გემრიელად ისაუზმეს. როცა ყავის სმაზე გადავიდნენ, ირაკლი მხოლოდ მაშინ ალაპარაკდა.
_ უკან, ეზოში, ბლის ხესთან, გალავნის ქვეშ მიწაა გამოთხრილი, დილით შევამჩნიე. დაცვის გაძლიერება მოგვიწევს, ასე შეიძლება რამე გამომეპაროს. დაცვას უკვე შევატყობინე, საჭირო ზომებს მიიღებენ.
_ კიდევ ვინმე უნდა მოვიდეს? _ ყურადღებით მიაჩერდა გოგონა.
_ ჰო, რამდენიმე კაცს უახლოეს დღეებში გამოგზავნიან, როგორც გამოთავისუფლდებიან სხვა საქმეებიდან, იმის მიხედვით. იქამდე მოგვიწევს უფრო ფხიზლად ყოფნა.
_ მე-ეც?
_ შენ არა, ჩვენ, ვინც დაცვაში ვართ, იმათ, _ გაეცინა ირაკლის.
_ დიდი ორმოა?
_ ორმო არ არის, უფრო თხრილია, უკვე ამოვავსეთ. როგორც ჩანს, დილამდე ვერ მოასწრეს კარგად გამოთხრა, ინათა თუ არა, მიატოვეს და გაიქცნენ.
_ ღმერთო ჩემო, რა უნდა ჩემგან, მე რა დავაშავე? თუ ასეთი მაგრები არიან, მამაჩემი ეძებონ, მე რა შუაში ვარ? იმდენს კი ვერ ხვდებიან, რომ მე ასეთი ღირებული არ ვარ მამაჩემისთვის.
_ ნუ ამბობ ასე. გურამს ძალიან უყვარხარ, ვიცი.
_ კი, როგორ არა, დღედაღამ ჩემზე ფიქრობს! სულ ფეხებზე არ ვკიდივარ? მაგას მარტო თავისი მერი აინტერესებს და მეტი არავინ.
_ მეტჯერ არ გაიმეორო ეს სიტყვები, გასაგებია? თუ რამე პრეტენზიები გაქვს, მამაშენს მოახსენე, ჩემთან არ გინდა ამაზე ლაპარაკი.
_ კარგი, მაპატიე. შენს ძმაკაცს ელაპარაკე?
_ რომელ ძმაკაცს?
_ გიგას.
_ რა თქმა უნდა, წუხელვე დავურეკე და ყველაფერი მოვუყევი.
_ მერე?
_ მერედა, იმ «ჯიპის» პატრონის ვინაობას დაადგენენ და გამოიძახებენ დასაკითხად.
_ როგორ უნდა დაადგინონ?
_ ნომრის და სერიის მიხედვით.
_ ნომერი საიდან უნდა გაიგონ?
_ გაიგეს უკვე, მე ვუთხარი.
_ შე-ენ? _ თვალები დააჭყიტა თაკომ, _ შენ რა, იმ მომენტში მაგის თავი გქონდა, რომ ნომრები წაგეკითხა და დაგემახსოვრებინა?
_ ეს ჩემი პროფესიაა, სხვა რა მევალება? _ უდარდელად აიჩეჩა მხრები მორიელმა.
_ ნუთუ ასეთი მაგარი ხარ, თუ ჩემს მოსაჩვენებლად აკეთებ ამას? _ ეჭვნარევი მზერა ესროლა გოგონამ.
_ ნუ მაბრალებ იმას, რაც არაფერში მჭირდება. მე მხოლოდ ჩემს საქმეს ვაკეთებ, იმას, რაშიც ფულს მიხდიან. მორჩა და გათავდა.
_ დავიჯერო, მხოლოდ ფულის გამო მიცავ ასე გულმოდგინედ?
მამაკაცი ადგილზე გაქვავდა. თაკოს მოეჩვენა, რომ წამით სიფითრემ გადაუარა სახეზე.
_ მხოლოდ ფულის გამო არა, _ თქვა მოგვიანებით, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ და ჩანგლით ყავის ფინჯანს აუტეხა წკარუნი.
_ აბა, კიდევ რისთვის? _ არ მოეშვა გოგონა.
მამაკაცმა თვალები ასწია და ჯიქურ მიაჩერდა.
_ იმ სიყვარულისთვის, რომელიც შენ დამანახვე…
თაკოს ეჩვენებოდა, თითქოს ირაკლი შფოთავდა, როცა მას ვერ ხედავდა. გოგონას ეს სიამოვნებას გვრიდა და რამდენჯერმე განგებ გაარიდა თავი მის სიახლოვეს ყოფნას. ერთხელ ოთახში გამოიკეტა და ძილი გამოაცხო, მეორედ ვითომ წიგნის კითხვამ გაიტაცა… გარკვეული დროის შემდეგ, დაბლა რომ ჩამოვიდოდა, დაკვირვებით შეათვალიერებდა მამაკაცს და კმაყოფილების ღიმილი გადაეფინებოდა სახეზე _ ირაკლის აშკარად ეტყობოდა აღელვება. თუმცა ასეთი ხრიკი იშვიათად გასდიოდა, რადგან მორიელი დაჟინებით მოითხოვდა, გოგონა გამუდმებით მის გვერდით ყოფილიყო.
ვერაფერი დიასახლისი იყო, მაგრამ რაღაც-რაღაცების მომზადება ეხერხებოდა. ირაკლიც ეხმარებოდა, მას მეტი გამოცდილება ჰქონდა ამ საქმეში, ამდენი წელია, მარტო ცხოვრობდა და ძალაუნებურად უწევდა კერძების მომზადება. თაკოც ნელ-ნელა სწავლობდა იმას, რაც თავად არ იცოდა.
საღამოხანს ტეფტელი მოამზადა ტომატის სოუსში. მერე პირად მცველს დაუძახა და გემრიელად შეექცნენ. თაკოს მოსწონდა ეს პროცესი. ამ მომენტს ისე ელოდებოდა, როგორც პაემანს. ყველაზე საინტერესო ვახშმის შემდეგ იწყებოდა. ირაკლის თითქმის მთელი ღამე არ ეძინა, ხან შემოვლას აწარმოებდა, ხანაც აივანზე იჯდა და ღამის თბილისს გადაჰყურებდა. თაკოსაც მეტი რა უნდოდა, გვერდით მიუჯდებოდა და ყურებს ათასნაირი სისულელით უჭედავდა. იმ საღამოსაც იგივე განმეორდა. ამჯერად გოგონამ თავის ესკიზებზე ჩამოაგდო ლაპარაკი. ირაკლის ამ საქმის არაფერი ესმოდა, მაგრამ ხედავდა, რომ გოგონას მის აზრი აინტერესებდა, ამიტომაც ძალაუნებურად ჩაება საუბარში, თან დაიძაბა. ხელოვნებაში იგი ნაკლებად ერკვეოდა, თუმცა ამავდროულად, უხაროდა, თაკო აზრს რომ ეკითხებოდა.
_ აბა, ამაზე რას მეტყვი? მითხარი, რა არ მოგწონს? _ თაკომ ესკიზი წინ დაუდო და ეშმაკურად ახედა.
_ ჩემი აზრით, ცოტა პიჟონურია, _ თქვა ირაკლიმ, ნახატი გულდასმით რომ შეათვალიერა, თან შეიშმუშნა, უხერხულობას გრძნობდა ელაპარაკა იმაზე, რაზეც წარმოდგენაც არ ჰქონდა.
_ თამამად, თამამად, ნუ გერიდება, მამაკაცის აზრს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, მათი ხედვა უფრო გასათვალისწინებელია, ვიდრე ქალების, _ გაამხნევა თაკომ, _ გეთანხმები… რასაც შენ ამბობ, სრული სიმართლეა, მაგრამ არსებობს მაღალი მოდა და არსებობს პრაქტიკული მოდა. მაღალ მოდას ფუნქციური დატვირთვა არ გააჩნია, ეს უფრო პოეტური ბოდვაა, ფანტაზიების აღმაფრენა, შემოქმედება. იგი სილამაზისთვის იქმნება და არა ყოველდღიური ცხოვრებისთვის.
ირაკლი მიხვდა, რომ გოგონა მართალი იყო, დაეთანხმა კიდეც, მაგრამ მორიგი ესკიზის გარჩევისას მაინც თავისებური კრიტიკა გამოუვიდა.
თაკო აკისკისდა, პირად მცველს სულ გამოუსწორებელი პრაქტიკოსი ეძახა.
ჰო, ირაკლი გამოუსწორებელი იყო. ძნელად თუ გადაათქმევინებდი თავის აზრს, ძალიან ძნელად. ასეთ რამეებში მხოლოდ გიგას უჯერებდა, უჯერებდა იმიტომ, რომ მას თვალდახუჭული ენდობოდა.
მერე თაკო დასაძინებლად წავიდა…
ამ ბოლო დროს იგი ძილში ხშირად ტიროდა. წუხელ ღამეც ტიროდა, ახლაც ესმის მისი ტირილი…
როგორ უნდოდა, ამ დროს შესულიყო მასთან, მოფერებოდა, თმაზე გადაესვა ხელი, დაემშვიდებინა, მაგრამ… ვერ ბედავდა.
მოეჩვენა, რომ ამ ღამეს გოგონა განსაკუთრებით მწარედ ქვითინებდა. სიტყვებიც კი გაარჩია _ დედას ეძახდა.
ვერ მოითმინა. შეეცოდა ბავშვი. მძიმედ წამოდგა და მის ოთახს მიაშურა. ფრთხილად შეაღო საძინებლის კარი. საწოლს მიუახლოვდა. გოგონა ძილში რაღაცას ბოდავდა და ყრუ ხმით ტიროდა.
ირაკლიმ საათს დახედა. ათი წუთი, მხოლოდ ათი წუთი გაჩერდება და მერე თავის ადგილს დაუბრუნდება. მეტი არც ერთი წუთი! გააფრთხილა თავისი თავი… თუმცა იქამდე ათი წუთი აქვს…
ფრთხილად მიუწვა ზურგშექცევით მძინარეს და წელზე ხელი გადასდო, ტუჩები ყურთან მიუტანა და ჩასჩურჩულა.
_ არ იტირო, პატარავ. დედა აქ არ არის, მაგრამ მე ვარ შენ გვერდით, ყოველთვის ვიქნები. მე დაგიცავ ყველა უბედურებისგან, გპირდები… გჯეროდეს ამის…
მოულოდნელად გოგონა გადმოტრიალდა და მთელი სხეულით მიეკრა. იმას, რაც იმ წუთებში ირაკლიმ განიცადა, ტკბილი ტანჯვა ერქვა. საბოლოოდ მიხვდა, რომ ეს პატარა მისთვის ყველაზე სასურველი არსება იყო დედამიწის ზურგზე. აზრი არ ჰქონდა თავის მოტყუებას.
თაკომ მოულოდნელად თვალები გაახილა.
_ ირაკლი, შენ ხარ?
_ ჰო, მე ვარ.
თვალცრემლიანმა კიდევ უფრო ახლოს მიიწია მისკენ.
_ ვტიროდი, არა?
_ ჰო.
_ და შენ პირველად არ მოდიხარ ჩემთან ასეთ დროს…
_ მეორედ.
მისი ხელი თაკოს სხეულზე დარჩა.
_ მაპატიე, განგებ არ მიქნია…
_ არ გინდა, მე ვიცი…
_ არ მინდა იფიქრო, რომ…
_ არაფერს არ ვფიქრობ, პრინცესა. შენ ტიროდი, მე დასამშვიდებლად მოვედი. სულ ეს არის.
_ რომ იცოდე, რა კარგი ხარ, _ ამოიოხრა გოგონამ და ჩაეხუტა.
რის ფასად უჯდებოდა ირაკლის ეს მომენტი, მხოლოდ მან უწყოდა. პასუხი არ გაუცია, თმაზე მოეფერა მხოლოდ… და საათის ციფერბლატს გახედა. შეპირებული ათი წუთიდან სამიღა დარჩენილიყო.
სამი წუთი, მხოლოდ სამი… როგორმე გაუძლებს…
თაკოს კი… მისდა გასაოცრად, ისევ ჩაეძინა. დარჩენილი სამი წუთიც მიიწურა. გარხევის შეეშინდა, არ უნდოდა, გოგონა გაეღვიძებინა.
იმწუთას თავი მამად წარმოიდგინა, რომელსაც ერთადერთი და საყვარელი ქალიშვილი ეხუტებოდა, რომელიც სიბნელემ და ცუდმა სიზმარმა შეაშინა…
ფრთხილად აიღო ხელი და წამოდგა…
და სახლის შესამოწმებლად წავიდა.
და რის ფასად უჯდებოდა ეს ყოველივე, მხოლოდ მან უწყოდა…
გაგრძელება იქნება
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>