_ სად მიდიხარ? _ დილით, უძილობისგან თვალებდაწითლებულმა თაკომ ირაკლი თავით ფეხებამდე შეათვალიერა.
_ წავალ, პროდუქტს მოვიტან, რაღაც ხომ უნდა ვჭამოთ, _ პირადმა მცველმა ტელეფონის ნომრის აკრეფა დაიწყო.
_ მეც წამოვალ, _ წამოხტა გოგონა.
_ არსადაც არ წამოხვალ, აქ იყავი და დამელოდე, მე მალე მოვბრუნდები, _ უბრძანა მამაკაცმა.
_ არა, წამოვალ, მომწყინდა შინ ჯდომა, გთხოვ, _ შეეხვეწა თაკო.
_ ალო, გიო, შენი ნახვა მინდა, სად იქნები?
_ …
_ უკვე გამოვდივარ… კარგი, მოვალ… ათ წუთში მანდ გავჩნდები. რა თქვი?.. ჰო, ფულიც მინდა და თან სალაპარაკო მაქვს… კარგი, კარგი, _ მორიელმა ყურმილი დაკიდა და თავი ჩაღუნა.
_ კატეგორიულად გიცხადებ, წამიყვანო. ცოტა სუფთა ჰაერს ჩავყლაპავ, ასე არ შემიძლია.
_ სად ჩაყლაპავ, მაღაზიაში? _ დასცინა ირაკლიმ.
_ თუნდაც, _ ჯიბრზე დადგა გოგონა, _ გარდა ამისა, შენ როგორ უნდა შეარჩიო პროდუქტი, რა გესმის ამის?
_ სია ჩამომიწერე, პატარავ და რაც საჭირო იქნება, ყველაფერს მოვიტან.
_ აბა, როგორ აგიწერო, მაგალითად, საქონლის ხორცის რა ნაჭერი მინდა? თვითონ უნდა ვნახო, _ ჯიუტობდა თაკო.
მამაკაცი გაჩუმდა.
_ ხომ წამიყვან? _ თაკო გვერდით მიუჯდა და მხარზე ხელი დაადო.
_ წამოდი, ჰა, რადგან არ იშლი… ოღონდ ერთი პირობით _ რასაც გეტყვი, უსიტყვოდ შეასრულებ, გასაგებია?
_ გასაგებია, _ გახარებული გოგონა სირბილით გაეშურა ტანსაცმლის გამოსაცვლელად.
_ დროზე, ორ წუთში მზად უნდა იყო, _ დაადევნა მამაკაცმა.
გოგონა მალევე მობრუნდა, სპორტულად ჩაეცვა _ ჯინსის შარვალი და თეთრი მაისური, გრძელი თმა აეწია და კეპიანი ქუდის ქვეშ დაემალა.
ირაკლიმ ჯერ გიოს გაუარა ოფისში, სადაც დაახლოებით ოცი წუთი დაჰყო, ფული გამოართვა, მომხდარზე დაელაპარაკა და დირექტივებიც მისცა, მერე კი თაკოსთან ერთად მარკეტი დალაშქრა.
მთელი კვირის მარაგი წამოიღეს. თაკომ ყველაფერი იყიდა, რაც მის გულს და გულს გაუხარდებოდა _ შოკოლადებით დაწყებული, ნაყინით და ჩიპსებით დამთავრებული. პატარა ბავშვივით იყო _ სასუსნავები უყვარდა.
_ ჩიპსებში შეიძლება ადამიანმა ამდენი ფული გადაყაროს? რა უცნაურები ხართ ეს მდიდრები, ფული რაში დახარჯოთ, არ იცით, _ საყვედურობდა უკანა გზაზე გოგონას.
ამ ლაპარაკში იყო, რომ მოულოდნელად სარკეში მათ უკან მომავალი შავი ჯიპი შენიშნა. არ შეიმჩნია, თან თაკოს ელაპარაკებოდა, თან სარკეს თვალს არ აცილებდა. აშკარა იყო, ვიღაც მოსდევდათ.
სანამ მოიფიქრებდა, რა გაეკეთებინა, ჯიპი უკვე მოახლოვდა. მიხვდა, მის მანქანას დაცხრილვა არ ასცდებოდა. მოულოდნელად დაამუხრუჭა და მარცხნივ აიღო საჭე. საბურავების გულისგამაწვრილებელი ღრჭიალი გაისმა.
_ თაკო, დაბლა ჩასრიალდი და შეძლებისდაგვარად დაიმალე, _ ხმადაბლა უთხრა გოგონას და მჭიდროდ დასახლებულ ვიწრო ქუჩაზე გადაუხვია.
რამდენიმე ხანს ოღრო-ჩოღრო გზით იარეს. მანქანის იატაკზე ჩაცუცქული თაკო ხელებით სავარძელს ჩაფრენოდა და თვალებგაფართოებული მისჩერებოდა პირად მცველს. მდევარი არსად ჩანდა. ნუთუ აუბნია გზა-კვალი? ამის გაფიქრება და შავმა ჯიპმა მერსედესს წინიდან ჩაუჭრა გზა. უცაბედად გამოსროლილი ტყვია საქარე მინას მოხვდა. თაკომ მთელი ხმით შეჰყვირა და იმის გაფიქრებაღა მოასწრო, ნაყიდი სურსათი აღარაფერში დაგვჭირდებაო.
ისინი ორმა გარემოებამ გადაარჩინა. ერთი ის, რომ მერსედესის მინები ტყვიაგაუმტარი იყო. მეორეც _ დაძაბული პირადი მცველი არ დაბნეულა, საჭეს მთელი ძალით ჩააფრინდა, მანქანა უკან დახია და მერე მთელი სისწრაფით გაექანა ჯიპისკენ, რომელშიც ორი შავსათვალიანი ტიპი იჯდა. ცოტაც და ორივე მანქანა ერთმანეთს შეასკდებოდა, მდევარს რომ არ შეშინებოდა, მძღოლმა მომენტალურად დაქოქა ჯიპი და მეორე ქუჩაზე შეუხვია.
ირაკლის მთელი სისწრაფით მიჰყავდა მანქანა. როგორც იქნა, მათი სახლი და დაცული ზონაც გამოჩნდა.
_ მეტჯერ ჭიშკრის გარეთ არ გახვალ, _ უხეშად მიუბრუნდა ფერწასული ირაკლი გოგონას, როცა მანქანა ფარეხში დააყენა, _ და მეორეჯერ არც იოცნებო, რომ ჩემი დაყოლიება სცადო. ეს პირველი იყო და უკანასკნელი. თუ არადა, გავეთავისუფლები და რაც გინდა, ის გააკეთე, _ დაამატა გაყინული ხმით.
თაკო დუმდა, პირადი მცველი მართალი იყო.
_ შეამჩნიე, ის ორი როგორ დაიბნა? ეს საუკეთესო მომენტი იყო მოლაპარაკებებისთვის, _ ხმა დაურბილდა მამაკაცს, ცოტათი გაიღიმა კიდეც, _ შენ რომ არ მჯდარიყავი მანქანაში, შენ გამო რომ არ შემშინებოდა, აუცილებლად გავჩერდებოდი და მკაცრად დაველაპარაკებოდი მათ… და ისე მკაცრად დაველაპარაკებოდი, ძვლებიც არ დარჩებოდა მათ სხეულზე მთელი.
_ მე რომ არ ვმჯდარიყავი მანქანაში, არც არავინ დაგედევნებოდა, სროლაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, _ ნიშნისმოგებით აღნიშნა გოგონამ.
ახლა ირაკლი გაჩუმდა. ამწუთას თაკო იყო მართალი.
მან გამჭოლი მზერა ესროლა მამაკაცს და გატრიალდა. სამზარეულოში შევიდა, რათა ნაყიდი პროდუქტები ამოელაგებინა და თავ-თავის ადგილას დაეწყო. ვერ დაეჯერებინა, რომ ვიღაცას მისი მოკვლა უნდოდა. სისულელედ ეჩვენებოდა, დაუჯერებლად. არადა, მცდელობა ნამდვილად იყო, ამ ფაქტს ვერ გაექცეოდა. ასეთ რამეს შემთხვევითობას ვერ მიაწერდა…
_ ირაკლი, ღმერთის გწამს? _ ჰკითხა მოგვიანებით, როცა სუფრას შლიდა.
_ არა, _ ხმადაბლა უპასუხა მამაკაცმა.
_ ბედისწერის?
_ შეიძლება…
_ აბა, მაშინ მითხარი. თუკი ბედისწერა აუცილებლად სიკვდილს გიმზადებს, ღირს კი წინააღმდეგობის გაწევა?
ირაკლი ჯერ გაჩუმდა, შემდეგ კი მძიმე, უცნაური ხმით ხმადაბლა თქვა.
_ ბედისწერა შენ გიცავს, თამარ და ეს უნდა დაინახო, ნუ სცოდავ მის წინაშე, უმადურობა არ უნდა გამოიჩინო.
«თამარ» _ მას არ შეუთავაზებია ირაკლისთვის, ასე ოფიციალურად მიემართა. აგერ, თითქმის ორ კვირაზე მეტია, ერთად ცხოვრობენ და ეს სახელი პირველად დაუძახა. რაში დასჭირდა? ნუთუ ამით უნდა აგრძნობინოს, რომ მათ შორის დაახლოების მანძილი არ შემცირდება? ვერც მისი უცნაური ხმის ტემბრს ჩაწვდა, რატომ შეეცვალა ასე ხმა პირად მცველს?
ამას მხოლოდ ღამით მიხვდა, როცა მამაკაცმა მორიგი შემოვლა განახორციელა. გოგონას ესმოდა მისი საოცრად მსუბუქი ნაბიჯების ხმა, მაქსიმალურად ჰაეროვანი და უწონო, თითქოს ცდილობდა, თავისი სხეულის სიმძიმე ჰაერში აეტანა. მისი წონის ადამიანისთვის ეს ნამდვილად არ იყო ადვილი მოსახერხებელი, მაგრამ თაკო მიხვდა, როგორ ახერხებდა იგი ამას. ავღანეთი… იქ ჯარისკაცებს სიარულსაც ასწავლიდნენ, ცოცვასაც, სროლასაც და… იმასაც, როგორ მომკვდარიყვნენ.
და ისინი კვდებოდნენ, ძალიან, ძალიან ახალგაზრდები, ცხოვრება ჯერ წესიერად არც ჰქონდათ დაწყებული, მათ ასახიჩრებდნენ, აგლეჯდნენ ხელებს და ფეხებს. ირაკლიმ კი შეძლო, ეს ყოველივე გადაეტანა, იმ საშინელებიდან მრთელი და უვნებელი გამომძვრალიყო. მას ბედისწერა იცავდა. სწორედ ამიტომ ჰქონდა უცნაური ხმა, როცა თაკოს მოძღვრავდა.
აი, თურმე რაშია საქმე _ მას ბედისწერა იცავდა. და მას, ირაკლის, როგორც სხვას არავის, ჰქონდა უფლება, მიეცა მისთვის შენიშვნა: «ნუ სცოდავ მის წინაშე, უმადურობა არ უნდა გამოიჩინო». ყოფილმა ჯარისკაცმა კარგად უწყოდა, რას ნიშნავდა ბედის გაღიმება.
პირადი მცველის ნაბიჯები მის კართან შეწყდა. სიჩუმეში მამაკაცი მის სუნთქვას უგდებდა ყურს. თაკო დაიძაბა, ოდნავ წამოიწია. შემოვა კი?
მას ამის სურვილი კლავდა, მაგრამ თან ეშინოდა კიდეც. რისი? თავადაც არ იცოდა. თან სურდა მისი სიახლოვე, თან შიში ეუფლებოდა. იქნებ ირაკლი მართალი იყო? მათ შორის ხომ ძალიან დიდი ასაკობრივი სხვაობაა? ეყვარება კი ბოლომდე? ვაითუ, მალევე მობეზრდეს? იქნებ არც უყვარს და მხოლოდ მისი სიძლიერე ხიბლავს და ეს ჰგონია სიყვარული? პატარა გოგონებს ხომ ჩვევიათ ძლიერი, დაკუნთული და იარაღიანი მამაკაცებით აღფრთოვანება? გარდა ამ სიძლიერისა, რა ხიბლავდა მასში? ის, რომ უცოლო იყო? თუ ნაიარევი სახეზე? თანაც ორი _ ერთი წარბთან, მეორე _ ტუჩის კუთხეში? არა მგონია, ასეთმა რამემ ბევრ ქალში გამოიწვიოს ვნებიანი ენთუზიაზმი. იქნებ მის თვალებში მიმალული იდუმალი ჭინკები? ან იქნებ ის, რომ მამაკაცი გამუდმებით მის გვერდით იყო და არც დღე, არც ღამე სხვაგან არ მიდიოდა? კი თქვა, სხვა მიყვარსო, მაგრამ ეს რომ მართალი იყოს, რა გული მოუთმენდა, ის სხვა ერთხელ მაინც არ ენახა ამდენი ხნის განმავლობაში? ტელეფონით მაინც ხომ მიაწვდენდა ხმას? იქნებ ერთადერთი, რაც მას სურს, ის არის, რომ მხოლოდ მოეფეროს, მისი სითბო იგრძნოს, მისი სიახლოვე, მის ფართო მკერდში თავჩარგულმა მშვიდად დაიძინოს? ამის გაფიქრებაზე გაეღიმა, რადგან კარგად იცოდა, რომ მისთვის ეს ძალიან მცირე იქნებოდა, თაკო ვერ დაკმაყოფილდებოდა ამ მცირედით, მას მეტი უნდოდა და ეს ნდომა იმდენად ძლიერი იყო, უკან არაფერზე დაიხევდა. რა მოხდება, მასაც რომ გაუჩნდეს იგივე სურვილი? ახლა, ამწუთას შემოვიდეს და ჩაეხუტოს, მოეფეროს, აკოცოს? რა მოხდება, თუკი მისი პირადი მცველი…
არაფერიც… არაფერიც არ მოხდა, არც მოიმოქმედა. გოგონას სმენას ისევ ჰაერვით მსუბუქი ნაბიჯების ხმა მისწვდა, რომელიც მის კარს თანდათან შორდებოდა.
სასოწარკვეთილი ბალიშზე პირდაღმა დაემხო და ჩაეხუტა. ძალიანაც კარგი, არ უნდა და ნუ უნდა, უმისოდაც იოლად გავა. ლოგინში ნახევარი საათის წრიალის შემდეგ, როგორც იქნა, ჩაეძინა…
… ჩაეძინა იმისთვის, რომ ირაკლის მკლავებში გაღვიძებოდა. ის მის გვერდით, თხელ საბანზე ზემოდან იწვა ჩაცმული და მხარზე ნაზად უსვამდა გოგონას ხელს.
მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა _ თაკოს დაურწმუნებელი მზერა, რომელსაც ეს ყველაფერი სიზმარი ეგონა და ირაკლის დაძაბული გამომეტყველება, თითქოს ეს-ესაა, დანაშაული ჩაიდინა და ბოდიშის მოსახდელად ემზადებაო…
_ როგორც იქნა, _ ჩურჩულით წარმოთქვა მამაკაცმა და ხელი ჩამოიღო მისი მხრიდან.
_ რა მოხდა? _ გარხევას ვერ ბედავდა თაკო.
_ მთელი ღამე ყვიროდი ძილში, ძალიან შემაშინე. კინაღამ სასწრაფოს გამოვუძახე. ცუდი სიზმარი გქონდა?
_ არაფერი მახსოვს, არ ვიცი, _ იგი გაოგნებული მისჩერებოდა პირად მცველს.
_ იძულებული გავხდი, ღამე აქ გამეთენებინა, მარტო ვერ გავბედე შენი დატოვება. იცი, რამდენჯერ სცადე წამოხტომა? სადღაც გარბოდი.
_ მართლა? ალბათ გუშინდელი საშინელება ჩამყვა.
_ ჰო, მეც ასე ვფიქრობ. მადლობა ღმერთს, გათენდა და შენც დამშვიდებულს გაგეღვიძა, _ გაუღიმა მამაკაცმა და წამოდგა.
როგორ არ უნდოდა თაკოს, ირაკლი ამდგარიყო, როგორ სიამოვნებდა, როცა მის გვერდით იწვა, როცა მისი ძლიერი მკლავების სიმხურვალე ათბობდა. ადვილი შესაგრძნობი იყო, როგორ წყუროდა ამ მკლავებს ქალის სინაზე, ალერსი… ქალური ალღოთი იმასაც მიხვდა, რომ მამაკაცი მზად იყო მის შესაყვარებლად. ერთი ნაბიჯიღა იყო დარჩენილი _ საკმარისი იყო, თაკოს ახლა ხელები გაეწვდინა, მის მკერდს შეხებოდა, რომ მამაკაცი თავდავიწყებით გადაეშვებოდა ვნების მორევში, მაგრამ… რატომღაც…. არ მოინდომა…
ირაკლი უთქმელად გავიდა, უკან არ მოუხედავს. და უზარმაზარი სითბო დატოვა. სწორედ ამ სითბოსგან გრძნობდა თავს თაკო სრულიად დაუცველად. ეს თანაგრძნობის სითბო უფრო იყო, ვიდრე სიყვარულის, ნდომის ან მონატრების.
ამიტომაც არ მოინდომა…
და სწორადაც მოიქცა…
კარგი ქნა, რომ არ მოინდომა…
ცოტა ხნით ისიც იყოს მოლოდინში, ცოტათი ისიც დაიტანჯოს, არაფერი უჭირს. ეს უფრო დიდი ნაბიჯი იქნება შემდგომი დაახლოებისკენ. ვერაგული ხრიკია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ამართლებს. ალბათ იმიტომ, რომ უბოროტო ხრიკია, დამსახურებული სიყვარულის მოსაპოვებლად მიმართული.
კარგი ქნა, რომ არ მოინდომა…
და თვალები ცრემლებით აევსო.
რამდენი წელია, მარტოსულად გრძნობს თავს… მას შემდეგ, რაც დედა აღარ ჰყავს. სანამ მამა მეორედ დაქორწინდებოდა, თითქოს კიდევ არა უშავდა, მაგრამ მერის ოჯახში შემოსვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა სიტუაცია. იგი საბოლოოდ გარიყული აღმოჩნდა. მისთვის აღარავის ეცალა, მამას _ განსაკუთრებით. ყურადღების ცენტრში მხოლოდ მერი იმყოფებოდა _ ყველანი მის გარშემო ტრიალებდნენ, ყველანი მის დაკრულზე ცეკვავდნენ, მისით იყვნენ აღფრთოვანებულნი, მხოლოდ მისთვის არ ენანებოდათ ქათინაურები, მხოლოდ მისთვის ეშურებოდნენ კომპლიმენტებს და… იყო ერთი გნიასი. თაკო ვიღას ახსოვდა.
რა უცნაურია… ოდესღაც ის ბედნიერი იყო და თავს დაცულად გრძნობდა.
მერე უბედური გახდა და, თავისთავად _ დაუცველიც.
ახლა? ახლა ისევ დაცულად გრძნობს თავს _ ირაკლი მის გვერდითაა, მის გამო სიცოცხლეს უანგაროდ სწირავს. ეს რას ნიშნავს? ნუთუ კვლავ ბედნიერია? თუ ასე არ არის, მაშინ რატომ გრძნობს თავს ასე დაცულად? ჰო, ბედნიერია, მისი არსებობით არის ბედნიერი, მისი ახლოს ყოფნით არის ბედნიერი და კიდევ იმით, რომ… მამაკაციც მზად არის ამ ბედნიერების მისაღებად და გასაზიარებლად. ამაში თაკო ღრმად არის დარწმუნებული. ცრემლები მოიწმინდა და უმისამართოდ გაიღიმა. მოულოდნელად კარი გაიღო და ირაკლიმ შემოიხედა.
_ რა გჭირს, თამარ?! _ გაოცებული დააკვირდა.
გოგონას მეტიც არ უნდოდა, ღრიალი მორთო. გულამოსკვნით ტიროდა, თან რცხვენოდა, რადგან ამ ცრემლების ახსნა არ შეეძლო, ამავდროულად, ეგონა, რომ ხმამაღალი ქვითინით თავის უსუსურობას უსვამდა ხაზს, თავის სისუსტეს და იგი საყვარელი მამაკაცის თვალში ძლიერი ქალის იმიჯს სამუდამოდ დაკარგავდა.
_ მაპატიე, მეტს აღარ ვიზამ, მაპატიე… თავი ვერ შევიკავე, _ სლუკუნით იმეორებდა.
ირაკლი საწოლზე ჩამოჯდა და მისი თავი მკერდზე მიიხუტა. თაკო რაღაცას უხსნიდა, ძალიან რთულად და ძალიან გრძლად. ირაკლი კარგა ხანს უსმენდა, მაგრამ მისი ნათქვამიდან ვერაფერი გაიგო და ბოლოს შეაწყვეტინა.
_ რა სისულელეა, სანამდე გინდა გისმინო? ადექი და მაჭამე რამე, კუჭი მიხმება.
გაგრძელება იქნება