…შუქი ჩაქრა… ატრაქციონი ჩაბნელდა… პარკი დაიხურა…
ძალაგამოცლილი ირაკლი ზურგზე გაწვა. აჰა, მორჩა… მან შეასრულა თავისი მოვალეობა, ითამაშა თავისი როლი. მოიქცა კი სწორად? ალბათ არა და ამას ვერასდროს აპატიებს თავის თავს…
აი, გათენდება და ხვალ ისევ ისეთივე ირაკლი გახდება, როგორიც აქამდე იყო. ეს არასდროს განმეორდება. მას არ ჰქონდა ამის უფლება, მით უმეტეს - შეყვარების. ეს დიდი შეცდომაა მისი მხრიდან.
მოულოდნელად მკვეთრი მოძრაობით წამოჯდა საწოლზე.
- რა დაგემართა, ირაკლი?
არ იცოდა, რა ეპასუხა. უნდოდა, ამდგარიყო და წასულიყო, მაგრამ არ უნდოდა, თაკოსთვის ეწყენინებინა. ამიტომ კვლავ დაწვა, ჩუმად, გაუნძრევლად. ვერ ხვდებოდა, რა ეთქვა, რა მოემოქმედებინა.
- არ მეტყვი, რა გჭირს? - ჩაეძია თაკო.
- კარგი, გეტყვი, - ამოთქვა რამდენიმე წუთის შემდეგ, - ეს უსინდისობა იყო ჩემი მხრიდან…
გაუჭირდა ამ სიტყვების წარმოთქმა, მაგრამ მაინც თქვა…
თაკოს პასუხი არ გაუცია. ირაკლიმ გააგრძელა.
- შენ კარგი გოგო ხარ, არაჩვეულებრივად კარგი, ძალიან მომწონხარ, თავს დიდებულად ვგრძნობ შენ გვერდით, მაგრამ… არ მინდა მოგატყუო… ეს სიყვარული არ არის.
გოგონა შეირხა… მერე ძალიან ნელა წამოიწია, გვერდულად მოტრიალდა და მამაკაცს თვალებში ჩააშტერდა.
- საუკეთესო დრო იყო აღიარებისთვის… ვერაფერს იტყვი… მე მხოლოდ ერთი რამ შემიძლია გითხრა. მე შენ სიგიჟემდე მიყვარხარ და უსაშველოდ მჭირდები, - იგი ერთხანს გაჩუმდა და მერე მშვიდად გააგრძელა, - ახლა, როგორც გინდა, ისე მოიქეცი. შეგიძლია წახვიდე, მე გაგიგებ.
ამის მაგივრად მორიელი მისკენ შებრუნდა, ხელები მოხვია და საწოლზე წამოაწვინა…
ისევ აბრდღვიალდა შუქი… ისევ აციმციმდნენ ლამპიონები… ისევ ახმაურდნენ თავბრუდამხვევი ატრაქციონები…
მამაკაცს კვლავ უყვარდა გოგონა…
დიდხანს და ნაზად…
ისე, როგორც შეეძლო… როგორც საჭირო იყო…
უყვარდა ისე, როგორც შეიძლება უყვარდეთ ქალი…
- ირაკლი, - დაიჩურჩულა თაკომ, - შენ რომ იცოდე…
მაგრამ მას არ უნდოდა არაფრის ცოდნა. მამაკაცმა ქალის სიტყვები კოცნით ჩაახშო… ალერსით აავსო… მოფერებით დაახრჩო…
მერე თქვა, შემოვლის დროაო და ადგა…
და წავიდა… მისი პირადი მცველი…
მამაკაცი, რომელსაც ბრმად ენდობოდა…
ბედნიერებისგან სახეგაბრწყინებული თაკო ბალიშს ჩაეხუტა და ღრმა ძილს მისცა თავი.
ეზოდან შემოსულმა პირველი სართული დაიარა და მეორეზე ავიდა. უხმაუროდ მიუახლოვდა თაკოს საძინებლის კარს. სიჩუმე იყო. ძალიანაც კარგი. მართალია, ეს სიჩუმე ხელს უშლიდა ირაკლის, კიდევ ერთხელ შესულიყო მის ოთახში, მაგრამ ამწუთას ასე ჯობდა…
ირაკლის ისეთი წარმოდგენა ჰქონდა, თუ ორივე ოთახს მასპინძელივით თავისად დაიგულებდა და უკითხავად შეძლებდა იქ შესვლას, მთელი სახლის პატრონის როლში აღმოჩნდებოდა. ეს კი არ იქნებოდა მართებული… რას იფიქრებს გურამი? ჩემი არყოფნით ისარგებლა და ჩემს შვილს და ქონებას ერთიანად დაეპატრონაო? არა, ასე არ შეიძლება. მას თავისი კლიენტი არ უნდა შეუყვარდეს, ეს აკრძალულია, ეს წესი არ არის. ამისთვის დაისჯება…
ნეტავ შეეძლოს, ყოველდღე თავისი სახლიდან იაროს… ნეტავ დღისით მაინც არ იყოს თაკოზე თავდასხმის საშიშროება, მაგრამ, ვაი, რომ ასე არ არის. არადა, ასე რომ ყოფილიყო, მარისაც მეტ ყურადღებას მიაქცევდა. ვინ იცის, როგორ იქცევა მის არყოფნაში, ზედმეტად ბევრი თავისუფლება აქვს მინიჭებული. ცოტას მაინც გააკონტროლებდა… თუმცა, მარი არასდროს იღებს მის შენიშვნებს. «ჯერ საკუთარი შვილები გააჩინე და მე მერე მასწავლე ჭკუა!» - გაახსენდა პირად მცველს დისშვილის გაღიზიანებული რეპლიკა... არადა, მარი მართალი იყო. დროა, საკუთარი ჰყავდეს, დიდი ხანია, დროა… ამისთვის კი ცოლის შერთვაა აუცილებელი, დაქორწინება… ამ აზრმა გუნება გაუფუჭა. ვერც კი შეამჩნია, როგორ მიეჭყლიტა შუბლით დერეფნის ფანჯრის მინას, ღამის სიბნელეს თვალებმიშტერებული.
რას ნიშნავს დაქორწინება? ვისზე უნდა დაქორწინდეს? ადრე ამ საქმიდან არაფერი გამოუვიდა, ახლა - მით უმეტეს… ახლა თაკოთია მოწამლული, მაგრამ ესმის, რომ არ შეუძლია მის გვერდით იყოს, ისინი შესაფერისი წყვილი არ არიან ერთმანეთისთვის… მაგრამ… აწი მთელი ცხოვრება დაიწყებს მისნაირის ძებნას, თაკოსნაირის - თავისი ურთიერთგამომრიცხავი დადებითი და უარყოფითი თვისებების ერთობლიობით. მასში დელიკატურობა, სიკეთე, უკმეხობა გასაოცრად იყო შერწყმული ნატიფ სულთან, შინაგან სიძლიერესთან, სიმამაცესთან… მკვეთრად გამოხატული ხასიათი ჰქონდა, დამოუკიდებელი იყო, ინდივიდუალური - ქალი თავისი სამყაროთი, თავისი საქმითა და მრავალფეროვანი ცხოვრებით… თავისი მიზნებითა და სწრაფვით…
აი, ირაკლის კი არ გააჩნდა თავისი სამყარო. და არც ის იცოდა, რა დანიშნულება ჰქონდა მის არსებობას, რა მისია დააკისრა განგებამ, რისთვის მოევლინა დედამიწას? არც ოჯახი ჰყავდა, არც შვილები. არაფერი ამქვეყნად არ გააჩნდა… როგორც ღატაკს. სამსახური ჰქონდა ერთადერთი. თუ ამას სამსახური ჰქვია! გამუდმებით სიკვდილის შიში! გამუდმებით სხვისი დაცვა. რა რჯიდა, რატომ მიუბრუნდა ძველ პროფესიას? ნუთუ ესეც ბედისწერა იყო? როდის უნდა მოიცალოს პირადი ცხოვრებისთვის? ჰმ, რა გვიან გაახსენდა პირადი ცხოვრება…
გააჟრჟოლა. უსიამოვნო ფიქრების თავიდან მოშორება გადაწყვიტა. შუბლი მინას მოაცილა, სამზარეულოში უხმაუროდ ჩავიდა და ყავის მოდუღებას შეუდგა…
მერე ფინჯნით ხელში კიდევ ერთხელ დაიარა სახლი. იცოდა, ზედმეტი იყო ხელმეორე შემოვლა, მაგრამ დრო გაჰყავდა, უნდოდა, რაღაცით დაკავებულიყო, რადგან მაღლა ასვლას გაურბოდა, ფეხები არ ემორჩილებოდნენ, თავისით მიემართებოდნენ თაკოს საძინებლისკენ.
იქ შესვლის უფლება კი არ ჰქონდა… ყველაფერი გააფუჭა და გამოსწორებას ახლა ცდილობდა…
არა, არა და არა! ამას მეტჯერ აღარ გაიმეორებს.
დიდხანს ებრძოდა თავს… სიმწრის ოფლმა დაასხა. ეს რა გამოცდა მოუწყო ბედისწერამ, ეს რა დღეში ჩააგდო… რა ქნას, თუ თაკოსთან უნდა? რატომ უნდა ასე ძლიერად?
იმიტომ, რომ…
იმიტომ, რომ შეყვარებულია… აი, რატომ. ყველაფერი დღესავით ნათელია! მაინც არ შევა. მას აქვს ამის ნებისყოფა!
…ისე გათენდა, ირაკლი არ მიბრუნებულა მასთან…
…იგი დილის რიჟრაჟს თავის ოთახში შეხვდა…
თვალებში აცრემლებულ ძილგატეხილ ჭინკებთან ერთად.
მკლავზე სურვილით მოცახცახე მორიელის სვირინგთან ერთად…
ამ ფიქრებში გართულმა ირაკლიმ კიდევ ერთხელ დაამთავრა შემოვლა, მერე ცივი წყალი გადაივლო და ძალაგამოცლილმა ლოგინს მიაშურა. თავი ბალიშზე დადო თუ არა, მაშინვე ჩაეძინა…
ნანა ესიზმრა… რამდენი ღამეა, არ დასიზმრებია… სადღაც გაშლილ ველზე იყვნენ, რომელსაც მდინარე ჩაუდიოდა. ნანა იქითა ნაპირზე იდგა, სრულიად შიშველი და ირაკლის ბროწეულისფერ თხელ შარფს ნაზად უქნევდა. მორიელს საიდანღაც ახსოვდა ეს შარფი, ზუსტად ეს ფერი, სურნელიც კი დაამახსოვრდა მისი - ინგლისური დასახელების უძვირფასესი ფრანგული სუნამოსი, თუმცა სახელი სიზმარში ვერ გაიხსენა… და იგი გარბოდა ამ ქალისკენ, ამ სხეულისკენ, რადგან… მასში იყო თავმოყრილი მისი ბედნიერების თავიც და ბოლოც, დასაწყისიც და დასასრულიც… მთელი მისი ცხოვრების აზრი… მაგრამ მეორე ნაპირი თანდათან წყალში იძირებოდა, როგორც კი ირაკლი ბალახზე ფეხს დაადგამდა, მიწა ნელ-ნელა რღვევას იწყებდა და მის ნაკვალევზე ჭაობი ჩნდებოდა. მამაკაცი მძიმედ იძირებოდა მწვანე მახეში. ცდილობდა, ამომძვრალიყო, მაგრამ მისი ყველა მცდელობა უშედეგოდ მთავრდებოდა. ამის გამო იძულებული ხდებოდა, ძველ ადგილს დაბრუნებოდა. ერთი ნაბიჯითაც ვერ შეძლო მიახლოებოდა სანუკვარ ქალს, ის კი უქნევდა და უქნევდა შარფს, იცინოდა და იცინოდა…
შემდეგ მის სმენას გასროლის ხმა მისწვდა და მიხვდა, რომ თაკოს ესროდნენ. უკან მოიხედა… მართლაც თაკო დალანდა. ახლა მისკენ გადაწყვიტა გაქცევა, რათა მიშველებოდა, მახრჩობელა მინდორი კი ამის საშუალებასაც არ აძლევდა. ირაკლი დაჭაობებული ველის ტყვე აღმოჩნდა - იგი არც პირველი ქალისკენ უშვებდა მამაკაცს და არც მეორისკენ…
მოულოდნელად თვალები გაახილა… თავის საწოლში იწვა. მთელმა ღამემ თვალწინ გაურბინა. ნახევრად ძილბურანში მყოფმა თავდაპირველად ვერც გაარჩია, რა იყო ცხადი და რა სიზმარი, ისე აერია გონებაში ყველაფერი. ჰო, თაკოსთან იყო… ჰო, რაღაც მოხდა, მაგრამ… რა მოხდა? რა იყო ეს? რატომ მოხდა? რისთვის? გამოფიტვა, თავზარდაცემა, შეცბუნება, აღგზნება, კმაყოფილება, აღტაცება… - ერთმანეთის საპირისპირო გრძნობების აღრევა ხდებოდა მის სულში, სრულ ქაოსს მოეცვა იგი…
ადგომის თავი არ ჰქონდა. ფანჯარაში გაიხედა, უკვე გათენებულიყო. ყური მიუგდო. სახლი სიჩუმეში ჩაფლულიყო. არა, ვიღაცის ნაბიჯების ხმა ესმის… მსუბუქი, თაკოსეული… ასე მხოლოდ თაკო დადის, სხვა არავინ…
კარი გაიღო და ის შემოვიდა თხელ, გამჭვირვალე ბროწეულისფერ პენუარში მოლივლივე. ეს ის ფერია, სიზმარში რომ ნახა, მაგრამ შარფი? ის შარფი საიდან ახსოვს? ჰო, გაახსენდა… ის შარფი მერის ეკეთა ხოლმე, გურამის მეორე ცოლს… ბოლოს იმ ღამეს ნახა, აეროპორტში რომ აცილებდა, ყელზე მსუბუქად ჰქონდა შემოხვეული…
- გაიღვიძე? - ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა გოგონამ. თმაგაწეწილს სახე გაფითრებოდა, თვალების ირგვლივ შავი ჩრდილები გასჩენოდა.
ირაკლი საწოლზე წამოჯდა. არ იცოდა, როგორი რეაგირება უნდა მოეხდინა თაკოს ფამილარული ღიმილით ნათქვამ «გაიღვიძეზე». მან არ იცოდა, ელაპარაკა თუ არ ელაპარაკა ასეთი ბობოქარი, ასეთი ვნებიანი ღამის შემდეგ. ერთი რამ, რაც დანამდვილებით იცოდა, რომ უნდოდა, შეკითხვა იყო: «რატომ, რა საჭირო იყო ეს ყველაფერი? რაში სჭირდება თაკოს მისი სიყვარული?» მაგრამ ხვდებოდა, რომ შეკითხვა უაზრო იყო, რადგან გოგონა პასუხს არ გასცემდა, თუმცა ამწუთას ეს ყველაზე ნაკლებად აინტერესებდა. მას უფრო მნიშვნელოვანი და უფრო სერიოზული თემები ჰქონდა თაკოსთან ერთად განსახილველი.
გაგრძელება იქნება