- დილა მშვიდობისა, - მისასალმებლად პირადმა მცველმა ყველაზე ნეიტრალური ტონი აირჩია, - ადრე გაგიღვიძია, მეგონა, ჯერ შუა ძილში იქნებოდი…
თაკომ მისკენ საკოცნელად გაიწია, მაგრამ მამაკაცმა ცივად დაუხვედრა ხელი და უცნაურად გაუღიმა.
- ახლა ამის დრო არ არის, წადი, ჩაიცვი, სალაპარაკო გვაქვს! - მისდა უნებურად, მაინც გულგრილად გამოუვიდა.
გოგონას ღიმილი პირზე შეაშრა. ისედაც ჩაშავებული თვალის უპეები უფრო ჩაუშავდა. ერთხანს გაქვავებული იჯდა მის საწოლზე და თვალს ადევნებდა, როგორ იცვამდა მამაკაცი. მერე მძიმედ წამოდგა, თავი დაღუნა და ისე გავიდა ოთახიდან, სიტყვა არ დაუძრავს. ირაკლიმ ნაღვლიანი მზერა გააყოლა…
საუზმემ დუმილით ჩაიარა. ორივე უგულოდ ილუკმებოდა. ირაკლის კინაღამ ყელში გაეჩხირა შემწვარი კარტოფილი.
- არ მეტყვი, რა უნდა მითხრა? - სიჩუმე გოგონამ დაარღვია, დანა-ჩანგალი დადო, თითები ერთმანეთში გადახლართა და პირად მცველს მიაჩერდა.
ჭინკები მიიმალნენ მის თვალებში. მამაკაცმა მზერა აარიდა და სადღაც შორს, სივრცეში გაიხედა.
- შენ წინასწარ უნდა გეთქვა ჩემთვის, ასე არ შეიძლება, - დაიწყო მცირე პაუზის შემდეგ ირაკლიმ.
- რა უნდა მეთქვა? - ვერ მიუხვდა გოგონა.
- ის, რომ… ის, რომ… მე შენთვის პირველი მამაკაცი ვიყავი.
- მერე რა მოხდა? ვიღაც ხომ უნდა ყოფილიყო პირველი? - მიამიტურად გაუღიმა თაკომ.
- ეს სახუმარო არ არის, პატარავ, - ჭინკები განრისხებულნი ამოძრავდნენ თვალის გუგებში, - გესმის? ეს არ არის სახუმარო! - ხმას აუწია მორიელმა.
- სულაც არ ვხუმრობ. მერე რა, განა რამე დაშავდა ამით?
- მომისმინე, პრინცესა… ეს მეტჯერ აღარ უნდა განმეორდეს…
- როგორ? - თაკოს შუბლზე კოპები დააჯდა.
- არ უნდა განმეორდეს მანამ, სანამ მე ჩემს მოვალეობას ვასრულებ, - დაასრულა მამაკაცმა და ღრმად ამოიხვნეშა.
- რატომ, ეს რა შუაშია?
- იმ შუაშია, რომ შენთან სიახლოვე მე ხელს მიშლის მუშაობაში. გასაგებად ავხსენი? შეიძლება ისეთი რამეები გამეპაროს, რასაც მერე ჩემს თავს ვერ ვაპატიებ. მე აქ შენ დასაცავად ვარ მოვლენილი და არა…
- და არა ჩემთან სასექსაოდ… ამის თქმა გინდა?
- რაც გინდა, ის დაარქვი. მე ვმუშაობ, დროს კი არ ვატარებ.
- აჰ! აი, თურმე, რაშია საქმე. მუშაობ… სამსახური სიყვარულს ხელს არ უშლის.
ამ სიტყვის გაგონებაზე ირაკლის შეცბუნება შეეტყო სახეზე, ჭინკები თითქოს დაიბნენ, აქეთ-იქით მიაწყდნენ თვალის გუგებს. თაკო ვერ მიხვდა, რას ნიშნავდა ირაკლის რეაქცია - მისი სიყვარულის მიღებას თუ უარყოფას. დასკვნა ვერ გამოიტანა - უყვარდა მამაკაცს თუ განვლილი ღამე მხოლოდ წუთიერი სისუსტის გამოხატულება იყო.
ირაკლიმ მისი რეპლიკა უპასუხოდ დატოვა. თეფში განზე გასწია, შუბლი მოისრისა და უსიტყვოდ წამოდგა. ჯერ უაზრო ბოლთის ცემას მოჰყვა ოთახში, მერე კი გაღიზიანებული გარეთ გავარდა სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად…
7 7 7
თაკო მთელი დღის განმავლობაში თავისი საძინებლიდან არ გამოსულა. ირაკლიმ დაღამებამდე რამდენჯერმე სცადა გამოლაპარაკებოდა, მაგრამ უშედეგოდ, გოგონას მასთან საუბარი არ სურდა. «არა უშავს, გაუვლის და მიეჩვევა», - გული დაიმშვიდა მორიელმა და გიგას დაურეკა, რამე ახალი ხომ არ მომხდარაო.
- იყო ერთი ცრუ განგაში, მაინც გადავამოწმეთ, თუმცა სულ ტყუილად.
- იქნებ დააჩქაროთ ცოტა, აღარ შემიძლია უკვე ამ ბავშვის მოთოკვა, ძალიან თავნებაა, - მის ამ სიტყვებში სიმართლეც იყო და ტყუილიც.
- რა ვქნა, მეგობარო, ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია. ცოტაც მოითმინე. შენ მანდ «დარმავოი» ფული შემოგდის, ზიხარ შენთვის სასახლეში გამოჭიმული. მე რაღა ვთქვა, ამ სიცხეში ენაგადმოგდებული რომ დავრბივარ? - უსაყვედურასავით ძმაკაცმა.
- კარგი კარგი, - სასწრაფოდ დანებდა ირაკლი, - თუ რამეს გაიგებ, მაშინვე დამირეკე, შენებურად 24 საათის შემდეგ არ შემატყობინო…
გიგასთან ლაპარაკს მორჩა თუ არა, გიოსთან დარეკა, ანგარიში ჩააბარა. ჯერჯერობით სიწყნარეა, ახალი არაფერი მომხდარაო. ეჰ… იცოდეს გიომ, რაც მოხდა წუხელ… საინტერესოა, რას იტყვის გურამი, ეს ამბავი რომ გაიგოს? ღმერთმა დაუფაროს! ირაკლის ამის გაფიქრებაც კი ზარავდა!
მოულოდნელად გამოერკვა. რა მოსდის? ეს რა სენტიმენტალური აზრები აეკვიატა? ეჰ, ირაკლი, ირაკლი! ხომ არ დაგავიწყდა, რომ სამუშაოზე ხარ? მიდი, საქმეს მიხედე! -ფიქრებში შეუძახა თავის თავს და შემოვლა დაიწყო.
კარგა ხნის დაღამებული იყო. ეზოში გასვლა დაეზარა, ერთი საათის წინ ყველაფერი საგულდაგულოდ შეამოწმა. ახლა შევა და კამერებს ნახავს, იქიდან დაათვალიერებს გარემოს. მიდიოდა და თან გზადაგზა ყველა ფანჯრიდან ეზოში იყურებოდა ისე, ყოველი შემთხვევისათვის. ყველაფერი მშვიდადაა, არაფერი ასაფორიაქებელი არ ჩანს. არა, ისინი მეტჯერ ვეღარ გაბედავენ გამოჩენას, მით უმეტეს, სახლში. ყველაფერს აქვს საზღვარი. კამერებს შეავლო თვალი. საეჭვო არაფერი ჩანდა. ისევ პირველ სართულზე ჩავიდა, სამზარეულოს მიაშურა. ყავა მოიდუღა და მაგიდას მიუჯდა. ფეხები გაშალა და ტაბურეტზე შემოაწყო. ესიამოვნა…
მერე კვლავ მეორე სართულზე ავიდა. თაკოს კარს მიაყურადა, ჩამიჩუმი არ ისმოდა. მძიმედ ამოიხვნეშა და ის იყო, თავისი ოთახისკენ შეტრიალდა, რომ ოდნავ გასაგონი ხმა მოესმა, თითქოს რაღაცამ გაიშლიგინა ეზოში.
«ეს რაღა არის?» - უმსუბუქესი ნაბიჯებით გაირბინა დერეფანი და ბოლო ფანჯარას მიასკდა, ოღონდ ისე დადგა, მინას არ შეხებია, რომ გარედან არ დაფიქსირებულიყო. ერთიანად დაიძაბა, გაშეშდა, ზურგით კედელს მიეყრდნო და მალულად გაიხედა ნახევრად განათებულ ეზოში. არაფერი… სრულიად არაფერი. ნუთუ მოეჩვენა? შეუძლებელია. მეორე ფანჯრისკენ გადაინაცვლა და კვლავ გაიხედა. აი, ისიც… ლანდი! წელში მოხრილი სილუეტი სწრაფად გადაადგილდებოდა სახლის ერთი კუთხიდან მეორეში. ისევ გაეკრა კედელს. მას ერთი უპირატესობა ჰქონდა, თავად სიბნელეში იმყოფებოდა და ადვილად ვერავინ შენიშნავდა გარედან. დაცვა სადღაა? ისე როგორ შემოიპარა ვიღაც, რომ მათ ვერ გაიგეს? საიდან შემოვიდა? საკუთარი გულის ბაგაბუგი ესმოდა. მექანიკურად იარაღისკენ წაიღო ხელი.
სილუეტი აგრძელებდა მოძრაობას. ამჯერად მან სარდაფის ფანჯრისკენ გადაინაცვლა.
ირაკლი სასწრაფოდ შებრუნდა თავის ოთახში და განგაშის ღილაკს მიაჭირა თითი. ამით გარეთა დაცვა გააფრთხილა, რომ სახლში «სტუმარი» ჰყავდათ. ამასაც არ დასჯერდა და პოლიციაშიც დარეკა, შეატყობინა საშიშროების შესახებ, თუმცა მათი დროზე მოსვლის იმედი არ ჰქონდა. არა მარტო ფილმებში იგვიანებს პოლიცია, რეალურ ცხოვრებაშიც ასეა, ამის დიდი გამოცდილება ჰქონდა პირად მცველს, ამიტომაც გადაწყვიტა, მარტო ემოქმედა.
თაკოს სახლი, ირაკლის საბედნიეროდ, ისე იყო აგებული, რომ ყრუ კედელი არ ჰქონდა -ორივე სართულის ოთხივე მხარე ფანჯრებით იყო დამშვენებული. შუქი მხოლოდ შემოსასვლელ კართან ენთო, დანარჩენი სამი მხარე თითქმის ჩაბნელებული გახლდათ, თუ მთვარის შუქს არ ჩათვლიდით.
ირაკლიმ ღამის განათების სათვალე მოიძია და სიბნელეს გახედა. ეს სათვალე ავღანეთიდან ჩამოიტანა, «მზითევში» ერგო. ლანდი დასავლეთის კედლისკენ გაიქცა და უცებ მისი თვალთახედვის არიდან გაქრა, როგორც ჩანს, კედელს აეტმასნა.
ეს ძალიან არ მოეწონა მორიელს. სირბილით ჩავიდა ჰოლში და შემოსასვლელი კარი უხმაუროდ გააღო. წინ გაიხედა, ჭიშკრისკენ. იქ ჩამიჩუმი არ ისმოდა. დაცვის ბიჭებს ან ეძინათ, ან უკვე აღარ იყვნენ ცოცხალი. ჭიშკრისკენ გზას ორივე მხრიდან მწვანე გაზონი გასდევდა, მოკლედ შეკრეჭილი ჩაის ბუჩქებით. სწორედ ეს ბუჩქები გამოადგა ამწუთას, მოიკუზა და ფეხის წვერებზე შემდგარი დაუყვა გაზონს. თან დაიძაბა, ანთებულ შუქზე იგი მართლაც კარგი სამიზნე იყო, თუკი ვინმე უთვალთვალებდა, მაგრამ სხვანაირად არ შეეძლო. მას ახლა დისტანცია სჭირდებოდა, რომ შორიდან დაკვირვებოდა ეზოს უკანა მხარეს ჩასაფრებულ უცნობს, რა ჰქონდა განზრახული და რისთვის ესტუმრა ამ სახლს. არ იყო გამორიცხული, თავდამსხსმელები ორი ან მეტი ყოფილიყვნენ…
როგორც ჩანს, არავინ უთვალთვალებდა. მშვიდობიანად მიაღწია გაზონის გაყოლებაზე ჩარგულ ვარდის ბუჩქებს და მათში ჩაიმალა. ცოტა ხანს ასე დაჰყო, გაუნძრევლად, მაგრამ სილუეტი არ გამოჩენილა. მერე მიწაზე გაწვა და სახლის უკანა მხარისკენ გახოხდა, თან ღამის განათების სათვალე შუბლზე დაიმაგრა…
სარდაფის შესასვლელთან ვიღაც ჩაკუზულიყო და ხელებით რაღაცას დიდი მონდომებით აკეთებდა. ირაკლის წამით მოეჩვენა, რომ ლანდი მიწას თხრიდა. ბევრად შორს იყო, რომ გარკვევით დაენახა, რას აკეთებდა მომხდური.
მორიელი ყოყმანობდა. არ იცოდა, რამდენი დრო ჰქონდა…
აფეთქებამდე…
ამაში იგი უკვე დარწმუნებული იყო. მოსული თუ მოსულები, სახლის აფეთქებას გეგმავდნენ.
შეძლებდა მარტოდმარტო თავდამსხმელთან გამკლავებას? იქნებ სხვებიც არიან ჩუმად სადმე ჩასაფრებულნი?
მას ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ ჩაცუცქული შავი სილუეტი ასაფეთქებელ მოწყობილობას ამონტაჟებდა. სწრაფად უნდა გადაეწყვიტა: დასხმოდა თავს თუ ჯერ შეემოწმებინა, სხვაც ხომ არ იყო სადმე მოფარებულში, სახლის სხვა მხრიდან?
არა, ასეთ რისკს ვერ გასწევს. ამით დიდ დროს დაკარგავს, სხვა კი შეიძლება არც იყოს. ხოხვით გააგრძელა გზა. ახლა უკვე ათიოდე მეტრი აშორებდა ლანდთან. რა ქნას, ბუჩქებს გაუყვეს და შორი გზით მიუახლოვდეს ამფეთქებელს თუ გაირბინოს ეს ათი მეტრი და ისე დაესხას თავს?
მორიელმა ხელი უკან წაიღო და წელში გაჩრილი დანა მოსინჯა. პისტოლეტი ამწუთას არ გამოადგებოდა, ხმაური ატყდებოდა, რასაც შეიძლება თაკოს გაღვიძება და გარეთ გამოსვლა მოჰყოლოდა. ეს კი საფრთხეს შეუქმნიდა გოგონას სიცოცხლეს. გარდა ამისა, არ უნდოდა იარაღის გამოყენებით მეორე, სავარაუდო თავდამსხმელი შეეშინებინა.
მისი ყოყმანი დიდხანს არ გაგრძელებულა. ჩაცუცქული სილუეტი წამოდგა და სწორედ ირაკლის მიმართულებით გამოიქცა. თითქმის იმავდროულად, სახლის მეორე კუთხიდან, კიდევ ერთი სილუეტი გამოჩნდა და იმავე მიმართულებით და იმავე სიჩქარით წამოვიდა.
ირაკლიმ დანა მოიმარჯვა, ღამის განათების სათვალიდან დაუმიზნა პირველ ლანდს და გაუქანა. ავღანეთის გამოცდილებას უკვალოდ არ ჩაუვლია: სილუეტი მოსხლეტით დაეცა მიწაზე. სიჩუმე ერთ კვნესასაც არ დაურღვევია, დანა უხმაუროდ შესრიალდა ყელში. ირაკლის ნასროლი ზუსტად იქ მოხვდა, სადაც დაუმიზნა.
«დაზარალებულის» მეწყვილე მოულოდნელად ჩაჯდა, როგორც ჩანს, დაიბნა. ალბათ ფიქრობდა, გაქცეულიყო თუ თანამზრახველს მიშველებოდა. სწორედ ამ პაუზით ისარგებლა პირადმა მცველმა. მას ზუსტად სამი ნახტომი დასჭირდა, რომ თავისი საკმარისად მძიმე წონით თავზე დახტომოდა უცნობს და მიწაზე განერთხა. სანამ იგი გონს მოვიდოდა, ირაკლიმ ზურგზე დასცა და ხელები გადაუგრიხა.
გაგრძელება იქნება