რადგან ის გრძნობა სიყვარული არ იყო…
არც სიძულვილი იყო… არც ზიზღი…
არ იცის, რა იყო…
რაღაც იყო… უსახელო… უგრძნობი და უსახური…
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>